სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

ძალადობრივი ქმედებები ორმხრივი თანხმობით მიმდინარე სექსის დროს – ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ბრიტანელი უფლებადამცველები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ორმხრივი თანხმობით მიმდინარე სექსის დროს ძალადობის გამოვლინება სულ უფრო და უფრო გავრცელებულ ტენდენციად იქცა.

რადიოსადგურ BBC 5 Live-ის მიერ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ 40 წელზე უმცროსი ბრიტანელი ქალების ერთ მესამედზე მეტს გამოუვლია სიტუაცია, როდესაც სექსის დროს მისი პარტნიორი მისთვის მოულოდნელად, მისი ნებართვის გარეშე, ურტყამდა, ცდილობდა მოხრჩობას, პირზე ხელს აფარებდა ან აფურთხებდა მას.

მსგავსი გამოცდილების შემდეგ, ყოველი მეხუთე ქალი შეშინებული და თავზარდაცემული იყო.

23 წლის ანა ამბობს, რომ მსგავსი ეპიზოდები ცხოვრებაში სამჯერ ჰქონია, სხვადასხვა კაცებთან.

პირველ ჯერზე, პარტნიორმა იგი თმით ითრია და ხელის გულით სხეულზე რტყმა დაუწყო. შემდეგ, მან ყელზე ხელები შემოაჭდო და მოხრჩობა დაუპირა.

„შოკში ვიყავი, – იხსენებს რესპონდენტი, – ეს უკიდურესად უსიამოვნო და საშიში იყო. ვინმეს იგივე ქუჩაში რომ ჩაედინა ჩემ მიმართ, ეს აუცილებლად დანაშაულად ჩაითვლებოდა“.

მაგრამ, მას შემდეგ, რაც ანამ ეს ყველაფერი მეგობრებს უამბო, მან აღმოაჩინა, რომ მსგავსი შემთხვევები იშვიათობა არაა.

„მას შემდეგ, პრაქტიკულად ყოველი კაცი, რომელსაც შევხვედრივარ, რაღაც მსგავსს მიკეთებდა, სხვადასხვა კომბინაციებში“, – ამბობს ანა, რომელმაც უნივერსიტეტი ახლახან დაამთავრა.

ერთ-ერთმა მისმა პარტნიორმა, სექსის რაღაც მომენტში, მისი გაგუდვა იწყო – გაფრთხილებისა და მისი ნებართვის გარეშე. მეორე პარტნიორი სექსის დროს მის მიმართ ისეთი უხეში იყო, რომ მას ჩალურჯებები დარჩა, და რამდენიმე დღის მანძილზე ტკივილიც კი გაჰყვა.

„მე ვიცი: ზოგიერთი ქალი ამბობს, რომ მას ეს სიამოვნებს. პრობლემა იმაშია, რომ არსებობენ კაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ სექსის დროს სისასტიკე ყველა ქალს მოსწონს, და ისინი ნებართვას აღარავის ეკითხებიან“, – ამბობს ანა.

ბიბისის თხოვნით, კვლევითმა კომპანიამ Savanta ComRes-მა 18-დან 30 წლამდე ასაკის 2002 ქალი გამოკითხა, ჰქონიათ თუ არა ცხოვრებაში შემთხვევები, როდესაც მათ ჩვეულებრივი სექსის დროს პარტნიორები სცემდნენ, ახრჩობდნენ, აფურთხებდნენ ან რაიმე მსგავსს აკეთებდნენ, და თუ კი, იყო თუ არა ეს მათთვის არასასურველი.

გამოკითხვა რეპრეზენტაციული შერჩევითობით ჩატარდა, რომელიც ქვეყანაში ადამიანების ასაკობრივ და გეოგრაფიულ გადანაწილებას შეესაბამებოდა.

გამოკითხული ქალების მესამედზე მეტმა (38%) განაცხადა, რომ მსგავსი გამოცდილება ჰქონია, და ეს მათი სურვილის წინააღმდეგ ხდებოდა, სულ ცოტა, ზოგიერთ შემთხვევაში. დაახლოებით ორმა მესამედმა თქვა, რომ ან ჰქონია მსგავსი შემთხვევა და წინააღმდეგი არ ყოფილა (31%), ან მსგავსი არაფერი გადახდენია, არ იცის ან ურჩევნია, არ უპასუხოს (31%).

ორგანიზაციამ Centre for Women’s Justice, BBC-ის განუცხადა, რომ ეს სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ახალგაზრდა ქალებზე ძლიერდება ზეწოლა, რომ ისინი მათ მიმართ გამოყენებული ძალადობის, დამცირების აქტებზე და საფრთხისგან თავის დახსნის შესაძლებლობის არქონაზე დათანხმდნენ. ექსპერტების აზრით, ეს იმის შედეგია, რომ ექსტრემალური პორნოგრაფიული სცენები ნორმად ყალიბდება.

ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ადინა კლერი (Adina Claire) ამბობს, რომ გამოკითხვის შედეგები ნათლად ასახავს სურათს, თუ როგორ აწყდებიან ახალგაზრდა ქალები ძალადობას პარტნიორების მხრიდან, რომლებთანაც თანახმანი არიან სექსუალურ ურთიერთობაზე, პარტნიორები კი მათ ანაზდად ამცირებენ და აშინებენ. „სექსზე თანხმობა არ არბილებს ისეთი ქმედებების სერიოზულობას, როგორიცაა სილის გაწვნა ან გაგუდვის მცდელობა“, – ამბობს იგი.

ემამ 30-ს უკვე გადააბიჯა. მას შემდეგ, რაც პარტნიორს დაშორდა, ერთი ღამე იმ კაცთან გაატარა, რომელიც მოეწონა.

„უცებ, სექსის დროს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მან ჩემი გაგუდვა იწყო. სრული შოკი მქონდა, სრულიად დაუცველი ვიყავი. კარგად მესმოდა, რომ მას ამ მომენტში ჩემთვის ნებისმიერი რამის დაშავება შეეძლო. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაც მსგავსი ნახა ინტერნეტით და ამის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა უნდოდა“, – იხსენებს იგი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ძალადობის მსგავსი შემთხვევების მქონე ქალების 42%-ს მიაჩნია, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლნი გახდნენ, ან აიძულეს, ამაში მონაწილეობა მიეღოთ.

ფსიქოთერაპევტი სტივენ პოპი ამბობს, რომ თავის პრაქტიკაში, სექსის დროს ძალადობის შემთხვევებს ყოველდღიურად აწყდება.

„ეს უბრალოდ შეუმჩნეველი ეპიდემიაა. ადამიანები ამას სჩადიან, იმიტომ, რომ მიაჩნიათ, რომ ეს ნორმალური ქცევაა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ძალიან დამაზიანებელი და სახიფათოა. ბევრისთვის, მსგავსი ქმედებები, როგორც მინიმუმ, ინტიმური ურთიერთობების მნიშვნელობის დაკნინებაა, მაგრამ, უარეს შემთხვევებში, ეს არის სიგნალი, რომ ძალადობა ნორმად აღიქმება“.

პოპი შეშფოთებულია იმითაც, რომ ისინი, ვინც მსგავსი ქცევებით გამოირჩევა, რისკებს ხშირად ვერც კი აფასებენ.

„ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ მოხრჩობას. მათ ისე ძლიერად უჭერდნენ ყელში, რომ გრძნობაც კი დაუკარგავთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მოხრჩობის მსგავსი მცდელობები ყოველთვის უზარმაზარ რისკს უკავშირდება, მაგრამ, ამ დროს ადამიანები ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ“, – ამბობს იგი.

ქალთა უფლებადამცველი ფიონა მაკკენზი (Fiona McKenzie) გამოკითხვის შედეგებს შემაძრწუნებელს უწოდებს.

„ხშირად მხვდებიან ქალები, რომლებსაც პარტნიორი კაცები გუდავდნენ, სახეში ულაწუნებდნენ, აფურთხებდნენ, აგინებდნენ, სცემდნენ, მაგრამ სექსი ორმხრივი თანხმობით ჰქონდათ. ბევრ შემთხვევაში, თვითონ ქალებსაც კი არ ესმოდათ კარგად, თუ რამდენად დიდ ტრავმას აყენებდა ამგვარი ქცევა მათ. სასამართლომდე მხოლოდ ის საქმეები მიდის, თუ ქალი სექს თამაშების დროს მოკვდება. ბრალდებული მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ სექსი ურთიერთთანხმობით შედგა, და ამით იცავს თავს“, – ამბობს იგი.

„სექსი სულ უფრო და უფრო კაცის სურვილებზე ორიენტირებული ხდება. ქალის ინტერესები და პრიორიტეტები ხშირად უბრალოდ იგნორირებულია. რას იღებს იგი სექსისგან, როდესაც სექსის დროს ძალადობა ლამის ნორმად იქცა? ჩემი პარტნიორები უბრალო ბიჭები იყვნენ, მათ შორის არ ყოფილა რამე საერთო, თუმცა, ვფიქრობ, რომ ისინი რეგულარულად უყურებდნენ პორნოს. უყურებენ და ფიქრობენ, რომ სწორედ ეს უნდათ ქალებს, ნაცვლად იმისა, რომ თავად ქალებს ჰკითხონ ეს“, – ამბობს ანა.

bbc.com