სკარლეტ იოჰანსონი საკუთარ თავს ბაყაყს ეძახის – ,,პირველად რომ გავთხოვდი, 23 წლის ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა”

სკარლეტ იოჰანსონი საკუთარ თავს ბაყაყს ეძახის - ,,პირველად რომ გავთხოვდი, 23 წლის ვიყავი და ბევრი რამ არ მესმოდა",,სარკე”, თათია ბოჭორიშვილი

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი “ფორბსის” რეიტინგით უკვე მეორე წელია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. მსახიობმა მსოფლიო პოპულარობა ფილმით “ცხენებთან მოჩურჩულე” მოიპოვა და კრიტიკოსების ქება დაიმსახურა. მას შემდეგ იოჰანსონის პოპულარობა დღითიდღე იზრდება.

ცოტა ხნის წინ “ოსკარით” დაჯილდოების 92-ე ცერემონია გაიმართა. რა თქმა უნდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელები მოხვდნენ. საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები კი ცერემონიის კიდევ ერთი მთავარი თემაა. სკარლეტ იოჰანსონი, რომელმაც საღამოსთვის ოსკარ დე ლა რენტას დახვეწილი კაბა მოირგო, უცხოური გამოცემების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მსახიობი გახდა. ვარსკვლავმა სამოსს 2,5 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულებიც შეუხამა. და კიდევ, წითელ ხალიჩაზე მსახიობი საქმროსთან, კოლინ ჯოსტთან ერთად გამოჩნდა.

მინი დოსიე

სრული სახელი და გვარი: სკარლეტ იოჰანსონი.

დაბადების ადგილი და თარიღი: ნიუ იორკი, აშშ, 1984 წლის 22 ნოემბერი.

მეუღლეები: რაიან რეინოლდსი (2008-2011 წ.წ), რომენ დორიაკი (2014-2017 წ.წ.).

ჯილდოები: “ბაფტა” საუკეთესო მსახიობი ქალი (2003 წელი, “თარგმანში დაკარგული”), “ოქროს გლობუსი” (2004 წელი, “სიმღერა სიყვარულზე ბობი ლონგისათვის”).

საინტერესო ინფორმაცია: მსახიობს ჰყავს ტყუპისცალი ძმა. საშინლად ეშინია ხოჭოების. 2012 წლის 2 მაისს იოჰანსონს ჰოლივუდის “დიდების ხეივანში” ვარსკვლავი გაუხსნეს. მიუხედავად იმისა, რომ სკარლეტი სექსსიმბოლოდაა აღიარებული, თავად საკუთარ თავს ბაყაყს ეძახის და მუდამ პოულობს რაიმე ნაკლს. ყველაზე უკმაყოფილო ფეხებითაა. ასევე ფიქრობს, რომ ჰოლივუდის სტანდარტებისთვის შესაფერისი ტანი არ აქვს.

ადრეული წლები და კარიერა: მსახიობს ჰყავს უფროსი ძმა ედრიანი, უფროსი და ვანესა, ტყუპისცალი ძმა ჰანტერი და ნახევარძმა მამის მხრიდან. მშობლების განქორწინებამ პატარა სკარლეტს ღრმა ჭრილობა მიაყენა. მათი დაშორების შემდეგ ხან ნიუ იორკში ცხოვრობდა მამასთან, ხან ლოს ანჯელესში დედასთან.

1994 წელს დამწყებმა მსახიობა პირველი როლი მიიღო ფილმში, 11 წლისა კი უკვე შონ კონერთან ერთად თამაშობდა. 2003 წელს რეჟისორმა სოფია კოპოლამ სურათში “თარგმანში დაკარგულები” მიიწვია. შარლოტას როლმა სკარლეტს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი და “ბაფტას” პრემია მოუტანა. იმავე წელს იოჰანსონის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი “გოგონა მარგალიტის საყურით”, რომლის დამსახურებითაც მსახიობი კვლავ “ოქროს გლობუსზე” და “ბაფტაზე” წარადგინეს.

პირადი ცხოვრება: სკარლეტს არ უყვარს პრესასთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მისი სახელი რამდენიმე ხმაურიანი რომანის გამო ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე ხშირად გამოჩენილა, მათ შორის, მსახიობებ ჯარედ ლეტოსთან და ბენისიო დელ ტოროსთან ურთიერთობის გამო. ამბობდნენ, რომ სკარლეტს მარკ უოლბერგთან და ჯასტინ ტიმბერლეიკთანაც ჰქონდა ურთიერთობა. ბოლოს ჭორებით დაღლილი მსახიობი გამოტყდა, რომ იმ მამაკაცების ნახევარს, ვისთან რომანსაც აბრალებენ, საერთოდ არ იცნობს.

2008 წლის 5 მაისს იოჰანსონმა და მსახიობმა რაიან რეინოლდსმა ნიშნობის შესახებ გააკეთეს განცხადება. წყვილი 28 სექტემბერს დაქორწინდა, მაგრამ 2 წელიწადში გაიყარნენ. იოჰანსონმა და რეინოლდსმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დიდხანს იფიქრეს ამ გადაწყვეტილებაზე და ურთიერთობა სკანდალების გარეშე დაასრულეს: “ჩვენ ურთიერთობა სიყვარულით დავიწყეთ და კეთილად ვასრულებთ”, – ნათქვამი იყო მათ ერთობლივ განცხადებაში.

2012 წელს სკარლეტმა ფრანგი ჟურნალისტი რომენ დორიაკი გაიცნო, რომელსაც 2014 წელს ცოლად გაჰყვა. იმავე წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ცოლ-ქმარი ბავშვს ელოდებოდნენ. 4 სექტემბერს სკარლეტი ქალიშვილის, როუზის დედა გახდა. 2017 წელს იოჰანსონი დორიაკს გაეყარა.

მსახიობის განცხადებით, ის მესამედ თხოვდება და ცოლად სცენარისტ კოლინ ჯოსტს მიჰყვება. წყვილი ქორწილის თარიღს ასაიდუმლოებს, თუმცა სკარლეტი ჟურნალისტებთან არ მალავს, რომ ამჟამად მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა.

– ის ძალიან მიმზიდველი, ჭკვიანი, რომანტიკული ადამიანია და ჩემი გაოცებაც მოახერხა! შესანიშნავია ადამიანისგან იმ სიტყვების მოსმენა, რომ სურს, მთელი ცხოვრება შენთან ერთად გაატაროს, – აღნიშნა იოჰანსონმა.

კოლინ ჯოსტისთვის სკარლეტი პირველი ცოლი იქნება. იოჰანსონისთვის კი ეს უკვე მესამე ქორწინებაა. წყვილის ერთობლივი ფოტოს ხილვა დიდი იშვიათობაა. 34 წლის იოჰანსონი კოლინთან ერთად იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პირველად ისინი ახალი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდნენ. 2020 წლის “ოსკარის” წითელ ხალიჩაზე კი სკარლეტი ფოტოგრაფების წინაშე საქმროსთან ერთად თამამად პოზირებდა.

ახლახან სკარლეტმა ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში არა ერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

– არ იფიქროთ, რომ მას შემდეგ რაც ქალიშვილი შემეძინა, ნაკლებად ვფიქრობ კარიერაზე. უბრალოდ, პრიორიტეტების გადანაწილება ვისწავლე. ცხოვრების არაჩვეულებრივ ეტაპზე ვარ და საშუალება მაქვს, კარგ პროექტებში მივიღო მონაწილეობა, – უთხრა ჟურნალისტს მსახიობმა.

იოჰანსონმა წინა ქორწინებებზეც ილაპარაკა. მართალია, საუბრის დროს არც ერთი მეუღლის სახელი არ უხსენებია, მაგრამ მათი ვინაობის დადგენა რთული ნამდვილად არ ყოფილა. მეორე ქმართან, რომენ დორიაკთან გაყრის პროცესში სკარლეტმა ფილმში “ქორწინების ისტორია” ითამაშა, რომელიც დანგრეულ ოჯახსა და განქორწინების პროცესში მყოფ ქალზე გვიამბობს. იოჰანსონმა სწორედ ამ ფილმთან გაავლო პარალელები და აღნიშნა:

– კარგად მესმოდა ჩემი პერსონაჟის და მიყვარდა ქალი, რომელიც განქორწინების პროცესს გადიოდა, – შემდეგ კი დასძინა, – პირველად რომ გავთხოვდი, 23 წლის ვიყავი და ბევრი რამ ბოლომდე არც კი მესმოდა. ახლა ბევრად სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. მიუხედავად ორი წარუმატებელი ქორწინებისა, ოჯახის შექმნის იდეა ძველებურად მხიბლავს. სწორედ ეს მსურდა ყოველთვის, მეორე ქორწინების დროსაც კი, მაგრამ მაშინ შეუფერებელი ადამიანის გვერდით აღმოვჩნდი.

იმავე ინტერვიუში მსახიობმა სილამაზის საიდუმლოც გათქვა:

– სილამაზის რეცეპტი დედისგან მერგო მემკვიდრეობით: სვი ბევრი წყალი, არასდროს დააყენო მაღვიძარა და არასდროს მოსწიო სიგარეტი.