,,ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს, ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში” – გიო ადამია ,,ოცნების” თავმჯდომარეს პასუხობს

,,ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს, ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში" - გიო ადამია ,,ოცნების" თავმჯდომარეს პასუხობს,,სპეკულაციებია, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს” – განაცხადა ,,ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელსაც შოვის სტიქიაში მოყოლილმა და სასწაულებრივად გადარჩენილმა გიო ადამიამ მწვავე წერილით უპასუხა. ის შოვში შვილთან ერთად იყო. როცა მეწყერი ჩამოწვა, მამა-შვილმა სხვა ადამიანებთან ერთად დაიწყეს გადარჩენისთვის ბრძოლა, მათ შორის იყო ტასო (დავით ჯელაძის დისშვილი), რომელმაც მეწყერში სამ საათზე მეტი გაატარა.
„ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენ ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.
ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს, ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე, როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის“! – დაწერა გიო ადამიამ სოციალურ ქსელში.
გიო ადამია ,,რადიო თავისუფლებასთან” დეტალურად იხსენებს იმ ავბედით დღეს:

-ზუსტად 3 საათი იყო ან 4-ის 1 წუთი. თითქოს ავიაგამანადგურებელმა გადამიფრინა თავზე. ცისკენ დავიწყე ყურება, მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან მალე და ძალიან ახლოს, ჩვენს თავზე თვითმფრინავს ან რაიმე მსგავსს უნდა გადაეფრინა. გადმოვედი მანქანიდან. საიდანღაც წამოსული, უცნაური სიცივე ვიგრძენი, არადა, სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, გვარიანად ცხელოდა. თითქოს არც ქარი იყო, მაგრამ სიცივე მოჰქონდა ჰაერს. „სანსეტისკენ“ გავიხედე და იმ წამს ჩემ თვალწინ გადაიქცა რამდენიმე ნაძვი. ვიფიქრე, რომ მეწყერი მოდიოდა, არ ვიცოდი, რომ ეს ზევიდან წამოსული ღვარცოფი იყო. ვხედავდი, რომ ჩვენგან დაახლოებით 60-70 მეტრში ხეები ტყდებოდა საშინელი ხმაურით. მაშინვე ჩავხტი მანქანაში. თომას, რომელიც უკან, თავის სავარძელში იჯდა, ვუთხარი: მამა, მეწყერი მოდის, უნდა გავიქცეთ-მეთქი და ძალიან სწრაფად დავეშვით ქვევით…

უცხოელები იყვნენ, ჩვენკენ მორბოდნენ, ხელებს გვიქნევდნენ. დავინახე, რომ მათ უკან, გზაზე, უკვე მოდიოდა ღვარცოფი. მანქანაში ჩავისვი ტურისტები, მოვატრიალე მანქანა და ახლა საპირისპირო მხარეს ვცადეთ გაქცევა… საითაც გაქცევას ვცდილობდით, დავინახეთ, რომ მეწყერი ჩამოწვა. ორივე მხრიდან მეწყერსა და ღვარცოფში აღმოვჩნდით. მანქანებიდან გადმოვედით…

ატყდა საშინელი პანიკა, კივილი. იმ მომენტში მეც ვიფიქრე, რომ ეს იყო გარდაუვალი სიკვდილი. ბავშვი წინიდან ჩავიხუტე და პირით ტალახისკენ დავდექი. ზოგმა ზურგი აქცია, მე პირიქით, სახით დავხვდი. ტალახის ტალღა რომ დამეჯახა მუცელში, უკან გადავიწიე, ზურგზე დავწექი, თომა გულზე მივიხუტე და ასე გავყევი ტალღას ქვევით. დაახლოებით 20 მეტრში ტალღა გადაიშალა და ფეხზე წამოდგომა შევძელით. ჩვენთან ერთად მყოფი დავითი თავის დისშვილ მაშოსთან ერთად გაცილებით შორს წაიღო ტალახის ტალღამ. აქეთ მხარეს ვინც ვიდექით, ისინი უფრო ნაკლებ მანძილზე გაგვიყოლა…

ტალახი ახლა მუხლამდე გვწვდებოდა. წარმოუდგენლად რთული იყო გადაადგილება. ახლაც ვგრძნობ ბასრ, სიპ ქვებს წვივებზე. ფეხის ყოველი ჩადგმისას ახალი და ახალი ჭრილობა ჩნდებოდა. ჩვენს გარშემო ყველაფერი ტალახში იყო. საშინელი სიცივე დაიჭირა. ბავშვი კანკალმა აიტანა. ხე იდგა რაღაც, იმ ხესთან მივღოღდი, თომა შემოვსვი ზედ და დავიწყეთ რეკვა 112-ში, ახლობლებთან… ჩვენს დასახმარებლად მოვიდნენ, ექვსნი იყვნენ. დაგვიძახეს, ადგილობრივები ვართო. ფიცრებით, ტოტებით, რაც კი მყარი იყო, იმას ალაგებდნენ ტალახზე და ჩვენკენ მოიწევდნენ. ასე გაგვიყვანეს „სანსეტის“ ტერიტორიაზე, საიდანაც შემდეგ ვერტმფრენმა გლოლაში გადაგვაფრინა…

იქ, სადაც პირველად გავიგე ხმაური, 2 წუთით ადრე მაინც რომ შეეტყობინებინა ვინმეს, რომ მსგავსი კატასტროფა იყო მოსალოდნელი, მე მეყოფოდა ის 2 წუთი, რომ მანქანით გამომესწრო ტალახისთვის. კოტეჯებში მყოფ ხალხს 8-10 წუთით ადრე მაინც რომ ჰქონოდათ ინფორმაცია ამ კატასტროფის შესახებ, ისინიც მოასწრებდნენ ტერიტორიის დატოვებას.