ხათუნა ლეჟავას მასტერკლასი SEU ART PROJECT-ის მომღერლებს

28236585_1803023276395820_765538834_n

ჩვენს ჯგუფს  ქალბატონი ხათუნა ლეჟავა ეწვია და SEU ART PROJECT-ის მომღერლებს თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.  ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალის პედაგოგი მუსიკალურ სფეროში 1995 წლიდან მოღვაწეობს. მან არაერთი მომღერალი წარმატების გზაზე დააყენა და ახლაც აგრძელებს ახალი თაობების აღზრდას. ანანო მჟავია, ნინი ნუცუბიძე, შოთა ადამაშვილი და სხვა წარმატებული მოსწავლეები უდანაკარგოდ  წარმოაჩენენ თავიანთი პედაგოგის სახელს.

ქალბატონ ხათუნასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ პროფესიონალიზმი არ გულისხმობს მხოლოდ აღნიშნული სფეროს კარგად ცოდნას. პედაგოგს უნდა გააჩნდეს ამ ცოდნის გაზიარების უნარიც, რომ მოსწავლეები სწორად აღზარდოს და ჩამოაყალიბოს პროფესიონალებად. მან ზუსტი  წარმოდგენა შემიქმნა, თუ რას ნიშნავს იყო კარგი მომღერალი:

„ იშვიათად, რომ სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა დამოუკიდებლად გაიკვალოს გზა ამ სფეროში. თუ აკადემიურად მივუდგებით ამ საკითხს,  უამრავი ტექნიკური მხარეა, რისი განვითარებაც სჭირდება თითოეულ ვოკალისტს, იქნება ეს : სუნთქვის აპარატი, დიაპაზონის სიხშირე, ინტონაციის სისუფთავე თუ სხვა.

კარგი ხმა, რა თქმა უნდა, უდაო პრიორიტეტია, თუმცა მუშაობას და ვარჯიშს ყოველთვის უკეთეს შედეგამდე მივყავართ. ვოკალისტისთვის , ისევე როგორც მისი პედაგოგისთვის, მაქსიმალური ზღვარი არ არსებობს. ” მე შენ ყველაფერი გასწავლე ახლა წადი… იმღერე ” – არაპროფესიონალიზმის ნიშანია. ყოველთვის არის რაღაც, რაზეც მუშაობა შეიძლება ,თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობის ჯაჭვი მარადიულად უნდა გრძელდებოდეს ასეთ რუტინულ რეჟიმში. ამით იმის თქმა მსურს, რომ გაწერილი ჩარჩოებითა და ნუმეროლოგიური წესებით პედაგოგმა თავი არ უნდა შეიზღუდოს. ასევე მან უნდა შეძლოს, რომ ცოცხალი აკომპანირება გაუწიოს მოსწავლეს ,რათა მომღერლის გონება არ გაიფანტოს სხვა საკითხებზე, კონცენტრირებული იყოს მხოლოდ სიმღერაზე და შესრულების კრეატივიზმზე. რა თქმა უნდა სიმღერის ტექსტი და ტექსტის მელოდიაზე დასმა მოსწავლის, ასე ვთქვათ საშინაო დავალებაა. ” ”

განსაკუთრებით დამაინტერესა შეუძლია თუ არა ყველა მომღერალს გუნდურად მუშაობა , იყოს ის მომღერალთა ქოროში თუ აკაპელას დასში. ქალბატონმა ხათუნამ ამიხსნა:

” გუნდური სიმღერა თავისი სპეციფიკით ხასიათდება. ეს არის მთლიანი ორგანიზმი, რომლიდანაც ერთი “ძვლის ამოვარდნა” უკვე ხარვეზს წარმოადგენს. ხშირად ხმის ტემბრი გუნდს არ შეესაბამება, არა იმიტომ რომ ის ცუდია, უბრალოდ  მთლიან ბალანსს არღვევს. გუნდური მუშაობა ეტაპობრივად უნდა მოხდეს თითო-თითოდ, დუეტებად, ტრიოებად და საბოლოოდ შეიქმნას ერთი მთლიანი. პედაგოგს სწორედ ამ დროს ევალება რომ დაარეგულიროს თითოეულის ხმა , მაღალი თუ დაბალი ნოტები. სოლო კარიერა აუცილებელია, მაგრამ თუ მომღერალი მხოლოდ ამაზე ფიქრობს და თვლის რომ გუნდში სიმღერა „არ ეკადრება“, ეს მის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს. იმუშავეთ ბევრი, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ წარმატებას მიაღწევთ.”

მადლობას ვუხდით მას არაჩვეულებრივი მასტერკლასის ჩატარებისთვისა და საკუთარი ცოდნის გაზიარებისთვის.

 

Leave a comment

Create a free website or blog at WordPress.com.

Up ↑