ქეთევან ციხელაშვილი, „მტკიცედ მჯერა: მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში“

28 მაისი 2018
„მტკიცედ მჯერა, მეტი ქალი სამშვიდობო პროცესში ნიშნავს მეტ მშვიდობას მსოფლიოში, მეტი ქალი პოლიტიკაში- ეფექტიან პოლიტიკას, მეტი ქალი ეკონომიკაში - მეტ განვითარებას და მზად ვარ  ეს თეზისი გავიმეორო ცხოვრების და  საქმიანობის ყველა სფეროში“ ამ სიტყვებით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ისრაელში, ლიდერ ქალთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს.

სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა  ორგანიზატორებს კონფერენციაზე მოწვევისთვის:  „მოხარული ვარ, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით იმ გამორჩეული, ქართველებსა და ებრაელ ხალხს შორის ურთიერთობების ფონზე, რომელიც 26 საუკუნეს ითვლის, მას შემდეგ, რაც პირველი ებრაული თემის წარმომადგენლები დასახლდნენ საქართველოში. ეს არის მშვიდობიანი და მჭიდრო მეგობრობის, სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის ისტორია.  ამ უნიკალური და სამაგალითო ხასიათის გამო, სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ- ებრაულ მეგობრობას ოფიციალურად  არამატერიალური ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  ამით  განსაკუთრებით  ვამაყობთ და გამორჩეულად ვუფრთხილდებით.

„ორი დღის წინ ჩვენ ვიზეიმეთ საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის  100 წლისთავი, რომელმაც სულ სამი წელი 1921 წლამდე  იარსება, მაგრამ მაინც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მტკიცე და პროგრესული საფუძველი. „აღსანიშნავია, რომ 1918 წელს არჩეულ პირველ პარლამენტში ქართველებთან ერთად, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები,  მათ შორის ებრაელებიც იყვნენ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველი პარლამენტის შემადგენლობაში იყვნენ სახვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის  ქალები“.

ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქალების ჩართულობის სტატისტიკა საზოგადოებრივ,  პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში და ასევე საქართველოს მისწრაფება პროგრესისკენ ქალთა ჩართულობის და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით.

მანვე ყურადღება გაამახვილა ქალების განსაკუთრებულ როლზე მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების მოგვარების პროცესში. „დღეს 100 კილომეტრის მავთულხლართით და ხელოვნური ბარიერებით არის საქართველოს შუაგული გარშემორტყმული, რაც აშორებს ამ რეგიონს დანარჩენი ქვეყნისგან და მსოფლიოსგან. ეს  არის ყოველდღიური უმძიმესი გამოწვევა ბარიერების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის, და ამდენად, ჩვენი მიზანია ვიაროთ წინ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის თანამიმდევრული, ადამიანებზე ორიენტირებული და პრინციპული პოლიტიკით, სადაც ქალების როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან, ხშირ შემთხვევებში, სწორედ ქალები არიან კონფლიქტის მსხვერპლნიც და პოსტ-კონფლიქტური მდგომარეობის ცვლილების ხელშემწყობნიც“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 60-ზე მეტი  ლიდერი ქალი მთელი მსოფლიოდან ესწრება, ისრაელის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის- მაშავის ორგანიზებით 28-30 მაისს ისრაელის ქალაქებში- ჰაიფასა და იერუსალიმში  ტარდება.

წლევანდელი, 30-ე კონფერენციის თემაა „ლიდერი ქალები ქმნიან  განსხვავებას“  და ის ისრაელის სახელმწიფოს მდგრადი განვითარების 60 წლისთავს ეძღვნება.