• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    ალექსანდრე ბაიდოშვილი-ექიმი (ჰოლანდია)

    26 წელია რაც ჰოლანდიაში ვცხოვრობ, ამსტერდამში Vrije University-ს სამედიცინო ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლის პარალელურად უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (VUMC ) სამეცნიერო კვლევებზე ვმუშაობდი. რეზიდენტურა პათოლოგიის განყოფილებაში გავიარე. რადგან გარკვეული ცოდნა მქონდა ციფრული პათოლოგიის მიმართულებით, ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა პათოლოგიის ლაბორატორია LabPON-მა თანამშრომლობა შემომთავაზა. მათ ციფრულ ტექნოლოგიაზე გადასვლა უნდოდათ, რომელიც მსოფლიოში ჯერ არავის ჰქონდა და მთხოვეს პროექტისთვის მეხელმძღვანელა. ამსტერდამიდან ჰენგელოში გადმოვედი. უტრეხტის (Utrecht) აკადემიურ საუნივერსიტეტო კლინიკაში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. 10 წელზე მეტია ვმუშაობ როგორც ექიმად, ასევე ჩვენს დარგში ახალი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროექტის ხელმძღვანელად. ამ ორი საქმის კომბინაცია დიდ სიამოვნებას მანიჭებს მუშაობისას. პროექტი 2009 წელს დავიწყეთ და 2015 წელს მსოფლიოში პირველი ლაბორატორია გავხდით, რომელიც მთლიანად ციფრულ ტექნოლოგიაზე გადავიდა. კომპიუტერული პროგრამებით ვახდენთ ქსოვილების ანალიზს.

    ჩვენი მიზანია რამდენიმე წელში დიაგნოსტიკის დიდ ნაწილში გამოვიყენოთ კომპიუტერული პროგრამები, რაც საშუალებას მოგვცემს მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები, გავზარდოთ დიაგნოსტიკის ხარისხი, შევამციროთ დიაგნოსტიკის დრო და ხარჯები. დღეს ბევრი ლაბორატორია ციფრულ ტექნოლოგიაზე გადადის და მათთვის ჩვენ მაგალითი ვართ. საქართველოში პათოლოგიის დიაგნოსტიკა კარგად არ არის კოორდინირებული. ბევრისათვის არ არის ცნობილი, როგორ უნდა გამოიყენონ ოპტიმალური პათოლოგიური ანატომიის დიაგნოსტიკური სერვისები. სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ არ არის საკმარისი ფინანსები, რომ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია სრულად დაინერგოს. საჭიროა ახალი ტექნოლოგიების კარგი ცოდნა და მისი დანერგვის სწორად დაგეგმვა. გამოწვევა ბევრია, თუმცა ქართველი ექიმები ბევრს მუშაობენ მათ მოსაგვარებლად. მეც აქტიურად ვარ ჩართული ჩემი დარგის განვითარებაში. ქართველ და ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში გავაკეთეთ ვეტერინარული პათოლოგიის ლაბორატორია, რომელიც უკვე ამუშავდა და მალე ოფიციალურად გავსხნით. წლების წინ შევქმენით პათოლოგთა და ციტოლოგთა ასოციაცია, რომლის ფარგლებში ვაწყობთ კონგრესებს, ტრენინგებსა და სემინარებს. ვმუშაობთ პროტოკოლებზე და რეგულაციებზე. ხშირად ჩამყავს ჰოლანდიელი კოლეგები. ნიდერლანდებში კი ქართველი რეზიდენტები და ლაბორანტები გადიან სწავლებებს. ამავე დროს ვარ “ევექსი-ს“ პათოლოგიის მიმართულების უფროსი თანამედროვე ლაბორატორიაში “მეგალაბი”. ფიზიკურად ხშირად ვერ ვარ საქართველოში, თუმცა საქმით და ფიქრით სულ იქ ვარ.

    დღეს ბევრი ქართველი ექიმი წარმატებით მოღვაწეობს ევროპასა და ამერიკაში, რაც რთული მისაღწევია. ახალგაზრდებს ამისთვის კარგი განათლება და მიზანდასახულობა სჭირდებათ, უცხოეთში კი განსაზღვრული მიზნით უნდა წავიდნენ. მიმაჩნია, რომ ჩვენთანაც თუ იქნება კარგი საგანმანათლებლო და სამუშაო პირობები, წამყვანი სახელმწიფოების დონესაც მივაღწევთ. სამომავლოდ საქმისთვის თუ უკეთესი იქნება, სამშობლოში ვაპირებ დაბრუნებას