• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    დავით მრელაშვილი-ექიმი (აშშ)

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამედიცინო პრაქტიკის გაგრძელების მიზნით, პირველად 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოვედი. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი იყო, რადგან სამედიცინო განათლების გაგრძელებისა და კარიერული წინსვლისთვის აშშ საუკეთესო ადგილია.
    დიდი გამოცდილება მივიღე არა მხოლოდ სამედიცინო სექტორში, არამედ, სოციალური ცხოვრების კუთხით. მაშინდელ და დღევანდელ საქართველოსთან შედარებით, აქ მეტად არის დაცული ადამიანის უფლებები, თავისუფლების მეტი ხარისხია, მათ შორის პიროვნული თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით. კარგი და კეთილი საქმის კეთებისთვის აქ გაცილებით მეტი შესაძლებლობაა, ვიდრე პოსტსაბჭოურ ქვეყნებში.
    90 – იანი წლების ბოლოს ნებისმიერ პროფესიაში კარიერის გაგრძელება და განვითარება ძალიან რთული, ზოგ შემთხვევაში- შეუძლებელიც იყო. რეალურად, იმ დროს საუკეთესო პერსპექტივას ამერიკაში ან ევროპაში წასვლა წარმოადგენდა. ამერიკა ცალსახად მესახებოდა ლიდერად, სწორედ ამიტომ, ვარჩიე აქ სწავლის გაგრძელება და მუშაობა. ჩემამდე იყვნენ ე.წ. პილიგრიმები, ვინც 90 წლებში პირველად გაკვალეს ეს გზა. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა უკვე წასული ადამიანების გამოცდილებას, რჩევებს, ეს იქნებოდა ტექნიკური, ვიზებთან დაკავშირებული საკითხი, სამედიცინო კუთხით თუ ქვეყნის კულტურული თავისებურება და ტრადიციები. ამ გზაზე შეუფასებელი როლი ითამაშა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა, რომელიც ორიენტირებული იყო წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნაზე. სამედიცინო სკოლა „აიეტი“ ახალი ეპოქაა ქართული სამედიცინო განათლების სფეროში. ბუნებრივია, იყო სირთულეები, თუმცა არაერთ კარგ ადამიანს შევხვდი, ვინც დამეხმარა რჩევით, ფინანსურად, სწორი მიმართულების მოცემით. მათ შორის, არ შემიძლია არ აღვნიშნო აწ გარდაცვლილი კენ ვოკერი. მან დიდი როლი ითამაშა სამედიცინო სფეროს ქართველი სტუდენტების და, მათ შორის, ჩემი წარმატების საქმეში.
    ექიმის პროფესია ძალიან ახლოს არის ჩემს ხასიათთან. დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების დახმარება. ბავშვობაში ყოველთვის მიზიდავდა რთული პროცესები, მათი ახსნა, გამოკვლევა. ახლაც ვფიქრობ, რომ ადამიანის ტვინი ერთ-ერთი ყველაზე რთული და უნიკალურია არსებულ ცნობიერ სამყაროში. ძალიან ბევრი რამ არის უცნობი და აღმოსაჩენი, თავის ტვინის ამოუწურავ ფუნქციებს ვგულისხმობ…აქედან გამომდინარე, ჩავაბარე ნევროლოგიის რეზიდენტურაში, გავიარე შესაბამისი კვალიფიკაციები და ამჟამად ვმუშაობ ამერიკის 200 -ზე მეტ კლინიკაში, როგორც ტელემედიცინის სპეციალისტი- ნევროლოგიის განხრით. აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა სამედიცინო თუ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და სტარტაპებში, ძირითადად მრჩეველთა საბჭოს, ან ბორდის წევრის სახით, რათა მიღებულ გამოცდილებას უფრო მასშტაბური გამოყენება მივცე.
    ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე, ყოველი ადამიანის შვება და ყველა მადლიერი ადამიანი ჩემთვის დიდი მოტივაცია.
    ექიმის უნარები მუდმივად უნდა ვითარდებოდეს , როგორც მენტორების დახმარებით, ასევე ყოველდღიური პრაქტიკით. ძალზე მნიშვნელოვანია კრეატიული აზროვნების უნარი, რომ შეგეძლოს დაავადების იდენტიფიცირება სხვადასხვა პაციენტში მაშინაც კი, როდესაც ეს არასტანდარტული ფორმით ვლინდება. ასევე უმნიშვნელოვანესია, სოციალური ასპექტი. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა პაციენტს სწორად მიაწოდოს ინფორმაცია, რათა მან თავი დაცულად იგრძნოს. პაციენტზე ზრუნვის გამოხატულება პრინციპულად განსხვავდება ტელემედიცინით კონსულტაციის მიმდინარეობისას. ექიმის და პაციენტის პირადად შეხვედრისას უფრო ადვილია ინფორმაციის გაცვლა, მით უფრო, ემოციურ დონეზე, ხოლო ტელემედიცინის დროს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ პაციენტთან ურთიერთობის საკითხს. ექიმისთვის ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე ლიტერატურის გაცნობა, ცოდნის პრაქტიკაში გადატანის უნარი, წიგნში მოცემული სტანდარტების სწორად გამოყენება.
    დღეს საკმარისად არის განვითარებული მედიცინა, რომ მკურნალობა გაიწეროს გაიდლაინებში, თუმცა, არა იმდენად საკმარისად, რომ მივუსადაგოთ ხელოვნურ ინტელექტს და დამოუკიდებლად წარიმართოს პაციენტის მკურნალობის პროცესი.
    გამოწვევებს შორის მინდა აღვნიშნო შემდეგი: ხშირად, ახალგაზრდა ექიმებს მოსდით შეცდომა და ამა თუ იმ გაიდლაინს ხისტად მიუსადაგებენ რომელიმე დიაგნოზს და არ იტოვებენ ფანჯარას დაავადების სხვა მოსალოდნელი გართულების, ან განვითარებისათვის. დიაგნოზის დასმის დროს ერთი ფანჯარა ღია უნდა იყოს და დაავადების მიმდინარეობისას ნებისმიერ ცვლილებაზე ექიმმა მყისიერად უნდა მოახდინოს რეაგირება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს პაციენტის მდგომარეობის მეტ კონტროლს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფარმაკოთერაპიის გადაჭარბებით გამოყენება, რასაც თავისი მიზეზები აქვს – არასაკმარისი სამედიცინო განათლება, ან ფარმაკოლოგიური კომპანიების ლობირება. კარგ ექიმს უნდა შეეძლოს ზედმეტად რეკლამირებული, პოპულარული წამლების მაქსიმალურად შეკვეცა და სხვადასხვა, მარტივ საშუალებებზე კონცენტრირება, რაც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს მედიკამენტურ მკურნალობაზე. მაგალითისთვის ფიზიკური ვარჯიში, წონის კონტროლი, რაც, ერთი შეხედვით, ყველამ ვიცით, მაგრამ ძალიან ცოტა ვასრულებთ.
    მედიცინის მომავალს ტელემედიცინის სფეროში ვხედავ. ამას ამტკიცებს ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკა ძირითადი გადაუდებელი ნევროლოგიური შემთხვევების მკურნალობისას.
    ჩემი სპეციალობით, ნევროლოგის სტატუსით, ნაკლებად ვარ ჩართული საქართველოს შესაბამის სტრუქტურებში, თუ არ ჩავთვლით ახლობლებთან და მეგობრებთან პირად ნევროლოგიურ კონსულტაციებს, როდესაც არის ამის საჭიროება. მეტი ჩართულობა მაქვს ტელემედიცინის სფეროში და ვცდილობ, ჩემი გამოცდილება გავუზიარო ქართველ კოლეგებს. ხოლო, უფრო ფორმალურ დონეზე, ვმონაწილეობ სამედიცინო განათლების სისტემის გრძელვადიანი დაგეგმარების პროცესებში, სამედიცინო საგანმანათლებლო ინსტიტუტების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით.
    ერთხელ, როდესაც მრავალი არჩევანის გზაგასაყარზე ვიყავი, მნიშვნელოვანი რჩევა მომცა ჩემმა უმცროსმა დამ, სპონტანურად მითხრა : „დათო, ძალიან მარტივად აირჩიე შენთვის ყველაზე პრიორიტეტული რაც არის და იქით მიმართე მთელი შენი ფოკუსიო“. მას შემდეგ არა ერთხელ დამიდგა მსგავსი არჩევანი და ყოველთვის მადგება ეს რჩევა.
    უწყვეტი განათლება, მუდმივი სწავლა და ხანგრძლივი პრაქტიკა არის წარმატების საიდუმლო. დღეს, როგორც არასდროს, ქართველ ახალგაზრდებს აქვთ პროფესიული განვითარების უპრეცედენტო შესაძლებლობა. მუდმივი ძიება და მოძრაობა წარმატების ფორმულაა. პოსტსბჭოურ სივრცეში არსებული ტენდენციის მიხედვით, ადამიანი სადაც იწყებდა მუშაობას, იქ რჩებოდა კარიერის ბოლომდე და მოკლებული იყო კარიერული ზრდის შესაძლებლობას. ახლა ეს რადიკალურად განსხვავებულია. ელემენტარული პირობების და ინტერნეტის გამოყენებით, თითქმის ყველა ადამიანს აქვს შანსი გახდეს ამა თუ იმ სფეროში მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალი, თუ მას ამის საკმარისი მონდომება აქვს, ასევე შესაფერისი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა გააჩნია. კარგი იქნება, თუ ახალბედა ექიმი რჩევას ჰკითხავს წინამორბედს, კეთილისმსურველებს, მათ, ვინც უკვე გაიკვალა იგივე გზა, წინა კაცი ხომ უკანა კაცის ხიდია და ცივილიზაციის განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპია.
    ახალგაზრდებს უფრო მეტი შეუძლიათ, ვიდრე ფიქრობენ. თანამედროვე ცხოვრება იძლევა ოცნებების ასრულების საუკეთესო შესაძლებლობებს. მოვუწოდებ მათ, რომ სამომავლო გეგმები მეტი ამბიციით დასახონ და ყველაზე კაშკაშა ოცნებების ასრულებას არ შეუშინდნენ!