• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    მაია ჩიკვილაძე -ექიმი (საფრანგეთი)

    საქართველოს სიყვარულით დამუხტულს ბევრი პროექტი და ოცნება მქონდა. ჩემი მთავარი სურვილი ადამიანების შეცნობა იყო. 1989 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ბიოტექნოლოგიებზე ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ გამოცდები წარუმატებლად გავიარე და არჩევანი სამედიცინო ფაკულტეტზე შევაჩერე: ვიფიქრე, რომ აქ გამოვიცნობდი ადამიანებს. ჩემმა ოჯახმა ჩემი დაიჯერა, რამაც მომცა თავისუფლება. მათი რწმენა დღესაც მაძლევს ძალას. 1990 წელს სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. შემდეგ დაიწყო 90-იანი წლები…1995 წელს ჟან ვანიესთან შეხვედრამ ჩემი ცხოვრების გზა რადიკალურად შეცვალა…

    საქართველო 25 წლის წინ დავტოვე, 20 წელია, რაც პარიზში ვცხოვრობ. საფრანგეთში თავდაპირველად სამი თვით ჩამოვედი. ინსტიტუტის დამთავების შემდეგ ისევ დავბრუნდი იქ, სადაც ხუთი წელი გავატარე- L’Arche-ში. სირთულეები ბევრი იყო, მაგრამ მე მხოლოდ ის საუკეთესო ადამიანები და მეგობრები შევინარჩუნე, ვისი დახმარებითაც ეს სირთულეები დღეს აღარც მახსოვს.

    ამჟამად უფროსი ნევროლოგი ვარ Hôpital Foch-ში. პარიზის საუკეთესო ნევროლოგიურ განყოფილებებში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა ისეთ მიკრო სპეციალიზაციებში, როგორებიც არის : ნერვიული სისტემის დიზიმუნური დაავადებები, მათ შორის გაფანტული სკლეროზი, ვასკულარული ნევროლოგია, ნეიროგემეტიკა და ნეირო მეტაბოლური დაავადებები.

    ნევროლოგია ჩემი მთავარი მოწოდებაა. მედიცინას ხომ ადამიანის და ბუნების საიდუმლოებით გამოულევ სამყაროში შეჰყავხარ. ამიტომ ვიცი, რომ მედიცინა ნევროლოგიის მეშვეობით არასოდეს მომწყინდება! მედიცინამ მასწავლა ორი რამ: დაიჯერე სხვისი გამოცდილების, მაგრამ არ დაჯერდე! თუ ეჭვი გაქვს, არ დანებდე! დარწმუნდი, რომ ყველაფერი გააკეთე პაციენტისთვის, რომ მასთან ერთად შეგიძლია დასძლიო დაავადებები. საჭიროა ყოველთვის წინსვლა, ახალის შეცნობა, წყაროს გადამოწმება – ანუ დინამიკა, წონასწორობის ძებნა შენს თავში და სამყაროში, რადგან სიცოცხლე ჰარმონიული მოძრაობა და წინსვლაა, რაც ჩერდება – კვდება…

    არასოდეს დანებდეთ ცუდს, უიმედობას, წარუმატებლობას, სულიერ ტკივილს, ფიზიკურ სირთულეებს! გააღვივეთ თქვენში ნიჭი არა სხვისი გამოყენების, არამედ ადამინების დაფასების, მათთან ინტერესების გაზიარების. “იბრძოლეთ” თქვენი ნიჭის გამოვლენისთვის, რათა სიკეთე და სიხარული მოუტანოთ საკუთარ თავს და თქვენი პროფესიით მისცეთ იგივე სხვას!