• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    თორნიკე სოლოღაშვილი-ექიმი (შვეიცარია)

    ბავშვობიდან მიყვარდა ბუნება, ცოცხალი ორგანიზმები, ადამიანები. 14 წლის ასაკში ოჯახის ახლობლის შესახებ ისტორია მოვისმინე, თუ როგორ გაუკეთეს გერმანიაში გულის ოპერაცია და ფეხიდან ამოღებული სისხლძარღვები გულზე მიაკერეს. მაშინ ვთქვი, რომ ეს თუ სადმე შესაძლებელი იყო, მე რატომ არ უნდა გამეკეთებინა და გადავწყვიტე, კარდიოქირურგი გამოვსულიყავი.
    სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. მქონდა ამბიცია, რომ მაღალი რანგის ქირურგი გავმხდარიყავი, რისთვისაც საჭირო გახდა უცხოეთში წამოსვლა. 2008 წელს პოლონეთში სამთვიანი სტაჟირებით წავედი, მაგრამ მას შემდეგ 14 წელი გავიდა და საქართველოში ჯერ არ დავბრუნებულვარ. პოლონეთში ჩემს მიერ ჩატარებული ოპერაციებით შვეიცარიელი პროფესორი დაინტერესდა, რომელმაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ჟენევაში მიმიწვია სტიპენდიანტის სტატუსით. მალევე შემომთავაზეს კონტრაქტის გაფორმება, თუმცა ამისთვის საჭირო იყო ფრანგული ენის სწავლა და მცირე დროში C1 დონის სერტიფიკატის აღება.
    2020 წელს ჟენევის უნივერსიტეტში დისერტაცია დავიცავი, ვარ დოცენტი. ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვმუშაობ ბავშვთა კარდიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელად. ასევე ვთანამშრომლობ ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკასთან, სადაც რეგულარულად მიწევს ოპერაციებზე ჩასვლა. ჟენევის უნივერსიტეტი და ჰოსპიტალი გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს ჰუმანიტარული აქტივობები. დავდივართ განვითარებად ქვეყნებში გამოცდილების გასაზიარებლად, რომ ადგილობრივი კადრები დავატრენინგოთ, რეგულარულად ჩავდივარ აფრიკაში. წელიწადში 3-4 ჯერ ჩავდივარ საქართველოში, კლინიკა “ ღია გულში”, თითო ვიზიტზე, დაახლოებით 15- მდე ბავშვთა ოპერაციას ვაკეთებ.
    როდესაც საოპერაციოდან გამოვდივარ, ვხედავ მშობლის თვალებს და ვეუბნები, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თქვენი შვილი გამოჯანმრთელდა, ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. სამსაათიან ოპერაციის დროს ვცვლით ბავშვის მომავალს, მისი სიცოცხლის პროგნოზი იცვლება რამდენიმე კვირიდან 60-80 წლამდე. ამ პროცესს უაღრესად დადებითი ემოციები მოაქვს. ვერ წარმომიდგენია არსებობდეს სხვა პროფესია, რომელსაც შეუძლია ამაზე მეტი კმაყოფილების შეგრძნება მიანიჭოს ადამიანს. კარდიოქირურგებს პენსიაზე გასვლის შემდეგაც უჭირთ ამ დარგიდან ჩამოშორება.
    ექიმის და მკურნალობის ხარისხის მიმართ მოთხოვნები დღეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო 20-30 წლის წინ. ადამიანების ინფორმირებულობის დონემ ძალიან აიწია. პაციენტი როდესაც ექიმთან მოდის, მან უკვე იცის სტატისტიკა, შესაძლო გართულებები. მოთხოვნა ხარიხზე ბევრად უფრო მაღალია. ოპერაციები, რაზეც დამწყები ქირურგები ქირურგიას სწავლობდნენ, შემცირებულია. ახლა ბევრად რთული ოპერაციების გაკეთება გვიწევს. გვაქვს მოთხოვნა, რომ ოპერაცია შესრულებული იყოს მაღალი ხარისხით, დღეს ბევრად მეტი რამის შესწავლა სჭირდება ექიმს, ვიდრე ეს ადრე იყო. მაშინ ერთი ქირურგი აკეთებდა ყველა ტიპის ოპერაციას, დღეს ამის საჭიროება არ არის. სჯობს ვიცოდეთ ერთი მიმართულება სიღრმისეულად , ვიდრე ბევრი რამ ზედაპირულად. ისევ იმიტომ, რომ ინფორმაცია არის ზღვა, იმისათვის რომ გვქონდეს კარგი შედეგები, უნდა ვიყოთ კონკრეტული დარგის ექსპერტები. ამას ემატება ტექნოლოგიები, რაც მუდმივად შემოდის მედიცინაში, თუნდაც იგივე მინიინვაზიური ქირურგია, როცა ოპერაცია რობოტით კეთდება, მხოლოდ თითები მოძრაობს, როგორც ეს ჯოისტიკშია და რობოტი იმეორებს იგივე მოძრაობებს. მთელი რიგი სიახლეები შემოდის მედიცინაში და ხდება პროგრამების ცვლილებები. თანამედროვე ექიმს მეტი უნარჩვევების ქონა სჭირდება ჰიბრიდული მედიცინაში.
    მქონდა პრივილეგია იმის, რომ მემუშავა ბევრ კარგ ქირურგთან და მენახა მათ მიერ ჩატარებული ოპერაციები. ეს საბოლოოდ გეხმარება განავითარო შენი ინდივიდუალური ტექნიკა, რომელიც შენზე იქნება მორგებული. ბავშვთა კარდიოქირურგია მოითხოვს ცხოვრების მიძღვნას. ეს არ არის დარგი, რაც შეიძლება სხვა საქმის პარალელურად ვაკეთოთ. ეს ის დარგია, სადაც საჭიროა 120 %-ით თავის და ენერგიის მიძღვნა, რაც ხდება პირადი ცხოვრების ხარჯზეც. თუ გადავწყვეტთ, რომ ეს საქმე ვაკეთოთ, უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ ვიყოთ საუკეთესოები. ძალიან მაღალი ხარისხით უნდა იყოს სამუშაო შესრულებული. საჭიროა დაუღალავი შრომა, სერიოზული დამოკიდებულება და ძალიან დიდი მოტივაცია .
    არსებობს ფრანგული გამოთქმა “Dix ans dix heures” ანუ 10 წლის განმავლობაში, დღეში 10 საათი უნდა მიუძღვნათ დარგს, რომ ბავშვთა გულის ქირურგია ვისწავლოთ. ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცესია, მუდმივად საჭიროა განვითარება და პროგრესი. შეუძლებელი არაფერია, ოცნებები ხდება თუ მოტივაციას არ დავკარგავთ და ბევრს ვიშრომებთ!