• მედიცინის მასტერკლასები

    რეგისტრაცია

    ეკატერინე ბერიშვილი- მეცნიერი (შვეიცარია)

    შვეიცარიაში 2013 წელს ჩამოვედი, უკვე 40 წლის ვიყავი. ჩემი აქ ჩამოსვლა პირადი ცხოვრების რადიკალურმა ცვლილებებმა განაპირობა. გავთხოვდი და მე და ჩემმა შვეიცარიელმა მეუღლემ გადავწყვიტეთ ჟენევაში გვეცხოვრა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კარიერა ნოლიდან უნდა დამეწყო. ყველაფერს ფრანგული ენის არცოდნაც ართულებდა. არ შემშინებია, კიდევ ერთხელ მომეცა შანსი გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები და ახალ გამოწვევას შევჭიდებოდი. ჟენევის უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის პირველი ოთხი წელი მუხლჩაუხრელად ვიმუშავე. ინტენსიურად ვსწავლობდი ფრანგულ ენას, ასევე ვეძებდი გზებს, რომ თავი ჟენევის უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეში დამემკვიდრებინა. ვიცოდი თუ ამ ასაკში ცოტა ხნით მაინც შევწყვიტავდი სამეცნიერო საქმიანობას, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. პირველი ოთხი წელი ენთუზიაზმზე, უხელფასოდ ვიმუშავე. ვმუშაობდი როგორც ლაბორატორიაში ასევე ჩართული ვიყავი ტიპი პირველი დიაბეტის მქონე პაციენტებში ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვის კლინიკურ პროგრამაში. საწყისი კვლევებისათვის მოვიპოვე მცირე გრანტები და შევუდექი პილოტურ ექსპერიმენტებს. ამნიონის უჯრედებისა და პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების უჯრედების გამოყენებით, მინდოდა შემექმნა ინსულინმაპროდუცირებელი სამგანზომილებიანი (3D) ორგანოიდები და მათი ფუნქციური შესაძლებლობები გამომეცადა დიაბეტით დაავადებულ თაგვებში. ამნიონის უჯრედებს ახასიათებს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების მსგავსი პლასტიურობა, ანთების საწინააღმდეგო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმუნომოდულაციური თვისებები. ორგანოიდებში ამნიონის ეპითელური უჯრედების ინკორპორირებამ, ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედები უფრო რეზისტენტული გახადა ანთებისა და ჰიპოქსიისადმი. გაუმჯობესდა გადანერგილი ორგანოიდების სიცოცხლისუნარიანობა და სისხლმომარაგებაც. ამ გარემოებებმა, დიდი გავლენა მოახდინა ორგანოიდების ფუნქციის გაუმჯობესებაზე.

    2019 წელს, ჩემი 5 წლიანი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Communication-ში. წარმატებულმა საპილოტო კვლევებმა საწინდარი დაუდო ჩემს შემდგომ იდეას, შემექმნა ჰიბრიდული ენდოკრინული პანკრეასი, რომლის გადანერგვაც შესაძლებელი გახდებოდა დიაბეტით დაავადებული ყველა პაციენტისთვის და ეს ყველაფერი იმუნოსუპრესიული თერაპიის გარეშე. ინსულინმაპროდუცირებელი ორგანოიდები, ამ კონსტრუქციის შემადგენელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულია. დასახული მიზანი საკმაოდ ამბიციური იყო და საჭიროებდა სოლიდურ დაფინანსებასა და რაც მთავარია მულტიდისციპლინურ მიდგომას. 

    2019 წელს, გამოცხადდა ევროპული კომისიის, ჰორიზონტ 2020 საკმაოდ ამბიციურ საგრანტო კონკურსი რეგენეაციულ მედიცინაში. ვიცოდი რომ ჩემი ამბიციური პროექტის განსახორციელებლად ამ კონკურსში გამარჯვებას საციცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. პირველ რიგში უნდა შემეკრა სხვადასხვა დარგის წამყვანი მეცნიერებისაგან შემდგარი კონსორციუმი, რომელიც თანახმა იქნებოდა ამ პრობლემაზე ემუშავა. შემდეგი ამოცანა იყო პროექტის დაწერა. მიზანი საკმაოდ რთულად მისაღწევი იყო. ვიცოდი რომ ამ გრანტის მოპოვების შანსი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ ჩემი პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტის პერსპექტიულ მეთოდს წარმოადგენდა. შევკარი გუნდი და შევუდექი პროექტის წერას, რომელსაც 3 თვე მოვანდომე. ამ კონკურსში მონაწილე 217 პროექტიდან მხოლოდ 14 პროექტი დააფინანსეს. ჩვენი პროექტი, უმაღლესი ქულით გამარჯვებულების სამეულში გავიდა. პროექტი დამაფინანსეს 7 მილიონი ევროთი. 

    ამის შემდეგ, ჟენევის უნივერსიტეტში შევქმენი ქსოვილოვანი ინჟინერიისა და ორგანოთა რეგენერაციის ლაბორატორია. ენდოკრინული პანკრეასის გენერირებისათვის ჩვენი გუნდი იყენებს ქსოვილების ინჟინერიის ისეთ მოწინავე სტრატეგიებს, როგორიცაა გენის რედაქტირება CRISPR-Cas9 ტექნოლოგიით, 3D მინი-ორგანოების გენერირება, ჰიდროგელების წარმოება და ამ სტრუქტურული ერთეულების ერთ მთლიან ფუნქციურ ორგანოდ აწყობა. პროექტის წარმატებით იმპლემენტაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ჩვენს მიერ გენერირებული ენდოკრინული პანკრეასის გადანერგვა იმუნური სისტემის დათრგუნვის გარეშე. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის საგრძნობლად გავაფართოვოთ უჯრედული ტრანსპლანტაციის ჩვენებები და წარმატებით ვუმკურნალოთ დიაბეტით დაავადებულ მრავალ პაციენტს.

    პარალელურად დავეუფლე ფრანგულ ენას და დღეს ჟენევის უნივერსიტეტში ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას, სამედიცინო სკოლის მეორე კურსის სტუდენტებს რეპროდუქტოლოგიასა და გენეტიკას ვასწავლი. 

    გარდა ამისა, ინტენსიურად ვარ ჩართული ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის უჯრედული თერაპიის ცენტრში პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვის კლინიკურ პროგრამაში. ჩვენი ცენტრი, მსოფლიოს ერთ-ერთი ბრწყინვალების ცენტრად არის აღიარებული. ჩვენ, არა მხოლოდ შვეიცარიას, არამედ საფრანგეთის კლინიკებსაც ვემსახურებით. წელიწადში 100 იზოლაციას და დაახლოებით 50 გადანერგვას ვასრულებთ.

    მალე დავიწყებთ ახალ კლინიკურ კვლევებს კომპანია ვერტექსთან ერთად. სულ ახლახანს ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ავტორიზაცია მისცა პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედების კლინიკურ გამოცდას, რომლიც ერთი ნაწილიც ჩვენს ცენტრში ჩატარდება. ამავე დროს, ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. შარშან, ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტში კოლეგებთან ერთად დავაფუძნეთ მედიცინის სკოლა, სადაც, ვეცდებით შევქმნათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაზა და მოვამზადოთ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და მეცნიერები.

    სტუდენტობის პერიოდში შევუერთდი თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრაზე არსებულ სამეცნიერო ჯფუფს, რომელსაც მუდმივად ძიებაში მყოფი ინოვატორი და ქარიზმატული პროფესორი ზურაბ კაკაბაძე ხელმძღვანელობდა. იმ დროისათვის ჩვენი სამეცნიერო გუნდი დღევანდელი საზომებითაც კი, საკმაოდ ინოვაციურ იდეაზე მუშაობდა. ტერმინი ქსოვილოვანი ინჟინერია უკვე ყველამ იცის და ამ მიმართულებით ბევრი კვლევა მიმდინარეობს. იმ პერიოდში ეს მიმართულება პირველ ნაბიჯებს დგამდა მსოფლიოში, ბევრი მეცნიერი მას სკეპტიკურადაც კი უყურებდა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა ჩვენი სამეცნიერო გუნდი, ღვიძლის ქსოვილს ვაქუცმაცებდით და ვცდილობდით მისგან, თავად რეციპიენტის ორგანიზმში ახალი, ფუნქციურად აქტიური ღვიძლი გამოგვეზარდა. ეს ის წლებია, როდესაც მთელ საქართველოში უაღრესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითრებაა. უშუქობა, კორუფცია, კრიმინალი და ეკონომიკური სიდუხჭირე, ყველაფერი ერთად უტევს ქვეყანას და თითქოს საშველიც არსად ჩანს. ამ პერიოდში არა თუ მეცნიერება, ზოგადი განათლების სისტემაც კი უმძმესი კრიზისის ფაზაში იყო. აი, ასეთი მდგომარეობის მიუხედავად ჩვენ მუშაობა არ შეგვიწყვეტია. გამოვნახეთ სახსრები და მოვახერხეთ ჩვენი კვლევები გაგვეტანა საერთაშორისო ასპარეზზე და მიგვეღო დარგის აღიარებული ექსპერტების შეფასება. ასე გავიცანით პროფესორი სანჯივ გუფთა, რომელიც ერთ-ერთ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა, იეშივას უნივერისტეტის, ალბერტ ეინშტეინის სამედიცინო კოლეჯის, ღეროვანი უჯრედებისა და ღვიძლის კვლევითი ცენტრში (ნიუ იორკი, აშშ). სანჯივი დაინტერესდა ჩვენი კვლევებით და თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგები იმედისმომცემი იყო, საგანი უფრო ღრმა და დახვეწილ კვლევებს მოითხოვდა. ამის საშუალება იმ დროის საქართველოში ბუნებრივია არ იყო. გადაწყდა რომ კვლევების ნაწილს ნიუ იორკში ჩავატარებდით. ასე აღმოვჩნდი ამერიკაში, ღვიძლის კვლევითი ცენტრის ლაბში, სადაც რამდენიმე თვე გავატარე. კვლევები გაგრძელდა და შედეგებმაც არ დააყოვნა. 2004 წელს ჩვენი სტატია გამოქვეყნდა Nature Medicine-ში, რომელიც დარგის ერთ ერთი პრესტიჟული სამეცნიერო გამოცემაა. 

    ასე დავინფიცირდი მეცნიერების ვირუსით და ამან მთელი ჩემი სამომავლო გეგმები და კარიერა რადიკალურად შეცვალა. საქართველოში არსებული სამეცნიერო პოტენციალი, დაუსრულებლად განედინება საზღვარგარეთ. ჩვენი ეროვნული სიმდიდრე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანურ ფაქტორზე. დღეს, მთელ მსოფლიოში სიმდიდრის ფუნდამენტურ წყაროებს ცოდნა და კომუნიკაცია წარმოადგენს. ინტელექტუალური კაპიტალი პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ქვეყნის ინოვაციურ განვითარებაზე, ეკონომიკური პარამეტრების ზრდაზე და კონკურენტუნარიანობის დონეზე. შესაბამისად ინტელექტუალური ძალის დაკარგვა, ძლიერად ურტყამს ქვეყნის ინოვაციური განვითარების და კონკურენტუნარიანობის ზრდის პოტენციალს. ამ პროცესის შესაჩერებლად სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პარალელურად, აუცილებელია მაქსიმალური ინვესტიციები და ძალისხმევა ჩაიდოს ინტელექტუალური კაპიტალის განვითარებაისათვის და ეს პროცესი სკოლიდან უნდა იწყებოდეს.

    უცხოეთში სამეცნიერო კარიერის მაძიებელ ახალგაზრდებს ვურჩევ აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო საქმიანობაში და მაქსიმალურად გამოიყენონ აქაური რესურსები. იყვნენ ორგანიზებულები, ინტენსიურად იკითხონ ახალი სამეცნიერო ლიტერატურა, წერონ სტატიები და შემდგომ ცადონ მათი გამოქვეყნება. დღეს, ახალგაზრდებს, უამრავი შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სათანადო განათლება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს შესაძლებლობები მაქსიმალირად უნდა გამოიყენონ. მთავარია, პროფესიად აირჩიონ ის საქმე რომელიც უყვართ და ბოლომდე დაიხარჯონ, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია. არ შეუშინდნენ სირთულეებს და შეცდომებს. დაისახონ დიდი მიზნები და არასოდეს იფიქრონ რომ მიზანი მიუღწეველია. იყვნენ საუთარ თავში დარწმუნებულები, დამოუკიდებლები და თვითმყოფადები.