19/02/2024
13:34
მსოფლიო
ფეხებით შეზრდილი ტყუპები მერიემი და ნდაი ევროპაში სიამის ტყუპების ერთადერთ შემთხვევად ითვლებიან, რომლებსაც უკვე 7 წელი შეუსრულდათ. ექიმების პროგნოზით კი, ისინი მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში იცოცხლებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე გოგონას საკუთარი უნიკალური მახასიათებლები და განწყობა აქვს, მათი სიცოცხლე ერთმანეთზეა დამოკიდებული.
ტყუპები 2016 წელს სენეგალში დაიბადნენ. მათი მშობლები ერთ შვილს ელოდნენ.
”როდესაც თავდაპირველად გეუბნებიან, რომ მომავალი არ არსებობს, უბრალოდ აწმყოსთვის ცხოვრობთ. მერიემი და ნდაი მებრძოლები არიან და ამტკიცებენ, რომ მათ შესახებ ყველა ცდება. ჩემი ქალიშვილები ძალიან განსხვავებულები არიან, მერიემი ძალიან მშვიდი, ინტროვერტული ტიპაჟია, თუმცა ნდაი ძალიან დამოუკიდებელია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათთვის ადვილია სიცოცხლისთვის მუდმივი ბრძოლა. როდესაც ტყუპები დაიბადნენ, ვემზადებოდი იმისთვის, რომ მათ ძალიან სწრაფად დავკარგავდი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, მათ გვერდით ყოფნა იყო. ნათლად დავინახეთ, რომ საქმე გვქონდა ,,მეომრებთან’’, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძოდნენ”, - განუცხადა BBC-ს ტყუპების მამამ, იბრაჰიმამ.
სენეგალელი ექიმების თქმით, ტყუპების გადარჩენის საუკეთესო შანსი მათი განცალკევება იყო. 2017 წელს, ოჯახმა ტყუპები დიდ ბრიტანეთში, ლონდონის Great Ormond Street Hospital-ში, სამკურნალოდ ჩაიყვანა. როგორც საბოლოოდ გადაწყდა, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ ტყუპები არ დაეშორებინათ ერთმანეთისგან.
"ეს ნიშნავდა, რომ ჩემს ერთ შვილს მეორე ტყუპის ცალის გამო მოვკლავდი. ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ავირჩიო ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ უნდა მოკვდეს. ახლა ტყუპებს რეგულარული ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, რადგან ისინი ინფექციისა და გულის უკმარისობის სერიოზული რისკის ქვეშ არიან. მერიემისა და ნდაის შემდეგი გამოწვევა ფეხზე დგომა და სიარულია. ამჟამად, ყოველდღიურად, მათ მხოლოდ დაახლოებით 20 წუთით დგომა შეუძლიათ სპეციალური აპარატის დახმარებით,“ - თქვა იბრაჰიმამ.
შერწყმული ტყუპები იშვიათია. დიდ ბრიტანეთში ყოველი 500 000 ახალშობილიდან მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნული კატეგორიის ტყუპების რაოდენობიდან ნახევარი მკვდარი იბადება, მესამედი კი - დაბადებიდან 24 საათში კვდება.
მერიემი და ნდაი ერთი ფეხით და მენჯით არიან ერთმანეთთან შეზრდილნი, თუმცა საკუთარი ზურგის ტვინი და გული აქვთ.
0
0