ვარკეთილი, როგორც პრეცედენტი.. რას ნიშნავს საქართველოსთვის კიდევ ერთი კლუბი?

AutoSharing Option
ბევრჯერ თქმულა, რომ ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი არამასობრიობა, ტურნირების, ლიგებისა და გუნდების კატასტროფული სიმცირეა.

მაგალითისთვის გეტყვით: ბრაზილიაში 53 ოფიციალური ტურნირი და ლიგაა, ინგლისში - 25, ჰოლანდიაში - 21, იტალიაში - 15, საფრანგეთში - 14 და გუნდების რაოდენობაც შესაბამისად ბევრია.

საქართველოში კი მხოლოდ 6 ოფიციალური ტურნირი და ლიგაა - უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგები, დუბლშემადგენლობების ჩემპიონატი, პლუს ეროვნული თასისა და სუპერთასის გათამაშებები.

ცხადია, აქ ჭაბუკთა და ელიტლიგები არ მიგვითვლია, რადგან ლაპარაკია დიდების ტურნირებზე.

სულ, წლეულს სხვადასხვა ლიგაში 79
გუნდი ითამაშებს: უმაღლეს და დუბლშემადგენლობების ლიგებში - 24 (12-12), პირველში - 28 (14 აღმოსავლეთ ზონაში, 14 - დასავლეთში), მეორეში - 27 (13 აღმოსავლეთ ზონაში, 14 - დასავლეთში). სტუდენტური ლიგის ჩამოყალიბებას აპირებდა პროფლიგის ყოფილი გენერალური მდივანი პაატა ბურჯალიანი, მაგრამ ხელი არ შეუწყვეს და დაფინანსების სიმწირის გამო, ამ იდეამაც ჩაილურის წყალი დალია.

არ გვაქვს მოყვარულთა ლიგაც, რაც ფეხბურთის მასობრიობისთვის ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხია. არადა, უეფა ევროპის რეგიონთა თასის გათამაშებაში სწორედ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებულს, ან ამ ლიგის ნაკრებს ათამაშებს. უკვე მეოთხე წელია, საქართველო ამ გათამაშებას გამოეთიშა.

1990 წლის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 160 გუნდი არსებობდა. ეროვნული ჩემპიონატის დაარსებამ კი ნამდვილი საფეხბურთო ბუმი გამოიწვია და მას შემდეგ კიდევ ბევრი გუნდი შეიქმნა. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ლამის ყველა სოფელს მოყვარულთა გუნდი ჰყავდა.

სამწუხაროდ, შინააშლილობამ ეკონომიკა დააქცია და ფეხბურთით დაინტერესებულ ბიზნესმენთა და კომპანიათა რაოდენობაც კატასტროფულად შემცირდა. შედეგიც ლოგიკურია - გუნდების რაოდენობაც განახევრდა და მივიღეთ რეალობა, როცა საქართველოში პროფესიონალი და, თუნდაც, ნახევრადპროფესიონალი მოთამაშეების რაოდენობა მეტისმეტად მცირეა. ეს კი, თავისთავად, ტალანტების აღმოჩენისა და მათი გაზრდის ალბათობას ამცირებს.

სწორედ ამის გამო იყო, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბავი გაგვიხარდა: ვარკეთილში, საფეხბურთო სკოლა "ფორვარდის" ბაზაზე, ამავე სახელწოდების კლუბი ჩამოყალიბდა, რომლის დირექტორია ბიძინა თოდიძე, მთავარი მწვრთნელი კი - დავით მაჩიტიძე.

საფეხბურთო სკოლას თავიდანვე ეხმარებოდა კომპანია "ვარკეთილაირი". ახლა კი გვერდში სამგორის მუნიციპალიტეტი დაუდგა და გადაწყდა, რომ "ფორვარდი", რომელიც აქამდე საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში მონაწილეობდა, მეორე ლიგაში ითამაშებს.

"დიდი ხანია, რაც ისეთი კლუბის ჩამოყალიბება გვსურდა, რომელიც ვარკეთილელ გულშემატკივრებს გააერთიანებდა.

უბანს თავისი კლუბი რომ ჰყავს, მერე საფეხბურთო ცხოვრებაც იწყება, ახალგაზრდობა ქუჩიდან ფეხბურთზე გადაინაცვლებს და ვინ იცის, იქნებ, გამორჩეული ფეხბურთელებიც აღმოვაჩინოთ.

ჩვენს უბანში ბევრი ფეხბურთელია, ზოგმა ნაადრევად დაასრულა კარიერა, ზოგიც კლუბში მოხვედრას ელოდა, ნიჭიერი ბავშვებიც მოდიან - "ფორვარდი" სწორედ მათ სამსახურში იქნება და მცირე ნაწილს მაინც მივცემთ თავის გამოჩენის შანსს.

უკვე მესამე წელია, უანგაროდ გვერდში გვიდგას "ვარკეთილაირის" დირექტორი ნუგზარ მღვდელაძე, ბავშვებს ფედერაციაში საწევროს შეტანა, ბურთის და ფორმის შეძენა არ უწევთ. ახლა კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაგვეხმარა, რომელიც სტადიონს გვირემონტებს და ერთობლივი ძალებით მეორე ლიგასაც შევეჭიდებით.

ამ ყველაფრის მიზანია, სპორტით რაც შეიძლება მეტი ბავშვი და ახალგაზრდა დაინტერესდეს და ვარკეთილში ფეხბურთი განვითარდეს",
- ამბობს დავით მაჩიტიძე.

ეს პრეცედენტი თბილისის სხვა უბნებისთვისაც გამოდგება მაგალითად. დედაქალაქში ყველაზე დიდი შესაძლებლობებია, მაგრამ გუნდი არც ერთ უბანს არ ჰყავს - დიდუბეს, ჩუღურეთს, ნაძალადევს, გლდანს, მუხიანს, ვაკეს, ვერას, მთაწმინდას, ორთაჭალას, ვაზისუბანს...

მაგალითად, ნაძალადევში, ტრიკოტაჟის სტადიონი ("აკვაპარკის" გვერდით), სადაც ალექსანდრე ჩივაძემ, მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეებმა, გელა კეტაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და კიდევ ბევრმა ცნობილმა მოთამაშემ აიდგა ფეხი, გავერანების პირას არის მისული და რომ არა ენთუზიასტი მწვრთნელები - ჟანი ლეჟავა და დავით სხიერელი, იქ ფეხბურთის ხსენება აღარ იქნებოდა.

არადა, ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი სტადიონია თბილისსა და მთელს საქართველოში, პატარა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში.

არაპროფესიული გუნდების შენახვას დიდი სახსრები არ სჭირდება და თუ ამას თავი მოება, ეს ჩვენს ფეხბურთს დიდ სამსახურს გაუწევს და მოყვარულთა ლიგაც ჩამოყალიბდება, მისი გამარჯვებული (ან ლიგის ნაკრები) კი ევროპის მოყვარულთა რეგიონულ თასზე საქართველოს არყოფნით გაჩენილ ვაკანსიას ხელახლა შეავსებდა.

რაოდენობა ხარისხში სწორედ მასობრიობით გადაიზარდება და შესაძლებელი იქნება, 17-18 წლის ასაკში ახალგაზრდა ფეხბურთელების რაღაც ნაწილი მაინც არ დავკარგოთ - ასეთი პრეცედენტები ხომ საქართველოში მრავლად იყო და არის კიდეც. ამიტომაც არის ერთი რიგითი კლუბის (თუნდაც უბნის) ჩამოყალიბება გამოსარჩევი მოვლენა ჩვენს ფეხბურთში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
რახდება თოკო ? კარგია 2 ლიგა ბიჩებო
valeri
19:26 19-08-2013
0
მაგ ხალხზე და გუნდზე ცუდს ნუ ამბობთ თორე ***
0

სიახლეები პოპულარული