ლუკა ისევ "დეზი" იყო

AutoSharing Option
25 წლის ხორვატმა გამთამაშებელმა ლუკა მოდრიჩმა კვლავ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მაისურა მოირგო, მაგრამ სხვა კლუბში გადასვლა მაინც არ გადაუფიქრებია.

მოგეხსენებათ, „დეზები“ სეზონისწინა შეკრებას სამხრეთ აფრიკაში გადიან და ვარსკვლავმაც სწორედ იქ უკაპიტნა ჯერ-ჯერობით ისევ თავის გუნდს, ადგილობრივ „ორლანდო პაირატსთან“ შეხვედრაში, რომელიც 1:1 დასრულდა. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ამ თამაშის მიუხედავად, მოდრიჩი მწვრთნელ ჰარი რედნაპთან სერიოზულად დალაპარაკებას აპირებს. მან ხომ კლუბის თავმჯდომარე დენიელ ლივის წერილობითი განცხადება შეუტანა, სადაც ტრანსფერს სთხოვს.

მოდრიჩმა ლივისთან თავიდან სიტყვით სცადა ურთიერთობის გარკვევა, მაგრამ არაფერი რომ გამოუვიდა, უფრო მძაფრ ხერხს
მიმართა - განთავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ახლა ამბობენ, რომ ფეხბურთელმა თავისი ნაბიჯის შესახებ რედნაპს უნდა უამბოს დაწვრილებით.

რად უნდა ლაპარაკი, რომ „ტოტენჰემის“ ფანები მოდრიჩის „სფურზის“ ფორმაში გამოჩენას სიხარულით შეხვდნენ, თუმცა ხორვატიაში ხალხი ამბობს, რომ ფეხბურთელს მეუღლე, ვანია (არ შეშფოთდეთ, ქალის სახელია) ქმარს მკაცრად აკონტროლებს, შემთხვევით რომ არ გატყდეს და განხადება უკან არ წამოიღოს - შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ მოდრიჩს „სფურზთან“ შედარებით ხელფასის გაოთხმაგებას ჰპირდება.

„დეილი მეილი“ წერს, რომ მოდრიჩმა „ორლანდო პაირატსთან“ რედნაპისა და მწვრთნელთა შტაბის სხვა წევრების პატივისცემით ითამაშა.

ამ შეხვედრაში, „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა 40 წლის ამერიკელმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული