სამბას დეზი დააჭირეს

AutoSharing Option
"ბლექბერნის" კონგოელი მცველი, 27 წლის კრისტოფერ სამბა "ტოტენჰემ ჰოთსპურის" სამიზნეზეა. "დეზები" მის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ, თუმცა, რამდენადაც პრესაში გაჟონა, ისინი რივერსაიდელებს ფულად სრული თანხის მხოლოდ ნაწილს სთავაზობენ. სხვა სიტყვებით საქმე "ფულს პლუს ფეხბურთელის" ტიპის გარიგებასთან გვაქვს.

სამბას შეძენა აგრეთვე სურთ "არსენალსა" და "ევერტონსაც", თუმცა ბოლო დღეებში ეს ორი კლუბი ჩუმად იყო, "სფურზმა" კი კონკრეტული ნაბიჯი გადადგა. დავაზუსტოთ: ჩრდილოლონდონელთა თავკაცი ჰარი რედნაპი "ბლექბერნს" 10 მილიონ ფუნტს სთავაზობს, 2 მილიონის ხურდად კი ჯერმაინ დეფოს, რობი კინს, დევიდ ბენტლის ან
სებასტიან ბასონგს სთავაზობს. თავად სამბა "ტოტენჰემში" გადასვლაზე ყაბულსაა, თუმცა არც "არსენალზე" იტყოდა უარს.

მოგეხსენებათ, "მეთოფეებსაც" დაცვის ცენტრში აქვთ პრობლემა და სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრებში გაშვებული გოლების გამო დიდ კრიტიკასაც აწყდებიან. ბოლოს "არსენალს" ევერტონელი ფილ ჯეგიელკას ყიდვა უნდოდა, თუმცა, არსენ ვენგერი ჩასაფრებულია და თუ "ბლექბერნმა" სამბას ფასი დააკლო, მომენტს ხელიდან არ გაუშვებს. საქმე ის გახლავთ, რომ სამბა ჯეგიელკაზე ნაკლებიც ღირს და ხელფასიც ნაკლები უნდა.

რაც შეეხება "ტოტენჰემის" შეთავაზებას, ექსპერტები ელიან, რომ ჯერჯერობით "ბლექბერნი" მასზე უარს იტყვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული