მშვიდი ბუ - ბლიც-ინტერვიუ გიორგი ცინცაძესთან

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე საქართველოს ნაკრების ძირითადი გამთამაშებელია. 29 წლის გამთამაშებელი.

11 წლის გიორგი ცინცაძეს მისმა მწრთნელმა, ომარ ლებანიძემ "ბუ" შეარქვა და იმის მერე, გიორგი და ეს მეტსახელი ახლობლობენ.

გიორგი ცინცაძე დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ბევრისთვის საუკეთესო პირველი ნომერია. იყო შემონდ უილიამსი, მაგრამ ის ერთჯერადი პროექტია.

გიორგი ცინცაძე, ძირითადად, აქ არ თამაშობს და ისე მოხდა, რომ ბოლო სეზონი ბუმ ქართულ სუპერლიგას აჩუქა. ამ დონის ინდივიდუალური შემსრულებელი სუპერლიგაში იშვიათად თამაშობს და ცინცაძე იყო ჩემპიონატის MVP.

გიორგი ცინცაძე კალათბურთით კაიფობს. სხვები მუშაობენ, ზარმაცობენ, ნიღბებით
თამაშობენ და გიოსთვის კალათბურთი რელაქსაცია, სასიამოვნო გასეირნებაა.

გიორგი ცინცაძემ ადრე, ბევრი წლის წინათ "ბასკოსთან" ერთად წააგო საქართველოს ჩემპიონატის ფინალური სერია "დინამოსთან" და ბუ დაბრუნდა. შსს და ბუ იგებენ სუპერფინალს. ისევ "დინამოსთან". გიორგი პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. რაღაცები იცვლება.

გიორგი ცინცაძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ჩვენი პირველი ხუთეული - ბუ, მანუჩარ მარკოიშილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია.

გიორგი ცინცაძემ 4 წლის წინათ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებს ბელგიასთან 8 ქულა და 4 პასი აჩუქა. ეს იყო ბუს და ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე.

გიორგი ცინცაძე იყო ცსკა-ში, "ურალ გრეიტში", მოსკოვის "დინამოში", "ტარტუში", "ბუდიველნიკში". კიდევ რამდენიმე გუნდში იყო. გიორგი ყველგან თამაშობდა. და ქმნიდა.

გიორგი ცინცაძე თამაშის დროს არ იძაბება.

გიორგი ცინცაძეს უყვარს ემანუელ ჯინობილი. ბუც ქართველი არგენტინელია.

გიორგი ცინცაძე ვიქტორ სანიკიძესთან და ლევან ფაცაციასთან ძმაკაცობს. თამაშის დროსაც.

გიორგი ცინცაძეს მოსწონს Gucci. კარგი კომბინაცია, ბუ და Gucci.

ეს არის ბლიც-ინტერვიუ გიორგისთან.

- საქართველო ფერადი ქვეყანაა?
- თბილისი არ არის და საქართველო - კი. ბათუმი ყველაზე ფერადია.

- ერთ წინადადებაში შეაჯამე ბოლო სეზონი?
- შსს ჩემპიონია და უძლიერესმა გაიმარჯვა.

- რატომ ესწრება ასე ცოტა გულშემატკივარი სუპერლიგას?
- იმიტომ, რომ სუპერლიგის PR ძალიან ცუდად მუშაობს.

- სუპერლიგის დროს თითქოს ცოტა მოწყენილი თამაშობდი...
- შეიძლება, ეს განწყობა ჩემპიონატმა გამოიწვია. დიდი პაუზებით ვთამაშობდით. თვეში ერთხელ თამაში ცოტაა. პლეი ოფში ცოტა სხვა განწყობა წამოვიდა. იქ უფრო მეტი თამაში იყო. კალათბურთი მენატრებოდა, ძალიან ცოტას ვთამაშობდით.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პერსპექტივა?
- მინიმუმ, ჯგუფიდან გასვლა. ნუ, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი უნდა იყოს.

- შემდეგ სეზონში სად ითამაშებ?
- ჯერ ამაზე საუბარი არავისთან არ მქონია. ცოტა ადრეა.

- რამდენად შეუცვლელია ნაკრებისთვის მანუჩარ მარკოიშვილი?
- მანუჩარი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და შესაბამისად, შეუცვლელია. და არა მარტო მანუ. 4-5 შეუცვლელი მოთამაშე გვყავს.

- კოტე ტუღუში მშვიდი მწვრთნელია?
- კი. ეპიზოდებში მინდებოდა, რომ კოტე ცოტა უფრო აგრესიული ყოფილიყო.

- შენი ოჯახის წევრები თამაშებზე სულ დადიან?
- კი, ყოველთვის. ნუ, იქ გააჩნია, ბავშვი რამდენად აყურებინებს.

- სუპერლიგა გაუმჯობესდა?
- არა. არ შეიძლება იმ ლიგის განვითარებაზე საუბარი, რომელსაც მხოლოდ 1 დარბაზი აქვს. რომელსაც მხოლოდ 6 მსაჯი ჰყავს. და ამ მსაჯებს არაფერზე პასუხი არ მოეთხოვება. მსაჯებში კონკურენცია არ არსებობს.

- საქართველოში იციან გულშემატკივრობა?
- აი, ზუსტად ეგ იციან, გულშემატკივრობა. არ გვყავს ფანები, როგორც საბერძნეთში, სერბეთში. ჩვენთან მხოლოდ გულშემატკივრობენ.

- სუპერლიგის საუკეთესო ნაკრები ევროჩელენჯზე გაქაჩავს?
- კი, სწორი მწვრთნელით გაქაჩავს. საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, რომელმაც ელემენტარულის გაკეთება არ იცის. მათ ამას არ ასწავლიან. მწვრთნელებმა ეს არ იციან. ბავშვებს არ აქვთ გავლილი ფუნდამენტალური მომენტები. არის ბევრი ბავშვი, ვისაც დიდი კალათბურთის თამაში შეუძლია.

- NIKE თუ ADIDAS?

- ყველგან და ყოველთვის NIKE.

- ამ სეზონში სუპერლიგის შენი პირველი ხუთეული?
- ბექა წივწივაძე, გოგა ცეკვავა, ბესიკ ლეჟავა, ნიკა მეტრეველი, აბდულაი ნდოე.

- ბოლოს რა ფილმი ნახე?
- "სან ანდრეასი".

- ბოლო პლეი ოფში, "სოხუმთან" სერიაში რა პრობლემები გქონდათ?
- შსს-ს პრობლემა იყო შსს. ვერ დავაფასეთ მოწინააღმდეგე და გაგვიმართლა, რომ სერია არ წავაგეთ.

"სოხუმმა" იბრძოლა, ძალიან კარგი იყო, მაგრამ სერიის დაძაბვა მაინც უფრო ჩვენი უყურადღებო თამაშის გამო მოხდა. 3:2 მოვიგეთ, გაგვიმართლა და მერე უკვე მოვუმატეთ.

- კალათბურთით არ იღლები?
- თუ კონკრეტულ მომენტში ამით სიამოვნებას ვიღებ, არ ვიღლები.

- სუპერლიგის პირველი ლიგის თამაშებს ესწრებოდი?
- არა, სამწუხაროდ, მხოლოდ 1 თამაშს დავესწარი. "კაქტუსი" "არენას" ხვდებოდა. რამდენიმე კარგი მოთამაშე პირველ ლიგაშიც იყო. მომეწონა დათო როგავა, ძალიან მონდომებული იყო.

- საერთოდ, საჭიროა პირველი ლიგა?
- ზოგადად, საჭიროა, მაგრამ დასახვეწია. ისე კი აუცილებელია. კალათბურთის განვითარებისთვის ეს კარგია.

- კარგად ცეკვავ?
- ვერა და ძაან მაგრად მინდა, რომ კარგად ვცეკვავდე.

- სად გიყვარს დასვენება?
- ზღვაზე. ბუნგალო, საზაფხულო კოქტეილი...

- შაკი თუ ტიმ დანკანი?
- არც შევადარებ. რა თქმა უნდა, ტიმ დანკანი.

- ლებრონი კიდევ მოუმატებს?
- არა მგონია, ამაზე ბევრად გაუმჯობესდეს. შეიძლება უკეთესი სტატისტიკა ჰქონდეს, მაგრამ ხარისხით - არა მგონია. მეტი სადღა?

- უნდა იყიდოს ცსკა-მ სპანულისი?
- "ოლიმპიაკოსმა" არ უნდა გაუშვას სპანულისი.

- ტანსაცმელში დიდ ფულს ხარჯავ?
- კი. ძირითადად ბოტასებს ვყიდულობ. ფეხსაცმელი მხოლოდ Gucci.

- გახსოვს საკუთარი ქორწილის მომენტები?
- კი, მახსოვს. საქორწილო თაიგული დაიჭირა ვიქტორ სანიკიძემ. ჯერ, უშედეგოდ.

- შენზე ბევრს ჭორაობენ?
- არა, მაგრამ რაღაცები გამიგია. მიკვირს, რატომ... არ ვთვლი, რომ ეს საინტერესოა.

- იოლად იღლები?
- არა, სხვათა შორის. არც ვარჯიშის დროს, არც თამაშზე. ფიზიკურად ყოველთვის კარგად ვიყავი მომზადებული.

- ყოფილხარ სტრიპტიზ-კლუბში?
- კი.

- ვის გულშემატკივრობ ფეხბურთში?
- "ბარსელონას".

ზურა თალაკვაძე
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული