ლეგენდა ვაზის ლერწზე - რას აღნიშნავს სიმბოლოები "ბორჯღალოსნების" კვართზე

AutoSharing Option
სარაგბო სამყაროში ეროვნული ნაკრების კვართი მორაგბისა თუ ქომაგისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენიათ ალბათ, რამოდენა ბედნიერება და პატივია მორაგბისთვის, ეროვნული სიმბოლიკით და ფერებით გაწყობილ კვართს რომ ჩაიცმევს გასახდელში, ან ეს სიმბოლიკა რაოდენ საკრალურია ქომაგისთვის.

მოგეხსენებათ, რაგბი უამრავი ტრადიციის, დაწერილი თუ დაუწერელი კანონებისა და ღირებულებათა თამაშია, რომელშიც სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

როგორც წესი, ქვეყნის სარაგბო ნაკრების სიმბოლიკა განსხვავადება ამავე ქვეყნის სხვა სპორტების ნაკრებების სიმბოლიკისგან - მაგალითად, ინგლისელთა წითელი ვარდი, არგენტინელთა პუმა, სამხრეთ აფრიკელთა ქურციკი, ახალ ზელანდიელთა გვიმრა და რა თქმა უნდა, ჩვენი ბორჯღალი.

ყოველ სიმბოლოს თავისი ისტორია და უნიკალური მნიშვნელობა აქვს, როგორც მაგალითად ბორჯღალი ძველი კავკასიური მზის სიმბოლოა, რომლის მბრუნავი ფრთები სიცოცხლის უსასრულობის აღმნიშვნელია.

Sportall.Ge

ბორჯღალის გარდა ჩვენი ნაკრების კვართს კიდევ ერთი სიმბოლო - ვაზის ლერწი ამშვენებს, რომელიც ზურგზეა ამოქარგული.

აღსანიშნავია, რომ კვართზე ვაზის ლერწს საქართველოს ყველა სარაგბო ნაკრები როდი ატარებს. ამის უფლება და პატივი მხოლოდ კაც "ბორჯღალოსნებს" აქვთ. ამ სიმბოლოს უკან დგას ლეგენდა, რომელიც მწერალმა და პუბლიცისტმა, ვეტერანმა მორაგბემ, ლევან ვასაძემ მოიპოვა:

ვაზისა და ღვინის სამშობლოში, საქართველოში, მეომრებს ოდითგანვე ულამაზესი მეომრული ტრადიცია ჰქონდათ, რომელიც ქართველების სულის გაუტეხელობასა და მათი კულტურის აღმატებულ სულიერებაზე მეტყველებს.

ქართველებს ხშირად უწევდათ და დღემდე უწევთ, საკუთარი ქვეყნისა, ტრადიციებისა, რწმენისა და წესის დაცვა სრულიად უთანასწორო და გმირულ ომებში. ხშირად ქართველი მეომრები სამშობლოს დასაცავად თავგანწირულ ომში წასულნი, ვაზის ლერწიან გუდას იკიდებდნენ ზურგზე, რადგან იცოდნენ, რომ ბრძოლაში დაცემის შემთხვევაში, თუ მათ ძმები ვერ დაასაფლავებდნენ, მაშინ მათი სხეული დედა სამშობლოს შეეზრდებოდა და მისით განაყოფიერებულ ნიადაგზე ნაჭრის გუდიდან კეთილი ვაზი გაიზრდებოდა.

მეომრებს სწამდათ, რომ მოოხრებულ და უპატრონო ბრძოლის ველზე, მრავალრიცხოვნებისა და არა მათი სიმამაცის გამო ცოცხლად დარჩენილი მტრის ნაწილი ვერა ხვდებოდა, რომ ზურგს უკან სიკვდილის ველს კი არა მშვენიერ ვენახსა სტოვებდა, რომელიც ქვრივებ-ობლებს სამი წლის მერე ნიშანს მისცემდა და მეომრის ხმით უჩურჩულებდა, აქა ვართო, არსად წავსულვართო, ისევ ვბრუნდებითო. და კიდევ ერთი წლის მერე მოსავალს მისცემდა ვენახი. იმ რთველში, უკვე მომაგრებული ბიჭი მუშაობისას მამის მარჯვენას გაიხსენებდა, ჩვილობისას პირდაღებული რომ შესცქეროდა ქვემოდან, მისნაირად აღიღინდებოდა და გამზრდელ დედას მადლიერი ეტყოდა:

"შენ ხარ ვენახი,ახლად აყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემში დანერგული,
ალვა სუნნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკონ, ვერვინა გჯობს ქებული
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული."

ვენახიც კეთილად და მადლიერებით შეისმენდა თავისი ერთხორცი შვილის ამ გალობას და სიმშვიდეს აჩუქებდა მას, რომელი სიმშვიდითაც თავად შეჰყოლია ბრძოლაში მამამისს ზურგზე აკიდებული, რადგან იცოდა, რომ ლომგულის ზურგს ვერც მტერი ნახავდა და ვერც ჭრილობა და, რომ მისი დაცემის შემთხვევაში ვაზი უვნებელი დაუბრუნდებოდა მიწას, რათა მეომრის სიკეთე გაეცოცხლებინა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
*მე მიყვარს საქართველო!!!*
0
რა მაგარი წარსული გვაქვს ქართველებს და ახლა რანი ვართ რა მოგვდის დალიან მენანება ჩვენი წინაპრები ამისთვის მოიტანეს საქართველო აქამდე რომ ახლა ასე დაჩაჩანაკებული იყოს ?საწყლები ახლა რომ გააცოცხლა თვითონ დაიხოცავდნენ თავს ჩვენი შემხედვარე
marina
11:57 25-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული