ფიდერის ანკესებს აწარმოებს სათევზაო აღჭურვილობის პრაქტიკულად ყველა ცნობილი მწარმოებელი ფირმა. როგორც წესი, ფიდერის ანკესი შტეკერული ტიპისაა ანუ შედეგბა სამი ერთმანეთში ჩასასმელი მუხლისაგან და დამატებით აღჭურვილია სამი მოსახსნელი წვეროთი – ქვივერტიპებით, რომლებიც თავის მხრივ წარმოადგენენ თევზის კენკვის სიგნალიზატორებს.

1

ფიდერის ანკესი – შტეკერული ტიპის, მოსახსნელი წვეროებით.

იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს გასაშლელი ტიპის ტელესკოპური ფიდერული ანკესი, მაგრამ სუსტი მექანიკური სიმტკიცის გამო ისინი არ არის რეკომენდირებული ფიდერით თევზაობისთვის.
ისევე, როგორც ნებისმიერი სათევზაო სტილის ანკესები, ფიდერის ანკესებიც ხასიათდება მთელი რიგი მნიშვნელოვანი პარამეტრებით, რომელთა გათვალისწინებითაც განისაზღვრება მათი გამოყენების სფერო.

ფიდერის ჯოხების პარამეტრებია:

  1. სიგრძე
  2. წყობა
  3. ტესტი

ჩვენ ცალკეულად განვიხილავთ ყველა აღნიშნულ პარამეტრს, რათა დაინტერესებულმა მეთევზემ ფიდერის ანკესის შეძენისას ადვილად მიიღოს სწორი არჩევანი, რადგან დღეს ბაზარზე ფიდერის ჯოხების უამრავინაირსახეობაა წარმოდგენილი.

პარამეტრი 1 – ანკესის სიგრძე

ფიდერის ანკესების სიგრძე 3,6 მეტრიდან 4,5 მეტრამდე მერყეობს. ყველაზე გავრცელებულია 3,6–3,9 მ სიგრძის ანკესები. მათი დახმარებით სატყუარას ტყორცნა უკვე საკმაოდ დიდ მანძილზეა შესაძლებელი. გარდა ამისა, თუ ვთევზაობთ ქვიან ფსკერზე, სადაც დიდია საკვებურას ქვაზე წამოდების რისკი, ანკესის ეს სიგრძე სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ერთი მოქნევით ადვილად წამოვწიოთ მონტაჟი ფსკერიდან და გადავარჩინოთ საკვებურა ჩაწყვეტისგან, რაც უფრო მოკლე ჯოხების დახმარებით ნაკლებად შესაძლებელია.

2

ფიდერის ჯოხის სტანდარტული განლაგება მდგარ წყალსატევებზე ან სუსტი დინების მქონე მდინარეებზე – ნაპირის პარალელურად.

მაშ აბა რისთვისაა საჭირო 4 მეტრზე გრძელი ჯოხები? უპირველესყოვლისა მათი საშუალებით შესაძლებელია ექსტრემალურად შორი ტყორცნების წარმოება, ანუ ამ ტიპის ჯოხებით თევზაობენ დიდ წყალსატევებზე, სადაც ხშირად შორ მანძილზე ტყორცნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გარდა ამისა, გრძელი ჯოხები ძალიან ეფექტურია ძლიერ დინებაზე თევზაობისთვის. ეს გამოწვეულია იმით, რომ წყლის ძლიერი ნაკადის პირობებში ძუა განიცდის დიდ ზეწოლას, კარგავს სწორხაზოვან მიმართულებას, რის შედეგადაც მეთევზე კარგავს კონტროლს სატყუარაზე და საკვებურაზე. ამ არასასურველი მოვლენის თავიდან ასარიდებლად მდინარეზე თევზაობისას ფიდერის ანკესებს განათავსებენ ვერტიკალურად, რათა წყალში ძუის მინიმალური გიგრძე იყოს ჩაძირული. შესაბამისად, რაც უფრო გრძელი იქნება ანკესი, მით უფრო გაიზრდება ძუის წყალში ჩაშვების კუთხე და გაიოლდება სათევზაო მონტაჟის კონტროლი. აღსანიშნავია, რომ ძლიერ ქარში ამ ილეთის გამოყენება ცოტა გართულდება, მაგრამ მონტაჟის წონის გაზრდით და ძუის დაჭიმვის ხარისხის გაძლიერებით ეს პრობლემაც დასაძლევი ხდება.

3

 ფიდერის ჯოხის განლაგება ძლიერი დინების მქონე მდინარეებზე – ვერტიკალურად.

დამწყები ფიდერით მოთევზავეებისთვის ჩვენი რეკომენდაცია იქნება შეიძინონ საშუალო, მაგალითად 3,6 მეტრი სიგრძის ფიდერის ჯოხი, რადგან ამ ჯოხით თქვენ უფრო ადვილად აითვისებთ ფიდერით თევზაობის ტექნიკას და საქართველოს უმეტეს წყალსაცავებზე შეძლებთ ოპტიმალურ დისტანციაზე ტყორცნას.
გამოშვებულია ფიდერის ჯოხები, რომელთა სიგრძეც შეგვიძლია შევცვალოთ სპეციალური დამატებითი მუხლის საშუალებით. ასეთი ჯოხია მაგალითად, იტალიური ფირმა Milo-ს მიერ გამოშვებული ფიდერის ანკესი Magnum Feeder. მის კომპლექტაციაში შედის 60 სანტიმეტრიანი დამატებითი მუხლი, რომლის დახმარებით მეთევზეს აქვს პრაქტიკულად ორი ანკესი – ერთი 3,6 მეტრიანი, და მეორე 4,5 მეტრი სიგრძის (დამატებით მუხლთან ერთად). საკმაოდ მოხერხებული მიგნებაა, თუმცა ფიდერის წყობა დამატებითი მუხლის დაყენების შემდეგ ცოტაოდენ იცვლება.
თუ რას ნიშნავს ფიდერის ანკესის წყობა და რა მნიშვნელობა ენიჭება ამ პარამეტრს თევზაობისას, მოგითხრობთ შემდეგ სტატიაში.

სტატიის ავტორი თენგო ბინიაშვილი

Share