რადიკალურად განსხვავებულები იყვნენ: მომავალი მწერალი ტემპერამენტული და იდუმალი, მეაფთიაქის ქალიშვილი კი — ჰარმონიული და მშვიდი.
ისინი წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს და პატარა მეჩემ (ასე ეძახდა მერსედესს გაბრიელი) თავბრუ დაახვია მას. ბიჭმა გოგო ჩიტს მიამსგავსა — ელეგანტურსა და დახვეწილს. იმ საღამოს ჩასახული სიყვარული მხოლოდ 13 წლის შემდეგ დაგვირგვინდა ქორწინებით.
მანამდე კი მერსედესსა და გაბრიელს, შეიძლება ითქვას, ეპისტოლარული რომანი ჰქონდათ — ერთმანეთს წერილებით ეცნობოდნენ, მომავალს გეგმავდნენ, გრძნობებში უტყდებოდნენ…
შესაძლოა, სწორედ ამგვარმა ურთიერთობამ შეუწყო ხელი წყვილს, ღრმად გაეცნოთ, ძირისძირობამდე შეესწავლათ ერთმანეთის ხასიათები და მერე მთელი ცხოვრება ერთ ოჯახად გაეტარებინათ. ვინ იცის, იქნებ მართლა ესეც იყო მიზეზი. ყოველ შემთხვევაში, თავად მარკესი წერდა, მე და მერსედესს ერთხელაც არ მოგვცემია კამათის საბაბიო.
ქორწინებამდე მეჩე მშობლებს ხუთი დისა და ძმის გაზრდაში ეხმარებოდა და მოთმინებით ელოდა, როდის აღასრულებდა გაბრიელი დანაპირებს და როდის დაიწერდნენ ჯვარს. მარკესი კი ამ დროს კოლუმბიელ როსკიპებთან ეძლეოდა თავდავიწყებას, რომლებსაც მეგობრებად მიიჩნევდა და ამბობდა, მარტოობას ისინი მილამაზებენ, ეს ჩემი ხსნააო.
გაბრიელზე უამრავი ჭორი დადიოდა და ამ ხმებმა მერსედესის ყურამდეც მიაღწია: ოტელების ხშირი სტუმარიაო, იურიდიული ფაკულტეტი მიატოვაო, ვიღაც ესპანელ აქტრისას აეკიდაო…
მაგრამ მეჩე ყურადღებას არ აქცევდა ხალხის ყაყანს. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმროს იმჟამინდელ ცხოვრების წესს, მთავარი ის იყო, რომ მარკესს მისთვის წერილების წერა არ შეუწყვეტია; გულშიჩამწვდომი წერილებისა, რომლებითაც ის მეჩეს ერთგვარ აღსარებას ეუბნებოდა — განცდებსა და გრძნობებს უზიარებდა. სწერდა, რომ პირველი, რასაც დილით თვალის გახელისთანავე ხედავდა — ეს მერსედესის ფოტო იყო, რომელიც საწოლის თავთან ეკიდა…
დადგა ჯვრისწერის დღეც. მერსედესს ეკლესიაში მისვლა დააგვიანდა. გაბრიელი პანიკამ მოიცვა. მას უკვე გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ერთადერთი ქალი, რომელთან შეუღლებაც სურდა — ეს მისი მეჩე იყო. კაცმა ეს იმ მომენტში გაიაზრა ყველაზე მძაფრად, რადგან მოეჩვენა, რომ მერსედესი ჯვრისწერაზე მისვლას არ აპირებდა.
მაგრამ მერსედესს უბრალოდ დააგვიანდა. წყვილი დაქორწინდა.
კარაკასში პაწაწა ბინა იქირავეს, რომელშიც თითქმის არ იყო ავეჯი. მერსედესს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა გაძღოლოდა ოჯახს. უფრო მეტიც, სადილის მომზადებაც კი არ იცოდა.
კულინარიულ თუ სხვა სამეურნეო სიბრძნეებს ის გაბრიელმა აზიარა. ქალმა ყველაფერი სწრაფად აითვისა და ძალიან მალე შეუცვლელი გახდა ქმრისთვის — როგორც ცოლი, როგორც მეგობარი, როგორც მდივანი და როგორც დიასახლისი.
ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ, თითქმის დუხჭირად. მერსედესი თავისთვის ყველაფერზე ეკონომიას აკეთებდა, ოღონდ მის გაბოს არაფერი მოკლებოდა, ანუ ყველა პირობა ჰქონოდა სამუშაოდ: თბილი ოთახი, სიგარეტი და ფურცლები.
მერე გაბრიელ მარკესი კომუნისტური იდეებით გაიჟღინთა და ერთგული თანამეცხედრე კვლავ უსიტყვოდ დაუდგა გვერდში.
მერე მარკესმა სამსახური მიატოვა (გაზეთ „ელ ესპექტადორში“ მუშაობდა საკუთარ კორესპონდენტად), რათა რომან „მარტოობის ას წელზე“ ემუშავა. და ოჯახის მთელი ტვირთი მერსედესს დააწვა მხრებზე. ახლა უკვე მას უწევდა მაღაზიებში ხვეწნა-მუდარაც, რომ პროდუქტი ნისიად გაეტანებინათ, და სახლის მეპატრონესთან ქირის გადავადებაზე მოლაპარაკებებიც…
მერე მარკესმა რომანზე მუშაობა დაასრულა, მაგრამ ხელნაწერის გამომცემელთან გასაგზავნად ფული არ ჰქონდათ. მერსედესმა პირად ნივთებს, თმის ფენსა და მიქსერს დაავლო ხელი და ლომბარდში გაიქცა სიტყვებით:
„ღმერთმა არ ქნას, რომანი ცუდი გამოდგეს!“
მერე „მარტოობის ასმა წელმა“ დღის სინათლე იხილა და მარკესი ცნობილ მწერლად აქცია. იმ დღიდან მისი ნებისმიერი ნაწარმოები ნამდვილ ფურორს ახდენდა და გაბრიელ გარსია მარკესის სახელი სულ უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობდა.
დიდების ზენიტში მყოფ მარკესს ერთი წამითაც არ დავიწყებია, ვინ იყო მისი უტყვი და თავმდაბალი „თანაავტორი“, რომ მისი სახელ-დიდებაც და კაცობრიობისთვის ნაჩუქარი შედევრებიც სწორედ ერთგული თანამეცხედრის, მერსედეს ბარჩის დამსახურება იყო, რომ სწორედ ამ არაჩვეულებრივი ქალისთვის უნდა შეეწირა მადლობა ყველაფრისთვის, რასაც მიაღწია. და ისიც ყველა ნაწარმოებს მერსედესს უძღვნიდა.
1982 წელს, როდესაც მარკესი სტოკჰოლმში გაემგზავრა ნობელის პრემიის მისაღებად, რაღა თქმა უნდა, მეუღლე თან იახლა. მერსედესი მის გვერდით იყო ყველა ხალხმრავალ და ჟურნალისტებით „დახუნძლულ“ ღონისძიებასა თუ წვეულებაზე, მაგრამ ერთადერთი ინტერვიუ მისცა; იმაშიც ისევ მეუღლეზე ილაპარაკა, თქვა, უზომოდ მადლიერი ვარ მისი, რომ სიტყვას არ უღალატა – რომ გაიზრდები ცოლად შეგირთავო…
სიცოცხლის ბოლო წლებში მარკესს ალცჰეიმერის დაავადება დაემართა და ვერავის სცნობდა — ვერც შვილებს და ვერც ძმას. ერთადერთი, ვინც არასდროს დავიწყებია — ეს მისთვის თავგადადებული, უზომოდ შეყვარებული მერსედესი იყო…