რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის შესახებ: დავით თელიას რეკომენდაციები

© Fotolia / Djoronimoალერგია
ალერგია - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2023
გამოწერა
ალერგიის ძირითადი ნიშნებია – ქავილი, შეშუპება, სუნთქვის გაძნელება.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. ალერგია ორგანიზმის იმუნური სისტემის რეაქციაა შიდა და გარეშე გამღიზიანებლებზე, რომლებიც გარემოში ძალიან ბევრია, მათი გამოვლენა კი ზოგჯერ საკმაოდ რთული.
პროფესორმა, ალერგოლოგმა დავით თელიამ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა, რატომ მოითხოვს ალერგია განსაკუთრებულ ყურადღებას, ასევე საახალწლო სუფრების შემდგომ პერიოდში მისი გამოვლენის ფორმები ჩამოთვალა.
პროფესორმა ისაუბრა სამ ტერმინზე – ატოპია, გაზრდილი მგრძნობელობა და ალერგია.
ატოპია არის ორგანიზმის არანორმალური რეაქცია ალერგენებზე, რომლებიც გარემოშია გავრცელებული. პროფესორის თქმით, ატოპიისას ადამიანის იმუნური სისტემა მზადაა იმისთვის, რათა ალერგიული ანტისხეულები გამოიმუშაოს. მაგრამ ატოპიის მქონე პაციენტებს შეიძლება არც ჰქონდეთ არავითარი ნიშნები და სიმპტომები, შესაბამისი ანტისხეულების არსებობის შემთხვევაშიც კი.
გაზრდილი მგრძნობელობისას იმუნური სისტემა გამოყოფს ანტისხეულებს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ადამიანს შეიძლება არც ჰქონდეს არანაირი სიმპტომები და კლინიკური გამოვლინებები. მაგალითად, მსოფლიოს მოსახლეობის 60%-ს ეს მარკერი გაზრდილი აქვს, თუმცა მათ ალერგიის არავითარი ნიშანი არა აქვთ, აღნიშნა ექიმმა.
ალერგიად ითვლება ანტისხეულების სიმრავლე და კლინიკურად გამოხატული სიმპტომები. ალერგიის დროს შეიძლება დაზიანდეს ორგანიზმის რამდენიმე სისტემა, ხაზი გაუსვა თელიამ. მათგან ყველაზე მძიმე და საშიში - ანაფილაქსიაა, როდესაც ზიანდება თითქმის ყველა სისტემა, მათ შორის, საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა.
ალერგიულ რეაქციას იწვევს ის ალერგენები, რომლებთანაც ადამიანს მუდმივი კონტაქტი აქვს, მათ შორის – საკვები და სასმელი. თელიამ განმარტა, რომ ალერგიას და კვებით აუტანლობას ძალიან მსგავსი სიმპტომები აქვთ და იოლია მათი არევა, თუმცა არსებობს კლინიკური სიმპტომები, რომლებითაც ერთიმეორისგან გარჩევა არის შესაძლებელი.
კვებითი აუტანლობისას დოზირებას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ალერგიისას კი საკვების, მედიკამენტების ან სხვა ალერგენების მცირე დოზამაც შეიძლება გამოიწვიოს რეაქცია.
კვებითი აუტანლობისას ზიანდება მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემა, ალერგიის დროს კი ორგანიზმის სხვა სისტემებიც.

ალერგია: სიმპტომები და მიზეზები

ალერგიის ძირითადი სიმპტომებია ჭინჭრის ციება, ტუჩებისა და თვალების შეშუპება, ქავილი, მათ შორის, პირის ღრუს ქავილი, სუნთქვის გაძნელება.
საკვები ალერგენების ე.წ. „დიდ რვიანში“ შედის: ძროხის რძე, ქათმის კვერცხი, არაქისი, კაკლოვანები, თევზი, ზღვის პროდუქტები, ხორბალი და სოია.
ადამიანების 25-30%-ს, ვისაც სეზონური ალერგია აწუხებს, პრობლემები უჩნდება ბოსტნეულისა და ხილის გამო. ეს ადამიანები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ საკვები პროდუქტების შერჩევისას.
მაგალითად, სიფრთხილით უნდა მიირთვან ვაშლი, ატამი, თხილი, კაკალი. ალვის ხეზე ალერგიის შემთხვევაში ჯობს თავის შეკავება ხორბლის, სიმინდის, ქერისა და პომიდვრისგან. მარცვლეულზე ალერგიის შემთხვევაში უმჯობესია ადამიანმა უარი თქვას კივიზე.
ამბროზიის მიმართ ალერგიულმა ადამიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ლატექსთან – ეს არის წებოვანი ლენტი, რეზინის ხელთათმანები, ამ მასალის შემცველი ნებისმიერი სხვა პროდუქტი.
სწრაფი ალერგიული რეაქცია ვლინდება, როგორც წესი, რამდენიმე საათში, ხოლო უფრო ხანგრძლივი რეაქცია – 24-48 საათის შემდეგ.

ალკოჰოლი და ალერგია

თელიას თქმით, სპირტიან სასმელს შარდმდენი ეფექტი აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ალკოჰოლის მიღებამდეც და შემდეგაც წყლის დალევა.
ალკოჰოლის მიღების შემდეგ აუცილებელია ორგანიზმის გათავისუფლება სხვადასხვა ტოქსინებისგან, მათ შორის ეთანოლისგან. ამას ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა, ამიტომ აუცილებელია სასარგებლო ბაქტერიების შემცველი პროდუქტის, მაგალითად, მაწვნის, მწვანილის, ბოსტნეულისა და ჩირის ჭამა.
ექიმები არ ურჩევენ მოქალაქეებს ნაბახუსევზე ალკოჰოლის გამოყენებას, მიუხედავად სიმპტომების სწრაფად შემსუბუქებისა.
ადამიანის ორგანიზმი თავად გამოყოფს ალკოჰოლს (0,01-0,03 მგ), ამიტომ ის არ უნდა იწვევდეს ალერგიულ რეაქციას, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ალკოჰოლი მცირე დოზითაც კი იწვევს სიწითლეს, თავბრუსხვევას და ღებინების შეგრძნებას.
თელიას განმარტებით, ალერგია ალკოჰოლზე შეიძლება გამოიწვიოს არა ეთანოლმა, არამედ სხვადასხვა დანამატმა და ემულგატორმა, რომელიც სპირტიან სასმელებში გვხვდება. საკმაოდ ალერგიულად ითვლება კასრის ღვინო.
ყველა ახალი ამბავი
0