წარბები და ჯანმრთელობა: სამი ცვლილება, რომლებიც მძიმე დაავადებებზე მეტყველებს

© Pixabay / StockSnap
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2023
გამოწერა
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. ძველი ჩინური გამონათქვამის თანახმად, რაც უფრო გრძელია წარბები, მით უფრო დღეგრძელი იქნება ადამიანი. ანუ წარბები სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთგვარ მაჩვენებლად მიიჩნევა.
გარდა ამისა, არსებობს რწმენა, რომ თუ წარბები 50 წლის შემდეგაც იზრდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს გაუმართლა და დიდხანს იცოცხლებს.
მართლაც ასე თუ არა, ამის გარკვევას მეცნიერები შეეცადნენ.
მათი თქმით, როგორც წესი, ადამიანებს წარბების სიგრძე დროთა განმავლობაში უმნიშვნელოდ ეცვლებათ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ასაკის მატებასთან ერთად მათი სიგრძეც იმატებს.
საქმე ისაა, რომ ხანდაზმულებში მეტაბოლიზმი ნელდება და, შესაბამისად, წარბებიც, ნაცვლად 3-4 თვისა, უფრო გვიან ახლდება — ანუ ნელა ამოდის და ნაკლებად ცვივა. ამიტომ ისინი უფრო გრძელი ხდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მამაკაცებში — ესტროგენის მაღალი დონის გამო, რომელიც თმის ფოლიკულებზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს და წარბების ინტენსიურ ზრდას იწვევს.
რა თქმა უნდა, ეს ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს დღეგრძელობასთან, თუმცა წარბების მდგომარეობა ბევრ რამეს მეტყველებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
როგორც ჩინელი სპეციალისტები ამბობენ, არსებობს წარბების სამი ანომალიური ცვლილება, რომლებიც ზოგიერთი დაავადების სიგნალი შეიძლება იყოს. ამიტომ თუ ადამიანი მსგავს ცვლილებებს შენიშნავს, მიზეზის დასადგენად ექიმს უნდა მიმართოს.
ეს ცვლილებებია:

წარბების გათხელება

თუ ქალს წარბები უთხელდება და მათი ზრდის ზონაში სიმშრალე ჩნდება, ეს შეიძლება ქალური ჯანმრთელობის პრობლემებზე მიანიშნებდეს. ამიტომ საჭიროა გინეკოლოგიური გამოკვლევის დროულად ჩატარება.
რაც შეეხება მამაკაცებს, წარბების გათხელება შესაძლოა ნერვული სისტემის დაავადებებზე მიუთითებდეს.

წარბის დაწევა

წარბების მდებარეობა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია. მაგრამ თუ ერთმა წარბმა დაიწია და ჩვეულ მდგომარეობას აღარ დაუბრუნდა, აუცილებელია სახის ნერვის დამბლა გამორიცხოთ.
გარდა ამისა, ცალი წარბის დაწევა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მიასთენიამ (აუტოიმუნური ხასიათის ნერვულ-კუნთოვანი დაავადება, რომელსაც კუნთების პათოლოგიური სისუსტე და დაღლილობა ახასიათებს).

წარბების ცვენა

თუ წარბები უმიზეზოდ იწყებს ჭარბად ცვენას, განსაკუთრებით, გარე კიდეებიდან, ეს შეიძლება ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება), ან ჰიპოპიტუიტარიზმის (ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის დაქვეითება, ან მისი სრული მოშლა) ნიშანი იყოს.
გარდა ამისა, თმის ცვენა წარბების გარეთა ნაწილიდან ასევე შეიძლება მიანიშნებდეს:
კეთრის ადრეულ სტადიაზე,
ონკოლოგიურ დაავადებაზე,
სიფილისზე,
მძიმე ანემიაზე.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მსგავს ცვლილებებს იწვევს კიბოს საწინააღმდეგო ან ანტიმეტაბოლური ზოგი პრეპარატიც. ეს ამ მედიკამენტების გვერდითი ეფექტებია.

დაიცავით ზომიერება წარბების ამოქნისას

წარბები ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვან დამცავ ფუნქციას ასრულებს. შესაბამისად, თმის ჭარბი ამოქნა არა მხოლოდ აზიანებს მის ფოლიკულებს, რაც უარყოფითად მოქმედებს წარბის ზრდა-განახლების პროცესზე, არამედ ზრდის ფოლიკულებში ბაქტერიების შეღწევის რისკს. ამან შესაძლოა ფლეგმონაც (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება) კი გამოიწვიოს.
გარდა ამისა, წარბების ხშირი ამოქნა აზიანებს მიმდებარე კანსაც, რამაც შეიძლება ნაოჭების მატება და გაღრმავება გამოიწვიოს. უფრო მეტიც, შეიძლება წარმოიშვას თვალის კუნთების ატაქსია, რასაც ქუთუთოების გარშემო კანის მოდუნება და მათი დაწევა მოჰყვება.
ამიტომ, თუ წარბების ფორმის შეცვლა გსურთ, ჯობს პინცეტის ნაცვლად სპეციალური საპარსი გამოიყენოთ.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არ არის აუცილებელი, ზემოთ აღწერილი სამი მდგომარეობა ჯანმრთელობის პრობლემების პირდაპირი ნიშნები იყოს. ამიტომ მიზეზის დასადგენად ექიმს უნდა მიმართოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევაც ჩაიტაროთ.
წყარო: Weixin
ყველა ახალი ამბავი
0