უცხოელები საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.06.2023
გამოწერა
სუროგაციის საკითხი უნდა დარეგულირდეს, მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი.
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა სუროგაციის მეთოდზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს – ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

„ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საზღვარგარეთიდან მოდის რეკლამა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს სუროგატულ დედობას სთავაზობენ და, ამასთან, არაფერია ცნობილი ამ ბავშვების მომავლის შესახებ.
„ამას სჭირდება რეგულირება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, არის ქვეყნები, სადაც სუროგაცია საერთოდ აკრძალულია – იტალია, ლიეტუვა, გერმანია, და არის ქვეყნები, სადაც სუროგაცია ნაწილობრივ არის აკრძალული – ბელგია, კანადა, დანია, ახალი ზელანდია, ავსტრალია.
ღარიბაშვილის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში.
„იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას", – დასძინა პრემიერმა.
საქართველოში სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვების ზუსტი სტატისტიკა უცნობია, არაოფიციალური ინფორმაციით, მათი რაოდენობა 3 ათასს აღემატება.
არსებული ინფორმაციით, ბავშვის გაჩენა სუროგატი დედის მეშვეობით (კვლევებისა და მშობიარობის ჩათვლით) მთლიანად 25–30 ათასი დოლარი ჯდება. აქედან სუროგატი დედა 15 ათას დოლარს იღებს.
ყველა ახალი ამბავი
0