ფრაზები, რომლებსაც მაღალი ემოციური ინტელექტის ადამიანი არასდროს იტყვის

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2023
გამოწერა
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. აღელვების დროს ზოგ ადამიანს სჩვევია ისეთი სიტყვებისა და ფრაზების თქმა, რომლებიც შემდეგ შესაძლოა უადგილოდ და არასწორად მოეჩვენოს, მაგრამ ასეთი დაუფიქრებელი გამონათქვამები არ არის დამახასიათებელი მათთვის, ვისაც საშუალოზე მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ემოციურად ინტელექტუალური ადამიანები ყოველთვის უფიქრდებიან სათქმელს.
ემოციური ინტელექტი (Emotional Intelligence, EI) — ეს იმ უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანს როგორც საკუთარი, ისე ირგვლივ მყოფების ემოციების ამოცნობაში, განზრახვების, მოტივაციებისა და სურვილების გააზრებაში, ასევე ემოციების მართვაში ეხმარება.
როგორც ირკვევა, ემოციური ინტელექტი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ბიზნეს-წრეებში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ხელმძღვანელი პოსტები უკავია. საქმე ისაა, რომ ემოციურად ინტელექტუალურ შეფებს არასდროს ემართებათ ისტერიკა სამსახურში, არ ესხმიან თავს ხელქვეითებს და არ აყენებენ მათ შეურაცხყოფას.
ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2023
ნახეთ აკმაყოფილებთ თუ არა მოთხოვნებს: მაღალი ემოციური ინტელექტის ექვსი ძირითადი ნიშანი
ფსიქოლოგებმა რამდენიმე ფრაზა გამოყვეს, რომლებსაც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი არასდროს იტყვის.

„შენი ბრალია“

ასეც რომ იყოს და რაიმეში სხვას მიუძღოდეს ბრალი, საშუალოზე მაღალი EI-ს მქონე ადამიანი არასდროს დაადანაშაულებს და არ განსჯის მას. ის მხოლოდ გაგებას, დასკვნების გაკეთებასა და დახმარებას შეეცდება.
როდესაც ერთი ადამიანი მეორეს რამეში ადანაშაულებს, ამით აიძულებს მას, თავდაცვით პოზიციაზე გადავიდეს, რაც კონფლიქტს იწვევს. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი კი, პირიქით, ამცირებს ნეგატივის სიმძლავრეს და არ აიძულებს ადამიანს, თავი იმართლოს. უბრალოდ, დახმარებას სთავაზობს მას.

„არ მაინტერესებს“

ემოციურად მოწიფული ადამიანი ასეთ სიტყვებს არასდროს ეტყვის ადამიანს, მით უმეტეს, როცა საქმე სხვისთვის რაიმე მნიშვნელოვანს ეხება. ეს, გარდა იმისა, რომ აშკარა გულგრილობისა და, შეიძლება ითქვას, უგულობის გამოხატვაა, ასევე არის დაბალი ემოციური ინტელექტის ნიშანი.

„მართალი არ ხარ“

ასეთი სიტყვები ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც მათ სხვა ადამიანის პოზიციის რეალური გაგების გარეშე, ან მხოლოდ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად იყენებენ, თანაც ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.
მაღალი EI-ს მქონე ადამიანი საკუთარ მოსაზრებას სხვაგვარად გამოხატავს. ის უბრალოდ იტყვის: „ვაფასებ შენს აზრს, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ".

„ეს შენი პრობლემაა და არა ჩემი“

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანს თანაგრძნობისა და თანაგანცდის მძაფრი უნარი აქვს. ამიტომ ის არასდროს ეტყვის სხვას ასეთ ფრაზას, რაც ადამიანის მოსმენისა და გაგების სურვილის არქონაზე მიანიშნებს.

„შენი დახმარება არ მჭირდება“

მაღალი EI, გარდა იმისა, რომ საკუთარი სისუსტეების და არასრულყოფილების აღიარებას მოიაზრებს, ასევე ნიშნავს სხვისი დახმარების მიღების უნარსაც. საქმე ისაა, რომ დახმარების მიღება — სხვისთვის მხარდაჭერის საშუალებაცაა.
ქცევითი მედიცინის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სხვებისთვის დახმარების გაწევა აუმჯობესებს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხარისხს.

„ყველაფერი გააფუჭე“

საშუალოზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები არასდროს „დაანგრევენ“ სხვებს წარუმატებლობასა და ჩავარდნებზე საყვედურებით. პირიქით, ისინი მარცხგანცდილ ადამიანებს ფეხზე დადგომაში ეხმარებიან, ვინაიდან სჯერათ, რომ შეცდომის უფლება ყველას აქვს.

„ეს უსამართლობაა“

თუ მუდმივად ამბობთ, რომ უსამართლოდ გექცევიან, ე.ი. ემოციური ინტელექტი საშუალოზე დაბალი გაქვთ. საქმე ისაა, რომ ასეთი პოზიცია უმწიფრობისა და სისუსტის გამოვლინებაა. ასე ამბობს ადამიანი, რომელსაც არ სურს გაერკვეს გარემოებებში და დაშვებულ შეცდომებში და არ არის მზად, რომ წინ წავიდეს.
ყველა ახალი ამბავი
0