მოსაზრება: პუტინმა დასავლურ ჰეგემონიას დიაგნოზი დაუსვა

  - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2023
გამოწერა
პიოტრ აკოპოვი
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი ამჯერად სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ შეხვედრაში თითქმის ოთხი საათის განმავლობაში მონაწილეობდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მან შესავალ სიტყვაშივე თქვა.
არა, კითხვებზე მისი პასუხები უინტერესო ან ბანალური არ ყოფილა (მან რუსეთის სიდიადის ფორმულაც კი გამოიყვანა: სუვერენიტეტის გაძლიერება, თვითკმარობად გაგებული), უბრალოდ, თავშივე ჩამოაყალიბა არა მხოლოდ საკუთარი გაგება მიმდინარე საერთაშორისო ვითარების შესახებ, არამედ ასევე მომავლის ხედვაც — გლობალური მომავლისა.
პუტინმა თქვა, რომ უკრაინის კრიზისში საუბარი ტერიტორიულ კონფლიქტზე კი არ არის, არამედ ახალი მსოფლიო წესრიგის პრინციპებზე; და რომ ჩვენ ახალი სამყაროს აგების ამოცანის წინაშე ვდგავართ, რადგან მსოფლიო წესრიგის ცვლილება უკვე მიმდინარეობს და დრო თითქოს იკუმშება.
მტკიცე მშვიდობა კი მხოლოდ მაშინ დამყარდება, როცა „ვეღარავინ შეძლებს აიძულოს სხვები, იცხოვრონ ისე, როგორც ჰეგემონს სურს“. ანუ, პუტინი არა მხოლოდ ადასტურებს, რომ რუსეთი დასავლეთს მსოფლიო ჰეგემონიაზე პრეტენზიის გამო დაუპირისპირდა, არამედ დარწმუნებულიცაა, რომ ეს ჰეგემონია უკვე ნადგურდება და ბოლომდე განადგურდება. უფრო მეტიც, ნადგურდება სამი ფაქტორის გამო: თვით დასავლეთის არაშორსმჭვრეტელობისა და თავდაუჯერებულობის, მსოფლიო ცივილიზაციების დაბალანსებული, სამართლიანი მსოფლიო წესრიგის აგებისკენ სწრაფვისა და რუსეთის ძალისხმევების გამო.
ამ უკანასკნელზე პუტინს პრაქტიკულად არ უსაუბრია, აი, დასავლეთსა და მსოფლიო ცივილიზაციებზე კი კონკრეტულად ისაუბრა: „შეერთებულმა შტატებმა და მისმა თანამგზავრებმა მტკიცედ აიღეს კურსი ჰეგემონიისკენ — სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, მორალურ-ზნეობრივი და ღირებულებითი ჰეგემონიისკენ“.
როგორც პუტინმა აღნიშნა, „თავიდანვე ცხადი იყო, რომ მონოპოლიის დამყარების მცდელობები წარუმატებლობისთვის იყო განწირული“: „სამყარო ძალიან რთულია და მრავალფეროვანი იმისთვის, რომ ერთ სქემას დაექვემდებაროს“.
დიახ, ეს გვესმოდა რუსეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ისლამურ სამყაროში. თავად დასავლეთშიც ბევრი იყო ისეთი, ვინც მსოფლიო ბატონობის შესახებ პრეტენზიების უშედეგობასა და საშიშროებაზეც კი (თავად დასავლეთისთვის) ლაპარაკობდა. თუმცა იქ გაფრთხილებებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, მათ შორის, პუტინის გაფრთხილებებისთვის („ჩვენი არგუმენტები, შეგონებები, გონივრული მოწოდებები, წინადადებები უბრალოდ იგნორირებული იყო“). რატომ მოხდა ეს?
პუტინმა თავად დასვა შეკითხვა: „რა არის პრობლემა?" და უპასუხა: „როგორც ჩანს, პრობლემა გეოპოლიტიკური ინტერესები და სხვების მიმართ ამპარტავნული დამოკიდებულებაა. აი, ეს არის პრობლემა — თავდაჯერებულობა“.
მაგრამ თავდაჯერებულობა მხოლოდ ერთი მიზეზია. პუტინის გამოსვლაში ამ კითხვაზე უფრო ღრმა პასუხიცაა. აღნიშნა რა, რომ დასავლეთის უზარმაზარი ძალა საუკუნეების განმავლობაში გროვდებოდა კოლონიური პოლიტიკითა და კოლონიების ძარცვით, პუტინმა დაასკვნა:

„დასავლეთის ისტორია, არსებითად, გაუთავებელი ექსპანსიის ქრონიკაა. დასავლეთის გავლენა მსოფლიოში — ეს უზარმაზარი სამხედრო-ფინანსური პირამიდაა. მას მუდმივად სჭირდება ახალი საწვავი თავის შესანარჩუნებლად — ბუნებრივი, ტექნოლოგიური, სხვების კუთვნილი ადამიანური რესურსები. ამიტომ დასავლეთი უბრალოდ ვერ ჩერდება და არც აპირებდა ამის გაკეთებას“.

ეს არის კიდეც ამომწურავი პასუხი კითხვაზე, თუ რატომ აგრძელებს დასავლეთი ჰეგემონიისკენ სწრაფვას მაშინაც კი, როცა გარშემო სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ეს თავად მისთვისვე არაფერი კარგით არ დასრულდება. იმიტომ რომ დასავლეთი უბრალოდ ვერ ჩერდება, როგორც ის ველოსიპედისტი, რომელიც წინ დიდი სისწრაფით მიჰქრის.
თუ გაჩერდება, დაეცემა. მაგრამ დასავლეთის პრობლემა კიდევ ისაა, რომ მას მუხრუჭები არ აქვს. გაუფუჭდა თუ არა „ანგლოსაქსურ ჰეგემონიას“ ველოსიპედის მუხრუჭები, თუ ატლანტიკის ელიტებს უბრალოდ აღარ უნდათ (ან არ იციან) მათი გამოყენება, ეს სხვა საკითხია. მთავარია, რომ დანარჩენი მსოფლიო ხედავს: „დაუდევარი მრბოლელი“ დამუხრუჭებას არ აპირებს და დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში, რომ ყველა დანარჩენი იძულებული იქნება, მიჰყვეს მას, მიჰყვეს მის კურსს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ სურთ და თანაც მოახლოებული ხრამის შესახებაც აფრთხილებენ.
პრობლემა ის არის, რომ რბოლის დანარჩენ მონაწილეებს არ შეუძლიათ უბრალოდ შეჩერდნენ ან გადაუხვიონ ტრასიდან: ყველა ერთი ჯაჭვით არის გადაბმული, ხოლო ლიდერის (დასავლეთის) ერთიანი ძალა ისეთია, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია პირველი პოზიციის დაკავება. ამავდროულად დასავლეთი არანაირ მოლაპარაკებაზე არ მოდის — მისთვის ლიდერობაზე შესაძლო (და გარდაუვალი) უარის თქმაზე ფიქრიც კი მიუღებელია.
და სწორედ აქ იწყება ცივილიზაციური ფაქტორის გამოვლენა — დანარჩენი მსოფლიო ცივილიზაციების (რბოლის მონაწილეების) სურვილი და უნარი, შეთანხმდნენ ახალ მსოფლიო წესრიგზე (ანუ კოორდინირებულ მოქმედებებზე რბოლის წესებისა და მიმართულების შესაცვლელად).
აი ამაზე ლაპარაკობდა პუტინი „ვალდაიზე“, როდესაც თქვა, რომ რუსეთის, როგორც „თვითმყოფადი სახელმწიფო–ცივილიზაციის“ დახასიათება მარტო რუსეთის განვითარების გაგებას არ ასახავს: „ის შეიცავს მსოფლიო წესრიგის ძირითად პრინციპებს, რომელთა გამარჯვების იმედიც გვაქვს“.
პუტინის თქმით, მომავლის სამყარო არის მსოფლიო ცივილიზაციების მრავალფეროვნების სამყარო: „დარწმუნებული ვარ, რომ კაცობრიობა არ მიდის კონკურენტულ სეგმენტებად ფრაგმენტაციისკენ, ახალი ბლოკური დაპირისპირებისკენ, რითაც უნდა იყოს მოტივირებული ეს, არც ახალი გლობალიზაციის უსულო უნივერსალიზმისკენ. პირიქით, სამყარო მიდის სახელმწიფო–ცივილიზაციების, დიდი სივრცეების, გაერთიანებების სინერგიისკენ“.
ამავდროულად, ცივილიზაცია არ არის უნივერსალური კონსტრუქცია, რომელიც ყველასთვის შესაფერისია: ასე არ ხდება. თითოეული მათგანი განსხვავდება სხვებისგან, თითოეული კულტურულად თვითკმარია, თავისი იდეოლოგიური და ღირებულებითი პრინციპები საკუთარი ისტორიიდან და საკუთარი ტრადიციებიდან ამოაქვს. საკუთარი თავის პატივისცემა მომდინარეობს სხვების მიმართ პატივისცემიდან, მაგრამ ასევე ნიშნავს სხვებისგან პატივისცემას.
ამიტომ ცივილიზაცია არავის არაფერს არ ახვევს თავს, მაგრამ არც სხვას აძლევს უფლებას, მოახვიოს თავს რამე. თუ ყველა ზუსტად ამ წესს დაიცავს, ეს უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მონაწილის ჰარმონიულ თანაარსებობას და შემოქმედებით ურთიერთქმედებას“.
ფუჭი ოცნებებია, რადგან ცივილიზაციები ყოველთვის შეეჯიბრებიან ერთმანეთს? არა, რადგან პრობლემა არის არა კონკურენცია (ან თუნდაც მტრობა), არამედ ერთი ცივილიზაციის მცდელობა, მოახვიოს თავისი იდეა სხვას იმის შესახებ, თუ რა არის სწორი. თანაც დასავლეთი აღარ აწესებს საკუთარ, ევროპულ ცივილიზაციას ან თუნდაც მის ანგლოსაქსონურ ვერსიას — დასავლური ელიტის გლობალისტური ნაწილი ხელს უწყობს ტრანსჰუმანისტულ (ანუ პოსტადამიანურ) ღირებულებებს, ტრანსცივილიზაციას, რომელიც თანაბრად მტრულია აღმოსავლეთისთვისაც და დასავლეთისთვისაც.
და ამ დიქტატურის წინააღმდეგობა მხოლოდ იზრდება — სწორედ ამ ტენდენციის გაგება აძლევს პუტინს საფუძველს იმის სათქმელად, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო ხვდება, რომ „ცივილიზაციური საყრდენი არის აუცილებელი პირობა წარმატების მისაღწევად თანამედროვე მსოფლიოში, უწესრიგო, სამწუხაროდ, საშიშ და ორიენტირდაკარგულ მსოფლიოში“.
და რუსეთი სწორედ ამაზე დებს ფსონს — იმაზე, რომ მსოფლიო ცივილიზაციების მოყვავილე სირთულეს სურს და შეუძლია ერთმანეთთან შეთანხმება, თუ როგორ უნდა ააშენონ ახალი სამყარო, როგორ აირჩიონ ახალი გზა მომავლისკენ. ხრამისკენ მიმავალი გზის ნაცვლად, რომლისკენაც „პროგრესული კაცობრიობის ლიდერს“ ყველა რეალობის გრძნობადაკარგული მიჰყავს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0