რით განსხვავდება კაცებისა და ქალების მეგობრობა: პრინციპული თავისებურებები

© rawpixel.com / Felixმეგობრობა
მეგობრობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2023
გამოწერა
თბილისი, 23 ოქტომბერი − Sputnik. მეგობრობა ადამიანებს შორის ყველაზე ხშირად საერთო ინტერესების საფუძველზე ყალიბდება, თუმცა ეს ურთიერთობები მამაკაცებსა და ქალებში, როგორც წესი, განსხვავებულად ვითარდება, აცხადებენ ფსიქოლოგები.
მათი თქმით, მამაკაცების მეგობრობა საერთო გატაცებებსა და რაიმე ერთობლივ საქმიანობას ემყარება, ხოლო ქალებისა − პირად დამოკიდებულებებს.

თავისებურებები

მეგობარ ქალებს შორის ურთიერთობა ხშირად ძალიან ახლოა და ღრმად პირადი. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო, პირდაპირი კომუნიკაცია, როდესაც მეგობარს სახეში უყურებენ. ქალები უფრო ემოციურად ურთიერთობენ, მარტივად უზიარებენ ერთმანეთს აზრებსა და გრძნობებს, ამხნევებენ ერთმანეთს.
მამაკაცებისთვის უფრო მნიშვნელოვანია რაღაცის ერთად, „მხარდამხარ“ კეთება. მათი ურთიერთობა ემოციურად არც ისე „მჭიდროა“, ანუ გრძნობებს რთულად უზიარებენ ერთმანეთს. თუმცა ასეთ თემებზე ხშირად ესაუბრებიან ცოლებს, შეყვარებულებს, დებსა და იმ მეგობარ ქალებს, რომელთა მიმართაც წმინდა პლატონური დამოკიდებულება აქვთ.
ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები იშვიათად განიხილავენ მეგობრებთან ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს. ამასთან მამაკაცებს ერთმანეთთან ხშირი რეკვა არ სჩვევიათ. მამაკაცი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში არც შეხვდეს მეგობარს, მაგრამ მაინც ახლო ძმაკაცად მიაჩნდეს ის. რაც შეეხება ქალს, თუ მას დიდი ხნის განმავლობაში არ ექნება ურთიერთობა მეგობართან, დიდი ალბათობით, გადაწყვეტს, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და მეგობრობა დასრულდა.

ძირითადი განსხვავებები

მამაკაცები უფრო ხშირად რჩებიან მეგობრებად ჩხუბის ან კამათის შემდეგ, ქალები კი უფრო ხშირად ურთიერთობას წყვეტენ;
მამაკაცები ხშირად ემასხრებიან ერთმანეთს, ხუმრობით დასცინიან მეგობრებს და ეს უვნებელ გართობად მიაჩნიათ;
ქალები, როგორც წესი, ცდილობენ არ გაეხუმრონ მეგობრებს იმის შიშით, რომ უნებლიეთ გული არ ატკინონ მათ;
მამაკაცებს უყვართ დიდი „კაცური“ შეკრებები, ბევრნი უფრო მეტად მხიარულობენ ერთად. ქალებს კი ურჩევნიათ, სადმე მხოლოდ ერთ ან ორ კარგ მეგობართან ერთად წავიდნენ გასართობად და გულის გადასაყოლებლად.
ფსიქოლოგების თქმით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს თვისებები ყველა მამაკაცსა და ქალს ეხება − ეს უფრო ზოგადი ტენდენციებია, თუმცა საკმაოდ კარგად ასახავს იმ განსხვავებებს, რომლებიც ქალებსა და მამაკაცებს ახასიათებთ მეგობრობაში.
ყველა ახალი ამბავი
0