rchevebi samzareulos movlistvis

რჩევები სამზარეულოს მოვლისთვის

644
09.04.2023 22:24:35


სამზარეულო ბინაში ის ადგილია, სადაც თავს იყრის ყოველდღიური ჭურჭელი, საკვები და საკვების მომზადებისთვის აუცილებელი თუ მისი შენახვისთვის საჭირო ტექნიკა. ამიტომ, ეს ის წერტილია, რომელსაც განსაკუთრებით სჭირდება სისუფთავის დაცვა და შენარჩუნება. სამზარეულოს მოვლა არ არის მარტივი, რადგან მრავალფეროვან ნივთებთან და სხვადასხვანაირ ზედაპირებთან შეიძლება გვქონდეს საქმე, მაგრამ მისი დალაგება შედარებით გამარტივდება, თუკი არ მივცემთ საშუალებას ნადებს, რომ დიდხანს გაჩერდეს ზედაპირებზე და მალმალე გავწმენდთ. ასევე, მნიშვნელოვნად დავზოგავთ ძალებსა და დროს, თუ სხვადასხვა ხრიკებსაც მივმართავთ.

გაზქურის გასუფთავებისთვის სხვადასხვა საწმენდი საშუალებები არსებობს, თუმცა ცხიმების მოშორება ყველა ადამიანისთვის უსიამოვნო და დამღლელი საქმეა. გარდა იმისა, რომ დაბინძურებული გაზქურა ვიზუალურად უსიამოვნო სანახავია, ის წებოვანი ხდება და უამრავ ბაქტერიასაც იკრავს. ქიმიური საწმენდი საშუალებების მუდმივი გამოყენება, საბოლოო ჯამში გაზქურის ზედაპირსაც აზიანებს და დიდ ენერგიასაც საჭიროებს. ამას გარდა, საწმენდი საშუალებები არც თუ ისე იაფია, ხშირი წმენდის პრევენციისთვის ერთი გზა ზედაპირის დაბინძურებისგან დაცვაა, რასაც ალუმინის ფოლგის დახმარებით ახერხებენ. მთლიანი გაზქურის ზედაპირზე შეგიძლიათ გადააფაროთ ფოლგა, ამოჭრათ ის ცეცხლის ასანთებ ადგილებში და ზემოდან განათავსოთ რკინის სადგამი. ცხიმიანი სადილების მომზადებისას შხეფები სწორედ ფოლგაზე მოხვდება, გაზქურის ზედაპირი კი დაცულად შეინახება. იმ შემთხვევაში კი, თუ გარდაუვალია გაზქურის გაწმენდა, ხოლო ქიმიური საშუალებების გამოყენებისთვის თავის არიდება გსურთ, შეგიძლიათ ვაშლის ძმარი გამოიყენოთ საწმენდ საშუალებად ან ლიმონი და მარილი დაიხმაროთ ცხიმის მოშორებაში. გარდა ზედაპირისა, მნიშვნელოვანია გაიწმინდოს სწორედ ის რკინის სადგამებიც, რომელიც გაზქურის ზედა ნაწილზეა მოთავსებული. ვიდრე უშუალოდ წმენდას შეუდგებოდეთ, უმჯობესია წყალში გაზავებულ ჭურჭლის სარეცხ ქაფში მოათავსოთ მთელი ღამის განმავლობაში (დაახლოებით 12 საათით), შემდეგ კი გარეცხოთ. ჭუჭყის ეფექტურად მოშორებაში ასევე დაგეხმარებათ სოდაც, მცირე რაოდენობით წყალში გაზავებული (დასველებული) სოდა წაუსვით სადგამს და გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჯაგრისით კარგად გახეხეთ.

გაზქურის გარე ნაწილის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია ღუმელი, მით უმეტეს, რომ დახურული სივრცეა და მასში საკვები მზადდება. ეცადეთ, რომ ცხიმი და ნადები არ ჩაჯდეს ღუმელში და ამისთვის კერძის ყოველი მომზადების შემდეგ არა ქიმიური, არამედ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ხსნარით გაწმინდეთ, როგორიცაა მაგალითად, მარილის, სოდისა და წყლის ნაზავი. აღნიშნული ნაერთი მიმწვარ ადგილებს წაუსვით და ერთი ღამის მანძილზე გააჩერეთ, ხოლო შემდეგ ჯაგრისით გახეხეთ. მიმწვარი ცხიმებისა და ნამწვის მოშორება ასევე შეგიძლიათ ლაქების მოლბობით. ამისთვის ცეცხლგამძლე ჭურჭელში წყალი ჩაასხით და ღუმელში ადუღეთ. აორთქლებული წყალი ხელს შეუწყობს ნამწვის დალბობას და მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ წმენდის პროცესს, წმენდა კი შეგიძლიათ ძმრისა და სოდის ნარევის დახმარებით განახორციელოთ. მშრალი სოდა და მარილი არ გამოიყენოთ, რადგან მისი გრანულებით შეიძლება ღუმელის კარი ან გაზქურის ზედაპირი დაიკაწროს.

მაცივარში შენახულმა პროდუქტებმა შესაძლოა უსიამოვნო სუნი წარმოშვას მაცივარში. გარდა ამისა, ვინაიდან ი საკვებ პროდუქტებს ვინახავთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სისუფთავე დავიცვათ და თაროები ხშირად გავწმინდოთ. არ გააჩეროთ შიგნით ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტები, უსიამოვნო სუნის თავიდან ასარიდებლად სპეციალური სუნის მქონე პროდუქტები შეინახეთ თავსახურიან კონტეინერებში, სასიამოვნო სურნელისთვის კი შეინახეთ მაცივარში ციტრუსები ან ვანილი. განსაკუთრებით ყურადღებით გარეცხეთ ბოსტნეულის შესანახი მაცივრის უჯრები, ლაქების შემთხვევაში კი მის ამოყვანაში სოდის და კბილის პასტის შერეული მასა დაგეხმარებათ.

სამზარეულოს ნიჟარაში არ დატოვოთ დიდხანს გასარეცხი ჭურჭელი, რათა ჭურჭლის ზედაპირიდან უფროდაუფრო რთული მოსაშორებელი არ გახდეს ცხიმები. ნიჟარა შეგიძლიათ ქიმიური სპეციალური გამათეთრებელი ხსნარებით გახეხოთ. ჭურჭელი კი გარეცხეთ მოხმარების დასრულებიდან მალევე და ეცადეთ, რომ გარეთ შენახულ ჭურჭელზე ნათითურები და ლაქები არ დარჩეს. ასეთ დროს, თუ თეთრი ფერის ნადებს გაიკეთებს შუშის ჭიქები, სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ მის მოსაშორებლად. სამზარეულოდან ასევე, დროულად უნდა უზრუნველყოთ ნარჩენების გატანა, რათა თავიდან აიცილოთ პარაზიტების გაჩენა, რომლებიც დიდხანს დაყოვნებულ საკვების ნარჩენებში რჩებიან.


სტატიის ავტორია ნათია ხვადაგიანი

შეტყობინებები

Alternate Text
არააქტიური
Alternate Text

Alternate Text დიალოგის წაშლა

ნამდვილად გსურთ დიალოგის წაშლა?

Alternate Text დაბლოკვა

ნამდვილად გსურთ მომხმარებლის დაბლოკვა?

ნამდვილად გსურთ ბლოკის მოხსნა?

Alternate Text Alternate Text
დაბლოკილ მომხმარებელთან მიმოწერა შეუძლებელია
არააქტიურ განცხადებაზე მიმოწერის გაგრძელება შეუძლებელია
ფაილის მაქსიმალური ზომა: 10mb
შეგიძლიათ მხოლოდ 12 ფაილის გაგზავნა
Alternate Text

შეტყობინებები

Alternate Text
Alternate Text

აქტიური დიალოგი არ მოიძებნა