Category Archives: თავდაცვა და უშიშროება

რუსეთის ბირთვული მუქარა

აპრილი 29 2022

რაც უფრო გაუჭირდა რუსეთის არმიას უკრაინაში მით უფრო მოუმატა მოსკოვმა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას. ემუქრება დასავლეთს — პუტინი და მისი უახლესი წრე ირიბად, ხოლო რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები პირდაპირ. ეს უკანასკნელნი იმასაც ბედავენ რომ შეერთებული შტატების დაბომბვითაც იმუქრებიან. ამერიკის დაბომბვა დიდი სისულელეა რუსეთის სავსებით განადგურების გაუთვალისწინებლად. სამაგიეროდ რაც შეეხება ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებას ევროპაში ამის შესაძლებლობა მოსკოვს აქვს, დიდი ალბათობით ამას გააკეთებს კიდეც, მაგრამ რიგი გაუთვალისწინებელი გართულებების გამო შეიძლება ეს ნაბიჯიც მოსკოვისთვის კატასტროფული მარცხით დასრულდეს.

ყველაზე დიდი პრობლემა მოსკოვისთვის უკრაინის ომმა გამოავლინა: რუსული იარაღი ისე არ მოქმედებს როგორც რუსი პოლიტიკოსები ელოდნენ. კონვენციური ომის იარაღზეა საუბარი: ტანკებზე, რაკეტებზე, მძიმე არტილერიაზე, საზღვაო ფლოტის ხომალდებზე, სამხედრო ავიაციაზე და მისთ. ზოგიერთი იარაღი, მაგალითად ‘ტ’ ტანკების სერია, განსაკუთრებით 72 და 90, ძალიან ჩამორჩენილები არიან, სულ მცირე 30 წლით მაინც. სხვები, მაგალითად, ფრთოსანი რაკეტები ‘კალიბრი’ და ‘კლუბი,’ არ აღმოჩნდნენ ისე საიმედო და ზუსტი როგორ რეკლამასაც უკეთებდნენ. კიდევ სხვა, მძიმე არტილერია, ე.წ. გაუბიცები, ძალიან ჩამორჩებიან დასავლეთის ანალოგებს. რაც შეეხება სამხედრო ავიაციას, მისი ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტას რუსებმა ვერაფრით ვერ მოაბეს თავი, რის გამოც რუსეთის ავიაციამ ბრძოლა უკრაინის ცისთვის ვერ მოიგო.

აშკარაა, რომ რუსეთის ხელმძღვანელებს, როგორც იმ ქვეყანაში იტყვიან, სამხედროები და იარაღის დამამზადებლები ცხვირით დაატარებდნენ. პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით თუ ომს აპირებენ, უნდა იცოდნენ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი საკუთარი შეიარაღების შესახებ. უეჭველია პუტინი ასეთ დეტალებს მოიძიებდა, მაგრამ კორუფციაზე დამყარებულ სახელმწიფოში მას სამხედროებმა და იარაღის დამამზადებლებმა შეთანხმებულად მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს. ამის გამოა, რომ რუსეთი ახლაც ამზადებს სერიოზული დეფექტის მქონე ტ-72 ტანკს, რომელიც ჯერ კიდევ 1994 წელს ჩეჩნებთან ომში აღმოჩნდა გამოუსადეგარი. ჩეჩნები მაშინ ძველი საბჭოთა ანტისატანკო იარაღით იბრძოდნენ, ხოლო თანამედროვე დასავლეთის ანტისატანკო იარაღთან მიმართებაში ‘ტ’ ტანკს გადარჩენის შანსი არა აქვს. ამავე დროს, რუსეთს აქვს თანამედროვე ტანკი, ‘არმატა,’ მაგრამ მისი სერიული წარმოებისთვის სახსრები არ ჰყოფნის. ახლა სანქციების გამო ‘არმატასაც’ ვერ დაამზადებენ და გამოდის რომ უკრაინის ომის შემდეგ რუსეთი უიმედოდ ჩამორჩენილი ტანკების შემცირებული მარაგით დაკმაყოფილდება.

მეორე მაგალითია რუსეთის თანამედროვე ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც სავარაუდოდ უნდა აღემატებოდნენ დასავლეთის ქვეყნების ანალოგებს. ზოგადად ასეთი რაკეტები გაშვების შემდეგ უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც ინსტრუქციაში უწერიათ. ამ დროს, უკრაინის ომის პირობებში ‘კალიბრების’ დიდი ნაწილი ან საერთოდ ვერ გაუშვეს, ან გაშვებიდან მალევე ჩამოვარდა, ან სხვა მიმართულებით გაფრინდა ან კიდევ მიმართულება სწორი ჰქონდა მაგრამ მიზანს მნიშვნელოვნად აცდა. ნაწილმა კი იმუშავა ისე, როგორც უნდა ემუშავა, მაგრამ ნაწილის ჩაფლავება მაინც დიდი პრობლემაა თუ მოსკოვი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებს, რამეთუ სწორედ ამ რაკეტებმა უნდა მიიტანონ დანიშნულების ადგილზე ბირთვული ასაფეთქებელი მუხტი. თუ მათ არასწორი მიმართულებით დაიწყეს ფრენა ან მიზანს მნიშვნელოვნად აცდნენ, ადვილი შესაძლებელია მოსკოვის ადგილზე საპასუხოდ დიდი რადიაქტიული ტბა გაჩნდეს დასავლეთისთვის მიყენებული მცირე ზარალის სანაცვლოდ. ცალკე საკითხია რუსეთის არსენალში მქონე 4 ათასზე მეტი ტაქტიკური ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა, თავად ბომბი. თითო ასეთი ბომბის დამზადებისთვის მარტო ბერილიუმი არის საჭირო დაახლოებით 2 ათასი დოლარის ღირებულების. ამის გარდა, ბომბის დამზადებისთვის აუცილებელია აგრეთვე ოქრო და სხვა სპეციალური ლითონები. ამავე დროს, ეს ბომბები უკვე დიდი ხანია არავის ხმარებაში არ გამოუცდია, ე.ი არ აუფეთქებია იმის შესამოწმებლად მართლა მუშაობს თუ არა. თეორიულად უნდა აფეთქდნენ და სტრატეგიული შეკავების კონტექსტში ყველას სჯერა, ამერიკელების ჩათვლით, რომ აფეთქდებიან. მაგრამ მოსკოვმა  მათი გამოყენება რომ გადაწყვიტოს და არ აფეთქდეს, წასულია რუსეთის საქმე. შეიძლება არ აფეთქდეს იმის გამო რომ დამამზადებლებმა ოქრო მიითვისეს და ბერილიუმი დააკლეს და კიდევ რამე უხარისხო ნაწილები ჩადეს მექანიზმში იმ იმედით რომ მათ თაღლითობას მაინც ვერავინ გაიგებდა. შეიძლება ისიც მოხდეს რომ უხარისხო დეტალების გამო ბომბმა რაკეტის აჩქარებას ვერ გაუძლოს და მწყობრიდან გამოვიდეს. კიდევ ერთხელ, რუსეთში გაბატონებული კორუფციის პირობებში ეს ყველაფერი აცილებლად არის გასათვალისწინებელი.   

Tagged , , , ,

ბრძოლა კიევისთვის: რუსთა მიზნები, სანქციები და იარაღი

თებერვალი 26 2022

უკრაინაში შეჭრილმა რუსის ჯარმა ბევრი ქალაქისა თუ სტრატეგიული ობიექტისთვის ბრძოლას თავი აარიდა და სწრაფად კიევს მიადგა. მათი მიზანი კიევში არის შემდეგი. რუსებს უნდათ მოკლან, ხელში ჩაიგდონ ან დედაქალაქიდან გააგდონ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სხვა ლიდერები. მათ მაგივრად დედაქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგ უკრაინის მმართველად დასვამენ საკუთარ მარიონეტს, რომელიც მოსკოვთან გარკვეულ ხელშეკრულებებზე მოაწერს ხელს და დახმარებას სთხოვს უკრაინაში წესრიგის დახმარების საქმეში. რუსებს უკრაინაში უკვე შეყვანილი ჰყავთ გასამხედროებული პოლიციის, ომონის ქვედანაყოფები. ესენი დაიწყებენ მოსკოვისთვის სასურველ წესრიგის დამყარებას უკრაინაში და დაიქირავებენ ადგილობრივი მოსახლეობიდან იმათ, ვისაც მათთან სამსახური სურთ. თუ ამის შემდეგ ქვეყანა დაწყნარდა მოსკოვისთვის კარგი იქნება, ხოლო თუ ბრძოლა დაიწყო კანონიერი ხელისუფლებისა და რუსთა მარიონეტთა შორის, კიდევ უფრო უკეთესი. ეს არის გეგმა, მაგრამ მისი განხორციელებისთვის საჭიროა კიევის სწრაფად აღება — უკრაინაში შეჭრილ რუსებს, განსაკუთრებით მათ ვინც კიევშია, დიდი ხნის ბრძოლისთვის რესურსი არ გააჩნიათ.

სანქციების შესახებ

ომის დაწყების წინ და ახლაც ყველგან ბევრი საუბარი იყო სანქციებზე, რუსეთის გარდა. ეკონომიკური სანქციების, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის შესახებ ვრცელი ლიტერატურა არსებობს და ზოგადად საინტერესო თემაა, რამეთუ სანქციებზე საუბარს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე თავად სანქციებს (მაგალითად, საქართველოს მთავრობის განცხადებას რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ გამოცხადებულ სანქციებს არ შევუერთდებითო, უფრო დიდი გამოხმაურება და ეფექტი აქვს ვიდრე იმას საქართველო სანქციებს დაუწესებს რუსეთს თუ არა). სანქციებზე საუბარს ჰყავს ორი ძირითადი აუდიტორია: იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა რომელსაც სანქიებს უწესებენ და იმ ქვეყნის მოსახლეობა ვინც აწესებს ამ სანქციებს. რუსეთის შემთხვევაში, დასავლეთის მიერ სანქციებზე დაჟინებით და ხშირად ხაზის გასმა მოსკოვს აუწყებდა რომ დასავლეთი სამხედრო ინსტრუმენტის გამოყენებას არ აპირებდა რუსეთის წინააღმდეგ – ეს დამაწყნარებელი მუსიკასავით უნდა ყოფილიყო მოსკოვის მმართველებისთვის. მეორე მხრივ, სანქციებზე საუბრის მეორე აუდიტორიას ეუბნებიან რომ მათი მთავრობა რაღაცას აპირებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ზოგადი მოსახლეობის დიდი ნაწილი საქმეში ჩაუხედავია და სჯერა ან უნდა დაიჯეროს რომ სანქციები რამეს ცვლის.

სინამდვილეში ეკონომიკურ სანქციებს ბევრი არაფერი ეფექტი აქვს. ისტორიაში არ არსებობს შემთხვევა სანქციებს ომი მოეგოს, სამაგიეროდ ომის დაწყება სანქციებით შეიძლება. სანქციები საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის სიაში არსებობს რამეთუ ქვეყნის ხელმძღვანელებს უნდათ რამე ჰქონდეთ რაც დიპლომატიასა და ომის შორის არის და საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნონ რომ საქმეს აკეთებენ. რუსეთის შემთხვევაში სანქციები განსაკუთრებით უაზროა, რამეთუ იგი არ ეხება იმ ძირითად საქონელს რითაც რუსეთი უზარმაზარ შემოსავალს იძენს: ნავთობსა და გაზს. პირიქით, ამ სანქციების შემოღების ფონზე რუსეთის მიერ გაზის გაყიდვა ევროპაში თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა, თანაც გაზიც გაძვირდა. ომის დაწყებამდე რუსეთი ევროპაში გაზის გაყიდვით საშუალოდ დღეში 230 მილიონ დოლარს იღებდა. ესეც არ იყოს, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში რომელიც საკუთარი თავდაცვისთვის ყველაფერს საკუთარ ქვეყანაში ამზადებს. შესაბამისად, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია არ არის დამოკიდებული უცხოეთიდან შესულ საქონელზე. ამასთან, რუსეთს თავდაცვისთვის არ სჭირდება სხვა ქვეყნებთან ალიანსის შექმნა თუ ურთიერთდახმარების ხელშეკრულების დადება. და ბოლოს, რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ ჩაკეტილი და თვითკმაყოფადია და უცხოეთიდან შემოსულ საქონელზე მაინცდამაინც დამოკიდებული არ არის. რომც იყოს, ეს სანქციები უნივერსალური არ არის: მას არ უერთდება ჩინეთი (მსოფლიოში ეკონომიკის სიდიდით მეორე, ხოლო წარმოების მოცულობის მხრივ პირველი), ინდოეთი, ირანი და ბევრი სხვა ქვეყანა. ევროპის ქვეყნებმა რომც გადაწყვიტონ რუსეთის გაზის ყიდვის შეწყვეტა, ალტერნატიულ მიმწოდებლებზე გადასვლას 4 წელი მაინც დასჭირდება. მოსკოვის ხელმძღვანელობას კი იმედი აქვს, რომ დასავლეთს 1-2 წელიწადში მობეზრდება სანქციებზე საუბარი და თავადვე მოხსნის ყველაფერს ისე როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან ომის შემდეგ — ეს მოყვა მაშინდელმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, უკრაინაში ომის დაწყების წინ გამართულ რუს ხელმძღვანელთა შეხვედრაზე. და ბოლოს, რომც შეაწუხოს რუსეთი ამ სანციებმა, მისი ხელმძღვანელობა მუქარას, შანტაჟს და ძალის გამოყენებას არ მოერიდება მათ მოსაშორებლად.  

იარაღი უკრაინისთვის

უკრაინას რუსეთთან ომისთვის საჭირო შეიარაღება ომის დაწყების წინ არ ჰქონდა. დაბალ სიმაღლეზე მფრინავ ხომალდების ჩამოსაგდებად საჭირო „სტინგერი“ რაკეტები დროზე არ მიაწოდეს. შედეგად, ამით რუსებმა ისარგებლეს და იცოდნენ რა რომ უკრაინელებს ეს იარაღი არ ჰქონდათ თამამად შეაღწიეს უკრაინის სიღრმეში ვერტმფრენებითა და დესანტების გადასხმის თვითმფრინავებით. აგრეთვე არ გააჩნია უკრაინას სანაპირო დაცვისთვის აუცილებელი საზღვაო ხომალდების გასანადგურებელი რაკეტები. შედეგად რუსებმა შედარებით იოლად დაიპყრეს ქვეყნის სამხრეთის ტერიტორია. არ აქვს უკრაინას მაღალი ტექნოლოგიის უპილოტო თვითმფრინავები, რის საშუალებითაც შეძლებდა ხმელეთზე ჯავშნის მოძრაობის შენელებას და მტერთან საჰაერო ბრძოლას. შედეგად რუსები დომინირებენ უკრაინის საჰაერო სივრცეს. სავარაუდოდ უკრაინა ამ იარაღით მიზანდასახულად არ მოამარაგეს, რამეთუ მათ რუსის ჯარი უმალვე არ დაემცირებინა და ამით მოსკოვს საშუალება არ მისცემოდა ეფიქრა მასობრივი განადგურების იარაღზე.        

Tagged , , , ,

ცოტა რამ უკრაინაში ომის შესახებ

Boots On The Ground: Satellite Images Reveal Russian Troop Buildup Near  Ukrainian Border And In Crimea

იანვარი 30 2022

2021 წლის დასაწყისში რუსეთმა უკრაინის საზღვრებისკენ ჯარის გადაადგილება დაიწყო. თავიდან 35 ათას ჯარისკაცამდე გადაიყვანა, რაც უკრაინაში შეჭრისთვის არ იყო საკმაო, სამაგიეროდ დიპლომატიური ზეწოლისთვის გამოდგა. სახელდობრ, 2021 წელს გაგრძელდა მოლაპარაკებანი მინსკის პროტოკოლის (მინსკი II) მიხედვით, რომელშიდაც უკრაინის გარდა მონაწილეობდნენ საფრანგეთი და გერმანია.  მინსკის პროტოკოლი ითვალისწინებდა დონეცკისა და ლუჰანსკის ტერიტორიების უკრაინასთან გაერთიანებას მათთვის ფართო ავტონომიის მიცემის პირობით. რუსეთისთვის გადამწყვეტი პუნქტი ამ შეთანხმებაში უნდა ყოფილიყო ამ ავტონომიური ერთეულებისთვის ვეტოს მიცემის უფლება, რომლიც თანახმადაც უკრაინის რომელიმე სამხედრო ალიანსში (იგულისხმება ნატო) გათვალისწინების საკითხი გადაწყდებოდა.

მინსკის პროტოკოლით მოლაპარაკება ფაქტიურად შეწყდა 2021 წლის შემოდგომაზე, როდესაც საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუს კოლეგას მიანიშნეს რომ საქმე ისე როგორც მოსკოვს უნდოდა წარმატებით ვერ დასრულდებოდა. კიევი წინააღმდეგი იყო ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა თუ ის არ გაითვალისწინებდა ყირიმის უკრაინასთან გაერთიანებას. ყირიმის დაბრუნება უკრაინისთვის კი მოსკოვს არ სურს. ფრანგი და გერმანელი კოლეგების წერილებმა რუსი საგარეო მინისტრი ისე გააბრაზა, რომ დიპლომატისთვის უკიდურეს ნაბიჯზე წავიდა და მათი მიმოწერა საჯარო გახადა. ამასთან ერთან, მოსკოვმა დაიწყო უკრაინის საზღვართან ჯარის კონტინგენტის კიდევ უფრო გაზრდა — მათმა რაოდენობამ დეკემბრის ბოლოს 100 ათას ადამიანს გადააჭარბა.

რუსეთს ამითი შეერთებული შტატების ყურადღების მიქცევა უნდოდა და ამას მიაღწია კიდეც. ეს იმიტომ, რომ ნატო-ს დანარჩენი ქვეყნები რუსეთში ბევრ არაფრად მიაჩნიათ და ღირსეულ მოწინააღმდეგედ მხოლოდ შეერთებულ შტატებს თვლიან. აშშ სახელმწიფო მდივანს ლავროვმა, რუსთა საგარეო მინისტრმა, გაუმეორა იგივე რაზეც მანამდე საუბარი იყო მინსკის პროტოკოლის ფარგლებში: რუსეთს სურს გარანტიები რომ უკრაინა და საქართველო არ გახდებიან ნატო-ს წევრები. ამაზე ბლინკენმა, სახლმწიფო მდივანმა, რუსს უთხრა რომ ეს არ გამოვა თუ რუსეთი არ დაუბრუნდა 1991 წლის სახელმწიფო საზღვრებს არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მოლდოვაში. ლავროვმა ეს გამოძალვად მიიჩნია — მინსკის პროტოკოლით საქართველოსა და მოლდოვაზე საერთოდ არი იყო საუბარი, მაგრამ დასთანხმდა აშშ-სთვის გადაეცა წერილობითი შეთავაზება და დალოდებოდა წერილობით პასუხს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს კიდეც.  

მოსკოვი არ დარჩა ვაშინგტონიდან მიღებული პასუხით კმაყოფილი, რამეთუ ამერიკა კვლავ მოითხოვს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის გაერთიანებას 1991 წლის ფარგლებში იმის საფასურად რომ ეს ქვეყნები ნატო-ს წევრები არ გახდებიან. ეს გახდება საერთაშორისო სამართლის საკითხი და ამ ქვეყნების ავტონომიებს (დონეცკს, ლუჰანსკს, აფხაზეთს, ცხინვალსა და ტირასპოლს) მიეცემათ სამხედრო ალიანზებში გაერთიანებაზე ვეტოს დადების უფლება. თეორიულად ეს სქემა მისაღები უნდა იყოს ყველა ამ ქვეყნისთვის, მაგრამ იგი არ გულისხმობს ყირიმს, რისი დათმობა არც რუსეთს სურს და არც უკრაინას. თუ კიევმა ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა, საერთაშორისო სამართლის თანახმად იგი ყირიმს რუსეთს დაუთმობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, უკრაინის პრეზიდენტს სატელეფონო საუბარში სთავაზობდა რომ იგი წასულიყო ყირიმის დათმობაზე. ამან ზელენსკის გაბრაზება გამოიწვია. ბაიდენმა აუხსნა რომ რუსების უკრაინის დიდ ნაწილს დაანგრევენ, მათ შორის კიევს. ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ურთიერთობა კიევსა და ვაშინგტონს შორის გარკვეულად დაიძაბა, რის შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა ორიოდე დღის წინ.  

ერთი სიტყვით შეერთებული შტატები თანახმაა რუსეთის მოთხოვნაზე უკრაინასა და საქართველოსთან (და მოლდოვასთან) დაკავშირებით, მაგრამ ყირიმის საკითხი ხელშეკრულების მიღწევასა და ამით ფართო ომის თავიდან აცილებას ხელს უშლის. ვაშინგტონს შეუძლია უკრაინას დაეხმაროს ისე, რომ ქვეყანაში შეჭრილ რუსის ჯარის დიდი ნაწილი გაანადგუროს. ჯო ბაიდენმა სთქვა რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურენი საბრძოლველად არ ჩავლენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ამერიკელები ვერ შეძლებენ თავიანთი უპილოტო ხომალდების (უკრაინის სახელმწიფო ნიშნებით) აღმოსავლეთ ევროპიდან ბრძოლაში გაშვებას. ამერიკელ ოპერატორებს ამის გაკეთება შეუძლიათ ევროპის ან თუნდაც ამერიკის ტერიტორიიდან. რუსთა მექანიზებული ქვეითი ჯარი ციდან შეტევისგან ფაქტიურად დაუცველია და ათასობით ამერიკულ უპილოტოს შეუძლია დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს რუსთა შორის.

მაგრამ აშშ-ს ახლანდელ ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭება არ სურს და ცდილობს პრობლემა ყირიმის დათმობით გადაჭრას. ეს კი გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს უკრაინის ხელმძღვანელობას. რაც შეეხება რუსებს, ისინი ეჭვობენ რომ ყირიმის საკითხს უკრაინელები არ თმობენ რამეთუ ამერიკელები არ ანებებენ ამას. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გეოპოლიტიკურ ვაჭრობაში სწორედ ყირიმია, განსაკუთრებით რუსეთისთვის, რადგან მათ სურთ გავლენის შენარჩუნება არა მარტო შავი ზღვის, არამედ ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებზე. უკრაინასთან ომის საკითხი არის კარგი მაგალითი იმისა თუ როგორ ვაჭრობენ დიდი სახელმწიფოები (great powers, сверхдержавы) რამეთუ ერთმანეთში პრობლემური საკითხები მოაგვარონ. როგორც წესი, ასეთი შეთანხმებების დროს ისინი ვაჭრობენ პატარა სახელმწიფოების (nichtgrossmachten, малые государства) ინტერესებით. ამ დროს უკრაინაში დიდი ომისთვის ემზადებიან.  

Tagged , , , ,

საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან

China's Go West plan fails to capture imagination of foreign firms  suffering from 'regional development plan fatigue' | South China Morning  Post

12 აგვისტო 2021

ვინაიდან საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, უფრო სწორად ჩამორჩენილობაზე მიდგა საუბარი, აღსანიშნავია რომ ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის ხელოვნური განუვითარებლობა. ხელოვნური იმიტომ, რომ 1990-იანი წლების მიწურულის შემდეგ, საქართველოს ნებისმიერ მთავრობას შეეძლო აეწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეერთებულ შტატებთან რაც აუცილებელია ბილატერული სავაჭრო ურთიერთობისთვის და არცერთმა ეს არ გააკეთა. ამავე დროს ერთადერთი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალა ამ პლანეტაზე რომელსაც საქართველოს მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია არის შეერთებული შტატები. საქართველოში უმეტესობა ევროპასა და შეერთებულ შტატებს მოიაზრებს როგორც გაერთიანებულ ერთეულს („დასავლეთი“), სინამდვილეში მათ შორის განსხვავება ძალიან დიდია.  

საქართველოს პოლიტიკური კლასი ამას შეგნებულად აკეთებს, რადგან შეერთებული შტატების მთავრობის, კონგრესის წევრთა თუ ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების საქართველოში ხშირი და დამოუკიდებელი ვიზიტის შემთხვევაში საკუთარ არადემოკრატიულ იმპულსებსა და არაკომპეტენტურობას ვეღარ დამალავენ და ლობისტების საშუალებით ვეღარ მოახერხებენ ვაშინგტონში ხალხის დაბნევას. აგრეთვე ეს არ აწყობს რუსეთს და თურქეთს, რომლებიც საკუთარი გავლენის განმტკიცებას ცდილობენ კავკასიაში და ამაში მათ ვაშინგტონის პირდაპირი კავშირი თბილისთან მნიშვნელოვნად შეუშლით ხელს. თურქებს აეროპორტების კონტროლიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშიც სწორედაც იმიტომ აინტერესებთ, რომ ამ რეგიონთა ქვეყნების გარე სამყაროსთან დაკავშირება მოხდეს მათი შუამავლობით. ამჟამად ანკარა ქაბულის აეროპორტის ჩაგდებას ცდილობს ხელში, ამერიკის ჯარის ავღანეთიდან გაყვანის ფონზე.   

საქართველოს პოლიტიკური კლასი საქართველოს მოსახლეობას არწმუნებს თითქოს ევროპაზე აღებული დიპლომატიური ორიენტაცია და პროპაგანდა საკმარისია საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. ამისთვის ხორციელდება ევროპის კავშირის დროშების გამოფენა და მაღალი თანამდებობის ევროპელი ბიუროკრატების, მაგალითად შარლ მიშელის, მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. აქ უნდა აღინიშნოს რომ ისტორიაში არ არსებობს ქვეყანა ევროპელებს ეკონომიკურად ან პოლიტიკურად აეყვავებიათ, პირიქით, ევროპის სახელმწიფოებს აქვთ კოლონიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის მდიდარი გამოცდილება და ტრადიცია და იმავე სულისკვეთებით მიჰყვებიან ღარიბ ქვეყნებთან ურთიერთობას. საქართველოში ამის მაგალითია თურქეთისა და ნორვეგიის მთავრობათა და კორპორაციების ნამახვანჰესის მავნებლური სქემისთვის აქტიური მხარდაჭერა.  

მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებს აქვს დიდი გამოცდილება და სახელოვანი ტრადიცია განუვითარებელი და არადემოკრატიული ქვეყნების ჭაობიდან ამოწევისა. თავად ევროპა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ფეხზე დადგა მარშალის გეგმის დახმარების შედეგად, რომლიც ღირებულება ახლანდელი დოლარის კურსით 140 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ევროპელებს დემოკრატიის ფუძემდებლებად კი მოაქვთ თავი, მაგრამ 80 წლის წინ ევროპაში ხუთი სახელმწიფოს გარდა ყოველი სხვა დიქტატურა ან სამხედრო რეჟიმი იყო. იაპონიისა და სამხრეთ კორეის ომისშემდგომი განვითარებაც შეერთებული შტატების დამსახურებაა და აგრეთვე სინგაპურის, ისრაელის, საუდის არაბეთის, ინდონეზიის, მალაიზიის, ტაილანდის, ტაივანის და უფრო ახლახან, ჩინეთის, რომ არაფერი ითქვას ლათინური ამერიკის ქვეყნებზე. მოკლედ, თუ ვინმეს ჰგონია რომ ევროპელები თავის თავის გარდა ვინმეზე ოდესმე ზრუნავენ, ისტორიის ნებისმიერი წიგნი აიღოს და მოძებნოს ერთი მაინც ქვეყანა ევროპის ტრადიციული საზღვრების გარეთ რომელიც მათი ჩარევითა თუ დახმარებით ეკონომიკურად განვითარდა ან დემოკრატიული გახდა.

ზოგადად ყოველი სუვერენული სახელმწიფო ორი ზოგადი პრინციპით ხელმძღვანელობს საერთაშორისო სისტემაში: ერთი არის სახელმწიფო ინტერესი, რომელსაც ყოველი ქვეყანა თავისით განსაზღვრავს (თუ აქვს ამისი შესაძლებლობა), ხოლო მეორე კი საერთაშორისო პოლიტიკაში მათი მონაწილეობის ტრადიცია. ბუნებრივია, საუკუნეების განმავლობაში ერთიც შეიძლება შეიცვალოს და მეორეც, მაგრამ მოქმედი პოლიტიკოსი თუ საგარეო ურთიერთობაში გადაწვეტილებათა მიმღები პირი ვერც ერთს აუვლის გვერდს და ვერც მეორეს. შეერთებული შტატებიც გამონაკლისი არ არის: ისინი ეხმარებიან იმათ, ვინც მათ სახელმწიფო ინტერესს სტრატეგიულად წინ წასწევს და ასეთი ქმედება არის მათი საერთაშორისო პოლიტიკის ტრადიციაში. მეორე მხრივ, საქართველოს (აგრეთვე, უკრაინის, მოლდოვის, სირიის, ავღანეთისა თუ ჩეჩნეთის) მოუგვარებელი პრობლემები ერთგვარად ასუსტებს რუსეთს და მოსკოვის ყურადღება გადააქვს სხვა მიმართულებით. ეს ევროპის ინტერესებში შედის, რამეთუ რუსეთთან მიმართებაში ევროპა შეერთებული შტატების დახმარების გარეშე ძალიან სუსტია. საქართველოსა თუ უკრაინის ტერიტორიული პრობლემები ეროვნულ კრიზისს წარმოადგენს ამ ქვეყნებისთვის, მაგრამ რუსეთისთვის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ა. შ. წარმოადგენს ერთ გაუთავებელ კრიზისს, რომელიც რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება მით უკეთესია იმ ქვეყნებისთვის რომლებიც ამჟამად რუსეთთან ღია კონფლიქტში არ არიან.

Tagged , , , , ,

ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ

BP to take full control of 300-MW wind park in Indiana

27 მაისი 2021

ნამახვანჰესის აშენების მომხრეებს ორი ძირითადი არგუმენტი აქვთ: ერთი, ასეთი პროექტები უზრუნველყოფენ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, და ორი: ჰიდროელექტროსადგურები აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ჯერ ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ. ზოგადად, ენერგოდამოუკიდებლობის ცნებაში შედის უფრო მეტი რამ ვიდრე ელექტროსადგურების მშენებლობა, კერძოდ, მასთან ერთად განიხილება ენერგორესურსების კონსერვაცია და ეროვნული უშიშროება. ამაზე ვრცლად არის საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების „ენერგოდამოუკიდებლობისა და უშიშროების აქტში“ (The Energy Independence and Security Act), რომლის ზოგადი აღწერისა და სრული ტექსტის ნახვა შეიძლება აქ (ეს არის კანონი ამ ქვეყანაში). შემდეგ, ენერგოდამოუკიდებლობას აზრი არა აქვს ენერგიის მოპოვების დივერსიფიკაციის ანუ მრავალფეროვნების გარეშე — იგულისხმება, რომ ნამდვილი დამოუკიდებლობა და უშიშროების უზრუნველყოფა შეიძლება მაშინ, როდესაც ენერგიას მოიპოვებენ რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან (ე.ი. თბო, ჰიდრო, ქარი, მზე, და მისთ.) — ასეა ევროპის კავშირის დოკუმენტის მიხედვით რომელსაც ეწოდება „ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობა, მიწოდების უშიშროება და წყაროთა დივერსიფიკაცია“ (EU Energy Independence, Security of Supply and Diversification of Sources), რომლის სრული ტექსტის ნახვა შეიძლება აქ. ანალოგიური დამოკიდებულება არის ამ საკითხისადმი პატარა ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად ლიეტუვაში, რომელიც ასევე უკავშირებს ენერგოდამოუკიდებლობას ენერგო წყაროების დივერსიფიკაციას.         

ერთი სიტყვით, თუ ამერიკელებსა და ევროპელებს დავუჯერებთ (ნორვეგიელებიც ამ აზრზე არიან, აღონდ მხოლოდ საკუთარი ქვეყანაში) არ შეიძლება ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველგან ჰესების აშენება, ანუ მარტო ჰიდრო რესურსებიდან ელექტროენერგიის წარმოება არ უზრუნველყოფს ენერგოდამოუკიდებლობას. შემდეგ, მნიშვნელოვანი ჰიდრორესურსის 99 წლით სტრატეგიული კონკურენტისთვის მიცემა (ე.ი. რიონის თურქეთისთვის გადაცემის აქტი) რეალურად და შეუქცევადად ეწინააღმდეგება ქვეყნის „უშიშროების“ კონცეფციას.       

ზემოთ ფოტოზე გამოსახულია 300 მეგავატიანი ქარის ენერგოტურბინის ფერმა, რომელიც ამჟამად მუშაობს ინდიანას შტატში — ასე გამოიყურება ქარის ძალით მიღებადი ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურა, რომელიც დაახლოებით იმავე რაოდენების ელექტროენერგიას გამოიმუშავებს რასაც შეძლებს ნამახვანჰესის ორი თუ სამი კაშხალი 20 თუ 30 წლის შემდეგ უზარმაზარი ტერიტორიის დატბორვისა და გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფასურად. ამასთან, ასეთი ქარის ტურბინების ფერმა გაცილებით იაფი ღირს ვიდრე გიგანტური ჰესი, მისი გამართვა უფრო იოლად და სწრაფად შეიძლება და რაც უფრო დრო გადის მისი ღირებულება კიდევ უფრო მცირდება. ინდოეთის გუჯარათის შტატმა შარშან შეუკვეთა ზუსტად ასეთი ფერმა, რომელმაც ენერგიის წარმოება უნდა დაიწყოს წელს.  

ქვედა ფოტოზე გამოსახულია მზის ელეტროგენერატორების ფერმა, რომელიც აგრეთვე 300 მეგავატზე არის გათვალისწინებული. ეს გახლავთ ქუაიდ-ე-აზამ მზის პარკი პაკისტანში. მზის პარკების უფრო დიდ ტერიტორიას იკავებენ, მაგრამ როგორც ადრე ავღნიშნეთ, ისრაელში ბევრია ასეთი მზის ენერგო-პარკი, მაშინ როდესაც ისრაელი საქართველოზე გაცილებით პატარაა გაცილებით დიდი მოსახლეობით.

სხვათა შორის, როგორც ინდოეთი ასევე პაკისტანი მისდევს ქარისა და მზის საშუალებით ელექტროენერგიის ათვისების მეთოდებს რამეთუ უფრთხილდებიან თავიანთ ოდესღაც წყალუხვ მდინარეებს, რომლებშიდაც კლიმატურ ცვლილებებთან ერთად წყლის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება. რამეთუ სასმელი და აგრომრეწველობისთვის აუცილებელი წყლის მოპოვება შეიძლება მდინარეებიდან და არა მზის ან ქარისგან, ლოგიკურია ენერგოწარმოებისთვის სწორედ მზის და ქარის ენერგიის გამოყენება, ფასდაუდებელი მდინარეების დაგუბების მაგივრად.  

და ბოლოს, მართლა ენერგოდამოუკიდებლობა რომ ყოფილიყო ნამახვანჰესის აშენების გულშემატკივართა ნამდვილი გულის სატკივარი, 300 მეგავატიანი ქარის ტურბინების ფერმა 2019 წელს რომ შეეკვეთათ უკვე ერთი წლის ამუშავებული ექნებოდათ.

Tagged , , ,

ნამახვანჰესი და რუსეთი

Suleiman the Magnificent - Wikipedia

24 მაისი 2021

ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებს ბოლო ორი თვეა რუსეთის ინტერესებით ქმედებას აბრალებენ, აქაოდა საპროტესტო აქციების გამოყენებით მოსკოვი ნამახვანჰესის პროექტის ჩაშლას ცდილობსო. ასეთი ბრალდებანი განსაკუთრებით გავრცელდა მას შემდეგ, რაც საქართველოში თურქეთის ელჩმა ეს ვერსია საზოგადოდ წამოაყენა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა კრიტიკოსები, თურქეთის ელჩის ჩათვლით, ამტკიცებენ რომ თურქეთი საქართველოს მეგობარია და ეხმარება, ხოლო თურქეთის მიერ რიონის ხელში ჩაგდებაში ხელის შეშლის მცდელობა იგივეა რაც რუსეთის დახმარება. რუსეთი საზოგადოებრივი პროტესტის საშუალებით საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობდეს ისტორიული ანომალია იქნებოდა ეს სიმართლე რომ იყოს — მოსკოვი სამხედრო ძალისა თუ ეკონომიკური მარწუხების გამოყენებას საგარეო პოლიტიკაში მიზნის მისაღწევად არც მორიდებია და არც არასოდეს მოერიდება, მაგრამ მაინც ღირს მოკლედ იმის მიმოხილვა თუ ვის რა სარგებლობას მოუტანს პოლიტიკურად ნამახვანჰესის აშენება.        

ნამახვანჰესი თუ აშენდა და ამუშავდა, ეს დააზარალებს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას, ზოგადად იმათ, ვისი კეთილდღეობაც რიონის წყალზე არის დამოკიდებული. ამავე დროს იხეირებენ თურქები და ამ პროექტთან დაკავშირებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტა თბილისში. ეს გააძლიერებს ანტი-თურქულ გრძნობებს საქართველოში და შეიძლება გააძლიეროს ანტი-მუსულმანური ძალებიც. აგრეთვე, გამწვავდება ურთიერთობა დასავლეთ საქართველოსა და თბილისს შორის ანუ როგორც თბილისში იტყვიან, რეგიონებსა და დედაქალაქს შორის. რაც მთავარია, ნამახვანჰესის აშენება დააზიანებს ნდობას დემოკრატიული მმართველობისადმი საქართველოში, რამეთუ ეს ბევრის შემცვლელი პროექტი ხორციელდება საქართველოს ბევრი მოქალაქის ინტერესებისა და სურვილის წინააღმდეგ.      

მოკლედ, ნამახვანჰესის აშენება გააღვივებს ანტი-თურქულ გრძნობებს, შიდა წინააღმდეგობას გააღრმავებს საქართველოში და ბიძგს მისცემს პრო-რუსულ ძალას. ამგვარად, ნამახვანჰესის აშენება საქართველოს რუსეთისკენ უბიძგებს და არა პირიქით. საქართველოს შინაგანი დასუსტება და თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება სწორედ რუსეთისთვის არის მომგებიანი — გამოდის, რომ ისინი ნამახვანჰესის შენებას მხარს უნდა უჭერდნენ და არა უშლიდნენ, რამეთუ ეს პროექტი განხეთქილების ვაშლის როლს თამაშობს საქართველოში. სხვათა შორის, საქართველოში რომელიმე ჰესის ხელში ჩაგდება რომ მოუნდეთ ან რამის დანგრევა და ან კიდევ აშენებაში ხელის შეშლა, მოსკოვს ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლია და ნებართვას ანკარას ან რომელიმე დედაქალაქს ნამდვილად არ შეეკითხება.    

Tagged , , ,

ნამახვანჰესის პროექტი როგორც თაღლითობა

wrestlers at Sumo match Tokyo

13 აპრილი 2021

არის თუ არა ნამახვანჰესის პროექტი კორუფციული გარიგების შედეგი? საქართველოში თურქეთის ელჩმა თავის ცნობილ სიტყვაში უარყო ეს ვერსია და თქვა რომ ენკა-სა და საქართველოს შორის რიონის ხეობის პრივატიზაციის პროექტი კორუფციული გარიგების შედეგი არ ყოფილა. მან აგრეთვე თქვა რომ ნაწყენია ასეთი ბრალდებით და მოითხოვა მტკიცებულებების წარდგენა კორუფციული გარიგების დასამტკიცებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში მოითხოვა რომ ასეთი ბრალდებები შეწყდეს რამეთუ ეს თურქეთის დროშას აყენებს შეურაცხყოფასო. მაგრამ, მტკიცებულების წარდგენა საჭიროა სასამართლოში ბრალის დამტკიცებისა თუ უარყოფისთვის — ენკა-სა და საქართველოს მთავრობას, ჯერჯერობით, სასამართლოში საქმე არა აქვთ. სასამართლოში ასეთი ბრალდება რომ დამტკიცდეს საჭიროა ეს მოხდეს ისე, რომ ბრალდებულის უდანაშაულობაში ეჭვი არავის შეეპაროს (beyond a reasonable doubt). ხოლო რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო პოლიტიკას და ზოგადად პოლიტიკას, ასეთი ბრალდებისთვის საკმარისია არსებობდეს სამხილთა უპირატესობა (preponderance of the evidence). ვნახოთ თუ შეიძლება დამაჯერებლად მსჯელობა იმაზე, რომ ნამახვანის პროექტი მართლაც შეიძლება იყოს კორუფციული გარიგების შედეგი.  

ამისთვის სუმოს მაგალითის მოშველება იქნება საჭირო. იაპონიის ტრადიციული სპორტის სახეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული იაპონიის ტრადიციულ შინტო რელიგიასთან. ამგვარად, ეს ორიათასწლოვანი სპორტი ეძღვნება იაპონიის ტრადიციულ ღმერთებს, ბოროტი სულების განდევნას და ემსახურება ჰარმონიას, წესიერებას, ვაჟკაცობას და ადამიანის ყველა იმ საუკეთესო თვისებას რაც სამაგალითოდ და მისაბაძად ითვლება არა მარტო იაპონიაში, არამედ ბევრგან სხვაგან. სუმოს მატჩებს შინტოს ღვთისმსახურის სამოსელში ჩაცმული არბიტრი მსაჯობს. განსაკუთრებით იაპონიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში წესიერად და სწორედ მოქცევას და ადვილი წარმოსადგენია სუმოს იაპონელ მიმდევართა შეძრწუნება, როდესაც ამ ოციოდე წლის წინ გაისმა არცთუ უსაფუძვლო ბრალდება რომ ეს წმინდა სპორტი თურმე კორუფციისა და თაღლითობის გავლენის ქვეშ ყოფილა.       

კალენდარული წლის სუმოს ექვსი დიდ ტურნირის (ბაშო) უმაღლესი ლიგა (მაკუნოუჩი) გრძელდება 15 დღეს და თითოეული მებრძოლი (რიკიში) ყოველ დღე ებრძვის ერთ ახალ მეტოქეს. როგორც წესი, ბრძოლები იმართება იმ მებრძოლთა შორის რომელთაც დაახლოებით ერთნაირი ადგილი უკავიათ სუმოს რეიტინგში. მებრძოლისთვის ტურნირი წარმატებულია იმ შემთხვევაში, თუ მან უფრო მეტი ბრძოლა მოიგო ვიდრე წააგო, ე.ი. სულ მცირე 8 მოგებითა და 7 წაგებით დაასრულა (კაჩიკოში). თუ მებრძოლმა უფრო მეტი წააგო ვიდრე მოიგო (მაკეკოში), მაშინ დაქვეითება ელის და თუ ასე გააგრძელა, უმაღლესი ლიგიდან გავარდნაც არ ასცდება. ამასთან სუმო პირამიდული სპორტია: ვინც პირამიდის, ე.ი. სუმოს რეიტინგის, თავშია (იაკოზუნა, ოზეკი და სხვა) მეფესავით ცხოვრობს, ვინც პირამიდის ბოლოში, მათი მსახურებივით. ამგვარად თაღლითობაზე წასასვლელად ფსონი დიდი იყო, ხოლო საფარი კი საიმედო (რელიგია, წმინდა სპორტი და მისთ.).       

აი რა იყო სუმოში კორუფციის არსებობის ბრალდების საფუძველი: ტურნირის მე-15 დღეს, თუ ერთმანეთს ხვდებოდნენ ისეთი მებრძოლი რომელსაც ჰქონდა 7-7 (7 მოგება და 7 წაგება) შედეგი (ე.ი. კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდებოდა ტურნირში წარმატებისთვისა და რეიტინგში (ბანზუკე) დაწინაურებისთვის) და ისეთი რომელსაც ჰქონდა, 8-6, 9-5, 10-4 და ა. შ. შედეგი, მრავალი წლის განმავლობაში ასეთი მატჩების 75% იგებდა ის მებრძოლი, რომელსაც ჰქონდა 7-7 შედეგი და ძალიან სჭირდებოდა ეს მოგება. რომ გავითვალისწინოთ ამ მებრძოლის განსაკუთრებითი შემართება, მეორე მებრძოლის დაშავება (ბოლო დღეს ყველას რაღაცა ტკივა და აწუხებს) და ადგილობრივი ღვთაებების ჩარევა, ეს არის სტატისტიკურად მაინც შეუძლებელი შედეგი. როდესაც ერთმანეთს ხვდებიან ერთნაირ პირობებში მყოფი თანაბარი ძალის მებრძოლები, მრავალი გამეორების შემდეგ მათი მატჩები უნდა დასრულდეს დაახლოებით 50/50-იანი შედეგით, ხოლო ტრავმებისა და შემართების გათვალისწინებით სულ დიდი 55/45. მაგრამ 75/25-ზე დასრულება იმის სასარგებლოდ ვისაც ეს აწყობს მოასწავებს სწორედ იმას, რომ კორუფციამ და თაღლითობამ იჩინა თავი. ეს არის სწორედ სამხილის უპირატესობის მაგალითი (preponderance of the evidence).

თუ ნამახვანის პროექტზე ვიმსჯელებთ სამხილის უპირატესობის პრინციპის კონტექსტში, აქ ათიოდე ფაქტორი არის გასათვალისწინებელი: ეს პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რესურსის ძლიერი მეზობელი ქვეყნისთვის გადაცემას, მცირე ელექტროენერგიის გამომუშავების საბაბით, რისი გამომუშავებაც შეიძლებოდა სხვა მეთოდებით გაცილებით იაფად და სწრაფად, უნიკალური ეკოლოგიური გარემოს განადგურების გარეშე, იქ მაცხოვრებელთათვის სახლკარის დაუნგრევლად, დემოკრატიული პრინციპების, ქვეყნის პრიორიტეტების და ზოგადი სამართლიანობის გათვალისწინებით. ამასთან, ეს პროექტი საფრთხეს უქმნის რიონის აუზში მაცხოვრებელ ათეულ ათასობით ადამიანის კეთილდღეობას, ქვეყნისთვის ფინანსურად არ არის მომგებიანი, აზიანებს ტურიზმსა და აგრომრეწველობას და ეყრდნობა მოძველებულ კონცეფციასა და ტექნოლოგიას. პროექტს საქართველოს მთავრობა ახორციელებს პოლიციური ძალის გამოყენებით, მიუხედავად მასობრივი პროტესტისა, რომელშიც მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელი.

ამ ფაქტორებიდან ერთი-ორი შეიძლება აიხსნას იმათი უვიცობით ვინც ამ პროექტის გადაწყვეტილება მიიღო, ერთი-ორიც კი თურქეთის მთავრობისა თუ ენკას გულუხვობით. მაგრამ რა ხსნის დანარჩენ ფაქტორებს? შეიძლება რომ ორმა კაცმა 100-ჯერ მონეტა ააგდოს, და ის 80-ჯერ ‘არიოლზე’ დაეცეს და 20-ჯერ ‘რეშკაზე’ მხოლოდ იმიტომ რომ ერთი უმეცარია და მეორე გულუხვი?  მგონი აქაც სამხილის უპირატესობასთან გვაქვს საქმე: ნამახვანის კასკადის პროექტი თაღლითური გარიგების შედეგია, რომელიც საქართველოს ინტერესების გაცემას გულისხმობს.

რაც შეეხება სუმოს, იაპონიის სუმოს ასოციაციამ ასე-თუ ისე მიხედა საქმეს: მებრძოლებს მობილური ტელეფონების ქონა აუკრძალეს ტურნირების დროს (ახლანდელი პანდემიის დროს დორებით დაუშვეს), ტურნირის ბოლო დღეს ხშირად აჯიბრებენ 7-7 შედეგის მებრძოლებს (მაგალითისთვის, ტოჩინოშინმა მარტის ტურნირზე სეკივაკე ტაკანოშოსთან წააგო — ბოლო დღეს ორივეს სჭირდებოდა მოგება). ტურნირის ბოლო დღეს მოგებულისთვის გარკვეული პრიზების გადაცემა და სხვა ამგვარი ხერხებიც ალბათ საქმეს ეხმარება. სუმოს მამებმა სერიოზულად მიიღეს ბრალდება მიუხედავად იმისა რომ ეჭვგარეშე მტკიცებულებანი არ ჰქონდათ თაღლითობის შესახებ. 2011 წელს მარტის ტურნირიც კი გააუქმეს თაღლითობის ბრალდების გამო. შედარებისთვის, 1945 წელს ზაფხულის ტურნირი არ გაუქმებულა, მიუხედავად იმისა რომ ამერიკელები ტოკიოსა და სხვა დიდ ქალაქებს წვავდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რამეთუ მერე მსოფლიო ომის დასასრული დაეჩქარებიათ.    

Tagged , , , , ,

თურქეთის ელჩი ნამახვანჰესის პროექტის შესახებ

Converging Cultures, Uniting Goals: GE Works with ENKA to Power Turkey

31 მარტი 2021

თურქეთის ელჩმა საქართველოში ნამახვანჰესის პროექტის შესახებ ვრცელი სიტყვა წარმოთქვა, მონაწილეობა მიიღო-რა ე.წ. „ნამახვანჰესის ფოკუს-სესიაში.“ ეს იყო თურქული კორპორაცია ენკას მიერ მოწყობილი ბლიცი ხსენებული პროექტის დასაცავად, რომლის ვიდეო ჩანაწერიც 30 მარტს გამოქვეყნდა ფეისბუქზე. თურქეთის ელჩის სიტყვა საინტერესოა რამდენიმე ასპექტის გამო და არა მარტო ნამახვანჰესის გამო. (ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ ენკამ იგი ფეისბუქიდან წაშალა, მაგრამ ასლი არის იუტუბზე).    

თურქეთის ელჩი ქალია, როგორც ეტყობა განათლებული და საქმეში ჩახედული. სიტყვა წარმოთქვა ინგლისურად, დაწერილი ტექსტის გარეშე, მაგრამ წინასწარ მომზადებული პუნქტების გათვალისწინებით. ისაუბრა გამართულად, გრამატიკულად და სტილისტურად აურია მხოლოდ ერთხელ — ამაზე ქვემოთ. მონოლოგის ტონი იყო დამაჯერებელი, დიპლომატიური ეთიკეტის კონტექსტში — თავხედური. ელჩს ეტყობა რომ დაჩვეულია თავისის გატანას, აუდიტორიას ესაუბრა როგორც პატრონი კლიენტს, მაგრამ იმის გათვალისწინებითაც რომ შესაძლოა იქ იყვნენ ევროპელი სტუმრებიც ან კოლეგები.     

ამ სიტყვაში და ზოგადად ყველა დიპლომატიურ და საერთაშორისო პოლიტიკურ გამოსვლაში ორი რამ არის გასათვალისწინებელი: ერთი, ტექსტიდან ამოსაღებია და გვერდზე გადასადებია ისეთი კლიშეები რაც მომზადებულია სიტყვის თუ წერილის იდეოლოგიური გამაგრებისა და აუდიტორიაზე დადებითი შთაბეჭდილების დატოვებისთვის — ამ შემთხვევაში, „დემოკრატია,“ “დასავლეთი,“ „საერთაშორისო თანამშრომლობა,“ „საქართველოს უშიშროება,“ “რუსეთის საფრთხე,“ და მისთ. მეორე, ასეთ სიტყვებში თუ წერილებში ყველაფერია ნათქვამი რაც საჭიროა და რაც ავტორს სურს, მაგრამ არა ლოგიკური თუ ტექსტური თანმიმდევრობით. ამის გათვალისწინებით, თურქეთის ელჩმა თავის სიტყვაში ძირითადად სიმართლე ილაპარაკა, გააზვიადა ორიოდე მომენტში, აგრეთვე თავი მოიკატუნა ორიოდე ადგილას და მოიტყუა მხოლოდ ერთხელ.   

ჯერ ტყუილის შესახებ: ელჩმა აღნიშნა რომ თურქეთის მთავრობის წევრები მას ხანდახან ეკითხებიან თუ რატომ ზრუნავს ის ასე თავგამოდებით საქართველოზე. თუ ეს გამოსვლა რაიმეს მაჩვენებელია არის ის, რომ ელჩი ზრუნავს არა საქართველოზე, არამედ თურქეთის ინტერესებზე, რაც სხვათა შორის, არის მისი ძირითადი და ერთადერთი მოვალეობა და რასაც, როგორც ჩანს, ძალიანაც წარმატებით ართმევს თავს. აღსანიშნავია, რომ ელჩი ამ კონფერენციაზე მოვიდა არა თურქეთის რესპუბლიკის, არამედ თურქეთის კერძო კომპანიის ინტერესების დასაცავად, მაგრამ ამ კერძო კომპანიის ინტერესებს იგი სიტყვაში ხშირად აიგივებდა როგორც თურქეთის რესპუბლიკის, ასევე საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებთან.   

ელჩმა აღნიშნა, რომ ნამახვანჰესის გარშემო პროტესტი შეამჩნია გასულ შემოდგომას, როდესაც ხალხმა იქ პროტესტის ნიშნად ჯვარი აღმართეს. მან თქვა რომ ვერ გაიგო ზუსტად ეს რას ნიშნავდა, მაგრამ ამის გამო „შეძრწუნდა“ (disturbed) (ჩანაწერის 27-ე წუთი). მან თქვა, რომ ეს ნამახვანჰესი ითვალისწინებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის (critical infrastructure) პროექტს, რომელიც აუცილებელია „ენერგიული უშიშროებისთვის“ (energy security), თუმცა მისი მონოლოგის კონტექსტიდან გაუგებარი იყო საქართველოს უშიშროებაზე საუბრობდა იგი თუ თურქეთისაზე. შემდეგ, ელჩის თანახმად, ეს პროექტი კეთდება მხოლოდ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობა არის პასუხისმგებელი ამ ინტერესების შეფასებაზე (ჩანაწერის 30-ე წუთი). 

ელჩმა თქვა, რომ ნამახვანჰესის პროექტის გარშემო ერთმანეთს დაუკავშირდა შემდეგი ეროვნული მნიშვნელობის სფეროები: „ენერგიული უშიშროება,“ „კრიტიკული ინფრასტრუქტურა,“ და „ინფორმაციული უშიშროება.“ აქ ელჩის ინგლისურმა აურია, რამეთუ როგორღაც ერთმანეთთან გააიგივა ენკას, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ინტერესები (33-36-ე წუთები). შემდეგ მან სიტყვაში შემოიტანა „გამძლეობის“ (resiliency) კონცეფცია, მაგრამ „ენერგიის“ ან „უშიშროების“ კონცეფციის მაგივრად ის დაუკავშირა ინფორმაციას. ფაქტიურად უსაყვედურა საქართველოს მთავრობას „ინფორმაციული გამძლეობა“ არ გივარგათო, თუმცა აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მცდელობა ამ მიმართულებით       

ეს კონცეფციები რაც თურქეთის ელჩმა თავის სიტყვაში გამოიყენა ამჟამად ხშირად გამოიყენება დასავლეთის, კერძოდ შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების დოკუმენტებში და მეცნიერულ ლიტერატურაში. ზოგადად, თანამედროვე ქვეყნების მიზანია საერთაშორისო სისტემაში გამძლეობის მიღწევა, რასაც ემსახურება კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამყარება. ენერგო უშიშროება, რაც სხვასთან ერთად ითვალისწინებს ელქტროენერგიის წარმოებასა და გადაცემას, არის კრიტიკული ინფრასტრუქტურის და ნაწილი. ელექტროენერგო სისტემის გარდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის სექტორებია: კომუნიკაცია, ინტერნეტი, კიბერნეტიკული უსაფრთხოება, საინფორმაციო ტექნოლოგია, სასმელი წყალი და წყლით მომარაგება, ენერგიის სხვა წყაროები (გაზი, ნავთობი, ატომური და მისთ.), ჯანმრთელობის სისტემა, ტრანსპორტი, მომარაგების ქსელი, და საბანკო და ფინანსური სისტემა. გამძლეობის (resiliency) კონცეფცია უკავშირდება ყველა ამ სექტორს და ის ძირითადად გულისხმობს ფიზიკურ და კომპლექსურ გამძლეობას, ხოლო რაც შეეხება ინფორმაციის გამძლეობას ის დაკავშირებულია არა მთავრობის მიერ პოლიტიკური დისკუსიების კონტროლთან, არამედ ინფორმაციის გადამტანი ტექნოლოგიების (რადიო, ტელე, საკაბელო, სამხედრო მოხმარების, სატელიტური და ა.შ.) და ინფრასტრუქტურის უშიშროებასთან. (ვისაც აინტერესებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, ეს არის ინგლისურენოვან ქვეყნებში გამოცემული საუკეთესო წიგნი-სახელმძღვანელო).

რაც მთავარია, მაგალითისთვის, შეერთებულ შტატებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის არცერთი სფერო არ არის უცხოელთა კონტროლის ქვეშ. კრიტიკული ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი არის კერძო კომპანიების ხელში, მაგრამ ყველა მათგანი არის ამერიკული კომპანია. ეს არის ძირითადი პირობა ამ კრიტიკულ სექტორთა გამძლეობის გარანტირებისა. ანალოგიური სიტუაციია თავად თურქეთში, თუმცა იქ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიდ ნაწილს რესპუბლიკის მთავრობა აკონტროლებს. ზოგიერთ ქვეყანაში აგროსამრეწველო მიწა და მტკნარი წყალი (მდინარეები და ტბები) აგრეთვე კრიტიკულად არის მიჩნეული, მაგალითად კანადაში, სადაც მხოლოდ მოქალაქეს ან მუდმივ მაცხოვრებელს შეუძლია აგროსამრეწველო მიწის შეძენა, ხოლო მტკნარი წყლის ექსპორტი მილსადენით აკრძალულია. საინტერესო ფაქტია, რომ შეერთებულ შტატებში აგროსამრეწველო მიწის ყველაზე დიდი მფლობელი ამჟამად არის ბილ გეიტსი, მაიკროსოფტის დამაარსებელი.  

შედარებისთვის, ნამახვანჰესის პროექტი ითვალისწინებს დიდი რაოდენიბით მიწის, მდინარის და ელექტროენერგიის წარმოების საშუალების უცხო ქვეყნისთვის გადაცემას, რაც პირიქით ეწინააღმდეგება ყველა ამ სექტორის უშიშროებასა და ეროვნულ გამძლეობას. თანაც ეს ქვეყანა არის საქართველოს სტრატეგიული კონკურენტი. ელჩის მიერ გაზვიადება თურქეთის დემოკრატიული და პრო-დასავლური კრედენციალებისა ბევრს არაფერს ნიშნავს, რამეთუ ამის არავის სჯერა თურქეთის მთავრობის წევრებისა და მისი მომხრეების გარდა. თურქეთი ისეთივე ოლიგარქიული რესპუბლიკაა როგორც რუსეთი, სადაც დიდი ბიზნესი ქვეყნის მთავრობასთან ახლო კავშირშია და მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. მაგალითისთვის, ენკა ამჟამად მონაწილეობს დიდი ენერგოპროექტის განხორციელებაში ლიბიაში, სადაც თურქეთი რუსეთს ებრძვის სამოქალაქო ომის პირობებში იქ გრძელვადიანი გავლენის დამკვიდრებისთვის.

ენკასა და საქართველოს რესპუბლიკის ურთიერთდამოკიდებულებაში ეკონომიკური მასშტაბებიც არის გასათვალისწინებელი: თურქული ენკას წლიური საქონელბრუნვა (3.5 მილიარდი დოლარი) ბევრად არ ჩამოუვარდება საქართველოს ბიუჯეტს, კორპორაცია თავად 7.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო წლიური მოგება კი 500 მილიონ დოლარს აღწევს. ამ კორპორაციის საქართველოში დაკვიდრებით ფაქტიურად შეიქმნება სახელწიფო სახელმწიფოში, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერი მეზობელი სახელმწიფოს ინტერესებს მოემსახურება. ეს არც დაუმალავს თურქეთის ელჩს თავის გამოსვლაში: ამ კორპორაციაზე შეტევა (კორუფციის ბრალდებით), თურქეთის რესპუბლიკაზე შეტევა არისო, ვინაიდან ამ კორპორაციას თურქეთის დროშა უკავიაო (“there is no way we can tolerate this corruption… insinuations, let alone accusations, and that’s why I was clear about this on TV, very publicly, that whoever is talking about corruption, they have to prove it, otherwise I find it manipulation, distortion of facts, attack on the company [ENKA], and to the Turkish flag, which the company holds” (ჩანაწერის 37:50 – 38:15)).         

Converging Cultures, Uniting Goals: GE Works with ENKA to Power Turkey
Tagged , , , , , ,

რაც შეეხება ყარაბახის ომს

2020 წლის 14 ოქტომბერი

ყარაბახის ომისა და ზოგადად ამ ავტონომიური წარმონაქმნის საკითხი უკავშირდება რუსეთის სახელმწიფოსა და თურქეთს შორის ძალის ბალანსს. დიდი სახელმწიფოები ერთმანეთთან საკუთარ ძალებს აბალანსებენ რათა თავიდან აიცილონ დიდი ომი და ხანგრძლივი კონფლიქტი ერთმანეთს შორის. ბალანსის გამოძებნის პროცესი ერთგვარი ვაჭრობის სახეს ატარებს, ხოლო ვალუტა ანუ გაცვლითი საშუალება ამ ვაჭრობისას არის პატარა სახელმწიფოების ინტერესები და ხშირად მათი ტერიტორიაც. ბოლო 100 წლის განმავლობაში კავკასიაში ერთმანეთს ამგვარად  ძირითადად რუსეთი და თურქეთი აბალანსებენ, ხოლო მათ შორის ვაჭრობის საგანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელწიფო ინტერესები. ყარაბახის კონფლიქტიც, რომელსაც ამჯამად სრულფასოვანი ომის ფორმა აქვს, სწორედ ამ პროცესის გამოხატულებაა.  

1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მიხედვით საბჭოთა რევოლუციურმა რუსეთმა და ასევე რევოლუციურმა თურქეთის რესპუბლიკამ კავკასიის სამი ქვეყანა ერთმანეთში გაიყვეს არა მარტო როგორც გავლენის სფერო, არამედ ტერიტორიულადაც. ამის შედეგად, საქართველოსა და სომხეთის ისტორიული ტერიტორიის ნაწილი აღმოჩნდა თურქეთის მმართველობის ქვეშ. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მუსულმანებს მიეცათ ავტონომია აჭარაში — თურქეთის მოთხოვნით. ხოლო ტერიტორია მუსულმანური აზერბაიჯანის, რომელსაც რუსეთი თურქეთის ისტორიულ მოკავშირედა განიხილავდა დანაწილდა: ამ ქვეყანაში შეიქმნა მთიანი ყარაბახის ავტონომია სადაც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ სომხები — რუსეთის ისტორიული მოკავშირენი; ნახიჭევანის ავტონომია კი აზერბაიჯანისგან გაცალკევდა სომხეთის ტერიტორიით.  

1980-იანი წლების მიწურულს, კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დასუსტებისას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბრძოლა განახლდა სწორედ ყარაბახის ტერიტორიის კონტროლისთვის. კონფლიქტის ჩამოყალიბებას ჰქონდა საშინაო სახე საბჭოთა წყობის პირობებში, ე.ი. მის ჩამოყალიბებაზე და განვითარებაზე თურქეთს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს გავლენის საშუალება მაშინ არ ჰქონდა. ამგვარად, 1992 წლისთვის, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს დამოუკიდებლობა მიენიჭათ, ყარაბახისთვის ბრძოლას უკვე თითქმის გადაწყვეტილი მიმართულება ჰქონდა მიცემული: რუსეთის მხარდაჭერით სომხები ომს იგებდნენ. აზერბაიჯანული ნაციონალიზმის შიშით ირანმა მხარი სომხეთს დაუჭირა და ამ ვითარებაში თურქეთს მცირე შანსი ჰქონდა რამე შეეცვალა. სომხეთს აგრეთვე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია სომხურმა დიასპორამ და შეერთებულმა შტატებმა.

მიუხედავად ამისა, თურქეთის პრემიერ-მინისტრ თანსუ ჩილერის მთავრობას კავკასიის კიდევ ერთხელ გაყოფის შანსი გაუჩნდა 1993 წლის სექტემბრის ბოლოს. მაშინ მოსკოვში რუსეთის ვიცე-პრეზიდენტმა პარლამენტის მხარდაჭერით სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ეცადა რუსეთის პრეზიდენტის თავიდან მოშორების მიზნით. რუსლან ხაზბულატოვი, რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარე და აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით იყო ჩეჩენი და ნომინალურად მუსულმანი, და მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთის მთავრობა იმედოვნებდა კიდევ ერთი ყარსის მსგავსი ხელშეკრულების მიღწევას მოსკოვთან. ამისთვის, თურქეთმა შეიარაღებული ძალები მოამზადა საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიაზე ჯარის შემოსაყვანად. ეს იყო აგრეთვე აფხაზეთის ომის ბოლო დღეების პერიოდი — სოხუმი დაეცა 27 სექტემბერს. მაგრამ კავკასიის გაყოფის საკითხი ანკარასთვის მალევე დაიხურა: 1993 წლის 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა მოწინააღმდეგენი დაამარცხა შეიარარებული ძალების დახმარებით და ყარაბახის გარშემ, სტატუს ქვო აღსდგა, ხოლო აფხაზეთი დარჩა რუსეთის კონტროლის ქვეშ. საქართველო იძულებული გახდა შეერთებოდა რუსეთის მიერ კონტროლირებად პოსტ-საბჭოთა თანამეგობრობას, რის შემდეგაც უფრო იოლი გახდა სომხეთის დახმარება ყარაბახისთვის ბრძოლაში: 1994 წლის 16 მაისს ომი დასრულდა სომხეთის გამარჯვებით და მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა არა მარტო მთიანი ყარაბახის ტერიტორია, არამედ მისი შემოგარენი აზერბაიჯანის ნაწილიც, რამაც აზერბაიჯანის საერთო ტერიტორიის დაახლოებით 25% შეადგინა. დაახლოებით 1 მილიონამდე აზერბაიჯანელს ოკუპირებული ტერიტორიის მიტოვება და სხვაგან გადასახლება მოუწია.

მოკლედ, პოსტ-საბჭოთა კავკასიაში გაბატონებული პოზიცია შეინარჩუნა რუსეთმა, თურქეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ანკარასთვის ორიოდე მცირე გამარჯვება იყო 1999 წლის ისტამბულის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ჯარს მოუწია საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიის დატოვება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლის მიღწევაშიც თურქეთს ძალზედ დაეხმარა შეერთებული შტატების მხარდაჭერა. მეორე მხრივ, რუსეთსა და თურქეთს კავასიაში აღმოაჩნდათ საერთო ინტერესები: შავი ზღვის რეგიონზე ორმხრივი კონტროლის შენარჩუნება, შეერთებული შტატებისთვის რეგიონში შემოსვლის ხელშეშლა, კავკასიის ქვეყნების დაკნინებულ მდგომარეობაში დატოვება და ენერგორესურსებით ვაჭრობაში თანამშრომლობა. მომავალი თანამშრომლობისა და ძალთა ბალანსის გრძევლადიანი შენარჩუნების მიზნით, ანკარა მოსკოვს (თბილისის მონაწილეობით) ჩეჩნეთის ომის დამთავრებაში დაეხმარა და ერაყში შეერთებული შტატების მიერ წამოწყებული ომის პირობებში (ორივე წინააღმდეგი იყო ამ ომისა) ამით ორი ქვეყანა თითქოს-და უფრო დაუახლოვდა ერთმანეთს.

მაგრამ რუსეთსა და თურქეთს შორის თაფლობის პერიოდმა დიდხანს ვერ გასტანა. მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა სირიის ომში რუსეთის ჩართვის შემდეგ: იქ თურქეთის მიზანი იყო ასადის რეჟიმის ჩამოგდება, ხოლო რუსეთისა კი მისი გადარჩენა. ამასთან, თურქეთი ფაქტიურად აღმოჩნდა საბრძოლოდ განწყობილი რუსის ჯარით გარშემორტყმული: კავკასიაში რუსეთმა დააბინავა ქვეითი ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილები სატელიტური რეჟიმების შექმნით ცხინვალსა და სოხუმში. ეს დაემატა რუსეთის ჯარის ნაწილს სომხეთში. შავი ზღვის ფლოტისა და კასპიის ზღვის ფლოტილიის გამოყენებით საქართველოსთან (2008), უკრაინასთან (2014) და სირიასთან (2015) ომებში, რუსეთმა აჩვენა რომ ამ ძალებს ეფექტურად შეუძლიათ თავდასხმა თურქეთის მთელ ტერიტორიაზე. მოსკოვმა მცოცავი ოკუპაციით, რასაც საქართველოში ბორდერიზაციას უწოდებენ, აჩვენა საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ხოლო სირიაში კი შეავიწროვა და შემდეგ დაამარცხა თურქეთის მოკავშირე ძალები.

სირიის საკითხზე შერიგების შემდეგ, რუსეთმა და თურქეთმა საპირისპირო პოზიციები დაიკავეს ლიბიის სამოქალაქო ომშიც: მოსკოვი მიემხრო ტობრუკის მთავრობას, ხოლო თურქეთი კი ტრიპოლისას. რუსეთის მოკავშირენი ქვეყნის უფრო დიდი ტერიტორიას აკონტროლებენ, ე.ი. უფრო მეტ ნავთობის საბადოებსაც ფლობენ. რუსეთის ინტერესები ლიბიაში 1970-იან წლებიდან იწყება, როდესაც მაშინდელმა დიქტატორმა სოციალისტური ორიენტაცია გამოაცხადა და მოსკოვთან მოკავშირეობა დაიწყო. 2011 წელს მოკლული დიქტატორის, მუამერ გადაფის ყოფილი ოფიცრები ახლა ტობრუკის მთავრობას ემსახურებიან. თურქებს კი ოტომანების იმპერიის დროინდელი კავშირი აქვს ლიბიასთან, რომელიც 16-ე საუკუნეში დაიწყო.      

მოკლედ, რუსეთი და თურქეთი აგრძელებენ ძალისმიერი თამაშით ერთმანეთის ბალანსს, მაგრამ ამ პროცესში ანკარა უფრო აგებს ვიდრე იგებს, რაც ლოგიკურია მოსკოვისთვის რადგან მათი შეხედულებით თურქეთი ნაკლებად ძლიერი ქვეყანაა და მისი გავლენად უფრო მცირე უნდა იყოს. მაგრამ თურქეთის ხელისუფლება ანალოგიურად არ ფიქრობს და ცდილობს საერთაშორისო გავლენა შეინარჩუნოს. ამ დროს, ანკარის ლობირება არ შეუწყვეტია აზერბაიჯანის მთავრობას რომელსაც სურს ყარაბახის საკითხის გადაწყვეტა ერთხელ და სამუდამოდ. ოფიციალურმა ბაქომ წლების განმავლობაში ნაყოფიერად იმუშავა შეერთებულ შტატებსა და რუსეთშიც, ხოლო სომხეთში კი ბოლო 10 წლის განმავლობაში იმატა ანტი-რუსულმა ვნებებმა. მსოფლიოს ყურადღება ძირითადად პანდემიით არის დაკავებული, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია მეტად პოლარიზებული პოლიტიკური კლიმატის პირობებში, ხოლო პრეზიდენტ ტრამპს ისედაც არ აწუხებს შორეული კავკასიის საკითხები. ანკარის გადმოსახედიდან ეს ყველაფერი კარგ კლიმატს ქმნის ყარაბახში ომის განახლებისთვის — არ იქნებოდა ცუდი რუსთა მოკავშირეებისთვის ცოტა ჭკუის სწავლება.

მოსკოვისთვის კი ომი ტრაგედია არ არის — სხვა რომ არაფერი, ანტი-რუსულ გრძნობებს მაინც შეამცირებს სომხეთში. შემდეგ, შეასუსტებს სომხეთს და უფრო რუსეთზე დამოკიდებულს გახდის მასს. რუსეთისთვის სულერთია თუ ყარაბახის რამდენ პროცენტს აკონტროლებს სომხეთი და რამდენს აზერბაიჯანი, მთავარია ვინმე რუსეთის ინტერესების მტკიცე მომხრე იყოს კავკასიაში. სომხეთს ისედაც არა აქვს რუსეთს იქეთ გზა და ეს იმ დროს, როდესაც სომხეთში ამბობენ რომ ყარაბახში ერი თვითგადარჩენისთვის იბრძვის. შემდეგ, მოსკოვში იციან, რომ არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს არ გააჩნია რესურსი ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე თუ არა სომხეთი მაინც რუსეთის მომარაგებაზე იქნება დამოკიდებული, ხოლო აზერბაიჯანი კი სავარაუდოდ თურქეთისაზე, რაც ომის გახანგრძლივების შემთხვევაში თურქეთს ნამდვილად არ გაამდიდრებს. ბოლოს, მოსკოვი არ ელის აზერბაიჯანის მტკიცე და საბოლოო გამარჯვებას, რამეთუ ბაქოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთა ძირითადი ნაწილი არაკომპეტენტურია სომხურ გენერალიტეტთან შედარებით.

რაც შეეხება საქართველოს, ყარაბახის ომმა მისთვის გარკვეულად დადებითი როლი ითამაშა. ამ ომმა ხელი შეუშალა რუსეთსა და თურქეთს კიდევ ერთხელ გაეყოთ კავკასია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. აგრეთვე, ყარაბახის ომმა მნიშვნელოვნად დააწყნარა და პოლიტიკურ ჩარჩოებში მოაქცია სომხური და აზერბაიჯანული სეპარატიზმის ტენდენციები საქართველოში. ამ ომის გამო საქართველოს სტრატეგიული მნიშნელობა გაიზარდა როგორც სომხეთის ასევე აზერბაიჯანისთვის. და ბოლოს, ამ კონფლიქტის შედეგად ბევრმა საერთაშორისო ერთეულმა თბილისში დაიდო ბინა რამეთუ ასე კავშირი კავკასიის სამივე ქვეყანასთან უფრო ადვილია.

რუქა: BBC <https://www.bbc.com/news/world-europe-54483963&gt;

Tagged , , , ,

კორონა ვირუსი: გავრცელება და მკურნალობის გზები

Image result for coronavirus

18 მარტი 2020 წელი

იაპონური წარმოების წამალი, ავიგანი (Avigan), ასევე ცნობილი როგორც ფავიპარავირი, ფავილავირი, ან T-705, ეფექტური გამოდგა კორონა ვირუსთან ბრძოლაში ჩინეთში. კლინიკური ცდების შედეგად ავიგანმა პაციენტების 91%-ს დაეხმარა ფილტვების მუშაობის გაუმჯობესებაში და გამოჯანმრთელების ვადა შეამცირა 11-დან 4 დღემდე. ავიგანი ანტი-ვირუსული წამალია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოუყენებიათ სხვადასხვა საშიში ვირუსების წინააღმდეგ. მეორე გზა კორონა ვირუსთან საბრძოლველად არის აცრა: ახალი ვაქცინის პირველი ცდა 16 მარტს დაიწყო შეერთებულ შტატებში. დიდ ბრიტანეთში სხვა პრეპარატის ცდას დაიწყებენ აპრილში. ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, კორონა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტური აცრის საშუალება ერთ წელიწადში იქნება მზად.

მეშვიდე გვირგვინისებური ვირუსი, როგორც ცნობილია, პირველად 2019 დეკემბერში გამოჩნდა ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ვუჰანში. ჩინეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავიდან ვირუსის მიჩქმალვა ეცადა, ხოლო ხიფათის გაცნობიერების შემდეგ უამრავი რესურსი მოახმარა მისი გავრცელების შეჩერებასა და მოხმარებას. მაგრამ ამ დროისთვის ვირუსი გავრცელდა ტაივანში, სამხრეთ კორეაში, ირანში, იტალიაში და შემდეგ ბევრ სხვა ქვეყანაში.

ყველაზე ეფექტური საშუალება ვირუსის კონტროლის ქვეშ აყვანისთვის გამოიყენეს ტაივანსა და სამხრეთ კორეაში. ამ ორ ქვეყანის წარმატებას ხელი შეუწყო ორმა მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: მათ აქვთ ეპიდემიასთან ბრძოლის გენერალური გეგმა (სტრატეგია) და ეროვნული (საჯარო) ჯანმრთელობის დაცვის სისტემა. გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსახლეობისთვის ანალიზების აღების სწრაფმა და მასობრივმა ორგანიზებამ. შემდეგ ამას მოჰყვა დაავადებულების საავადმყოფოებში გადაყვანა და მკურნალობა ანტი-ვირუსული პრეპარატებით. აგრეთვე მეთვალყურეობაში აიყვანეს ის ხალხი ვისაც ვირუსი ყველაზე ძალიან ვნებს: მოხუცებულები და სუსტი იმუნური სისტემის მქონი ადამიანები. ამ ორ ქვეყანას მოსახლოების მასობრივი კარანტინის ზომებისთვის არ მიუმართავს. შედეგად, ვირუსით სამხრეთ კორეაში დაავადებულთა შორის სიკვდილიანობამ შეადგინა დაახლოებით 0.7%. შედარებისთვის, ჩინეთში ეს ფაქტორი იყო დაახლოებით 3%.

ვირუსთან ბრძოლის სხვა მეთოდს მიმართეს იტალიაში, ესპანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში: მოსახლოების მასობრივი კარანტინი, მგზავრობის აკრძალვა, ეკონომკური საქმიანობის შეჩერება და საზღვრების დაკეტვა. როგორც ჩანს, ანალოგიურ ზომებს მიმართავენ საქართველოშიც. სამხრეთ კორეასთან შედარებით, იტალიაში დაავადებულთა შორის სიკვდილიანობამ შეადგინა 6%. შესაძლებელია, რომ სიკვდილიანობის დონე ანალოგიური იყოს იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მსგავს ზომებს მიმართავენ. იტალიაში არსებობს ჯანდაცვის ეროვნული სისტემა, მაგრამ იტალიელებს კორეელებისგან განსხვავებით არ გააჩნდათ ეპიდემიასთან ბრძოლის გენერალური გეგმა და იტალიის მთავრობა თავდაპირველად ვირუსის გავრცელებას სერიოზულად არც მოეკიდა.

შეერთებულ შტატებს არ გააჩნია არც ჯანდაცვის ეროვნული სისტემა და არც გენერალური გეგმა ეპიდემიასთან ბრძოლისა. მსგავსი სიტუაცია არსებობს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. ამასთან ერთად, ამჟამად არსებობს კომპეტენტური პოლიტიკური ხელმძღვანელობის დეფიციტი ფედერალურ მთავრობაში. შედეგად სხვადასხვა შტატში სხვადასხვა ზომებს მიმართავენ ვირუსთან საბრძოლველად: ზოგიერთ შტატში დახურეს ბევრი დაწესებულება და შეზღუდეს ეკონომიკური აქტივობა, სხვაგან კი ბევრი არაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი გავრცელდება არაერთგვაროვნად და პიკს მიაღწევს სხვადასხვა დროს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში და დროში გაწელავს კარანტინთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

კორონა ვირუსთან ბრძოლის მესამე გზა არის მოსახლოების მასთან ნელ-ნელა შეგუება ანუ ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავება. გასულ კვირას, ამ გზას მიმართა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, მაგრამ ამ კვირაში გეზი შეცვალეს რამეთუ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას. ამჟამად ბრიტანეთშიც განიხილავენ ეროვნული კარანტინის ზომებს. სავარაუდოდ, დედამიწის მოსახლოება ამ ვირუსის იმუნიტეტს გამოიმუშავებს თუ იგი შეეყრება მოსახლეობის 60%-ს ანუ დაახლოების 4.2 მილიარდ ადამიანს. ყველა ქვეყანა ისე რომ იყოს მომზადებული როგორც სამხრეთ კორეა, კორონა ვირუსი იმსხვერპლებს დაახლოებით 29 მილიონ ადამიანს. მაგრამ უკვე აშკარაა რომ ქვეყნების უმეტესობა ისე არის მზად პანდემიისთვის როგორც იტალია, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს 210 მილიონი ადამიანის დაღუპვას.

შესაბამისად, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა ცდილობს ვირუსის გავრცელების შეკავებას, რათა მილიონობით ადამიანი არ დაიღუპოს ერთბაშად და დაავადებულთა უმეტესობა მოეწროს ვაქცინის დამზადებას. ეფექტური ვაქცინის მასობრივი წარმოება კი 2021 წლის ზაფხულისთვის არის ნავარაუდევი.

Tagged , , , , , , ,