ძლიერი სუსტი ქალი


სასტუმრო ოთახში ყველა ფანჯარა ფართოდ იყო გამოღებული. მიუხედავად ამისა, საღამოს მსუბუქი ნიავი ძლივს ახერხებდა დღის განმავლობაში დაგროვებული დახუთული ჰაერის გაგრილებას. არადა, მოსკოვში ახლა ნამდვილი ზამთარია! სიცივე, რომელიც ძვლებში ატანს! სალომე ვერაფრით მიეჩვია იმ აზრს, რომ რუსეთის დედაქალაქთან შედარებით, თბილისში ამ დროს სრულიად საპირისპირო ამინდია. თითქოს არც ისეთი შორეული ქვეყანაა რუსეთი… აგერა არის, ა! ყურის ძირში. ბოლოს და ბოლოს, მეზობლად ითვლება!

რა საოცარი თვეა მარტი. ჯერ კიდევ ორი დღის წინ აქაც რუსული თებერვლის სუსხი იგრძნობოდა, დღეს კი ისე გამოიდარა, მცხუნვარე მზის სითბო დილიდან მოყოლებული უხურებდა სხეულს. მზეც კი კეთილშობილია საქართველოში, საოცარი ფერადი სითბოთი იღვრება დედამიწაზე.

რა საოცარი თვეა მარტი. ჯერ კიდევ ორი დღის წინ აქაც რუსული თებერვლის სუსხი იგრძნობოდა, დღეს კი ისე გამოიდარა, მცხუნვარე მზის სითბო დილიდან მოყოლებული უხურებდა სხეულს. მზეც კი კეთილშობილია საქართველოში, საოცარი ფერადი სითბოთი იღვრება დედამიწაზე.

რა საოცარი თვეა მარტი. ჯერ კიდევ ორი დღის წინ აქაც რუსული თებერვლის სუსხი იგრძნობოდა, დღეს კი ისე გამოიდარა, მცხუნვარე მზის სითბო დილიდან მოყოლებული უხურებდა სხეულს. მზეც კი კეთილშობილია საქართველოში, საოცარი ფერადი სითბოთი იღვრება დედამიწაზე.

რამდენი წელია, აქ არ ყოფილა! როგორ მონატრებია მშობლიური ქალაქი! თითქოს წყურვილს იკლავდა, როცა ჩამოფრენის დღეს, აქაურ, წვიმით გაჟღენთილ ჰაერს ისრუტავდა. ასეთი შეგრძნება მხოლოდ ახალგაზრდობაში ეუფლებათ ადამიანებს, როგორც არ უნდა გტკიოდეს სული, მაინც გიხარია რაღაც, უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით ივსები. მონატრებულ გარემოს და მონატრებულ ადამიანებს ძალუძთ, აგაღელვონ, გაგახარონ, ბედნიერება განგაცდევინონ. აქ ყველაფერი უჩვეულოდ ლამაზი ეჩვენებოდა სალომეს, მის განცდებში რაღაც ჯადოსნური, იდუმალი იღვრებოდა, ენით უთქმელი, სიტყვებით აუწერელი… ვერ გაეგო, საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი და სწორედ ეს აღელვებდა ყველაზე უცნაურად.

ახლაც, ღვინით სავსე ბოკალი დაუჭერია, დგას მარინა მამიდის გვერდით და ღიმილით ესალმება ყველა შემოსულ სტუმარს. მარინა მამიდას უყვარს მსგავსი საღამოების გამართვა. მისი სახლი სტუმრიანობით განთქმულია მთელ თბილისში. ამჯერად კარგი მიზეზიც გამოუჩნდა _ ძმისშვილი ჩამოუვიდა მოსკოვიდან, დიდი ხნის უნახავი ძმისშვილი. ულამაზესი სალი, რომელიც სამი წლიდან მასთან იზრდებოდა და რომელსაც შვილივით უვლიდა.

სალი ყველას ესალმებოდა, თავს უქნევდა და იღიმოდა. თან ახალი შთაბეჭდილებებით ივსებოდა. არა, რაც მართალია, მართალია, სულ სხვანაირი ხალხი ვართ ქართველები, სხვანაირი სითბოთი აღვსილები. აბა, სხვაგან სად შეგხვდებიან ასე ტკბილად, ასე აღფრთოვანებით?

მიუხედავად ამისა, მთელი საღამოს განმავლობაში დაძაბული იყო, თითქოს ვიღაცის თუ რაღაცის უჩვეულო მოლოდინი აეკვიატა… ჯერ კიდევ უჩინარის, შეუმჩნევლის, ამოუცნობის… სხვა ყველაფერი რატომღაც, მეორეხარისხოვანი გახდა მისთვის.

ბოლოს და ბოლოს, ამ «მოუხელთებელმა რაღაცამ» კონკრეტული ფორმა მიიღო და… ქალმა ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო.

ოდნავ შეაჟრჟოლა, მაგრამ არ შეიმჩნია. ღიმილი არ მოუშორებია სახიდან, ისე მოავლო თვალი უზარმაზარ ოთახს. ვერავინ დალანდა ისეთი, მისით ყოფილიყო დაინტერესებული. მერე შემთხვევით აივნისკენ მიატრიალა თავი და წამით გახევდა _ რიკულებიან მოაჯირს უცნობი მამაკაცი იდაყვით დაყრდნობოდა და სალომეს მრავლისმეტყველი მზერით მისჩერებოდა…

«ნეტავ ვინ არის? _ გაუელვა გონებაში, _ აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე?» წარბები ოდნავ შესამჩნევად შეარხია ქალმა და უხერხულობის დასაფარავად ღვინო მოსვა. მამაკაცს არაჩვეულებრივი თვალები ჰქონდა, ყველაზე საოცარი, რაც კი აქამდე უნახავს სალის, თითქოს ნაცრისფერი… არა, უფრო კვამლისფერი, ლურჯი ელფერით, ეს თვალები, რომელსაც ხშირი, აპრეხილი წამწამები გალავანივით ერტყა გარს, ყველაზე მომგებიანი ნაწილი იყო უცნობის სახეზე.

მამაკაცი ისე დაჟინებით მისჩერებოდა, სალიმ თავი კიდევ უფრო უხერხულად იგრძნო. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ხელები სად წაეღო. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, მამიდისკენ მიტრიალდა და რომ შეხედა, მიხვდა, მასაც არ დარჩენოდა შეუმჩნეველი სტუმრის დაინტერესებული მზერა. მარინა მამიდა ხან სალომეს გადახედავდა ღიმილით, ხანაც იმ უცნობ მამაკაცს.

_ იცი, ეს ვინ არის? ვაკოა, ღუდუშაური… _ თქვა მან, როცა სალის კითხვით სავსე მზერას წააწყდა, _ წამოდი, გაგაცნობ!

სალომემ უარის თქმაც ვერ მოასწრო, ისე წაავლო მამიდამ მაჯაში ხელი და აივნისკენ გაიყოლა. სანამ ქალები უცნობს მიუახლოვდებოდნენ, ეს უკანასკნელი წელში გაიმართა, თუმცა თვალი არ მოუცილებია ახალგაზრდა სალისთვის, რომელიც დაბნეული აფახულებდა წამწამებს.

ზესიმპათიური მამაკაცი საკმაოდ დაუდევრად იყო ჩაცმული _ ჯინსის შარვალზე ჯინსისავე პერანგი მოეცვა, რომელიც გულის კოვზამდე გაეღეღა. ყელზე ვერცხლის ჯაჭვი ეკიდა ვერცხლისავე ბოლნური ჯვრით, რაც მის დაკუნთულ სხეულს კიდევ უფრო მამაკაცურს ხდიდა. იგი ისე იყო გარუჯული, აშკარად ჩანდა, რომ დროის უმეტეს ნაწილს სახლის გარეთ ატარებდა. «საინტერესოა, ამ ზამთარს სად მოასწრო გარუჯვა?» _ გაიფიქრა სალომემ, _ «გუდაურში ბრძანდებოდა მისი აღმატებულება, თუ ბაკურიანში? სპორტსმენი ხომ არ არის შემთხვევით? თანაც, რა დაუდევრად აცვია?!»

და კიდევ… მომაჯადოებელთვალებიანი უცხო მამაკაცი მაღალიც იყო. მაღალიც არის და მაღალიც! ძალიან მაღალი გახლდათ. სალომეზე ორი თავით მაღალიც კი. თვითონაც არ უჩიოდა «უსიმაღლობას», მოდელის პარამეტრებით იწონებდა ყოველთვის თავს, მეტრი და სამოცდაცამეტი სანტიმეტრი იყო, მაგრამ უცნობის აღნაგობამ, ცოტა არ იყოს, დათრგუნა. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო ხვდებოდა, უცნობი სვანური კოშკივით რომ გადმოჰყურებდა ზემოდან.

აუ, რა მაგარი კაცია! რამდენი ხანია, ასეთი თვალში მოსახვედრი მამაკაცური სილამაზე არ უნახავს სალის. ქერა, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ვარდისფერი, თითქოს «სპეცშეკვეთით» გამოყვანილი მგრძნობიარე ტუჩები, ფართო სახე, მაღალი შუბლი და… მისი აღნაგობისთვის თითქოს უჩვეულოდ პატარა ცხვირი… პატარა, მაგრამ მაინც ვაჟკაცური. «ნამდვილი კრასავჩიკია», _ დაასკვნა სალიმ და ახლოს მისულმა უკეთ შეისწავლა მისი თვალების ფერი. მოცისფრო-მოთაფლისფრო-მოლურჯო… უცნობის გუგები ყოველ მოძრაობაზე იცვლიდა ფერს. როგორი თავდაჯერებული ადამიანის გამოხედვა იგრძნობოდა ამ თვალებში! წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ არსად, არასდროს, არც ერთი ქალისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. ეს ადვილად იკითხებოდა უცნობის მზერაში.

_ სალომე, გაიცანი, ეს ვაკო ღუდუშაურია, ჩემი კეთილი მეგობარი და ოქროს ხელების პატრონი. არ ვიცი, რა მეშველებოდა მის გარეშე. ჩემი მარჯვენაა. ვაკო, ეს მომხიბვლელი ქალბატონი კი ჩემი ძმისშვილია, სალომე კვერნაძე.

_ მიხარია თქვენი გაცნობა, სალი, _ მომნუსხველი ღიმილით აღნიშნა ვაკომ.

«სალი» მაშინვე ყურში მოხვდა ქალს. ასე მხოლოდ შინაურები მიმართავდნენ. უცნობები ან ახალგაცნობილები უცებ ვერ უთამამდებოდნენ. ამან კი ისე შინაურულად დაუძახა, თითქოს ბავშვობიდან იცნობსო. ერთი ამას დამიხედეთ! ჰგონია, რადგან ლამაზია, ყველაფრის უფლება აქვს? _ კოპები შეკრა სალომემ, თუმცა მამაკაცის გამოწვდილ მარჯვენას მაინც შეაგება თავისი ნაზი, წვრილი თითები.

ნაცრისფერი თვალები კიდევ ერთხელ დააშტერდა ქალს დაჟინებით და მერე ნელ-ნელა, ჯიუტად ჩააღწია სალის სულის სიღრმემდე, თითქოს ამ სულის ამოფურცვლა აქვს განზრახულიო… ქალმა თვალებიდან მზერა შეუმჩნევლად გადაიტანა უცნობის ხელებზე… არა უშავს, მშვენივრად მოვლილი თითები ჰქონია, კოხტად წაჭრილი ფრჩხილებით… ძლიერი მაჯა, ფართო ხელისგული… ასეთი ხელები ფიზიკური მუშაობისთვის უფრო გამოდგება, ვიდრე ქალის ალერსისთვის. ამის გაფიქრებაზე ღიმილი ძლივს შეიკავა და მაქსიმალურად შეეცადა, სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება.

ვაკომ ორაზროვნად გაიღიმა, თითქოს ქალის ნაფიქრს ჩაწვდაო. სისულელეა! არავის შეუძლია ზუსტად გაიგოს, რაზე ფიქრობს მეორე ადამიანი. თუმცა… ეს კაცი ისეთი ადამიანის შთაბეჭილებას ტოვებდა, ვისაც სხვების აზრების გამოცნობა ადვილად შეუძლია. «ამას, როგორც ჩანს, უყვარს ქალებზე შთაბეჭდილების მოხდენა, მაგრამ ჩემთან ეს არ გამოუვა… არ გაგიმართლა, სიმპათიურო, შენ ჩემთვის ისევე უინტერესო ხარ, როგორც ყველა სხვა მამაკაცი. ამიტომ ნურაფრის იმედი ნუ გექნება», _ ფიქრებში გამოელაპარაკა სალომე მამაკაცს და ჯიბრიანი მზერა ესროლა.

ამისთვის არ ჩამოსულა თბილისში. მთელი ცხოვრება ეყოფა, რა ტანჯვაც გადაიტანა ბოლო წლებში. სულაც არ სურს, კიდევ ერთხელ ეტკინოს გული. შეცდომას აღარ გაიმეორებს. რაც უნდა ეცადოს მამიდამისი, მაინც არ გამოუვა მაჭანკლობა. სალისგან დიდი იმედგაცრუება მოელის.

_ ცოტა ხნით დაგტოვებთ, ბავშვებო. წავალ, სტუმრებს მივხედავ. თქვენ კი უფრო ახლოს გაიცანით ერთმანეთი, _ რომ იტყვიან, სიცოცხლით სავსე ღიმილი ესროლა მარინამ ორივეს და ოთახში შებრუნდა.

მარინა მამიდა საცაა, სამოცს მიუკაკუნებს. მაღალი, წელწვრილი, თეძოგანიერი ქალი, თავის ასაკთან შედარებით, ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. ათი წელია, რაც დაქვრივდა, მაგრამ ხელმეორედ გათხოვებაზე არასდროს კრინტი არ დასცდენია. უკვირდა სალის, როგორ ტოვებდნენ მამაკაცები ასეთ ქალს უყურადღებოდ. მით უმეტეს, მას შვილები არ ჰყავდა. მისი ერთადერთი «ნათელი წერტილი» სალომე იყო, მხოლოდ მასზე ამყარებდა იმედებს.

სალომეს მამაც ადრე დაქვრივდა, როცა გოგონას სამი წელი შეუსრულდა. დედას სიმსივნე აღმოაჩნდა და ექვს თვეში მოუღო ბოლო. მარინამ იკისრა მისი გაზრდა, ყველანაირად ხელს უწყობდა ძმას, გვერდიდან არ შორდებოდა. შალვაზე ისე იმოქმედა ცოლის სიკვდილმა, დიდხანს ვეღარ გაძლო საქართველოში და საბერძნეთში გადაიხვეწა. იქიდან უმართავდა ხელს დასა და ქალიშვილს. ამასობაში სალიც წამოიზარდა. შემდეგ მამაც ჩამოვიდა. მეორე ცოლი შეირთო… კარგი ქალი გამოდგა მედეა, გულით შეიყვარა დაობლებული გოგონა. სალიმაც ადვილად გაუგო დედინაცვალს. მედეა მარინასაც ძალიან დაუახლოვდა. საოცრად კარგი ურთიერთობა დამყარდა რძალსა და მულს შორის. მერე პატარა ოთარი გაჩნდა, უმცროსი ძმა… ნახევარძმა. ისიც შეუყვარდა სალის, თანაც ძალიან. ამასობაში სკოლა დაამთავრა, უნივერსიტეტში ჩააბარა. მარინაც გათხოვდა… შემდეგ…

ბევრი რამ იყო შემდეგ, ახლა არ სურს სალის ამის გახსენება. განსაკუთრებით ბოლოს მომხდარი ამბების შემდეგ. მამაც აღარ ჰყავს, ექვსი წელია უკვე. მისთვის ახლა მთავარი ის არის, რომ თბილისშია და არა მოსკოვში. ბედნიერებაა, როცა ნერვებს ქმარს არ აჭმევინებს. როგორ გაუმწარა ცხოვრება! როცა მიხვდა, რომ ასეთ ყოფას ვერ გაუძლებდა, მედეას დაურეკა და ამცნო თავისი განზრახვის შესახებ. იმანაც, რადგან მარტო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაშინვე მარინას დაურეკა, როგორ მოვიქცეთო. ამ უკანასკნელმა კი, არც აცია, არც აცხელა, სასწრაფოდ გადაუგზავნა სალის ფული და ჩემთან ჩამოდიო, შეუთვალა.

ჰოდა, ახლა აქ არის, თავის გამზრდელ მამიდასთან. არა, განა არ მიიღებდა მედეა, მაგრამ გოგონას მამიდასთან ყოფნა ერჩივნა. მას შვილი არ ჰყავს, არც ქმარი. მარტოხელაა. ყველაფერი სალისთვის უნდა, სიყვარულიც, ქონებაც და სითბოც. დარჩენილი ცხოვრებაც მას უნდა მიუძღვნას. მედეას კი ოთარი ჰყავს, თავისი საზრუნავი აქვს. რატომ უნდა დაამძიმოს თავისი არსებობით?

_ აბა! როგორ მოგწონთ დღევანდელი საღამო? _ ვაკოს ხმა იმდენად ღრმა და გულშიჩამწვდომი აღმოჩნდა, სალის ძვლებამდე დაუარა ჟრუანტელმა. თითქოს მისი სხეული გიტარის სიმები ყოფილიყო, რომელსაც მოულოდნელად შეახეს ხელი.

ახალგაცნობილის აგრესიული მგრძნობელობა იმდენად არასასიამოვნო და მიუღებელი იყო სალისთვის, გაქცევა მოუნდა.

_ ძალიან მომწონს, თუმცა ხალხმრავლობა დიდად არ მიტაცებს, _ როგორც იქნა, ხმა ამოიღო, _ მამიდას უყვარს, როცა მის გარშემო სტუმრები ტრიალებენ, ხალისობენ, ქეიფობენ, მე კი… მე სიწყნარეს ვარ მიჩვეული. ასეთ საღამოებს გადამაჩვიეს.

_ ამინდის ასეთი ცვალებადობა არ გაღიზიანებთ? _ მამაკაცი კვლავ მოაჯირს დაეყრდნო, ოდნავ გვერდზე შეტრიალდა, ცალი ფეხი რიკულზე შემოდო და სალის მიაჩერდა.

მისი ეს პოზა აშკარად მეტყველებდა, რომ ვაკო ძალზე თავმომწონე ადამიანი გახლდათ.

_ არა, არ მაღიზიანებს. პირიქით, ისე მიხარია, თბილისში რომ ჩამოვედი, ყველაფერი ზომაზე მეტად კარგი მეჩვენება. მათ შორის, ამინდის ასეთი ცვალებადობაც.

_ სამაგიეროდ, ჩემზე ძალიან მოქმედებს.

_ არა უშავს, კიდევ რამდენიმე დღე და ისე დაცხება, სიგრილე სანატრელი გაგიხდებათ, _ შესცინა სალიმ.

მამაკაცმა ცალი თვალი მოჭუტა და გამომცდელად ამოხედა ქვემოდან.

_ თქვენი კანი ჰოლანდიურ ვარდებს მაგონებს, _ თქვა უეცრად.

სალომეს ღაწვები შეეფაკლა. თან ესიამოვნა ქათიანური, თან გაღიზიანდა, ძალზე ბანალური შედარება გამოუვიდა უცნობს.

_ დარწმუნებული ვარ, ამას ყველა ქალს ეუბნებით, _ ირონიულად შენიშნა.

_ ყველას არა. პირდაპირობა მიყვარს. ასეთ რამეებს მხოლოდ მაშინ ვამბობ, როცა სიმართლეა… როგორც ახლა მოხდა, თქვენს შემთხვევაში, _ მსუბუქად წარმოთქვა ვაკომ, წელში გაიმართა და საჩვენებელი თითი უეცრად სალის ლოყაზე ჩამოუსვა.

შეხება წამიერი იყო, მაგრამ გოგონას მოეჩვენა, თითქოს სახეზე ლითონის წაწვეტებულწვერიანი ნაჭერი ჩამოუსვესო და მკვეთრად შეაბრუნა თავი.

_ არ მოგეწონათ, რომ შეგეხეთ? _ უკმეხად იკითხა მამაკაცმა. როგორც ჩანს, იგი ამგვარ რეაქციებს მიჩვეული არ იყო.

_ თქვენ წარმოიდგინეთ, არა! _ სალიმ მის მზერას გაუძლო, მიუხედავად იმისა, რომ გულისცემამ უმატა და სახეზეც ეცვალა ფერი.

_ ვეცდები, მხედველობაში მივიღო ეს, _ თქვა ვაკომ, თუმცა, მისი უდარდელი ტონიდან გამომდინარე, ადამიანი მის სიტყვებს ვერ ენდობოდა, _ იცით? ძალიან ჰგავხართ მამიდათქვენს.

_ ვიცი. მამიდას უფრო ვგავარ, ვიდრე დედას. მისი თითქმის არაფერი გამომყვა.

_ მამას?

_ ცოტათი მამასაც ვგავარ, უფრო _ ხასიათით. გარეგნულად მხოლოდ კანის ფერი გამომყვა მამაჩემის და კიდევ… ცხვირის ფორმა.

_ ასეთი ლამაზი ცხვირი ჰქონდა მამათქვენს?

_ მამა უსიმპათიურესი მამაკაცი იყო.

_ ეჭვიც არ მეპარება. მარინა ახლაც ისეთი მომხიბვლელია… თქვენც მასსავით ტალღოვანი თმა გაქვთ, მასსავით ლურჯი თვალები, _ გააგრძელა ვაკომ, _ აი, ტუჩები კი… თქვენი ტუჩები ბევრად უფრო… როგორ გითხრათ, გამომხატველობითია…

_ ეგ როგორ გავიგო? _ კოპები შეკრა სალიმ.

_ მინდოდა მეთქვა, მგრძნობიარე-მეთქი, მაგრამ, რატომღაც, ვიფიქრე, რომ ეს არ მოგეწონებოდათ.

_ ასე თუ გააგრძელებთ, უდაოდ დიდ წარმატებებს მიაღწევთ, _ უკბინა გოგონამ.

_ რატომ ვერ იტანთ ასე ძალიან მამაკაცებს? რატომ უარყოფთ მათ, რა დაგიშავათ ასეთი?

_ ვინ გითხრათ, რომ ვერ ვიტან ან უარვყოფ? _ ცალი წარბი აზიდა ქალმა და უეცრად ისე დაიძაბა, სუნთქვა შეეკრა.

როგორც ჩანს, ახალ ნაცნობს ადამიანების სულში ჩაძვრომა ეხერხება. საიდან მოიტანა, ვინ უთხრა, რომ იგი მამაკაცებს გაურბის?

ვაკომ ნელა, ძალიან ნელა გაიღიმა… გაეწელა ღიმილი, მაგრამ ისე მოუხდა, სალიმ აღფრთოვანება ვერ დამალა. თანაც, როგორი თეთრი და ჩაწიკწიკებული კბილები ჰქონია? ახლა კიდევ უფრო სექსუალური გამოჩნდა.

_ არავის უთქვამს, ჩემით დავასკვენი. სახეზე გაწერიათ, რომ მამაკაცები არ გსიამოვნებთ. უყოყმანოდ ტოვებთ ასეთ შთაბეჭდილებას. თუ… ეს მხოლოდ მე ვარ თქვენთვის უსიამოვნო? რამე არ მოგწონთ ჩემში? ვინმემ ცუდად დამახასიათა?

_ როგორ გეკადრებათ! ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ, თქვენი არსებობაც კი არ ვიცოდი, _ გამომწვევად ესროლა სალომემ.

ესეც ასე! თუ კიდევ ეტყვის მსგავს რამეს, არც მაშინ დაუთმობს. ასეთ მამაკაცს სალი ვერასდროს ენდობა. თუმცა კი, ვერ იტყვის, რა აძლევს უნდობლობის მიზეზს, მაგრამ გული უგრძნობს, რომ არ ტყუვდება. ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს ღუდუშაურია, თუ ვიღაცა, ისეთი მამაკაცების რიცხვს ეკუთვნის, ქალებს თავიანთი მიზნებისთვის რომ იყენებენ, მერე კი თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე მიაგდებენ და წამითაც არ ინერვიულებენ მათ განცდებზე. ამაზე მისი გამბურღავი მზერაც მეტყველებს. როგორ უსირცხვილოდ მიშტერებია მკერდზე, თითქოს აქამდე არ ენახოს დეკოლტე! თავხედი!

_ გასაკვირი არაფერია. თქვენ აქ ახალი ჩიტი ხართ, თანაც _ ნამდვილი ფერია, მინდვრის ყვავილების დედოფალს მაგონებთ, _ ადვილად ჩაწვდა მის ფიქრებს მამაკაცი, _ გარდა ამისა, ვაფანატებ ქერათმიან ქალებს. თქვენ სრულებით აკმაყოფილებთ ჩემს გემოვნებას.

სალიმ კოპები შეკრა. კიდევ ერთხელ შეათვალიერა უტიფარი სტუმარი. შეიძლება მართალიც არის ეს კაცი, მისთვის მსგავსი რამ ხშირად უთქვამთ, მაგრამ თავად ძალიან კრიტიკულად იყო განწყობილი თავისი სილამაზის მიმართ. მას მიაჩნდა, რომ შუბლი ზომაზე მაღალი ჰქონდა, თვალები _ არა ისეთი, რომ იტყვიან, დიდრონიო, არამედ ძალიან ფართო, ისევე, როგორც პირი… ამიტომაც სიმპათიური მამაკაცის ყალბმა კომპლიმენტებმა არ დააკმაყოფილა.

_ ძალიან ბანალურია.

_ მართლა? რას იზამთ, მე ძველი ყაიდის კაცი ვარ. ამიტომაც არ მოგეწონეთ? თუ მართლა ვიღაცამ რაღაც გითხრათ ჩემზე?

_ რა სისულელეა, ხომ გითხარით, აქამდე თქვენი არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდი-მეთქი.

_ მაგრამ ახლა? როცა გაიგეთ, რომ ვარსებობ? _ ვაკომ წარბები აზიდა, თვალები კი ცნობისმოყვარეობით აენთო.

_ ვფიქრობ, თქვენთან კვლავ შეხვედრას არასდროს მოვისურვებ, _ გადამწყვეტი ფრაზა მოიშველია სალიმ და გულგრილი იერით აარიდა მზერა, _ მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. იმედია, ცუდად არ გამიგებთ…

თქვენც არ მომიკვდეთ! ვაკო ღუდუშაური სულაც არ აპირებდა მასთან დამშვიდობებას.

_ მაგრამ მე ჯერ არ დამიმთავრებია თქვენთან… _ ხმადაბლა შენიშნა მამაკაცმა და თითები იდაყვზე შეახო.

სალიმ მკაცრად დახედა მამაკაცის ხელს, სახე მოექუფრა, მერე კი თვალი თვალში გაუყარა და დაელოდა, სანამ ვაკო ხელს შეუშვებდა.

_ გმადლობთ, _ გადაჭარბებული თავაზიანობით წარმოთქვა ქალმა, _ რას ნიშნავს, «ჯერ არ დამიმთავრებია თქვენთან»? მე მგონი, არც არაფერი დაგვიწყია.

_ მარინას სურდა, ჩვენ მეგობრები გავმხდარიყავით, _ მან კვლავ გაწელილად გაიღიმა, _ არ იქნება ლამაზი, ასეთ ქალს იმედი გავუცრუოთ.

სალომეს თანდათან ბრაზი იპყრობდა.

_ მამიდას ბევრი რამ შეიძლება სურდეს და ეს მისი უფლებაა, მაგრამ მეგობრებს მე ჩემით ვირჩევ, სხვისი დახმარება არ მჭირდება. მას არ უნდა გაეკეთებინა ეს! ამის გამო აუცილებლად ვუსაყვედურებ. რა საჭირო იყო ამ საკითხის თქვენთან განხილვა?

_ მერედა, ვინ გითხრათ, რომ განიხილა?

_ მაშინ რატომ…

_ თქვენი მამიდა მიიჩნევს, რომ დროა, ცოლი შევირთო.

_ და იმასაც ამბობს, რომ ჩემთვისაც დროა, ახალი ქმარი ვიშოვო, არა? _ მშრალად დაამატა სალომემ.

მოულოდნელად ორივეს გაეცინა.

_ ჩემი აზრით, აჯობებს, ისეთი სახე მაინც მივიღოთ, ვითომ ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი, _ თითქოს შეთქმულებას აწყობსო, ნახევრად ჩურჩულით წარმოთქვა მამაკაცმა.

_ ამაში გეთანხმებით. მას ნამდვილად დაამშვიდებს ეს, _ დაეთანხმა გოგონა.

_ შემდეგში კი შეგვეძლება ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენ გაგვიხარდება.

_ ესე იგი, მხოლოდ ამ საღამოს?

ვაკომ თანხმობის ნიშნად, თვალები დახუჭა.

_ კარგი, ეგრე იყოს.

_ იქნებ ეზოში გაგვესეირნა? _ ჰკითხა მამაკაცმა და ქალს ხელი გაუწოდა.

წამიერი ყოყმანის შემდეგ, სალიმაც შეაგება ხელი. უეცრად მამიდას მოჰკრა თვალი, რომელიც, როგორც ჩანდა, ორივეს შორიდან ადევნებდა თვალს. ქალმა მოწონების ნიშნად თავი დაუქნია ძმისშვილს.

რამდენიმე წუთიც და ორივენი ეზოში აღმოჩნდნენ. ახლა ისინი მარტოხელა სულებივით იყვნენ, ღამის სიბნელეში ჩაკარგულნი. მათ ესმოდათ მუსიკა, ლაპარაკის ხმები და სიცილი, მაგრამ ვერავის ხედავდნენ და მათაც ვერ ხედავდა ვერავინ.

უეცრად ვაკო მოტრიალდა და სალი მკერდზე მიიხუტა. გაოგნებულმა გოგონამ, მისდა სამწუხაროდ, იგრძნო, როგორ გამოეპასუხა მისი სხეული მამაკაცის შეხებას. ქმართან დაშორების შემდეგ იგი შავი ჭირივით გაურბოდა მამაკაცებს. ახლა რაღა დაემართა? რას შეეძლო მსგავსი რეაქცია გამოეწვია?

ალბათ მისმა გარეგნობამ. რომელი ქალი არ ანერვიულდებოდა, ასეთ განუმეორებელ მამაკაცს იგი სხვა ქალებისგან გამოერჩია? მაგრამ თუ ამ კაცს ჰგონია, რომ სალი მას კოცნის ნებას დართავს, ძალიან მოტყუებულა. მერე რა, რომ ჯადოსნური მთვარიანი ღამეა, იდუმალებით და რომანტიკით სავსე. მერე რა, რომ თბილ ჰაერს ატმის ყვავილის სურნელი მოაქვს საიდანღაც და ხეხილითა და ყვავილებით სავსე ეს ეზო სწორედ რომ სიყვარულისთვის არის შექმნილი? უკაცრავად, მაგრამ არა სალომესთვის!

_ ეს რა, გაცნობის თბილისური წესია? _ ცივად იკითხა ქალმა და მამაკაცის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა, _ არ ვიცოდი, თუ აქ ნებისმიერი შემხვედრი მამაკაცის მკლავებში ჩავარდნა მომიწევდა.

_ დამნაშავე ვარ, _ ვაკომ ხელები ასწია დანებების ნიშნად, _ იქნებ, სადმე ჩამოვსხდეთ და თქვენი ისტორია მომიყვეთ?

_ რომელი ისტორია გაინტერესებთ? _ თმა გაისწორა სალიმ და ოდნავ წინ გადაუსწრო მამაკაცს.

_ რომელმა არანორმალურმა გადაწყვიტა, თქვენთვის ცხოვრება გაემწარებინა?

ამასობაში თუთის ხის ქვეშ დაჭედებულ მერხს მიუახლოვდნენ და ჩამოსხდნენ.

_ როგორც მახსოვს, თქვენ მითხარით, რომ არ გიჭორავიათ მამიდაჩემთან, _ შეახსენა სალომემ.

ვაკომ მხრები აიჩეჩა.

_ მარინა მოკრძალებული ადამიანია. მას სიტყვაც არ დაცდენია ჩემთან ამაზე. ეს, უბრალოდ, ლოგიკური ვარაუდია, რომელიც თქვენს ქმედებაზეა დაფუძნებული. კრეტინი უნდა იყოს მამაკაცი, თქვენისთანა არაჩვეულებრივი სილამაზის ქალთან ურთიერთობა გაწყვიტოს! არ მესმის, ასეთი რამ როგორ უნდა მოუვიდეს თავში ჭკუათმყოფელ ადამიანს!

სალომეს კვლავ ბრაზი მოერია. კიდევ ერთხელ უნდა ასწავლოს ჭკუა ამ თავხედს, სხვა გზა არ არის.

_ სხვათა შორის, მე მივატოვე ის და არა მან მე, _ ცივად თქვა.

კარგა ხანს არც ერთი ხმას არ იღებდა. ეზოს ამ კუთხეში ხმაური ნაკლებად აღწევდა, ამიტომაც სადღაც შორიდან ისმოდა მუსიკის და სიცილის ხმებიც.

_ ჰო, მართლა, რამდენი წლის ხართ? _ სიჩუმე პირველმა ვაკომ დაარღვია.

«რა უზრდელია», _ გაიფიქრა სალიმ, _ «არ იცის, რომ ქალს ასაკს არ ეკითხებიან?»

_ ოცდახუთის, _ მაინც უპასუხა, რადგან წლოვანებას არასდროს მალავდა.

_ დიდხანს იყავით გათხოვილი?

_ სამი წელი.

_ რას წარმოადგენდა თქვენი მეუღლე?

სალიმ ღრმად ამოიოხრა.

_ რაში განტერესებთ? ეს თქვენი საქმე არ არის.

_ უბრალოდ, თქვენთვის კარგი მინდა. საკუთარ პრობლემებზე გულწრფელად საუბარი ადამიანს შვებას გვრის. მინდა, დაგეხმაროთ.

ქალმა თვალები დააკვესა.

_ არანაირი პრობლემა მე არ მაწუხებს, გარდა იმისა, რომელიც თქვენი გაცნობის შემდეგ გამიჩნდა. დაჟინებით მისვამთ ისეთ კითხვებს, რომელზეც პასუხის გაცემა არ მსურს.

მსუბუქმა ღიმილმა ვაკოს მკაცრი ნაკვთები შეარბილა. ამწუთას საოცრად უწყინარი ჩანდა.

_ ცუდი ის არის, სალი, რომ თქვენ საკუთარ ტკივილს გულში ინახავთ. საუბარი ყოველთვის იწვევს სულში სიმსუბუქეს. ასე რომ, ნუ მეწინააღმდეგებით. დიდი ხანია, გაშორდით?

_ თითქმის ოთხი თვეა.

_ გამოდის, რომ თქვენი ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელია…

სალომემ თავი უსიტყვოდ დაუქნია. შეგნებულად არ შეხედა მამაკაცს, რათა მის გამოხედვაში თანაგრძნობა არ დაენახა. ვერ იტანდა, როცა ვიღაცას ეცოდებოდა.

_ გიყვარდათ მაინც? _ თითქოს შორიდან ჩაესმა ვაკოს ხმა.

_ ეს ძალიან პირადულია, არ მსურს ამაზე ლაპარაკი.

_ მერე რა? სამაგიეროდ, გულს მოიოხებთ. პირობას გაძლევთ, არავის ვეტყვი… არასდროს.

_ ეგ არც მიფიქრია.

_ რატომ? არ მითხრათ ახლა, რომ თვალდახუჭული მენდობით.

_ მე ნამდვილად არ გენდობით, მაგრამ, როგორც ვატყობ, მამიდა გენდობათ. ის კი ისეთი ქალია, ცუდი რომ იყოთ, რეკომენდაციას არ გაგიწევდათ, _ თქვა და ღიმილმა გაუპო ბაგე.

_ უღრმესი მადლობა. ეს ჩემთვის უდიდესი კომპლიმენტია, თუმცა, ვფიქრობ, სულ სხვა რამის გამო არ გიფიქრიათ, რომ თქვენს ნაამბობს სხვას არ მოვუყვებოდი.

_ სხვა რამის გამო? რის გამო?

_ მე მამაკაცი ვარ. კაცს კი არ უხდება, როცა ქალების საიდუმლოს სააშკარაოზე გამოიტანს.

_ ბევრი ჭორიკანა მამაკაცი შემხვედრია, სამწუხაროდ.

_ ესე იგი, მაინც მარინას უნდა ვუმადლოდე, რომ ჩემზე ასეთი წარმოდგენა არ გაქვთ?

_ ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში… არასდროს, _ მტკიცედ წარმოთქვა სალიმ, ღრმად ამოიოხრა და ფიქრებით თავის მტკივნეულ წარსულს გადაწვდა.

სალომეს განზე ერთხელაც არ გაუხედავს. ეშინოდა, ვაკოსთვის თვალებში შეეხედა, რატომღაც, გაურბოდა მამაკაცის მზერას. ფიქრებით წარსულს გადაწვდა. ის დღე გაახსენდა, როცა თავის კლასელ გოგონებს გამოუცხადა, მხოლოდ მდიდარ კაცს გავყვები ცოლადო. ყოველთვის ხინჯად ჰქონდა გულში, როცა მდიდრულად ჩაცმულ მეგობრებს უყურებდა. ნატრობდა, ნეტავ იმდენი ფული მომცა, მეც შემეძლოს მოდური სამოსის ყიდვაო. არადა, მის ოჯახს ბევრის საშუალება არასდროს ჰქონია. იყო დრო, როცა სხვების გამონაცვალი ეცვა, ნახმარი და ზოგ შემთხვევაში, დალაქულიც კი. კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რას ნიშნავდა სიღარიბე. დედა და მამა არაფერს თაკილობდნენ, რომ ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა. სწორედ მაშინ დაისახა მიზნად, მხოლოდ ფულიან მამაკაცზე გათხოვილიყო…

დაამძიმა მოგონებებმა. სკოლის დამთავრების შემდეგ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. სწორედ იქ შეხვდა ავთოს, რომელიც თავად იყო კომპანიის მფლობელი. მართალია, თავზე არ გადასდიოდა, მაგრამ ხელმოკლეც არ ეთქმოდა. ყოველ შემთხვევაში, სასურველ სასიძოდ ითვლებოდა თანამშრომლებში. სიმპათიური მამაკაცი იყო. ამიტომაც ყველა გასათხოვარი ცდილობდა მისი გულის მოგებას. არც სალი აღმოჩნდა გამონაკლისი. მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მიეპყრო მამაკაცის ყურადღება.

ერთხელაც, მშვენიერი შემთხვევა მიეცა. სამსახურდან გამოსული, ავტოსადგომზე ავთოს გადააწყდა, რომელიც თავის ვერცხლისფერ «მერსედესში» ჯდებოდა.

_ ნახვამდის, _ კეკლუცად გაუღიმა შეფს.

_ რა-ა? ა! ნახვამდის, _ დაბნეულმა მამაკაცმა თვალი გააყოლა მიმავალს.

სალომეს კარგა ხანს ესმოდა ზურგს უკან, როგორ ქოქავდა ავთო ავტომობილს და როგორ უქრებოდა ძრავა. ღიმილი ვერ შეიკავა. როგორც ჩანს, «მერსედესი» მაინც მოაჯადოვა. მოტრიალდა და უფროსისკენ გაემართა.

_ ხომ არ დაგეხმარო რამეში?

ლურჯთვალება დირექტორმა დარცხვენით შეხედა თანამშრომელს. როგორია, კაცი ჭკუაზე არ იყო, ძვირად ღირებული მანქანით თავს აწონებდე ქალებს და უცებ გიღალატოს ამ რკინის ცხენმა! მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და ოდნავ ირონიული ღიმილით გახედა გოგონას.

_ შე-ენ? ქალი რაში უნდა დამეხმაროს?

_ მერე რა, რომ ქალი ვარ? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მანქანის არაფერი გამეგება, _ ნიშნის მოგებით უპასუხა სალიმ.

_ შენ რა, სერიოზულად ამბობ ამას?

სალომეს სიცილი აუტყდა.

_ რა თქმა უნდა, გეხუმრე, მაგრამ თუ გინდა, ვინმეს დავუძახებ. ან საჭესთან დავჯდები. მე დავქოქავ, შენ კი შეამოწმე, იქნებ ისეთი არაფერი სჭირს.

_ ა! ეგ კარგი იდეაა. მოდი, მოდი… _ ავთომ ძრავა გამორთო, გადმოვიდა და მანქანას წინიდან შემოუარა.

გვერდით რომ ჩაუარა, სალომეს შემთხვევით მის მკლავზე მოუხვდა მკლავი. იმ წამს თითქოს რაღაც მოხდა… თითქოს არც მოხდა…. არა, რაც მართალია, მართალია! ძალიან სიმპათიური მამაკაცია! ტყუილად კი არ იკვნეტენ გოგოები ტუჩებს, როცა მას უყურებენ! ამისთანა კაცის ხელიდან გაშვება არ ღირს!

ავთომ «მერსედესს» კაპოტი ახადა.

_ აბა, ჩაჯექი და დაქოქე! _ ისე უბრძანა, როგორც უფროსს შეეფერებოდა.

სალომემაც ისე შეასრულა «ბრძანება», როგორც ხელქვეითს შეეფერებოდა. კოხტა მოძრაობით ჩასკუპდა მძღოლის სალონში, ფეხი სატერფულს მიაჭირა და გასაღები გადაატრიალა…

_ ცოტა ხანს აუშვი! _ ბრძანებას ბრძანებაზე იძლეოდა სალომეს სტრატეგიული გატაცების ობიექტი, _ ახლა ისევ დაქოქე!

რამდენიმეწუთიანი მცდელობის შემდეგ მანქანა მართლაც დაიქოქა.

_ ვაა! რა მაგარია! შენ რომ არ ყოფილიყავი, მარტო ამას ვერ მოვახერხებდი. დაჯექი, სახლამდე მიგიყვან! ეს მინიმალურია, რაც შენი გულისთვის შემიძლია გავაკეთო.

«მაქსიმალური?» _ საჭირბოროტო კითხვა გულში დასვა სალიმ და პასუხიც თავად გასცა, ასევე გულში _ «ცოლად შერთვა». კმაყოფილმა გაუღიმა სივრცეს და პოტენციური საქმროს გვერდით ამაყად მოკალათდა.

შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე დღეს ავთო მუმლაძემ მას მდივნის ხელით ყვავილები გამოუგზავნა, რამაც ოფისში ნამდვილი ფურორი გამოიწვია. სალომემ ჩათვალა, რომ აუცილებელი იყო, ხლებოდა ბოსს და საჩუქრისთვის მადლობა გადაეხადა. ასეც მოიქცა…

ერთ ამბავს მეორე მოჰყვა. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თავის მოწონებაში… გავიდა რამდენიმე დღე და ავთომ პაემანი დაუნიშნა თანამშრომელს _ რომანტიკული ვახშამი რომანტიკულ რესტორანში… ჰოდა, სალის მცდელობამაც გამოიღო შედეგი…

ზუსტად რვა კვირის შემდეგ დაქორწინდნენ. აი, ასე მიაღწია მან თავის საწადელს.

_ სად ხართ, სალი? _ ვაკოს სიღრმისეულმა ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია.

_ ჩემს ქმარს ვიხსენებდი და მ დღეს, როცა გავიცანი, _ მშვიდად უპასუხა, _ მაშინ ასე მეგონა, ჩემი ოცნების მამაკაცი ვიპოვე-მეთქი.

_ ერთი ნახვით შეყვარებას ჰქონდა ადგილი? _ «ზესიმპათიურმა» ფეხი ფეხზე გადაიდო და მხრით შეეხო ქალის მხარს.

სალომეს ამ შეხებამ ელეთმელეთი დამართა. კიდევ კარგი, ბნელოდა, თორემ მამაკაცი ადვილად შეატყობდა, როგორ წამოწითლდა სახეზე.

ერთი ნახვით შეყვარება არა, ის!!! გოგონას ავთოს სქელი ჯიბე და საბანკო ანგარიშები უფრო აინტერესებდა, ვიდრე თავად მამაკაცი და მისი მომხიბვლელობა, მაგრამ აბა, ამაში ხომ არ გამოუტყდებოდა ერთი საათის წინ გაცნობილ ადამიანს? ეჰ, სულ ტყუილად არ დაიჯერა ანდაზა «ბედნიერება ფულში არ არისო». მერედა, როგორი ჭეშმარიტება აღმოჩნდა?! უპატიებელი შეცდომა დაუშვა, მაგრამ რაღა დროსია, ახლა გვიანაა თითზე კბენანი.

_ მაშინ ასე მეგონა, _ სინანულით ჩაილაპარაკა.

_ და თქვენმა «მეგონამ» აღარ იმუშავა? _ გაეცინა ვაკოს.

ესეც ახალი შეკითხვა. რა უპასუხოს? ასე თუ გააგრძელა, ეს კაცი იმდენ რამეს დასტყუებს, ბოლოს სანანებელი გაუხდება. რა უცნაურია… პირველად შეხვდა ადამიანი, რომელიც ასე ძალიან დაინტერესდა მისი პირადი ცხოვრებით. მისთვის ზედმეტი შეკითხვა აქამდე არასდროს არავის დაუსვამს. სალიმ მხრები აიჩეჩა.

_ მას მანია სჭირდა.

_ რისი მანია?

_ ჩემი გაკონტროლების. ეს კიდევ მსუბუქად არის ნათქვამი. ისე მექცეოდა, როგორც თავის პირად ნივთს.

_ ანუ, ეჭვიანი იყო?

_ საშინლად.

_ არადა, შენ სულაც არ გავხარ ისეთ ქალს, რომელიც ვინმეს ნივთად გამოაყენებინებს თავს. არც ისეთებს მიეკუთვნები, რომელთაც უყვართ, როცა აკონტროლებენ, _ ვაკო უეცრად «შენობითზე» გადავიდა და თავდაჭერილად გაიღიმა, _ რატომ აძლევენ ადამიანები თავს უფლებას, განაგონ სხვისი ცხოვრება? არ მესმის, რატომ უზღუდავენ სხვებს თავისუფლებას. არადა, მე პირადად, სწორედ დამოუკიდებლობა მომწონს ქალებში.

_ ყველას ინდივიდულური მიდგომა აქვს. სხვისი განსჯა ადვილია.

_ რა თქმა უნდა, მისიც მესმის. როცა გვერდით ამისთანა ლამაზი ცოლი გყავს, მთლად მშვიდად ვერ იქნები.

_ მას სილამაზის შეგრძნება ნაკლებად ჰქონდა. ცხოვრებაში არ მახსოვს, რამეზე ეთქვას, ლამაზიაო. ერთხელ მამიდამ წაგვიყვანა დმანისში, სიონის შემოგარენის დასათვალიერებლად. ერთხელ არ დასცდენია, რა სილამაზეაო. არადა, მე კინაღამ გავგიჟდი, ისე მომეწონა. მერე აქეთობისას, ქვეშის ციხეზე გამოვიარეთ. არც იმით დარჩენილა აღფრთოვანებული.

_ შენ კი მოგეწონა, არა?

_ მომეწონა? ეს ის სიტყვა არ არის. ასჯერ რომ ვნახო, ასჯერვე აღტაცებული დავრჩები.

ეს კარგის მანიშნებელია. არ იქნებოდა ურიგო, კიდევ ერთხელ ვაკოს წაეყვანა სალომე დმანისში. იქ კიდევ ბევრი რამეა დასათვალიერებელი, მაგალითად, წუღრუღაშენი… მაგრამ… მოისურვებს კი, სალისნაირი სრულყოფილება, მასთან ერთად თუნდაც მცირე ხნით იმოგზაუროს? ახლა კი ზის მის გვერდით მშვიდად, თუმცა მხოლოდ მამიდის ხათრით, თორემ ხვალ შეიძლება გამარჯობაც არ უთხრას…

ცხოვრებაში პირველად, ვაკო ღუდუშაურს თავდაჯერებულობამ უღალატა.

8 8 8

იმ შეხვედრიდან ხუთი დღე გავიდა, მაგრამ სალომეს ვაკოს შესახებ არაფერი გაუგია. ცოტა არ იყოს, განიხიბლა კიდეც, რამ განაპირობა მამაკაცის ასეთი გულცივობა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია. რა უნდა ექნა? მამიდას ხომ არ დაუწყებდა გამოკითხვას, სად გადაიკარგა ის შენ მოწონებული კაციო? ისე, მისი ბრალიც იყო. განა არ გამოუცხადა, შენთან შეხვედრის სურვილი სულაც არ მაქვსო? რა ეგონა, ხვეწნა-მუდარას დაუწყებდა და ფეხებში ჩაუვარდებოდა? ეგრე სად ხდება, შუა საუკუნეებში ხომ არ ვცხოვრობთ? რატომ ნანობს ახლა, ასე რომ მოექცა? თვითონ არ გადაწყვიტა მტკიცედ, ცხოვრებაში მამაკაცს სიახლოვეს არ გავიკარებო?

არადა, მარინამაც შეამჩნია, ვაკო რომ აღარ გამოჩნდა.

_ სად დაიკარგა ეს კაცი? _ წამოიწყო საუბარი საღამოს, ვერანდაზე ჩაის რომ სვამდნენ, _ ალბათ ძალიან დაკავებულია. რამდენიმე დღეც დავიცადოთ და თუ არ გამოჩნდა, მერე დავურეკავ და სადილზე დავპატიჟებ.

_ რა საჭიროა თავის ასე გამოდება, მამიდა? ხომ იცი, კაცები აღარ მაინტერესებს, _ მოჩვენებითი გულგრილობით უსაყვედურა სალომემ.

_ შენ გამო არ ვეპატიჟები, საყვარელო, შენ რა შუაში ხარ? უბრალოდ, ადრე ასე არასდროს მოქცეულა, შემომივლიდა ხოლმე, თუ არადა, შემომეხმიანებოდა, დამირეკავდა, მომიკითხავდა. ახლა კი გაქრა. ღმერთმა ქნას, კარგად იყოს და სულ ნუ მოვა, თუ უნდა, _ ხელები გაშალა მარინამ და ირიბად გახედა ძმისშვილს.

იმის გაფიქრებაც კი, რომ ვაკოს შეიძლებოდა კიდევ ერთხელ შეხვედროდა, მოსვენებას უკარგავდა სალომეს. მან კარგა ხანს დაჰყო მის გვერდით, სიბნელეში, თანაც სრულიად მარტომ და მიხვდა, რაღაც უცნაურად სასიამოვნო, შეუცნობელი ტალღა რომ მოდიოდა მისგან. ამან შეაშინა. აღელვებდა ისიც, რომ მამაკაცმა სრულიად ადვილად, მხოლოდ თავისი მომნუსხველი თვალებით, შეძლო შეეღწია მისი სულის სიღრმეში და აეფორიაქებინა იგი. აჯობებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს მასთან და უფრო ახლოს არ მოუშვას, თორემ მის მომაჯადოებელ მზერას დიდხანს ვერ გაუძლებს. იცის ეს სალომემ, თანაც როგორ იცის!..

მარინას ლოდინი და ვაკოს დაპატიჟება აღარ დასჭირვებია. მათი საუბრიდან მეორე დღესვე, როცა ქალები სიონის ტაძრიდან დაბრუნდნენ, ავტომოპასუხეზე ღუდუშაურის შეტყობინება დახვდათ.

_ მინდოდა, ხვალ საღამოს ორივე სადმე დამეპატიჟეთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, _ იუწყებოდა ვაკოს ღრმა, გულისმიერი ხმა, _ რვა საათისთვის გამოგივლით. თუ ვერ შეძლებთ, დამირეკეთ.

მამიდა, რა თქმა უნდა, აღფრთოვანდა, მაგრამ სალომემ სწრაფად გაანელა მისი სიხარული.

_ მაპატიე, მაგრამ არ მინდა წასვლა და საერთოდ, არ მხიბლავს აქ ნაცნობების შეძენა. მირჩევნია, ჩემთვის, წყნარად ვიცხოვრო.

მარინამ საჩვენებელი თითი გადააქნია.

_ არ მომწონს, რასაც შენ ამბობ, საყვარელო. მერწმუნე, ვაკო არ გაწყენინებს… არასდროს.

_ ეს რა შუაშია? არც მიფიქრია… რატომ უნდა მაწყენინოს? ამიტომ კი არ ვამბობ უარს…

_ აბა, სხვა რა მიზეზი გაქვს? რა, მონაზონივით გადაწყვიტე ცხოვრება? ასე როგორ შეიძლება?

_ ახლა ამ ხასიათზე ვარ, მამიდა, ძალიან გთხოვ, ნუ დამაძალებ, _ მტკიცე ხმით წარმოთქვა სალიმ.

შეიძლება აწყენინოს, შეიძლება _ არც… მაგრამ რატომ უნდა წავიდეს რისკზე? არ ეყო, რაც დაემართა? კიდევ ერთხელ რომ გაუცრუვდეს იმედი, ვეღარ გადაიტანს. თანაც, ის ნაქმარევია, ვაკო კი… რაში სჭირდება ვიღაცის ყოფილი ცოლი? გასათხოვარი ქალების მეტი რა არის? რაღა სალომეზე ამოუვა მზე და მთვარე?

_ ხომ იცი, რომ მაინც არ მოგეშვები. ტყუილად უარობ, სალი, ის ცუდი ადამიანი არ არის. თანაც, განა აუცილებელია, მაინცდამაინც რაღაც ქვეტექსტები ეძებო მის შემოთავაზებაში? უბრალოდ, იმეგობრებთ, მეტი არაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ორიოდე წუთის წინ შეხვედრის სასტიკი წინააღმდეგი იყო, მოულოდნელად დათანხმდა.

_ კარგი, როგორც გინდა. ბოლოს და ბოლოს, ერთი შეხვედრით არაფერი გაფუჭდება.

_ რა უნდა გაფუჭდეს, სიხარულო, რა სისულელეს ამბობ! აი, შენ თვითონ ნახავ, როგორი კმაყოფილი დაბრუნდები.

_ რა ვიცი, რა ვიცი…

_ შეგიძლია უკეთ გაიცნო იგი, _ მარინა კმაყოფილი ღიმილით არწმუნებდა ძმისშვილს, _ ოცი წლით ახალგაზრდა რომ ვიყო, მე თვითონ გავყვებოდი ცოლად, შენ კი არ შეგეხვეწებოდი.

_ რა შუაშია ცოლად გაყოლა! კარგი რა, მამიდა! _ უკმეხად გამოუვიდა სალის.

მარინამ შემრიგებლურად გუღიმა.

_ მინდოდა მიმენიშნებინა, რომ ის კაცი მომგებიანი პარტიაა შენთვის.

_ მე აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ერთი მამაკაცი დავივიწყო და არა იმისთვის, მეორის ანკესს წამოვეგო! _ გააპროტესტა გოგონამ.

აშკარად ჯავრობდა მამიდაზე, მის გარეშე რომ წყვეტდა სალის ბედ-იღბალს. მერე რა, რომ ასეთი თვალშისაცემი გარეგნობისაა? არც ისეთი «დედა რა ვნახეა», ქალი გადაირიოს! თანაც, რა დროს სხვა მამაკაცზე ფიქრია, როცა ჯერ წესიერად არც კი გაცილებია ქმარს?

ასე კი ფიქრობდა, მაგრამ მეორე საღამოს, ვაკო რომ გამოჩნდა, საოცრად კარგ ფორმაში და გონის დაკარგვამდე მომხიბვლელი, სალომემ ვეღარ შეძლო თავის გულთან გამკლავება, რომელიც იდუმალად და გახშირებულად აუჩქროლდა. გონება უკიჟინებდა, გულგრილობა შეენარჩუნებინა და ყოველი ნაბიჯი აეწონ-დაეწონა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩებოდა _ მამაკაცი მასზე ძლიერად მოქმედებდა… მისი გამოხედვა და ღიმილი მისდა უნებურად აღაგზნებდა.

მერე რა? ეს არაფერს ნიშნავს, _ თავის თავს აიმედებდა სალი, _ პირველ თვეებში ავთოც კი აღელვებდა და სერიოზულადაც ფიქრობდა, რომ უყვარდა იგი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. როცა აღმოაჩინა, რა ხილიც იყო მისი უკვე ქმრად მოვლენილი «რჩეული», მწარედ ინანა, რომ მისთხოვდა. ავთო ახშობდა მის გრძნობებს, სულს უხუთავდა, ყველანაირად იყენებდა. აიძულებდა, ცოლქმრული მოვალეობა შეესრულებინა იქ და იმ დროს, სადაც და როცა ქმარს მოესურვებოდა. სულაც არ აინტერესებდა, იყო თუ არა სალომე ამაზე თანახმა. რა გარანტია აქვს, რომ ვაკოც მისნაირი არ აღმოჩნდება? რატომ უნდა წავიდეს ამხელა რისკზე? სანამ დაქორწინებამდე მივა საქმე, ყველას შეუძლია თავი მამა აბრამის ბატკნად მოგაჩვენოს!

_ მზად ხართ? _ ვაკომ მაცდური ღიმილი მიმოფანტა ოთახში და ქალებს გადახედა.

სალომეს ღია ცისფერი კაბა ეცვა, სხეულზე მოტმასნილი და ისე ვნებიანად გამოიყურებოდა, გულგრილად ვერავინ აუვლიდა გვერდს. აბრეშუმივით რბილი თმა კეფაზე ბუჩქად დაემაგრებინა. პატარა, ლამაზ ბიბილოებს ოქროსფერი, გრძელი საყურე უმშვენებდა, ყელს კი ოქროსფერივე წვრილი ჯაჭვი, ფოთლის ფორმის გულსაკიდით.

მკვეთრი მაკიაჟი არ უყვარდა, ყოვედღიურად მხოლოდ პომადას ისვამდა და წამწამებს იტუშავდა. მეტი არც არაფერი სჭირდებოდა, ისედაც კალმით დახატულს ჰგავდა.

ვაკოს დანისლულმა თვალებმა გამოპრანჭული სალომე თავიდან ფეხამდე შეამოწმ-შეათვალიერა.

_ თავბრუდამხვევად გამოიყურები, _ არც თუ ხმამაღლა წარმოთქვა.

სალომემ ნერწყვი ძლივს გადააგორა და შეეცადა, უშფოთველი გამომეტყველება მიეღო.

_ ეს ძველისძველი კაბაა, უკვე რამდენი წელია, მაცვია, _ თითქოს თავი იმართლა.

_ რა მნიშვნელობა აქვს. როგორც უნდა იყოს, ეს ფერი ძალიან გიხდება.

_ მეც მაგას არ ვეუბნები? შეხედე, როგრ აკვდება ტანზე, _ ჩაერთო ლაპარაკში მარინა, _ ვენაცვალე, ძალიან ლამაზი გოგო მყავს.

_ შენ ასე აპირებ წამოსვლას? _ ღაწვებშეფაკლულმა სალიმ სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი და კოპებშეკრული მიაჩერდა მამიდას.

_ მე ვერ მოვდივარ, სიხარულო. სამწუხაროდ, უჩემოდ მოგიწევთ წასვლა. წნევა მაქვს მაღალი, წამალი თუ არ დავლიე, შეიძლება წავიქცე.

_ რას ამბობ! უშენოდ არსად არ წავალ! _ სალიმ აღშფოთება ვერ დამალა.

_ ამ ერთხელ მაპატიე, ჩემო გოგონა, არ მინდოდა შენი წყენინება, მაგრამ რა ვქნა, შეუძლოდ ვგრძნობ თავს. შენც ხომ არ გინდა, ცუდად გავხდე და საღამო ჩაგიშხამო?

ვაკოს ეშმაკუნები ჩაუსახლდნენ თვალებში. შეუმჩნევლად ჩაიღიმა და თავდახრილმა წარბზე მოისვა ხელი.

_ კარგი, მარი, არა უშავს. პირობას გაძლევ, შენს ძმისშვილს მთელი გულისყურით მივხედავ და იმედს არ გაგიცრუებ. წავიდეთ, სალი!

_ ეჭვიც არ მეპარება, რომ შენთან უსაფრთხოდ იქნება, ჩემო პატარა მეგობარო, _ მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა მამიდამ, _ სალომეს გასაღები აქვს, ამიტომ არ იჩქაროთ წამოსვლა. როცა გაგიხარდებათ, მაშინ დაბრუნდით.

_ არა, ასე ვერ დაგტოვებ. ვინ იცის, იქნებ…

_ მე არაფერი მიჭირს. პირველად კი არ მაქვს მაღალი წნევა! წადით, წადით, საკუთარ თავს მე თვითონ მივხედავ! _ ხელი აუქნია მარინამ ორივეს და გატრიალდა.

_ მე ადრე დავბრუნდები, მამი, _ მოიღუშა სალი, ლამის ცრემლებით აევსო თვალები.

_ როგორც გინდა, საყვარელო, ახლა კი წადით, წამალი მაქვს დასალევი და ხელს მიშლით, _ მხოლოდ თავი მოაბრუნა მარინამ და მიმავალმა გამომშვიდობების ნიშნად ხელი დაიქნია.

8 8 8

ვაკო ძველი, შავი «ფორდით» იყო მოსული. მან წინა სალონის კარი გამოუღო სალომეს. ჩაჯდა თუ არა მანქანაში, გოგონას თვალწინ დაუდგა ის დღე, როცა პირველად «ჩაბრძანდა» ავთოს «მერსედესში». უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. რა კმაყოფილი იყო მაშინ თავისი თავით! რას იფიქრებდა, ასე თუ შემოუბრუნდებოდა ბედის ბორბალი! აჯობებს, ახლა მაინც გამოიჩინოს წინდახედულება და გულის კარნახს არ აჰყვეს. უცებ ერთ დროს მოდური სიმღერა გაახსენდა: «გულო, არანორმალურო! გულო, გადარეულო! გულო, გაცხელებულო! გამომყევი მე!» …და კიდევაც აეკვიატა. არა, რა თქმა უნდა, ახლა ისე არ ფიქრობს, როგორც სამი წლის წინ, ახლა ბევრად გაწონასწორებულია და მამაკაცების ფსიქიკაშიც უკეთ ერკვევა, თუმცა ეშმაკს არ სძინავს, ამიტომ წამითაც არ უნდა მოადუნოს ყურადღება, ცდუნებას უნდა გაუძლოს, თუკი ასეთი «საფრთხის» წინაშე აღმოჩნდება. ნამდვილად არ აქვს იმის სურვილი, ორჯერ ერთსა და იმავე ხაფანგში გაებას! არააააააა! «გულო, არანორმალურო! გულო, გადარეულო! გულო, გაცხელებულო! გამომყევი მე!» _ ლამის ხმამაღლა აღიღინდა.

ვაკომ მანქანა რესტორანს მიაყენა. სალომემ გულდასმით შეათვალიერა სანაპიროზე აღმართული გაუმჭვირვალე ვიტრინებიანი შენობა.

_ ზღვის დელიკატესები გიყვარს? _ მამაკაცმა ძრავა გამორთო და მოხედა.

_ ძალიან.

_ ჰოდა, აქ უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. იმედია, მოგეწონება.

ოფიციანტმა მარცხენა კუთხეში განთავსებულ მაგიდამდე მიაცილა სტუმრები და მენიუ ვაკოს დაუდო წინ.

_ შენ თვითონ აირჩიე, რაც გსურს, _ მამაკაცმა მენიუ სალომესკენ გააჩოჩა.

_ მე ვერ ვერკვევი დასახელებებში, შენ უკეთ გეცოდინება, რა უფრო გემრიელია, _ შორს დაიჭირა სალიმ და გაწითლებულმა თვალი აარიდა მოღიმარს. ვერც კი შეამჩნია, უნებლიეთ თავადაც რომ გაუშინაურდა მამაკაცს.

_ კარგი, ეგრე იყოს… მაგრამ შენ მაინც მომიყვები იმ ადამიანზე, რომელმაც ასე გაგიცრუა იმედები… შევთანხმდით?

სალიმ თვალები დახუჭა. სულაც არ სურდა, თავის უსიამოვნო წარსულზე ელაპარაკა, თანაც, ახალგაცნობილთან. რატომ უნდა ჩააბაროს ანგარიში? მიუხედავად ამისა, მისდა უნებურად, უეცრად ალაპარაკდა.

_ რა ვიცი, აბა რა გითხრა? ის ყველანაირად მბრძანებლობდა ჩემზე. ტანსაცმელსაც კი თავად მირჩევდა, რა უნდა მეყიდა, რა ჩამეცვა… მეგობრებსაც მისი გემოვნებით ვირჩევდი. მანქანა გამიყიდა და მას მერე სულ ბოდიშს მიხდიდა, რომ ახალს ვერ ყიდულობდა ჩემთვის. იძულებულს მხდიდა, შინ ვმჯდარიყავი, არ მემუშავა. როცა თავად მოეპრიანებოდა, მხოლოდ მაშინ თუ წამიყვანდა სადმე… წარამარა მამოწმებდა, სახლში ვიყავი თუ არა.

_ ალბათ ჯობდა, კარგად გაგეცნო, სანამ ცოლად გაყვებოდი.

_ ჰო, რა თქმა უნდა. ძალიან ვიჩქარე. ისე ვიყავი აცეტებული, თვალთ დამიბნელდა. ასე მეგონა, მის გარდა სხვა მამაკაცი არ არსებობდა. ის იმ ფირმის ხელმძღვანელი იყო, სადაც მე ვმუშაობდი. ისე მაწონებდა თავს, რომ… ერთი სიტყვით, ადვილად დამახვია თავბრუ. მეც ახალგაზრდა ვიყავი და სიყვარულმა დამაბრმავა.

_ ახლა რა, ბებერი ხარ?

_ არა, ბებერი არ ვარ, მაგრამ მეტი გამოცდილება დამიგროვდა. ისე ადვილად არ მოვტყუვდები, _ ამოიოხრა სალიმ.

არადა, ხომ არ იტყვის, სიხარბემ მძლია და ავთოს ქონებამ დამიბნელა გონებაო? ეს რომ გაიგოს, ზედაც არ შეხედავს ალბათ. შეხედავს კი არა, საერთოდ დაეკარგება მასზე წარმოდგენა. არა, რა სისულელეა, ამას როგორ ეტყვის! თუმცა, ავთო რომ კარგი ადამიანი გამომდგარიყო, სალი ოჯახს არ დაანგრევდა. მერე რა, რომ ანგარებით გათხოვდა? სრულიად უცნობ ადამიანებს მიყვებიან ცოლად, როცა გარიგებით ქმნიან ოჯახებს, მაგრამ სიყვარული მაშინაც მოდის.

_ ახლა კი ყველაფერი დამთავრებულია და არ მსურს ამაზე ლაპარაკი. მინდა მასთან გატარებული ყველა დღე ამოვშალო ჩემი მეხსიერებიდან.

_ ჯერ კიდევ გიყვარს?

_ არა, რას ამბობ! _ შეცბუნებულმა წამოიყვირა.

ვაკომ წარბები შეყარა.

_ მე კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავს არ აძლევ მისი დავიწყების უფლებას. ვხედავ, რომ იგი გამუდმებით არსებობს შენს ცნობიერებაში. ჩემი აზრით, საიმედო მეგობარი გჭირდება, რომელიც გაგართობს, გადატანილ უსიამოვნებებს ადვილად დაგავიწყებს… ისეთი, ვინც გაგაცინებს, გაგამხიარულებს, გაიზიარებს შენს დარდს, სულიერად დაგიახლოვდება…

_ როგორც ვატყობ, საკუთარ თავს უწევ რეკომენდაციას, არა? _ დამცინავმა ღიმილმა გაუპო ბაგე სალომეს.

მართლაცდა, რა სასაცილოა! რომელ მეგობრობაზე ელაპარაკება ეს კაცი? ვის გაუგია ქალისა და მამაკაცის მეგობრობა? ალბათ საყვარლობას გულისხმობს «ზესიმპათიური». ეს მის თვალებშიც ნათლად ჩანს, ხარბად რომ მისჩერებია სალის სხეულს. რას გულისხმობს გამხიარულებაში? ჰა-ჰა-ჰა! მეგობარი! ვის ასულელებს, თუ იცის, ნეტავ? კი, როგორ არა! ახლავე ჩაუგორდება ლოგინში, ოღონდ კი მოისურვოს!

_ სწორად მიმიხვდი… რა თქმა უნდა, თუკი შენ არ იქნები წინააღმდეგი, _ სრული სერიოზულობით უპასუხა მამაკაცმა, თუმცა, თავადაც გრძნობდა, როგორ გაუძნელდებოდა ეს.

ვაკო მართლაც გულწრფელ მეგობრობას სთავაზობდა გოგონას, თუმცა იცოდა, ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლებდა ასეთი ღვთაებრივი არსების გვერდით. უაზრობაც კი იყო მისგან მსგავსი წინადადება. ბოლო დღეების განმავლობაში ჯოჯოხეთური განცდები ჰქონდა, მაგრამ სალომეს გამო მზად იყო, ყველაფერი მოეთმინა. პირველ რიგში, უნდა ეცადოს, მას მამაკაცებისადმი რწმენა დაუბრუნოს. ყოველი შემთხევისთვის, ვაკო დაჟინებით არწმუნებდა თავის თავს, რომ მისი უმთავრესი მიზანი ეს იყო.

სალომე კარგა ხანს გამომცდელად მისჩერებოდა.

_ მეგობარი მამაკაცი ჯერ არ მყოლია. მაინცდამაინც არ მჯერა ქალისა და მამაკაცის მეგობრობის. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ ორ საპირისპირო სქესს ერთმანეთში მხოლოდ ერთი რამ იზიდავს. ეს კი, გულახდილად გეტყვი, საზიზღარი შეგრძნებაა.

_ საზიზღარი? რას მეუბნები! ეს ხომ ყველაზე ბუნებრივი რამეა დედამიწაზე, ყველაზე გულწრფელი და აუცილებელი! შემთხვევით, მეუღლემ ხომ არ ჩაგაგონა მსგავსი აზრები? _ ვაკომ ძლივს შეიკავა ბრაზი და ენას კბილი დააჭირა, რომ კიდევ რამე საშინელება არ ეთქვა.

_ ჩემი მეუღლე რა შუაშია, მე ჩემი შეხედულებები გამაჩნია, _ იწყინა სალიმ.

_ მე კი ვხედავ, რომ შენ ცდები შენს შეხედულებებში, _ არ დაუთმო მამაკაცმა, _ ძალიან ბევრი ქალი და კაცი ვიცი, რომლებიც მეგობრობენ ყოველგვარი «იმნაირობის» გარეშე.

_ რატომღაც, მე არ ვიცნობ ეგეთებს…

_ უბრალოდ, სიტყვაზე დამიჯერე. მომყევი და თავად დარწმუნდები, რომ ასეა. აბა, რას იტყვი? _ ჰკითხა და ხელი გამოუწოდა, _ დავმეგობრდეთ?

ვაკო გულის სიღრმეში ელოდა, რომ სალომე არ მიიღებდა მის წინადადებას და მზად იყო, აქედანვე შერიგებოდა ამ აზრს. არადა, რა სამწუხაროა, რომ ვერასდროს გაიცნობს ახლოს ამ უმშვენიერეს ქმნილებას, ვერასდროს დაიახლოებს მას ისე, როგორც ეს რომანებში ან, თუნდაც, ფილმებში ხდება. შეიძლება ასე უკეთესიც იყოს მისთვის, ნაკლები თავსახეტი ექნება მომავალში. ამ განცდებში იყო, რომ მოულოდნელად მის გამოწვდილ ხელს სალიმ თავისი ნატიფი თითები შეაგება.

_ მაგრამ მხოლოდ მეგობრები ვიქნებით, _ ოდნავ ჩახრინწული ხმით წარმოთქვა, _ და მეტი არაფერი.

_ შევთანხმდით! _ მამაკაცმა მძლავრად ჩამოართვა მარჯვენა და ძლიერმა სურვილმა წამოუარა, ეს შეთანხმება კოცნით დაეგვირგვინებინა, მაგრამ ამის მაგივრდა, მხოლოდ დაჟინებით ჩააშტერდა გოგონას დამფრთხალ თვალებში. რა ლამაზი თვალები აქვს ამ ოხერს! და რამხელა ცეცხლია მიმალული მათში!

წამით საგონებელში ჩავარდა. ეს რა ჩაიდინა! შეძლებს კი, ბოლომდე კეთილსინდისიერად შეასრულოს პირობა? განა არ გაუჭირდება ამ ახალი, მისთვის უჩვეულო როლის თამაში? როდის იყო, ქალებთან «უიმნაიროდ» მეგობრობდა? ფაქტობრივად, ტყუილი გამოუვიდა. იმდენად დაძაბა შექმნილმა სიტუაციამ, სასწრაფოდ შეუშვა ქალს ხელი, თან შეეცადა, ფართოდ, მეგობრულად გაეღიმა.

_ პირობას გაძლევ, არ ინანებ!

 

 

სალომემ ფრთხილი მზერა ესროლა კავალერს.

_ ვიმედოვნებ! _ ხაზგასმით წარმოთქვა, _ საშინლად არ მიყვარს, როცა რაღაცას მაძალებენ. მაგრამ თუკი მომატყუებ და სიტყვას გადახვალ, დარწმუნდები, რამდენად ძალიან უსიამოვნო ლედი ვარ. სხვათა შორის, ბიჭების გარემოცვაში გავიზარდე და ვერ ვიტან, როცა პირობას არ ასრულებენ.

ვაკომ ხუმრობით შეშინებული გამომეტყველება მიიღო, გულში კი მოუწონა ქალს «კაცური» ტემპერამენტი.

_ გულს არასდროს გატკენ, სალი, სიტყვას გაძლევ, _ მამაკაცმა ბოკალი ასწია, _ ჭეშმარიტ მეგობრობას გაუმარჯოს.

გოგონამ მიუჭახუნა და მსუბუქმა ღიმილმა ოდნავ შეარბილა მისი დამფრთხალი გამოხედვა.

_ გაუმარჯოს, _ მოკლედ მოჭრა და დალია.

ის ძალიან ლამაზი იყო, თვალისმომჭრელად ლამაზი. ვაკოს ყველაფერი მოსწონდა მასში _ აბრეშუმივით თმა, მოციმციმე ცისფერი თვალები, მეტყველი ბუნჩულა ტუჩები, რომელიც თითქოს საკოცნელად იყო მომართული, მოხდენილი სხეული, ვნებას რომ ასხივებდა, მაღალი, მკვრივი მკერდი, გამაღიზიანებლად რომ თრთოდა ტანსაცმლის შიგნით. როგორ გინდა, ხელი არ გაგექცეს, როცა წინ ასეთი სრულყოფილება გიზის… ნდომის ნერწყვი შეუმჩნევლად გადააგორა მამაკაცმა.

_ რამდენ ხანს აპირებ აქ დარჩენას? _ ჰკითხა ვაკომ და საკუთარი ხმა ვეღარ იცნო…

როგორც ჩანს, ზედმეტად მოეძალა სურვილი. ვნებათაღელვა რომ დაეფარა, ნაძალადევად ჩაახველა და სალომეს თვალი აარიდა.

_ ჯერ არ ვიცი. მამიდამ მითხრა, რამდენ ხანსაც გაგიხარდებაო. მე კი ჯერჯერობით მიხარია, _ გაიცინა გოგონამ.

_ ანუ, იქამდე, სანამ არ გადახარშავ განქორწინებით მოყენებულ ტკივილს? ეს იგულისხმე?

_ ალბათ, _ ღიმილით დაეთანხმა სალომე.

_ უკან თუ დაბრუნდები, სად უნდა იცხოვრო?

_ სავარაუდოდ, ბინას ვიქირავებ. ოღონდ, იქამდე მომიწევს სამსახურის მოძებნა, ქირას ხომ უნდა გადახდა.

_ როგორ, მეუღლემ წილი არ მოგცა? მისგან არაფერი გერგება? _ გაკვირვების ნიშნად წარბები აზიდა ვაკომ.

შეკითხვა, ცოტა არ იყოს, ზედმეტად მოეჩვენა სალის. არც ისეთი ახლო მეგობრები იყვნენ ჯერ, რომ მამაკაცი ასე გათამამებულიყო, მაგრამ მაინც უპასუხა.

_ მისგან არაფერი მინდა! _ ცხარედ წამოიძახა, _ როცა გავყევი, არაფერი გამაჩნდა. ასეთივე უქონელი წამოვედი. მას არ შემოუთავაზებია… არც მე მითხოვია. იმითიც გახარებული ვარ, რომ წამოვედი. არ მსურს, დავალებული ვიყო მისგან. მთავარი ისაა, რომ თავისუფალი ვარ.

_ შესაშური საქციელია შენი მხრიდან, მაგრამ არა პრაქტიკული. ის არ მოქცეულა გონივრულად. რაღაცით ხომ უნდა გამოეხატა მადლიერება, სამი წელი რომ მიუძღვენი ამისთანა ქალმა? როგორც მივხვდი, მასთან აღარ მუშაობ, არა?

_ არა, რა თქმა უნდა. როგორც კი დავქორწინდით, მაშინვე მიმატოვებინა მუშაობა და შინ გამომკეტა. არც მინდა! სულ რომ მეხვეწოს და დამიჩოქოს, მასთან სამუშაოდ არავითარ შემთხვევაში არ დავბრუნდები. თუმცა, ვიცი, არ შემომთავაზებს. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.

_ რა კაცია ამისთანა, გაოგნებული ვარ! _ აღშფოთება ვერ დაფარა ვაკომ.

_ კი მაგრამ, აუცილებელია, ეს განვსაჯოთ? არ მსიამოვნებს მასზე ლაპარაკი. იქნებ სხვა თემაზე გადაგვეტანა საუბარი? _ უკმაყოფილება გაისმა სალის ხმაში.

ვაკომ ენაზე იკბინა. მზად იყო, დაუფიქრებელი ნათქვამის გამო ბოდიშიც კი მოეხადა, მაგრამ ამ დროს ოფიციანტი გამოჩნდა თევზის სალათით ხელში.

სალომემ მადლობა გადაუხადა მიმტანს და სალათა გადაიღო. დაღალა მამაკაცის «დაკითხვებმა», თუმცა ცდილობდა, არ შეემჩნია. ხვდებოდა, რომ ვაკო მეგობრული ინტერესის დემონსტრირებას ცდილობდა, მაგრამ ასე ღრმად მის პირად ცხოვრებაში ჩახედვის უფლება მაინც არ ჰქონდა, მთ უმეტეს _ ამ ეტაპზე. სალის ისიც ეყოფა, ქორწინებაში რომ არ გაუმართლა. ისე, რა სულელია, რამდენი ილაყბა, დაწვრილებით გადმოულაგა თითქმის უცნობ ადამიანს მისი ოჯახის ინტიმური დეტალები. იყო კი საჭირო? ვითომ სწორად მოიქცა, მეგობრობაზე რომ დასთანხმდა? ის ისეთი მომნუსხველი მამაკაცია, შეიძლება ძალიანაც გაუჭირდეს მასთან მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება. ძნელია, გულგრილი დარჩე, როცა მამაკაცი მომხიბვლელია და, ამასთან, სასიამოვნო მოსაუბრეც. თანაც, გაცნობისთანავე იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოხდინა მასზე და ისე მოეწონა, გაუჭირდება ამის დამალვა.

რა თქმა უნდა, სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია, მაგრამ სალომე გულის სიღრმეში ხვდება, რომ ვაკოსთან სიახლოვე მასში ზიზღს სულაც არ გამოიწვევს… პირიქით… საკმარისია, წარმოიდგინოს, როგორ ეფერება მამაკაცი და ეგრევე თავბრუსხვევას გრძნობს, უცნაური ჟრუნატელი ეუფლება… ამის გაფიქრებაზე მისდა უნებურად აუფორაჯდა ღაწვები და სასწრაფოდ თავი დახარა, ვაკო არაფერს მიმიხვდესო.

არა უშავს… როგორმე მოერევა თავს, ყოველ შემთხვევაში, შეეცდება. ამასთან, მამაკაცმა ხომ სიტყვა მისცა… თუმცა, სხვა საქმეა, რამდენად შეასრულებს იგი მიცემულ პირობას? იქნებ პირველსავე ხელსაყრელ მომენტში დაავიწყდეს?.. ან იქნებ, ორივეს დაავიწყდეს? ცდუნება უფრო ძლიერი რომ აღმოჩნდეს, მაშინ?

ეჰ, სალო, სალო… სად გაქრა შენი მტკიცე გადაწყვეტილება, მამაკაცზე აღარასოდეს ვიფიქრებო? გახსოვს, როგორ იფიცებოდი, ცხოვრებაში არ გავიკარებ არავის სიახლოვესო? შენ კი უკვე ფიქრობ ამ კაცზე, თანაც… გამუდმებით. რატომ არ გინდა, შენს თავს ამაში გამოუტყდე? არა, არა, ასე არ უფიქრია სალომეს. კარგა ხანს არ გავეკარები მამაკაცსო, ამბობდა, მთელი ცხოვრება კი არ უგულისხმია… კარგი, თუნდაც ასე იყოს! «კარგა ხანი» რატომ გაგრძელდა მხოლოდ რამდენიმე თვეს? აბა, ახლა იმის დრო იყო, ვაკო ღუდუშაურის «მეგობარი» გამხდარიყო? რა სასაცილოა! განა იგი იმ ტიპის მამაკაცია, მხოლოდ პლატონური ურთიერთობით დაკმაყოფილდეს? როგორ იტყუებს ამხელა ქალი თავს, თითქოს თვრამეტი წლის გოგონა იყოს, ზღაპრების რომ სჯერა.

_ რაღაც ძალიან მიჩუმდი, _ ვაკოს ხმის შემპარავმა ინტონაციამ ღრმა ფიქრებიდან გამოარკვია და იმდენად შეაშინა, რომ დამფრთხალი მზერით მიაჩერდა.

_ სალათა მეგემრიელა…

_ ჰოოო… ისე დაესხი თავს ამ ორაგულს, თითქოს ცოცხალი ყოფილიყო! _ სიცილი წასკდა მამაკაცს.

_ მმმ… რა ჩემი ბრალია, თუკი საშინლად გემრიელია?

_ საინტერესოა, როგორი შეგრძნებაა «საშინლად გემრიელი», ვერ გამიმხელ?

სალომე გაწითლდა.

_ რა ვიცი… გასინჯე და თავად მიხვდები.

_ დიდი მადლობა, აუცილებლად გავ-სინ-ჯავ… ოღონდ სხვა დროს, _ ორაზროვნად უპასუხა ვაკომ, _ ახლა კრევეტებით ვარ დაკავებული.

გოგონა უარესად გაწითდა, მიუხვდა ქარაგმას.

_ აქ ხშირად მოდიხარ? _ სხვა თემაზე გადაიატანა საუბარი, თან გულში დაამატა: «სხვა ქალებთან, თუ მარტო?» საკმაოდ ძვირად ღირებული რესტორანია იმისთვის, მისნაირებმა ხშირად იარონ. ან, იქნებ, აქვს კიდევაც ამის საშუალება?

_ მხოლოდ მაშინ, როცა შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობ, _ ეშმაკური ღიმილით გახედა მამაკაცმა.

_ მაგრამ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა, ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, _ ჩაიცინა სალიმ, _ ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვართ. აქ ყველაფერი ძალიან ძვირია. გინდა, გერმანული ანგარიშით გადავიხადოთ? ჩვენ-ჩვენი წილი დავდოთ, როგორც ჭეშმარიტმა მეგობრებმა.

ვაკომ საჩვენებელი თითი დაუქნია.

_ ჩემს გაბრაზებას ნუ ცდილობ, სალი. რომ არ შემძლებოდა, არც დაგპატიჟებდი. ძალიან გთხოვ, სხვა დროს ჩემს ჯიბეზე ნუ იზრუნებ. ჩემი საქმისა მე ვიცი. შევთანხმდით?

_ მაპატიე… ჩათვალე, რომ ვიხუმრე. დიდი მადლობა, რომ აქ დამპატიჟე და გამიმასპინძლდი. ეს დიდი პატივი ჩემთვის.

_ ნუ მაშაყირებ.

_ არ გაშაყირებ, რა სისულელეა, მართლა გულწრფელად ვამბობ.

_ მოგხვდება, იცოდე… _ ისევ დაემუქრა ვაკო და კინაღამ დაამატა, «ერთ ადგილასო», მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი.

უხერხულობის გასაფანტავად სალიმ «ნაბეღლავის» დასხმა გადაწყვიტა, მაგრამ ვაკომ არ დააცალა და თავად წაეპოტინა ბოთლს. რაღაც მომენტში მათი თითები ერთმანეთს შეეხო. სალიმ, თითქოს დენმა დაარტყაო, სწრაფად გასწია ხელი უკან და სკამის საზურგეს მიეყრდნო. მამაკაცი დაჟინებით მიაჩერდა.

_ მაპატიე… სისულელეა ეს ყველაფერი, _ ჩურჩულით თქვა გოგონამ.

_ რატომ ნერვიულობ? _ მოიღუშა ვაკო, _ შენ რა, გგონია, რომ სიტყვას გავტეხ?

_ არა, წამითაც არ მგონია…

_ მაგრამ შენი რეაქციიდან გამომდინარე, რაღაცის გეშინია… რისი? იქნებ ფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვი? _ მამაკაცმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი, _ თუ გსურს, უბრალოდ, ავდგეთ და გავაუქმოთ ჩვენი შეთანხმება, პრობლემა არ არის.

_ არა! _ სალის თავადაც გაუკვირდა, ისეთი სისწრაფით უპასუხა მამაკაცს, _ არ მინდა. მეგობარი ახლა ნამდვილად მჭირდება.

_ მაგრამ შენ უკვე გყავს მეგობარი… მამიდაშენი არაჩვეულებრივი ადამიანია.

_ ჰო, რა თქმა უნდა, ამაში გეთანხმები, მაგრამ… ის ჩემი ნათესავია. ამაში კი არის განსხვავება.

_ განსხვავება? აბა, ერთი მითხარი, რას გულისხმობ?

_ იცი? ნათესავი სხვა რამეა. ის ჩემი გამზრდელი მამიდაა. ჩემს გულისტკივილს ბოლომდე ვერასდროს გავუმხელ, რათა მასაც არ ვატკინო გული. ამიტომაც შედარებით მსუბუქად ვუყვები ხოლმე ჩემი პრობლემების შესახებ.

_ ესე იგი, მას რაღაცას მაინც უმალავ?

სალომემ თავი დაუქნია.

_ თავიდანვე წინააღმდეგი იყო, ავთოს გავყოლოდი ცოლად და არ დავუჯერე. ახლა რომ ბევრი ვიწუწუნო, ვიცი, მეტყვის, ხომ გეუბნებოდი თავის დროზე დაა რატომ არ დამიჯერეო. მე კი არ მინდა ამის მოსმენა. ისედაც ვიცი, რომ შეცდომა დავუშვი.

_ მაგრამ როგორ აუხსენი, როცა დაშორდი? მიზეზად რა მოიყვანე?

_ ვთქვი, უბრალოდ, ვერ გავუგეთ ერთმანეთს და ორივემ მშვიდად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მივხვდი, რომ აღარ მიყვარს-მეთქი.

_ და დაგიჯერა? _ სკეპტიკურად გახედა ვაკომ, _ კარგი, ჩემთვის გასაგებია, რომ არ გინდა, მამიდას ბოლომდე გადაუშალო გული, მაგრამ… ვეჭვობ, არც ჩემთან იქნები ბოლომდე გულახდილი. ახლაც, რაღაც უმნიშვნელო რამ მოხდა და ისეთი თვალებით შემომხედე, შეშინებულ კნუტს დაემსგავსე. თუ ასე გაგრძელდება, ჩვენს ურთიერთობაშიც წარმოიქმნება პრობლემები.

_ მერწმუნე, ეს მეტად აღარ განმეორდება, _ თავი იმართლა გოგონამ, თუმცა ხვდებოდა, რომ სულაც არ იყო დარწმუნებული თავის ნათქვამში.

კარგა ხანს დაჰყვეს რესტორანში. ვაკომ თავის ბავშვობაზე ილაპარაკა, თავის ონავრობებზე და ამაზე ბევრი იცინეს.

_ და-ძმა არ გყავს? _ დაინტერესდა სალი.

_ არა, დედისერთა ვარ და ნებიერად გამზარდეს მშობლებმა. ჩემს გემოზე ვიყავი მიშვებული. ისინი მუშაობდნენ, ამიტომაც ძირითადად, მარტო ვიყავი ხოლმე. ხომ მოგიყევი, რა სიგიჟეებსაც ჩავდიოდი… ჭკუაზე არ იყვნენ, ამისგან ბანდიტი გაიზრდებაო, გაიძახოდნენ შეშინებულები. მე კი, ახლა რომ ვუფიქრდები, ალბათ სიმარტოვისგან ვიყავი გაბოროტებული და მათ ჯინაზე ვიქცეოდი ცუდად.

_ ახლა სად არიან?

_ მამა ორი წლის წინ დამეღუპა, დედა კი სოფელში ცხოვრობს, მეურნეობას ეწევა… ცოატთი დამიბერდა…

_ სამწუხაროა…

_ შვილები არ გყავს, მგონი, არა?

_ საბედნიეროდ, არ მყავს. ჩემი ქმარი ვერ იტანდა პატარებს. ძმაკაცების შვილების სანახავადაც კი არ მიდიოდა ხოლმე. ამბობდა, ახალშობილს რომ ვუყურებ, გული მერევაო.

_ შენ თუ გინდა, შვილები გყავდეს? _ მამაკაცმა თვალი თვალში გაუყარა.

_ რა თქმა უნდა.

_ აბა, რატომ თქვი, საბედნიეროდო?

_ იმიტომ, რომ მისგან არ მყავს. მიხარია, რომ მომავალში მასთან აღარაფერი დამაკავშირებს. დარწმუნებული ვარ, შვილი რომ მყოლოდა, ვაჭრობას დამიწყებდა.

_ ვაჭრობას?

_ ჰო. თუ წახვალ, ბავშვს არ გაგატან და ასე შემდეგ. ხომ იცი, როგორც ხდება ასეთ დროს.

_ გასაგებია, მაგრამ იქნებ უკეთესიც ყოფილიყო, შვილები გყოლოდათ. ჩემი აზრით, ეს უფრო გაამყარება თქვენს ოჯახს.

_ გამორიცხულია… ჩვენი ურთიერთობა განწირული იყო. მასთან გატარებული სამი წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი იყო. ეჰ… აღარასდროს გავთხოვდები, აღარასდროს!

_ რატომ? განა ყველა მამაკაცი ერთნაირია? ყველა შენს ქმარს კი არ ჰგავს.

_ შეიძლება, მაგრამ ეს ჩემთვის შეღავათი სულაც არ არის. კიდევ ერთხელ არ მინდა რისკზე წავიდე. თუ მოსკოვში დავბრუნდები, შევეცდები, კარგი სამსახური ვიშოვო. ბინა ვიყიდო და ჩემი თავის ბატონ-პატრონი მე თვითონ ვიყო.

_ მერედა, მოსკოვში ბინის ყიდვა ასე ადვილია? რა მეოცნებე ყოფილხარ! _ სიცილი ვერ შეიკავა ვაკომ.

_ აქაც ხომ მაქვს ბინა, იმას გავყიდი და დავამატებ, მუშაობა არ მეზარება, არც პროფესია მაქვს ცუდი, _ ამაყად წარმოთქვა სალიმ.

მამაკაცს ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე.

_ იცი რა? განგების ნებაა, გაუთხოვარი დარჩები, თუ ისევ გათხოვდები. სად მიდიხარ, თუ ბედმა კიდევ ერთხელ შეგახვედრა ვინმეს? შენი მეორე ნახევარი ხომ მაინც არსებობს სადღაც? მშვენივრად იცი, რომ ასეა.

_ ალბათ… ალხანას ხომ თავისი ჩალხანა არ დაელევა… მაგრამ ახლა ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. თუ ის დრო ოდესმე დადგება, მერე დავფიქრდები. ამწუთას მამაკაცები ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ბოლო ადგილს იკავებენ.

_ ჩემთვის თუ გამოიმეტე ერთი ბნელი კუნჭული მაინც შენს გულში?

_ როგორც მეგობრისთვის, რა თქმა უნდა, _ მორცხვად უპასუხა სალომემ და თვალები დახარა.

«ალბათ ფიქრობს, რომ სულაც არ ვარ მამაკაცების კატეგორიული წინააღმდეგი და ისე, ზერელედ ვლაპარაკობ ასე. იქნებ იმედოვნებს, რომ ჩვენი მეგობრობა სხვა, უფრო ღრმა  ურთიერთობაში გადაიზრდება? ეგ არ მოხდება! არასდროს!» _ შუბლი შეიჭმუხნა გოგონამ და მაგიდაზე თითები აათამაშა.

ვაკომ თბილად გაიღიმა, როცა სალომეს შეცბუნება შეამჩნია.

_ შენ მომაჯადოებელი ქალი ხარ, რომელმაც გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინა, თუნდაც მწარე, _ მსუბუქად წარმოთქვა, _ მე კი ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ რწმენა დაგიბრუნო.

_ რისი რწმენა? _ თვალები ასწია სალომემ.

_ მამაკაცების.

_ ტყუილი შრომა მოგიწევს.

_ მაინც ვეცდები. სად მეჩქარება? მგონი, დრო თავზე საყრელად მაქვს.

სალომეს ალმურმა გადაჰკრა. შეეცადა, სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი.

_ მამიდაჩემი როგორ გაიცანი? ძალიანი გაფასებს, სულ შენზე ლაპარაკობს.

_ ისევე, როგორც მე. მას არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს _ კეთილია, გულიანი, სიცოცხლით სავსე და ხელგაშლილი. საერთო მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი. ერთ ახლობელს კარის საკეტი გაუფუჭდა და იმას ვურემონტებდი, რომ თავზე დამადგა, მეც ხომ არ შემიკეთებდი სახელურს ჩემს სახლშიო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მერე დავმეგობრდით… მას შემდეგ ხშირად ვსტუმრობ ხოლმე.

_ ძალიან კეთილი ხარ, _ თქვა სალომემ, _ ის ღვიძლი შვილივით გექცევა, არადა, ამ დროს შვილი არასდროს ჰყოლია… კიდევ რას საქმიანობ, გარდა იმისა, რომ კარის საკეტებს ცვლი? _ გაიცინა სალიმ, ნამდვილად არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ ეს მომნუსხველი მამაკაცი მხოლოდ ხელოსანი იყო და სხვა პროფესიას არ ფლობდა.

_ ცოტ-ცოტას ყველაფერს… _ არ დააკონკრეტა ვაკომ და სასმელი ჩამოასხა.

_ კი მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ საერთოდ არ გიცდია, უმაღლესი განათლება მიგეღო? თუ გაქვს პროფესია და არ ამბობ? _ არ მოეშვა სალი.

ვაკომ ჩაიღიმა.

_ იურიდიულზე ვსწავლობდი, მაგრამ ერთხელაც მივხვდი, რომ იურისპრუდენცია ჩემი მოწოდება არ იყო. შემდეგ კომპიუტერული პროგრამების შესწავლაზე გადავერთე. საერთოდ, ცოტა უცნაური ადამიანი ვარ. როცა რაღაც დამაინტერესებს, ვცდილობ, ბოლომდე ჩავუღრმავდე და რაც შეიძლება, ბევრი ავითვისო. მაგრამ შედეგად იცი, რა გამოდის? ყველაფერს ვეპოტინები და საბოლოოდ წესიერად არაფერიც არ ვიცი. ხოლო, რაც შეეხება ბურღს, ქანჩს და მარწუხს, შესანიშნავად ვხმარობ, რატომღაც, გამომდის.

_ გასაგებია… და სად ცხოვრობ?

_ აქვე ახლოს. თუ გაინტერესებს, შემიძლია გაჩვენო ჩემი სახლი.

_ სხვა დროს იყოს, გმადლობ.

ახლა ნამდვილად არ ღირს, ჯერ უფრო ახლოს უნდა გაიცნოს ეს კაცი. მამიდა შეიძლება ენდობა მას, მაგრამ სიფრთხილეს თავ არ სტკივა, საჩქარო არაფერია. რა დაავიწყებს სალომეს, როგორი ანთებული თვალებით აკვირდებოდა მამაკაცი მას გაცნობის პირველსავე დღეს, თითქოს მისი შეჭმა უნდაო. ახლა კი, პატარა ბიჭივით, მეგობრობა შესთავაზა. ალბათ ძალიან გულუბრყვილო გოგონა ჰგონია სალი… ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი.

_ ვხედავ, რომ მაინც არ მენდობი. რა ხართ ეს ქალები!

სალომემ წარბები შეყარა. ის რა, მის აზრებს კითხულობს? ცოტა არ იყოს, შეცბა.

_ არა, რატომ… საიდან მოიტანე?

_ შენმა თვალებმა მითხრა, საკუთარმა გამოხედვამ გაგყიდა. იცი? ყველა კაცი ერთნაირი არ არის, თუმცა შენმა მეუღლემ, ცოტა არ იყოს, მეც კი გამაოგნა. ძალიან მინდა დაგიმტკიცო, რომ კარგი მამაკაცებიც არსებობენ ამქვეყნად.

_ ალბათ არსებობენ, უბრალოდ, მე არასდროს შემხვედრია ასეთი, _ ღიმილით დაეთანხმა სალი.

_ ერთი წინადადება მაქვს. ხვალ გამოგივლი და ბაზალეთის ტბაზე წავიდეთ. იქ არაჩვეულებრივი ბუნებაა, მოგეწონება.

სალომე უარის თქმას აპირებდა, რადგან ჯერ ისე არ იყო ვაკოსთან დაახლოებული, რომ ამდენი დრო გაეტარებინა მის გვერდით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც დათანხმდა.

_ სიამოვნებით.

ტბა, ზღვა და მდინარე იმდენად უყვარდა, ვაკო კი არა, ვინც უნდა ყოფილიყო, ცდუნებას წინ ვერასდროს აღუდგებოდა.

მამაკაცმა იდუმალად ჩაიღიმა, რამაც გოგონას გული აუჩქროლა. როგორ უხდებოდა ღიმილი, მოღიმარი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. კიდევ უფრო სიმპათიური ჩანდა და კიდევ უფრო… სასურველი. რა ჯანდაბა ეტაკა ამ საღამოს? მის ყოველ შემოხედვაზე ჟრუანტელი უვლის. ვაითუ, შეუყვარდეს?! არა, ეს გამორიცხულია. რა დროს კაცებზე ფიქრია, ცხოვრება თავზე ენგრევა! გარდა ამისა, არც ისეთი განსაკუთრებულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მერე რა, რომ მაღალია და სიმპათიური? სიმაღლე და სილამაზე არც ალვის ხეს აკლია, როგორც მარინა მამიდა იტყოდა, მაგრამ რისი მაქნისია? მის ტოტებს საჩრდილობლადაც ვერ გამოიყენებს ადამიანი. ჰოდა, ეგრე!..

ძალიან კი უნდოდა, ეს «ჭეშმარიტება» ერწმუნა სალის, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ვაკო ღუდუშაური მართლაც რომ მომნუსხველი მამაკაცი იყო, თითქოს ასხივებდა თავის მომხიბვლელობას. თუმცა მხოლოდ ეს არ იყო მთავარი. ასეთი მამაკაცების უმრავლესობა თავიანთ გარეგნობას ღვთის საჩუქრად მიიჩნევენ და ისე მოაქვთ თავი, თითქოს მათზე უკეთესი ქვეყნად სხვა არავინ იყოს და ყოველთვის ქალისგან ელიან პირველ ნაბიჯს. დარწმუნებულნი არან, რომ ნებისმიერი ქალის შეცდენას შეძლებენ, თანაც ადვილად. ვაკო ამ მხრივ მართლაც რომ გამორჩეული იყო. ის სულაც არ ცდილობდა, შთაბეჭდილება მოეხდინა სალიზე. არ ტრაბახობდა, თავის გამორჩეულ თვისებებზე არ ლაპარაკობდა, თავს არ იქებდა… თუმცა კი მომთხოვნი ჩანდა, თითქოს მბრძანებლობდა სხვებზე. იცოდა, როგორ უნდა მიეღწია მიზნისთვის. მან უკვე აჩვენა ეს, როცა სალომეს მეგობრობა შესთავაზა. ხომ ადვილად დაითანხმა? ჰო, რა თქმა უნდა, სალი არც კი შეყოყმანებულა. ამასთან, არც ტაქტი აკლდა. კარგად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო ქალთან. ჯენტლმენიც იყო, ამას ვერ დაუკარგავდით. ფაქიზად ეკიდებოდა ქალის გრძნობებს, ცდილობდა, თავისი დაუფიქრებელი ნაბიჯით არ გაენაწყენებინა მანდილოსანი. ამას სალომე არა მარტო მამიდის რეკომენდაციით, არამედ საკუთარი ინტუიციითაც გრძნობდა.

8 8 8

საღამოს ბოლოს სალომე უკვე აღარ იყო დაძაბული, ნერვიულობისგან თანდათან გათავისუფლდა და მოეშვა. ვაკომ სახლამდე მაიცილა და შეპირდა, ხვალ დილით, ცხრა საათზე გამოგივლიო. გამომშვიდობების ნიშნად ქალმა ხელი გაუწოდა მამაკაცს, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ვაკო მხოლოდ ხელის ჩამორთმევას არ დასჯერდებოდა და აუცილებლად აკოცებდა. მოლოდინი იმდენა ძლიერი იყო და ალბათ სურვილიც, რომ გოგონას გულმა ბაგაბუგი აუტეხა, როცა ვაკომ მისკენ გამოიწია, მაგრამ… ახალმა მეგობარმა მხოლოდ ლოყაზე უჩქმიტა… მსუბუქად, მსუბუქად…

_ საღამომ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, _ თქვა მან სულში ჩამძვრომი ხმით, _ ვიმედოვნებ, შენც…

დამორცხვებუმა გოგონამ თავი დააქნია.

_ ჰო, მეც…

_ მოუთმენლად დაველოდები ხვალინდელ დღეს.

_ მეც… ძალიან კარგი ადამიანი ხარ… მაგრამ… იცი, რა? სულაც არ ხარ ვალდებული, ჩემს გასართობად ამდენი დრო დახარჯო.

_ ჩემი სურვილის საწინაამდეგოდ ამას ნამდვილად არ გავაკეთებდი, დამიჯერე, _ უპასუხა ვაკომ და თვალი თვალში გაუყარა.

მისი მზერა ჰიპნოზივით მოქმედებდა სალომეზე. ეს ულამაზესი დანისლული თვალები თითქოს მისი სულის სიღრმეში აღწევდა. სასიამოვნო ტალღამ სხეული გაუთბო. სანამ რამე მომხდარა, აჯობებს, შინ შევიდეს, თორემ ბევრი რამ გაუხდება სანანებელი. ათრთოლებულმა ძლივს გადაატრიალა გასაღები.

_ ღამე მშვიდობისა, ვაკო… და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა…

მარინას არ ეძინა. სალომე ამას არ მოელოდა. ეგონა, მამიდა შეკითხვებს დააყრიდა, საღამო როგორ გაატარეთო, მაგრამ, ამის მაგივრად, ქალმა ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა.

_ ეს წუთია, შენმა დედინაცვალმა დარეკა.

_ ხომ მშვიდობაა? ავად ხომ არ გახდა? ალბათ ნაწყენია, რომ არ ვინახულე, არა?

_ მშვიდობაა, კი, _ დაამშვიდა მამიდამ, _ უბრალოდ, ავთოს დაურეკავს მასთან და…

_ ავთოს? _ სალომეს უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, _ რა ჯანდაბა უნდოდა?

_ შენზე უკითხავს, დაბრუნებას როდის აპირებსო. როგორც ჩანს, შერიგება უნდა.

_ რა-ა?! _ თვალები რისხვით აენთო, _ შერიგება? მოხარშული წაბლი არ უნდა? არასდროს! ეგ არ მოხდება, მამი, შენ მაინც ხომ იცი, რომ არ მოხდება! იმედია, მედეამ გააგზავნა ერთ ადგილას… ხომ არ დავურეკო?

_ ვუთხარი, ხვალ დაგირეკავს-მეთქი.

_ მაგრამ ხვალ დილით ვაკოს უნდა შევხვდე, ბაზალეთზე მივდივართ და როდის დავბრუნდებით, არ ვიცი, _ გაახსენდა გოგონას.

მარინას ღიმილმა გაუნათა სახე.

_ ძალიან საყვარელი ბიჭია, არა?

_ ჰო, საყვარელია, _ დაეთანხმა სალი, _ მაგრამ ძალიან გთხოვ, მამიდა, ნუ იქნები ილუზიების ტყვეობაში. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ და მეტი არაფერი. ასე გადავწყვიტეთ. ამიტომ სხვა ამპლუაში ნუღარ მოიაზრებ მას, გეხვეწები.

მარინამ მრვალმნიშვნელოვნად აზიდა წარბები, მაგრამ არაფერი უთქვამს, შეუმჩნევლად ჩაეღიმა მხოლოდ.

_ მართლა, მართლა, _ სალომემ ხელები გულზე დაიკრიფა, _ სულ ცოტა ხანში თავადაც დარწმუნდები ამაში.

_ თქვენი საქმისა თქვენ იცით, მე რა… როგორც გაგიხარდებათ, ისე მოიქეცით. მე, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ვაკო არაჩვეულებრივი ადამიანია.

_ მჯერა, მეც მომწონს, მაგრამ მხოლოდ მეგობრულად. წავალ, დავწვები, ძალიან დავიღალე, _ თქვა გოგონამ და ტანსაცმლის გახდას შეუდგა.

_ წადი, შვილო, წადი.

სალომემ ღიმილით გახედა მამიდას, ხალათი მოიცვა და აბაზანაში შეიკეტა…

იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს, ვაკოსთან გატარებულ საღამოზე ფიქრობდა… რამდენი ხანია, ასე კარგად არ უგრძნია თავი. რა არის, ბოლოს და ბოლოს, ბედნიერება? სიყვარული? მაგრამ სიყვარულს ვისთვის მოუტანია ბედნიერება? არავისთვის… არასდროს… პირიქით… სიყვარული კაეშანი და ღელვაა, ორთარძოლა, უძილო ღამეები… როცა შეკითხებით თავს იწამებ, სწორად იქცევი თუ არა. ეს აგონია უფროა, ვიდრე სიამოვნება. რა მოიგო, როცა ერთის შეყვარება სცადა? ტკივილი და მარტოობა, სხვა არაფერი. ამიტომაც ჯობია, ოცნების კოშკების აგებას არ შეუდგეს. ილუზიებით ცხოვრება გაცილებით მარტივია, ვიდრე მათი რეალობად გადაქცევა. ეს არის ჭეშმარიტება…

 

თვითონაც არ იცოდა სალომემ, რატომ გამოიპრანჭა ასე საგანგებოდ. იმდენად გამომწვევად გამოიყურებოდა, ძალაუნებურად გაგექცეოდა თვალი მისი სხეულისკენ. მოკლე კაბა ეცვა, ღრმად გულამოჭრილი. ვიწრო სამოსი მის მრგვალ თეძოებსა და გრძელ ფეხებს კიდევ უფრო სექსუალურს აჩენდა. მანქანაში რომ ჩაჯდა, ვაკომ შეუმჩნევლად გააპარა თვალი მისი მაღალი მკერდისკენ.

_ იცი? წუხელ ბევრი ვიფიქრე და… გადავიფიქრე, _ თქვა მოულოდნელად სალიმ.

_ გადაიფიქრე? როგორც გენებოს… მაშინ შენ მითხარი, როგორ მოვიქცე.

_ ცოტა უფრო ახლო მანძილზე რომ გაგვესეირნა, არ შეიძლება?

_ შეიძლება, მაგრამ მაშინ მარშრუტს მე ავირჩევ.

_ კარგი, თანახმა ვარ.

_ მანგლისში ავიდეთ, არც იქ არის ნაკლები ბუნება.

_ ავიდეთ, _ ადვილად დაეთანხმა გოგონა.

ვაკომ უსიტყვოდ დაძრა ნაცრისფერი ჯიპი და მთელი სისწრაფით გააქანა. «რა ძვირფასი მანქანაა… ნეტავ, თავისია, თუ ითხოვა?» _ გაიფიქრა სალომემ, ფეხი ფეხზე გადაიდო და კაბა მუხლებზე ჩამოიწია.

_ რაღაც სევდიანი მეჩვენები… _ ვაკომ თავი მოაბრუნა და დაკვირვებით შეათვალიერა.

_ მამიდაზე ვფიქრობ…

_ რატომ, ცუდად ხომ არ არის?

_ არა, კარგად არის, მაგრამ მარტო დარჩა და მომეჩვენა, რომ წამოსვლისას მოიწყინა… რატომ არ დაპატიჟე, ის ხომ შენი მეგობარია?

_ რა თქმა უნდა, მეგობარია, თანაც ძალიან კარგი და საყვარელი მეგობარი, მაგრამ მე მხოლოდ შენთან ერთად მინდოდა ყოფნა. არ მინდა შენ გვერდით გატარებული წუთები სხვას გავუნაწილო. როგორ ფიქრობ, ეს დანაშაულია? _ მრავლისმეტყველი ღიმილი ესროლა მამაკაცმა.

სალომეს განგაშის ზარმა დაჰკრა გონებაში. იქნებ მაინც შეცდა და არ უნდა დაეჯერებინა მისთვის? ვინ იცის, რა აზრები უტრიალებს თავში.

_ როგორც ვატყობ, შენი შემოთავაზება არც ისეთი უანგაროა, პატივცემულო ვაკო, _ გესლიანად აღნიშნა ბოლოს.

მამაკაცს ღიმილი მაშინვე გაუქრა.

_ მაპატიე, ცუდი არაფერი მიგულისხმია. ვიფიქრე, ასე უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს-მეთქი. მამიდაშენთან ვერ იქნებოდი ბოლომდე გახსნილი, ასე არ არის? თუ რამე არ მოგწონს, დავბრუნდეთ… _ ვაკომ სვლა შეანელა.

_ არ ღირს გეგმის შეცვლა, _ მსწრაფლ შეაწყვეტინა გოგონამ… ალბათ იმის შეეშინდა, რომ მასთან განმარტოებულს აუცილებლად მოუწევდა თავის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი. მარინას თანდასწრებით კი ვაკო თავის თავს ზედმეტი კითხვების დასმის უფლებას არ მისცემდა.

_ თუ ასეა, გავაგრძელოთ გზა, სხვა რა დაგვრჩენია, _ გახალისდა ვაკო და კვლავ მოუმატა სიჩქარეს.

რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, მით უფრო მატულობდა სიცივე, მიუხედავად იმისა, რომ მზე სასიამოვნოდ აცხუნებდა.

_ კარგია, რომ გამოიდარა, _ შენიშნა მამაკაცმა.

_ ჰო, მაგრამ მაინც ცივა.

_ უკანა სავარძელზე ჩემი პულოვერი დევს, შეგიძლია ჩაიცვა.

_ გმადლობ, მეც მომაქვს ჟაკეტი, მაგრამ ჯერ არ მინდა. თუ ძალიან შემცივდება, მერე მოვიხურავ, _ იუარა სალიმ.

გოგონა ხარბად ათვალიერებდა გარემოს. აქ მართლაც განსხვავებული ჰაერი იგრძნობოდა.

_ მანგლისში ლამაზი პარკი აქვთ, ცოტა ხნით შევიდეთ და გავიარ-გამოვიაროთ, ყავა დავლიოთ…

_ აქეთ არასდროს ვყოფილვარ.

_ როგორ, წყნეთში ნამყოფი არ ხარ?

_ წყნეთში კი, მაგრამ მანგლისში _ არასდროს.

_ ესე იგი, სიურპრიზი გამომსვლია და ეგ არის!

_ როგორც ჩანს…

სალომე ყოველი წამით ტკბებოდა. უნდოდა, ამის შესახებ ვაკოსთვის ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა. მამაკაცი თითქოს ჯიბრზე, სულაც არ იხედებოდა მისკენ. ისეთი გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა, უცხო თვალს დაქირავებული მძღოლი ეგონებოდა…

თუმცა, სალის მხოლოდ ეჩვენებოდა ასე. ვაკო შიგადაშიგ შეუმჩნევლად აპარებდა მზერას გოგონასკენ და მისი ლამაზი მუხლისთავების ყურებით ტკბებოდა. სიამოვნებამოგვრილს მხოლოდ ისღა დარჩებოდა, მთელი ძალით ჩაფრენოდა საჭეს, რათა ხელები მისკენ არ გაქცეოდა. ამწუთას სალის მაგივრად მის გვერდით სხვა ქალი რომ მჯდარიყო, აუცილებლად ჩაუცურებდა ხელს მუხლისთავებს შუა, მაგრამ სალი სხვა ქალი არ იყო და მას ამას ვერ გაუბედავდა…

სალომეს ყურები დაუგუბდა. «როგორც ჩანს, სიმაღლის გამო წნევამ თამაში დაიწყო», _ გაიფიქრა და ორივე ხელი ყურებზე აიფარა.

_ არა უშავს, მალე გაგივლის, ცოტაც მოითმინე, _ მიუხვდა მამაკაცი და თბილად გაუღიმა.

გოგონას პასუხი არ გაუცია. რატომღაც, ლაპარაკის ხასიათი გაუქრა.

ქვედა მხრიდან მიადგნენ პარკს. გაშლილ მინდორზე ხალხი კანტი-კუნტად ირეოდა. ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ ახლად ამწვანებულ მდელოს.

_ ყავას ხომ დალევ? _ ჰკითხა ვაკომ.

_ დავლევ, ოღონდ სხვა არაფერი მინდა, _ თავი დაუქნია სალიმ.

პატარა კაფეს მიადგნენ, რომელიც ჯიხურს უფრო ჰგავდა, ვიდრე კაფეს. მამაკაცმა ორი უნალექო ყავა შეუკვეთა.

_ ნამცხვარს არ გასინჯავ? თითო ნაჭერი ავიღოთ, _ შესთავაზა მამაკაცმა.

_ არა, გმადლობ, ჯერ არ მშია.

_ როგორც გინდა.

ვერა და ვერ აეწყო საუბარი. სალომე გულში თავის თავს უბრაზდებოდა, რატომ იჩქარა მასთან შეხვედრა. ხომ შეიძლებოდა, ჯერ უფრო ახლოს გაეცნო იგი, უფრო გაშინაურებოდა და მერე გაჰყოლოდა სასეირნოდ. აი, როგორი დისკომფორტი შეექმნათ გასეირნების ნაცვლად. ეს უკეთესია? ვაკო თავაზიანობას კი ინარჩუნებდა, მაგრამ ისეთი მხიარული და მეგობრული ვერ იყო, როგორც წინა საღამოს. აშკარად ეტყობოდა, რომ მასაც გადაედო სალის უხასიათობა. ბოლოს მაინც არ მოუთმინა გულმა, ვეღარ გაუძლო დაძაბულობას და გაუბედავად წარმოთქვა.

_ შენი წყენინება არ მინდოდა, მაპატიე…

ვაკომ ყავა მოსვა და ამ ხნის განმავლობაში, პირველად ჩახედა გოგონას თვალებში.

_ როცა მე გითხარი, შენთან გატარებული წუთები არ მინდა სხვას გავუნაწილო-მეთქი, ცუდი არაფერი მიგულისხმია, შენ კი დაიბოღმე. ეს მხოლოდ სიტყვის მასალა იყო და მეტი არაფერი. სულაც არ ვაპირებ, რამე ისეთი ჩავიდინო, რაც შენს სურვილს შეეწინააღმდეგება. უკაცრავად, მაგრამ დამავიწყდა, რომ შენ ყველა მამაკაცი საზიზღარი ტირანი გგონია.

გოგონა შეიშმუშნა.

_ ალბათ ყველა არა.

_ მაგრამ შენ არ მაძლევ შანსს, დაგარწმუნო ამაში. თუკი მართლა ასეა საქმე და გიძნელდება ჩემ გვერდით ყოფნა, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს მეგობრობას აზრი არა აქვს.

მამაკაცმა ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად ხაზგასმით წარმოთქვა.

_ შენ არასწორად გამიგე, _ თავი იმართლა სალიმ, _ მე, უბრალოდ, ნერვები მაქვს გაფუჭებული იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანე. გარდა ამისა, წუხელ ავთოს დაურეკავს ჩემს დედინაცვალთან და… ამან მთლად მომშხამა. უფრო ამის გამო ვარ უხასიათოდ.

_ შენს ყოფილ ქმარს? _ ვაკომ თავი გადახარა და გვერდულად გახედა.

გოგონამ თავი დაუქნია.

_ რა უნდოდა?

_ უნდა, რომ შევურიგდე.

მამაკაცს უცნაურად შეერხა წარბები და სალის ეს არ გამოპარვია.

_ და მერე… შენ?

გოგონამ მსუბუქად აიჩეჩა მხრები.

_ დღეს დილით უნდა დამერეკა ჩემი დედინაცვლისთვის, მაგრამ, გჯერა, რომ დამავიწყდა?

სალი ისე იყო დილიდან აფორიაქებული, მართლა დაავიწყდა მედეასთან დარეკვა. ჯერ იყო და, მთელი ღამე ვაკოზე ფიქრში გაათენა, მერე იმაზე ნერვიულობდა, რა ჩაეცვა, ბოლოს კი, როცა ეს პრობლემაც გადაჭრა, მთელი გულისყური ჭიშკრისკენ ჰქონდა მიმართული, მამაკაცი როდის მოაკითხავდა, რის გამოც ქმარყოფილი და დედინაცვალი საერთოდ გადაავიწყდა.

_ ხდება ხოლმე, ამას ნუ მიიტან გულთან ახლოს. უკან რომ დავბრუნდებით, აუცილებლად შეგახსენებ, რომ დასარეკი გაქვს. შენმა ქმარმა იცის, სადაც ხარ? შესაძლებელია, ჩამოვიდეს?

_ არა მგონია, _ ყოყმანით უპასუხა წარბებაწეულმა, რადგან თავადაც არ იყო ამაში ბოლომდე დარწმუნებული.

_ კი მაგრამ, რისი იმედი აქვს? რა აიძულებს, იფიქროს, რომ შეიძლება შეურიგდე? თუ ყველაფერი არ გითქვამს ჩემთვის? _ ვაკოს საკმაოდ არასასიამოვნო გაუხდა ტონი.

სალომე მოიღუშა. არ უნდოდა, ავთოზე ელაპარაკა. ვაკოს სულაც არ ეხებოდა მათი ურთიერთობის დეტალები, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა ეპასუხა.

_ სიმართლე გითხრა, მას არ უნდოდა ჩემთან განქორწინება. ვერც კი მიხვდა, რატომ გავშორდი. ის თავის საქციელში ცუდს ვერაფერს ხედავდა.

_ ნამდვილი ბრმები ისინი არიან, ვისაც დანახვა არ სურს, _ ცინიკურად ჩაიცინა მამაკაცმა.

_ აი, ზუსტად მოარტყი! ეგ არის პრობლემა, სხვა კი არაფერი! _ წამოიძახა სალიმ, _ რადგან სუვენირებს მჩუქნიდა და რაღაც სისულელეებზე ხარჯავდა ფულს, რახან კომფორტულ ბინაში მაცხოვრებდა და მისი მეგობრების გართობისთვის არაფერს იშურებდა, მიაჩნდა, რომ მე არაჩვეულებრივი, მაძღარი ცხოვრება მქონდა. ამ დროს თავში აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მეც მსურდა, მეგობრები მყოლოდა, დაქალებთან გამევლო, რაღაც დამოუკიდებლად მეკეთებინა. იმის წარმოდგენაც კი უჭირდა, როგორ შეიძლებოდა, უკმაყოფილო ვყოფილიყავი. არ ესმის, რა მტანჯავდა, რა მაწუხებდა.

_ ვწუხვარ, რომ გუშინდელი საღამო მისმა ზარმა ჩაგიშხამა. არადა, წუხელ ისეთ ხასიათზე დადექი, აშკარად გეტყობოდა, როგორ განიტვირთე, თითქოს რაღაც მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდი. დღეს კი ისევ ისეთი დაძაბული და შეშინებული ჩანხარ, როგორც ჩვენი პირველი შეხვედრის დროს.

სალის მწარედ გაეღიმა.

_ არც მე მეგონა, თუ ასე შეიცვლებოდა სიტუაცია. მისმა ზარმა ზედმეტად იმოქმედა ჩემზე. არადა, მართლა ძალიან ვაფასებ, რასაც ჩემთვის აკეთებ. დაუნახავი არ ვარ, უბრალოდ… ასე მოხდა. თუმცა, მე დღევანდელი დღითაც კმაყოფილი ვარ.

მამაკაცმა ამჯერად ცალი წარბი აზიდა.

_ მართლა?

_ რა თქმა უნდა.

_ აბა, მაშინ არც სადილზე მეტყვი უარს, არა?

სალომემ ირგვლივ მიმოიხედა.

_ ჰო, მაგრამ აქ სად უნდა ვისადილოთ?

_ ორი ვარიანტი გვაქვს, _ დაიწყო ჩამოთვლა ვაკომ, _ აქედან რამდენიმე კილომეტრში ერთი პატარა რესტორანია, ჩვენებური კერძებით. სხვათა შორის, ძალიან გემრიელად ამზადებენ ყველაფერს. თუ არადა, მარკეტში შევიაროთ, მშრალი საჭმელი ვიყიდოთ და სადმე ბუნებაში განვმარტოვდეთ.

_ ჩემი აზრით, პიკნიკი ჯობია, _ გათამამდა სალი. ხალხმრავლობა მაინცდამაინც არ იზიდავდა, თანაც, ვაკოსთან სიმყუდროვეში ყოფნა უფრო ხიბლავდა, ვიდრე უცხო, ნასვამი ადამიანების ყაყანის მოსმენა.

_ ესე იგი, უკვე აღარ გეშინია ჩემი? _ ეშმაკურად შეხედა მამაკაცმა.

_ შიშით საერთოდ არავისი მეშინია. უბრალოდ, მამაკაცებს არ ვენდობი, თუმცა, ისიც მესმის, რომ ყველა ერთნაირი არ არის. ასე რომ…

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. ყავა მშვენიერია, მაგრამ ცარიელ კუჭს საკვები სჭირდება. ხომ მეთანხმები?

_ გეთანხმები.

_ მაშინ გავუდგეთ გზას, _ სახე გაუნათდა ვაკოს, აშკარად უკეთეს ხასიათზე დადგა.

მარკეტში შეიარეს, ყველი, პური, ძეხვი, კიტრის მარინადი, ერთი ბოთლი წითელი ღვინო, მანგოს წვენი იყიდეს და პარკის გვერდით მდებარე ხეივანში, პირდაპირ მინდორზე დასხდნენ. როგორც ჩანს, ვაკო მომზადებული წამოვიდა, რადგან მანქანიდან პლედი გადმოიღო და ძირს დააფინა, ხოლო შავი, სქელი პულოვერი მხრებზე შემოახვია სალის.

_ რა სიმდიდრეა… აქ იმდენი რამეა, ორს კი არა, ხუთ ადამიანსაც ეყოფა, ძალიან მანებივრებ, ვაკო, _ გადაიკისკისა გოგონამ და სახედახელო სუფრის გაშლას შეუდგა.

_ ეგ რა არის! შენ რომ ჩემი ცოლი იყო, განებივრება მერე გენახა! არასდროს არაფერს მოგაკლებდი! და არც არასდროს მოგექცეოდი ისე, როგორც ჩემს საკუთრებას.

მზერა, რომლითაც მამაკაცმა ქალს გახედა, ერთდროულად სერიოზულიც იყო და მგრძნობიარეც. სალის ცხელმა ტალღამ დაუარა სხეულში. ამ მზერას რომ გაქცეოდა, ღვინით სავსე ჭიქა სასწრაფოდ მიიტანა პირთან და სულმოთქმელად დაცალა. მამაკაცმა არ შეიმჩნია მისი საქციელი, ვითომ უდარდელად შეუვსო ცარიელი ჭიქა, ყველი და პური გადაუღო და კიტრის მარინადის ქილის გახსნას შეუდგა. ერთხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა, რაც კიდევ უფრო იდილიურს ხდიდა მათ ერთად ყოფნას.

_ მაშასადამე, როგორც მივხვდი, მასთან დაბრუნებას არ აპირებ, არა? _ მოულოდნელი შეკითხვა დასვა ვაკომ.

_ ღმერთო ჩემო, არა! _ წამოიყვირა სალიმ, _ ამის გაფიქრებაც კი მზარავს.

_ იცი? ხანდახან, ისეთი ტიპის მამაკაცები, როგორიც შენი ქმარია, ქალებზე ადვილად მბრძანებლობენ, ეხერხებათ ცოლების მართვა. ბევრს უჭირს, წინ აღუდგეს ასეთ სიმკაცრეს…

_ ვიცი, მაგრამ მე არ მიჭირს. ავთოსთან დაშორება ყველაზე საუკეთესოა, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. მას არასდროს დავუბრუნდები, _ გადაჭრით უპასუხა გოგონამ და თავმოხდილი ქილიდან კიტრის პიკული ამოიღო…

8 8 8

გემრიელად ისადილეს. სალის ლოყები აუფორაჯდა ღვინისგან, შემსუბუქდა კიდეც და ლაპარაკის საღერღელიც აეშალა. შუადღე გადასული იყო, როცა სუფრა აშალეს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ჭიქა დალია, გოგონას მაინც ციოდა, ხელები და ფეხები მთლად გაეყინა, თუმცა ამის შესახებ ხმამაღლა არ დაუჩივლია.

უკანა გზაზე ვაკომ დაბალ ხმაზე ჩართო მაგნიტოფონი. ერთხანს ჩუმად მოდიოდნენ, მუსიკას უსმენდნენ მხოლოდ. სალის ავთოზე ფიქრი გონებიდან არ შორდებოდა. არ უნდოდა, ყოფილი ქმარი გაეხსენებინა, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა. ყველაფერში წუხანდელი ზარი იყო დამნაშავე. არა, არა, სანამ მედეას არ დაურეკავს და არ გაარკვევს, რა ჯანდაბა უნდოდა ავთოს, იქამდე ვერ მოისვენებს.

ის იყო, წყნეთში შევიდნენ, რომ მანქანის ძრავამ დაიგრუხუნა და ჩაქრა. მამაკაცმა რამდენჯერმე სცადა დაქოქვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.

ვაკომ ერთი გემრიელად შეიკურთხა, გადავიდა და მანქანას კაპოტი ახადა. კარგა ხანს უჩხიკინა რაღაცას, მერე კვლავ სცადა დაქოქვა… როგორც იქნა, მოახერხა.

_ რა ჭირდა? _ დაინტერესდა სალი.

_ საწვავის ამოქაჩვა უჭირს რატომღაც. ასეთი რამ არასდროს დამართია. მოგვიწევს გაჩერება და შემოწმება. აჯობებს, თავი დავიზღვიოთ, თორემ შეიძლება თბილისამდე ვერც ჩავაღწიოთ.

_ მაგრამ აქ მხოლოდ სახლებია ირგვლივ. სად უნდა შეაკეთო? _ შეშინდა სალი.

_ რა პრობლემაა. აქედან ჩემი სახლი სულ ათიოდე მეტრშია.

_ რა? სახლი? _ გოგონას გული გადაუქანდა, _ შენ რა, აქ ცხოვრობ?

ცოტა არ იყოს, გაოგნებულმა შეხედა მამაკაცს. აქ ირგვლივ ისეთი მდიდრული სახლებია… თუ რომელიმე მათგანი მას ეკუთვნის, ეს იმას ნიშნავს, რომ ფანტასტიკურად მდიდარია… მაგრამ, თუ ასეა, რატომ აქამდე არ უთხრა? რაღაცას ატყუებს… წუხელ არ იყო, რომ გამოუცხადა, რესტორანთან ახლოს ვცხოვრობო? მაშინ წყნეთი რომ არ უხსენებია? იქნებ აგარაკი აქვს აქ? და მერე რა? სურს, რომ სალი თავისთან შეიტყუოს? რატომაც არა, მან ხომ უკვე მოიპოვა მისი ნდობა? ახლა რომ ახტეს და დახტეს, უხერხულიც კი იქნება, პატარა ბავშვივით გამოუვა უარის თქმა. იმიტომაც უთხრა ალბათ წამოსვლისას, მე ავირჩევ მარშრუტსო.

_ პატარა, მოკრძალებული სახლი მაქვს აქ, _ თქვა ვაკომ.

_ ნაქირავები, თუ საკუთარი? _ დაკონკრეტება მოითხოვა გოგონამ.

_ ჩემი სამუშაო მოითხოვს, რომ აქ თავშესაფარი მქონდეს. ხშირად მიწევს წყნეთში შეკვეთების აღება.

_ და რას აკეთებ?

_ სახლის დიზაინს, ბუხრებს, ხის კიბეებს და რა ვიცი, კიდევ ბევრ რამეს.

_ ესე იგი, დიზაინერი ხარ?

_ რაღაც მაგდაგვარი, _ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა ვაკომ და მანქანა დააგორა.

_ ბევრი რამე გცოდნია…

_ უკვე კარგად შემისწავლე, არა? _ სიცილი ვერ შეიკავა მამაკაცმა.

უზარმაზარ ორსართულიან სახლს მიადგნენ.

_ აი, აქ ვქირაობ ერთ ოთახს, ეს ჩემი უფროსის სახლია, _ თქვა ვაკომ და ხელი წინ გაიშვირა.

_ ვაუ! რა ლამაზია. შენი ბოსი ალბათ ძალიან მდიდარია, ასეთ ძვირფას სახლში თუ ცხოვრობს.

_ თვითონ არ ცხოვრობს. ეს მისი აგარაკია. ზაფხულობით ამოდის ხოლმე აქ, ცოლ-შვილთან ერთად.

_ არაჩვეულებრივია! _ აღფრთოვანება ვერ დამალა გოგონამ.

ვაკო მანქანიდან გადმოსვლაში მიეხმარა სალის. ჟრუნატელმა დაუარა, როცა მამაკაცის გამოწვდილ ხელს შეეხო. თავი გვერდზე მიაბრუნა, რათა მამაკაცს მისი რეაქცია შეუმჩნეველი დარჩენოდა. როცა მან ხელი შეუშვა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით, თან საკუთარ თავზე ბრაზობდა, გრძნობას გამოვლენის საშუალება რომ მისცა. თუმცა, როგორ უნდა შეეჩერებინა იგი, თუკი აქამდე მის არსებობაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა? მსგავსი ჟრჟოლა ხომ აქამდე არასდროს განუცდია. არადა, მამაკაცს დღეს ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ მოვლენების პროვოცირება მოეხდინა. ის ნამდვილი ჟენტლმენივით იქცეოდა.

ვაკომ წინ გაუსწრო და მოჩუქურთმებულ ხის კიბეს აუყვა.

_ ეს შენი გაკეთებულია? _ სალომემ ხელი გადაუსვა ლამაზ რიკულებს.

_ ჰო, ჩემია, _ გულგრილად ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

_ კარგი ხელი გქონია, _ შეაქო გოგონამ და გაწითლდა.

ვაკომ არაფერი უპასუხა, გასაღები მოარგო კარს, გააღო და მანდილოსანი წინ გაატარა.

_ ძალიან საყვარელი სახლია, _ გულწრფელად აღიარა სალიმ, _ გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი.

_ აქ ყველაფერია, რაც მე მაწყობს, _ დაეთანხმა იგი.

_ არც მე მაწყენდა ასეთი სახლი, თუმცა უფრო პატარაზეც სიამოვნებით დავთანხმდებოდი, თუნდაც ქალაქგარეთ, _ შენიშნა გოგონამ.

ოთახის შუაგულში ვეებერთელა ყავისფერი ხალიჩა ეგო, კედლებზე იმავე ფერის, ოღონდ უფრო ღია ტონალობის შპალერი იყო გაკრული. ტყავის სამეული და კრემისფერზოლებიანი ფარდები მდიდრულ იერს მატებდა იქაურობას. მარცხნივ ბარის დახლი შენიშნა სალიმ, რომლის უკან, კედლის მთელ გაყოლებაზე, უზარმაზარი აკვარიუმი იყო განთავსებული. ზღვის წყალმცენარეებით გალამეზებული. პატარა, ფერადი თევზები კუდის ქნევით დაცურავდნენ ჟანგბადის ბუშტებით გაჯერებულ წყალში.

_ ამ თევზებს ვინ უვლის? _ ცოტა არ იყოს, გაიოცა.

_ ერთი ქალია, აქაური მაცხოვრებელი, ყოველდღე ამოდის და უვლის… თევზებსაც და სახლსაც, _ დააკმაყოფილა მისი ცნობისმოყვარეობა ვაკომ.

_ ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი.

_ ჰოდა, თუ ასეა, აგერ დაჯექი, წვენი დალიე, მე კი გავალ და მანქანას მივხედავ, კარგი?

_ კარგი.

_ იმედია, არ მიწყენ.

_ არა მგონია, მაგრამ იქნებ რამეში დაგეხმარო?

_ რა საჭიროა, ტყუილად გაისვარო შენი ლამაზი ხელები. ნუ შეწუხდები, ეს კაცის საქმეა და როგორმე თავად გავწვდები.

_ რა შოვინიზმია! _ წარბები შეჭმუხნა სალიმ, _ გგონია, რადგან ქალი ვარ, ფიზიკური შრომა არ შემიძლია? არც ისეთი ნაზი ვარ, როგორიც ვჩანვარ. «დედიკოს გოგო» არასდროს ვყოფილვარ, სხვათა შორის და ბევრ რთულ საქმეს კაცებზე ნაკლებად არ ვაკეთებ.

ვაკოს ხარხარი აუტყდა. ისე მიამიტურად ამბობდა სალი ყოველივე ამას, მამაკაცი ძალზე გამხიარულდა.

_ ძალიანაც კარგი, თუ ასეა. სხვა დროს აუცილებლად გავითვალისწინებ, მაგრამ არა ახლა. დამელოდე, მალე მოვალ.

ვაკო გავიდა. სალიმ ერთხანს შეიცადა, მაგრამ მერე გულმა არ მოუთმინა და გარეთ გავიდა. თვალებით ვაკოს დაუწყო ძებნა. უეცრად სუნთქვა შეეკრა. მამაკაცი წელს ზემოთ გაშიშვლებულიყო და მანქანას უჩხიკინებდა. დაკუნთული, გარუჯული მკლავები და ფართო მხრები სასიამოვნოდ ულაპლაპებდა მზეზე. სპორტსმენივით ჰქონდა სხეული დაჭიმული.

სალომეს უცნაური რამ ემართებოდა. მაჯა აუჩქარდა, სისხლმა საფეთქლებში აასხა… სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა. სასწრაფოდ შებრუნდა სახლში, რათა სული მოეთქვა და დამშვიდებულიყო. თავისი ქმრის გარდა, შიშველი მამაკაცი ასე ახლოდან რამდენი წელია, არ ენახა.

შეეცადა, სხვა რამეზე გადაეტანა ფიქრი. ეს სახლი, მაგალითად, ძალიან კარგია, მდიდრული და გემოვნებიანი, მაგრამ… ძალიან დიდია. რა საჭიროა ამხელა საცხოვრებელი ფართი? შეიძლება ისე გავიდეს დრო, ყველა ოთახი ვერც ვერაფერში გამოიყენო. მართალია, მოეწონა, მაგრამ თავისთვის ასეთს არასდროს იყიდის. აი, მხოლოდ ერთი სართული რომ იყოს, უკეთესი იქნებოდა, უფრო მყუდრო და მოხერხებული. პატარა ოთახები შედარებით კომფორტულია, ვიდრე ასეთი უზარმაზარი დარბაზები. მათი ავეჯით გავსება არ გინდა? თუმცა, ეს სახლი სულაც არ არის ავეჯით გადატვირთული, პირიქით, მეტი სიხალვათეა და უხდება კიდეც ინტერიერს.

აი, სამზარეულო კი მართლაც კარგია. ორკარიანი მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გაზქურა და ვერცხლისფერი კარადები… ალბათ ძალიან ძვირფასია, ასეთი მოსკოვშიც კი არ უნახავს არავისთან. ეჰ, ნეტავ მისი იყოს ეს ყველაფერი. რამდენი ხანია, ასეთ სამზარეულოზე ოცნებობს. უკეთესს ვერ ინატრებს ადამიანი.

სალი ისე ჩაიძირა ფიქრებში, ვერც კი შეამჩნია, როგორ მოუახლოვდა ზურგიდან ვაკო. როცა მოტრიალდა, ლამის მკლავებში ჩაუვარდა მამაკაცს. მოულოდნელობისგან ისე შეხტა, ინსტინქტურად მკლავში სტაცა ხელი და მისი კუნთების ძალაც მაშინვე შეიგრძნო. კვლავ წამოუარა შეუცნობელმა სასიამოვნო, დაუოკებელმა ტალღამ…

შეშინებულმა შეხედა ვაკოს და, როგორც სარკის ანარეკლში, ისე დაინახა მის თვალებში თავისი იდუმალი სურვილები. არა, კი არ დაინახა, შეიგრძნო… თავს უშველე, სანამ გვიან არ არის, სანამ არ ჩაგიდენია ის, რაც შეიძლება შემდეგ ინანო, ჩასძახოდა საღი აზრი, მაგრამ გოგონას ძალა აღარ შესწევდა, გონების კარნახს დამორჩილებოდა… მოეჩვენა, რომ საუკუნეა, აქ დგას, მამაკაცის მკლავებს ჩაფრენილი, გახშირებული გულისცემით… რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალს არ აშორებდნენ ერთმანეთს… გოგონა გრძნობდა, როგორ ელეოდა ნელ-ნელა ძალა… მაშინაც კი, როცა ვაკო მისკენ დაიხარა, ადგილიდან ვერ დაიძრა, თვალები დახუჭა მხოლოდ და დაელოდა, რა მოხდებოდა… გრძნობდა, რომ იმ რაღაცას ვეღარ გაექცეოდა…

მაგრამ… უეცრად ვაკო წელში გასწორდა, ღრმად ამოიოხრა და განზე გადგა. სალიმ იგრძნო, როგორ განიხიბლა.

_ რაშ დაგჭირდა ამის გაკეთება? _ ცოტა არ იყოს, უკმეხად ჰკითხა მამაკაცმა.

_ რისი? _ ლამის ფეხებამდე გაწითდა გოგონა.

_ ჩემი შეხება?!

ვაკო თავს ძლივს იკავებდა, თითქოს ცეცხლი მოედო სხეულზე, გული არეულად უცემდა. ხელები ისე უცახცახებდა, იძულებული გახდა, რამდენიმე ნაბიჯით უკან დაეხია. ქალის სურნელი თავბრუს ახვევდა… დარწმუნებული იყო, ახლა მისთვის რომ ეკოცნა, გოგონა არასდროს აპატებდა ამას. უფრო მეტიც, შეიძლებოდა სამუდამოდ შეზიზღებოდა კიდეც. ამწუთას შეიძლება, სალი თავის თავს კონტროლს ვეღარ უწევს, მაგრამ ეს მხოლოდ წამია სიგიჟის, წამი, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი ჭკვიანი და თავშეკავებული ქალი აცდუნოს…

თუკი შეეცდება, რომ შეთავაზებული მეგობრობის ზღურბლს გადააბიჯოს, სამუდამოდ დაკარგავს ამ უმშვენიერეს ქმნილებას. მიუხედავად იმისა, რომ გონის დაკარგვამდე სურდა ახლა სალის გულში ჩახუტება, მისი სიყვარულსთვის შექმნილი სხეულის მკლავებში მოქცევა, მაინც უნდა მოეხმო გონებისთვის და მოთმინებით აღჭურვილიყო. ჯობია, სალი დღევანდელი დღით იმედგაცრუებული დარჩეს, ვიდრე საბოლოოდ დაკარგოს ვაკომ იგი.

_ მე… მე არ შეგხებივარ, _ ენა დაება გოგონას, _ იმ გაგებით არ შეგხებივარ, შენ რაც იგულისხმე. კინაღამ წონასწორობა დავკარგე, რადგან ვერ გავიგე, როგორ შემოხვედი და შემეშინდა. რა სულელი ხარ, ეგ როგორ იფიქრე?

ამ წუთებში სალი განუმეორებელი იყო _ ლამაზი ცისფერი თვალები უბრწყინავდა, ღაწვები აწითლებოდა, სხეული უთრთოდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ იგი არავითან შემთხვევაში არ გამოუტყდებდა ვაკოს, ამ წამიერმა შეხებამ რა ძლიერად იმოქმედა მასზეც. და ეს უკანასკნელი ცდუნებას რომ აჰყოლოდა, გოგონა სწორედ იმ აღგზნებით უპასუხებდა, რომლის დამალვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდა ამწუთას.

ვაკო შეეცადა, სუნთქვა შეეკრა და თვალი აერიდებინა სალისთვის, მაგრამ… ეს იგივე იყო, დინების საწინააღმდეგოდ ეცურა… ძალიან გაუჭირდა.

_ საკმარისად დიდი ხანი დაგჭირდა წონასწორობის შესანარჩუნებლად, _ კბილებშუა გამოცრა მამაკაცმა, _ შენი საქციელი გამოწვევას უფრო ჰგავდა.

სალომე გაშრა. თვალები ბრაზიანად დააკვესა, ვაკოსკენ ზურგით შეტრიალდა და ასე გაჩერდა, პასუხის ღირსადაც არ გახადა. ამ წუთას იგი უნიჭოდ დაჭიმულ სიმს ჰგავდა და ამაში მხოლოდ ვაკო იყო დამნაშავე. მამაკაცმა გულში დატუქსა თავისი თავი. დროზე უნდა გაცლოდა გოგოს, სანამ შეეხებოდა და ეს შეხება მასში ვნებას აღძრავდა.

_ მანქანა წესრიგშია? _ სალის ხმა ოდნავ უკანკალებდა. უკვე ყელამდე იყო ვაკოს პატივისცემით. ერთი სული ჰქონდა, როდის ჩააღწევდა თბილისამდე, მამაკაცის დანახვაც არ უნდოდა. მორჩა! მეტჯერ აღარ დათანხმდება მის შემოთავაზებებს. არავითარი გასეირნება!

ვაკო თითქოს მიუხვდა. უკმაყოფილება აღებეჭდა სახეზე.

_ თითქმის. წამით შემოვირბინე, რადგან წყალი მომწყურდა. შენ არ გწყურია? ერთად დავლიოთ, _ რაც შეიძლებოდა, თბილად წარმოთქვა მან, ცდილობდა, ბუნებრივად მოქცეულიყო, თუმცა მაინცდამაინც ყოჩაღად ვერ გამოსდიოდა. მაინც არ გაიტეხა იხტიბარი, მაცივარი დინჯად გამოაღო, წვენის ორ ქილას ხელი წაავლო. ერთი მარჯვენა ხელში გადაიტანა, მეორე კი ქალს ასე, შორიდან გაუწოდა.

სალის რეაქცია არ ჰქონია. ისე უკანკალებდა მუხლები, ადგილიდან დაძვრის შეეშინდა. მამაკაცმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო, რას უცდიო. ოციოდე წამის შემდეგ გოგონა შეირხა, ნელა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და სანამ ვაკომდე მიაღწევდა, წაბორძიკებაც მოასწრო და გაწითლებაც. მან არ შეიმჩნია.

_ თუ მოგინდეს, ერთი ქილა კიდევ არის მაცივარში, _ ცივად ესროლა მამაკაცმა, გატრიალდა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.

_ მე ესეც არ მინდოდა, საზიზღარო! _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა გოგონამ და წვენი კვლავ მაცივარში შეაბრუნა.

ვაკო კიბეზე დაეშვა. რა საშინელი დღეა! დილიდანვე დაითარსა, რა! ყველაფერი სალის იდიოტი ქმრის ბრალია. მას რომ წუხელ არ დაერეკა, სალი უხასიათოდ არ იქნებოდა და ასე არ მოუშხამავდნენ ერთმანეთს გუნებას. რაღა უნდა? ხომ გაეყარა ცოლს? რისთვის ურეკავს? რატომ ანერვიულებს? ვერ გრძნობს, რომ მის მცდელობას აზრი არა აქვს? იქნებ სალომე ატყუებს?.. ხომ შეიძლება, უყვარდეს ქმარი და მხოლოდ გაკეკლუცების მიზნით უმალავდეს მას ამ ამბავს? ქალებს ჩვევიათ ამგვარი გამოხდომები. როცა გრძნობენ, რომ მამაკაცს მოსწონთ, ათასგვარ სევდიან ისტორიას იგონებენ, რათა თავი მოაწონონ ან შეაცოდონ, ტანჯული ქალის იმიჯი მოირგონ. არ არის გამორიცხული. მან ხომ მხოლოდ ნაწილი მოისმინა სიმართლის. დანარჩენი? იქნებ გოგონა ზედმეტად შავად ხატავს თავის უბედურებას? იქნებ ის კაცი კარგი ადამიანია და სულაც სალის ბრალია, ოჯახი რომ დაანგრია? ხომ შეიძლებოდა, ვერ გაეწია კარგი ცოლობა? არ ყოფილიყო მზად ოჯახური თანაცხოვრებისთვის? არიან ქალები, რომლებიც თავისუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან. არ არის გამორიცხული, სალი სწორედ ასეთების რიცხვს მიეკუთვნებოდეს. ქალებს რას გაუგებ! რა, ცოტა ყოფილა ასეთი შემთხვევა?

ვაკომ თავი უკან გადასწია, ქილა მოიყუდა და სულმოუთქმელად გამოსცალა ცივი წვენი, მერე კი, ცარიელი ქილა ნაგვის ვედროსკენ მოისროლა, მაგრამ ააცილა. რა აუცილებელი იყო, წვენის ასაღებად მაღლა ასულიყო? განა ეზოში არ შეეძლო წყალი დაელია? ონკანი აქვე არ იყო? იყო, როგორ არა, მაგრამ… გუმანით იგრძნო რაღაც… იცოდა, როგორ ელოდა გოგონა მის გამოჩენას… რისთვის? სწორედ იმისთვის, რაც თავისი შეხებით გამოხატა. მერე რა? ვაკოსაც ეს არ უნდოდა? მთელი ღამე იმაზე არ ფიქრობდა, როგორ მოეწონებინა სალისთვის თავი და როგორ გაეღვიძებინა მასში მამაკაცის სიყვარული? სწორედ ამან დაუკარგა სიმშვიდე. გულმა თავისით, ჯიუტად გაიწია მისკენ. ახლა რატომ არის უკმაყოფილო? იმიტომ, რომ ზედმეტი მოუვიდა. მას მხოლოდ მიახლოება უნდოდა სალისთან და არა მისი ჩახუტება. ცოტა უფრო შორი მანძილის დაცვა იყო საჭირო, რათა მეტი ინტრიგა გამოსულიყო. მან კი ვერ განსაზღვრა ეს… ჯანდაბას, ჯანდაბას! რაც იყო, იყო, დროა, საქმეს მიხედოს!

თავაუღებლად მუშაობდა. ცდილობდა, არ ეფიქრა მომხდარზე, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. არა, ასე არაფერი გამოვა. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, გოგონა მამიდამისს მიუყვანოს და სამუდამოდ დაივიწყოს. უხერხულია… ეს პატარა გოგო უკვე იმდენად უფროიაქებს სულს, ნამდვილად ვერ შეძლებს მასთან მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნებას. არ შეუძლია, მორჩა და გათავდა! თავისი თავის იმედი აღარ აქვს. სალომე უძალიანმაგრესად მომხიბვლელია, ვეღარ გააკონტროლებს თავს. «უძალიანმაგრესად»… მოეწონა ეს სიტყვა. თავისთვის ჩაიღიმა. არა, არა, სიყვარული მისი საქმე არ არის, არც ქალთან წრფელი მეგობრობა. ვერ ხედავ? ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბოლო ინციდენტმა ნათლად დაანახვა, რომ ეს შეუძლებელია. რაც მეტს ფიქრობდა ამაზე, მით უფრო უწყრებოდა საკუთარ თავს. თავადაც ვერ გაეგო, რატომ შესთავაზა ამგვარი მეგობრობა. რომელი ქალებთან მეგობრობის გამოცდილება მას ჰქონდა? მით უმეტეს, ამისთანასთან! როგორც კი პირველად დაინახა, მაშინვე მიხვდა, რა ძლიერად სურდა იგი. ჰოდა, ყოველივე ამის შემდეგ როგორ იფიქრა, რომ მასთან ურთიერთობაში მცირედს დასჯერდებოდა? რა სისულელეა! სალისთან ან ყველაფერი უნდა გამოუვიდეს, ან არაფერი!

როგორც იქნა, საქმეს მორჩა, ხელები დაიბანა და კვლავ მაღლა ავიდა. სალი უცხოურ ჟურნალს ათვალიერებდა. ან იქნებ, არც ათვალიერებდა და მხოლოდ მის დანახავად ფურცლავდა მას. როცა ოთახში შევიდა, გოგონამ გულგრილი მზერა მიაპყრო.

_ მორჩი?

_ ჰო, მაგრამ წყალი უნდა გადავივლო. იმედია, წინააღმდეგი არ იქნები, _ მშრალად ესროლა მამაკაცმა, რადგან მიხვდა, რომ ქალს ჯერ კიდევ არ განელებოდა წეღანდელი ბრაზი.

«არც უკანა გზა გვიქადის უკეთეს სიტუაციას», _ გაიფიქრა შუბლშეჭმუხნილმა და სააბაზანოში შეიკეტა.

ყინულივით შხაპმა შვება ვერ მოჰგვარა. სამწუხაროდ, ცივი წყლის შხეფებს არ შეეძლო გულში გაეღწია, სადაც ვნება დუღდა. დაბანას მორჩა, ლურჯი პირსახოცი წელზე შემოხვია და, მისაღებ ოთახში გამოსულმა, სანამ საძინებელში გავიდოდა, მაინც ვერ მოითმინა _ თვალი მალულად გააპარა გოგონასკენ. სალომე ნაბიჯებით ზომავდა მისაღებს და, როგორც ჩანს, ხმაური გაიგონა, რადგან დაფეთებულმა მოიხედა. მოიხედა და… გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა. რა თქმა უნდა, მაშინვე აარიდა მზერა ნახევრად შიშველ მამაკაცს, მაგრამ  თვალებმა მისი გაცემა მოასწრო.

კარგი, რა… როგორ იქცევა? თითქოს ღრმა სოფლიდან იყოს ჩამოსული. თუკი ერთ მამაკაცთან არ გაუმართლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრების ბოლომდე არ გაეკაროს სხვას, _ დაძაბული ფიქრობდა ვაკო, თან ენერგიულად იმშრალებდა სველ სხეულს. გასაგებია, მაგრამ თავად რა ქნას, რა გააკეთოს? არაფერი! _ იყო პასუხი. ბოლო სიტყვა მაინც სალის უნდა ეთქვა, მასზე იყო ყველაფერი დამოკიდებული.

მორიგეობით, ჯერ ცალ ფეხზე ამოიცვა შარვალი, მერე _ მეორეზე, მერე კარადიდან გაუთოებული მაისური გამოიღო და გადაიცვა.

უბედურება იმაშია, რომ სამუდამოდ შეიძლება დაკარგოს ეს მშვენიერი ქმნილება. ვაკო გრძნობდა, რომ ჯერ კიდევ ჰქონდა სალის «გამოსწორების» შანსი, თუკი მოთმინებას გამოიჩენდა. მაგრამ განა აქვს აზრი, ხელებდაკაპიწებულმა უყუროს, როგორ ცდილობს ის ავთოა თუ ვიღაც, კვლავ შემოიჭრას სალომეს ცხოვრებაში? აი, ამას კი არ დაუშვებს… არასდროს, ა-რას-დროს!

ჩაცმას რომ მორჩა, თმაც გადაივარცხნა და მისაღებში გამოვიდა.

_ წავედით, _ მოკლედ მოჭრა, ოთახიდან სწრაფად გავიდა და სირბილით დაეშვა კიბეზე.

სალი კი თავის თავზე ბრაზობდა. როგორ ერთი ხელის მოსმით გააფუჭა ვაკოსთან ურთიერთობა. მასთან მეგობრობას ბევრი შესანიშნავი რამ შეიძლებოდა მოეტანა მისთვის. რა კრეტინია! რა იქნებოდა, როცა დაეჯახა, უბრალოდ, გაეცინა და ეთქვა: «უი, მაპატიე, ვერ შეგამჩნიე!» _ და განზე გამდგარიყო? ხომ მშვიდობიანად დამთავრდებოდა ყველაფერი? ამაზე ბუნებრივი რა უნდა ყოფილიყო? რა ეშველება! როგორი გამოუცდელია ასეთ საკითხებში! ყველა ნორმალური ადამიანი ასე იქცევა მსგავს სიტუაციებში. მან კი… სრული იდიოტობა გამოავლინა, ლამის ტუჩები მიუშვირა საკოცნელად. ახლა კი, ხომ ხედავთ, შედეგად რა მოხდა? ვაკომ უხეშად აგრძნობინა, მეგობრები ასე არ იქცევიანო. ეს კი არცთუ სასიამოვნოა. რა უიღბლო დღე იყო. რა ქნას გზაში, როგორ მოიქცეს? რაზე ელაპარაკოს? ნეტავ საერთოდ არ წამოჰყოლოდა…

8 8 8

უკანა გზაზე ვაკოს აღარ გაუგიჟებია თავი სისწრაფით. ნელა, მშვიდად მართავდა საჭეს. კოპებშეკრული ღრმა ფიქრებში იყო ჩაძირული, ერთხელაც არ გაუღია ხმა. სალიმ გადაწყვიტა, ბოდიში მოეხადა. აბა სხვა რა უნდა ექნა? ასე მუნჯივით ხომ არ ივლიდნენ მთელი გზა? მაგრამ რისთვის უნდა მოუხადოს ბოდიში, ასეთი რა ჩაიდინა? განა თვითონ არაფერი დაუშავებია? რას მოხვია მკლავები? თავად გამდგარიყო განზე, რას უყურებდა მშიერი მზერით?

_ დიდხანს უნდა იყო ასე გაბერილი? _ ვეღარ მოითმინა ბოლოს და ძალიან, ძალიან შინაურულად მიმართა მამაკაცს.

_ რას ნიშნავს გაბერილი? _ თავი არ მოუბრუნებია, ისე იკითხა ვაკომ.

_ რას და… დაბოღმილს, _ გაჯავრდა სალი.

_ მაპატიე, მაგრამ ამ ყველაფერში თუ ვინმეა დამნაშავე, მხოლოდ შენ, _ შენიშნა ვაკომ.

_ შენი აზრით, კაცური საქციელია, ყველაფერი ქალს გადააბრალო? _ აღშფოთება ვერ დამალა გოგონამ, _ გგონია, რომ ყოველთვის მართალი ხარ და შეცდომას არასდროს უშვებ?

მამაკაცმა სვლა კიდევ უფრო შეანელა და მოხედა. ამწუთას მისი თვალები არ იყო ძველებურად დანისლული. პირიქით, ისეთი გაცეცხლებული იყურებოდა, თითქოს ყუმბარის გადაგდება ჰქონოდა განზრახული.

_ მოდი, გავაანალიზოთ მომხდარი, კარგი? ეს შენ ჩამივარდი მკლავებში, მერე კი გატრუნული მომაჩერდი. მე რატომ ვარ დამნაშავე? ლოგიკა სად არის?

_ ძალიან დრამატულად ხატავ სიტუაციას. არ ღირს… ასე ნუ დაწვრილმანდები, _ შემრიგებლური ტონით ამოთქვა სალიმ, თან ინანა, საერთოდ რომ წამოიწყო ეს საუბარი.

_ ვფიქრობ, ორივესთვის აჯობებს, დავივიწყოთ ის, რაც მოხდა.

_ მაგრამ შენ კინაღამ მაკოცე! ასე არ იყო? _ გაწიწმატდა გოგონა.

_ შენ რა, წინააღმდეგი იყავი? მგონი, პირიქით… თუ არ ვცდები, თავადაც ძალიან გინდოდა ეს.

_ არაფერიც, _ იწყინა სალიმ, _ მსგავსი რამ გულშიც არ გამივლია. მე, უბრალოდ, ველოდებოდი, როდის გამიშვებდი ხელს. ზრდილობიანი კაცები ასე იქცევიან.

_ იცი, რას გეტყვი? მე…. _ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო მამაკაცმა, რომ მოსახვევიდან საშინელი სისწრაფით გამოვარდა მანქანა…

ვაკო მიხვდა, რომ დამუხრუჭება საქმეს ვერ უშველიდა და საჭე მარჯვნივ შეატრიალა… რაღაც სასწაულებრივად გადაურჩნენ დაჯახებას. მამაკაცმა დაასიგნალა და ერთი გემრიელადაც შეუკურთხა თავზეხელაღებულ მძღოლს, რომელსაც გაჩერება კი არა, სვლის შენელებაც კი არ უცდია.

სალომემ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

_ ჩემი ბრალია ყველაფერი!

_ შენ არაფერ შუაში ხარ, _ ვაკოს სახე გაფითრებოდა, _ მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა მოსახვევში.

_ ღმერთო, მეგონა, შევასკდებოდით. ნამდვილად სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს, _ ამოიოხრა სალიმ და ჰაერი ღრმად შეისუნთქა.

_ კარგად ხარ? _ მამაკაცმა მანქანა გზისპირას გააჩერა.

_ ერთი წუთის შემდეგ ვიქნები, _ სალიმ თავი ხელებში ჩარგო.

ვაკო ერთხანს გოგონას მისჩერებოდა. მერე მისკენ მიიწია.

_ მოდი ჩემთან, _ თქვა და ხელები მხრებზე შემოხვია, _ ვწუხვარ, რომ ჩემ გამო ასეთ შარში ჩაგაგდე, მაპატიე, კარგი? ჩვეულებრივ, მე ძალიან ფრთხილი ვარ.

_ ძალიან გთხოვ, თავს ნუ იდანაშაულებ, _ ჩაიჩურჩულა სალომემ, მისკენ გადაჩოჩდა და თავი მშვიდად დაადო მკერდზე, რადგან ამ ჩახუტებაში საშიშროებას ვეღარ ხედავდა, _ მე დავიწყე ამ თემაზე ლაპარაკი მაშინ, როცა ჯობდა, გავჩუმებულიყავი. მე ვარ დამნაშავე.

_ მაშინ, მოდი, ორივემ ვაპატიოთ ერთმანეთს და ეგ იქნება, _ ჩაიაბურტყუნა ვაკომ და ქალის შეხებით აღგზნებულმა უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა, _ დავივიწყოთ, რაც იყო და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, თანახმა ხარ?

_ მშვენიერი აზრია, _ თავი დაუქნია გოგონამ.

მას მართლაც არ უნდოდა მათი მგობრობა ამ ერთ დღეში დამთავრებულიყო. უკვე გრძნობდა, როგორი დამოკიდებული ხდებოდა ამ კაცზე. და სულაც არ აღიზიანებდა ეს. პირიქით… რაც მეტ დროს ატარებდა მის გვერდით, მით უფრო სიამოვნებდა. ერთადერთი, მხოლოდ მისი ფიზიკური სიახლოვე აგდებდა პანიკაში. ამიტომაც, თუკი ასეთ «ორაზროვან» სიტუაციებს თავს დააღწევენ, მათ მეგობრობას არაფერი ემუქრება. აი, ახლაც, მშვიდად ჩახუტებია მის მკერდს და სულაც არ ღელავს ისე, როგორც წეღან. ის კი არა, თანდათან მშვიდდება კიდეც. ასე არ ჯობია? სწორედ ამას ჰქვია ნამდვილი მეგობრობა.

როგორც იქნა, კანკალმა გაუარა და სუნთქვაც თანაბარი გაუხდა. ვაკომ მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვა ხელი. სალი თავის სავარძელს დაუბრუნდა, თუმცა კი სიამოვნებით დარჩებოდა ადგილზე, მაგრამ ეს უკვე სარისკო იყო. თბილისამდე ისე ჩავიდნენ, ერთმანეთს არ დალაპარაკებიან. სალომე მადლიერიც კი იყო, ვაკო ხმას რომ არ იღებდა.

_ ვიმედოვნებ, საერთო ჯამში ჩვენი გასეირნება მოგეწონა… _ თქვა ვაკომ, როცა მანქანა მარინას სახლის შესასვლელთან გააჩერა.

_ ძალიან. საერთოდ, ძალიან მიყვარს მაღალმთიანი ადგილები.

_ ზღვა?

_ ზღვა ყველაფერს მირჩევნია, თუმცა არც მთის ჰაერია ურიგო.

_ მაშინ მოგვიანებით აუცილებლად გავიმეოროთ, რას იტყვი?

_ სიმოვნებით, _ მორცხვად გაუღიმა გოგონამ და კარი გამოაღო.

სალომე გულწრფელი იყო. მერე რა, რომ კამათი მოუვიდათ. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ უკოცნიათ ერთმანეთისთვის? მცდელობა არ ითვლება. მარტო რომ დარჩება და ამაზე დაფიქრდება, შეიძლება ინანოს კიდეც, მაგრამ ამწუთას კარგად გრძნობს თავს.

_ დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებული გახადე, _ წარმოთქვა ვაკომ და ამ სიტყვებით სალისკენ გადაიხარა.

გოგონამ მხოლოდ გაუღიმა, ამჯერად არ დაბნეულა, რადგან მამაკაცის მორიგ პროვოკაციას უკვე მომზადებული შეხვდა, ამიტომ არაფრად ჩააგდო მისი მრავლისმეტყველი მზერა და მანქანიდან უსიტყვოდ გადავიდა.

8 8 8

კიდევ კარგი, მამიდა შინ არ დახვდა. ამისთვის ღმერთს მადლობა შესწირა, თორემ მისი შეშინებული თვალები და აწითლებული ღაწვები ადვილად გასცემდა დღის საიდუმლოს. აი, ახლაც ხომ დაუპირა კოცნა? კიდევ კარგი, თავი ხელში აიყვანა და თავადაც არ გაიწია მისკენ. როგორმე უნდა მოერიოს გამოღვიძებულ გრძნობებს, თორემ, ვაკომ ერთხელ მაინც თუ აკოცა, მისთვის ყველაფერი ნათელი გახდება და მერე უკან დასახევი გზა აღარ დარჩება, თავს ვერაფრით გაიმართლებს. არადა, როგორ უნდოდა, ეკოცნა. სალი მზად იყო ამისთვის. კიდევ კარგი, თავის თავთან მაინც რომ შეუძლია, გულახდილი იყოს.

როგორც კი ჰოლში შევიდა, კარი მოიხურა და სუნთქვაგახშირებული ზურგით კედელს მიეყრდნო. ცდილობდა, ნერვები მოეთოკა. მიუხედავად იმისა, რომ ვაკო მხოლოდ წრფელ მეგობრობას სთავაზობდა, სალი ხვდებოდა, როგორ უფრო და უფრო ეუფლებოდა მამაკაცი მას აზრებით. სწორედ ამიტომაც, ნაკლებად იყო დარწმუნებული, რომ ხვალ და ზეგ წონასწორობის შენარჩუნებას შეძლებდა.

მხოლოდ მაშინ შეირხა, როცა მანქანის დაძვრის ხმა მისწვდა მის სმენას. მაშინვე სამზარეულოში გავარდა და კარადიდან არყის ბოთლი გამოიღო, ჭიქაში ჩაისხა და გადაჰკრა. რამდენიმე წუთის შემდეგ დაურეკავს მედეას და ავთოს ამბებს შეიტყობს. ოღონდ ჯერ არა, ცოტა აზრზე მოვიდეს. ამწუთას თავში მხოლოდ ვაკოსთან გატარებული დღე უტრიალებს…

საინტერესოა, მართლა უნდოდა ეკოცნა, თუ არა? ეკოცნა ისე, როგორც მამაკაცები ქალებს კოცნიან? იქნებ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია? იქნებ მოეჩვენა და მეტი არაფერი? იქნებ ტყუილად შეშინდა? ფიზიკურად ვაკო ძალიან მომხიბვლელი მამაკაცია, რომ იტყვიან, ზესიმპათიური. ძნელია, მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნო. შეხედავ თუ არა, ეგრევე ინუსხები. რატომ გაჰყვა სასეირნოდ? რატომ იქცევა ასე? თავისი ნებით რატომ იგდებს თავს სახიფათო სიტუაციაში? ხომ ხედავს, რომ მასთან შეხვედრით ჩიხში ემწყვდევა? _ ეკითხებოდა თავის თავს და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

მორჩა მკითხაობა! ახლა დროა, დედინაცვალს დაურეკოს.

_ მედიკო, საღამო მშვიდობისა, როგორ ხარ? _ თბილად მოიკითხა დედინაცვალი.

_ სალო! _ ქალი აღელვებული ჩანდა, _ როგორც იქნა, მეღირსა შენი ხმის გაგონება! მეგონა, აღარასდროს დამირეკავდი. ნაწყენი ხომ არ ხარ ჩემზე?

_ კარგი, რა, მედი, საიდან მოიტანე? უბრალოდ, დაკავებული ვიყავი და ვერ მოვახერხე. ხომ კარგად ხარ?

_ მე რა მიჭირს, ვარ ძველებურად.

_ გავიგე, იმ დეგენერატს დაურეკავს…

_ ჰო, დამირეკა, _ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უპასუხა ქალმა.

_ და რა მინდაო, რა გითხრა?

_ უსიამოვნებები მაქვსო, შვილო.

_ მართლა? რას მეუბნები-თქო! რა მჭირსო?

_ არ დაიჯერებ და… სასამართლოში უჩივიან…

_ ამაში დაუჯერებელი არაფერია. დიდი ხანია, სამსახურში ყველაფერი ყირაზე დააყენა.

_ არა, არა, დედი, სამსახური არაფერ შუაშია. სხვა რამეში ადანაშაულებენ.

_ სხვა რამეში? კიდევ რა ჩაიდინა?

_ გაუპატიურებაში სდებენ ბრალს… ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ის ამის გამკეთებელი არ არის, მაგრამ ვიღაც გოგო უმტკიცებს ამას. უკვე შეიტანა თურმე განცხადება.

«ამის გამკეთებელი არ არის? სწორედაც რომ არის!» _ გაიფიქრა სალიმ. თავისი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ქმარი მსგავს რამეზე უკან არ დაიხევდა. მათი ურთიერთობა სხვა რამეზე კი არ იყო აგებული. იგი ანგარიშს არასდროს უწევდა, სურდა თუ არა სალომეს მასთან სექსი, როცა მოესურვებოდა და როგორც მოესურვებოდა, ისე ეუფლებოდა ცოლის სხეულს. მერე რა, რომ მეუღლე იყო? მისი სურვილიც ხომ უნდა გაეთვალისწინებინა? არა, არც ერთხელ! სალომე კი უსუსური იყო, უმწეო და წინააღმდეგობას ვერ უწევდა. არც ჰქონდა აზრი. ამით მხოლოდ უარეს უსიამოვნებას აიკიდებდა. ამიტომაც ითმენდა, სანამ შეეძლო. ბოლოს, როგორც იქნა, მიხვდა, რომ უნდა გაყროდა.

_ მთხოვა, სალომე ჩამოვიდეს და გვერდით დამიდგესო. ამბობს, ჩემი ცოლი ერთადერთია, ვისაც ჩემი დახმარება შეუძლიაო. იქნებ…

_ მეტი საქმე არა მაქვს! თუ დააშავა, პასუხიც აგოს! ძალიანაც კარგი, თუკი გაასამართლებენ. მან დაიმსახურა ეს!

_ მარინას ნომერი მივეცი, ალბათ დაგირეკავს.

_ რა-ა?! _ იყვირა სალიმ, _ არავითარ შემთხვევაში! მე მას არ დაველაპარაკები. რატომ მიეცი ნომერი, რატომ? შენ არ გქონდა ამის უფლება!

_ ნუ ცხარობ, შემოგევლე. თუ მოინდომებდა, მაინც გაიგებდა, ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? ცოტათი მაინც არ გეცოდება? იქნებ დახმარებოდი? ამისთანა რა დაგიშავა?

_ შენ ყველაფერი არ იცი, მედი… მე მას ზუსტად იმიტომ დავშორდი, რომ… არ აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც მეგონა. ძალიან გთხოვ, თუ შემოგეხმიანოს, უთხარი, არ დამირეკოს. კარგი?

_ შენ მე რამე დამიმალე, სალო? არის ისეთი რამ, რაც მე არ ვიცი? მამიდაშენს მაინც თუ მოუყევი, სინამდვილეში რაც ხდება? მე დედინაცვალი ვარ და შეიძლება არ მენდობი ბოლომდე, მაგრამ მარინა? ის ხომ შენთვის დედასავითაა… _ შეშფოთება გაისმა მედიკოს ხმაში.

_ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, _ მკაცრად წარმოთქვა სალომემ, _ გეტყვი მხოლოდ იმას, რომ არც თუ ძალიან კარგად მექცეოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავეყარე. ძლივს თავიდან მოვიშორე, მაგას რამეში დავეხმარები? გამორიცხულია!

მიუხედავად იმისა, რომ დედინაცვალმა კითხვები დააყარა, სალომემ არც ერთზე ამომწურავი პასუხი არ გასცა, მშრალად დაემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.

8 8 8

თერთმეტი სააათი იყო, მარინა რომ დაბრუნდა. სალი უკვე ლოგინში იწვა. თავი მოიმძინარა, არ უნდოდა ახლა მამიდის შეკითხებისთვის გაეცა პასუხი. ისედაც რთული დღე ჰქონდა. კედლისკენ გადაბრუნდა და საბანი თავზე წაიფარა. გონებიდან ყველა აზრი განდევნა, რაც ავთოსთან აკავშირებდა და ფიქრებში ადგილი მხოლოდ იმდღევანდელ სასიამოვნო მოგონებებს დაუთმო. თავიდან არც ვაკოზე უნდოდა ეფიქრა, მაგრამ მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. მამაკაცი მის გონებაში სრულიად დაუკითხავად შემოიჭრა. ვერ შეძლო, შებრძოლებოდა ამ სურვილს… ვაკოთი გატაცება ძლიერი იყო. მამაკაცი ისე მოქმედებდა მასზე, როგორ მათრობელა ღვინო. ადრე იქნება, თუ გვიან, დარწმუნებულია, რომ მათი «პლატონური მეგობრობა» რაღაც სხვა, უფრო მეტში გადაიზრდება და ვერც ერთი და ვერც მეორე ამას წინ ვერ აღუდგება. იმის იმედიღა აქვს, რომ ეს ძალიან მალე არ მოხდება. სალის დრო სჭირდება, ამ აზრს რომ შეეგუოს, მოემზადოს, გაიაზროს ყოველი ნაბიჯი. ამწუთას იგი კატეგორიულად არ არის მზად სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ამ ეტაპზე მისთვის ფლირტიც კი მიუღებელია.

მეორე დილით, როგორც მოსალოდნელი იყო, მარინა მამიდამ კითხვებით შეუწუხა გული, როგორ გაატარეთ გუშინდელი დღეო. იძულებული გახდა, იმაზე მეტი მოეყოლა, ვიდრე აპირებდა, თუმცა ყველაზე საბედისწერო, «კინაღამ კოცნის» სცენას არ შეხებია.

_ კიდევ როდის დაგპატიჟებს? _ ცნობისმოყვარეობა კლავდა მარინას.

_ აბა რა ვიცი, მამიდა, კიო ხომ არ ვარ, მისი განზრახვა გამოვიცნო? თავისი გეგმების შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამს.

_ დარწმუნებული ვარ, დაგირეკავს, თანაც, ძალიან მალე, _ მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა ქალმა და ძლივს მოასწრო წინადადების დამთავრება, რომ ტელეფონის ზარი გაისმა.

_ აი, ესეც მე ვარ? აბა, რას ვამბობდი?! _ მარინას სახე გაებადრა.

სალის გული ლამის გაუჩერდა. გარეგნულად კი ინარჩუნებდა გულგრილ გამომეტყველებას, მაგრამ შინაგანად…

თუმცა ეს ვაკო არ აღმოჩნდა.

_ ჩემი კლასელი იყო, _ თქვა მარინამ, როცა ყურმილი დაკიდა, _ ჩემი გოგო ჩამოდის თბილისში და სანამ ბინას იქირავებს, რამდენიმე დღით შენთან დაიტოვეო. აბარებს თურმე წელს. უარს ვერ ვეტყოდი. განუყრელი მეგობრები ვიყავით მთელი ათი წელი და შემდეგაც, სტუდენტობისას, სანამ გათხოვდებოდა. შენ ხომ არაფერში შეგიშლის ხელს?

_ არა, რა თქმა უნდა.

_ მიყვარს, როცა ჩემს სახლში ბევრი ხალხი ტრიალებს, განსაკუთრებით _ ახალგაზრდები. როგორ ვნანობ, შვილი რომ არ ავიყვანე. ჩემი ვერ გავაჩინე, სხვისი მაინც გამეზარდა.

_ რატომ ვერ გააჩინე, მამი? _ თავი ვერ შეიკავა სალომემ და საჭირბოროტო კითხვა დასვა.

მარინამ სევდიანად აიჩეჩა მხრები.

_ აღმოჩნდა, რომ უშვილო ვიყავი. მილების შევიწროება მქონდა. ბავშვის აყვანაზეც ვიფიქრე, მაგრამ ბიძაშენს მაინცდამაინც არ უნდოდა ეს. მეც აღარ გამოვიდე თავი. ჩვენთვის მთავარი ერთად ყოფნა იყო, დიდად არ გვაწუხებდა უშვილობა. ამას ახლა ვხვდები, მარტო რომ დავრჩი.

_ ნუ ამბობ ასე. მე აქ არ ვარ?

_ შენ კი ხარ, შვილო, მაგრამ რომ გამიფრინდები, მერე? ხომ დავრჩები ისევ მარტო?

_ კარგი, რა…

_ აბა, რა, ასეც უნდა მოხდეს. ღმერთმა დაგიფაროს ჩემსავით მარტოსულად დაბერება. სამაგიეროდ, შვილი რომ გაგიჩნდება, მე მოვუვლი და გავხალისდები. ჩემი შეცდომა არ გაიმეორო, სიხარულო. უშვილობა დიდი დანაშაულია, ეს იცოდე.

_ მაპატიე, რომ შენთვის მტკივნეულ თემას შევეხე.

_ რა სისულელეა. მთლად უბედურად კი არ მივიჩნევ თავს. თავისებურად, ბედნიერიც ვარ. რაც მთავარია, შენ მყავხარ, ახლა სხვა სადარდებელი აღარაფერი მაქვს. შენი ბედნიერებისთვის ვიბრძოლებ. მერე კი შენი შვილების კეთილდღეობისთვის, შენ ოღონდ გააჩინე და…

_ ჰო, როგორც კი მამობისთვის შესაფერის კანდიდატურას ვიპოვი, _ გაიცინა სალიმ.

_ მე მგონი, შენ უკვე იპოვე იგი.

სალიმ არაფერი უპასუხა, არც შეხედა გამზრდელს. ჯერ ძალიან ადრეა ასეთი ვარაუდების გამოტანა. რა იქნება ხვალ, არავინ იცის.

ცოტა ხნის შემდეგ ვაკომ მართლა დარეკა. სალიმ იგრძნო, რომ მღელვარებას ვერ მალავდა. გონებაგაფანტულმა ჩამოართვა ეშმაკურად მოღიმარ მამიდას ყურმილი…

_ მისმენ, სალი? _ ჩაესმა მამაკაცის ხმა.

_ ჰო, რა თქმა უნდა… რა მითხარი? _ უპასუხა დაბნეულმა.

_ ცუდ დროს ხომ არ დავრეკე?

_ არა, არა, ყველაფერი წესრიგშია.

_ მაშინ მითხარი, რას იტყვი ჩემს წინადადებაზე?

სალომეს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა წინადადებაზე იყო საუბარი. მამიდას ყურმილი რომ გამოართვა, ვაკოს ხმის გაგონებით ისე ათრთოლდა, ერთი სიტყვაც არ გაუგია, საკუთარი ნერვების დაწყნარებით იყო გართული. ახლაც ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ხალათზე ცეცხლი წაეკიდა.

_ ივახშმებ ამ საღამოს ჩემთან ერთად? _ წინადადება გაუმეორა მამაკაცმა.

_ არ არის აუცილებელი, ყოველდღე დამპატიჟო, _ სწრაფად უპასუხა სალიმ, _ ისედაც ბევრი გექნება საქმე.

_ შენ და მარინას ორივეს გეპატიჟებით.

_ ა-ა!.. _ ამას კი არ მოელოდა სალი. «ჰგონია, რომ მამიდასთან ერთად უსაფრთხოდ ვიქნები და უარს ვერ ვეტყვი? თუ ეს მას სჭირდება «მესამე ზედმეტი», რათა თავისი გრძნობები უკეთ გააკონტროლოს და ჩემზე ხელი არ წაუცდეს?» _ გაიფიქრა და მსწრაფლ უპასუხა, _ უცებ ვერ მივხვდი, რას მთავაზობდი, ახლავე ვკითხავ მამიდას, _ უპასუხა გაწითლებულმა.

მარინა მამიდა, რა თქმა უნდა, ვაკოს წინადადებაზე თანახმა იყო…

_ საცურაო კოსტიუმებს თუ წამოიღებთ, კარგი იქნება. აუზით სარგებლობის უფლებაც მოვიპოვე, _ გაისმა ყურმილს მიღმა ვაკოს ხმა.

_ საცურაო კოსტიუმი? რას ამბობ! ჯერ ადრე არ არის ცურვის სეზონი? _ გაიკვირვა სალიმ და გაოცებული მზერა მამიდას მიაპყრო.

_ რატომ? მშვენიერი მზიანი ამინდია, თანაც, წყალი სპეციალურად გავათბე თქვენთვის. ასე რომ, ნამდვილი ეგზოტიკა გელით. _ კმაყოფილი ტონით უპასუხა მამაკაცმა.

სალომემ მხრები აიჩეჩა.

_ ექვსი საათისთვის შეძლებთ?

_ ალბათ.

_ კარგი, გელოდებით. შეხვედრის ადგილი უცვლელია, გუშინ სადაც ვიყავით, იქ ამოდით, _ თქვა ვაკომ და არც დამშვიდობებია, ისე გათიშა.

_ მგონი, მთლად ვერ არის შენი მეგობარი, _ გოგონამ მარინას გადახედა, _ რა დროს ცურვაა აპრილის თვეში?

_ გეხუმრა, შვილო, ამინდი არაფერ შუაშია. მაგ სახლში დახურული აუზია, ამიტომ გული არ მოგითმენს, არ გაცურო, _ გაიღიმა მამიდამ.

_ რა ვიცი, ვნახოთ, _ სალიმ კვლავ აიჩეჩა მხრები და შეფიქრიანებული თავის ოთახში გავიდა, უცნაურად უცემდა გული.

არა, ნამდვილად არ ელოდა, ასე მალე თუ დარეკავდა ვაკო და კიდევ თუ დაპატიჟებდა. აუზით სარგებლობის უფლებაც მოვიპოვეო… დაიჯეროს, რომ ასე ანებივრებს თავისი ბოსი? თვითონ როგორ ცხოვრობს ნეტავ? ცალი თვალით მაინც შეახედა მისი სახლისთვის. იქნებ, სადმე ერთოთახიან სოროშია მელასავით გამომწყვდეული? ამის გაფიქრებაზე გაეღიმა. მერე რა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, როგორი ადამიანია, თორემ ქონება ავთოსაც ჰქონდა…

…შვიდი დაწყებული იყო, მარინამ თავისი «ფოლკსვაგენი» რკინის ჭიშკარს რომ მიაყენა. ქალებმა მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოასწრეს, რომ შავქონგურებიანი კარი ავტომატურად გაიღო და ვაკო გამოჩნდა. სალის, როგორც ყოველთვის, გული შეუქანდა მის დანახვაზე. მას თეთრი შორტი ეცვა მხოლოდ. მამაკაცის დაკუნთულმა ფეხებმა და მზემოკიდებულმა მკლავებმა სასიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა. არ სცივა ნეტავ? მაგარი კაცია! ძალიან მოსწონს… და საშინლად უჭირს ამის დამალვა. რა ეშველება? მსახიობობა მაინც შეეძლოს!

ვაკო მარინას მიესალმა და სალისკენ შებრუნდა.

_ კეთილი იყოს შენი მობრძანება. მიხარია, რომ ისევ გხედავ, _ ისე თქვა ვაკომ, თითქოს მათი ბოლო შეხვედრიდან მთელი კვირა გასულიყო და არა ოცდაოთხი საათი.

სალომემ მამიდას გახედა, რათა თვალები იქამდე აერიდებინა ვაკოსთვის, სანამ ისინი ბუდიდან უნებართვოდ ამოცვივდებოდნენ. მადლობა ღმერთს, რომ დღეს მაინც არ მოუწევს მასთან მარტო დარჩენა, თორემ…

მოულონელად მარინამ მსუბუქად შეჰკივლა და ლოყაზე შემოირტყა ხელი.

_ რა მოხდა? _ შეეშინდა სალის.

_ ახლაღა გამახსენდა, რომ დღეს თინიკოს უნდა გავყოლოდი ექიმთან, _ შეწუხდა ქალი, _ ღმერთო ჩემო, რა გულმავიწყი გავხდი!

_ მაგრამ უკვე გვიანაა, რა დროს ექიმია? _ შენიშნა გოგონამ, _ შეგიძლია დაურეკო და მოუბოდიშო…

_ არაფრით არ შეიძლება, _ ხელები გაასავსავა მამიდამ, _ ეწყინება, ხომ ვიცი მაგის ხასიათი. თანაც, საღამოს დაიბარა იმ კაცმა, სახლში უნდა გასინჯოს. ჯერ კიდევ მოესწრება. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩემ გარეშე ფეხს არ გაადგამს სახლიდან. ალბათ როგორ მელოდება… ვაკო, საყვარელო, ხომ მაპატიებ? ჩვენი მეგობრობის ხათრით… უნდა დაგტოვოთ, ბავშვებო!

მარინამ მეგობარს გადახედა… იქნებ თავიდანვე იყვნენ მოლაპარაკებულნი? _ ეჭვი შეეპარა სალის, მაგრამ ვაკოს ისეთი გულწრფელი გაოცება ეხატა სახეზე, ძნელი იყო ეჭვის შეტანა. თუმცა ეს გაოცება რამდენიმე წამში კმაყოფილი გამომეტყველებით შეეცვალა.

_ რაზეა ლაპარაკი, როგორც შენთვის ჯობია, მარი. შენს ძმისშვილს მე მივხედავ და გპირდები, ცივ ნიავს არ მივაკარებ! _ გაუღიმა მამაკაცმა.

როგორც კი მარინა წავიდა, ვაკო სალის მოუტრიალდა.

_ როგორც ვატყობ, საღამო იმაზე მეტად სასიამოვნო იქნება, ვიდრე ველოდი.

სალიმ წარბები შეყარა.

_ შენ რა, იცოდი, მამიდა ბოლო წუთებში რომ გაიქცეოდა?

_ როგორ გეკადრება, რა თქმა უნდა, არა, _ გააპროტესტა მამაკაცმა, _ მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მისმა წასვლამ ძალზე დამაღონა, _ ღიმილით დააყოლა და მისი დანისლული თვალები მტაცებლური მზერით დააცხრა სალომეს მკერდს…

გაწითლდა… რა გაწითლდა…. თვალები სად წაეღო, არ იცოდა.

_ შემომხედე… _ შეცვლილი ხმთ ამოთქვა მამაკაცმა.

როდის, როდის ასწია თავი და შეხედა.

_ მხოლოდ ერთი პირობით დავრჩები, _ თქვა სალიმ, თან უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა, მისი მზერისთვის გაეძლო.

_ თუკი ჩემს ხელებს თავის ნებაზე არ მივუშვებ, არა? _ გამოიცნო ვაკომ და ღრმად ამოიხვნეშა, _ ჰო, მახსოვს ეგ წესი, გულმავიწყობა ჯერ არ დამწყებია. მოდი, ჯერ დაბლა, მარანში ჩავიდეთ და რამე დავლიოთ.

ყვავილებით გარშემორტყმულ უზარმაზარ ეზოს შემოუარეს და უკანა მხარეს, სარდაფში ჩამავალ კიბეს ჩაუყვნენ. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. სალი, ცოტა არ იყოს, შიშმა შეიპყრო. ვაითუ, თავის სიტყვას გადავიდეს და ხელი მოხვიოს ან… არა, არა, ახლა რომ აკოცოს, გულიც წაუვა. ამას არ დაუშვებს. მთლად ეგრე კი არ არის საქმე. მერე რა, რომ მასაც მოსწონს. სალომე ძლიერი ქალია, ასე ადვილად არ აჰყვება ცდუნებას და არც გონება დაებინდება მისი შეხებისას. მით უმეტეს, ახლა, როცა სულ მარტონი არიან ამხელა სახლში. ასეთ მომენტში ქალის თავდაცვის ინსტინქტი უფრო გაძლიერებულად მოქმედებს. მისი ყოველი ნაბიჯი ზედმეტად ფრთხილი და მოზომილია. ცუდი ის არის, რომ შიში ჩაეჭრა. აი, ამ შიშს ვერ უხერხებს ვერაფერს. არადა, რა ოხერი რამ არის ეს შიში. თუ ერთხელ მიეცი უფლება, შენს სხეულში ჩაიბუდოს, უფრო და უფრო იზრდება და მეტად და მეტად ძლიერად იკიდებს ფეხს. სწორედ ეს არ უნდა დაუშვას.

ჰოდა, არ დაუშვებს. ის ხომ ძლიერი ქალია! მართლა ასეა, ჰაიჰარად კი არ ინუგეშებს თავს. ასე რომ არა, აქამდე, ყველაზე ცოტა, რვა-ცხრა მამაკაცს მაინც დანებდებოდა…

ღმერთო, რა ვეებერთელა სახლია! ნეტავ, რისთვის ყიდულობენ ადამიანები ამხელა სახლებს? _ შიშის დასაძლევად სალომემ სხვა რამეზე გადაიტანა ფიქრი. ან, თუკი ყიდულობენ, რატომ მთლიანად არ იყენებენ მას? სწორედ ეს აოცებს ხოლმე. ალბათ ვერასდროს გაიგებს, რატომ ხდება ასე. დარწმუნებულია, რომ ამ სახლის პატრონს რამდენიმე ოთახი ისე ექნება გამოკეტილი, თვეობით რომ არ შევა შიგ კაცი.

ვაკო წინ მიდიოდა, სალომე კი კრავივით მიჰყვებოდა უკან. დაბლა ჩავიდნენ თუ არა, გოგონამ ნესტის სუნით გაჟღენთილი ჰაერი შეიგრძნო, მძიმე და, ამასთან, მათრობელა, თითქოს ვიღაცის დაუდევარმა ხელმა ღვინო დაღვარაო.

ვაკომ შუქი აანთო. სალის გაოცების შეძახილი აღმოხდა. მარჯვნივ, ერთმანეთის მიყოლებით, სამი საშუალო ზომის ხის კასრი და ძველებური საწნახელი შეამჩნია, მარცხნივ კი… ოლიმპიური ზომის აუზი, რომელსაც თითქოს ოხშივარი ასდიოდა. ვაკო სწორედ იქითკენ გაემართა. იქვე პატარა მაგიდა იდგა სამი სკამით, ხოლო მასზე სამი თეფში იდო და ამდენივე გრძელფეხიანი ცისფერი ბროლის ბოკალი. აი, ამ სანახაობამ კი საბოლოოდ დაარწმუნა სალი, რომ მარინას წასვლა ვაკოსთვისაც მოულოდნელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამ კაცზე სუფრას არ გაშლიდა.

_ ღვინო უკვე ჩავაცივე, _ თქვა მამაკაცმა, _ თუ გინდა, ახლა დავლიოთ, თუ გინდა, ვიცურაოთ და მერე.

_ აუზი ცხელი წყლით არის სავსე? ასე მგონია, ოხშივარი ასდის, _ შენიშნა სალიმ.

_ მთლად ოხშივარი არ ასდის, მაგრამ ცხელია. თოთო ბავშვებს რომ აბანავებენ, ზუსტად იმ ტემპერატურაზეა გაცხელებული, _ ღიმილით დააკონკრეტა ვაკომ.

მამაკაცს ჯერ კიდევ არ სჯეროდა, იღბალმა ასე რომ გაუღიმა. მთელი საღამო მარტო მოუწევთ ყოფნა! ორნი ივახშმებენ მხოლოდ! ამაზე უკეთესს ვერც ვერაფერს ინატრებდა! კარგია, მარინა რომ წავიდა, ჭკვიანი ქალია, მაშინვე «მოწვა» სიტუაცია. რა სპექტაკლი გაითამაშა?! მაგარია! მადლობის მეტი რა ეთქმის? _ შეუმჩნევლად იღიმოდა. არადა, წუხანდელს აქეთ ადგილს ვერ პოულობდა. სალი ისე ელდანაკრავივით გადახტა მანქანიდან, თითქოს კბენას უპირებდა. გააშეშა კაცი. მიხვდა ვაკო, თავისსავე გრძნობებს რომ გაექცა ეს ლამაზი გოგონა, მაგრამ ასე ადვილად არ აპირებს, დაყაროს ფარ-ხმალი. მის ამგვარ საქციელს სულაც არ შეუშლია ხელი მისთვის, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი. აი, მან კვლავ დაპატიჟა სალი და ისიც დათანხმდა. სრულიად უპრობლემოდ. იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე, როგორც მას ჰგონია?

_ ვფიქრობ, დალევა მერე აჯობებს, _ გადაწყვიტა გოგონამ.

_ მაშინ გავცუროთ. გასახდელი იქ არის, შუშის კარი რომ მოჩანს, _ ხელით ანიშნა ვაკომ.

ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც ნახავს კაბის გარეშე. საინტერესოა, როგორი სანახავია გახდილი? ისეთივე ლამაზია, როგორც ჩაცმული? ძალიან ბევრი ქალი იცის ვაკომ, სამოსი რომ უმალავს სიმახინჯეს. შეხედავ, მოგეწონება, გაიხდის და… შეიძლება გული აგერიოს. იმედია, სალომე ასეთი არ იქნება! რა სიამოვნებით შეეხებოდა მის გლუვ კანს, ასე გამოწვევად რომ იმალება ვარდისფერი ქსოვილის მიღმა. აუცილებად იზამს ამას, ვითომ შემთხვევით მოუვიდა! აბა, ვაკო რისი ვაკოა, ასეთი რამ ვერ მოახერხოს! ოოო! როგორ სიგიჟემდე სურს ეს ქალი! ვერ ითმენს, ისე სურს! არც ერთი სხვა ქალი ასე არ მოსურვებია!

_ უკვე მაცვია, _ თქვა გოგონამ და კაბის ღილების შეხსნას შეუდგა.

შეცბუნებულს თითები უკანკალებდა. ჩვეულებრივ, ქალები არ იბნეოდნენ ასეთ დროს ვაკოს წინაშე. ის კი არა, როგორც წესი, გულმოდგინედ ცდილობდნენ თავიანთი ბრწყინვალებების დემონსტრირებას. სალომეს სიმორცხვემ კი აღტაცებაში მოიყვანა. რა სიამოვნებით დაეხმარებოდა ახლა ამ ღილების გახსნაში! თავად უფრო შენელებულად გააკეთებდა ამას, თან ხარბად, ნება-ნება შეისწავლიდა მისი სხეულის სიშიშვლის ყოველ ახალ სანტიმეტრს. ვერც ხვდებოდა, როგორი ვნებამორეული შესცქეროდა ქალის მოძრაობას, თვალს არ აშორებდა მის თითებს, მანამ, სანამ გოგონა მის ჩასაფრებულ მზერას არ მოერიდა და არ შეტრიალდა. ჯანდაბას! ასე თუ გააგრძელა, მის ნდობას ვერასდროს მოიპოვებს, როგორმე უნდა მოთოკოს თავი! _ დაუფიქრებელი საქციელისთვის თავის თავს გაუბრაზდა ვაკო, თვითონაც შეტრიალდა, შორტი გაიძრო და თავით გადაეშვა აუზში…

ისე ძლიერად უსვამდა მკლავებს, თითქოს გაურბოდა თავის მაცდუნებელს, ქალს, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი მშვიდი ცხოვრება. შემდეგ ჰაერი ჩაისუნთქა, ჩაყვინთა და ასე გავიდა მეორე ბოლოში. ამოჰყო თუ არა თავი, მოტრიალდა და თვალებით სალის დაუწყო ძებნა. როცა ვერსად დალანდა, შეშფოთებულმა წყლიდან ამოსვლა დააპირა, რადგან ეგონა, რომ გოგონა კვლავ გაექცა. მოულოდნელად, მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით, წყალი შეირხა და ზედაპირზე სალი ამოტივტივდა. გოგონამ თვალებზე ჩამოყრილი სველი თმა თავის გაქნევით უკან გადაიყარა და ღიმილით მიაჩერდა. ამწუთას საოცარი სანახავი იყო.

_ მოდი, გინდა, ერთმანეთს გავეჯიბროთ?

მისი სითამამით გახარებულმა ვაკომ თავი დაუქნია.

_ გინდა, ფორა მოგცე? _ ეშმაკურად ჰკითხა.

_ არა, რა თქმა უნდა, _ მის ულამაზეს ლურჯ თვალებში გამოწვევა გაკრთა, _ თუკი მე გაგასწრებ, დაე, პატიოსნად გაგასწრო, _ კეკლუცად შესცინა გოგონამ.

ვაკოს ვერც კი წარმოედგინა, როგორ უნდა გაესწრო მისთვის ამ ნაზ ქმნილებას, თუმცა არ შეიმჩნია. არადა, როგორც ჩანს, მამაკაცმა ვერ შეაფასა მისი შესაძლებლობები. სალი სწრაფად მიცურავდა, ძლიერი მოძრაობებით აპობდა ხელოვნურად წარმოქმნილ ტალღებს. ვაკო გაოგნებული დარჩა. მართალია, გოგონამ ვერ გაასწრო, მაგრამ შედეგი მაინც მოულოდნელი იყო, _ სალი მხოლოდ ორი-სამი წამით ჩამორჩა მას.

_ ვააა! მაგრად გამაოცე, ყოჩაღ! _ შეაქო აღფრთოვანებულმა.

ორივენი ქოშინით სუნთქავდნენ.

_ სკოლაში პირველი ვიყავი ცურვაში, ოლიმპიადებზე გავდიოდი.

_ ესე იგი, სკოლის ღირსებას იცავდი?

_ ჰო, რაღაც ამდაგვარი.

_ შენს ადგილას, ცურვას პროფესიად გავიხდიდი. სკოლის კი არა, ქვეყნის ღირსებასაც კიდაიცავდი, ამაში დარწმუნებული ვარ.

_ აი, რაზეც არასდროს მიოცნებია, _ თავი გადააქნია სალიმ.

_ აბა, რაზე ოცნებობდი?

რამდენიმე წუთის წინ ასეთი ლაღი, მხიარული, დაძაბულობისგან მოშვებული გოგონა უეცრად საპირისპიროდ შეიცვალა. მამაკაცს ზურგი აქცია და უხასიათოდ ჩაილაპარაკა.

_ არაფერზე! _ მერე ფეხები აუზის კიდეს გაჰკრა და საპირისპირო მიმართულებით გაცურა.

რა ეწყინა? ამისთანა რა უთხრა? იქნებ ვიღაცამ ან რაღაცამ შეუშალა ხელი, მისი ოცნებები ახდენილიყო და, მისდა უნებურად, სალის მტკივნეულ ადგილს შეეხო?

ვაკო იდაყვებით ჩამოეყრდნო აუზის კედელს და გოგონას საშუალება მისცა, ცოტა ხნით მარტო ეცურა, მისი თანხლების გარეშე, თან სიამოვნებით ადევნებდა თვალს მის მოქნილ მოძრაობებს, უხმაუროდ რომ მიაპობდა წყალს. «ოღონდ კი მენდოს, ოღონ კი მომყვეს… ოღონ კი შემომიშვას თავის ცხოვრებაში, თავის იდუმალ სამყაროში. როგორ მაცოფებს ჩვენ შორის აღმართული ეს ცივი კედელი!» _ ფიქრობდა მამაკაცი. რამდენჯერაც მოეჩვენა, რომ მწვერვალს მიაღწია, იმდენჯერ დაბლა დაანარცხა გოგონამ. არა, ასე არაფერი გამოვა. როგორმე უნდა მოიპოვოს ეს ქალი, რადაც უნდა დაუჯდეს, ის მისი უნდა გახდეს! _ მტკიცედ გადაწყვიტა, მაგრამ ურთიერთობას ისეთი პირი უჩანდა, რომ ბრძოლა ხანგრძლივი და მძიმე გამოდგებოდა.

ათიოდე წუთის შემდეგ თავადაც შეუერთდა სალის და მის გვერდით გაცურა. გოგონას განზე არ გაუწევია. კარგა ხანს დელფინებივით მანევრირებდნენ აუზში, ყვინთავდნენ, ტრიალდებოდნენ, ცურვის სტილს იცვლიდნენ და არც ერთხელ არ უცდია ვაკოს, ოდნავ მაინც შეხებოდა სალის.

ამგვარმა თამაშმა ძლიერ ააღელვა მამაკაცი, უფრო მგრძნობიარე გახდა თითქოს, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ გოგონაც იგივეს განიცდიდა, მიუხედავად იმისა, რომ მას თვალები ანთებოდა, ენერგიამოზღვავებული გულიანად იცინოდა და ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ ვაკოს ერთი სული ჰქონდა, თავის ძლიერ მკლავებში გამოემწყვდია იგი და კოცნით დაეხრჩო. როცა სალომემ გასასვლელისკენ გაცურა, ვაკო იმედგაცრუებამ მოიცვა.

_ დავიღალე, _ თავი იმართლა სალიმ და თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად გაშლილი მკლავები უმწეოდ დაკიდა ჰაერში, _ როგორც ჩანს, ფორმიდან ამოვვარდი. ხედავ, ხელის მტევნებმა ყურები როგორ ჩამოყარეს? _ გადაიკისკისა და აუზიდან ამოვიდა.

იქნებ შეეშინდა? წყალში გამართული ეს თამაშობები ძალიან წააგავდა სასიყვარულო ფლირტს და რაც უფრო მეტ თავისუფლებას აძლევდა გოგონა თავს, მით უფრო ეუფლებოდა აღგზნება. რა თქმა უნდა, მსგავსიც კი არაფერი დასცდენია მის ბაგეებს, მაგრამ სუნთქვა ადვილად გასცემდა მის გულისნადებს _ გაუმართლებლად მძიმე და ზომაზე მეტად გახშირებული, თუნდაც ასეთი აქტიური ვარჯიშებისთვის. გარდა ამისა, ვაკოს მოეჩვენა, რომ მის ზღაპრულ ლურჯ თვალებში რაღაც იდუმალი გაკრთა, რომელიც ძალიან წააგავდა სურვილს…

_ აქ სადმე შხაპის მიღება შეიძლება? _ იკითხა სალიმ, როცა მამაკაცი ფეხდაფეხ მოჰყვა.

ვაკომ შენიშნა, რომ გოგონა მის მზერას გაურბოდა. ნირწამხდარი გაღიმებას შეეცადა.

_ წამოდი, გაჩვენებ, _ მოკლედ მოუჭრა.

როგორ უსაზღვროდ ლამაზი აღნაგობა აქვს, _ გაიფიქრა ვაკომ, _ ხორბლისფერი, მკვრივი და გლუვი კანი, არც ძალიან გამხდარი, არც მსუქანი. საჭირო ადგილას საჭიროდ ხორცსავსე. ლაჟვარდისფერი საცურაო კოსტიუმი ეცვა, თითქმის თავისივე თვალების ფერი, თეძოებზე ღრმად ამოჭრილი, რაც კიდევ უფრო გრძელს აჩენდა მის ჩამოსხმულ ფეხებს. მკერდი ღრმად ჩაუდიოდა და ვაკო ვერაფერს უხერხებდა თავის თავს, თვალს ვერ აშორებდა ამ მიწიერ საოცრებას. მისმა აზრებმა კვლავ საშიში მიმართულება მიიღო და მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ზრდილობის ჩარჩოებში ვეღარ მოექცეოდა. ამ აღმოჩენამ ძალზე შეაშინა.

გასახდელმა და, განსაკუთრებით საშხაპემ, რომელიც ზურმუხტისფერი კაფელით იყო მოპირკეთებული, სალიზე ყველაზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. წყალს რომ ივლებდა, თან ესმოდა, სადღაც, ძალიან ახლოს, ვაკომაც როგორ მოუშვა წყალი. მისდა უნებურად, გოგონამ წამით გაშიშვლებული წარმოიდგინა იგი და… თავხედმა სურვილმა წამოუარა… მის კაბინაში შესულიყო და ვაკოს დაკუნთულ სხეულს თითებით შეხებოდა… შეეგრძნო მისი სიძლიერე, გამოეკვლია იგი… და მასაც შეხებოდა მამაკაცი…

იგრძნო, ამის გაფიქრებაზე როგორ გაუშრა პირი. აკანკალებულმა თავი უკან გადააგდო, თვალები დახუჭა და გახურებული სახე და მკერდი წყლის ცივ შხეფებს მიუშვირა. არადა, წინ მთელი საღამოა! შეიძლება ღამეც!… რა სისულეებს როშავს, მთლად გადაიარია! _ უჩვეულო აზრებით შეშფოთებულმა წყალი გადაკეტა და პირსახოცი ტანზე შემოიხვია, თითქოს ამით ცდილობდა ამბოხებული ვნების ჩახშობას, ასე რომ უწამებდა ათრთოლებულ სხეულს.

როცა ვაკო საშხაპიდან გამოვიდა, სალი უკვე ჩაცმული დახვდა. იგი აუზთან ჩაცუცქულიყო მის მოლოდინში. სალის ისე მოსწონდა აქაურობა, სურვილი გაუჩნდა, სამუდამოდ აქ დარჩენილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი თითქმის უხმაუროდ მოძრაობდა, გოგონამ მაინც იგრძნო, როგორ მოუახლოვდა იგი და მის ზურგს უკან გაჩერდა. სალი დაიძაბა. აი, ახლა მხრებზე ხელს დაადებს და… მაგრამ ეს არ მოხდა.

_ წამო, ვნახოთ, როგორ მიდის ვახშმის საქმეები, _ შესთავაზა ვაკომ, გოგონას წინიდან მოუარა და ხელი გაუწოდა, _ არ მოგშივდა?

ერთი ნოტიც კი არ შეინიშნებოდა მის ხმაში, რომ რაიმე არასასურველი და უღირსი ქმედება ჰქონოდა განზრახული. თუმცა, როცა წყალში დგაფუნობდნენ, სალი დარწმუნებული იყო, რომ ვაკო მასზე არანაკლებად იყო აღგზნებული. თუ მართლა ასეა, გამოდის, რომ ის გაწაფულად აკონტროლებს თავის თავს და ამისთვის მადლიერიც კი უნდა იყოს მისი. აი, მასაც რომ გააჩნდეს ასეთი რკინის ნებისყოფა, რა მაგარი იქნებოდა?!

გოგონამ მის გამოწვდილ ხელს არც შეხედა, მკვირცხლად წამოდგა და მოულოდნელობისგან სუნთქვა შეეკრა. მამაკაცს მხოლოდ პირსახოცი ჰქონდა თეძოებზე შემოხვეული! სალიმ ტუჩები მოკუმა და მზერა აარიდა. მისმა გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა…

_ ხშირად გაძლევენ უფლებას, აუზ-ზით ისარგებლო? _ რაღაც მომენტში სალის ხმა ჩაუწყდა და წამოწითლებულმა გულში ინატრა, რომ მამაკაცს არ ეკითხა მისთვის, რა დაგემართაო.

_ ჰო, ნებისმიერ დროს, _ უპასუხა ვაკომ, წამითაც არ შეიმჩნია მისი დაბნეულობა.

«გამიმართლა, მაგრამ როდემდე?» _ გაიფიქრა სალიმ და ნაბიჯი შეანელა, რათა მამაკაცი წინ გაეტარებინა. ვაკო კიბისკენ გაემართა. გოგონა თვალს არ აშორებდა მის გაშლილ, ფართო მხარ-ბეჭს და ხვდებოდა, რომ მის გარდა, სხვა ვერაფერზე ფიქრობდა. მიდიოდა და თავის თავს გულის ხმით ეკითხებოდა, შეძლებდა კი წინ აღდგომოდა საკუთარი სხეულის ბუნებრივ ჯანყს? ეს ხომ ჩვეულებრივი მოთხოვნილება იყო _ სექსუალური მოთხოვნილება _ ექვსი თვეა, მამაკაცი არ შეხებია… საინტერესოა, ამწუთას თუ გრძნობს ვაკო მის მზერას, ზურგს რომ უხვრეტს? ან იმას თუ გრძნობს, რა განცდებშიც არის სალი?

_ შეგიძლია ამით ისარგებლო, _ დაუდევრად წამოისროლა ვაკომ.

რა-ა? კიდევ ერთხელ აღმოჩნდეს მასთან ერთად წყალში? რა მაცდუნებელი წინადადებაა! _ გაიფიქრა სალიმ, ხმამაღლა კი თქვა.

_ სამწუხაროდ, ამას ვერ ვიზამ. ჯერ ერთი, ძალიან შორსაა ჩვენი სახლიდან და მეორეც, შენ გარეშე ვერ გავბედავ მარტომ გავცურო. ერთი წუთით წარმოიდგინე, ოჯახის პატრონი შინ რომ დაბრუნდება და თავის აუზში უცხო ქალს აღმოაჩენს. არ გაგიჟდება?

ვაკომ თავი მოაბრუნა და ჩაიცინა.

_ დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდება.

რაც მართალია, მართალია, ყველაფერში მისი დანისლული თვალებია დამნაშავე. წამით შეეფეთა მის მზერას და ეს საკმარისი აღმოჩნდა, მუხლები მოკვეთოდა. იმწუთას ფეხი წამოჰკრა საფეხურს, თუ უბრალოდ, წაიბორძიკა, ვერ გააცნობიერა, მაგრამ მიხვდა, რომ ძირს ვარდებოდა. მისმა შეშინებულმა წამოძახილმა აიძულა ვაკო, მომენტალურად შემობრუნებულიყო. მამაკაცმა ხელი გაუწოდა, რათა დაეჭირა გოგონა, მაგრამ სალი ისე «მიზანსწრაფულად» მიექანებოდა უკან, რომ ვაკოსაც კი გამოსდო ფეხი და ორივე ერთდროულად დაგორდა კიბეზე…

_ ხომ არაფერი იტკინე? _ ჰკითხა მამაკაცმა, რომელსაც ჯერ კიდევ მძლავრად ჩაებღუჯა სალის თითები.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერც ერთი ბედავდა განძრევას.

_ ვიმედოვნებ…

_ რა მოხდა?

_ არ ვიცი…

_ ადრეც ბევრჯერ დავცემულვარ ქალთან ერთად, მაგრამ ასე მგრძნობიარედ არც ერთხელ, _ გაიხუმრა ვაკომ.

სალიმ ჩაიფხუკუნა და მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა მკლავში ტკივილს გრძნობდა, წამოდგომას შეეცადა.

_ ფრთხილად, _ შეაყოვნა მამაკაცმა, _ მოიცა, მე დაგეხმარები. ყველა ძვალი რომ მთელი გადარჩენილიყო, მაინც სიფრთხილეა საჭირო, ისეთი ზღართანი მოადინე.

ვაკომ ხელი შეაშველა და წამოაყენა. რაღაც სასწაულით, მის სხეულზე შემოხვეული პირსახოცი ადგილზე დარჩენილიყო. ალბათ საგულდაგულოდ თუ ჰქონდა განასკვული. ის იყო, კიბეზე ასვლას უნდა შესდგომოდა, რომ ტკივილისგან სახე დაემანჭა და შეჰკივლა.

_ რა იყო? _ მზრუნველად ჰკითხა მამაკაცმა.

_ რაღაც ხელი ვერ მაქვს რიგზე, საშინლად მტკივა.

_ აბა, მაჩვენე! არა, ჯერ მაღლა ავიდეთ. სიარული შეგიძლია? სხვაგანაც ხომ არ გტკივა?

_ არა, _ სალიმ დაზიანებული მკლავი მეორე ხელში მოიქცია, ვაკომ კი წელზე მოხვია ხელი, რათა საფეხურებზე ასვლისას ხელმეორედ არ წაქცეულიყო.

მამაკაცის შეხებამ ენით აუწერელი სიამოვნება განაცდევინა. და კიდევ.. მისგან მომავალმა, ჯერ კიდევ სველი სხეულის სურნელმა დაახვია თავბრუ. ასეთი «გემრიელი» სურნელი არც ერთი მამაკაცისგან არ ახსოვს, ვისაც კი ოდესმე იცნობდა. მარტო ამისთვის ღირდა კიბიდან დაგორება… შეუმჩნევლად ჩაეღიმა.

ვაკომ ფეხით გააღო სარდაფის კარი. სალის ნესტოებში შეუღიტინა საჭმლის საამო არომატმა. ახლაღა იგრძნო, როგორ მოშიებოდა. ვაკო მიეხმარა, სანამ გოგონა ტახტზე დაჯდებოდა.

_ ახლა კი ვნახოთ, რა დაგვემართა, _ თქვა მან, გვერდით მიუჯდა და მკლავი თითებით ფრთხილად მოუსინჯა.

_ გესმის ამის რამე? _ ეჭვნარევი ხმით ჰკითხა სალომემ, თუმცა მისთვის სულერთი იყო, გაეგებოდა ვაკოს მოტეხილობის რამე, თუ არა. ამწუთას თანახმა იყო, მამაკაცს მისი სხეულის ყველა ნაწილი მოესინჯა, არათუ მკლავი.

_ მესმის, _ თავი დააქნია ვაკომ, _ და ვერაფრით გაგახარებ. მგონი, მოტეხილობასთან გვაქვს საქმე. რეტნგენის გადაღება მოგვიწევს.

_ კარგი რა, _ საღი ხელი აიქნია სალიმ და ყველა მღელვარე აზრი გაუფრინდა გონებიდან, _ უბრალოდ, ძლიერ დაჟეჟილობაა და მეტი არაფერი. თეძოც კი დავარტყი ძლიერად, მაგრამ მისი გასინჯვის უფლებას არ მოგცემ!

ვაკოს გულიანად გაეცინა მის იუმორზე, მაგრამ დანისლული თვალები სეროზულად შეჰყურებდნენ გოგონას.

_ ამოირჩიე: ან საავადმყოფოში უნდა გაგაქანო, ან ადგილზე გამოვიძახო ექიმი. თუმცა, რენტგენის სურათის გადაღებას მაინც ვერ გაექცევი, ასე რომ, ნუ შემეკამათები.

_ ტყუილად ირჯები ასე მზრუნველად, მართლა არაფერი მჭირს.

_ მე ასე არ ვფიქრობ.

_ კი მაგრამ, საიდან მოიტანე, რომ ასე სერიოზულად არის საქმე? _ იკითხა მისი მბრძანებლური ტონით გაღიზიანებულმა.

_ პირველადი დახმარების კურსები მაქვს გავლილი. ეს აუცილებელია, სალი, დამიჯერე, პარანოიით კი არ ვარ დაავადებული. მორჩა, საავადმყოფოში მივდივართ და ტყუილად არ შემეწინააღმდეგო.

სალის ტკივილმა თანდათან უმატა. სხვა გზა არ რჩებოდა, უნდა დათანხმებოდა ვაკოს.

რამდენიმე წუთის შემდეგ კოხტად ჩაცმული და თმადავარცხნილი ვაკო სალის ტრავმატოლოგიურისკენ მიაქანებდა…

რენტგენის სურათმა მართლაც აჩვენა იდაყვის მოტეხილობა. სალომეს მკლავი ჩაბაშირში ჩაუსვეს. პროცედურამ კარგა ხანს გასტანა, ამიტომ, როცა გარეთ გამოვიდნენ, უკვე საკმაოდ გვიან იყო. რადგან არ ღირდა უკან მიბრუნება, ვაკომ სალი შინ მიაცილა.

მარინა ჯერ არ დაბრუნებულიყო. სალი სავარძელში ჩაესვენა და თვალები მილულა. ვაკო კი ერბოკვერცხის მომზადებას შეუდგა. არადა, ამის საჭიროება არ არსებობდა, სალის ცალი ხელითაც მშვენივრად შეეძლო კვერცხის შეწვა. იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს მზრუნველი ქმარივით მოფუსფუსე მამაკაცს, რომელიც ოსტატურად ჭრიდა ყველს და შებოლილ ძეხვს. რომ არა მტკივანი ხელი, ამაზე დიდ სიამოვნებას სალის ვერაფერი მიანიჭებდა, არადა, ტკივილისგან ძლიერად უფეთქავდა მკლავი, რაც საშინელ დისკომფორტს უქმნიდა. იმ რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც საავადმყოფოში გაატარეს, ვაკო ნამდვილი მეგობარივით იქცეოდა, სწორედ ისე, როგორც შეჰპირდა. მის არც ერთი სიტყვას და გამოხედვას უხერხული სიტუაცია არ შეუქმნია. სალი, ცოტა არ იყოს, განხიბლულიც კი დარჩა.

_ მთლად ისეთი ვახშამი არ არის, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა, მაგრამ არა უშავს, _ თავბრუდამხვევი ღიმილით წამოთქვა მამაკაცმა, თან ღვინო ჩამოასხა ჭიქებში.

«სამაგიეროდ, უფრო გემრიელი იქნება,» _ გაიფიქრა სალიმ.

_ ვწუხვარ, საღამო რომ გავაფუჭე და ასეთ ხათაბალაში გაგხვიე, _ ტუჩები გაბუსხა.

_ არც კი გაიფიქრო მსგავსი რამ, _ კოპები შეკრა მამკაცმა, _ რაც მოვამზადე, მაცივარში შეინახება. ხვალ კი, კეთილს ინებებ, გამოხვალ და მის შესანსვლაში დამეხმარები. გასაგებია?

_ ჰო, თუკი დანა-ჩანგლის ხმარება არ დამჭირდება.

_ ყველაფერს თითო ლუკმად დაგიჭრი, მე თავად გაჭმევ და თან შენს ლამაზ თვალებში ჩავიძირები, _ ჩაიცინა ვაკომ, როცა ეს პროცესი წარმოიდგინა, _ ჰო, _ ჩახრინწული ხმით დაამატა, _ დიდებული სანახაობა იქნებოდა!

 

 

მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. სალომეს ადგომის თავი არ ჰქონდა, ამიტომ ვაკოს სთხოვა, ყურმილი აეღო, თავად კი იმის გაანალიზება დაიწყო, სანამდე მივიდოდა მისი ახლახან გაცნობილ მამაკაცთან ურთიერთობა. ერთ რამეში უკვე ღრმად იყო დარწმუნებული _ გულგრილობის შენარჩუნება მეტად აღარ შეეძლო. მათი გაცნობის პირველივე წუთებიდან ორივეში ისეთი რაღაც მოხდა, ისეთი ნაპერწკალი გაკრთა, რომელიც ერთმანეთით გატაცებას ძალიან ჰგავდა. ამის აღიარება ახლა აღარ უჭირდა სალომეს და იცოდა, რომ ამ ფაქტს ვეღარსად გაექცეოდა. ბევრს ეცადა, როგორმე მოეშორებინა თავიდან მამაკაცზე ფიქრი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ეს გატაცება უფრო და უფრო იზრდებოდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ მაცდური გრძნობის წინაშე ორივე უძლური აღმოჩნდებოდა…

მარინა რეკავდა… სალიმ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო მამაკაცს. ღმერთო, რა ლამაზია, განუმეორებლად მიმზიდველი! სანამ საავადმყოფოში წავიდოდნენ, ვაკომ ტანსაცმელი გამოიცვალა. მას შავი პერანგი და ამავე ფერის შარვალი ეცვა, რაც საოცრად უხდებოდა. ერთდროულად შინაურულადაც გამოიყურებოდა და რაღაც იდუმალადაც, რაც კიდევ უფრო მომაჯადოებელს ხდიდა ისედაც ზესიმპათიურ მამაკაცს.

_ მამიდაშენმა ამაღამ ვერ მოვალოოოო! _ «ახარა» ვაკომ.

გოგონას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.

_ რატომო?

_ გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა, რომელიც დღეს წამოვიწყე და ხვალ დილით უნდა დავასრულოო.

სალომემ კოპები შეიკრა.

_ რა საქმეა ამისთანა, არ უთქვამს? _ იკითხა, გულში კი გაიფიქრა, «ნეტავ, რა თამაშს თამაშობს ეს ქალი?»

_ აზრზე არ ვარ, _ მხრები აიჩეჩა ვაკომ, _ როცა შენი ხელის ამბავი ვუთხარი, შეიცხადა, თუმცა კი ძალიან გაუხარდა, რომ აქ ვარ. მთხოვა, ამაღამ შენთან დავრჩე.

სალიმ წამით პანიკური შიშის შემოტევა განიცადა. ერთი წუთით წარმოიდგინა თავი ვაკოსთან ერთად, ერთ სახლში, მარტო, მთელი ღამით… ამაზე ფიქრიც კი აუტანელი იყო.

იქნებ ეს სულ სხვა რამის შიში იყო? იქნებ იმის ეშინია, მის გვერდით ცდუნებას ვერ გაუძლებს? გულმა გამალებით დაუწყო ცემა.

_ ეს «იდეა» შენ შესთავაზე, თუ მან «დაგაკვალიანა»? _ დაინტერესდა სალი და უეცრად იგრძნო, ხმა როგორ შეცვლოდა.

ვაკომ ისე უცნაურად შეარხია მხრები და ისე გაუგებრად გაიღიმა, სალომესთვის ყველაფერი ნათელი გახდა.

_ განა ეს სულერთი არ არის?

_ შენი დახმარება არ მჭირდება, _ მტკიცედ წარმოთქვა გოგონამ, _ მარტოც გადასარევად მოვუვლი ჩემს თავს.

_ რა თქმა უნდა, არ გჭირდება, _ შესაშურად მშვიდად დაეთანხმა მამაკაცი, _ მაგრამ იქნებ ამ ერთხელ პატივი დამდო და დამტოვო.

_ არანაირი სურვილი არ მაქვს, პატივი დაგდო, _ ცივად უპასუხა სალიმ და თვალი თვალში გაუყარა.

გოგონა თავს ისე გრძნობდა, თითქოს ხაფანგში მოამწყვდიეს. ვიღაც მანიპულირებდა მისით, რაც სასტიკად არ მოსწონდა. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მამიდა შეგნებულად დარჩა მეგობართან ღამის გასათევად, რათა წყვილი მარტო დაეტოვებინა. ალბათ იმისთვის დარეკა, რომ სალი გაეფრთხილებინა, გვიან მოვალო. ხოლო, როცა ვაკო მოუყვა, რაც მოხდა, შინ წამოსვლა მაშინვე გადაიფიქრა და მათი «შეწყვილების» შესაძლო შანსი ხელიდან არ გაუშვა.

_ სამწუხაროა, _ ჩაილაპარაკა ვაკომ უსიამოვნო ხმით, _ იმიტომ, რომ მე მაინც დავრჩები, გინდა შენ ეს, თუ არა.

მეგობრული ატმოსფერო კვამლივით იფანტებოდა და ამაში ისევ და ისევ სალომე იყო დამნაშავე. მაგრამ რატომ, რატომ? რატომ ცდილობენ ისინი, განსაზღვრონ სალის ცხოვრება? თავად მას რატომ არა აქვს უფლება, თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი?

გოგონამ ომლეტი ისე შეჭამა, წარბი არ გაუხსნია. მამაკაცი დაჟინებით უმზერდა, მის ყოველ მოძრაობას დაკვირვებით ადევნებდა თვალს, ხანდახან შეფიქრიანებული გააქნევდა თავს, თითქოს რაღაც გეგმებს აწყობსო. ჰო, რა თქმა უნდა, მარინა მამიდა და ვაკო მეტს კი არაფერს აკეთებენ მას შემდეგ, რაც სალი ჩამოვიდა. გამუდმებით უწყობენ ხელს ერთმანეთს, რაც შეიძლება ხშირად შექმნან სიტუაცია, როცა სალომე და ვაკო ერთად რჩებიან. რა თქმა უნდა, არავინ არის დამნაშავე იმაში, რომ გოგონამ ხელი იტკინა, მაგრამ მარინა მიხვდა, რომ ამ შემთხვევას მისთვის «სარგებლობის» მოტანა შეეძლო. მისთვის თუ სალისთვის? განა სალი არ დარჩება ამით მოგებული? მამიდა თავისთვის ხომ არ ცდილობს? ძმისშვილის ბედნიერებისთვის იბრძვის, განა თავისთვის!

მამაკაცმა სუფრის ალაგება დაიწყო. სალომე ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო, არა და არ გაუარა წყენამ, თითქოს შეურაცხყოფა მიაყენესო.

_ ახლა ამ ყველაფერს სამზარეულოში გავიტან და დავრეცხავ. კიდევ რა შემიძლია შენთვის გავაკეთო? ჩაის ხომ არ დალევ? _ «მზარეული» სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა.

სალიმ თავი გააქნია.

_ არაფერი მინდა, დიდი მადლობა. ყველაზე მეტად ის მინდა, მარტო დამტოვო, მაგრამ, ვხედავ, რომ ამის თხოვნას აზრი არ აქვს.

_ აბსოლუტური უაზრობა იქნება, გეთანხმები, _ გაიღიმა ვაკომ, _ ვიცი, რომ აუცილებლად დაგჭირდები. შენ ამწუთას ვერ ხვდები ამას, მაგრამ მალე დარწმუნები, რომ ასეა…

სალომემ უკან გადასწია თავი, სკამის საზურგეს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. როგორც ჩანს, უნდა შეეგუოს სიტუაციას, სხვა გზა არ არის. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ის არის, რომ მამაკაცმა შეიძლება სიტუაციით ისარგებლოს… მაგრამ აქამდე არ უცდია მსგავსი რამ და ახლა რა ღმერთი გაუწყრება? მხეცი ხომ არ არის, ქალის სურვილის წინააღმდეგ წავიდეს? აბა, საიდან დაასკვნა სალიმ, რომ ასე მოხდება? არა, ის მას არ აწყენინებს. სალის თავისი თავის უფრო ეშინია, ვიდრე ვაკოსი, ამაშია პრობლემა.

_ საქმე გაკეთებულია, _ მამაკაცი შემობრუნდა და სკამზე დაეშვა, _ ძალიან დაღლილი სახე გაქვს, იქნებ აჯობებს, დაწვე და დაიძინო? რას იტყვი?

_ მართლა დავიღალე, _ ამოიხრა გოგონამ, _ ჯერ აუზში, მერე საავადმყოფოში…

_ სიმართლე გითხრა, მეც დავიღალე, _ აღიარა მამაკაცმა, _ მგონი, ჯობია, ორივემ მოვისვენოთ. უკვე თითქმის შუაღამეა.

ვაკო წამოდგა და ხელი გაუწოდა.

_ არ მინდა დახმარება, ჩემით ავდგები, _ ჩაიბურტყუნა სალიმ და კვლავ შიშის ჟრუანტელმა დაუარა.

_ ეჭვიც არ მეპარება, _ ეშმაკურად გაიღიმა ვაკომ, _ მაგრამ ისე მომწონს, როცა  ჯენტლმენურად ვიქცევი, რომ…

რა უნდა ექნა? ქაჯივით წივილ-კივილს ხომ არ დაიწყებდა, ხელი არ მახლოო? მის სიტყვებში ირონია არ შეინიშნებოდა, პირიქით, სრული გულწრფელობა იგრძნობოდა. დახმარებაზე უარის თქმა სისულელე გამოდიოდა. გოგონამ ცალი მხარი აიჩეჩა, ჯანმრთელი ხელი გაუწოდა მამაკაცს და მანაც წამოაყენა. შემდეგ შეამოწმა, ფანჯრები ყველგან იყო თუ არა დახურული და როცა შემოვლით «პროცედურებს» მორჩა, ორივე მდუმარედ გაუყვა ვიწრო დერეფანს.

მარინას სახლში სულ სამი საძინებელი იყო. ყველაზე დიდი თავად მარინას ეკუთვნოდა, მის გვერდით ოთახში სალის ეძინა, ხოლო მესამე, ყველაზე პატარა, მაგრამ ნათელი, სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამ საძინებელში მოუწევდა ვაკოს დაძინება.

სალი კართან შეჩერდა.

_ ეს ჩემი ოთახია, შენ გვერდით შეხვალ. ღამე მშვიდობისა, ვაკო, დიდი მადლობა ჩემზე ზრუნვისთვის.

მამაკაცის მზერა იმაზე მეტყველებდა, რომ სულაც არ სურდა გოგონასთან განშორება.

_ არაფერი მიჭირს, შევძლებ, თავს მივხედო, _ მიუხვდა სალი.

_ დარწმუნებული ხარ? _ ვაკოს მოუთმენლობა დაეტყო ხმაში.

ის იყო, სალიმ პასუხის გაცემა დააპირა, რომ მამაკაცი მოულოდნელად წინ გადაიხარა, სალის ტუჩებში მოწყვეტით აკოცა და გაიღიმა. კოცნა წმინდა მეგობრული იყო, მაგრამ გოგონას წამით ცეცხლი წაეკიდა მთელ სხეულზე. ნერწყვი გადაყლაპა და შეეცადა, ისეთი სახე მიეღო, თითქოს მისმა კოცნამ მასზე «ისე» სულაც არ იმოქმედა… თუმცა იმდენად სწრაფად შევარდა საძინებელში, ამას არ შეიძლებოდა ეჭვი არ გამოეწვია. ის აშკარად მიხვდებოდა, როგორ განერვიულდა სალი…

მიხვდა და მიხვდეს! დიდი ამბავი! თავად მას არ უნდა გაეკეთებინა ეს, მით უმეტეს, როცა მარტონი არიან სახლში! ამდენს ვერ უნდა მიმხვდარიყო? სალის ლოყები ეწვოდა, სუნთქვაგახშირებული ერთხანს გაუნძრევლად იდგა კართან, იმის მოლოდინში, როდის მიწყნარდებოდა ვაკოს ფეხის ხმა და მხოლოდ ამის შემდეგ ამოისუნთქა შვებით.

თავის მიხედვას შევძლებო, ეს არის?! ღმერთო, როგორ გაუძნელდა ტანსაცმლის გახდა! როგორ გაიხსნას ღილები, როცა იგი კაბას ზურგის მხრიდან აქვს დაკერებული? აი, ამას ჰქვია შარში გახვევა! ტანსაცმლიანად მოუწევს დაძინება! ამის გამო ვაკოს ხომ არ დაუძახებს? რას იფიქრებს?..

თურმე წარმოდგენაც არ ჰქონია, რა ძნელი ყოფილა ცალი ხელით რამის გაკეთება. თაბაშირი ლამის თითებამდე ჰქონდა დადებული, ამიტომაც მარჯვენა ხელს ვერანაირად ვერ მოიხმარდა. რაღა მაინცდამაინც ამ ხელით დაეცა, ბედი არ გინდა? რის ვაივაგლახით გაიხეხა კბილები, მერე სახე ლოსიონით გაიწმინდა, კარი მჭიდროდ მიხურა და ლოგინზე ჩამოჯდა.

უეცრად, თითქოს მისი გასაჭირი იგრძნოო, ვაკომ დააკაკუნა.

_ აბა, როგორი მიდის შენი წარმატებები? _ შემოსძახა გარედან, _ დახმარება გჭირდება?

სალი ერთი ნახტომით გაჩნდა კართან და ოდნავ გამოაღო იგი. პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ მამაკაცი გარედან მოაწვა შეღებულ კარს და ოთახში შემოვიდა.

მის კაბაზე ჩამწკრივებული ღილების შეხსნა ვაკოს მანიაკურ სურვილად აეკვიატა მთელი საღამოს განმავლობაში. მიხვდა, გოგონა თავისით ამას ვერ შეძლებდა, ამიტომ ცოტა შეიცადა, ხელსაყრელ მომენტს დაელოდა და სწორედ მაშინ მიადგა სალომეს, როცა დაასკვნა, რომ უკვე მოქმედების დრო იყო. იმან, ვინც კაბის ასეთი სტილი მოიფიქრა, იცოდა, რასაც აკეთებდა. სწორედ რომ მამაკაცის სურვილის აღსაძვრელად იყო გათვლილი, მისი სასიამოვნო ტანჯვის გასახანგრძლივებლად. აბა, ვაკო რისი ვაკო იქნებოდა, ასეთი ხელსაყრელი მომენტი ხელიდან გაეშვა?

სალი მაშინვე მიხვდა მისი «შემოჭრის» მიზეზს! მისმა შეშინებულმა გამოხედვამ მიახვედრა მამაკაცი, რომ ამწუთას გოგონას ყველაზე ნაკლებად სჭირდებოდა ამ საქმეში მისი დახმარება. უცხო თვალს რომ შეეფასებინა ეს სიტუაცია, იფიქრებდა, მამაკაცმა სპეციალურად სცადა გოგონას შეშინება და ამიტომაც ჩაუსაფრდაო, მაგრამ ვაკოს გამოხედვაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა. იგი დელიკტურად იღიმოდა მხოლოდ.

_ ნებას დამრთავ, დაგეხმარო?

სალიმ ნერვული მოძრაობით უკან გადადგა ნაბიჯი და რაღაც მომენტში ვაკო უკვე ელოდა, რომ გოგონა კატეგორიული უარით გაისტუმრებდა საძინებლიდან… მაგრამ… სალიმ, რომელსაც, სულაც არ სურდა, ღამე ვიწრო კაბაში გაეტარებინა, უხერხულად გაიღიმა და თვალები დახარა.

_ იცი? არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, როცა ადამიანს ორი ხელი აქვს. სრული ინვალიდი მგონია ჩემი თავი.

_ მაგრამ მე თქვენს განკარგულებაში ვარ, ლამაზო ქალბატონო! მიმსახურეთ! _ ხუმრობანარევი რევერანსით შესძახა მამაკაცმა.

_ მთელი ექვსი კვირა, სანამ თაბაშირს მომხსნია? დღეც და ღამეც? _ დაკითხა გოგონა და უცებ გააცნობიერა, რომ ფლირტი წამოიწყო.

_ თუკი ასეთია შენი სურვილი, ახლავე გადავხედავ ჩემს სამუშაო გრაფიკს და რამეს ვიღონებ…

_ რას ამბობ, გეხუმრე, _ ღაწვები აეწვა სალის, _ სხვა დროს მამიდა დამეხმარება. ცუდია, ახლა აქ რომ არ არის, თორემ შენი შეწუხება არ მომიწევდა.

_ ცუდი კი არა, არაჩვეულებრივია!.. მაგრამ ვხედავ, რომ კვლავინდებურად არ მენდობი, _ ამოიხვნეშა მამაკაცმა, _ განა რამეში შეცდომა დავუშვი? ასეთი უნდობლობა რით დავიმსახურე?

მამაკაცი არ იყო მიჩვეული ქალებისგან ასეთ დისტანციას, ახლა ყველაზე მწვავედ გრძნობდა ამას. სწორედ მასთან, სალისთან, მისთვის სანუკვარ ქალთან და ყველაზე მეტად ეს ტკენდა გულს. არადა, უკვე შეუყვარდა იგი… საოცართა შორის ყველაზე საოცარი ქმნილება!

შეუყვარდა! ვაკო მოულოდნელი აღმოჩენისგან ლამის შექანდა. მსგავსი აზრი როგორ მოუვიდა თავში? განა მართლა უყვარს? ხომ არ ცდება? იქნებ ჯერ ადრეა ასეთი დასკვნების გამოტანა? იქნებ მხოლოდ მათ შორის არსებული დისტანცია აფიქრებინებს ამას? როცა ქალი მამაკაცს გაურბის, ეს უკანასკნელი უფრო აზარტული ხდება და წარმატების მოსაპოვებლად ხშირად არწმუნებს თავის თავს, რომ შეყვარებულია. იქნებ სწორედ ამ შემთხვევას აქვს ადგილი?..

მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს სალიზე ფიქრს რომ უთმობს? განა ეს არაფერს ნიშნავს? ნუთუ მართლა შეყვარებულია და ჯერ ვერ აცნობიერებს? ფაქტია, რომ სიგიჟემდე სურს მისი მოფერება, ყოველ წუთს მის გვერდით ყოფნა, მისი ალერსი, მაგრამ სიყვარული?!

იქნებ ეს ილუზია იმის გამო გაჩნდა, რომ სალომე სხვა ქალებს არ ჰგავს? მის არც ერთ სხვა ქალს არასდროს უცდია, ვაკოსადმი ინტერესი დაემალა. სალი სხვა იყო. დროდადრო გოგონა მწარედ უცრუებდა იმედს, რამდენჯერ განხიბლულა კიდეც მისი საქციელით, სიტყვებითაც, მაგრამ რაღაც გამოუცნობი ძალა მაინც აიძულებდა, გაეგრძელებინა ურთიერთობა და საბოლოოდ დაეპყრო მისი გული. იქნებ სწორედ ეს «რაღაც» იყო სიყვარული? იქნებ თავად ქალი მოიწევდა მისკენ?

_ გენდობი, როგორ არ გენდობი, _ თითქოს შორიდან ჩაესმა ვაკოს სალის სიტყვები, _ უბრალოდ, ცოტათი მეუხრხულება, ასეთი რამის თხოვნა რომ მიწევს.

_ წარმოიდგინე, რომ შენი მამიდაშვილი ვარ, ან ბიძაშვილი, ან… რა ვიცი…

სალის სიცილი წასკდა.

_ ერთადერთი, რისი წარმოდგენაც არ შემიძლია, სწორედ ეს არის. ჩემი ბიძაშვილ-მამიდაშვილის ადგილას შე-ენ? არა, არა არ გამოვა! _ გადაიკისკისა გოგონამ, _ საშინლად დაიმორცხვებდნენ. თუნდაც იმიტომ, რომ არც ისეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. კარგი, კარგი, მოდი, დამეხმარე.

ო-ო-ოოო! რა მარტივი პროცედურაა და რა ძნელად გამოსდის! ვაკოს ხელები აუცახცახდა, როცა სალის ზურგს შეეხო. ძლივს შეიკავა თავი, რომ თავისკენ არ მოეზიდა და გულში არ ჩაეკრა გოგონა… ის ისეთი მოხდენილი იყო, ნაზი, ქალური, მომაჯადოებელი…

ღილები ძალიან პატარა იყო, საღილეები _ ვიწრო. მისი მამაკაცური თითები კი არ იყო ასეთ «სამუშაოს მიჩვეული და ძალიან გაუჭირდა მათი ჩახსნა. გარდა ამისა, სალის სიახლოვე კიდევ უფრო აძნელებდა საქმეს. მისგან ისეთი თავბრუდამხვევი სურნელი მოდიოდა, ისე ძნელი იყო თავის შეკავება…

როცა ზედა სამი ღილი გახსნა და ქალს ზურგი ოდნავ მოუშიშვლდა, ვაკოს ფეხები ლამის წაერთვა… წამით ჟინმა წამოუარა, ქალისთვის კაბა ტანზე შემოეხია და თავდავიწყებას მისცემოდა, მაგრამ მხოლოდ წამით… მძლავრად მომუშტა თითები და თავს ძალა დაატანა, ცდუნებას არ აჰყოლოდა. როცა ღილები ბოლომდე ჩახსნა, თვალები დახუჭა და სუნთქვა შეიკრა… თავადაც არ იცოდა, რას მოიმოქმედებდა იმწუთას, სალის ხმას რომ არ გამოეყვანა ფიქრებიდან.

_ დიდი მადლობა, ვაკო, _ გაიგონა მისი ნახევრად ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.

მოეჩვენა, რომ გოგონას ხმა უკანკალებდა. სალი მოტრიალდა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, რათა კაბა ძირს არ ჩაცურებოდა. ვაკომ მზერა აარიდა, რომ გოგონას მისი სურვილით ანთებული თვალები არ დაენახა. ახლა რომ შეეხედა, მამაკაცი თავის თავზე პასუხს არ აგებდა და ისეთ სისულელეს ჩიდენდა, რომელსაც ვერასდროს გამოასწორებდა. თუმცა…

სალი ადგილიდან არ იძროდა… მოლოდინით სავსე მზერით მისჩერებოდა მამაკაცს…

რამდენ რამეს ამბობდნენ მისი თვალები… და არც ამბობდნენ… უბრალოდ, ელოდნენ… რაღაცას… ვიღაცას…

ვაკოს თითები მისგან დამოუკიდებლად ამოქმედდნენ… თეთრი, ქათაქათა მკვრივი მკერდი გამომწვევად იმზირებოდა მხრებზე ჩამოცურებული კაბის მიღმა… როგორ გინდა, არ შეხედო ამ ღვთაებრიობას! ან არ შეეხო?!.

შეეხო, აბა, რა ქნა! მოწოლილი ვნებისგან პირი გაუშრა, გული მძიმედ და ღრმად უცემდა… ამწუთას იმ მოზარდივით გრძნობდა თავს, პირველ სასიყვარულო «გამოცდას» რომ აბარებს… შეეშინდა კიდეც, თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაეგდო… ვაითუ, რამე ისე არ გამოუვიდეს… ახლა ნამდვილად არ იყო თავდაჯერებული, რომ ყველაფერს «ხუთიანზე» მოახერხებდა… სალი როგორ მიიღებს მის სითამამეს? ხელი რომ ჰკრას?..

არა, მსგავსი არაფერი მომხდარა. არც კი უცდია წინააღმდეგობის გაწევა. არ ჰკრა ხელი…

ვაკომ მძლავრად მოხვია მკლავები. ქალმა ამოიკვნესა და ძალაწართმეული მიესვენა მის ფართო გულმკერდს. გოგონას თვალებშიც ისეთივე დაუოკებელი სურვილი იკითხებოდა, როგორითაც თავად იყო აღვსილი.

ხელი ჰკრა კი არა, თავადაც გამოიწია მისკენ. ვაკოს სისხლმა ტვინში აასხა. უკვე ვეღარაფერს უხერხებდა თავის თავს… სწრაფი მოძრაობით ქალს ბიუსტჰალტერი გახადა და მის შიშველ მკერდს ხარბად დაეწაფა… რა მაცდუნებელი და გამომწვევი იყო სალის მკვრივი, ამავდროულად, ფაფუკი მკერდი, ასე ღრმად რომ აუდიოდა ათრთოლებულს… ამწუთას სულაც არ ფიქრობდა იმაზე, ზედმეტი მოსდიოდა თუ არა. რადგან ქალი თანახმაა, რა უდგას მის სურვილს წინ? არც არაფერი. რა დროს ძმობაზეა ლაპარაკი, როცა ასეთი განძის მფლობელი შეიძლება გახდეს! მამაკაცის ცხელი ტუჩები ხარბად დაეწაფა ქალის აფორიაქებულ მკერდს… რაღა ღვთაებრივი  ნექტარი დაგილევია და რაღა ეს მკერდი გიკოცნია! მისი კანის გემო ეგზოტიკურ ნაყოფს აგონებს. არა, ამისთვის ნამდვილად არ იყო მზად! ასეთ რამეს სწორედ რომ არ მოელოდა. ქალების მეტი რა ჰყოლია, მაგრამ ასეთი ნეტარება არც ერთთან განუცდია… ალბათ იმიტომ, რომ არასდროს არავინ ჰყვარებია…

_ რა ლამაზი ხარ, სალი, _ ჩურჩულებდა თავდავიწყებით, _ როგორ გამიმართლა, შენ რომ შეგხვდი…

პასუხად გოგონამ კვლავ დაიკვნესა. მამაკაცი წამით მოწყდა მის მკერდს და შეხედა… სალის თვალები ამღვრეოდა, გამუქებოდა, როგორც ზღვა მუქდება შტორმის დროს…

ხვდება კი, რას აკეთებს? ესმის კი, რა უნდა მოჰყვეს ამ შეხებას? _ გაიფიქრა ვაკომ, როცა გოგონამ კოცნაზე კოცნით უპასუხა.

კარგა ხნის წინ უნდოდა, ეკოცნა სალისთვის, მაგრამ ვერ ბედავდა, სულ ეშინოდა, სილა არ დაემსახურებინა ასეთი საქციელისთვის, ახლა კი… ის თავად იწვევდა მას. ვაკოც გულმოდგინედ «იკვლევდა» მის ტუჩებს და ტკბებოდა ამ ცოტა ხნის წინ «აკრძალული ხილით», თუმცა ქვეშეცნეულად იმასაც ხვდებოდა, რომ ძალიან არ უნდა გართულიყო, რათა ყველაფერი არ გაეფუჭებინა და სამუდამოდ არ დაეკარგა საოცნებო ქალი. ძალიან, ძალიან, ფრთხილი და მგრძნობიარე უნდა ყოფილიყო… და…

თითქოს გოგონა ნაფიქრს მიუხვდაო, უეცრად მოაცილა ტუჩები, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ ტუჩები და არა სხეული… სალიმ თავი მის მხარზე ჩამოდო და მკლავები კისერზე შემოხვია. ვაკომ მისი ცხელი და არეული სუნთქვა ზედ ყურთან იგრძნო… ამწუთას გოგონა ისეთი დამყოლი, ისეთი მსუბუქი იყო, მოეჩვენა, რომ ისინი, ორივენი, ერთი მთელი არსების ორ ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლებმაც, როგორც იქნა, იპოვეს ერთმანეთი და ბოლოს და ბოლოს, შეერთდნენ… სწორედ ეს შეგრძნება აკლდა მას მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში… ნეტავ იცოდეს მაინც, სალი თუ გრძნობს იგივეს?..

ახლა კი დროა, შეჩერდეს. გაგრძელება არ შეიძლება, თორემ ყველაფერს გააფუჭებს.

მამაკაცმა ნებისყოფა მოიკრიბა, უხალისოდ ჩამოაღებინა გოგონას კისერზე მოხვეული მკლავები და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.

_ დანარჩენს შენით მოახერხებ? _ ძლივს ამოთქვა მამაკაცმა ემოციებისგან დახშული ხმით.

შეცბუნებულმა სალიმ უხმოდ დაუქნია თავი. კაბა ძირს ჩაცურებოდა, უკვე იატაკზე ეფინა, მის ფეხებთან. შიშველ სხეულს მხოლოდ თეთრი, ვიწრო ბიკინი უფარავდა… თუმცა, არც უცდია სიშიშვლის დაფარვა, გაბრუებული იდგა ერთ ადგილას, ოდნავ წინ გადახრილი. დიდი ძალისხმევა დასჭირდა ვაკოს, მისთვის მზერა აერიდებინა. ისიც საკმარისი იყო, რისი უფლებაც გოგონამ მისცა. სწორედ მისი «ნებართვით» გადააბიჯა მამაკაცმა «დადგენილ საზღვრებს», თორემ ამას თავისი სურვილით როდი გაბედავდა!

საკმარისია, რაც მოხდა! მეტის უფლებას თავს ვეღარ მისცემდა, ეს აუცილებელი პირობა იყო, რომელიც არ უნდა დაერღვია.

_ მაშინ სასიამოვნო ღამეს გისურვებ. თუ დაგჭირდე, იცი, სადაც უნდა მომძებნო. უბრალოდ, კედელზე მომიკაკუნე და აქ გავჩნდები.

_ კარგი, _ ოდნავ გასაგონად დაიჩურჩულა გოგონამ.

რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი იყო, თვალი მოეწყვიტა ამ სრულყოფილებისთვის, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი აღმოჩნდა კარამდე დარჩენილი მანძილის გავლა ისე, რომ უკან არ მოეხედა. მაგრამ მაინც მოიხედა, როგორც კი გარეთ გავიდა, უბრალოდ, სხვანაირად არ შეეძლო. სალი ისევ ისე იდგა, როგორც დატოვა, ერთხელაც არ შერხეულა.

_ კარგად ხარ? _ შეშფოთებული დაეკითხა მამაკაცი. შეეშინდა, ვაითუ, მომხდარმა თავზარი დასცა გოგონას, ჩემი მოფერებით ტრავმირებული ხომ არ დარჩაო.

სალიმ რამდენჯერმე სწრაფად დაუქნია თავი, თითქოს ერთი სული ჰქონდა, როდის მოხურავდა მამაკაცი კარს. მის თვალებში ამწუთას მხოლოდ ერთი რამ იკითხებოდა _ დამტოვე მარტო, რათა გავერკვე საკუთარ თავში, რათა საბოლოოდ შევეგუო იმას, რაც ჩავიდინე…

ვაკომ უხმუროდ გაიხურა კარი და ერთხანს იქვე შედგა, რათა აზრები მოეკრიბა. დარწმუნებული იყო, რომ სალი ახლა უკვე ადვილად მიხედავდა თავის თავს და მისი დახმარება აღარ დასჭიდებოდა, მაგრამ… ძალიან, ძალიან უნდოდა, გოგონას არ ენანა ის, რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

ცოტა ხნის შემდეგ ჩუმი ხმები შემოესმა საძინებლიდან… გოგონა მსუბუქი ნაბიჯებით მიმოდიოდა, ალბათ დასაძინებლად თუ ემზადებოდა… როგორც ჩანს, ღამის პერანგი ჩაიცვა, _ გაიფიქრა ვაკომ. თვალწინ დაუდგა მისი შიშველი სხეული და მაჯისცემა კვლავ გაუხშირდა. გაბრაზებულმა გადააქნია თავი, ოთახს მოშორდა და დერეფანს არეული ნაბიჯებით გაუყვა.

8 8 8

სალის შუაღამისას გამოეღვიძა და გაოფლილი სწრაფად წამოჯდა საწოლზე. რა ხმაურია? შემოესმა, თუ მართლა რაღაც მოხდა? აი, კიდევ! ვინმე ხომ არ შემოიჭრა სახლში? მისდა უნებურად, როცა ხმაური კვლავ განმეორდა, მთელი ხმით შეჰკივლა. წამიც არ გასულა, რომ კარი ფართოდ გაიღო და ოთახში ვაკო შემოიჭრა. მამაკაცმა შუქი აანთო.

_ რა მოხდა?

_ რაღაც ხმაური გავიგონე, თითქოს კარი თუ ფანჯარა გაჯახუნდა, მერე კი მინის მსხვრევის ხმაც მომესმა. ვინმე ხომ არ შემოიპარა?

სალის არა თუ სხეული, ხმაც უკანკალებდა, თან თვალს არ აშორებდა ვაკოს დაკუნთულ მკლავებს. მამაკაცი წელს ზევით შიშველი იყო. რა სულელია, იმხელა ხმაზე იყვირა, თუ ვინმე მართლა იყო სახლში შემოპარული, უკვე კარგა შორს იქნებოდა გაქცეული!

ვაკოს სიცილი აუტყდა.

_ არავინ შემოპარულა, ნუ გეშინია. როგორც ჩანს, მე შეგაშინე. ვერაფრით დავიძინე, ამიტომ აივანზე გავედი, ცოტა კონიაკი დავლიე. როცა შემოვბრუნდი, ორპირმა ქარმა კარი მიაჯახუნა. ვიფიქრე, კარს დავიჭერ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი და ჭიქა ხელიდან გამივარდა. სამწუხაროდ, დაიმსხვრა…

სალი დაიჯღანა, რითაც გამოხატა, რა სულელი ვარო. მისი მიმიკები რომ შეამჩნია, ვაკომ სასწრაფოდ დასძინა.

_ მაგრამ შენ ხომ არ იცოდი, რა მოხდა. ჩემი ბრალია, მეტი სიფრთხილე უნდა გამომეჩინა. გატეხილი ჭიქისთვის მომხვდება მარინასგან, მომიწევს ახლის ყიდვა, _ გაიხუმრა ბოლოს.

«კი, როგორ არა! მამიდა ერთ სიტყვასაც არ გეტყვის. შენ ხომ მისი «ლუბიმჩიკი» ხარ. და კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებს, თუ ოცნებას აუსრულებ», _ გაიფიქრა სალიმ, _ «მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ამ საღამოს მოხდა, უფრო გაგიადვილდებათ ორივეს მიზნის მიღწევა».

წეღან, ვაკო რომ გავიდა, სალი მალევე დაწვა, მაგრამ დაძინება ვერა და ვერ მოახერხა. ვითომ სწორად მოიქცა? აეკვიატა მომხდარზე ფიქრი. აკი მეგობრები ვიყოთო, რატომ მისცა უფლება, მოფერებოდა? რაში დასჭირდა ეს «ინტიმური ალერსის სეანსი»?

პასუხი მარტივი იყო. მას უნდოდა ასე მომხდარიყო. როცა ვაკომ მისი კაბის ღილების შეხსნა დაიწყო, მაშინვე წარმოიდგინა, რომ მამაკაცი ზუსტად იმას გააკეთებდა, რაც გააკეთა. ის კი არა, მეტსაც ელოდა… ეგონა, ვაკო სიამოვნებით დაეუფლებოდა მას, ბოლომდე მიიყვანდა საქმეს. მას რომ ეს მოესურვებინა, სალი არც კი შეეცდებოდა მის შეჩერებას.

არა, არა, შეყვარებული ნამდვილად არ არის, მაგრამ ის ისეთი მაგარი მამაკაცია, ისეთი სასურველი, რომ ახლოსაც რომ დგას, სალის თავბრუ მაშინაც კი ეხვევა. მისმა შეხებამ და კოცნამ კი მთლად მოადუნა, ერთიანად დაშალა, სულის სიღრმემდე აათრთოლა. ახლაც კი, როცა იცის, რომ ის მეორე ოთახშია, მაინც სურვილისგან იწვის.

_ ხომ არ მიბრაზდები, სალი? დამშვიდდი, თუ ვერა? _ მამაკაცი მოიღუშა, დამნაშავესავით შესცქეროდა გოგონას.

ჰო, ვერ მშვიდდება, მაგრამ ატეხილი ხმაურის გამო კი არა, იმის გამო, მისი სულის სიმები რომ შეარხია ვაკომ. «შენთან მინდა დაწოლა. მინდა, შენ გეკუთვნოდე. მინდა, გეფერებოდე, გკოცნიდე და შენც ამასვე აკეთებდე», _ გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ თქვა.

_ სიზმარს ვხედავდი, რომ ხმაურმა გამაღვიძა. თითქოს ნაბიჯების ხმა მომესმა. შემდეგ კი მინის მსხვევის ხმაც გავიგონე… დანარჩენი შენც იცი…

_ მაპატიე… ვცდილობდი, უხმაუროდ მემოქმედა, მაგრამ ხომ იცი, ღამის სიჩუმეში ჩქამიც კი განსაკუთრებულად ხმამაღლა ისმის.

რატომ ვერ დაიძინა? სალის გამო? მასაც სურდა, ის, რაც მოხდა, გაგრძელებულიყო? ორივე ცალ-ცალკე ოთახში იწვა, მაგრამ მათი სხეულები ჯიუტად მიიწევდნენ ერთმანეთისკენ? როდის-როდის სალის მაინც ჩაეძინა, მან კი ნახევარი ღამე აივანზე გაატარა? სალიზე ფიქრობდა და იმიტომ? იმიტომ, იმიტომ…

კარგია, რომ ჯერ კიდევ არ გათენებულა…

სალომემ იცოდა, უძილობა რასაც ნიშნავდა. ნეტავ სცოდნოდა, ვაკოს რომ არ ეძინებოდა, თავადაც გავიდოდა აივანზე, გვერდით მიუჯდებოდა და საუბარს გაუბამდა. მარტოობაში დრო აუტანლად ნელა გადის, განსაკუთრებით, ღამით.

_ არც ახლა გეძინება? _ ჰკითხა სალიმ, რადგან დარწმუნებული იყო, რომ თავად უკვე ვერაფრით მოახერხებდა დაძინებას.

_ ორივე თვალი მეუბნება, ამაღამ ძილი არ გიწერიაო, _ გაიხუმრა მამაკაცმა, _ თუ შენც ჩემს დღეში ხარ, იქნებ რამე დაგველია?

გოგონამ თავი დაუქნია.

_ მეც მომინდა სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა.

სარწეველა სავარძლებში ჩასხდნენ და «დიალოგი» გამართეს «ცხოვრებისეულ საჭირბოროტო საკითხებზე». სალი საოცრად კარგად გრძნობდა მის გვერდით თავს. ღამე თვალსა და ხელს შუა მიილია. უცქერდნენ, ღამეული შავი ცა როგორ თანდათან გადავიდა ჯერ მელნისფერში, შემდეგ ღია ნაცრისფერში, ბოლოს კი ცისფერი გახდა… ამასობაში მზეც ამოიწვერა. ჰორიზონტი ცისარტყელას ფერებით აჭრელდა. ეს დღეღამის ყველაზე ჯადოსნური დრო იყო, განსაკუთრებული, ყველაზე ღრმა განცდებით დატვირთული. სალის უხაროდა, რომ ამ განცდების გაზიარება ვაკოსთვის შეეძლო. ალბათ ვერასდროს დაივიწყებს ამ ულამაზეს განთიადს. იგი ახალი დღის დასაწყისია… დასაწყისი ახალი, იქნებ სულაც სერიოზული ურთიერთობების… სალიმ იგრძნო, რომ ვაკოც არ დარჩენილა ამ ყველაფრით გულგრილი, რადგან მისი ხელში ხელში აიღო და ნაზად მოუჭირა. სალის მოეჩვენა, რომ მამაკაცს რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა იგი დუმდა. შემდეგ თავი მოაბრუნა და თვალებში შეხედა. სალი გაისუსა, იფიქრა, კოცნა არ ამცდებაო. მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. ბოლოს, როგორც იქნა, ხელი შეუშვა გოგონას, წამოდგა და მშრალად, ამასთან, ყრუდ წარმოთქვა.

_ წავალ, წყალს გადავივლებ.

იმისთვის, რომ ვნება გაიგრილოს? ესე იგი, ისიც მასსავით აღელდა.

_ მეც არ მაწყენდა წყლის გადავლება, _ თქვა სალიმ წართმეული ხმით, _ მაგრამ თაბაშირს ხომ არ დავასველებ…

_ არა უშავს, ახლავე მოვიფიქრებ რამეს. შენ აქ იჯექი!

ვაკო გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ პოლიეთილენის გრძელი პარკით და ელასტიკური მარლით ხელში დაბრუნდა.

_ კარგია, რომ მარინა არასდროს არაფერს ყრის. წამოდი, პირველი შენ იბანავე, _ ჩვეულებრივი, მშვიდი ტონით წარმოთქვა მამაკაცმა.

რაო? ამით რისი თქმა უნდა? ხომ არ აპირებს, აბაზანაში შეყვეს სალის და თვალი მიადევნოს, როგორ მოახერხებს ცალი ხელით დაბანას? მერე კი ჩაცმაში წაეხმარება? ამის გაფიქრებაზე თითქოს დენმა დაუარა სხეულში.

_ მე თვითონ, არ მინდა დახმარება, _ თქვა სალიმ, როცა მამაკაცი დერეფანში გაუძღვა. მოულოდნელად დააფიქსირა, რომ ხმა ჩახრინწოდა.

_ წამითაც არ მეპარება ეჭვი, მაგრამ აჯობებს, ყოველი შემთხვევისთვის, ახლომახლო ვიყო. ხომ არ გეუხერხულება? _ ჩაიცინა ვაკომ, რომელმაც მშვენივრად იცოდა, რა აზრებიც უტრიალებდა გოგონას იმწუთას გონებაში.

_ სულაც არა, _ ჯიუტად გადააქნია სალიმ თავი და საძინებელში მიიმალა, რათა ღამის პერანგი გაეხადა და პირსახოცში გახვეულიყო, თუმცა კი, რის ვაივაგლახით მოახერხა ეს.

იქნებ მართლაც დაიხმაროს ვაკო? ის წესიერი კაცია, არ შეეხება, თუკი იგრძნობს, რომ ქალს არ სიამოვნებს ეს. იმედია, ღირსეულად მოიქცევა. ამ ფიქრებით გოგონამ სააბაზანოს კარი შეაღო. ცოტა არ იყოს, შეცბა… ვაკო უკვე იქ ელოდებოდა.

_ მზად ხარ, «დამცავი» პარკი ჩამოიცვა ხელზე?  _ ისე უშფოთველად ჰკითხა მამაკაცმა, თითქოს ყოველდღე ამ პროცედურით ყოფილიყო დაკავებული.

_ მ…მ… მდააა… ცოტა ნელა, _ ეუბნებოდა ვაკო და თან ფრთხილად ახვევდა მარლას მკლავზე ჩამოცმულ პარკს გარშემო.

«როგორ უნდა ვიბანაო ცალი ხელით?» _ უკმაყოფილოდ გაიფიქრა.

_ «წვრილ-წვრილი» დახმარებები ხელს ხომ არ შეგიშლის? _ მან კვლავ წაიკითხა გოგონას აზრები.

სალიმ ძალიან ნელა დაუქნია თავი.

_ ჩვენ შეგვიძლია ერთად მივიღოთ შხაპი. გპირდები, რომ კარგი ბიჭი ვიქნები, _ ვაკოს წრფელი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე.

მაგრამ მას შეეძლო კი, შეპირებოდა, რომ კარგი გოგონა იქნებოდა?..

8 8 8

_ აუუუუუუუ! სად ხართ? მე დავბრუნდიიი! _ მარინას ომახიანმა ხმამ სალისა და ვაკოს ყურამდე გვიან მიაღწია, რადგან აივანზე ისხდნენ და რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ.

_ აქ ვართ! _ გამოეპასუხა მამაკაცი.

სალიმ ვაკოს გადახედა და გული დაწყდა, რადგან მიხვდა, რომ მათი დღეღამისეული განმარტოება დასასრულს მიუახლოვდა. ვაკომაც უხალისოდ გაიღიმა და მანამდე მოაშორა სალის მხარს მკლავი, სანამ მარინა აივანზე ამოვიდოდა. მაგრამ ამ ხნის ქალის მოტყუება არც ისე ადვილი იყო. მან მსწრაფლ გადაიტანა მზერა ძმისშვილიდან ვაკოზე, მაშინვე შეამჩნია მათი მრავლისმთქმელი გამოხედვა და კმაყოფილმა ჩაიღიმა.

_ მაპატიე, ასეთ დროს რომ მიგატოვე, საყვარელო. კიდევ კარგი, ვაკო რომ შენ გვერდით იყო და ყურადღება მოგაქცია. რას შვრება შენი ხელი?

_ გმადლობ, უკეთ ვარ, თითქმის არ მტკივა.

ვაკო წამოდგა და მარინას მიეგება.

_ დაბრძანდი, მარი. სალის ერთი სული აქვს, გაიგოს, რა გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდა ასეთი, რომ შინ მოსვლა ვერ მოახერხე. მე გავალ, დასალევს მოვიტან. ყავა თუ წვენი?

_ წვენი, _ ერთდროულად უპასუხეს ქალებმა.

_ ამწუთას იმ კატას ჰგავხარ, რომელმაც ლორის მსუყე ნაჭერი დაითრია, _ გამოუცხადა მამიდამ ძმისშვილს, როგორც კი მამაკაცი სამზარეულოში მიიმალა, _ კარგად გამოიძინე? _ ჰკითხა და წარბები ეშმაკური ღიმილით აწკიპა.

_ თუ ის  გაინტერესებს, ვიწექი თუ არა  მასთან, მაშინ პასუხი უარყოფითი იქნება და ვერაფრით გაგახარებ, _ ირონიულად შენიშნა გოგონამ, _ და კიდევ ერთხელ ძალიან გთხოვ, შენს წარმოსახვებს ფრთებს ნუ შეასხამ.

_ და მაინც, რაღაც მოხდა, _ მარინამ გამჭოლი მზერა ესროლა სალის, _ ბრმა უნდა ვიყო, შენი და მისი გარდასახვები ვერ შევამჩნიო. ხომ იცი, ასეთ რამეებს მე ვერავინ გამომაპარებს. თუმცა, დაკითხვას არ ვაპირებ. თქვენი პირადი ცხოვრება მხოლოდ თქვენ გეხებათ, მე არაფერ შუაში ვარ.

_ მაგას ჯობია, მითხრა, სპეციალურად არ მოხვედი წუხელ შინ, არა? ჩამიწყვე მასთან მარტო დარჩენა, ხომ ასეა?

_ რა სისულელეა, სიხარულო. რაში უნდა დამჭირვებოდა ასე მოქცევა? ბავშვი ხომ არ ვარ? _ უდანაშაულო გამომეტყველება აღებეჭდა მარინას სახეზე, თანაც _ ზედმეტად უდანაშაულო, _ ხომ ავუხსენი ვაკოს, რომ მართლა გადუდებელი საქმე გამომიჩნდა? შინ დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, დროის ფუჭი დაკარგვა იქნებოდა მხოლოდ.

_ ასეთი გადაუდებელი რა იყო? _ უნდობლად შეხედა სალიმ, მამიდის ერთი სიტყვაც არ სჯეროდა.

_ ნაკვეთი რომ გავყიდე, ხომ იცი? იმის ფული ჯერ ბოლომდე არ მოუციათ, ამიტომ დილით ადრე უნდა დავდგომოდი თავს ჩემს კლიენტს, რომელიც იქვე, თინიკოს მეზობლად ცხოვრობს, ორი სართულით ზემოთ. დილუთენია რომ არ მივსულიყავი, მერე ვეღარ დავიჭერდი სახლში. ამიტომაც დავრჩი ღამისთევით.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა სიმართლეს, მაგრამ სალიმ მაინც არ დაიჯერა. ყოველ შემთხვევაში ის მაინც, რომ ამის გამო ღამით აუცილებლად სხვის სახლში უნდა დარჩენილიყო.

_ თინიკო როგორ არის? იყავით ექიმთან?

_ ო! ეგ კიდევ სხვა საკითხია. ქალბატონს ჩიყვი აღმოაჩნდა. სწორედ ამიტომ აქვს ნერვოზი აკიდებული.

_ რას ამბობ! საოპერაციოა?

_ ჯერ არა, იქნებ მკურნალობას დაექვემდებაროსო. ვნახოთ, რა იქნება., თუმცა შედეგის დიდი იმედი არ მაქვს, ჩემი აზრით, მაინც ოპერაცია ჯობდა.

სლიმ არაფერი უპასუხა.

_ მიბრაზდები?

_ არა, _ გოგონამ ნელა მოაბრუნა თავი და ორაზროვნად შეხედა.

_ კარგი რა, მე შენ ისეთი საიმედო ადამიანის ხელში დაგტოვე, წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ ჩემზე უკეთ მოგხედავდა. მახსოვს, ერთხელ ფეხი გადამიბრუნდა და ვაკომ რომ გაიგო, გვერდიდან არ მომშორებია. შვილივით ზრუნავდა ჩემზე. ასეთ შემთხვევებში იგი შეუცვლელია, დამიჯერე. არ ვარ მართალი?

სალიმ თავისთვის ჩაიღიმა. «მამიდას აზრზე არ არის, რა დონემდე შეუცვლელია ვაკო, ალბათ ვერც კი წარმოიდგენს. არა მგონია, მისი საიმედო მეგობარი გაჭირვების ჟამს მას დაბანაშიც მიხმარებოდა.» სალიმ თავადაც არ იცოდა, რატომ მისცა ამდენის უფლება მამაკაცს, თუმცა კი ამის გაფიქრებაზე სიამოვნების ჟრუანტელმა დაურბინა სხეულში და კმაყოფილმა გაიზმორა.

გაახსენდა, როგორ ჩამობანა ვაკომ საპნიანი ზურგი და ბოლოს, პატარა ბავშვივით,  როგორ გაამშრალა პირსახოცით… თან წამითაც არ უცდია, ესარგებლა სიტუაციით, თორემ… განა უარს ეტყოდა რამეზე? უარის სათქმელად სწორედ რომ არ იყო სალომე მზად…

_ მართალი ხარ, მამი, შენი ახალგაზრდა ძმაკაცი თუ მეგობარი მართლაც შეუცვლელია, _ დაეთანხმა სალი, თან თავს ძალა დაატანა, მოგონებებიდან თავი დაეღწია, _ არ ვიცი, მის გარეშე რა მეშველებოდა, ალბათ თავს ვერაფერს გავართმევდი.

ამასობაში ვაკოც დაბრუნდა წვენის ჭიქებით ხელში. მის გამოჩენაზე სალის ისევ უცნაურად შეუტოკდა გული. მამაკაცს გამოუცნობი ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე. მან წვენით სავსე ჭიქა წინ დაუდგა გოგონას, თან იდუმალი მზერა ესროლა. მარინა ყურადღებით მისჩერებოდა ორივეს, ტკბებოდა მათი უსიტყვო დიალოგით, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია.

_ რადგან უკვე აქ ხარ, მე აღარ შეგაწყენთ თავს. ისედაც, ახალი დღე დაიწყო, ჩემი წასვლის დროა, უამრავი საქმე მაქვს.

_ დიდი მადლობა, ვაკო, ამ სიკეთეს ხომ იცი, რომ არ დაგივიწყებ, _ მარინამ სალისგან შეუმჩნევლად, თვალი ჩაუკრა.

_ მუდამ თქვენ გვერდით მიგულეთ, _ ხელები გულზე დაიწყო ვაკომ და ორივეს თბილად დაემშვიდობა.

_ მიხარია, ერთმანეთს რომ შეეწყვეთ, _ თქვა მარინამ, როცა მამაკაცი წავიდა, _ თავიდანვე მქონდა ამის იმედი. ცხოვრებაში არ მინახავს ერთმანეთზე ასე ძალიან შეყვარებული წყვილი.

_ ვის გულისხმობ? _ გაოცებულმა სალიმ დიდრონი თვალები მიაპყრო.

_ რა თქმა უნდა, შენ და ვაკოს, სხვას ვის? _ ნიშნის მოგებით უპასუხა ქალმა.

_ შეყვარებულს? თანაც ძალიან შეყვარებულს? _ გაიმეორა ძმისშვილმა, _ ზედმეტი ნათქვამი ხომ არ არის, მამი, შენ მხრიდან? მგონი, ცოტას აჭარბებ.

ქალმა ტუჩები აიბზუა.

_ შეიძლება შენ ვერ ხვდები ამას ან არ გინდა აიღარო. იქნებ საკუთარ თავს არ უტყდები, რომ შეყვარებული ხარ? იცი, სხვისი გადასახედიდან რა ადვილი შესამჩნევია?

_ კარგი რა, ნუ მაცინებ.

_ არ გჯერა? მე რაც გინდა, ის მითხარი, მაგრამ შენს გუში თუ ჩაიხედავ, იქ სხვა რამეს აღმოაჩენ, _ მტკიცედ წარმოთქვა მარინამ, წვენი მოსვა, წამოდგა და ჭიქიანად გაუჩინარდა, რათა ძმისშვილი მარტო დაეტოვებინა თავის ფიქრებთან.

ნუთუ? ნუთუ მართლა შეყვარებულია? ასე ძალიან ეტყობა, ვაკო რომ მოსწონს? მერედა რა, რომ მოსწონს? განა ეს სიყვარულია? იქნებ მხოლოდ პრიმიტიული გატაცებაა და სხვა არაფერი? ქალია, ბოლოს და ბოლოს… ქალი, რომელიც ქმარს გაშორდა… ახალგაზრდა, ლამაზი… უცხო, სიმპათიური მამაკაცის ყურადღებამ თავბრუ დაახვია და ეგ არის… ხანდახან იმაზეც კი ფიქრობს, რომ ვაკო არაჩვეულებრივი საყვარელი იქნება. ჰო, რა მოხდა მერე! აბა, რა თავში იხლის მის ცოლობას? მეორედ გათხოვებას არ აპირებს! შენი ჭირიმე, მოიცა რა!! ერთხელ რომ გათხოვდა, რა ხეირი? არ ჯობია, საყვარელი გაიჩინოს და თავისუფლება შეინარჩუნოს? როცა უნდა და სადაც უნდა, იქ წავა, არავინ უბრძანებს, დღეს სახლიდან არ გახვიდე და სამსახურიდან რომ დავბრუნდები, შინ დამხვდიო. გამირეცხე, დამიუთოე, სადილი მომიზადე… უკვე დაიღალა ასეთი რამეებისგან. მაგრამ თუკი მამიდა სიმართლეს ამბობს? იქნებ მართლა ვერ ხვდება და ყურებამდეა შეყვარებული? არა, რა სისულელეა… მაგრამ მაშინ რატომ არის ასეთი აღგზნებული? ადრე მსგავსი ლტოლვა არასდროს ჰქონია მამაკაცის მიმართ. არც კი დასიზმრებია. ღმერთო, რაებზე ფიქრობს! ნუთუ ვერ ხვდება, რა შორს შეტოპა?! არის კი მზად ამისთვის? ხომ არ ჯობია, ცოტა შორს დაიჭიროს თავი? სანამ ცოლად გაჰყვებოდა, ავთოც არაჩვეულებრივი თაყვანისმცემელი იყო, ანებივრებდა და სიურპრიზებსაც უხვად უმზადებდა, მაგრამ შეუღლების შემდეგ სრულიად შეიცვალა. ის კი არა, მისი ორი დაქალიც ხშირად ჩიოდა მასთან _ რაც გავთხოვდით, საკუთარ ქმრებს ვერ ვცნობთო. ასეთები არიან მამაკაცები… დაქორწინების შემდეგ მბრძანებლობის სურვილი უათმაგდებათ, ცოლის ბატონ-პატრონად დაიგულებენ თავს და მის თავისუფლებას მაქსიმალურად უკვეცავენ ფრთებს. უნდა კი სალის, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ განმეორდეს მის ცხოვრებაში? არა და არა!

მოულოდნელად მარინამ გამოსძახა, ტელეფონთან გიხმობენო. კისრისტეხით გავარდა სასტუმრო ოთახში იმ იმედით, რომ ვაკო ურეკავდა. ეს წუთია, წავიდა და უკვე ვეღარ ითმენს. მგონი, ჩემზე უარეს დღეშია, ფიქრობდა გზადაგზა, მაგრამ…

ყურმილი აიღო თუ არა, მიხვდა, რომ ქმარყოფილი შერჩა ხელთ.

_ გამარჯობა, სალი. მე ვარ…

_ გიცანი…

_ როგორ ხარ?

_ მშვენივრად. რა გინდა, რატომ მირეკავ?

_ მომენატრე. შენ არა?

_ ასეთ შემთხვევაში, თავად დაგირეკავდი.

_ მეგონა, ამ ხნის განმავლობაში წყენა გაგივლიდა და შემირიგდებოდი. ვიცი, ბევრ რამეში ვარ დამნაშავე, მაგრამ ადრე ვერ ვხვდებოდი ამას. ახლა მივხვდი და ძალიან ვნანობ. მომეცი კიდევ ერთი შანსი და ყველაფერს გამოვასწორებ.

_ არ გინდა… ნუ ცდილობ ისეთ რამეს, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია, ეს შენს ძალებს აღემატება.

_ რატომ გგონია?

_ კარგად გიცნობ და იმიტომ.

_ კარგი, გასაგებია… ისე მაინც არ დამეხმარები?

_ რაში?

_ შენმა დედინაცვალმა არ გითხრა?

_ ჰო… მითხრა.

_ მერე?

_ რა მერე? მე რა შუაში ვარ?

_ მომისმინე…

ავთო კარგა ხანს ლაპარაკობდა. სალი ერთხანს უგულისყუროდ უსმენდა, ბოლოს მოკლედ მოუჭრა.

_ ავთო, მაპატიე, ახლა ძალიან ცუდად ვარ, უნდა დავიძინო. მოგვიანებით დამირეკე, კარგი? იქამდე მოვიფიქრებ, როგორ მოვიქცე, _ და მის პასუხს არც დაელოდა, ისე დაკიდა ყურმილი.

ახლა ავთოზე ფიქრის თავი არ ჰქონდა., ძლივს იდგა ფეხზე, თვალები ებლიტებოდა. ნახევრად მძინარემ პლედს დაავლო ხელი, იქვე ტახტზე მიწვა, პლედი გადაიფარა და რამდენიმე წუთის შემდეგ ღრმა ძილს მისცა თავი.

8 8 8

მთელი დღე გათიშულს ეძინა, გვერდი არ შეუცვლია. საღამო ხანს, უკვე შებინდებულზე, თითქოს რაღაცამ შეაკრთოო, შეშინებულმა გაახილა თვალები და…

ტახტზე, მის ფეხებთან, ვაკო ჩამომჯდარიყო…

_ ხომ არ შეგაშინე?

_ მერედა როგორ, ვერც წარმოიდგენ, _ გოგონამ ნამძინარევი თვალები მოიფშვნიტა, _ რომელი საათია?

_ მალე დაღამდება.

_ ღმერთო, რამდენი მიძინია! დიდი ხანია, მოხვედი?

_ ეს წამია…

_ გამოიძინე?

_ არა… შენგან განსხვავებით, ძილი არ გამეკარა, თუმცა კი, ძალიან ვეცადე. მაინც აქეთ გამომიწია გულმა. ვიფიქრე, დავხედავ, რგორ არის-მეთქი. გტკივა?

_ არა… შენ თუ ასე წარამარა ივლი აქ, სამსახურს დაკარგავ. არ მინდა, შენი ცხოვრების ხელის შემშლელი ფაქტორი გავხდე.

_ მერედა, რა ლამაზად ახერხებ ამას, რომ იცოდე. მსოფლიოში ყველაზე მომხიბვლელი «ხელისშემშლელი ფაქტორი» ხარ.

_ განსაკუთრებით მაშინ, როცა საავადმყოფოში ვიმყოფები თაბაშირის გადასახვევად, _ სიცილი წასკდა სალის.

_ საავადმყოფში ყოფნასაც აქვს თავისი დადებითი მომენტები, მაგრამ თავადაც კარგად იცი, მე რაც ვიგულისხმე. ხომ არ ნანობ, რაც წუხელ მოხდა? გული ხომ არ გეთანაღრება რამეზე?

სალიმ უარის ნიშნად თავი გადააქნია და მთელი სახით გაიღიმა, მეტად აღარ შეეძლო თავის შეკავება, სახეზე მისი ნახვით გამოწვეული «ერთი დიდი სიამოვნება» ეწერა.

_ შენ? _ კითხვა შეუბრუნა გოგონამ.

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, აღარ მოვიდოდი, _ ჩუმად უპასუხა მამაკაცმა და მისკენ მიიჩოჩა…

ამჯერად მთელი გზნებით აკოცა, როგორც შეყვარებულ მამაკაცებს ჩვევიათ ისე. სალი თრთოლვამ მოიცვა.

_ ძლივს წესიერად არ გაკოცე? _ ჩაიჩურჩულა ვაკომ და კვლავ მის ტუჩებს წაეტანა.

იგი ფრთხილობდა, რომ სალომეს ნაღრძობი ხელი არ ტკენოდა. მძლავრად მიიხუტა მკერდზე და გოგონამ იგრძნო, როგორ არათანაბრად და ძლიერად უცემდა გული მამაკაცს. არც მისი გული იყო უკეთეს დღეში. ლაპარაკი რომ შეძლებოდა, სასიყვარულო ფრაზების მთელ კორიანტელს დააყენებდა… კოცნა უსაზღვროდ ხანგრძლივი და მათრობელა აღმოჩნდა. ქალი და მამაკაცი თავდავიწებას მისცემოდნენ, თუმცა, მათ სმენას მალევე მისწვდა აივანზე მოარული მარინას ფეხის ხმა.

_ უბრალოდ, ვერ გავძელი ამის გარეშე… _ ჩაიდუდუნა მამაკაცმა, როცა გოგონას ხელი შეუშვა.

_ მეც, _ აღიარა დამორცხვებუმა სალიმ, კოცნამ თითქოს სიცოცხლე დაუბრუნა, რაღა დროს ძილი იყო! _ დიდხანს დარჩები?

_ რამდენ ხანსაც გაგიხარდება.

_ მაგრამ შენ ხომ წუხელ მთელი ღამე არ გიძინია…

_ სულაც არ მეძინება… უფრო მეტიც, შენ გვერდით ერთი-ორი ღამე კიდევ არ დავიძინებ.

_ თვალსაც არ მოხუჭავ? _ ეშმაკურად ახედა გოგონამ.

_ არც ერთი წამით.

_ აი, გმირიიი! _ შესძახა გამხიარულებულმა სალიმ, _ სამაგიეროდ, ხვალ დილით, სამსახურში რომ გახვალ, მთელი დღე იყვინთავებ. ვფიქრობ, აჯობებს, წახვიდე და გამოიძინო.

_ ჯერ მაცალე, ცოტა ხანს გიყურო, გავძღე შენი ცქერით…

გოგონამ სიამოვნებისგან თვალები დახუჭა და ამოიოხრა.

_ უკვე გვიანაა…

_ ჩვენ შეგვიძლია შენს საძინებელში გადავინაცვლოთ… რამდენიმე წუთით მაინც, _ ზედ ყურთან უჩურჩულა მამაკაცმა.

_ მამიდაჩემი გინდა, გააგიჟო? შოკში ჩავარდება!

_ მარინა? გგონია, მისი შოკირება ამ გზით მოხერხდება? _ გაიცინა, _ მე მგონი, პირიქით, აღტაცებულიც კი დარჩება. მას ხომ ასე ძალიან უნდა ჩვენი დაახლოება.

_ ეგ ვიცი.

_ როგორ ფიქრობ, ხვდება, რაც ჩვენ შორის წუხელ მოხდა?

_ ჰო.

_ მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა, არ ღირს მის რეაქციაზე ნერვიულობა.

და მან კვლავ აკოცა. და სალიც კვლავ თრთოლვამ აიტანა. მჭიდროდ მიეკრო მამაკაცის ფართო მკერდს და მკლავები კისერზე მოხვია. მოულოდნელად სასტუმრო ოთახში მარინა შემოვიდა, თუმცა წყვილს არც უცდია, ერთმანეთს მოწყდომოდნენ… აზრი არ ჰქონდა… მაგრამ მარინას ნათქვამმა წამსვე გაანელა ის ეიფორია, რომელშიც ვაკო და სალი მის შემოსვლამდე იმყოფებოდნენ.

_ მოუყევი ვაკოს შენი ქმრის ამბავი?

სალიმ ამოიკვნესა. რა უადგილოდ იცის ამ ქალმა რაღაცების წამოროშვა… რა დროს ეგ იყო? ამწუთას სულაც არ სურდა, ვაკოსთან თავის ყოფილ მეუღლეზე ესაუბრა. მამაკაცი ცოტა ხნით იყო მოსული და უნდოდა, ეს დრო სიამოვნებაში გაეტარებინა, მისი გვერდით ყოფნა გემრიელად შეეგრძნო… და მისი ტუჩების სიტკბოც….

_ მასთან დაბრუნება გადაწყვიტე? _ ჰკითხა ვაკომ და გამოხედვა ყინულივით ცივი გაუხდა.

_ რა თქმა უნდა, არა, _ შეცბა სალი, _ ჩვენ სულ სხვა თემაზე ვისაუბრეთ.

_ ამ დილით დაურეკა, _ გააგრძელა მამიდამ, _ ვიღაც თანამშრომელმა უჩივლა, გამაუპატიურაო და სარჩელი შეუტანა სასამართლოში. ავთოს უნდა, რომ სალომე დაეხმაროს ამ საქმეში.

_ და როგორ უნდა დაეხმაროს?

_ ალბათ მოწმედ დაუდგეს, სხვა რა შეუძლია სალოს? _ მხრები აიჩეჩა მარინამ.

_ უკვე გასაგებად ვუთხარი, თავი დამანებე-მეთქი, _ სწრაფად დაამატა სალიმ, სანამ ვაკო ამ ყველაფრიდან არასასურველ დასკვნებს გამოიტანდა.

მაგრამ შეცდა… მამაკაცი ნელ-ნელა დამშვიდდა.

_ დარწმუნებული ხარ, რომ მეტჯერ აღარ შეგაწუხებს? თუ კიდევ დაგირეკავს, მე…

გოგონამ ტუჩებზე ხელი ააფარა.

_ აღარ დარეკავს. მიხვდა, რომ აზრი არა აქვს ჩემთან ლაპარაკს. ყველაფერი დამთავრდა.

_ და თუ არ გაიგებს ამას, ჩემთან ექნება საქმე, _ დაამატა მარინამ, _ არ დავუშვებ, ვინმემ ჩემს ძმისშვილს გული ატკინოს. ვინც უნდა იყოს იგი.

_ და იმ დროს მეც თუ აქ აღმოვჩნდები, ჩემს აზრსაც გავუზიარებ, დიდი სიამოვნებით, _ მუქარა გაისმა ვაკოს ხმაში, _ თუ გინდა, ჩავალ მოსკოვში და დაველაპარაკები, არ გამიჭირდება… არც დავიზარებ…

სალომეს ესიამოვნა მამაკაცის ასეთი რეაქცია, მაგრამ მისი შემოთავაზებისგან თავი შორს დაიჭირა.

_ სხვისი ჩარევა არ არის საჭირო. მე თვითონ მოვუვლი ჩემს პრობლემას. ასე აჯობებს.

_ დეგენერატი! ამისთანა ქალი გვერდით ჰყავდა და არ შეიფერა. ახლა, როცა გაუჭირდა, მიხვდა, რაც დაკარგა! კარგ დროს კი გაახსენდა. აქამდე სად იყო? თავიდანვე ვხვდებოდი, რა ხილიც ბრძანდებოდა, მაგრამ ვინ მომისმინა? შენი საქმისა შენ იცი, შვილო. ერთი რამ დაიმახსოვრე მხოლოდ: თავი არავის დააჩაგვრინო. შენ ამას არ იმსახურებ, ამისთვის არ გამიზრდიხარ! იმედია, თავს აღარ მოგვაბეზრებს. თუ კიდევ დარეკავს, აღარ ელოლიავო, ერთხელ და სამუდამოდ მოიშორე თავიდან, რომ სამუდამოდ დაგვავიწყოს თავისი სახელი.

ასეც მოხდა. ავთომ ორი დღის შემდეგ კვლავ დარეკა და სალომემ ისეთი დღე აყარა, მას შემდეგ მამაკაცს სურვილი არ გასჩენია, ყოფილ ცოლს შეხმიანებოდა.

ვაკო თითქმის ყოველდღე მოდიოდა მარინას სახლში, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, მაშინვე სალის სანახავად მოეშურებოდა. ხან სად დაეხეტებოდნენ, ხან სად _ ფეხით, მანქანით… რამდენჯერმე ღამითაც დარჩა მათთან, სწორედ იმ ოთახში, რომელიც სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი…

ეს ყველაზე ბედნიერი დღეები იყო სალის ცხოვრებაში.

მალე მარინას მეგობრის ქალიშვილიც ჩამოვიდა. გამხდარი და აწოწილი ნინი მოზარდ ბიჭს უფრო ჰგავდა, ვიდრე გოგონას. წითური, მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა, რაც საერთოდ არ უხდებოდა. ვიწრო სახე, კეხიანი ცხვირი, თხელი ტუჩები _ რომ არა თვალები, ერთ შტერ გოგონად მიიჩნევდა კაცი. თვალები კი მართლაც გამაოგნებლად ლამაზი ჰქონდა _ დიდრონი, ნაცრისფერი, წყლიანი…

_ ვაი, მგონი, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს! _ შესძახა სალიმ, ნინი რომ დაინახა.

_ არ გადამრიო, საიდან? _ მარინა გაოცდა.

_ ხათუნას დეიდაშვილია, ონაშვილის… როგორ ხარ, პატარავ? ხათო რას შვრება, როგორ არის? სკოლის შემდეგ თვალით არ მინახავს.

_ რომელი ხათუნა, სალომე, რატომ ვერ ვიხსენებ? _ ცნობისმოყვარედ შეხედა მამიდამ ძმისშვილს.

_ ჩემი კლასელის, შენ არ იცნობ. ბოლო წელს გადმოვიდა ჩვენთან.

_ მართლა? არ გადამრიო! ნინის დედა და მეც კლასელები ვიყავით.

_ ვიცი, ხომ მითხარი. ნინი, მიცანი?

_ დიახ, როგორ არა. ხათუნა ხშირად გახსენებს. არ დამავიწყდება, ღამეებს რომ ათენებდით ჭორაობაში. ხათო საბერძნეთშია, იქ გათხოვდა და არის, რა, _ გაიცინა ნინიმ.

_ რამხელა გაზრდილხარ, ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ გიცნობდი, _ სალი გოგონას გადაეხვია.

_ აჰა, გასახსენებელიც ბევრი გქონიათ, რაღა გიჭირთ აწი! _ შესძახა მარინამ, _ ახლა თქვენ შეგიძლიათ იჭორაოთ.

სალიმ ირონიულად აწკიპა წარბები. ეს ბავშვი მაშინაც ნერვებს უშლიდა, როცა მის დეიდაშვილთან მეგობრობდა. იმდენად თავხედი და ცნობისმოყვარე იყო, გოგონებს ლაპარაკს არ აცლიდა, მაგრამ რაღას იზამდა, სხვა თუ არაფერი, მამიდის ხათრით მაინც მოუწევდა თავაზიანობის გამოჩენა.

 

 

საღამო ხანი იყო, როცა ვაკომ გამოიარა. ნინი და სალი აივანზე ისხდნენ. სალიმ მამაკაცს სტუმარი გააცნო. ნინიმ შეხედა თუ არა მოსულს, წამსვე აღტაცება გამოეხატა სახეზე და კარგა ხნის განმავლობაში თვალი არ მოუცილებია მისთვის. სალომეს მაინცდამაინც არ გაჰკვირვებია მისი რეაქცია. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ვაკო მართლაც «დაცემა» მამაკაცია და ნებისმიერი ქალის ყურადღების მიქცევა შეუძლია, ახალგაზრდისაც და «ძველგაზრდისაც». საბედნიეროდ, მამაკაცს უცხო გოგონას ხარბი მზერა არც კი შეუმჩნევია.

_ წავიდეთ, გველოდებიან, _ ხმადაბლა გადაულაპარაკა ვაკომ სალის.

_ სად მივდივართ?

_ თევზის რესტორანში. ვიცი, მოგეწონება.

_ ეჭვიც არ მეპარება. თევზი განსაკუთრებულად მიყვარს, _ გაიღიმა გოგონამ და წამწამები მორცხვად დახარა.

_ ეს პატარა სტუმარი დიდხანს რჩება თქვენთან? _ ჰკითხა მამაკაცმა, მანქანაში რომ ჩასხდნენ.

_ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ბინას იქირავებს.

_ თამამი გოგო ჩანს…

_ ნუ იტყვი… მართლაც რა პატარაა ეს სამყარო. მისი ნათესავი ჩემი კლასელი იყო, აქედან გამომდინარე, დიდი ხანია, ვიცნობ. ისეთი ცნობისმოყვარე და ჭორიკანაა, მტრისას! _ გაიცინა სალომემ.

_ დაიკიდე!

_ ეგრეც ვიქცევი.

რესტორანში არც ისე ბევრი ხალხი იყო. ვაკომ კუთხის მაგიდა ამოირჩია და ოფიციანტს შეკვეთაც მისცა. სალიმ შეამჩნია, რომ იგი მთლად მშვიდად ვერ იყო, თითქოს რაღაცაზე ნერვიულობდა. მიზეზი მოგვიანებით გაირკვა. როცა ჭამა-სმას მორჩნენ, ვაკომ თეფში განზე გასწია, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და განსაკუთრებულად იდუმალი მზერით ჩახედა სალის თვალებში. ისიც გაიტრუნა რაღაც უცნაურის მოლოდინში. მამაკაცმა მისი ჯანმრთელი ხელი ჯერ მუჭში ჩაბღუჯა, მერე ტუჩებთან მიიტანა და თითებზე ეამბორა.

_ სალი… _ წარმოთქვა ჩუმი, მაგრამ სულისშემძვრელი ხმით, _ მესმის, რამდენად უფრთხი იმას, რომ კვლავ დაუკავშირო შენი ცხოვრება მამაკაცს, მაგრამ მე უკვე არ შემწევს ლოდინის ძალა. უბრალოდ, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. მართალია, სულ ახლახან გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ასე მგონია, საუკუნეა, გიცნობ და ეს ჩემთვის საკმარისია, თამამი წინადადება შემოგთავაზო… დამდებ პატივს, გახდე ჩემი ცოლი?

მათ შორის სიყვარულზე ჯერ ერთი სიტყვაც არ თქმულა და სწორედ ამიტომაც, სალი გაშტერდა. აქამდე თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თითქოს სწორედ ერთმანეთის შეყვარებისკენ მიისწრაფვოდნენ ორივენი, მაგრამ დაქორწინება? რა სისულელეა, ასე როგორ შეიძლება? ჯერ რა დროს ეგ არის? არა, სალის ამ წინადადების მიღება არ შეუძლია. იგი ასეთი რამისთვის მზად არ არის და თვითონაც არ იცის, იქნება კი ოდესმე მზად? ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით თავს შეიკავებს. ჯერ ნაადრევია გათხოვებაზე ფიქრიც კი.

«არა», _ მიკნავებული ხმით გაეპასუხა თავის გულისთქმას..

«რატომ?» _ გულმა ცივად დაუსვა შეკითხვა..

«ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.»

«მზად არ ხარ? რატომ? რა გაყოვნებს?» _ არ ეშვებოდა შინაგანი ხმა.

«დრო მჭირდება.»

«რისთვის?»

ჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ იგი კარგი ადამიანია.

«რა საცოდავი მიზეზია!» _ აღშფოთდა გული, _ «განა ბუნებაში არსებობს იმაზე მზრუნველი, დელიკატური და კეთილშობილი მამაკაცი, ვიდრე ვაკოა? შენ ხომ უკვე გიყვარს იგი… მაშინ, რა ხდება, რატომ ყოყმანობ?»

_ მე სისულელე წამოვროშე, _ ჩაფიქრებული სალის სმენას მამაკაცის ნაღვლიანი ხმა მისწვდა, _ მაპატიე და დაივიწყე. შენ ჯერ კიდევ არ ხარ მზად, მენდო. მესმის შენი. ვხვდები, რომ ვიჩქარე. არ უნდა გამეკეთებინა ეს. მაგრამ ერთი რამ იცოდე. მე შენ ძალიან მჭირდები, სალი. მინდა, რომ ყოველი ღამე ერთად გავატაროთ, მინდა, მუდმივად ჩემ გვერდით იყო. მინდა… მთლიანად ჩემი იყო… ყველაფერი ერთად მინდა…

_ მაპატიე, _ ჩაილუღლუღა გოგონამ, _ სიმართლე გითხრა, შეძლებსდაგვარად, ვცდილობ, შევამზადო ჩემი თავი ამისთვის, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს მივაღწიე… ჯერ არ ვარ მზად… ძალიან მეშინია… ნეტავ შენც შეგეძლოს ცოტა მოიცადო…

_ რა თქმა უნდა, შემიძლია, რაზეა ლაპარაკი… _ უხერხულად გაიღიმა მამაკაცმა, _ წამო, წავიდეთ.

რესტორნიდან უხმოდ გამოვიდნენ, მაგრამ ვაკოს სალი პირდაპირ შინ არ წაუყვანია. ჯერ გაისეირნეს. მტკვრის სანაპიროს ფეხით დაუყვნენ. საოცრად ლამაზი იყო ღამის თბილისი. წყლის ზედაპირზე მთვარის შუქისგან არეკლილი ოქროსფერი ბილიკი თვალისმომჭრელად ციმციმებდა. გზადაგზა მათ სხვა წყვილებიც ხვდებოდნენ. საიდანღაც მუსიკის ხმა მოისმოდა. იგრძნობოდა, რომ სუნთქავდა ქალაქი, ღამის ხმაურიანი ცხოვრებით ცხოვრობდა. მეტეხის ტაძარს ჩაუარეს. ეს ადგილი თითქოს რომანტიკული სასიყვარულო პაემნებისთვის იყო განკუთვნილი, ისეთ ამაღლებულ განწყობაზე აყენებდა ადამიანს და სალი მიხვდა, რატომაც აირჩია ვაკომ სასეირნოდ სწორედ სანაპირო. იმისთვის, რომ მისთვის ცოლობა ეთხოვა. ორივენი მდუმარედ მიუყვებოდნენ ტროტუარს, ფიქრებში ღრმად ჩაფლულები. ვაკომ სალის თითები თავისაში ჩახლართა და ხელზე ოდნავ მოუჭირა ხელი.

_ პირობას გაძლევ, რომ ზედმეტად დიდხანს არ გალოდინებ, ვაკო, _ დაიჩურჩულა გოგონამ.

_ შენ ხომ იცი, რომ მე არასდროს არაფერს გაწყენინებ.

სალიმ თავი დააქნია.

_ მაპატიე, მაგრამ ვერაფერს ვუხერხებ ჩემს თავს. იმდენად დამაკომპლექსა ჩემმა წარსულმა, ეს შიში ვერა და ვერ მოვიშორე. არადა…

_ მესმის შენი.

_ წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია… მგონი, ასე ამბობენ, არა?

_ ჰო, ასე ამბობენ…

_ იმედია, არაფერი გამიფუჭებია… რას იტყვი?

ვაკო იმდენად სიტყვაძუნწობდა, სალი მოულოდნელად შიშმა აიტანა, სამუდამოდ ხომ არ დავაშინე ჩემთვის საოცნებო ადამიანიო.

მამაკაცმა ღრმად ამოიხვნეშა, მისკენ შებრუნდა, ხელისგულები მხრებზე დაადო და სევდიანად გაუღიმა.

_ შენ კი არა, მე გავაფუჭე ყველაფერი. იმის მაგივრად, რომ მომეთმინა და საჭირო დროს დავლოდებოდი, ავდექი და «ჰოპლა» დავიძახე, მხოლოდ ამის შემდეგ გადავხტი. პირიქით უნდა მოვქცეულიყავი. მაპატიე…

_ რა არის აქ საპატიებელი, არ გრცხვენია? _ ალერსიანად წარმოთქვა გოგონამ და ტუჩები მიუშვირა…

იმანაც აკოცა… აკოცა ისე ვნებიანად, რომ სალის სუნთქვა შეეკრა. ამწუთას თავადაც ვერ ხვდებოდა, რატომ ალოდინებდა ასეთ შეუდარებელ მამაკაცს. არც თავისი თავის ესმოდა. გრძნობდა მხოლოდ იმას, რომ დრო ჯერ კიდევ არ დამდგარიყო. აჩქარება არ უნდოდა. აჩქარებით ერთხელ უკვე წააგო… მეორედ წაგების სურვილი ნამდვილად არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ავთოსა და ვაკოს შედარება არ შეიძლებოდა, აზრიც არ ჰქონდა. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები იყვნენ _ ბუნებითაც და გარეგნობითაც. გარდა ამისა, როცა ახსენდებოდა, რამდენად დამთრგუნველი და დამღლელი პროცედურა იყო განქორწინება, გული უსიამოვნოდ ეწურებოდა. ამის ხელმეორედ განცდა ალბათ საბოლოოდ გააგიჟებდა.

8 8 8

მეორე დღეს ვაკომ არ გამოუარა… არც დაურეკა… ეს პირველი შემთხვევა იყო მას შემდეგ, რაც სალიმ ხელი მოიტეხა. გოგონა შიშმა შეიპყრო. როგორც ჩანს, მამაკაცი მართლა განაწყენდა და ზურგი აქცია, ალბათ გადაწყვიტა, რომ მის გარეშეც იოლად გავიდოდა ცხოვრებაში.

მეორე დილით სალომე და ნინი ლილოში წავიდნენ, ბაზრობაზე. მთელი დღე იარეს, რამდენიმე ხელი ტანსაცმელი შეიძინეს და საღამოს დაღლლ-დაქანცულები დაბრუნდნენ შინ.

_ სახლში ყოფნას არაფერი სჯობს, _ დაღლილი ხმით შესძახა სალიმ, როგორც კი ეზოში ფეხი შედგა.

_ მეც ძალიან დავიღალე. მაგარი მოსაწყენი საქმეა ლილოში შოპინგი… წავალ, წყალს გადავივლებ, _ დაეთანხმა ნინი და ჭრელა-ჭრულა პარკები აივანზე მიყარა.

სალის უფრო და უფრო მოეძალა უგუნებობა. ფიქრებით ვაკოს დასტრიალებდა თავს, აინტერესებდა, რატომ გამოიჩინა მამაკაცმა მის მიმართ ასეთი უყურადღებობა. ნუთუ მართლა განიხიბლა? კი მაგრამ, რას მოელოდა? რომ ეგრევე ჩაუგორდებოდა მკლავებში? ჯერ ხომ წესიერად არც იცნობენ ერთმანეთს. რატომ ჩქარობს ასე? ხომ შეიძლება, მერე და მერე, როცა უფრო დაუახლოვდებიან, რაღაც არ მოეწონოთ ურთიერთობაში? ამაზე რატომ არ ფიქრობს, პატარა ბიჭი ხომ არ არის? თუ, რადგან მარტოხელაა, ერთი სული აქვს, როდის შეირთავს ცოლს და მისთვის სულერთია, ეყვარება თუ არა თავისი მეორე ნახევარი?

გარდერობი გამოაღო და ახალი შენაძენი მიმდევრობით შეალაგა თაროებზე. ვაკო რომ მოვა, აი, ამ კაბას ჩაიცვამს და შავ კაშნეს მოიხვევს ყელზე. წარმოუდგენია, რა რეაქცია ექნება მას, როცა ამ ფორმაში დაინახავს. ნაძლევს დადებს, რომ პირი ღია დარჩება. ნინისაც კი ჩამოუვარდა ყბა, გასახდელიდან რომ გამოვიდა «წელგამოწვართული». მართლა ძალიან მოუხდა… როგორ სექსუალურს აჩენს? მაგრამ გამოჩნდება კი იგი? მოვა რო-ო?

იმედი არ გაუცრუვდა. უკვე კარგა შეღამებული იყო, როცა ვაკო გამოჩნდა. სალომე სიხარულით მეცხრე ცას ეწვია მის დანახვაზე. ბედნიერებისგან თვალები აუციმციმდა. მამაკაცმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, წინა დღეს რომ არ გამოჩნდა.

_ სამუშაოზე შევყოვნდი, ერთიანად ბევრი საქმე მომაწყდა, _ თქვა და ათრთოლებული ქალი გულში ჩაიკრა, თან ცხელი, მონატრებული კოცნით დაასაჩუქრა.

მისმა შეხებამ ყველა ეჭვი გაუფანტა სალომეს. მყისიერად სადღაც გაქრა იმის შიში, რომ ვაკოს იგი აღარ აინტერესებდა.

_ არა უშავს. ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხარ. მე ის უფრო მიკვირს, როგორ ახერხებ დროის გამონახვას, ჩემს სანახავად ყოველდღე მოხვიდე, _ დაამშვიდა შეყვარებული და სასტუმრო ოთახში შეუძღვა, სადაც ნინისთან ერთად ტელევიზორს უყურებდა.

_ მარინა სად გყავთ? _ დიასახლისი მოიკითხა ვაკომ.

_ დაქალებში გაისეირნა, ალბათ სადაცაა, მოვა, _ უპასუხა სალიმ და ტახტზე მის გვერდით მოკალათდა.

ნინის მის დანახვაზე სახე გაუბრწყინდა და რამდენიმე წუთში იმდენი მოახერხა, რომ მსწრაფლ მიიპყრო მამაკაცის ყურადღება.

_ ბევრი გიმოგზაურიათ? _ სალაპარაკო თემის გამონახვა არ გასჭირვებია ნინის.

_ საკმაოდ, _ თავმდაბლად უპასუხა ვაკომ.

_ რომელ ქვეყნებში ყოფილხართ? _ არ მოეშვა გოგონა.

_ როგორ გითხრა… საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ამერიკაში, აფრიკაში, ახალ ზელანდიაში…

_ მართლა? რა მაგარია?! ახალი ზელანდია კარგია?

_ არაჩვეულებრივი. სიტყვით ვერ გადმოვცემ, იმდენად საინტერესო ადგილების მონახულება შეიძლება.

ნინი ჩვეულებრივზე მეტად გამხიარულდა და კითხვები დააყარა მამაკაცს. ისიც დაუზარებლად პასუხობდა. სალომე ჩუმად იჯდა, თავისთვის და გრძნობდა, რომ ის აღფრთოვანება, რომელიც მამაკაცის გამოჩენით დაეუფლა, ნელ-ნელა სადღაც გაქრა. შეეცადა კიდეც, სალაპარაკო თემის შეცვლას, მაგრამ ნინი ჯიუტად უბრუნდებოდა დაწყებულ საუბარს. ვაკოც ხვდებოდა, რომ ყურადღების გარკვეული წილი სალისთვისაც უნდა დაეთმო, ამიტომაც შიგადაშიგ მასაც გადახედავდა და დამამშვიდებლად შეჰღიმებდა ხოლმე, ამასთან, გამომხატველად აზიდავდა წარბებს, თითქოს ეუბნებოდა: «რა ვქნა, მე თავაზიანი ადამიანი ვარ, არ შემიძლია, თანამოსაუბრესთან უხეშობა გამოვიჩინო».

რა თქმა უნდა, სალომესაც მშვენივრად ესმოდა, რომ ნინის სრული იგნორირება არ იქნებოდა ლამაზი საქციელი ვაკოს მხრიდან, მაგრამ ყოველთვის არის განსხვავება საერთო მეგობრულ საუბარსა და იმ საუბარს შორის, როცა ერთი ადამიანი მთლიან ინიციატივას თავის თავზე იღებს. როცა ტურიზმის თემა ამოწურეს, ნინიმ კოკა-კოლას ბოლო ყლუპები ხმაურით მოსვა, თუნუქის ცარიელი ქილა მაგიდაზე მიაგდო და მოულოდნელად სალის მიუბრუნდა.

_ მართლა, რატომ გაშორდი ავთოს?

_ რატომ შორდებიან ადამიანები ერთმანეთს? _ კითხვითვე მიმართა მან თავხედ გოგონას და მხრები აიჩეჩა. ვერ გაიგო, რაღა ახლა მოუნდა მას ამის გაგება, როცა მთელი დღე ერთად იყვნენ? არ შეეძლო ცოტა ადრე ეკითხა ან ცოტა მოგვიანებით? ვაკოს თანდასწრებით რა საჭირო იყო ამაზე საუბრის წამოწყება?

_ უბრალოდ, ვერ გავუგეთ ერთმანეთს. ეგ არის და ეგ.

ნინიმ უსიამოვნოდ ჩაიცინა.

_ ამბობდნენ, რომ შენ მას სიმდიდრის გამო გაჰყევი. ახლა რა, აღარ აქვს ფული? სულ გაუნიავე, რაც ჰქონდა? ამიტომაც უკვე აღარ გჭირდება?

სალიმ იგრძნო, სირცხვილისგან როგორ აეწვა ლოყები, ვაკოს თვალს ვეღარ უსწორებდა.

_ რაც უნდა მომხდარიყო ჩვენ შორის, ვფიქრობ, რომ ეს შენ საერთოდ არ გეხება. ნუ გიყვარს სხვის საქმეებში ცხვირის უაზროდ ჩაყოფა, პატარა გოგო აღარ ხარ უკვე. გირჩევნია, ცოტა ჭკუას მოუხმო! _ გაღიზიანებულმა მიაყარა ნინის, თან ვაკოს დაჟინებულ მზერას გრძნობდა.

საინტერესოა, რა ხდება ამწუთას მის თავში? რას ფიქრობს? ნუთუ ჰგონია, რომ თავქარიან, ქარაფშუტა ქალთან აქვს საქმე, რომელიც სიმდიდრეს დახარბდა და მტაცებელივით მიითვისა მეუღლის მთელი ქონება? მერე კი, როცა ბოლომდე «გამოწოვა» და მშრალზე დატოვა, ეგრევე მიაგდო და გაშორდა? არა, ახლავე უნდა აუხსნას ყველაფერი, ახლავე! მაგრამ არა ამ თავხედის თანდასწრებით, რომელიც მისი ამ მდგომარეობაში ჩაყენებით დიდად ხალისობს. ხალისობს? ეს ის სიტყვა არ არის! ხალისობს კი არა, ტკბება, ნეტარებას განიცდის!

_ პირადად მე, არაფრით არ გავყვებოდი მდიდარ ადამიანს ცოლად, თუკი არ მეყვარებოდა, _ გამოაცხადა ნინიმ, _ ჩემი აზრით, ავთოს ალბათ აღარ შეეძლო იმის ყურება, როგორ ფანტავდი მის ფულებს. როგორც ჩანს, ბოლოს ყელში ამოუვიდა და…

_ და რა? _ თვალები რისხვით აენთო სალის.

_ მოგისროლა!.. «როგორც ჩერქეზმა ისარიიიიიიი», _ ღიღინით დაასრულა გოგონამ და ნიშნის მოგებით გამოხედა გაფითრებულ ქალს.

_ საკმარისია, გეყოფა! _ მკაცრად წარმოთქვა ვაკომ და ფეხზე წამოდგა, _ სალის პირადი ცხოვრება არც შენ გეხება, ნინი, არც მე და არც არავის სხვას.

მისმა უკმეხმა ტონმა ნინის აშკარად წაუხდინა ხასიათი, ხოლო სალომეს გული მადლიერებით აევსო, ვაკოს სახით დამცველი რომ გამოუჩნდა, მაგრამ მამაკაცმა ნათქვამს მყისვე დააყოლა.

_ ჩემი წასვლის დროა, ხვალ ადრე უნდა გავიდე სამსახურში. არ გამაცილო, დარჩი, _ ცივად თქვა და მხოლოდ წამერად ესროლა მზერა.

სანამ სალომე რამეს იტყოდა, მამაკაცი შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.

_ უკაცრავად, მაგრამ ვაკო საქმის კურსში არ იყო? _ გულუბრყვილოდ იკითხა ნინიმ…

8 8 8

მამაკაცს ბოღმა ახრჩობდა. ეგონა, სალი სრულიად განსხვავებული იყო, სხვებს არ ჰგავდა. დარწმუნებული იყო, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო იმ ქალებთან, რომლებთანაც აქამდე ჰქონია ურთიერთობა და რომლებიც გულმოდგინედ ცდილობდნენ მის «გამოწველას». თუმცა, როგორც ჩანს, ის მათზე ეშმაკი აღმოჩნდა და შეძლო, აღმატებით ხარისხში ეთამაშა მიამიტი ქალის როლი… მაგრამ მარინა? მან რატომ დაუმალა სიმართლე? ამიტომაც აძალებდა ასე მოწადინებულად, ჩემს ძმისშვილს დაუახლოვდიო? ნუთუ ყველა ქალი ერთნაირია? როგორი კეთილშობილი ეგონა მარინა, სათნო, უეშმაკო… თურმე, სადა ხარ! ქვეყანა ფარისევლებით ყოფილა სავსე და ვერ უგრძნია!

როცა ნინიმ წამოაყვედრა სალის, სიმდიდრის გამო მისთხოვდი ავთოსო, ვაკომ იფიქრა, ეს ჩვეულებრივი ქალური ყბედობა იყო მეტოქის დასაჩრდილად, როცა ერთი ცდილობს, ჩირქი მოსცხოს მეორეს, რათა მამაკაცს თავის უპირატესობა აგრძნობინოს, მაგრამ… საკმარისი გახდა, სალომესთვის შეეხედა და… მისმა შემცბარმა მზერამ აგრძნობინა, რომ ნინი სიმართლეს ღაღადებდა. ამან, უბრალოდ, გაანადაგურა.

ახლა უკვე ბრაზობდა თავის თავზე. ასე როგორ მოტყუვდა? როგორ ვერ მიხვდა, საით უმიზნებდა მარინა? წარმოგიდგენია? გამოუჩნდა ესეც მამა აბრამის ბატკანი! უმწიკვლო გოგონა, რომელიც ქმარმა გაამწარა განუწყვეტელი ეჭვიანობით! კი, როგორ არა! ისე, როგორ გულუბრყვილოდ აჩვენებდა თავს?! წამითაც არ უგრძნობინებია ვაკოსთვის, მისი სიმდიდრის შესახებ თუ იცოდა რამე. თურმე ყველაფერი სცოდნია… მაგრამ მან რატომ მიიჩნია, რომ არაფერი ეცოდინებოდა? მამიდამისი არ ეტყოდა განა? მას ხომ თავიდანვე ჰქონდა განზრახული, რომ სალი მისთვის მიეთხოვებინა? გამონახეს ახალი «მოსაწველი» სასიძო! ვერ მოგართვეს, ქალბატონებო! მისთვის ყველაფერი დღესავით ნათელია! ვეღარ მოატყუებთ უკვე. კიდევ კარგი, დროზე აეხადა სიმართლეს ფარდა! ამას კი იმ პატარა გოგოს უნა უმადლოდეს, ასე რომ ეკეკლუცებოდა. ჰმ! სალისგან მაგარი მსახიობი დადგებოდა. ცოლობაზეც რომ უარი უთხრა? ცოტა მაცალე, ასე ნაუცბათევად გააწყვეტილებას ვვერ მივიღებო! აფერისტობის უმაღლესი დონე!.. რატომ? რატომ მოიქცა ასე? იმიტომ, რომ რაც შეიძლება, მეტი გაეგო მასზე? საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ მეორედ შეცდომას არ დაუშვებდა? საწყალი ავთო… ალბათ არ აღმოჩნდა საკმარისად მდიდარი, ვერ დააკმაყოფილა ბოლომდე ცოლის მოთხოვნილებები…

ვაკომ მესამე ჭიქა ჰოლანდიური ვისკი ისე გადაჰკრა, თვალიც არ დაუხამხამებია, თითქოს სასმელი წყალგარეული ყოფილიყო.

არადა, თავიდანვე გააფრთხილა მარინა, ჩემი ქონების შესახებ შენს ძმისშვილთან არაფერი წამოგცდესო. მან კი ენას კბილი არ დააჭირა და ყველაფერი წამოაყრანტალა. იქნებ მამიდა-ძმისშვილი იყვნენ ერთმანეთთან შეკრულები და არა ვაკო და მარინა? იქნებ ესეც ერთგვარი სპექტაკლი იყო, ქალების მიერ წინასწარ დადგმული? როგორც ჩანს, ასეა. ფაქტია, ნინიმაც იცოდა მისი შემოსავლების შესახებ და ამიტომაც ხელსაყრელი მომენტი გამოიყენა, რათა ვაკოსთვის თვალი აეხილა. თან როგორი კომენტარები გააკეთა? პირდაპირ მიახალა, რა ცოდვებიც ჰქონდა ამ ლამაზ არსებას!

კარგია, რომ დროზე გაიგო სიმართლე, თორემ უფრო რომ შეეტოპა, გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებდა. არადა, როგორ ტრაბახობდა ხოლმე, «ოქროსმაძიებელი» ქალის გამოცნობა ერთი შეხედვით შემიძლიაო… და მაინც ბრიყვულად წამოეგო ანკესზე. სალის კოხტა სხეულმა და მომაჯადოებელმა თვალებმა თავბრუ დაახვია. რა მარტივად დაიჯერა მისი გულის ამაჩუყებელი ისტორია უიღბლო სიყვარულზე, შეეცოდა კიდეც. გამწარებული მამაკაცი კარგა ხანს აქნევდა თავს აქეთ-იქით. როგორ მოახერხა, ასეთი სიშტერე გამოევლინა? ნამდვილი ბრიყვია!..

არადა, რა ლამაზი დღეები გაატარეს ერთად. როგორ სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა, მისი შეხება, მოფერება… არასდროს დაავიწყდება მარანში გატარებული საღამო, აუზში შეჯიბრების წუთები… ალბათ დიდხანს აღარ მოუნდება მარნისკენ გახედვა! ამწუთას როგორ ეზიზღება იქაურობა!

ვაკომ კიდევ ერთი სირჩა ვისკი გადაჰკრა და სააბაზანოში შევიდა… ყინულივით ცივ წყალს შეუშვირა მხრები და ცხვირ-პირი… სუნთქვა შეეკრა… სწორედ ეს სჭირდებოდა ახლა, სწორედ ეს იყო აუცილებელი… რადაც უნდა დაუჯდეს, გონებიდანაც უნდა განდევნოს ის ქალი და სხეულიდანაც.

მაგრამ არა! ეს შეუძლებელი აღმოჩნდა! გაყინული გამოვიდა სააბაზანოდან, მაგრამ სალი ისევ და ისევ «ქალბატონობდა» მის გულსა და გონებაში. გადაწყვიტა, კიდევ დაელია. ვისკის ბოთლს ხელი დაავლო და საძინებელში განმარტოვდა…

ცოტა ხანში ისე დათვრა, აღარაფერი ახსოვდა…

8 8 8

დილით გვიან გაეღვიძა. ნაბახუსევზე თავიც დამძიმებოდა და გულიც… ტრუსის ამარა გავიდა სამზარეულოში, ყავა მოიდუღა და აივანზე, სავარძელში ჩაესვენა… კვლავ და კვლავ სალიზე ფიქრობდა. როგორი დარწმუნებული იყო მის გულწრფელობაში, ბავშვივით მიამიტი ეგონა… თურმე სულ ტყუილად! ერთხელაც ვერ შეატყო, გამორჩენის მიზნით რომ ცდილობდა მასთან დაახლოებას. ის კი არა, წყნეთში, აგარაკზე რომ აიყვანა, გამოუცხადა, ვერაფრით გამიგია, ეს ხალხი ამხელა სახლებს რა მიზნით იშენებსო… ჰო, ასე იყო! იმ დღეს და იმ სიტყვებს რა დააავიწყებს! როგორ გაუხარდა, როცა სალიმ ეს გამოუცხადა. მერედა, როგორი გულუბრყვილობა იგრძნობოდა მის ნათქვამში?Qრას წარმოიდგენდა, რომ… არც ეს სახლი შეუქია, როგორც ახსოვს. მხოლოდ ის მანსარდი მოეწონა, რომელზეც უთხრა, ნაქირავები მაქვსო. რატომ? იმიტომ, რომ პატარაა და მყუდროო… ჰმ! როგორ გააცურა ამ ვერაგმა ქალმა!

რომ არა ნინი, ვაკო ვერაფერს გაიგებდა სალის მიზანდასახული ზრახვების შესახებ. მხოლოდ დაქორწინების შემდეგ აეხილებოდა თვალები. თანაც, რა გენიალური, ღირსეული სვლა გააკეთა?! ჯერ არ ვარ მზად ხელმეორე ქორწინებისთვისო… ლამის დაიჯერა… ლამის კი არა, დაიჯერა. რა თქმა უნდა, სალის ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ვაკო ძალიან მალე გაუმეორებდა წინადადებას დაქორწინების თაობაზე. იცოდა, რომ დიდხანს არ მოუწევდა ლოდინი. ნინიმ კი ყველა ძალისხმევა წყალში ჩაუყარა.

აუუუუუ! რა საშინელი შეგრძნებაა, როცა თავს მოტყუებულად გრძნობ! არადა, როგორ უყვარდა… მზად იყო, მასთან ერთად მთელი ცხოვრება გაეტარებინა… წარმოდგენილიც კი ჰქონდა, როგორ ირბენდნენ მათი შვილები ამ ეზოში, ამ აივანზე… აი, მაშინ კი ვეღარ იტყოდა სალომე, ამხელა სახლი რაში სჭირდებათ ადამიანებს, როცა ოთახების უმრავლესობა მთელი ცხოვრება გამოკეტილი აქვთო…

_ ჯანდაბას! ამის დედაც! _ ხმამაღლა შეიგინა და ისეთი ძალით დაარტყა მუშტი მაგიდას, რომ ყავით სავსე ფინჯანი შექანდა და ცხელი სითხე მამაკაცს მუხლზე გადაესხა, _ ჯანდაბას! _ კვლავ დაიყვირა, ამჯერად ტკივილისგან და ხტუნვა-ხტუნვით მოშორდა მაგიდას.

სწრაფად ჩაუყვა კიბეს, სარდაფის კარი გააღო და ტკივილისგან სახედაღმეჭილი თავით გადაეშვა აუზში. რამდენჯერმე გაცურა ერთი ბოლოდან მეორემდე, შემდეგ წყლიდან ამოვიდა და შეზლონგზე გადაწვა. არა, არც ფიზიკურმა დატვირთვამ უშველა. უწინდებურად ბრაზობდა და მრისხანებდა. როგორ მოიქცეს? რა ჯობია? ახლავე წავიდეს სალისთან, პირში მიახალოს, რასაც მასზე ფიქრობს და საბოლოოდ გაწყვიტოს ურთიერთობა, თუ დარჩეს და ასე, შეუბრალებლად ამოშალოს თავისი ცხოვრებიდან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე?..

მეორე ვარიანტი შედარებით ბრძნული ეჩვენა, მაგრამ მაინც…

_ ვაკო, სად ხარ? _ მოესმა ნაცნობი ხმა და შუბლშეკრულმა ხელები მომუშტა.

როგორ შემოვიდა ჩაკეტილ ჭიშკარში? იქნებ წუხელ თავად დაავიწყდა მისი დაკეტვა, როცა გონებაარეული დაბრუნდა შინ?

_ სალი?! _ მშრალად წარმოთქვა და დაბნეული, მისდა უნებურად, წელში გაიმართა.

გოგონა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იასამნისფერი, სხეულზე კოხტად მოტმასნილი მოკლე კაბა ეცვა, რაც განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს მისი ფეხების სილამაზეს, ყელზე კი შავი, გრძელი კაშნე შემოეხვია. წამით გაშტერდა! აშკარად იგრძნობოდა, რომ სალის ბიუსტჰალტერი არ ეცვა, ისე გამომწვევად ეტყობოდა კაბის შიგნიდან ძუძუსთავები. რატომ? უნდა, რომ აცდუნოს? თუ ცალი ხელით ვერ შეძლო ლიფის შეკვრა? «ჰო, სიმართლეს ბოლო ვარიანტი უფრო შეესაბამება», _ უხასიათოდ გაიფიქრა და თავს ძალა დაატანა, რომ მისთვის მკერდზე არ შეეხედა. სალომე მოუახლოვდა და ჯიქურ დაუდგა წინ. მის თვალებში უსაზღვრო ტკივილი და სევდა აღბეჭდილიყო. თუმცა ეს არაფერს ცვლიდა. მას ბრწყინვალედ შეეძლო გულგატეხილი ქალის როლი ეთამაშა, მშვენივრად გამოსდიოდა ეს… და თუ არ თამაშობდა, არც ამით იცვლებოდა არაფერი. თორმეტი საათის წინ ისეთი «საკბილო» დაკარგა, რა დააყენებდა კარგ ხასიათზე?

_ უნდა ვილაპარაკოთ, _ აღელვებულმა წარმოთქვა სალიმ, თან ცდილობდა, თვალებში არ ჩაეხედა მამაკაცისთვის, თითქოს გაურბოდა მის მზერას.

_ მართლა? _ ექიდნურად დაეკითხა ვაკო, _ ვფიქრობ, წუხელ საკმარისი ინფორმაცია მომაწოდეს იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავი, რა ტყუილად დამიკარგავს დრო.

ოჰ, ეს დაწყევლილი ჰორმონები! აზრებიც, გულიც და სხეულიც კონტროლს კარგავდნენ ამ ქალის სიახლოვეს! ჯანდაბას! რაღა ახლა მოუნდა მოსვლა? არ შეეძლო, ცოტა შეეცადა, სანამ ვაკო თავს მოიწესრიგებდა? ნაბახუსევზე თავი ჯერ კიდევ უსკდებოდა, არც წვერი ჰქონდა გაპარსული, არც კბილები გამოუხეხავს, არც… ერთი სიტყვით, საშინელი სანახავი იყო. ჩაცმულიც კი არ იყო წესიერად! ახლა ყველაზე ნაკლებად უნდოდა სალისთან ურთიერთობის გარკვევა.

_ ყველაფერი უნდა აგიხსნა, _ გოგონა ნერვულად შლიდა და ხრიდა თითებს, ხან ერთ ფეხს დაეყრდნობოდა, ხან მეორეს და პარალელურად ქვედა ტუჩს სიმწრით იკვნეტდა.

მამაკაცმა მის მუდარით სავსე მზერას ვეღარ გაუძლო.

_ წავალ, ყავას მოვადუღებ, _ ჩაიბურტყუნა და გატრიალდა, გეზი სამზარეულოსკენ აიღო.

სალის იქ ყოფნა ვაკოსთვის ამწუთას საშინლად აუტანელი იყო, მაგრამ რა ექნა? ხომ არ გააგდებდა სახლიდან, როცა ხედავდა, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ქალი? გაზქურაზე ჩაიდანი ხელახლა შემოდგა და სააბაზანოში გავარდა კბილების გასახეხად. შემდეგ საძინებელში გავიდა და სასწრაფოდ ამოიცვა შავი შორტი და უსახელო მაისური.

როცა აივანზე დაბრუნდა, სალი სავარძელში მოკალათებული დახვდა.

_ არ მეგონა, შენს განკარგულებაში, მარნისა და აუზის გარდა, მთელი სახლიც თუ იყო, _ შეცბუნებული მიუბრუნდა იგი მამაკაცს.

_ ნუთუ? _ ცივად შეხედა ვაკომ.

_ ჰო, საიდან უნდა მცოდნოდა? _ მისი ტონი არ ესიამოვნა გოგონას.

_ მე კი მგონია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იცი ჩემზე.

_ ეგ კი, მაგრამ… უფრო სწორად, მეგონა, რომ ვიცოდი… მთლად დამაბნიე… რას გულისხმობ, იქნებ ამიხსნა?

აი, ისევ ის უმაღლესი კლასის თამაში! აშკარად შეცდა ეს ქალი პროფესიის შერჩევაში!

 

ვაკომ წარბები შეჭმუხნა და უნდობლად მიაჩერდა სალომეს.

_ მოდი, ჯერ შენი და შენი ქმრის ურთიერთობაში გავერკვეთ, _ უსიამოვნო ტონით წარმოთქვა მამაკაცმა.

სალი შეიშმუშნა. აშკარა იყო, მოსალოდნელი საუბარი კარგს არაფერს უქადდა.

_ შენი კლასელის ნათესავმა გარკვევით გამოაცხადა, რომ ანგარებით გათხოვდი. ეს მართალია?

გოგონამ ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. წამით შეყოყმანდა, არ იცოდა, რამდენად შეიძლებოდა, ვაკოსთან გულახდილი ყოფილიყო.

_ დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ამბობენ. მეც ასე გავიგო? _ ლამის წაისისინა მამაკაცმა და მზერით გაბურღა.

_ ჰო, მართალია, _ როგორც იქნა, აღიარა სალიმ, _ მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე ადვილი გასაგებია, როგორც შენ გეჩვენება.

_ თუკი მართლა იმიტომ გათხოვდი, რომ მდიდარი კაცის ცოლი გამხდარიყავი და არა სიყვარულის გამო, რაღა უნდა მომეჩვენოს? _ ნესტოები დაებერა გაღიზიანებულ ვაკოს, _ როგორ გამიცრუე იმედი, რომ იცოდე. ვერც კი წარმოვიდგენდი, ერთი ეშმაკი, ფულზე გაგიჟებული დედაკაცი თუ იქნებოდი. რა იდიოტი ვყოფილვარ.

მისი ყოველი სიტყვა ნემსივით ერჭობოდა სალომეს გულში.

_ იცი რა? შენ ბევრი რამ არ გესმის, ვაკო, _ დაიწყო თავის მართლება, _ მე საშინელ სიღარიბეში გავიზარდე. ვხედავდი, როგორ წვალობდნენ ჩემი მშობლები, რომ საჭმელი არ მოგვკლებოდა. სკოლაში სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლით დავდიოდი. გამოსაშვებ საღამოზე დედაჩემის ახალგაზრდობისდროინდელი კაბა მეცვა, რომელიც მკერავმა ჩემს ტანზე გადააკეთა. სწორედ მაშინ დავიფიცე, რომ ამ მდგომარეობას პირველივე შესაძლებლობისთანავე დავაღწევდი თავს.

_ და იმის მაგივრად, რომ სიყვარულით შეგექმნა ოჯახი, გადაწყვიტე, თავი დაგეზღვია, არა? ამიტომაც ფულიანი სამიზნე შეარჩიე? _ ექიდნურად ჩაიცინა ვაკომ, _ განა არ იცი, რომ სიყვარული და ანგარება ერთ ქვაბში არასდროს მოიხარშებიან? სერიოზულად ფიქრობდი, რომ დროთა განმავლობაში ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზრდებოდა? ასე გეგონა?

როგორ უნდოდა მას, გოგონას ერთი «ჰო» ეთქვა, რომ რაღაცით მაინც გაემართლებინა თავისი საქციელი, უნდოდა ეფიქრა, რომ თავად შეცდა და რომ სალი უზნეო ქალი სულაც არ იყო, მაგრამ მისმა პასუხმა უკანასკნელი იმედიც ჩაუკლა.

_ მას მოვწონდი, გატაცებული იყო ჩემით… მეც მეგონა, რომ მიყვარდა. ვფიქრობდი, რომ ის, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, საკმარისი იყო ნორმალური ოჯახის შესაქმნელად. მეგონა, შევძლებდი მის ატანას…

ვაკომ გოგონას ხმაში თითქოს გამოწვევა დაიჭირა.

_ ანუ, გამოდის, შენ მხოლოდ ისარგებლე იმით, მას რომ მოეწონე, _ კბილებშუა გამოცრა მამაკაცმა, _ როცა საკუთარი თავი დაარწმუნე, ავთო მიყვარსო, შენ თვალწინ ალბათ დოლარის კუპიურები აფრიალდნენ, არა? კიდევ კარგი, დროზე ამეხილა თვალები. საკმარისია… მეყოფა ფულზე მონადირე თოჯინების მოთვინიერება. ეგ რომ მდომებოდა, აქამდე ცხრა ცოლს გამოვიცვლიდი.

სალიმ კოპები შეიკრა.

_ ამით რისი თქმა გინდა?

_ რა იყო, ვერ ხვდები, რა ვიგულისხმე, თუ არ გინდა მიხვდე? არც ისეთი მიამიტი ხარ, როგორც თავს იკატუნებ, _ მწარედ ჩაიღიმა ვაკომ, როგორც ჩანს, ამ პატარა ხარბს არ მოსწყინდა კომედიის თამაშიო, _ იმ შენს ნინის რომ არ წამოცდენოდა ეგ ამბავი, კარგ ჩიტსაც დავიჭერდი. მასთან ვალში ვარ, ვაღიარებ.

ვაკო წამოდგა და კვლავ მაგიდას დაეჯახა. სალის რომ არ დაეჭირა, ყავის ფინჯანი ამჯერად დამსხვრევას ვერ გადაურჩებოდა. მამაკაცი გოგონას მიუახლოვდა, ხელები მხრებზე შემოაწყო, თითებით ძლიერად მოუჭირა ლავიწის ძვლებზე და მუქარით დაიჩურჩულა.

_ თუკი იმის იმედი გაქვს, რომ მაინც დამარწმუნებ, თითქოს არ იცოდი ჩემი შემოსავლების შესახებ, წინასწარ გირჩევ, ხმა არ ამოიღო… იმიტომ, რომ შენს გულწრფელობაში უკვე ძალიან მეპარება ეჭვი. არ მაინტერესებს, რას იტყვი, ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია.

სალი ადგილზე გაქვავდა, როგორ არ სურდა იმის მოსმენა, რასააც მამაკაცი ეუბნებოდა. რატომ თავიდანვე არ უთხრა მამიდამისმა, რას საქმიანობდა მისი ახალგაზრდა მეგობარი? ან თავად ვაკომ რატომ დაუმალა? სალიმ რა იცოდა, მდიდარი თუ იყო? ახლაც კი არ იცის, რას წარმოადგენს მისი სიმდიდრე, რისი პატრონია, რა ბიზნესი აქვს ან რა საშუალებით შეიძინა ასეთი სახლები. რატომ უნდა დაემალა ან ერთს, ან მეორეს მისთვის ეს ამბავი?

_ როგორც ჩანს, საწინააღმდეგო არაფერი გაქვს. თურმე შენ ყველაფერი იცოდი და განგებ მომაჩვენე თავი, თითქოს სათნოების განსახიერება იყავი, _ ირონიულად შენიშნა მამაკაცმა.

მისი ხმა მკვახედ და შეურიგებლად ჟღერდა, მისი თითები კი… ო, როგორ უჭერდა სალის ეს ძლიერი თითები, როგორ სტკენდა ძვლებს… პარალიზებულივით იდგა.

ბოლოს, როგორც იქნა, გაბედა და შეირხა.

_ შენ მართლა ასე გგონია? _ ძლივს გასაგონად იკითხა და ჯიქურ შეხედა მამაკაცს.

არა, მას ასეთი ვაკო არ ახსოვს, ასეთი შეცვლილი და გაბოროტებული ჯერ არ უნახავს, ასეთი უხეში და ქედმაღალი და… სულაც არ მოეწონა იგი.

_ მგონია, აბა რა? შენ თავიდანვე საქმის კურსში იყავი.

_ არა, მე… არასდროს…

_ რა არასდროს? რა არასდროს, ერთი მითხარი! არ გეგონა, შენს თამაშს თუ გავშიფრავდი? _ დამცინავად გადააქნია თავი, _ ამ «გაუგებრობაში» ერთი რამ მიკვირს მხოლოდ… რატომ უარყავი ჩემი წინადადება, როცა ცოლობა გთხოვე? თუ ესეც ერთგვარი ტრიუკი იყო, რომ უკეთ დაგერწმუნებინე შენს ავკარგიანობაში? ჭკვიანური საქციელია, ვერაფერს ვიტყვი. სამაგიეროდ, შემდეგ ჯერზე უყოყმანოდ დამთანხმდებოდი ამაზე.

სალიმ გაოცებული მზერა მიაპყრო ამ მისთვის სრულიად ახალ, უცხო ადამიანს.

_ და თავში აზრადაც არ მოგდის, რომ შეიძლება ცდებოდე? _ ძალიან, ძალიან მშვიდი ტონით შეეკითხა.

მამაკაცმა ლამის თმის ძირებამდე აზიდა წარბები, თითქოს გაუგონარი რამ მოისმინაო.

_ ყველაფერი შენს წინააღმდეგ მეტყველებს, ძვირფასო. მგელი მგლობას არ მოიშლისო, ხომ გაგიგია? თუ ერთხელ წაუცდება ადამიანს ხელი ცუდზე, მერე ჩვევაში გადასდის. გათხოვებაც ასე არ არის? ერთხელ ჭირს, თორემ მერე გზა გაკვალულია. სიმართლე გითხრა, გულწრფელად მეცოდება ავთო. როგორც ჩანს, ნინი მართალი იყო. როცა შენი ქმარი მიხვდა, რომ «დააბოლე», დროზე დაუსვა წერიტილი შენთან ურთიერთობას. ასე არ არის?

_ წადი შენი! _ ვეღარ მოითმინა სალიმ და ხელი უხეშად ჰკრა, _ სხვა დროს, როცა კიდევ ერთხელ ჩავარდები პანიკაში, რომ ვიღაც შენს ფულებზე ნადირობს, ჯერ კარგად გაარკვიე, ვისთან გაქვს საქმე, დასკვნები კი მერე გამოიტანე. სირცხვილია, უსაფუძვლოდ წაუყენო ბრალდება ადამიანს, მით უმეტეს _ ასეთი უხეში და დამამცირებელი ფორმით, _ სალიმ თავი ამაყად ასწია, ზიზღნარევი მზერა ესროლა ვაკოს, დემონსტრაციულად გატრიალდა და ჭიშკრისკენ გაემართა.

ქუჩაში გამოსულმა ჰაერი ხარბად შეისუნთქა და ირგვლივ მიმოიხედა. ერთიანად უკანკალებდა სხეული. მიხვდა, ასეთ ყოფაში ვეღარ მიაღწევდა სახლამდე, გზის გაგრძელებას ფეხით ვეღარ შეძლებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ტაქსი გაეჩერებინა.

ღმერთო, ეს რა დღეში ჩაიგდო თავი? რატომ, რისი გულისთვის? საიდან უნდა სცოდნოდა, ვაკო მდიდარი იყო, თუ ღარიბი? მისთვის არავის არაფერი უთქვამს, მინიშნებითაც კი არაფერი წამოსცდენია არავის. მისთვის გასაგები იყო, რასაც იფიქრებდა მამაკაცი, როცა ნინიმ ვერაგულად წამოიწყო საუბარი მის ქორწინება-განქორწინებაზე და არც გაემტყუნებოდა… და მაინც, რატომ თავად არაფერი უთხრა თავიდანვე? რაში დასჭირდა ამის დამალვა?

მოულოდნელად რაღაც აზრმა გაუელვა თავში, მსწრაფლ მიტრიალდა და ეზოში შებრუნდა.

_ რომ მეუბნები, მეთამაშებოდიო… შენ… შენ… იქნებ საკუთარ თავსაც შეხედო? თუკი მე რაღაც დაგიმალე, შენც იგივე არ გააკეთე? _ სიმწრისგან ენა დაება გოგონას.

_ მე ამის სერიოზული საფუძველი მქონდა, _ მკვახედ უპასუხა მამაკაცმა, _ მას შემდეგ, რაც ფული ვიშოვე, ქალებისთვის ცოცხალი სამიზნე გავხდი, შენნაირი ქალებისთვის.

_ გამოდის, რომ მოკრძალებული ხელოსნის ამპლუა მხოლოდ კარგად შენიღბული მსახიობური თამაში იყო? ეჭვი არ მეპარება, რომ მამიდაჩემი თავიდანვე გააფრთხილე, ჩემთვის შენს ქონებაზე არაფერი ეთქვა.

_ რა მნიშვნელობა აქვს, მარინას რა ვუთხარი? უკვე ყველაფერი გარკვეულია. ახლა ვიცი, როგორი ადამიანიც ხარ.

_ შენ ის იცი, როგორი ვიყავი, _ აღშფოთდა სალი, _ და არა ის, ახლა როგორი ვარ. მე შეცდომა დავუშვი და ვაღიარე კიდეც ეს. უფრო მეტიც, დავისაჯე კიდეც ამისთვის. და თუკი სიმართლე მართლა გაინტერესებს, მხედველობაში მიიღე _ რომ მცოდნოდა, მდიდარი იყავი, არც კი გამოვიხედავდი შენკენ, შეყვარებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, იმდენად მეზიზღება მდიდარი მამაკაცები. აი, აქ მაქვს ამოსული, _ საჩვენებელი თითი ყელთან მიიტანა, _ თვითკმაყოფილი გაბღენძილი ფანატიკოსები! ამწუთას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში! და თუ ფიქრობ, რომ ბედნიერი ხარ ჩემი გზიდან ჩამოცილებით, მინდა იცოდე, რომ მეც იგივეს განვიცდი, _ აცახცახებულმა სათქმელი დაამთავრა თუ არა, გატრიალდა და გასასვლელისკენ დაიძრა.

გაოგნებულმა ვაკომ თვალი მიადევნა მიმავალს, მერე გასძახა.

_ სალომე!

გოგონა არ შეჩერებულა.

_ სალომე!

_ მშვიდობით, ვაკო, _ უკანმოუხედავად ესროლა გოგონამ და ჭიშკარს მიაუხლოვდა.

სახელურს ხელი ჩამოჰკრა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. კვლავ დაეჯაჯგურა, თუმცა ამაოდ. გასაგები იყო, რაც მოხდა. ვაჟბატონს, როგორც მილიონერს, თუ მულტიმილიონერს, ცხოვრება დისტანციურ მართვაზე ჰქონდა «გადაწყობილი». ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მამაკაცმა ცხვირწინ ჩაუკეტა ჭიშკარი, რათა იგი ეზოდან ვერ გასულიყო. აჰა, ახლა მისი ტყვეც კი გახდა. საინტერესოა, რას უპირებს? განა რამე დარჩათ ერთმანეთისთვის სათქმელი? გოგონამ ერთი ღრმად ამოიოხრა და რკინის ალაყაფს ზურგით მიეყრდნო.

უყურებდა, როგორ აუჩქარებლად უახლოვდებოდა ვაკო, როგორც ავაზა… მოქნილი და მსუბუქი ნაბიჯებით… და ისეთივე საშიში…

როცა იგი მოუახლოვდა, გული ლამის ამოუხტა ბუდიდან. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა… მამაკაცის _ ცივი და დაუნდობელი მზერით, ქალის _ შეშინებული და დაუცველი გამოხედვით. სალის ერთიანად დაეჭიმა სხეული. მიუხედავად იმისა, რომ მრისხანებას ვერ იოკებდა, გრძნობდა, როგორ თრთოდა მისი მკერდი მამაკაცის სიახლოვით. უყვარდა თუ სძულდა? ამწუთას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ვაკო ძალიან ახლოს მივიდა მასთან, ხელები მომუშტა და კბილებში გამოცრა.

_ სანამ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამოგშლი, მინდა სამახსოვროდ დავიტოვო, როგორია, როცა ვერაგ, ანგარებიან ძუკნას კოცნი, _ ამ სიტყვებით მის ტუჩებს წაეტანა.

სალიმ თვალები ზიზღით დახუჭა და შინაგანად დაიძაბა. გადაყლაპოს მისი ნათქვამი, თუ ინსტინქტს დაემორჩილოს?..

არა, ამ სიტყვების იგნორირება შეუძლებელია. ინსტინქტმა გაიმარჯვა. გოგონამ უთაბაშირო ხელი ჰაერში აღმართა და სანამ ვაკო გონს მოეგებოდა, მთელი ძალით გაულაწუნა სილა.

დაზაფრული მამაკაცი უკან გადაქანდა. თვალებში დაბნეულობა დაეტყო. სალი კმაყოფილი მისჩერებოდა, თავდაპირველად როგორ გაუთეთრდა მამაკაცს გასილაქებული ლოყა, მერე კი გაუწითლდა. სინანული არ უგრძნია. მან დაიმსახურა ეს. გაზულუქებული ხეპრე!

_ რაც დათესე, ის მოიმკე, _ რაც შეიძლებოდა, მშვიდად წარმოთქვა, _ ახლა კი, კეთილი ინებე, ჭიშკარი გამიღე და გამიშვი.

_ ჯერ მივიღებ იმას, რაც მინდა, _ ჯიბრში ჩაუდგა მამაკაცმა.

_ წადი შენი! _ ზიზღით ესროლა სალიმ.

გოგონამ ვერ მოასწრო, მისთვის ხელი შეეშალა, განძრევაც კი ვერ მოასწრო, რომ მამაკაცმა წელზე მძლავრად მოხვია მკლავი, თავისკენ მოიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.

ერთადერთი რამ იყო ამ კოცნის მიზანი _ მისი დამორჩილება, დამცირება, განადგურება…

თუმცა, ამ შეხებით გოგონა საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, როგორ სიგიჟემდე უყვარდა ეს საშინელი კაცი, ადამიანი, რომელმაც ასე შეურაცხყო… უყვარდა, მიუხედავად ყველაფრისა. ნუთუ ეს შესაძლებელი იყო? როგორც ჩანს, ყოფილა… მაგრამ სალი არ მოდუნებულა, არც კვნესა აღმოხდომია. სიამაყე ბევრად ძლიერი აღმოჩნდა სიყვარულზე. მან ხომ იცოდა, რომ ეს კოცნა არ იყო სიყვარულით ან, თუნდაც, ვნების მოძალებით გამოწვეული. ვაკოს სურდა, დარწმუნებულიყო, რომ სალი მის «პროვოკაციულ» ნაბიჯს აჰყვებოდა, კოცნაზე კოცნით უპასუხებდა და ამით მის ხელახლა ცდუნებას შეეცდებოდა, რათა საბოლოოდ პატიებისთვის მიეღწია. აი, სწორედ მაშინ ჰკრავდა იგი სიძულვილით ხელს და კიდევ ერთხელ დაამცირებდა.

ამას ვერ ეღირსება! არც ისეთი სულელია სალი, ჩანაფიქრს ვერ მიუხვდეს! მით უარესი ვაკოსთვის, თუკი ასე იფიქრა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სულაც არ ყოფილა ისეთი ადამიანი, როგორიც სალომეს ეგონა. ჰოდა, ძალიანაც კარგია, რომ დროზე მოიშორა თავიდან.

კარგა ხნის ჭიდილის შემდეგ მამაკაცის მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და ოდნავ განზე გადგა. ლურჯი თვალები სიბრაზისგან უცნაურად უელავდა, მუხლები კი ისე უკანკალებდა, გულში ღმერთს შესთხოვდა, ოღონდ აქ, ეზოში, მის ფეხებთან არ წაქცეულიყო, რათა საბოლოოდ არ შელახულიყო მისი ღირსება.

_ ეს გეყოფა? _ ჩაიცინა ვაკომ.

_ მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება! ყელამდე ვარ შენი პატივისცემით, _ სუნთქვაგახშირებულმა მწარედ ამოთქვა, _ გააღე კარი და ახლავე გამიშვი აქედან!

ვაკოს სიძულვილით ანთებოდა თვალები, კისრის ძარღვები ძლიერად დაჭიმვოდა.

_ გაეთრიე აქედან! _ ხმადაბლა უბრძანა გოგონას.

ჭიშკარი ნელა და უხმაუროდ გაიღო… შემდეგ კი ასევე ნელა და უხმაუროდ დაიხურა სალის ზურგს უკან…

8 8 8

_ ყოველთვის მე რატომ უნდა დამემართოს ყველაფერი საშინელებაააა! _ გულამოსკვნით ტიროდა სალომე და მამიდას ეხუტებოდა.

მარინა დაზაფრული იდგა. იმდენად შეძრა ძმისშვილის მონათხრობმა, გული დაეთუთქა.

_ დაწყნარდი, შემოგევლე, დაწყნარდი. როგორც ჩანს, რაღაც გაუგებრობა მოხდა. მე დაველაპარაკები ვაკოს, ნუ გეშინია, _ თავზე მზრუნველად უსვამდა ხელს გოგონას და მის დამშვიდებას ცდილობდა თავადაც ცრემლმორეული.

_ ძალიან გთხოვ, მამი, არ გინდა, გემუდარები, _ სალომემ თავი ასწია, _ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია. ისედაც, არაფერი სერიოზული ჩვენს ურთიერთობაში არ ყოფილა.

_ იმიტომ, რომ შენ არ მოინდომე, შვილო, _ მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა მამიდამ და ლოყაზე მოუსვა ხელი, რათა ღაწვზე ჩამოგორებული ცრემლები მოეწმინდა, _ თორემ, რომ მოგენდომებინა, ახლა ცოტა უფრო შორს იქნებოდა თქვენი ურთიერთობა წასული და ასე არ გართულდებოდა. მორჩი ტირილს, ამით საქმეს ვერ უშველი, მოვიფიქროთ რამე.

_ ნინი სად ბრძანდება? _ სალის ახლაღა გაახსენდა გულღრძო სტუმარი.

_ ბინა შეიგულა სადღაც და მის სანახავად წავიდა… ერთი ეს მითხარი, საიდან მოიიტანა ნინიმ, რომ შენ სიმდიდრის გულისთვის გაჰყევი ავთოს ცოლად? ეს ხომ სიცრუეა?

სალიმ მხრები აიწურა.

_ სამწუხაროდ, არ არის სიცრუე, მამიდა. სკოლაში სულ დამცინოდნენ კლასელები, რადგან ჯიუტად ვამტკიცებდი, მდიდარ კაცს მივთხოვდები-მეთქი. იმთავითვე აკვიატებული მქონდა ეს იდეა. არ იცი, როგორ მექცეოდნენ, როცა ერთი და იგივე ტანსაცმლით დავდიოდი ყოველდღე. ამის მეტი გოგოებს სალაპარაკო არაფერი ჰქონდათ. ყოველივე ამის გამო არ მინდოდა, ჩემს შვილებსაც იგივე გზა გამოევლოთ, რაც მე. ჰოდა, აი, მივაღწიე ჩემსას და შედეგიც სახეზეა. იმაზე მეტად ვისჯები, ვიდრე დავიმსახურე.

_ მაგრამ მერე ხომ მიხვდი, რომ ცდებოდი? ხომ დარწმუნდი, რომ ბედნიერება სიმდიდრეში სულაც არ არის? განა არ მოუყევი ვაკოს, რაც გადაგხდა შენს ქმართან?

_ რაღაც-რაღაცები მოვუყევი, მაგრამ არა ყველაფერი, _ ამოისლუკუნა გოგონამ, _ მაგრამ ის არ მითქვამს, რატომ გავყევი ცოლად. მაშინ სხვანაირად ვფიქრობდი, მერე და მერე ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის _ ჩემი აზროვნებაც. რა უნდა მეთქვა? მის ფულებს დავხარბდი-თქო? გამიგებდა კი? არ გამიგებდა. ცუდია, რომ მაშინვე არ მითხარი მისი სიმდიდრის შესახებ. რომ მცოდნოდა, ახლოს არ გავიკარებდი, ზედაც არ შევხედავდი.

_ მაპატიე, საყვარელო, _ დამნაშავესავით გაიღიმა მარინამ, _ არ შემეძლო ამის თქმა, რადგან თავად მთხოვა, ამაზე კრინტი არ დამეძრა. ვერ გავცემდი. უნდა გამიგო… მას თავისი სიმდიდრის გამო ბევრჯერ შექმნია ქალებთან ურთიერთობაში პრობლემები.

_ კი მაგრამ, შენ მაინც ხომ მიცნობდი, რა აზრი ჰქონდა ჩემთან ამის დამალვას? ხომ იცოდი, რომ მდიდარ კაცს ყელზე არ ჩამოვეკიდებოდი?

_ ვიცი, სიხარულო, ვიცი და დამნაშავე ვარ. სიმართლე გითხრა, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამისთვის. ვიფიქრე, როცა გაიგებს, მისთვის ეს სიუპრიზი იქნება-მეთქი.

_ მაგარი სიურპრიზი კი მომიზადეთ ორივემ. რატომ, რატომ? რაში დაგჭირდათ იმის გათამაშება, თითქოს ხელოსანი იყო და სარემონტო სამუშაოებით ირჩენდა თავს? მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ? მეც დამაჯერეთ, რომ ერთი კეთილი, შრომისმოყვარე, პატიოსანი კაცი იყო. რა საშინელებაა!

_ არის კიდეც ასეთი, შენ რა გგონია, _ დარწმუნებით წარმოთქვა მარინამ, _ მართლა ყველას ეხმარება, ყველას მამა და მარჩენალი ეგ არის. ამასთან, წარმატებული ბიზნესმენია.

_ ახლა მაინც მითხარი, რა ბიზნესი აქვს? ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვიცოდე სიმართლე?

_ მეღვინეა, შვილო და ფერმერიც. უამრავი დაქირავებული მუშახელი ჰყავს. თავის ფერმა აქვს, ძროხებს და ცხვრებს უვლიან და რა ვიცი, ათას სხვა საქმეს აკეთებენ.

_ კი მაგრამ, როდის ასწრებს ამ ყველაფერს, როცა ყოველდღე ჩვენთან არის?

_ ეს ახლა არის ჩვენთან, რაც შენ ჩამოხვედი, თორემ სულ სოფელში იყო, ორ კვირაში ერთხელ თუ მოახერხებდა ჩამოსვლას. რაც შენ გაგიცნო, მოუკლო იქით სიარულს, თუმცა უყურადღებოდ არ ტოვებს თავის საქმეს. შენ რომ აქ ხედავ, იმას არ ნიშნავს, რომ იქ არ დადის. დილაუთენია, ხუთ საათზე გავარდება ხოლმე, დახედავს თავის მეურნეობას, განკარგულებებს გასცემს და მერე კვლავ უკან ბრუნდება. შორს კი არ არის, აქვეა, თეთრიწყაროში. წყნეთიდან გადადის, მოკლე გზით.

_ აჰა, გასაგებია… ეს იგი, ის წყნეთის სახლიც მისია, არა?

_ კი, მისია და არამარტო ის…

_ არ მინდა, ნურაფერს მეტყვი, არ მაინტერესებს მისი უძრავ-მოძრავი ქონების ნუსხა.

_ კარგი, დაწყნარდი, გთხოვ.

კიდევ კარგი, მამიდას არ უნახავს ვაკო ისეთი, როგორიც სალომემ ნახა ამ დილით. თუმცა, არც უცდია ამის მოყოლა. გახსენებაც კი არ უნდოდა იმ შეხვედრის. როგორი უხეში იყო, როგორი უკმეხი… ისე მოექცა, რომ აგრძნობინა, შენ მიმართ კეთილგანწყობილი არასდროს ვყოფილვარ და დიდად არც მომწონდიო. მის მიმართ მხოლოდ წუთიერ ლტოლვას განიცდიდა ალბათ, როგორც ყველა მამაკაცი, რომელიც ხორციელი ჟინის დაკმაყოფილების შემდეგ ზურგს აქცევს ხოლმე ქალს და სხვა საკბილოს ძებნაში გადაერთვება. კიდევ კარგი, აქამდე არ მივიდა საქმე. კიდევ კარგი, ისეთი არაფერი ყოფილა მათ შორის, რომ ახლა სანანებელი გახდომოდა. რამდენჯერმე აკოცა მხოლოდ, ეგ იყო და ეგ. რა საშინელება იყო დილანდელი შეხვედრა! ან ის კოცნა რას ჰგავდა! პირუტყვული, დამამცირებელი! როგორი წამოვიდა იქიდან! განადგურებული და შეურაცხყოფილი, თითქოს ტალახში ამოსვარესო… ამის გახსენებაზე გული უარესად დაუმძიმდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი დაადესო მკერდზე. ძლივს მილასლასებდა ქუჩაში, გაფითრებული ფეხებს ვეღარ გრძნობდა და ალბათ სადღაც გაიშხლართებოდა კიდეც, ტაქსი რომ არ გამოჩენილიყო.

_ ჩემი აზრით, აჯობებს, ვაკო საღამოს ვახშამზე დავპატიჟო. თქვენ ჯერ კიდევ ბევრი დაგრჩათ სალაპარაკო, _ შემპარავად წარმოთქვა მარინამ.

_ გაგიჟდი? მეორედ არ გამაგონო ეგ! არავითარ შემთხვევაში! იცოდე, სახლიდან წავალ! — კატეგორიულად იუარა სალიმ. მამიდის წინადადება იმდენად აღმაშფოთებლად ეჩვენა, რომ უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.

_ რატომ, რატომ? ისეთი არაფერი მომხდარა, რომ რაღაც სისულელეების გამო ერთმანეთს დაემდუროთ. არ ჯობ…

_ არც კი იფიქრო, მამი! უკვე დავიღალე ახსნა-განმარტებებით და თავის მართლებით, თანაც, უკვე არანაირ ლაპარაკს არ აქვს აზრი.

_ აზრი მაშინ ექნება, როცა დრო გაივლის და ვაკო თანდათან მიეჩვევა იმას, რაც გაიგო, _ დარწმუნებით უპასუხა მარინამ, _ ტყუილად ადანაშაულებ იმაში, რომ ასე მოგექცა. როცა საყვარელ ქალზე ასეთ რამეს გაიგებ, გაბრაზდები, აბა რა იქნება? მით უმეტეს, მსგავსი შემთხვევა იმდენჯერ ჰქონია ცხოვრებაში, რომ თავი აქვს კაცს გაბეზრებული. დავაცადოთ ცოტა ხანს, გადაუვლის, დამშვიდდება, აწონ-დაწონის ყველაფერს და მერე…

_ ოჰ, მამიდა, მამიდა… რა გულუბრყვილო ხარ. არ გინდა, რა! პრინციპულად მოვითხოვ, არ დაუძახო! გასაგებია? _ თავისაზე იდგა სალი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ვაკო მარინას დაპატიჟებაზე უარს ვერ ეტყოდა, იმდენად სცემდა ამ ქალს პატივს.

ამ დროს კიბეზე ფეხის ხმა მოისმა. სალის სუნთქვა შეეკრა, გულმა ბაგაბუგი დაუწყო, მაგრამ, მისდა საბედნიეროდ, აივანზე ნინი გამოჩნდა. გოგონამ მის აწითლებულ თვალებს რომ შეხედა, ადვილად მიხვდა, რაც მოხდა, მაგრამ არ შეიმჩნია და მოჩვენებითი სიხალისით წამოიძახა.

_ იცით, რა ბინა ავაგდე? ძალიან მაგარი! ხვალვე გადავალ!

სალიმ და მარინამ ერთმანეთს გადახედეს. ნინიმ უდარდელად გააგრძელა.

_ ვაკო არ მოსულა? როგორ მოუვიდა? ცუდია… მინდოდა გამოვმშვიდობებოდი. საღამოსაც არ შემოივლის, მარინა დეიდა? _ სალისთვის ვერ გაბედა შეკითხვა, ამიტომ მარინას მიუბრუნდა აბეზარი გოგონა.

«ჰო, რა თქმა უნდა, ისეთი ამბავი დაატრიალა, ახლა აქ რაღა გააჩერებს», _ გაიფიქრა სალიმ. ის კი არა, გაუკვირდა კიდეც, ასე უცებ რომ გადაწყვიტა ნინიმ მარინას სახლიდან გადასვლა. დარწმუნებული იყო, რომ გოგონას სიგიჟემდე მოსწონა ვაკო და რადგან სალიში სერიოზული მეტოქე დაინახა, იმიტომაც გახსნა კარტები.

_ მეგონა, რამდენიმე დღე კიდევ დარჩებოდი, პატარავ, _ თბილად უპასუხა მარინამ, რადგან უსიტყვოდ ჩაწვდა ძმისშვილის აზრებს.

_ არა, რა აზრი აქვს. რადგან ბინა ვიშოვე, ბარემ გადავალ, რატომ გაგაწვალოთ, _ ნიშნის მოგებით გაიღიმა გოგონამ, _ თანაც, დაქალთან ერთად ვიქნები, ქირის ფულსაც გავიყოფთ და საერთო ენასაც უკეთ გამოვნახავთ.

რა საზიზღარი არსებაა! ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. არადა, ძალიან კარგად იცის, როგრ დაუნგრია სალის ცხოვრება. დაუნგრია კი? იქნებ ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამია? რატომ ჰგონია, რომ შეყვარებულია ვაკოზე? ასე რომ ყოფილიყო, ხომ მაშინვე დათანხმდებოდა ცოლობაზე? იქნებ მხოლოდ ფიზიკურ ლტოლვას განიცდიდა მის მიმართ და არა სიყვარულს? ქალია, ბოლოს და ბოლოს… მამაკაცის ყურადღებამ თავბრუ დაახვია და ეგ იყო, მეტი კი არაფერი. კიდევ კარგი, ასე მოხდა, თორემ კიდევ დიდხანს ვერ გაიგებდა, რა საშინელი პიროვნება ყოფილა ღუდუშაური, რა საზიზღარი ხასიათი ჰქონია. ეჰ… ნინი კი წავა თავის გზაზე, მაგრამ თვითონ რა ქნას? საით გაიქცეს? მოსკოვში დაბრუნება ცოცხალი თავით არ უნდა. ავთოს დანახვას სიკვდილი ურჩევნია. აქ რომ დარჩეს, რას მოიგებს? ეს ტკივილი როგორღა გადაიტანოს? თვითონაც ხომ არ გადავიდეს ნაქირავებში და მუშაობა დაიწყოს? იქნებ როგორმე გადააყოლოს გული. მერე თავისუფლად შეძლებს მამიდა, როცა გაუხარდება, მაშინ დაპატიჟოს თავისი «ძმაკაცი». სალისგან ნებართვის აღება არ დასჭირდება.

8 8 8

რამდენიმე დღის განმავლობაში მარინა გულმოდგინედ ცდილობდა სალის დარწმუნებას იმაში, რომ როგორმე დალაპარაკებოდა ვაკოს, მაგრამ გოგონა სასტიკ უარზე იდგა, ვერაფრით გადააფიქრებინა.

ერთ მშვენიერ დღესაც, ვაკო თავად ესტუმრა მარინას, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ იმ დროს, როცა სალომე შინ არ იყო. მაინცდამაინც იმ დღეს წავიდა იგი დედინაცვლის სანახავად. რაც ჩამოვიდა, მედეა ჯერ არ უნახავს, ამიტომაც სინდისი ქენჯნიდა.

ქალს ისე გაუხარდა გერის დანახვა, ტირილი დაიწყო. დიდხანს ილაპარაკეს, უამრავი რამ გაიხსენეს წარსულიდან, ბევრიც იცინეს და ცოტათი იტირეს კიდეც. სალი საღამომდე დარჩა დედინაცვალთან, ამიტომაც, აბა, საიდან გაიგებდა, მამიდას «საპატიო» სტუმარი თუ ჰყავდა.

როცა შინ დაბრუნდა, მარინამ მაშინვე აუწყა ვაკოს ვიზიტის შესახებ.

_ მინდოდა, გონს მომეყვანა, მაგრამ არაფერი გამომივიდა, _ სევდიანად თქვა მარინამ, _ სიმართლე გითხრა, არ მეგონა, ასეთი ჯიუტი თუ იქნებოდა.

_ ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი დამთავრებულია-მეთქი, _ გაბრაზდა სალი, _ რაში გჭირდებოდა ხვეწნა-მუდარა? ისედაც ნათელია, რომ ამ საქმეს არაფერი ეშველება. ახლა მაინც ხომ მიხვდი, რომ შეუძელებელია მისი გადარწმუნება? დაანებე, რა, თავი!

_ მაგრამ თქვენ ისე უხდებით ერთმანეთს…

_ ეს შენ გგონია ასე, მამიდა, _ რაც შეიძლებოდა, თბილად აღნიშნა სალიმ, _ გეხვეწები, შეეშვი მაგ კაცს, მე უკვე დავივიწყე ყველაფერი, მასაც გაუვლის… შენ რა გჭირს, რაღაც ცუდად გამოიყურები, რამე ხომ არ გაწუხებს?

_ არაფერიც არ მაწუხებს შენი ამბის გარდა, _ ხელი აიქნია მარინამ, _ მინდა, რომ ორივენი მოეგოთ გონს. რას ხედავთ კარგს იმაში, ერთმანეთს რომ აუბედურებთ? ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიეთ სიტუაცია, ნუთუ ასე ძნელია ეს?!

_ გინდა, ჩაი გაგიკეთო? ფერი არ გადევს სახეზე, _ ბანზე აუგდო სიტყვა სალიმ.

_ ჩაი არა ის! თუ გინდა, ჩემთვის რამე გააკეთო, ჩემი ხათრით, კიდევ ერთხელ დაელაპარაკე იმ კაცს.

_ მაპატიე, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია… წავალ, წამოვწვები, თორემ ძალიან დავიღალე, _ ჩუმად თქვა სალიმ და ოთახიდან გავიდა, თუმცა, საძინებლამდე მისვლაც ვერ მოასწრო, რომ საშინელი ბრაგვანის ხმამ ადგილზე გააშეშა.

როცა უკან მოტრიალდა, სასოწარკვეთილმა შეჰკივლა. მარინა მამიდა იატაკზე უგონოდ ეგდო.

 

 

გულის ტკივილის პირველი სიმპტომები მარინას ქმრის გარდაცვალების შემდეგ გამოუვლინდა, თუმცა იმკურნალა და ამ დრომდე ერთხელაც არ შეუწუხებია. ახლა კი… მამიდას ცუდად გახდომაში სალომე თავის თავს ადანაშაულებდა. დარწმუნებული იყო, რომ ვაკომ არაფერი იცოდა ქალის დაავადების შესახებ, თორემ აუცილებლად გააფრთხილებდა. სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მამიდას საავადმყოფოში მიიყვანდა, გოგონას თავისი დაემართა. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ღაწვებზე. შიშისგან სხეული ერთიანად უცახცახებდა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული ქალი გაუნძრევლად იწვა საკაცეზე და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

კლინიკაში მისვლისთანავე პაციენტი რეანიმაციაში შეიყვანეს. დაზაფრული სალომე მოსაცდელში დარჩა და მამაკაცივით ნერვულად დაიწყო ბოლთის ცემა დერეფნის ერთი ბოლოდან მეორეში. ლოდინი გაიწელა. არა და არ დაადგა საშველი ექიმის გამოსვლას. გოგონა გულში ღმერთს შესთხოვდა მამიდას გადარჩენას.

როგორც იქნა, კარი გაიღო და მაღალი, სიმპათიური ქერა მამაკაცი გამოჩნდა.

_ როგორ არის, ექიმო? _ მიეჭრა სალი ექიმს.

მამაკაცმა სალათისფერი პირბადე მოიხსნა და გაიღიმა.

_ ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე დღე მოუწევს ჩვენთან დარჩენა. გამოკვლევებს ჩავუტარებთ, ანალიზებს ავუღებთ, მერე პასუხს დაველოდოთ და ვნახოთ. რაც მთავარია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დედათქვენია?

_ არა, მამიდაა ჩემი.

_ კეთილი.

_ შეიძლება ვნახო?

_ სამწუხაროდ, ვერ შეგიშვებთ. რეანიმაციაში მნახველების შესვლა აკრძალულია. ხვალ მობრძანდით, უკვე პალატაში იქნება და მოინახულეთ. დამშვიდდით, საშიშროებამ ჩაიარა, სანერვიულო არაფერია. მივხედავთ. აი, ეს რეცეპტი გამომართვით და წამლები შეიძინეთ. ჯერჯერობით ესენი დასჭირდება. რაც მალე მოიტანთ, მით უკეთესი. ექთანს გადაეცით. თუ შორს წასვლა გეზარებათ, უახლოესი აფთიაქი აქვე, ეზოშია.

სალიმ უაზროდ დახედა გაკრული ხელით ჩამოწერილი წამლების სიას, ექიმს მადლობა გადაუხადა და ეზოში გავიდა.

როცა ნაყიდი პრეპარატები ექთანს გადასცა, სთხოვა, ტელეფონის ნომერს დაგიტოვებთ და თუ რამეა, შემატყობინეთ, იმწუთას აქ გავჩნდებიო. გაწრიპულმა, მჭახეხმიანმა მედდამ ნომერი ჩაიწერადა და შეჰპირდა, თუ მდგომარეობა გართულდა, დაგიკავშირდებითო.

სალი ტაქსით დაბრუნდა შინ. ჭიშკართან მეზობლის ხანში შესული ქალი, ნათელა შემოხვდა.

_ «წეღან სასწრაფო» დავინახე, _ თქვა მან, _ მშვიდობაა, შვილო?

სალომემ უამბო, რაც მოხდა. ქალი ძალზე შეწუხდა.

_ საწყალი მარინა, _ თავი გადააქნია მეზობელმა, _ ნამდვილი მოარული სიკეთეა. იმდენი კარგი მახსოვს მისგან, რომ არ ვიცი… მე ვილოცებ მისთვის, შვილო. დახმარება ხომ არ გჭირდება რამეში?

_ გმადლობ, ნათელა დეიდა, ექიმები არაფერს დააკლებენ, იმედია, _ უპასუხა სალიმ, _ ახლა მას კი არა, მგონი, მე უფრო მჭირდება დახმარება, ამ თაბაშირის გადამკიდე, არ ვიცი, რა მეშველება. ხელი მოვიტეხე და…

_ უი, უი, ეს რა მითხარი, გენაცვალე, _ შეიცხადა ქალმა, _ მითხარი, რა გავაკეთო და აქ ვარ.

_ რა ვიცი, თუ ძალიან გამიჭირდა, შემოგძახებთ, ხომ შინ იქნებით?

_ როცა გაგიხარდეს, შვილო, სახლში ვარ, აბა სად უნდა ვიყო! _ ნათელამ მკლავზე ალერსიანად მოუსვა გოგონას ხელი და ვაი-ვიშით გაემართა თავისი ჭიშკრისკენ.

8 8 8

ღამით არავის დაურეკავს. ეს იმას ნიშნავდა, რომ მარინას მდგომარეობა არ გართულებია. სალომეს ცუდად ეძინა, წარამარა ეღვიძებოდა ოფლში გახვითქულს. ერთი-ორჯერ ძილში წამოიყვირა კიდეც და დაფეთებული ზეზე წამოხტა.

გათენებას წესიერად არც დალოდებია, დილაუთენია ადგა და სააავადმყოფოსკენ გაეშურა. მარინა უკვე პალატაში დახვდა, იმ ღამესვე გადაუყვანიათ. იგი უკეთ გამოიყურებოდა. თავთან ახლა სხვა ექიმი ეჯდა და მაჯისცემის სიხშირეს და გულის დარტყმების რიტმს შესაბამისი ხელსაწყოებით უკონტროლებდა. სალის დანახვაზე ქალს სახე გაუბრწყინდა.

_ რა უშნო ხუმრობა გამომივიდა, საყვარელო, არა? _ უთხრა სალის, როცა ექიმი პალატიდან გავიდა, _ შენ კიდევ ამის დამატება გინდოდა, ისედაც მოშლილი გაქვს ნერვები.

გოგონამ ლოყაზე აკოცა.

_ ჩემი ბრალია, მამი, მე გავაფუჭე ყველაფერი. რომ მცოდნოდა, გული გაწუხებდა…

_ საიდან უნა გცოდნოდა, სიხარულო, როცა მე არასდროს არავისთან დამცდენია ამის შესახებ? _ შეაწყვეტინა მამიდამ, _ რატომ უნდა დავამძიმო სხვები ჩემი პრობლემებით? ყველას თავისი გასაჭირი აქვს. შენ როგორ ხარ?

_ რა ვიცი, აბა… რაც მთავარია, წუხანდელ ღამეს ცოცხალი გადავურჩი.

_ ვაკოსთან ხომ არ დაგირეკავს?

ძმისშვილი საწოლზე ჩამოჯდა და თავი გააქნია.

_ არა, არ დამირეკავს. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა… მეგონა, აჯობებდა, თუ შენ შეატყობინებდი ამ ამბავს, _ დარცხვენილმა თვალები დახარა.

_ მე-ე? აბა, როგორ, პატარავ? გგონია, ადგომის უფლებას მაძლევენ? შენ რომ დაურეკო, რა მოხდება?

_ არც არაფერი, მამიდა. კარგი, რადგან ასეა, როგორც კი შინ მივალ, აუცილებლად შევეხმიანები.

_ ჩემი ჭკვიანი გოგო! _ ჩურჩულით წარმოთქვა მარინამ და თვალები დახუჭა. როგორც ჩანდა, ხანმოკლე საუბარმაც კი დაღალა მისუსტებული ქალი.

_ დაძინება გინდა, ალბათ, არა?

_ დაძინება? ა-აქ? _ ქალმა ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა, _ ეს შეუძლებელია, შემოგევლე. საავადმყოფოში რა დამაძინებს! ზოგიერთებივით კი არ ვარ, ოღონდ ავად გახდნენ და მთელი დღე რომ შეუძლიათ პალატაში გორაობა და ძილი. თანაც, ამათ ხელში ვერც მოასწრებ გამოძინებას. წარამარა შემოდიან _ ხან ექთანი, ხანაც ექიმი და ან წნევას მიზომავენ, ან ნემსს მიკეთებენ, ან კიდევ რაღაცას «ხიმანდრობენ». წეღან კარდიოგრამა კიდევ ერთხელ გადამიღეს. იცი, რა? ჩემი აზრით, გადადება არ ღირს. იქნებ გახვიდე და ახლავე დაურეკო იმ ბიჭს, სანამ სამსახურში წასულა.

_ მაგრამ… მე არ მაქვს მისი ნომერი.

_ ასეთ მდგომარეობაში, შენ წარმოიდგინე, არც მე მახსენდება… მოიცა, ახლავე გავიხსენებ.

მარინამ რამდენიმე წუთით კვლავ დახუჭა თვალები, მერე კი გამოკვეთილად, თითო ციფრის წარმოთქმით უკარნახა ძმისშვილს ვაკოს ტელეფონის ნომერი.

სალიმ სიტყვასიტყვით გაიმეორა მამიდას ნაკარნახევი და უხალისოდ გავიდა პალატიდან. ახლა, რაც ყველაზე მეტად არ უნდოდა, მასთან დარეკვა იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.

რეგისტრატურაში შევიდა და ტელეფონი ითხოვა. თეთრხალათიანმა ქალმა გვერდითა მაგიდიდან აპარატი გადმოდგა და სალის წინ დაუდო.

ვაკოს ხმა გაიგონა თუ არა, გოგონას ეგრევე მუხლები მოეკვეთა.

_ სალომე ვარ, _ ჩახრინწული ხმით ძლივს ამოთქვა.

დუმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა, შემდეგ კი…

_ აქ მეტჯერ აღარ დარეკო! _ მამაკაცის უკმეხმა ხმამ ბოლომდე გაანადგურა.

აქამდე კიდევ ეჭვობდა, რომ ვაკოს სიბრაზე გადაუვლიდა და მასთან შერიგებას მოინდომებდა. ახლა კი, მისმა პასუხმა საბოლოოდ გადაუწურა იმედი. საშინელი გრძნობა დაეუფლა. გულმა გამალებით დაუწყო ცემა. ხელმეორედ აკრიფა ნომერი, თან სიმწრის ოფლი ასხამდა. თუმცა ამწუთას საკუთარი ემოციების გაანალიზების დრო არ იყო. მას უნდა შეეტყობინებინა ვაკოსთვის მარინას მდგომარეობის ამბავი. მეექვსე ზარი რომ გავიდა, ავტომოპასუხე ჩაირთო.

_ «გამარჯობა. ვინც არ უნდა იყო, მინდა გითხრა, რომ შინ არ ვარ. დამიტოვე შეტყობინება და თავად დაგირეკავ».

_ ვაკო, _ ჩახლეჩილი ხმით წარმოთქვა სალიმ, _ ვიცი, რომ სახლში ხარ. გთხოვ, აიღო ყურმილი. ჩემ გამო არ გირეკავ. საქმე იმაშია, რომ მარინა მამიდ…

_ მარინა? _ მოულოდნელად გაისმა ყურმილში მამაკაცის ხმა, _ მარინას რა მოუვიდა?

_ საავადმყოფოში დავაწვინე, _ შვებით ამოისუნთქა გოგონამ.

_ ჯანდაბას! რა ცუდი ამბავია, რა ჭირს, რა დაემართა?

_ გულის შეტევა ჰქონდა.

_ დღეს?

_ არა, წუხელ საღამოს.

_ ახლავე მოვალ, _ სწრაფად ჩაილაპარაკა ვაკომ და გათიშა.

სალის კარგა ხანს ჩაესმოდა ყურში ტელეფონის წყვეტილი ზუმერის ხმა. ბოლოს, როგორც იქნა, გონს მოეგო და ყურმილი დაკიდა.

სანამ ვაკო მოვიდოდა, სალი დამშვიდებას შეეცადა. არ უნდოდა, მამაკაცს ამ ყოფაში დაენახა. ისედაც საშინელი სანახავი იყო, ღამენათევს სახე გაფითრებოდა, თვალის უპები ჩაშავებოდა.

მამაკაცი იმაზე ადრე მოვიდა, ვიდრე სალომე მოელოდა. ალბათ გიჟივით მოქროდაო, გაიფიქრა გოგონამ. როგორც კი პალატაში შემოვიდა, მაშინვე მარინასკენ გაეშურა, სალისთვის ზედაც არ შეუხედავს.. ის კი არა, მისალმებაც არ აღირსა. შეწუხებული სახით მიეახლა ქალს, დაიხარა და აკოცა, მერე კი მისი ხელი ხელში აიღო.

_ თავში როგორ მოგივიდა აზრად, ავად გამხდარიყავი, არ გრცხვენია? _ გაეხუმრა.

მარინამ თბილად გაუღიმა.

_ რა კარგია, ასე სწრაფად რომ მოხვედი, ჩემო კარგო.

_ ჯერ კითხვაზე მიპასუხეთ, ქალბატონო, _ აგრძელებდა ხუმრობას მამაკაცი, _ რა დროს ავადმყოფობა იყო?

_ ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი… როგორც ჩანს, დავბერდი.

_ იცი, რა? გულის შეტევა არაფრის გამო არ ხდება. რამეზე ინერვიულე?

_ დიდი ხანია, გული მაწუხებს, პირველი შემთხვევა კი არ არის…

_ რას ამბობ! როდიდან? რაც მე გიცნობ, მსგავსი არაფერი მახსოვს…

_ ჩემი ქმარი რომ დაიღუპა, პირველი სერიოზული შეტევა მაშინ დამემართა.

_ შემდეგ?

_ მერე დიდხანს ყველაფერი კარგად იყო, არ შევუწუხებივარ. როგორც ჩანს, დამინდო დროებით. ახლა კი გეყოფა «ბაირამობაო», გამომიცხადა და ა! შედეგიც!

_ და ეს რამ გამოიწვია? ახლა რაღაზე ინერვიულე? _ ვაკომ თავი მოატრიალა და გამჭოლი მზერა სალის დაასო.

_ მე რა ვიცი, _ ტუჩი აიბზუა მარინამ, _ დაავადებულ გულს მიზეზი არ სჭირდება. იქნებ ჯობია, ამაზე არ ვილაპარაკოთ.

_ მამიდა, მე წავალ, _ ხმადაბლა თქვა სალომემ, _ მოგვიანებით ისევ მოვალ. საჭმელსაც გაგიმზადებ და მოგიტან.

გოგონა პასუხს არ დალოდებია, თავდახრილი უხმოდ წამოდგა და მხრებჩამოყრილი გავიდა პალატიდან.

8 8 8

შუადღე თითქმის გადასული იყო, სალი კლინიკაში რომ დაბრუნდა. მისდა გასაოცრად, აღმოაჩინა, რომ ვაკო კვლავ მარინას საწოლთან იჯდა და ქალს ჩაფიქრებული დასჩერებოდა. ავადმყოფი თვლემდა. გოგონამ ჩანთიდან სანოვაგე ამოალაგა, მაცივარი გამოაღო და მოტანილის შიგ შელაგებას ისე შეუდგა, მამაკაცისთვის ხმა არ გაუცია.

_ შენთან ლაპარაკი მინდა, _ კბილებშუა გამოცრა ვაკომ, როცა გოგონა საქმეს მორჩა. ამით მიანიშნა, რომ იგი მის დაბრუნებას ელოდებოდა.

აშკარა იყო, მან ყველაფერი ათქმევინა მარინას, რაც წინა საღამოს მოხდა, რამაც მისი გულის შეტევა გამოიწვია და ახლა ჭკუის სწავლება უნდა დაეწყო ან საყვედურებით სურდა მისი ავსება.

სალი წელში გაიმართა და უსიტყვოდ მიჰყვა უკან. ეზოში გამოვიდნენ. გარეთ საკმაოდ ცხელოდა, ისეთი დახუთული ჰაერი იდგა, სუნთქვა ჭირდა. სალომემ უარესი დისკომფორტი იგრძნო. საინტერესოა, რა უნდა უთხრას? ჰგონია, თავს დააჩაგვრინებს? არამც და არამც! გოგონა შედგა. თავი ამაყად ასწია და მტრული მზერით მიაჩერდა მამაკაცს.

_ რის თქმას აპირებდი? _ მკვახედ იკითხა და იგრძნო, როგორ დაეცვარა ხელისგულები.

მის გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრებული იყო, მამაკაცის სიახლოვე მაინც ძლიერად მოქმედებდა მასზე. ეს კი სასოწარკვეთილებაში აგდებდა. ნეტავ შეძლებოდა ამ ურთიერთობის დავიწყება და წარსულში დაბრუნება… იმ მომენტამდე, სანამ მას გაიცნობდა.

მამაკაცმა შუბლი შეჭმუხნა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. გოგონამ მის ცივ მზერას ვეღარ გაუძლო და განზე გაიხედა.

_ ძალიან ვნერვიულობ მარინაზე, _ დაიწყო მან.

_ შენ წარმოიდგინე, მეც, _ ირონიულად მიუგო.

_ მას აწუხებს ის, რომ… რომ… ჩვენ…

_ რა ჩვენ? _ ხაზგასმით ჰკითხა.

_ რომ ჩვენი ცხოვრებისეული შეხედულებები არ დაემთხვა ერთმანეთს.

_ რას მელაპარაკები, მართლა?! რა დიპლომატიური ფორმულირებაა! _ სარკასტულად ჩაიცინა სალიმ, _ ამიტომაც გაიყო ჩვენი გზები, არა? არ აღმოგვაჩნდა ერთნაირი მსოფლმხედველობა… რა სამწუხაროა.

_ ჩვენ შორის, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამთავრებულია, თუმცა ვფიქრობ, რომ…

_ ვაკო, მე არ ვიცი, შენ რას ფიქრობ, მაგრამ მე ჩვენს ურთიერთობას უკვე ფიქრის დონეზეც არ ვუშვებ. ამიტომ, რაც არ უნდა მითხრა ახლა, იცოდე, რომ არაფერზე თანახმა არ ვიქნები!

_ იქნებ ჯერ მომისმინო? მოსმენა არ გასწავლეს სკოლაში? _ გესლიანად მიმართა მამაკაცმა, _ პირადად მე, რომ იცოდე, შენი დანახვაც არ მინდა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენი მოვალეობაა, მარინას ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. არც ამაში მეთანხმები?

_ დავუშვათ, გეთანხმები, მერე? ამით რისი თქმა გინდა?

_ იმის გამო, რომ მან არ ინერვიულოს, იქნებ ისე მოვაჩვენოთ თავი, ვითომ კვლავ ვაგრძელებთ მეგობრობას. მის დასანახავად გავაკეთოთ ეს.

სალომეს ნერწყვი ყელში გაეჩხირა. ის სულ სხვა რამეს ელოდა. ის, რასაც ვაკო სთავაზობდა, მათ ერთხელ უკვე გამოიარეს და აი, რით დამთავრდა ყველაფერი!

_ თანახმა ხარ? _ ისე ხმადაბლა ჰკითხა მამაკაცმა, რომ სალიმ ძლივს გაიგონა მისი შეკითხვა.

თანახმაა? ახლა რომ დათანხმდეს, ხომ იცის, რის ფასადაც დაუჯდება მას ეს თანხმობა? ისედაც, ყველა ნერვი ცალ-ცალკე უხტის მთელ სხეულზე, თითქოს მარტივ მამრავლებად იყოს დაშლილი. არც ერთი კიდური თავის გემოზე არ ემორჩილება, რომ აღარაფერი ვთქვათ გულზე. და ყოველივე ამის შემდეგ მის წინადადებას დათანხმდეს? მერედა, როგორ ითამაშოს? შეძლებს კი? მისთვის ალბათ ადვილია, რადგან ჰგონია, რომ სალომე კარგი მსახიობია და ნიჭიერად შეასრულებს უკვე ნათამაშებ როლს, მაგრამ სინამდვილეში განა მართლა ასეა? არა, ეს შეუძლებელია! სალი ამას ვეღარ შეძლებს. ეს გადაწყვეტილია! მით უმეტეს, რომ ვაკო ვერასდროს მიხვდება, რაც ხდება ახლა მის სულში!

_ ამოთქვი ბოლოს და ბოლოს, ხარ თუ არა თანახმა? _ უკმეხად გაისმა მისი ხმა და კიდევ უფრო მოიქუფრა.

_ ჰო! _ ისე მოწყვეტით თქვა გოგონამ, თავადაც გააუკვირდა, ასე მარტივად რომ გამოუვიდა პასუხი.

_ მგონი, მთლად ბოლომდე არ უნდა იყო დარწმუნებული შენს ნათქვამში… _ შენიშნა მამაკაცმა.

_ თანახმა ვარ. სხვანაირად როგორ გითხრა, ვიმღერო? მესმის, რომ მამიდას ახლა სიმშვიდე სჭირდება. ყველაფერს გავაკეთებ მისი გულისთვის, რადაც უნდა დამიჯდეს ეს. ახლა არის დამაჯერებელი ჩემი პასუხი?

_ ის ერთადერთ რამეზე ოცნებობდა.

_ ნუთუ? და რაზე, თუ საიდუმლო არ არის? _ დამცინავი კილო არ შორდებოდა სალის.

_ იმაზე, რომ ჩვენ დავქორწინებულიყავით.

_ შეიძლება… მაგრამ ეს რომ გამორიცხულია, იმედია, კარგად გესმის, _ ჩამწყდარი ხმით უპასუხა გოგონამ და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

_ ძალიან მნიშვნელოვანია, მან იფიქროს, რომ ჩვენ მოვაგვარეთ ჩვენი პრობლემები და შევრიგდით, _ გააგრძელა ვაკომ, _ ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, სანამ სრულიად არ გამოჯანმრთელდება. მერე კი, როცა შინ დაბრუნდება, ნელ-ნელა შევაპარებთ, რომ ასე სულაც არ არის. იმ დროისთვის საშიშროებაც ჩავლილი იქნება. მანამდე ფრთხილად უნდა ვიყოთ… შენც და მეც…

სალიმ კიდევ ერთხელ გადააგორა ნერწყვი და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

_ ვიცი, რომ ეს ორივესთვის ძნელი იქნება და გაგვიჭირდება, _ გააგრძელა ვაკომ.

_ თანაც როგორ გაგვიჭირდება… ზედმეტად…

_ გეყოფა, სალი, რა! _ შეჰყვირა უეცრად მამაკაცმა, _ არ არის საჭირო ასეთი ირონია. ამწუთას, მგონი, სულ სხვა რამეზე ფიქრობ, ვიდრე ჩვენს საერთო პრობლემაზე! _ ამ სიტყვებით მან მხრებში მძლავრად ჩაავლო ხელები, შეაჯანჯღარა და აიძულა, თვალებში შეეხედა მისთვის, _ ეს ყველაფერი ჩემთვისაც ისეთივე უსიამოვნოა, როგორც შენთვის, მაგრამ მოგვიწევს… და არ მოგცემ საშუალებას, ჩვენი დაშორებით მარინას ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნათ.

_ ეს არც მე მინდა, _ ერთობ მშვიდად უპასუხა სალომემ და ჯიქურ ჩახედა თვალებში, _ გგონია, შენზე ნაკლებად მინდა მისი გამოჯანმრთელება? გგონია, მსიამოვნებს, ავად რომ გახდა? მის მეტი, ფაქტობრივადა, არავინ მყავს. ამიტომ, თუ ვინმეს ინტერესებში შედის მისი კარგად ყოფნა, ჩემსაში, პირველ რიგში… ის ჩემთვის ყველასა და ყველაფერზე ძვირფასია ამქვეყნად. სწორედ ამიტომაც ვადანაშაულებ ჩემს თავს იმაში, რაც დაემართა და ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვინელებ ამას. მისი გულისთვის მზად ვარ, მსხვერპლი გავიღო. სულაც არ მსურს, ჩემმა საქციელმა ან სიტყვებმა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ინფარქტამდე მიიყვანოს.

_ სამწუხაროდ, ეს უკვე მოხდა, _ გესლიანად შენიშნა ვაკომ, _ ამიტომ უკვე გვიან არის შენი მონანიება. ახლა კი შევბრუნდეთ უკან. ვინ იცის, იქნებ ნერვიულობს, იქ რომ არ ვართ.

პალატის კართან მისული ვაკო სალისკენ მოტრიალდა.

_ ჩვენი შეთანხმება უკვე ძალაშია, ამიტომ, კეთილი ვინებოთ და ძალიან ბუნებრივად მოვიქცეთ, _ თქვა მამაკაცმა, სწრაფად მოიქცია მისი სახე ხელებში და შუბლზე აკოცა.

ღმერთო! კოცნაც არის და კოცნაც! ნუთ აუცილებელი იყო, ამდენი ვნება ჩაედო ამ კოცნაში? მამიდა ახლა ხომ არ უყურებს ამას? ლამის გონწასული მისდა უნებურად მიეყრდნო მამაკაცს და იგრძნო, როგორ უთრთოდა სხეული წამიერი აღგზნებისგან. ერთიანად აკანკალებული მალევე გამოფხიზლდა და უკან მიაწყდა.

_ ამის გარეშე არ შეიძლებოდა? _ მკაცრად იკითხა.

_ ვფიქრობ, არა. ახლა მარინა იფიქრებს, რომ უკვე შევრიგდით, თორემ ძალიან მოშვებული იყავი, ამწუთას კი შესამჩნევად გამოცოცხლდი, _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა ვაკომ.

სალიმ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ მამაკაცმა მაჯაში ჩაავლო ხელი და თითქმის ძალით შეიყვანა პალატაში.

მარინამ ძმისშვილიდან მზერა ვაკოზე გადაიტანა და ბედნიერებისგან თვალები გაუბრწყინდა.

_ მითხარით, რომ ეს სიზმარი არ არის.

_ ჩვენ ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, მარი, აზრზე მოვედით და მინდა გითხრა, რომ ეს სიზმარი არ არის, _ მთელი სახით გაიღიმა მამაკაცმა.

მამიდამ კვლავ სალის შეხედა, რომელმაც ვაკოს ნათქვამის დასტურად, თავი დააქნია.

_ ჩვენ ხომ ასე გვიყვარს ერთმანეთი, _ უბრალოდ თქვა მან.

მისმა სიტყვებმა ვაკოს თავზარი დასცა. მის აზრსა და გონებაში ამწუთას სიყვარული ბოლო ადგილზე იდგა. როგორც აღმოჩნდა, მარინას ძმისშვილთან ერთხელაც არ წამოსცდენია ვაკოს სიმდიდრის შესახებ, როგორც ამას თავად ვარაუდობდა. სულაც არ ყოფილა ისე, როგორც მას ეგონა. მერე რა, რომ თავდაპირველად ანგარებით გათხოვდა? _ არწმუნებდა მარინა, _ მას შემდეგ ხომ ბევრი რამ შეიცვალა. სალი გაიზარდა, დაქალდა, დაღვინდა…

მან კი რა არ მოუგონა! მაგრამ ცოლობაზე რატომ უთხრა უარი? იქნებ სწორედ იმიტომ, რომ გოგონას ვაკო ღარიბი ეგონა? იქნებ ამაშია მთავარი პრობლემა და არა მის სიმდიდრეში? უკვე აღარ იცის, რომელი ერთი იფიქროს. ვეღარ გაარკვია, სად არის სიმართლე და სად ტყუილი. «ჩვენ ხომ ასე გვიყვარს ერთმანეთი»… ისე ბუნებრივად წარმოთქვა ეს სიტყვები, ისე დამაჯერებლად, პროფესიონალ მსახიობს გაუჭირდებოდა… კიდევ კარგი, ცოტა ხნის წინ კვლავ არ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა ასეთი გზნებით აკოცა… კიდევ კარგი…

_ რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვარ… _ წამოიძახა მარინამ და თვალები ცრემლით აევსო…

8 8 8

ვაკომ და სალიმ საავადმყოფო მაშინ დატოვეს, როცა მარინას ტუჩებზე კმაყოფილი ღიმილით ჩაეძინა.

_ იმედია, მალე გამოწერენ, _ თქვა მამაკაცმა, რათა უსიამოვნო სიჩუმე დაერღვია.

_ მიხარია, რომ უკეთ არის.

_ ჩვენმა შეთანხმებამ გახადა უკეთ, რომ იცოდე.

_ ვიცი და ამიტომაც მადლობას გიხდი ამისთვის, კარგად მოგიფიქრებია. ხომ დაინახე, როგორი რექაცია ჰქონდა?

_ მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი შერიგებაა, შენც ხომ კარგად გესმის, _ ცივად ესროლა ვაკომ, _ მე ჩემი შეხედულება არ შემცვლია შენს საქციელზე. და ძალიან გთხოვ, თუ შეიძლება, ისეთი სახით ნუ მიყურებ, თითქოს ჩემი გიკვირდეს. ჩემს ადგილას შენც ასე მოიქცეოდი, მამაკაცი რომ ყოფილიყავი.

_ მოდი, ჩემ მაგივრად ნუ ილაპარაკებ. არ გირჩევ… შენ არ იცი, მე როგორ მოვიქცეოდი, ამიტომ შენეულ დასკვნებს ნუ გამოიტან. ასე აჯობებს.

_ მაგით რა გინდა თქვა, რომ დაუმსახურებად მოგექეცი? რომ რაღაც არასწორად გავიგე? არ გინდა, რა, ისედაც დღესავით ნათელია ყველაფერი, _ გაღიზიანებულმა მამაკაცმა ხმას აუწია.

_ ღმერთო ჩემო! _ აპილპილებული სალი გაჩერდა, _ როგორ მელაპარაკები? გასაგებია, რომ ვერ მიტან და გეზიზღები, მაგრამ იქნებ ცოტა ხნით მაინც მოერიო შენს თავს და არ გამოამჟღავნო ჩემ მიმართ სიძულვილი? როგორღა მოვიქცე შეყვარებულივით, როცა ასეთი უხეში ხარ ჩემ მიმართ? ძალიან გთხოვ, ორიდან ერთი აირჩიე _ ან გინდა, რომ მეგობრულად მომექცე, ან არა. მე არ შემიძლია შენი ხასიათების მიხედვით ჩემი ხასიათებიც ვცვალო. მე არ ვარ ისეთი კარგი მსახიობი, როგორიც შენ.

ვაკო ჩაფიქრდა. ქალის ნათქვამში იდო სიმართლის მარცვალი. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ადამიანი ყოველთვის კარგ ხასიათზე იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო სხვასაც გაუფუჭო ხასიათი, თანაც სრულიად გააზრებულად. იქნებ საქმისთვის ასეთი მდგომარეობა უფრო ხელსაყრელიცაა? სალის არაჩვეულებრივ ტანადობას და მადის აღმძვრელ მკერდს მასში პირველყოფილი ინსტინქტები კი არ ჩაუკლავს! იქნებ ისარგებლოს კიდეც ამით, რას აგებს? თუ ცოლად არ გამოდგება, იქნებ დროის სატარებლად მაინც გამოიყენოს? ხომ არ სცადოს?

_ რადგან ასეა, ვეცდები, გამოვსწორდე. მითხარი, რა გეგმები გაქვს ამ საღამოს?

სალის თვალები გაუფართოვდა. ვაკომ მისი მზერა დაიჭირა თუ არა, ჟრუნატელმა დაუარა. ამწუთას მისი ულამაზესი თვალები ცისფერ ტბას ჰგავდა, რომელსაც გარშემო მისი ცხელი სხეული ერტყა. ცისფერი წყალი თითქოს ლივლივებდა, აღაგზნებდა, თავისკენ იზიდავდა… როგორ მოუნდა ამწუთას, შერეოდა ამ ლივლივს, შეეგრძნო მისი ტემპერატურა, მაგრამ… გაიგონა თუ არა მისი პასუხი, რომანტიკული განცდები თითქოს სადღაც გაქრა და საოცარი განხიბვლა დაეუფლა.

_ არა მგონია, აუცილებელი იყოს ასე შორს შეტოპვა…

_ მე, უბრალოდ, ერთად ვახშმობას გთავაზობდი, შენ არასწორად გამიგე, _ გააპროტესტა ვაკომ მისი ვარაუდი და შეეცადა, საკუთარ ფანტაზიები უკუეგდო, _ ვიფიქრე, დისკომფორტს მოვუხსნი-მეთქი. მით უმეტეს, ცალ ხელს ვერ ხმარობ. მარტომ რატომ უნდა ივახშმო?

_ იმიტომ, რომ ჩემთვის ასე უფრო სასიამოვნოა. _ უკმეხად უპასუხა, _ ნახვამდის.

მამაკაცმა სინანულით დააკანტურა თავი, ბრაზობდა თავის თავზე.

_ სახლში მაინც გაგიყვან, _ დაადევნა მიმავალს და მანქანის კარი გამოაღო.

_ გმადლობ, ნუ შეწუხდები, _ უკანმოუხედავად უპასუხა გოგონამ და ნაბიჯს აუჩქარა.

_ ხვალ საავადმყოფოში შევხვდებით.

_ განა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმე არაფერი გაქვს? _ სალი მოტრიალდა და უკუსვლით განაგრძო სიარული, _ მაგალითად, შენი ბიზნესის მართვა.

ვაკომ ძუნწად გაიღიმა.

_ ჩემი ბიზნესი საიმედო ხელშია. კარგი მენეჯერი მყავს, თათა. ქალი, რომელმაც ყველაფერი იცის ქვეყანაზე და რომელიც ნამდვილი პროფესიონალია.

ვაკოს მხედველობიდან არ გამოპარვია სალის თვალებში გამკრთალი გაოცების ნაპერწკალი. გოგონა ადგილზე გაშეშდა. ალბათ მკითხაობს ახლა, რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს მას იმ ვიღაც თათასთან… ესეც ასე! მიზანში მოარტყა. იმდენად გაართო ამ აღმოჩენამ, რომ ხმა ხავერდივით რბილი გაუხდა.

_ არც კი ვიცი, მის გარეშე რა მეშველებოდა.

_ შენს ადგილას, უფრო სერიოზულად მოვეკიდებოდი ჩემს მოვალეობებს და ქალს, თუნდაც თავისი საქმის პროფესიონალს, ასე მშვიდად არ ვანდობდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იმაზე მეტს ტრაბახობ, ვიდრე სინამდვილეშია სატრაბახო, _ მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ცალი წარბი გოგონამ და იდუმალი ღიმილით გააგრძელა გზა.

აი, კიდევ ერთხელ შეახსენა სალიმ მიზეზი, რის გამოც უარი უთხრა ცოლობაზე. კიდევ კარგი, შეახსენა, თორემ ლამის წკიპზე იყო მისული, ლამის თავიდან დაეწყო მასთან რომანის გაბმა.

_ მე არ ვარ ერთადერთი, ვინც სიმართლეს მალავს, _ მიაძახა მიმავალს, _ შენ მართალი ხარ. არ ღირს, ჩვენი დიდხანს ერთად ყოფნა! _ ამ სიტყვებით მანქანაში ჩაჯდა…

 

 

საღამო ძალიან გაიწელა. სალომეს საშინელი მოწყენილობა დაეუფლა. ნათელა დეიდა ნახევარი საათია, რაც გადმოვიდა და სადილის მომზადებაში ეხმარება, თუმცა სულაც არ შია, დიდი ხანია, მადა დაეკარგა. ან კი, როგორ გადაუვა ყელში ლუკმა დღევანდელი თავგადასავლის შემდეგ? რა უცნაური დღე იყო, ისე… რამდენი რამ მოხდა… რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, როცა მამიდის გამო ასეთ ნაბიჯს დგამს, მაგრამ ხვდება მაინც ვაკო, რის ფასად უჯდება სალის ამის გაკეთება? როგორ უმძიმს ასეთი თამაში? და ყოველივე ამის შემდეგ, როგორ შესთავაზა, ერთად ვივახშმოთო? ნუთუ ასეთი უგრძნობელია? «უგრძნობელი»… ეს სიტყვა რატომღაც, ეხამუშა. საიდან მოიგონა? იქნებ უგულო უნდა ეთქვა? თუმცა რა განსხვავებაა ან რა აზრი აქვს, რას დაარქმევს მის საქციელს? აბა, რომელი ჭკუათმყოფელი ქალი დათანხმდებოდა ასეთ წინადადებას მაშინ, როცა მამაკაცმა აშკარად აგრძნობინა, ვერ გიტანო? ალბათ როგორ ეზიზღება… იქნებ სძულს კიდეც?

სალის პირი არ დაუკარებია საჭმლისთვის. ნათელას დიდი მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის და ტოლმის ნახევარი შინ გაატანა. ნაადრევად დაწვა, ტელევიზორის ყურების სურვილიც არ ჰქონდა. დიდხანს იწრიალა ლოგინში, ვერა და ვერ დაიძინა. არც იყო გასაკვირი. ვაკოს მის ფიქრებში ძალიან დიდი ადგილი ეჭირა, მყარად იყო მოკალათებული სალის გონებაში, სულსაც უბურღავდა და გულსაც. თვალცრემლიანმა ღრმად ამოიოხრა და საბოლოო დასკვნამდე მისული, რომ მას ვერასდროს დავივიწყებდა, გულდაღმა გაიშოტა საწოლზე… როდის-როდის მოაკითხა ძილმა.

მეორე დილით გვიან გამოეღვიძა და დაფეთებული წამოხტა, საავადმყოფოში არ დამაგვიანდესო. თავი მოიწესრიგა და ცისფერი, მოკლემკლავებიანი კაბა ჩაიცვა. მერე ტოლმა გააცხელა, ქილაში ჩაასხა და სხვა რამეებთან ერთად, წასაღებად გაამზადა.

კლინიაკში მისულს არ გაჰკირვებია, ვაკო იქ რომ დახვდა. თითქოს ელოდა კიდეც, რომ ასე იქნებოდა. როგორც კი მან თვალი მოჰკრა სალომეს, ფართო ღიმილით ფეხზე წამოიჭრა, გოგონას მიეახლა და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა. სალომე წამოწითლდა, თუმცა შეეცადა, თავი დაემშვიდებინა იმის გაფიქრებით, რომ ეს სცენა მამიდის გულის მოსაგებად გათამაშდა. აფორიაქებულმა თვალი მარინასკენ გააპარა. ეს უკანასკნელი კმაყოფილი იღიმოდა და მოწონების ნიშნად თავს აკანტურებდა. იგი წუხანდელზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ფერიც ძველებური დაბრუნებოდა. როგორც ჩანს, ამ მოჩვენებითმა «სიყვარულობანამ» მასზე დადებითად იმოქმედა.

_ დაილია ბიჭი ლოდინით, _ მსუბუქად უსაყვედურა ძმისშვილს, _ რატომ დაგაგვიანდა?

_ წუხელ გვიან დავწექი და… _ თავი იმართლა სალომემ და თავთან დაუჯდა მამიდას, ამავდროულად, ვაკოს გვერდით აღმოჩნდა, რომელმაც არ დააყოვნა და მისი თითები ხელისგულში მოიქცია.

_ ისე მიხარია თქვენი შერიგება, არც კი ვიცი, როგორ გამოვხატო, _ სახე უბრწყინავდა მარინას.

სალომემ თვალები დახარა, ვითომ დაიმორცხვა. არადა, ეკლებზე იჯდა, მამაკაცის ხელის შეხებას რომ გრძნობდა.

_ ჩვენც გვიხარია. ასე არ არის, სალი? _ ვაკომ სიყვარულით გამთბარი მზერით შეხედა… ო, ღმერთო! ისეთი გამჭოლი და ორაზროვანი იყო ეს მზერა, გოგონა კინაღამ სკამიდან გადავარდა.

რა მიუხვედრელია ეს კაცი! ნუთუ ვერ გრძნობს, რომ, თუ ასე გაგრძელდა, საბოლოოდ სალის ორმაგად გაუჭირდება მასთან განშორება? ერთ მშვენიერ დღეს ხომ უნდა დამთავრდეს ეს კომედია? იქნებ მასაც სწორედ ეს უნდა? იქნებ ეს დასჯის მისეული მეთოდია? ჰო, რა თქმა უნდა, ასეა. განა ვერ ხედავს, როგორ ძველებურად მოქმედებს სალიზე მისი ყოველი შეხება და მზერა. სალიმ ღიმილით დაადასტურა ვაკოს ნათქვამი, არ უნდოდა, სიტყვებითაც მოეტყუებინა.

_ როდის უნდა გამოგწერონ, მამი, რას ამბობენ?

_ შესაძლებელია, ხვალვე გამიშვან აქედან. ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ერთი სული მაქვს, როდის გამიშვებენ. შინ მინდა, ჩემს სახლში და ჩემს საწოლში.

ამის სურვილი სალისაც ჰქონდა, რადგან მერე ხშირად არ მოუწევდა ვაკოს ნახვა. მართალია, მას მაინც მოუწევდა მარინას სანახავად მოსვლა, მაგრამ სალი როგორმე მოახერხებდა, თავი აერიდებინა გამუდმებით მის გვერდით ყოფნისგან. ახლა კი… იძულებულია, მის სიახლოვეს იყოს, რადგან იგი გამუდმებით აქ არის, დილიდან საღამომდე. ნეტავ როგორ არის მისი საოცრება-მენეჯერი თათა? ალბათ დაიმსახურა უფროსის ნდობა, რახან ამდენი თავისუფალი დრო გამონახა მამაკაცმა. საინტერესოა, მათ შორის შავ კატას რომ არ გაერბინა, დაუთმობდა კი სალის ამდენ დროს? იქნებ თათასთანაც ერთობა? ხომ შეიძლება, საღამოობით, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, ხვდებოდნენ ერთმანეთს? რა გასაკვირია, ასე იყოს? ან კი, სალის ვინ ეკითხება? მან უკვე დაკარგა იგი, თანაც _ დამსახურებულად. ალბათ იმ გოგოსააც უყვარს თავისი შეფი. ნუთუ რომანი ჰქონდათ? თუ იცის იმ თათამ, ვაკომ მას ცოლობა რომ სთხოვა? ეჰ, უკვე რაებზე ფიქრობს. რას ნიშნავს ეს? ხომ არ ეჭვიანობს? ახლა უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. ვაკოს ნებაა, როგორ მოიქცევა. შეხვდება იმას, ვისთანაც გაუხარდება შეხვედრა. აკოცებს იმას, ვისი კოცნაც სიამოვნებას მიანიჭებს, დაწვება იმასთან, ვისაც მისი სიმდიდრე არ დააინტერესებს… სალისთვის ახლა სულერთია მისი პირადი ცხოვრება… ააა! არის კი? მაშინ რატომ გრძნობს თავს უბედურად? რატომ იტანჯება ასე?..

ერთი საათის შემდეგ ვაკო წავიდა, იმ პირობით, რომ მალე დაბრუნდებოდა და სალის სადილად დაპატიჟებდა.

_ იქნებ არ ღირს ჩემ გამო მობრუნება? _ შეწინააღმდეგება სცადა გოგონამ, _ აქვე, ბუფეტში ავიღებდი რამეს ან, სულაც მე და მამიდა ერთად ვისადილებდით… არ მინდა მისი მარტო დატოვება.

ვაკომ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ საუბარში მარინა ჩაერია.

_ რას ლაპარაკობ, საყვარელო! მთელი ღამე მარტო არ ვიყავი? მე რა მიჭირს, დავიძინებ წყნარად და ეგ იქნება. აუცილებლად გაყევი ამ კაცს, რახან გეპატიჟება. საავადმყოფოს სასადილოში რა გაჭმევს? ვინ იცის, რას როგორ აკეთებენ. წადი, გაერთე, დაისვენე, ცოტას განიტვირთები. მეც უფრო მშვიდად ვიქნები, თქვენ რომ ერთად დაგიგულებთ.

სალის არჩევანის საშუალება არ რჩებოდა.

_ კარგი, მამი, როგორც შენ იტყვი…

8 8 8

სამი დაწყებული იყო, ვაკო რომ მობრუნდა და სალომე ახლომდებარე კაფეში მიიპატიჟა. სადილმა გოგონას კმაყოფილება ვერ მოჰგვარა. სხეულის ყველა უჯრედი მტკივნეულად განიცდიდა მამაკაცის სიახლოვეს. ამასთან, შებოჭილად გრძნობდა თავს, როცა ხედავდა, როგორ ძვრებოდა მშიერი თვალებით მამაკაცი მისი მკერდის ღარში, როგორ აშიშვლებდა მზერით. მოკლედ სცემდა პასუხს მის შეკითხვებზე და ისე უგემურად ილუკმებოდა, თითქოს ბავშვობიდან აზიზი მჭამელი ყოფილიყო. არა, არა, ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია! როგორ უნდა იცხოვროს ამ კაცის გარეშე? როგორ უნდა იარსებოს, როცა ხვდება, რომ სიგიჟემდე უყვარს?

_ შენ ისე იქცევი, ეჭვი მეპარება, მამიდაშენი ჩვენს «კეთილხმოვან» ურთიერთობაში დაარწმუნო, _ შენიშნა ვაკომ.

_ რას გულისხმობ?

_ თავი ისე გიჭირავს ჩემთან, თითქოს ნაკლებად სასიამოვნო უცხო ადამიანი ვიყო. მე როგორ მოვიქცე ამ დროს, რას მირჩევ? შენ თვითონ არ მეუბნებოდი, შენი ხასიათის ხშირი ცვალებადობის მიხედვით ვერ გარდავიქმნებიო? როგორ გგონია, მე გამიადვილდება ამის გაკეთება? ჩემთვისაც ისევე ძნელი იქნება, როგორც შენთვის. შენც დამეხმარე და მეც დაგეხმარები. რატომ არ გინდა, მომყვე?

_ მართალი ხარ, _ ამოიოხრა სალიმ, _ მაგრამ რა ვქნა, თუკი ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ? ეს ჩემს ძალებს აღემატება. მოჩვენებითი მხიარულებით ფონს ვერ გავალ, არ შემიძლია.

ვაკომ წარბები ასწია.

_ გინდა, რომ მამიდაშენს მორიგმა ინფარქტმა დაარტყას? დაგავიწყდა, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ჩვენი ურთიერთობა?

_ არ დამვიწყებია, მაგრამ… როგორ გითხრა… შენი საქციელი ძალიან მთრგუნავს…

_ გრთგუნავს? განა რას ვაკეთებ ამისთანას? როგორ ვიქცევი?

_ შებოჭილი ვარ… ნუთუ აუცილებელია, ასე შემომხედო, როცა ერთად ვართ? ახლა მაინც არ გვიყურებს მარინა… დილით კიდევ… კოცნა რა შუაში იყო? ჩემი აზრით, არ არის საჭირო ასეთი ენთუზიაზმის გამოჩენა.

მან ცოტა არ იყოს, ბოროტი ღიმილით გაიღიმა.

_ სხვათა შორის, მამიდაშენს ძალზე მოეწონა ის სცენა და მე ვფიქრობ, რომ შენც. ისე წამოწითლდი და აღელდი, როგორც შეყვარებულ ქალებს სჩვევიათ… ან იქნებ, არტისტიზმის ისეთ მწვერვალებს მიაღწიე, რომ ადვილად შეგიძლია თავი შეყვარებულად მოაჩვენო? იქნებ საკუთარ გულსაც უპრობლემოდ აიძულებ, ასეთ დროს ზომაზე მეტად აჩქარდეს?

სალი აილეწა. კარგა ხანს ფიქრობდა, რა ეპასუხა.

_ რაღაც მომენტებში ქალებს უჭირთ თავიანთი თავის გაკონტროლება.

_ ესე იგი, შენ შეგიძლია, ხან აღელდე და ხან ბოლომდე გაცივდე და ეს ვერ აკონტროლო? _ დანისლული თვალები ჯიქურ შესცქეროდნენ გოგონას.

_ მგონი, ასეა.

_ მგონი?.. ზუსტად არ იცი, ასეა თუ არა?

_ რას გადამეკიდე? _ წამოიყვირა სალომემ და მიხვდა, მისდა უნებურად, ხმას რომ აუწია. ძალა მოიკრიბა და შედარებით მშვიდი ტონით გააგრძელა, _ რაში გჭირდება ეს ყველაფერი? თავს რატომ არ დამანებებ?

_ იმიტომ, რომ… თუ გულახდილად გინდა გითხრა, მსიამოვნებს შენი ყურება, ძვირფასო სალი. უკიდურესად მაინტრიგებ, _ ირონიული ტონით წარმოთქვა ვაკომ, ყავიანი ფინჯანი ხელში აიღო და სანამ დარჩენილ ყავას დალევდა, შეანჯღრია, _ გგონია, ვერ ვხვდები, ფისოსავით რომ ხარ ჩემზე შეყვარებული? არადა, თავი ისე გიჭირავს, თითქოს ჩემი დანახვაც არ გინდოდეს.

_ რა სისულელეა, სულაც არ მიყვარხარ, ერთი მისხალითაც კი, _ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ღაწვები შეეფაკლა სალის, აი, თურმე რა დასკვნები გამოიტანა, _ უბრალოდ… როცა შენ მკოცნი, თავს ვერაფერს ვუხერხებ. განა იმიტომ, რომ მსიამოვნებს, პირიქით… ეს წმინდა წყლის ფიზიოლოგიური მომენტია. ხშირ შემთხვევაში, ზიზღით და სიყვარულით გამოწვეული შეგრძნებები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. როცა საყვარელი თუ საძულველი ადამიანი გეხება ან გიყურებს, ორივე შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება ერთნაირად წამოწითლდე. წამითაც არ იფიქრო, რომ კიდევ მაინტერესებ, იმიტომ, რომ ასე არ არის. ცხოვრებაში არასდროს გავყვები ცოლად ფულის ტომარას.

ვაკომ სკეპტიკურად შეჭმუხნა წარბები და მერე საათს დახედა.

_ ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრა მაქვს, ამიტომ ახლა უნდა წავიდე. თუმცა, დაიმახსოვრე, ეს საუბრის დასასრული არ არის. ვეცდები, მიღების საათების დამთავრებამდე მოვასწრო კლინიკაში მოსვლა. შემდეგ მე და შენ ვივახშმებთ და ჩვენს საინტერესო ბაასს იქ გავაგრძელებთ.

_ არა მგონია, _ სალომემ თვალი თვალში გაუყარა მამაკაცს და ჯიქურ გაუსწორა მზერა.

საკმარისია! სალაპარაკო მეტი აღარაფერია. მათ შორის ისედაც ყველაფერი ნათელია.

_ შენ სხვა არჩევანი არა გაქვს, გოგონი. უნდა დამიჯერო, თუ მამიდაშენის კარგად ყოფნა გსურს.

_ მამიდაჩემის ჯანმრთელობისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ყოველი წამი ერთად გავატაროთ. მით უმეტეს, მაშინ, როცა იგი ვერ გვხედავს, _ ნიშნის მოგებით უპასუხა და წამოდგა.

8 8 8

გასაკვირი ის იყო, რომ ვაკო იმ საღამოს საავადმყოფოში არ გამოჩენილა. ამან ცოტათი დააწყნარა სალომე. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას მშვიდი საღამო ელოდა. ძალიანაც კარგი, რომ არ მოვიდა. სულაც არ იფიქრებს მასზე. დაჯდება, რომელიმე კარგ ფილმს შეარჩევს და სიამოვნებით უყურებს ტელევიზორს, შემდეგ კი მკვდარივით დაეძინება წუხანდელ ღამენათევს.

შეპირებით კი შეჰპირდა თავის თავს, არ ვიფიქრებო, მაგრამ შესასრულებლად არც ისე ადვილი აღმოჩნდა ეს შეპირება. ვერა და ვერ გამოდევნა ვაკო გონებიდან. ვერც ფილმს დაუდო გული. ის იყო, დასაწოლად გაემზადა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.

ღამის თერთმეტი საათი იყო. ვინ უნდა ყოფილიყო ამ დროს? თანაც, სალომეს უკვე მოესწრო ღამის პერანგის ჩაცმა. ასეთ ფორმაში არ ღირდა კარის გაღება… დარწმუნებული იყო, რომ ვაკო იქნებოდა, სწორედ ამიტომ არ აპირებდა დაგვიანებული სტუმრის მიღებას. მაგრამ ზარი არ წყდებოდა. უეცრად სალომეს თავში დაჰკრა. ვაითუ, მამიდა გახდა ცუდად და კლინიკიდან მოაკითხეს? თუმცა… ასე რომ მომხდარიყო, დაურეკავდნენ, რაღა შინ მოაკითხავდნენ?

ვაკო რომ იყოს? მაგრამ რისთვის… რატომ უნდა მოსულიყო? იქნებ მისი წამოსვლის შემდეგ მივიდა საავადმყოფოში და მამიდა ცუდ მდგომარეობაში დახვდა? იქნებ ამის გამო გამოემართა აქეთ, რათა… არა, ოღონდ ეგ არა! სალის მეტი აღარ უყოყმანია, ჰოლში გავარდა და კარი ფართოდ გამოაღო.

_ უკვე იმედი გადამეწურა, რომ გამიღებდი.

_ რამე მოხდა? უარესად გახდა? ნუთუ…

_ სიმშვიდე, ქალბატონო, სიმშვიდე, _ ვაკომ გაშლილი ხელისგულები ასწია, _ არაფერიც არ მომხდარა. მე, უბრალოდ, შემაგვიანდა, ეგ არის და ეგ. ვფიქრობ, არც ისე გვიანი დროა სავახშმოდ? _ იკითხა მამაკაცმა და იმწამსვე მიხვა, რომ სისულელე წამოროშა.

მისი ვარაუდი სალომეს პასუხმაც დაადასტურა.

_ მე რა, სავახშმოდ გამზადებულს ვგავარ? სათანადოდ მაცვია? _ სარკასტული ტონი გაურია ნათქვამს გოგონამ.

ვაკომ ჩაიცინა, რათა უხერხულობა დაეფარა.

_ ეს იმაზეა დამოკიდებული, სად ვივახშმებთ. თუკი აქ, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაიცვამ. საკუთარ სახლში ბიკინითაც შეიძლება მაგიდას მიუჯდე და შიშველიც, სხვათა შორის…

მამაკაცს სრულიად აკმაყოფილებდა ამ ფორმაში გამოწყობილი გოგონა. ქსოვილი გამჭვირვალე იყო, სხეულის კონტურები არცთუ გამოკვეთილად, მაგრამ მაინც მოუჩანდა პერანგს მიღმა. როგორ შეეძლო, თვალი მოეწყვიტა ამ მშვენიერი სხეულისთვის? მოულოდნელად გიჟურმა სურვილმა წამოუარა… გაეხადა მისთვის ეს პერანგი და ენახა, ეცვა თუ არა შიგნით საცვალი? მერე კი… მოეხვია ხელი და ნაზად დაეკოცნა მისი ხორბლისფერი გლუვი, სურნელოვანი კანი…

_ ასე გვიან არასდროს ვჭამ! _ გამოუცხადა სალომემ.

_ შენ _ შეიძლება არა, მაგრამ ჩემნაირ მოკვდავებს, სამწუხაროდ, უწევთ ხოლმე ღამის საათებში დანაყრება და ძალების მოკრება. მაპატიე, ასე რომ გამოვიდა. დავიჯერო, სამზარეულოში სასუსნავი არაფერი მოგეძებნება? _ შემრიგებლური ღიმილი ესროლა მამაკაცმა.

_ თავად ნახე, _ აგდებულად მიუგო, _ შენ ხომ აქ თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ სახლში.

_ მერედა, შენ არ შემომიერთდები? «ზაკამპანიუ» ჩაის მაინც არ დალევ ჩემთან ერთად? _ ეშმაკურად შეჰღიმა ვაკომ, თითქოს არ სჯეროდა მისი გულგრილი სიტყვების.

მოიცა, რა უპასუხა დღეს, როცა გამოუცხადა, ჩემზე შეყვარებული ხარო? ჰო, ახსოვს, როგორ არა _ როცა შენ მკოცნი, თავს ვერ ვაკონტროლებო, მგონი… მდააა… ეს საინტერესოა. მოგვიანებით შეიძლება ამის გადამოწმება… ახლა კი… დროა, ივახშმოს, თორემ გაუხმა კუჭი.

მან შინაურულად აუარა გვერდი გოგონას, სამზარეულოში გავიდა და მაცივარი დინჯად გამოაღო.

_ აქ ყველაფერი ბლომად ყოფილა. ეს კარგია, მე ვიტყოდი, ძალიანაც კარგი, _ თავისთვის ჩაილაპარაკა, პერანგის სახელოები აიკაპიწა და საქმეს შეუდგა.

ჯერ ლორი დაჭრა, მერე პომიდორი და ბოლოს პური. წამში გააწყო სუფრა და მიმოიხედა. სალი ზღურბლთან იდგა, კარის ძგიდეს მიყრდნობოდა გულზე ხელებდაკრეფილი და ყურადღებით ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას.

_ მგონი, საკმარისია. ღამით ზედმეტი ძღომა კუჭს ვნებს. არ მეთანხმები? _ მიუბრუნდა გოგონას.

სალიმ შეამჩნია მის თვალებში აცეკვებული ჭინკები.

_ მამიდაშენს, როგრც მახსოვს, სადღაც ღვინოც უნდა ჰქონდეს… თავშენახული ქალია…

_ კარადაში დევს ერთი ბოთლი.

_ ჰოდა, ძალიანაც კარგი. თითო ჭიქა არ გვაწყენდა, _ კმაყოფილი ტონით აღნიშნა მამაკაცმა და «ქინძმარაულით» სავსე ბოთლი დააძრო, _ ახლა ჭიქებიც ავიღოთ და აივანზე გავიდეთ. იმედია, შემომიერთდები. ხომ გაგიგონია, მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო? _ ამ სიტყვებით ყველაფერი ვარდებით მოხატულ სინზე გააწყო, სალის გვერდით გაუარა და აივნისკენ გაეშურა «ძღვენით» ხელში.

სალომე უკან მიჰყვა, მაგრამ აივანზე არ გასულა. სასტუმრო ოთახში დარჩა და ტელევიზორი ჩართო. მერე დივანზე მყუდროდ მოკალათდა, ფეხები მოიკეცა და ეკრანს მიაჩერდა.

_ დალევ? _ ჰკითხა მამაკაცმა, რომელიც უკან შემობრუნდა, იქვე, ჟურნალების მაგიდაზე შემოდო სინი, მერე ორი ჭიქა შეავსო ღვინით, მიუახლოვდა გოგონას და ერთი გაუწოდა.

ვაკოს წაით მოეჩვენა, რომ სალი შემოთავაზებაზე უარს ეტყოდა, მაგრამ შეცდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მომაკვდინებელი მზერა ესროლა, ჭიქა ჩამოართვა და თაბაშირიან მკლავზე დაიდო.

_ მინდა ვიცოდე, რატომ აკეთებ ამას? _ გაღიზიანებული მიაჩერდა გოგონა.

_ რას ვაკეთებ?

_ თავს მაბეზრებ.

_ მე კი მგონია, რომ სულაც არ ხარ ჩემი აქ ყოფნის წინააღმდეგი. იქნებ მეჩვენება?

მისი ტიპის ქალები, იშვიათად, წარუმატებლობას შეეგუონ. ეჭვი არ არის, რომ მას თავისებური თამაში აქვს ჩაფიქრებული, თან შორს მიმავალი გეგმებით, ამიტომაც, თვალი დიდი სიფრთხილით უნდა მიადევნოს, რომ მახეში არ გაებას… არა, რა უაზრობას ფიქრობს? ეს თავად წამოიწყო თამაში და არა სალიმ, ეს თავად მოუწყობს მას ხაფანგს და არა ის. მოვა დრო და ეს მეტიჩარა არსება მიხვდება, რომ საბოლოოდ დამარცხდა.

ვაკომ მოჭრილი პური აიღო, კარაქი გადაუსვა, ზემოდან ლორის თხელი ნაჭერი დაადო და ჩაკბიჩა, თან ცალი თვალით სალისკენ გაიხედა, თუ მიყურებსო.

_ ბუტერბროდი გინდა?

_ პატარა ნაჭერს შევჭამდი, _ გულგრილად წარმოთქვა გოგონამ და ჭიქა იატაკზე დადგა.

ვაკომ კიდევ ერთი ნაჭერი პური გაამზადა, ლორს პომიდორიც დაამატა და მიაწოდა.

_ გმადლობ.

_ შეგერგოს. შემიძლია კიდევ გაგიკეთო, ლორი ბლომადაა.

_ უარს არ ვიტყოდი, _ მორცხვად ჩაიღიმა გოგონამ, _ საღამოს არ მივახშმია.

_ რატომ?

_ დამავიწყდა.

_ აკი, ღამით არ ვჭამო?

_ რა ვიცი, რატომღაც, მომინდა.

_ იცი, რატომ?

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ მე ვიცი გემრიელი ჭამა, მადაზე მომყავს ადამიანი. ასე არ არის?

_ ჰო.

საინტერესოა, რამ დაავიწყა ვახშმობა? იმის გამო ხომ არა, საავადამყოფოში რომ არ მივიდა? იქნებ აქ ელოდა და მის გამოჩენა სულაც არ ყოფილა მისთვის მოულოდნელი? ალბათ. როგორც ახსოვს, სალის მისი დანახვა დიდად არ გაჰკვირვებია. ვინ იცის, როგორ ნანობს ახლა, ცოლობაზე უარი რომ უთხრა.

_ თავიდანვე რომ ასე დაგეწყო, არ ჯობდა? რა თავპატიჟი გამოიდე? _ ვაკომ კიდევ ერთი ბუტერბროდი გაიმზადა, _ ძალიან გემრიელია. ერთიც ხომ არ გინდა?

_ არა, დიდი მადლობა, ჩემთვის სრულიად საკმარისია.

ძალიან ოფიციალური საუბარი კი გამოუვიდათ, თითქოს სახელისუფლებო დონის შეხვედრა ჰქონოდათ. არადა, როგორ უნდოდა მამაკაცს, იმ კუთხით წაეყვანა დიალოგი, საითაც ქალის ღამის პერანგი უბიძგებდა.

ვაკომ თავის ჭიქას ხელი დაავლო და სალომეს გვერდით, დივანზე დაჯდა. თან ბუტერბროდს მიირთმევდნენ, თან ღვინოს აყოლებდნენ, ლაპარაკით არც ერთი არ იკლავდა თავს. რაც მეტს სვამდა სალომე, მით უფრო ეხსნებოდა დაძაბულობა, თანდათან შემსუბუქდა. ატმოსფერო თანდათან უფრო მეგობრული გახდა თითქოს.

როცა ჭამა-სმას მორჩნენ, ვაკომ მაგიდა აალაგა და ყველაფერი სამზარეულოში გაიტანა. შემდეგ კვლავ მის გვერდით მოკალათდა. სალიმ ცოტათი განზე გაიჩოჩა.

_ რა იყო, გეშინია?

_ არა, რატომ…

_ აბა, რას ჩაიწიე, კი არ ვიკბინები.

_ მე მგონი, შენი წასვლის დროა…

_ ასე ფიქრობ? მაგრამ აქ თავს არაჩვეულებრივად რომ ვგრძნობ? მე და მარინა საათობით ვისხედით ხოლმე ერთად ამ დივანზე, ყავას ვსვამდით და ფილოსოფიურ თემებზე ვმსჯელობდით თავის დროზე.

_ მაგრამ მე მარინა არ ვარ, თანაც, მეძინება, _ ცივად შენიშნა სალიმ.

_ დაიძინე მერე, ვინ გიშლის?

_ შენ.

_ მე-ე? აჭარბებ…

_ არ ვაჭარბებ. რისთვის მოხვედი, დაგპატიჟე? შენ დაუპატიჟებელი სტუმარი ხარ, უფრო მეტიც, არასასურველი… ასე რომ, გამიჭირდება ასეთ სიტუაციაში დაძინება.

დაუპატიჟებელი გასაგებია, მაგრამ რაც შეეხება არასასურველს, ამაში ვაკო დარწმუნებული არ იყო. ქალი ჩქარობდა მის გაშვებას, რადგან საკუთარ თავში არ იყო დარწმუნებული. ყველანაირად ცდილობდა, უდარდელად მოეჩვენებინა მამაკაცისთვის თავი, მაგრამ ვერ ახერხებდა, მის სიახლოვეს ყოფნა თავგზას უბნევდა. არც ვაკო იყო უკეთეს დღეში. ქალის სხეულიდან თითქოს მხურვალება მოდიოდა. მაჯისცემის გახშირებულ დარტყმებს ძლიერად გრძნობდა. ალბათ როგორ ელოდება, როდის აკოცებს. დარწმუნებულია, რომ სალი წინაღმდეგი არ იქნება, თუკი ახლავე მიაწვენს ამ დივანზე და… ასე რომ არ იყოს, ნახევრად შიშველი არ დასკუპდებოდა შუა ოთახში, რამეს მაინც მოიხურავდა. თუმცა, არა, ასე არ არის. რამ გამოაშტერა ამხელა კაცი? იმწუთას თავში აზრადაც არ მოსვლია, რამდენად ძნელია ჩაცმა ან გახდა, როცა ცალი ხელი თაბაშირში გაქვს. ვინ იცის, რა წვალებით ჩაიცვა ღამის პერანგი.

_ თუ დღევანდელ საუბარს დავუბრუნდებით, _ დაიწყო ვაკომ, რადგან იგრძნო, რომ სიტუაცია იმუხტებოდა, _ რატომღაც, ვერაფრით დავიჯერებ, ჩემი სიმდიდრის შესახებ თავიდანვე რომ გცოდნოდა, ჩემდამი ინტერესს დაკარგავდი.

_ მაშინ, მინდა გითხრა, რომ სრული იდიოტი ყოფილხარ, _ ნიშნის მოგებით გადახედა სალიმ, _ ჩემთვის სულერთია, გჯერა თუ არა, მაგრამ მე მაინც ასე მოვიქცეოდი. მით უმეტეს, არც ისეთი შემოსავალი გაქვს, რომ ნებისმიერ ქალს დაუბრავო თვალი.

როგორი თავდაჯერებული მატყუარაა, ერთი შეხედეთ! თანაც, რა ლამაზია, ეს მამაძაღლი, როცა ბრაზდება! თვალები ისე უელავს, თითქოს ყინულისგან იყოს ჩამოსხმული, ხოლო მკერდი… ოჰ, ეს მკერდი! რა მადისაღმძვრელად აუდ-ჩაუდის!

_ გგონია, დაგიჯერებ? თანაც, შენნაირ «საგმირო მიღწევების» ქალს? _ ჩაიცინა ვაკომ და უფრო ახლოს მიიწია მისკენ.

_ შენ მხოლოდ იმას იჯერებ, რისი დაჯერებაც გსურს. ჩემი სინდისი სუფთაა. შეცდომას ყველანი ვუშვებთ ახალგაზრდობაში. შენ რა, არასდროს მოქცეულხარ წინდაუხედავად?

_ კი, რა თქმა უნდა, მოვქცეულვარ, მაგრამ არა სერიოზულ საკითხებში. შენი მაგ კაცთან ქორწინება არ შეიძლება შეცდომად ჩაითვალოს. ეს ნაბიჯი გამიზნულად გადადგი. არც იმის მჯერა, რომ ქმარი ცუდად გექცეოდა. რა ვქნა, ასეა და მომკალი, თუ გინდა.

სალის კვლავ რისხვით აენთო თვალები.

_ რაც გინდა, ის იფიქრე. ჩემთვის სულერთია. მაპატიე, თუ შენი მკაცრი სტანდარტები ვერ დავაკმაყოფილე. დავიღალე შენთან ლაპარაკით. იქნებ, წასულიყავი, ბოლოს და ბოლოს?

რაც უფრო ბრაზდებოდა სალომე, მით უფრო ძლიერდებოდა ვაკოს სურვილი, მოფერებოდა. ისე როგორ წავიდეს, ერთხელ არ აკოცოს? წამოდგა და კარისკენ გაემართა.

_ არც კი გამაცილებ? რაც უნდა იყოს, სტუმარი ვარ, შენ კი _ მასპინძელი… არ იქნება ლამაზი…

სალომემ უხალისოდ ჩამოიღო თავისი ლამაზი, გრძელი ფეხები დივანიდან და ღამის პერანგი შეისწორა. ქედმაღლურად ასწია თავი და თავადაც კარისკენ დაიძრა. ისე მოარხევდა თეძოებს, ისე ამაყად მოირწეოდა, მოწოლილი ვნებისგან ვაკოს ლამის თვალთ დაუბნელდა. გოგონამ გვერდი აუარა და წინ გადაუსწრო. როგორ მოუნდა ვაკოს, ხელი წაეტანებინა ამ სრულყოფილებისთვის და გულში ჩაეკრა, მოფერებოდა და ალერსით დაეხრჩო. იმდენად დიდი იყო სურვილი, ამწუთას აღარც კი ახსოვდა, რამხელა ტკივილი მიაყენა ამ «სრულყოფილებამ» რამდენიმე დღის წინ. უკან მიჰყვებოდა სალომეს და თვალებით ჭამდა მის სხეულს, რხევა-რხევით რომ მიუძღვებოდა წინ. როცა სალიმ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა, ვაკომ იმარჯვა და სანამ გოგონა გასაღებს გააატრიალებდა, მის ხელს თავისი დაადო. მამაკაცი ელოდა ამ წუთს, ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტს, რათა ოდნავ მაინც შეხებოდა მას და იმწამსვე იგრძნო, როგორ დაიძაბა გოგონა. ვაკომ მსუბუქად შემოაბრუნა სალი თავისკენ იმ იმედით, რომ ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას არ გაუწევდა.

_ მხოლოდ ერთი გამოსამშვიდობებელი კოცნა და წავალ… გეფიცები… _ ჩურჩულით წარმოთქვა და პასუხს არ დალოდებია, ისე დაეწაფა მის ოდნავ მთრთოლვარე ტუჩებს.

გოგონა მისი ტუჩებიდან თავის დაღწევას შეეცადა და, რაც შეეძლო, ენერგიულად გაიბრძოლა, მაგრამ რაც მეტხანს ჰკოცნიდა ვაკო, მით უფრო სუსტდებოდა მისი წინააღმდეგობა. კიდევ რამდენიმე წამი და მისი მკლავები უსურვაზივით შემოეხვია მამაკაცის მხრებს, კისერს… სალიმ იცოდა, რომ ის, რასაც ახლა აკეთებდა, სიგიჟე იყო, მაგრამ თავს ვეღარ აკონტროლებდა. თავიდანვე შორს უნდა დაეჭირა მისგან თავი, ის კი არა, საერთოდ არ შემოეშვა სახლში. უნდა ეფიქრა, რომ მსგავსი რამ აუცილებლად მოხდებოდა. ახლა კი… არათუ გული და გონება, სხეულიც კი აღარ ემორჩილებოდა…

ვაკომ ხელები ზურგზე მოხვია სალომეს და მკერდზე მჭიდროდ მიიკრა. მამაკაცი გახელებული კოცნიდა. ყოველი მისი კოცნა მხურვალე იყო და მომთხოვნი… სალიმ თავისი უნებური ამოკვნესის ხმა გაიგონა. პასუხად მამაკაცმა კიდევ უფრო მძლავრად მიიხუტა გულზე. გოგონა გრძნობდა, როგორ ერთიანად თრთოდა მამაკაცი და მოუნდა, მის ყველა სურვილს ბრმად დამორჩილებოდა. თუმცა, როცა ვაკომ ხელები ღამის პერანგის ქვეშ შეუცურა და მის მკერდს შეეხო, შიშმა შეიპყრო. მან მისი დაუფლება გადაწყვიტა. რამდენად მართებული იქნებოდა ეს ნაბიჯი? ამწუთას სალი კიდევაც ფიქრობდა ამაზე და არც ფიქრობდა… კიდევაც უნდოდა, ყველაფერი მომხდარიყო და არც უნდოდა… გონი «არასკენ» ეწეოდა, სხეული _ «ჰოსკენ»… ამიტომ მაინცდამაინც არ უწევდა წინააღმდეგობას… ღმერთო, როგორ შეუძლია, ამ დონემდე დაეცეს, რა ემართება? რატომ იმცირებს თავს? ღირსი არ იქნება, ახლა ხელი ჰკრას ვაკომ და უთხრას, მეზიზღები, შენი დანახვაც არ მინდაო?.. ერთხელ ხომ უკვე მოისმინა მისგან ეს და ხომ ახსოვს, რაც გამოსცადა იმ მომენტში? რატომ იმეორებს იმავე შეცდომას?..

ეს იყო უკანასკნელი, წამიერად წარმოქმნილი და გამქრალი აზრებიდან. კიდევ ცოტაც და შავბნელი ფიქრებისთვის აღარ ეცალა… მისი გონებაც და სხეულიც მამაკაცის ალერსით იყო დაკავებული. მას უკვე აღარ შეეძლო შეჩერება, თუნდაც სიცოცხლის ფასად დაჯდომოდა ეს ნაბიჯი. _ ვაკო… საყვარელო… _ ამოთქვა ბოლოს და გულიც ამოაყოლა.

მამაკაცი უფრო და უფრო ძლიერად უჭერდა მკლავებს, თითქოს მისი წელში გაწყვეტა გადაუწყვეტიაო, თან ფრთხილობდა, ნაღრძობი ხელი არ ტკენოდა. არც ის ჩანდა უკეთეს დღეში. თითქოს მოსწრებაზე იყო, გახელებული კოცნიდა ქალს, ვნებამორეული ეწაფებოდა სხეულის ნებისმიერ წერტილს, რომლის მოშიშვლებასაც ახერხებდა. ბოლოს, როცა იგრძნო, რომ მუხლებში ძალა ელეოდა, გოგონა ხელში აიტატა და სუნთქვაგახშირებული საძინებლისკენ გაემართა. სალის პროტესტი არ გამოუხატავს, კვნესოდა მხოლოდ… როგორც პატარა, ავადმყოფი ბავშვი… მისუსტებული, დაუძლურებული… არადა, მართლაც ავად იყო… და მხოლოდ ვაკოს შეეძლო მისი განკურნება…

მამაკაცმა ოთახის კარი ფეხით შეაღო, ქალი საწოლზე ფრთხილად დაუშვა და ტანსაცმლის გახდას ისეთი სისწრაფით შეუდგა, თითქოს განსაზღვრულ დროში უნდა ჩატეულიყო, თან თვალს არ აშორებდა გოგონას იმის შიშით, ამ უკანასკნელს სურვილი არ განელებოდა… ვაკოს დანისლული თვალები ეფერებოდნენ მის მღელვარე მკერდს და მკვრივ, გლუვ მუცელს, გაუგონარ ნეტარებას ჰპირდებოდნენ… იგი თავადაც ვერ აცილებდა მამაკაცს ხარბ და მოლოდინით აღსავსე მზერას. ერთი სული ჰქონდა, როდის შეეხებოდა მისი ცხელი, დაკუნთული სხეული, როდის შეერწყმოდა მისას, როდის გახდებოდნენ ერთი მთელი, თითქოს მხოლოდ ამით შეიძლებოდა მისი სიცარიელის ამოვსება. ახლავე, ამწუთას! ამწამს! მეტის ლოდინი აღარ შეეძლო…

მალე ყველაფერი დამთავრდა… მამაკაცს წამითაც არ უფიქრია, მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა, მისდა გასაოცრად, უხეშიც კი აღმოჩნდა საწოლში… ამას კი აღარ მოელოდა… არადა, ისეთი ვნებიანი იყო ვაკო, ისეთი გახელებული… იქნებ განგებ მოიქცა ასე? იქნებ ამით მისი დასჯა გადაწყვიტა? უსიამოვნო ფიქრები მალევე გაფანტა და როცა განცხრომის ტალღამ გადაიარა, თვალები დახუჭა და მამაკაცის რეაქციის მოლოდინში გაისუსა.

ტუჩებზე მაინც კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა. რამდენი ხანია, ამ დღეს ელოდა. მიუხედავად მათ შორის ბოლო დღეებში წარმოქმნილი განხეთქილებისა, იცოდა, ვაკო მის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებდა. გული უგრძნობდა ამას… და აი, გამართლდა მისი წინათგრძნობა… საინტერესოა, რას ეტყვის ახლა, როცა ვნება დაუცხრა? რით იმართლებს თავს? ის, რაც ამ წუთებში მათ შორის მოხდა, ფაქტობრივად, ხომ შერიგებას ნიშნავს?

სალი გარინდული იწვა და მის გვერდით გაშოტილი მამაკაცის უკვე დამშვიდებული სუნთქვის ხმა ესმოდა. ახლა ის შემოტრიალდება მისკენ, თავქვეშ ხელს ამოსდებს, კვლავ შეეხება, თვალებში ჩახედავს და რაღაც სასიამოვნოს ეტყვის, რაღაც თბილს, საალერსოს… ან, სულაც, არაფერს ეტყვის და ისე მოეფერება…

მოულოდნელად ვაკომ, სრულიად უკმაყოფილო ტონით, გაურკვევლად ჩაილუღლუღა რაღაც და საწოლიდან დაფეთებული წამოხტა. სალიმ გაოცებისგან თვალები დააჭყიტა. მამაკაცი შარვალს ეცა და სწრაფად შეუდგა ჩაცმას.

_ ეს შეცდომა იყო, _ ჩქარ-ჩქარა იმეორებდა იგი, _ საშინელი შეცდომა, სატანური შეცდომა…

_ ნუთუ?!. _გასაოცრად მშვიდი ხმით უპასუხა სალიმ, რათა ირონია დაემალა, _ მე კი მგონია, რომ შენ სწორედ ამისთვის მოხვედი აქ, _ მწარედ გაეღიმა გაფითრებულს, _ შენ ხომ სპონტანურად არ გაგჩენია ჩემი მოფერების სურვილი. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორ მჭამდი თვალებით მთელი საღამო, ნათელი იყო, რომ გადაწყვეტილება იქამდე გქონდა მიღებული.

_ მერედა, რატომ არ გამაჩერე? _ ზიზღნარევი ღიმილი გამოესახა მამაკაცს სახეზე, _ თუმცა შეგიძლია არ მიპასუხო. შენც გათვლილი გქონდა ყველაფერი და თუკი ერთხელ მაინც დავწვებოდი შენთან, თავს ვეღარ შევიკავებდი და კიდევ ერთხელ გთხოვდი ცოლობას, არა? აი, მაშინ კი შენი «თანახმა ვარ» საყოყმანო აღარ გახდებოდა!

მოსმენილით შეძრწუნებული გოგონა ლოგინიდან ელდანაკრავივით წამოფრინდა, ხელის ერთი აკვრით გაეხვია ზეწარში, რათა სიშიშვლეს მრისხანებაში ხელი არ შეეშალა და სიძულვილით სავსე მზერით მამაკაცს წინ აესვეტა.

_ ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო, ამაზეა ნათქვამი! ეს შენ მოხვედი ჩემთან და არა მე შენთან. შენ მომიჩოჩდი საკოცნელად და არა მე. ასე რომ, მე ნურაფერს მაბრალებ.

_ მაგრამ ტანგო რომ იცეკვო, ორი ადამიანია საჭირო, _ არ დაუთმო მამაკაცმა და პერანგის ღილების შეკვრას შეუდგა.

_ მართალი ხარ… და უნდა გამეთვალისწინებინა ეს, _ სიმწრისგან ტუჩი ლამის წაიკვნიტა სალიმ, _ თუ ვინმე დაზარალდა ამით, მხოლოდ მე. შენ მამაკაცი ხარ და გაილაღე, შეგრჩა კიდეც. მე კი… ამ ლაქას დიდხანს ვერ ჩამოვირეცხავ, ისეთი შეურაცხყოფილი დამტოვე. მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე. სხვა დროს მსგავსი რამის იმედიც არ გქონდეს, ტყუილად გულშიც არ გაივლო, რომ რამე გამოგივა. და თუკი ერთხელ მაინც გაბედავ და ჩემს კოცნას გადაწყვეტ, განანებ, იცოდე!

მისმა განრისხებამ ვაკო ძალზე გაამხიარულა.

_ რა ბოროტი ხდები, როცა ბრაზობ….

იგი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, რათა წინდა და ფეხსაცმელი ჩაეცვა. სალი გაცოფებული ადევნებდა თვალს მის ყოველ მოძრაობას. ბოლოს ვაკო აუჩქარებლად წამოდგა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

_ არ დაგავიწყდეს, რომ მამიდაშენის თვალში ჩვენ კვლავ შეყვარებულებად ვრჩებით.

თამაშის გაფუჭება არც იფიქრო.

_ ვფიქრობ, ჩვენი ერთად გამოჩენა სულაც არ არის აუცილებელი. ამიტომ, კეთილი ინებე და მაშინ მოინახულე მამიდა, როცა იგი მარტო იქნება, ამით პრობლემებიც ნაკლებად შეგვექმნება.

_ ასე არა გამოვა, _ იუარა მამაკაცმა, _ აჯობებს, წესების მიხედვით ითამაშო, სალი.

_ თორემ რა? _ გამომწვევად იკითხა, _ თუკი ეს პატარა ეპიზოდი, შენი დაკვირვებით, თამაშის წესებში შედის და გგონია, რომ მსგავსი რამ კიდევ ერთხელ განმეორდება, გირჩევ, თავიდან ამოიგდო ეს აზრი, თანაც, ახლავე.

_ განმეორება აღარ იქნება, _ დარწმუნებით წარმოთქვა ვაკომ, _ უბრალოდ, რაღაც მომენტში გონი დავკარგე, ნებისყოფამ მიმტყუნა. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცი ვარ… შენც ხომ აღნიშნე, რომ…

_ არც მაშინ იყავი სრულ ჭკუაზე, როცა ამ სპექტაკლის თამაში შემომთავაზე. რა გინდოდა, რას მერჩოდი? თავში აზრად როგორ მოგივიდა მსგავსი რამ? განა შეიძლებოდა, ამაზე მეტი სისულელე მოეფიქრებინა საღი გონების ადამიანს?

_ ეს სხვადასხვა რამეა, _ გაგულისებულმა გადააქნია თავი ვაკომ, წამოდგა, შარვლის ტოტები შეისწორა და კარისკენ გასწია.

სალის იმედი ჰქონდა, სანამ იგი გავიდოდა, ერთ დამაიმედებელ წინადადებას მაინც ეტყოდა ან სულაც, ერთხელ მაინც მოხედავდა ისე, ბოდიშის მოხდისმაგვარი მზერით, რადგან ასეთ დროს ურეაქციოდ არასდროს მიდიან მამაკაცები. მაგრამ შეცდა, უღალატა ქალურმა ინტუიციამ. ვაკომ ისე გაიჯახუნა კარი, არც არაფერი უთქვამს და არც უკან მოუხედავს…

გოგონას ისე შეუგუბდა სული, ლამის გონება დაებინდა. რა საშინლად დამთავრდა საღამო… კიდევ ერთხელ დარჩა შეურაცხყოფილი… კიდევ ერთხელ დასცინეს… როგორ მოინელოს ეს? რატომ არის ასეთი მიმნდობი? რით ვერ ისწავლა ჭკუა? ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ, ის კი…შეცდომაზე კიდევ შეცდომას უშვებს. ახია მასზე! ასეც მოუხდება! იქნებ ახლა მაინც მოეგოს გონს და გაახილოს თვალები! იქნებ ახლა მაინც ისწავლოს ადამიანების გარჩევა და ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნედეს იმაში, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება! რატომ სჯის ცხოვრება ასე? იმიტომ, რომ ავთოს თავის დროზე გული ატკინა? რომ მოატყუა? მაგრამ ამისთვის ხომ უკვე მრავალჯერ მიეზღო სამაგიერო, ნუთუ არ კმარა? როდემდე უნდა იტანჯოს? როდემდე უნდა ზიდოს ცოდვის ის ტვირთი? ნუთუ არასდროს უნდა გაუმართლოს ცხოვრებაში? ნუთუ სამუდამოდ დასჯილმა უნდა იაროს?

სასოწარკვეთილი საწოლზე პირაღმა დაემხო და ხმამაღლა აქვითინდა. ფაქტი ფაქტად რჩებოდა _ ვაკო იმ განზრახვით ესტუმრა, რომ მისთვის სამაგიერო ამ გზით გადაეხადა. თვითონ კი მიამიტი ბავშვივით მიენდო და მკლავებში ისე ჩაუგორდა, იოტისოდენა წინააღმდეგობაც არ გაუწია. გაუწია კი არა, მგონი, თავად უფრო მეტად აქტიურობდა _ წამითაც არ გაუჩერებია ხელები და ტუჩები… იმიტომ, რომ მოეწონა მასთან… იმიტომ, რომ უყვარდა იგი… იმიტომ, რომ ეგონა, მასაც უყვარდა… ეგონა, მანაც ვერ დათმო ეს სიყვარული…

როცა ტირილით დაოსდა, გადაწყვიტა, დაეძინა. ისე დაღლილად გრძნობდა თავს, თითქოს მთელი დღე ფქვილით სავსე ტომრები ეთრია, ყველა კუნთი სტკიოდა. მიუხედავად ამისა, ისე დაათენდა თავს, რული არ გაკარებია, წამითაც ვერ მოხუჭა თვალი.

8 8 8

მეორე დღეს, როგორც იქნა, ეღირსა და თაბაშირი მოხსნეს. მარინაც გამოწერეს საავადმყოფოდან. საღამოს, როცა ვაკო მის სანახავად მოვიდა, სალის თავადაც გაუკვირდა, ისე ადვილი აღმოჩნდა მასზე უზომოდ შეყვარებულად თავის მოჩვენება. ამჯერად სულაც არ გაძნელებია ამ როლის თამაში. პირველ რიგში, თავად მამაკაცმა გაუადვილა ამოცანა _ ერთი სიტყვითაც არ გადაუკრავს მისთვის წინა საღამოს მომხდარი ამბის შესახებ. პატიოსნად თამაშობდა ყურადღებიანი და მზრუნველი შეყვარებულის როლს. მამიდასაც წამით არ შეჰპარვია ეჭვი მათი გრძნობების გულწრფელობაში, მით უმეტეს _ თავად სალი იმდენად არტისტულად იქცეოდა, თვითონაც აღფრთოვანებული დარჩა საკუთარი საქციელით.

შემდეგ დღეებში გოგონამ ბევრჯერ დაიჭირა მამაკაცის მზერა… მზერა, რომელიც იმდენს და  ისეთს გპირდება, რასაც, ჩვეულებრივ, შეყვარებულები ჰპირდებიან ერთმანეთს, როცა მარტონი რჩებიან… იგი ისე ხშირად ეხებოდა სალის ხელებს, გოგონას სინამდვილეშიც შეეძლო ეფიქრა, რომ მამაკაცისთვის სულერთი არ იყო, რომ არა მათი ბოლო შეხვედრა და საუბარი… ვაკო ისე ოსტატურად იხდენდა როლს, მამაკაცის სიძულვილში ღრმად რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული, იფიქრებდა, რომ ამ უკანასკნელს მის მიმართ სიბრაზემ გადაუარა.

მარინა დღითიდღე უკეთ ხდებოდა. ერთ საღამოსაც, როცა ვაკო დარწმუნდა, რომ მარინას მარტო დატოვება შეიძლებოდა, სალის სახლს გარეთ შეხვედრა შესთავაზა.

_ გავიაროთ სადმე, სულ შინ ხომ არ ვისხდებით? _ შეგნებულად ხმამაღლა წარმოთქვა, რათა მარინას გაეგონა, რადგან იცოდა, სხვანაირად სალის დათანხმება გაუჭირდებოდა.

_ დიდი ხანია, უკვე დროა! _ წამოიძახა მამიდამ, _ მართალი გითხრათ, უკვე მეშინოდა, სანამ უნდა მიტრიალონ გარშემო-მეთქი. ინვალიდი კი არ ვარ! ისედაც სინდისი მქენჯნის, ჩემ გამო დრო რომ არ გრჩებათ ერთმანეთისთვის.

_ მე ძალიან მომწონს შენ გვერდით ყოფნა, მამი, _ შენიშნა სალიმ.

_ მაგრამ ეს მე არ მომწონს, _ გააპროტესტა მარინამ, _ თქვენ უნდა დაისვენოთ, გაერთოთ, ჩემნაირ ბებრუხანას კი არ უნდა უაროთ საათობით. ან კი რა აზრი აქვს აქ ჯდომას? ხომ ხედავთ, სრულიად ჯანმრთელი ვარ, არაფერი მემუქრება და ხვალიდან გასვლითი რეისების მოწყობასაც ვაპირებ, რომ იცოდეთ. მაგალითად, ჩემს დაქალებს ვესტუმრო _ «სვეტსკი» საღამოები მომენატრა, დიდი ხანია.

_ რა ვიცი, როგორც შენ იტყვი… _ მხრები აიჩეჩა ძმისშვილმა.

_ მაშ ასე, სალი… რის გაკეთებას ისურვებდი, სიხარულო? მითხარი და შენთვის შეუძლებელს შევძლებ, _ მიუბრუნდა ვაკო გოგონას და ისეთი ურცხვი მზერით შეხედა, ლამის გააშიშვლა, თან სახეზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა.

_ თავად უკეთ იცი, როგორ გამართო, _ არც სალომე დარჩა ვალში და წარბები მრავალმნიშვნელოვნად აზიდა.

_ ჩემს ოფისში რომ წაგიყვანო… არ გაინტერესებს, რას ვაკეთებ? რას იტყვი?

_ ბრწყინვალე აზრია! _ მხარი დაუჭირა მარინამ მანამ, სანამ სალი გასცემდა პასუხს, _ უკვე დროა, ამ გოგოს შენი საქმიანი მხარეც გააცნო.

მის სიტყვებზე ვაკოს თვალიც არ დაუხამხამებია.

_ ხვალ, დღის პირველ ნახევარში ძალიან დაკავებული ვარ. დილით ქალაქიდან უნდა გავიდე, შუადღისას მოვბრუნდები. დაახლოებით ოთხისთვის გამოგივლი და მზად დამხვდი, კარგი?

სალიმ თავი დაუქნია.

_ მზად ვიქნები.

როცა ვაკო წავიდა, მარინა ძმისშვილს მიუბრუნდა.

_ შენ რა, არ გინდა მასთან ერთად წასვლა? მომეჩვენა, თითქოს მაინცდამაინც არ გაგიხარდა მისი წინადადება. არც ისეთი ბედნიერი გამომეტყველება გქონდა…

_ როგორ გითხრა, მამი… ჯერ ერთი, შენი მარტო დატოვება არ მინდა… მეორეც, რაში მაინტერესებს მისი ოფისი და თანამშრომლები? ცოტა არ იყოს, მეუხერხულება, ჯერ ისე ახლოს არ ვართ ერთმანეთთან.

_ ნუ სულელობ, შვილო, მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, შენ კი, დროა, ხალხი გაიცნო, _ ხელი აიქნია მარინამ.

_ დარწმუნებული ხარ, რომ კარგად გრძნობ თავს? საშიშროებას ჯერ ბოლომდე არ გაუვლია.

სალი ნატრობდა, რომ მამიდას ეთქვა, «ცოტა არ იყოს, მაინც მეშინია მარტო დარჩენის, მაგრამ არც შენი შინ გამოკეტვა მინდაო» და ამით დარჩენის მიზეზსაც გამოჩხრეკდა და თავს გადაირჩენდა, მაგრამ ნატვრა ნატვრად დარჩა.

_ პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, შვილო, ვიცი, რასაც ვამბობ. ახლა ისე კარგად ვარ, როგორც არასდროს.

8 8 8

სალომე მეორე დღეს საგანგებოდ გამოიპრანჭა, მაგრამ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვაკოსთვის მოეწონებინა თავი. დარწმუნებული იყო, იქ, ოფისში, მის მენეჯერს აუცილებლად ნახავდა და გაიცნობდა. სწორედ მისთვის უნდოდა «თვალები დაეთხარა» თავისი სილამაზით. «მაგრამ, ვაითუ, ჩემზე ბევრად ლამაზია, მაშინ?» _ შეშინებული თან ამაზე ფიქრობდა.

გამომწვევად ჩაიცვა, მაგრამ არა ვულგარულად. საათზე მეტხანს იტრიალა სარკის წინ. ვინ იცის, რამდენი ხელი სამოსი გამოიცვალა. ბოლოს არჩევანი ბორდოსფერ კაბაზე შეაჩერა. თმა მაღლა აიწია და კეფაზე ლამაზად დაიხვია. ტუჩებზე მუქი ფერის პომადა სქლად წაისვა და კარგა ხანს შესჩერებოდა თავის ორეულს სარკეში, მერე საჩვენებელი თითი გაბზიკა და მოწონების ნიშნად შესძახა.

_ მაგარი ხარ, სალი!

ვაკო ხუთის ათ წუთზე მოვიდა. სალომე ზედ კარის ზღურბლთან შეეგება. მამაკაცმა თავით ფეხებამდე შეათვალიერა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს, ცალი წარბი აზიდა მხოლოდ. ორივენი უხმოდ გაემართნენ ჭიშკრისკენ. ქუჩაში გასულ სალომეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. გზის პირას ახალთახალი ვერცხლისფერი «მერსედესი» იდგა, რომელიც მზის შუქზე ერთიანად ლაპლაპებდა.

_ მამიდა დილით რომ გავიდა სახლიდან, ჯერაც არ დაბრუნებულა. თავის დაქალებთანაა. როგორც ჩანს, კარგად ერთობა. დამირეკა და მითხრა, არ დამელოდოო, _ თქვა სალიმ, როცა მანქანაში ჩაჯდა.

_ მაგრამ გვიან მაინც დაბრუნდება, ალბათ, არა? _ შეაპარა ვაკომ.

გოგონამ ფრთხილი მზერა ესროლა.

_ რასაკვირველია, _ გესლიანად უპასუხა.

_ ასეთი ტონით რატომ მელაპარაკები? თუ არ გსიამოვნებს ჩემთან ერთად ყოფნა და წამოსვლა არ გინდოდა, გეთქვა. ვინ გაძალებდა?

_ და მამიდა ამეფორიაქებინა? არა, ამას ვერ ვიზამ!

_ ის მაინც არ არის სახლში. შემიძლია, უკან მიგაბრუნო, თუ ასე ძალიან გინდა.

_ მაგრამ როცა დაბრუნდება, დამიწყებს ყველაფრის დაწვრილებით გამოკითხვას, მე კი ამდენ ტყუილს ვერ მოვიგონებ. მირჩევნია, წამოვიდე. ამით არაფერი დაშავდება. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შემჭამენ შენი თანამშრომლები?

_ მართალია, ნამდვილად არ შეგჭამენ, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს შეიძლება მაინცდამაინც არ გაუხარდეს შენი დანახვა.

_ რატომ, ვის რას ვუშავებ? _ უსიამოვნოდ გააჟრჟოლა გოგონას.

ვაკომ გულიანად გაიცინა.

_ გეხუმრე. გულთან ახლოს არ მიიტანო, რაც გითხარი. პირიქით, მე ის მინდა, ცოტათი მაინც გაგამხიარულო.

_ მართლა? _ მწარედ ჩაიღიმა სალომემ, _ მე კი მგონია, რომ შენ ჩემს გრძნობებს არაფრად აგდებ. შენ მხოლოდ ჩემი სხეული გაინტერესებს.

მამაკაცს ტუჩებზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა.

_ ამ მხრივ მე მარტო არ ვარ, როგორც ვიცი… არ გინდა, ორივემ ვისარგებლოთ ამ ინტერესით და ჩვენ-ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ სიტუაცია?

ამ წინადადებამ შეძრა სალომე.

_ ანუ საყვარლებად დავრჩეთ? ამას მთავაზობ?! _ წამოიყვირა მისდა უნებურად, _ მხოლოდ სექსის გულისთვის ვიურთიერთო შენთან? იმიტომ, რომ ჩვენს სხეულებს არ სურთ, აღიარონ, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია?!

_ ჩემი აზრით, ეს არცთუ ცუდი იქნება.

_ მაგრამ არა ჩემთვის!

_ გინდა მითხრა, რომ იმ საღამომ სიამოვნება არ მოგანიჭა? _ ვაკომ შუქნიშანთან გააჩერა, ნახევრად შებრუნდა და დაჟინებით მიაჩერდა თანამგზავრს.

სალომე მის მზერას გაურბოდა.

_ შენი დუმილი საპირისპიროს ამტკიცებს, _ კმაყოფილმა ჩაიხითხითა ვაკომ.

_ არც იფიქრო, რომ მსგავსი რამ ოდესმე კიდევ განმეორდება, _ გაწიწმატდა გოგონა, _ დღეს მხოლოდ მამიდას გამო დავთანხმდი შენთან შეხვედრაზე.

_ და, ამასთან, გასართობადაც… განა ეს არ შედიოდა შენს გეგმებში?

_ არავითარ შემთხვევაში!

_ რა სამწუხაროა!

_ ვითომ რატომ?

_ რა უნდა იყოს იმაზე უსიამოვნო, როცა გოგოს რესტორანში ეპატიჟები, ის კი მთელი საღამო ბოღმით გაბერილი ზის შენ გვერდით?

_ რესტორანში? ჩვენ ეს არ…

_ ვიცი, ვიცი, მაგრამ როგორ გგონია, იმდენი არ მესმის, რომ ჩემი ოფისის ნახვა და თანამშრომლების გაცნობა შენთვის უინტერესო იქნება? თანაც, როდის ყოფილა, რომ ჩვენი შეხვედრა რესტორნით არ დაგვირგვინებულა?

_ ყოფილა! _ ჯიბრიანად უპასუხა.

_ მაგრამ ეს მაშინ, როცა ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა.

_ და ახლა რა, არ არის დამთავრებული? _ ნიშნის მოგებით გახედა.

_ ახლაც არის, თუმცა არც არის… მამიდაშენის გულის გასახარად, ვიფიქრე, რესტორანში წავიყვან-მეთქი, თან ტყუილის თქმაც არ მოგიწევდა. ხომ ხედავ, ყველანაირად გიწყობ ხელს, რომ მის წინაშე მართალი გამოჩნდე.

_ გმადლობ, არ მჭირდება. რაც შეეხება ჩემს ბოღმით გასიებას, შეგიძლია მშვიდად იყო. აი, დავბრუნდები მოსკოვში და ხასიათიც გამომიკეთდება.

_ აი, ეს კი მართლაც შეაშფოთებს შენს მამიდას! _ შესძახა ვაკომ და, რადგან შუქნიშანზე მწვანე აინთო, მანქანა დაძრა, _ არადა, როგორი დარწმუნებულია, რომ ჩვენ ერთმანეთს ბედნიერად შევეწყვეეეეთ.

_ შეიძლება ასეც მომხდარიყო, შენ რომ არ გეჩქარა და არ მისულიყავი არასწორ დასკვნამდე, _ შენიშნა სალიმ, რომელიც ცდილობდა, არ მიექცია ყურადღება იმ სურნელებისთვის, რომელიც მამაკაცისგან მოდიოდა და რომელსაც ლამის ჭკუაზე გადაჰყავდა.

_ ნუთუ მართლა ასეთი არასწორი იყო ჩემი დასკვნები? _ ცივად იკითხა ვაკომ, _ რაღაც არა მგონია. მაგრამ ჯობია, დღეს არ გავიხსენოთ ეს ყველაფერი. უაზრობაა ერთი და იგივეს თუთიყუშივით გამეორება.

«ის მართალია, ეს კინკლაობა კარგს არაფერს მოგვიტანს», _ გაიფიქრა გოგონამ.

8 8 8

ვაკოს ოფისი არც ისეთი მდიდრული გამოდგა, როგორც სალომე მოელოდა. ყოველ შემთხვევაში, მილიონერის სამუშაო გარემოს ნამდვილად არ შეესაბამებოდა. «ხომ ვამბობდი, არც ისე მდიდარია-მეთქი», _ ნიშნის მოგებით გაიფიქრა და, ცოტა არ იყოს, გაუხარდა კიდეც, მთლად სქელი «ფულის ტომარა» რომ არ აღმოჩნდა მისი გულის «დამკოდი».

თვალებგაფაციცებული გოგონა დაძაბული მზერით აქეთ-იქით იყურებოდა, აინტერესებდა, თანამშრომელ ქალებს შორის რომელი შეიძლებოდა თათა ყოფილიყო. ასეთი განსაკუთრებული გარეგნობის ჯერჯერობით ვერავინ შენიშნა.

_ ვაკო, ასე ადრე ჩამოხვედი? ჯერ არ გელოდით! _ ახალგაზრდა, ქერა მამაკაცი ჩქარი ნაბიჯებით მათკენ გამოეშურა.

_ ჰო, ჩამოვედი, მიშა. რა ხდება აქ, მშვიდობაა? გაიცანი, სალომე… ჩემი მეგობარი ქალი… სალი, ეს მიშაა, მიხეილი, ჩემი მარჯვენა ხელი და ამ ოფისის მთავარი საყრდენი ბოძი, ასე ვთქვათ, _ ვაკომ ისინი ერთმანეთს წარუდგინა.

«ჩემი მეგობარი ქალი! ერთი ამას დამიხედეთ!» გოგონას გაოცებისგან სახე შეეცვალა, თუმცა არ შეიმჩნია და ნაზად გაუღიმა «მთავარ საყრდენ ბოძს».

_ გამარჯობა, მიშა… სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.

_ ჩემთვისაც, ქალბატონო სალომე, ჩემთვისაც… რაო, როგორ თქვი? _ ამ სიტყვებით და ეშმაკური ღიმილით მიშა უფროსს მიუბრუნდა, _ მეგობარი ქალიო? როგრ მოხდა, რომ ბოლოს და ბოლოს, მიხვდი, რომ დროა? ლამისაა, სიმარტოვეში ამოგხდეს სული!

_ ნუ ჩქარობთ, მიშა, _ საუბარში სალი ჩაერია, _ არ გირჩევთ ნაადრევი დასკვნების გამოტანას.

_ არ გამიკვირდა, ამ ბოლო დროს ასეთი მოუცლელი რატომ გახდა-მეთქი? იმიტომაც გადაეცი მთელი საქმეები სამართავად თათას? აი, შე ეშმაკო, შენა! ახლა ყველაფერი გასაგებია. მაგის სუსტი მხრები აიტანს კი ამდენს, ამაზე გიფიქრია? მართალია, თათა უნიკალური ადამიანია, მისი საქმიანი თვისებები სწორედ რომ შექების ღირსია და ისედაც არაჩვეულებრივი ქალია, შეხედავ, გაგიხარდება, მაგრამ მაინც ქალია, სუსტი, ნაზი… იყო დრო, როცა…

_ გეყოფა, მიშა, _ გამაფრთხილებელი ტონით შეაწყვეტინა ვაკომ, _ სალის ეგ ამბები სულაც არ აინტერესებს. იქნებ ირას უთხრა, ყავა შემოგვიტანოს კაბინეტში? დაა შენც შემოდი, კარგი?

სალომე მოიღუშა. როგორც ჩანს, მისი ეჭვი გამართლდა. თუმცა, ახლა ამაზე დაფიქრების დრო არ იყო. გზადაგზა ვაკო მას თანამშრომლებს აცნობდა.

როცა კაბნეტში შევიდნენ, გოგონამ ვერ მოითმინა და ცივად იკითხა.

_ რატომ მიწოდე შენი მეგობარი ქალი? ცოტა არ იყოს, შენი ნათქვამი უადგილოდ მომეჩვენა.

მამაკაცის დანისლული თვალები აშკარად დასცინოდნენ, თითქოს ეუბნებოდნენ, გეგონა, მართლა გასართობად მოგიყვანეს ამ ოფისშიო?

_ მერე რა მოხდა? განა რამე დაშავდა ამით?

_ ის მოხდა, რომ მოვა დრო და მოგიწევს იმის ახსნა, რატომ გავქრი შენი ცხოვრებიდან.

_ ეს ჩემი პრობლემაა და არა შენი, მაგაზე ნუ იდარდებ, _ ხაზგასმით უპასუხა ვაკომ, _ მოდი, ერთმანეთს ხასიათს ნუ გავუფუჭებთ, მშვენიერი საღამოა.

რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე კაკუნი გაისმა.

_ მოდი, ირა! _ გასძახა უფროსმა.

კარი გაიღო და კაბინეტში გამხდარი, სახეშეპუდრული ვიწროთვალება მდივანი გამოჩნდა ყავის ფინჯნებით ხელში.

_ გმადლობ. მიშა სად არის?

_ ახლავე მოვა, კლიენტს ისტუმრებს, _ მდივანს უკიდურესად ბოხი ხმა ჰქონდა, ეტყობოდა, სიგარეტის უდიდესი «თაყვანისმცემელი» იყო.

_ მოგწონს აქაურობა? _ ჰკითხა ვაკომ, როცა ირა გავიდა.

_ არა უშავს, კარგი ოფისია.

_ მიხარია, რომ მოგწონს.

_ და რას საქმიანობთ ძირითადად?

_ ბევრ რამეს. ფართებს ვაქირავებთ, იჯარით გავცემთ, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვამარაგებთ მაღაზიებს… მე ხომ ჩემი ფერმა მაქვს… რა ვიცი, კიდევ რაღაც-რაღაცებს.

ამ დროს მიშამ შემოაღო კარი.

_ ვაკო, წამო, ბუფეტში გადავინაცვლოთ.

_ რა ხდება?

_ არაფერი, ქალებმა პატარა სუფრა გაშალეს სალომეს პატივსაცემად და ხომ არ ვაწყენინებთ?

_ ქალებმა? ეს შენი მოწყობილი ოინი იქნება, ოხერო!

_ კარგი ერთი! დიდი ამბავი! რა, ყოველდღე მოგყავს ქალები ჩვენს გასაცნობად, თუ რა?

_ ო-ოხ, მიშა, მიშა! დიდი ცელქი ვინმე ხარ შენ! წავიდეთ, სალი, უარის თქმა არ გამოვა.

_ თან საქმეზეც დავილაპარაკოთ. ორი ტრაქტორი გამოვიწერე უკრაინიდან. ის ოფისიც აიღეს ორწლიანი იჯარით… _ ასე, ლაპარაკ-ლაპარაკით გავიდნენ კაბინეტიდან და დერეფანს დაუყვნენ.

მოულოდნელად სალომემ ვიღაცის დაჟინებული მზერა იგრძნო. მოიხედა… ერთ-ერთი ოთახის გამოღებულ კართან ულამაზესი ქერათმიანი გოგონა იდგა და დოინჯშემოყრილი მისჩერებოდა.

 

 

«რა ლამაზია! ნეტავ, ეს არის თათა? როგორ მიყურებდა?!» _ გაიფიქრა აჭარხლებულმა სალომემ და უცნობი ქალის ცნობისმოყვარეობით დაძაბულმა გზა ფეხარეულმა გააგრძელა.

ბუფეტში სუფრა მართლა გაეშალათ. ქალებმა ინტერესით და შურით სავსე მზერა მიაპყრეს სალის. მათ არც მამაკაცები ჩამორჩნენ, ხარბად ათვალიერებდნენ გოგონას თავით ფეხამდე და ვინ იცის, გულში როგორ შეჰნატროდნენ თავიანთ უფროსს, ეს რა ქალი «დაუთრევიაო».

მაგიდა სავსე იყო ნუგბარ-ნუგბარით. სხვადასხვა სახეობის ნამცხვარი, შოკოლადი, ხილი და წვენები გამომწვევად უღიმოდნენ სალის. ყველანი ისე თბილად შეხვდნენ, დაძაბულობა ცოტათი მოეხსნა.

ის იყო, დასხნენ, რომ კარი გაიღო და ის ლამაზი გოგო შემოვიდა, წეღან დაჟინებით რომ მისჩერებოდა დერეფანში. სალიმ იგრძნო, როგორ აეწვა სახე, სიწითლისგან ღაწვები უარესად გაუხურდა.

_ აი, ანიც მოვიდააა! _ შესძახა მიშამ და მოსულს ხელებგაშლილი მიეგება, _ მოდი, სტუმარი გაგაცნო! ეს სალომეა, ვაკოს მეგობარი… ეს კი ანია, ჩემი სიცოცხლე და სიხარული! _ მამაკაცმა ქალები ერთმანეთს წარუდგინა, _ ამ შემოდგომას არ გადავაცილებთ, _ ვითომ დიდი საიდუმლო გაანდო მამაკაცმა სალის, _ აქედანვე იცოდეთ, რომ დაპატიჟებული ხართ ჩვენს ქორწილში.

სალომემ შვებით ამოისუნთქა. ის არ ყოფილა, ვინც ეგონა. რა ბედნიერებაა! რადგან ასეა, ჯობია, თვითონაც მოვიდეს ხასიათზე და საერთო მხიარულებას შეუერთდეს.

გოგონამ კმაყოფილი ღიმილით გადახედა სუფრის წევრებს და… იცოცხლე, მოულხინა და რა მოულხინა! წრუპა და წრუპა შამპანური.

მშვენიერი საღამო გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ რესტორანში არ წასულან. რა კარგი კოლექტივი ყოფილა! ისე გაიშინაურეს სალი, თითქოს წლების განმავლობაში მათ გვერდით ემუშაოს. ყველა მასთან გადადიოდა ალავერდს, ვინც სადღეგრძელოს იტყოდა… ისიც სვამდა და სვამდა, წვეთს არ ტოვებდა ჭიქაში…

როცა ვაკოს შინ მოჰყავდა, მხოლოდ მაშინ გააცნობიერა, რომ ზედმეტი მოუვიდა და კარგა გვარიანად იყო შეზარხოშებული.

მთელი გზა ხმა არ ამოუღია იმის შიშით, ენის ბორძიკი არ დამეწყოს და საუბრისას სიმთვრალე არ შემეტყოსო. არც მამაკაცს მოუკლავს თავი ლაპარაკით. მთელი გზა მდუმარედ გაიარეს, ორივე თავის ფიქრებში იყო ჩაძირული.

შინ მისულს მარინა სახლში დახვდა. ძმისშვილს ისე გაბრწყინებოდა თვალები, მამიდა ადვილად მიხვდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. მაშინვე გამოკითხვა დაუწყო _ დრო როგორ გაატარე, რა გითხრეს, როგორ შეგხვდნენ, ვაკომ რა თქვა, იმან რა უპასუხა და ასე შემდეგ…

სალომემ მამიდის ცნობისმოყვარეობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მერე კი დაღლილობა მოიმიზეზა და დასაძინებლად დაწვა.

მეორე დილით თავის ტკივილმა გამოაღვიძა. წყალი გადაივლო, იქნებ შხაპმა ტკივილი მომიხსნასო, მაგრამ არ უშველა. საუზმეზე გულის რევის შეგრძნება არ მოშორებია. ძლივს გადაყლაპა ორიოდე ლუკმა.

_ იმდენ შამპანურს რომ ყლურწავდი, აბა, რა გეგონა? მაგ მდგომარეობას კაცების ენაზე «პახმელია» ჰქვია, _ გაეხუმრა მარინა.

სალი ლამის აკვნესდა, ისე ცუდად გრძნობდა თავს.

_ არა უშავს, სიხარულო, ხანდახან განტვირთვისთვის აუცილებელიც არის ზედმეტის დალევა, _ დაამშვიდა მამიდამ, _ წადი, წაუძინე და შუადღემდე გაგივლის, ეგ არაფერია.

მთელი დღე არ ამდგარა საწოლიდან, შიგადაშიგ წათვლიმა კიდეც, მაგრამ ღებინების შეგრძნებამ მაინც არ გადაურა. არც მეორე დღეს გამოუკეთდა გუნება-განწყობილება. ის კი არა, რაც დრო გადიოდა, მით უარესად ხდებოდა. თავბრუ ეხვეოდა, სისუსტე მოეძალა, ჭამის მადა დაკარგა… იფიქრა, ალბათ შამპანურმა მომწამლაო.

მესამე დღეს ვაკომ დარეკა და ქალები მოიკითხა. სალიმ დაუმალა, ცუდად რომ იყო, არ უნდოდა, მამაკაცი მის სანახავად მოსულიყო და ამ დღეში ენახა.

_ მე ქალაქიდან რამდენიმე დღით გავდივარ, _ აუწყა ვაკომ, _ არ ვიცი, როდის დავბრუნდები. რაღაც-რაღაცები უნდა მოვაგვარო. თქვენ კი არ მოიწყინოთ უჩემოდ.

«რამდენ ხანსაც გაგიხარდება, იმდენ ხანს დარჩი იქ, სადაც მიდიხარ», _ გაიფიქრა გოგონამ, თუმცა კი ცნობისმოყვარეობა კლავდა, გაეგო, საით მიემგზავრებოდა მისი მტანჯველი და ვისთან ერთად. თუმცა, ამ ეტაპზე მისთვის უკეთესიც იყო, ვაკო არ გამოჩენილიყო. ერთგვარი შვებაც კი იგრძნო. მაგრამ რატომ აქამდე არ ახსენა, გამგზავრებას თუ აპირებდა? ნუთუ გუშინწინ არ იცოდა, წასვლა რომ მოუწევდა? სალის კი არა, მარინასაც გაუკვირდა, როცა ეს ამბავი გაიგო. «ალბათ ამ გზით უნდა, რომ უხერხული სიტუაციები ამარიდოს, რათა მამიდა არაფერს მიხვდეს», _ დაასკვნა გოგონამ.

სალომე იმედოვნებდა, რომ უგუნებობა მალე გაუვლიდა, მაგრამ მწარედ შეცდა…

მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ მიხვდა, რა იყო მისი ცუდად ყოფნის მიზეზი…

8 8 8

ნუთუ ორსულად არის? არა, ოღონდ ეგ არა! ღმერთო, უშველე! ან კი როდის მოასწრო? შეიძლება, ერთხელ დაწვე მამაკაცთან და მაშინვე დაორსულდე? ნუთუ ასეც ხდება? არადა, ისე სპონტანურად მოხდა ყველაფერი… ჯერ ხომ ერთი თვეც არ გასულა იმ დღიდან? არა, როგორ არა, თვეზე მეტიც გავიდა… ამის გაფიქრებაზე ოფლმა დაასხა. რა ეშველება ახლა? იქნებ ცდება? მერე რა, რომ ციკლი დაერღვა, იქნებ ჯერ ტესტი ჩაიტაროს? წინასწარ რატომ ნერვიულობს?

სწრაფად გადაიცვა კაბა და აფთიაქში გავარდა ტესტის საყიდლად. სანამ პროცედურას ჩაიტარებდა, თავისი დაემართა…

ახლა კი იდგა ხაზგაწითლებული ჩხირით ხელში და თავბედს იწყევლიდა. მორჩა! ყველაფერი დამთავრებულია! სალომე ორსულადაა და ამის შესახებ ჯერჯერობით არავინ იცის. არც უნდა გაიგოს ვინმემ, განსაკუთრებით ვაკომ. არც მამიდამ! რა ქნას? მოიცილოს ეს ბავშვი? რა საშინელებაა! ამის გაფიქრებაც კი ზარავს! საკუთარი შვილი როგორ უნდა მოკლას? მან რა დააშავა, თუ თვითონ არის უთავბოლო და დაუფიქრებელი? სად იყო მაშინ, როცა მამაკაცს ყელზე ეკიდებოდა? უკვე გვიანაა თითზე კბენანი.

არა უშავს, ახლა უკვე დააჩქარებს მოსკოვში გამგზავრებას და მერე იქ იფიქრებს, როგორ მოიქცეს. არც არაფერია მოსაფიქრებელი. ბავშვს გააჩენს და მარტოხელა დედა გახდება. მარინა, რა თქმა უნდა, გაიგებს, ოღონდ მერე, მოგვიანებით და აუცილებლად დაეხმარება. ყველანაირად დაუდგება გვერდით. ახლავე რომ უთხრას? არა, ახლა არ ივარგებს. ის ვერ მოითმენს და ვაკოს «ახარებს» ამ ამბავს. ის კი… ის კი იფიქრებს, რომ მის ჯინაზე აჩენს იგი ბავშვს, მის გასამწარებლად. იფიქრებს, რომ სპეციალურად მოუწყო ასეთი სიურპრიზი, რათა სალიმ მის ცოლობას გამოჰკრას ხელი. და რა იქნება შედეგი? ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცევა. არ უნდა! აჯობებს, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლაა _ არავინ არაფერი უნდა გაიგოს!

სალის განსაკუთრებით დილაობით უჭირდა. უზმოზე საშინლად ერეოდა გული, ხანდახან აბაზანის კარამდე მისვლასაც ვერ ასწრებდა. მერე რა, რომ კუჭი ცარიელი ჰქონდა? მაინც აზიდებდა. «ბორჯომი» მოიმარაგა გოგონამ, თავთან დაიდგა და დილით, გაღვიძებისთანავე, გაზგასულ სასმელს მოწყურებული მიეძალებოდა ხოლმე. მერე უფრო უადვილდებოდა ღებინება, მწარე გემო არ რჩებოდა პირში.

ნეტავ მალე გაიაროს ამ პერიოდმა. მთელი ორსულობა ხომ არ ექნება ტოქსიკოზი? ჯერჯერობით ახერხებდა იმას, რომ მარინას არ შეემჩნია მისი «მიზეზიანობა». მხოლოდ ერთხელ შემოუსწრო ქალმა, როცა ნიჟარაზე თავით იყო ჩაყუდებული, მაგრამ ადვილად შეძლო მისი დარწმუნება იმაში, რომ საჭმელმა მოწამლა.

ვაკო ხშირად რეკავდა, რათა მარინას არ ეფიქრა, რომ წყვილის სიყვარულმა «ჩაილურის წყალი» დალია. ჯერ მარინას დაელაპარაკებოდა, მერე სალის და ათასგვარ უინტერესო თემებზე ესაუბრებოდა, რათა დამაჯერებელი ყოფილიყო მათი სასიყვარულო ურთიერთობის ისტორია. საუბრის ბოლოს კი დაჟინებით თხოვდა გოგონას, ეთქვა მისთვის, მიყვარხარო.

_ ხმამაღლა თქვი, რომ მამიდაშენმა გაიგონოს, გესმის? _ მოითხოვდა მამაკაცი, _ მიანიჭე მას ეს ბედნიერება.

სალომეს სულაც არ ჰქონდა სიყვარულის ახსნის თავი. იმდენად ცუდად იყო, ასეთ წუთებში მისთვის სულერთი იყო, ვის რა ესიამოვნებოდა და ვისთვის რისი მოსმენა იქნებოდა სასიხარულო, მაგრამ თავს მაინც ატანდა ძალას. ვაკოს აშკარად სიამოვნებას ანიჭებდა მისი ეს ტანჯვა. საუბრის კილოზე ეტყობოდა, რომ ფრიად კმაყოფილი რჩებოდა სალის «ძალად აღიარებითი» სიყვარულით. ერთი პერიოდი, სალიმ მტკიცედ გადაწყვიტა, მამიდასთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერ გაბედა. მაინც შეეშინდა. ახლა რომ ცუდად გამხდარიყო გამზრელი, გოგონა ნამდვილად ვერ მოუვლიდა მას, ამის ძალა აღარ შესწევდა. ამიტომ გაჩუმება ამჯობინა.

ერთ საღამოსაც, ვაკომ დარეკა და ქალებს ახარა, ხვალ ჩამოვდივარო. სალის გული კინაღამ გაუჩერდა. რა მოხდება, რამე რომ შეატყოს? ის ხომ ძალიან შეიცვალა ბოლო ხანებში? გახდა, სახე გაუფითრდა, ტუჩებიც გაუუფერულდა და ჩაეთეთქვა. ჭორფლებივით ყავისფერი ლაქებიც კი გაუჩნდა ცხვირის გარშემო… არა უშავს, მერე რა? კარგად რატომ უნდა იყოს? ამხელა ნერვიულობა გადაიტანა მის გამო, რამ უნდა გაახაროს? ნერვიულობამ თავისი კვალი დაამჩნია, ეგ არის და ეგ. აი, ამით იმართლებს თავს. «მაგრად დადექი, პატარავ! ის მოიქეცი, თითქოს არაფერიც არ მომხდარა! ეჭვის ოდნავი საბაბიც არ გაუჩინო მაგ საზიზღარს!» _ ამხნევებდა თავის თავს საღამოს განმავლობაში.

მთელი ღამე იწრიალა ლოგინში. «არ ვიცი, რომელ საათზე შემოგივლით, _ ყურში ახლაც ჩაესმოდა მამაკაცის ხმა, _ ალბათ უფრო გვიან საღამოს, მაგრამ ჩემს მოსვლამდე ნუ დაწვები. ხომ იცი, არ არის ლამაზი, შეყვარებულს არ დაელოდო. მამიდაშენს ეჭვი შეეპარება.» არადა, როგორ არ ადარდებდა სალის ახლა, დახვდებოდა თუ არა ფეხზე «ფსევდოშეყვარებულს»! ბოლო დღეებში ისეთ მდგომარეობაში იყო, არავის ნახვა არ უხაროდა, არც არავის ხმის გაგონება და, საერთოდ, არაფერი, არაფერი ახარებდა.

მეორე დღესაც უხასიათოდ გადი-გამოდიოდა ოთახიდან აივანზე, ადგილს ვერ პოულობდა. მარინა დილით სადღაც გავიდა, მხოლოდ შუადღისას მობრუნდა შინ. ამით ისარგებლა სალიმ და როგორც კი ქალი დაბრუნდა, მაშინვე საძინებელში შევარდა, ცოტა ხნით წავუძინებო და საღამომდე ოთახიდან არ გამოსულა.

რაც უფრო ახლოვდებოდა ვაკოს მოსვლის დრო, მით უფრო იპყრობდა შიში, უფრო და უფრო იძაბებოდა. მისდა საბედნიეროდ, მამაკაცი იგვიანებდა. მარინამ მეტი ვეღარ გაძლო.

_ ძალიან დავიღალე, _ დაიწუწუნა, _ ლოდინის ძალა აღარ შემწევს. გარდა ამისა, ის შენს სანახავად უფრო მოდის, ვიდრე ჩემს მოსაკითხად. აკოცე ჩემ მაგივრად და უთხარი, ხვალ შემოიაროს, კარგი? _ და დასაძინებლად გაეშურა.

ამასობაში თორმეტი დაიწყო. სალიმაც გადაწყვიტა დაწოლა. წეღან კიდევ ერთხელ აერია გული. ახლა მართლა არ უნდოდა, ვაკო მოსულიყო. სრულიად გაუქრა მამაკაცთან არათუ ინტიმური, უბრალო სიახლოვის სურვილიც კი. სწორედ ის დროა, მათი სამუდამო განშორების პროცესი დაიწყოს და ამ პროცესს თავად უნდა ჩაუყაროს საფუძველი.

გვიან, ძალიან გვიან მოვიდა ვაკო, საოცრად დაღლილი სახე ჰქონდა.

_ მობრძანდი, _ შემოიპატიჟა გოგონამ, გაკვირვებულმა იმით, რომ ხმა გაბზარვოდა.

უცნაურია, სულაც არ უნდოდა მისი ნახვა და რამ აუკანკალა მუხლები? ასე რატომ მოუდუნდა სხეული? გული რატომ უცემს ასე გამალებით? ლამისაა, ბუდიდან ამოუხტეს.

_ მამიდა უკვე დაწვა, _ ძლივს ამოთქვა გოგონამ, _ შენთან მოკითხვა დამაბარა და მოგიბოდიშა, ცოტა შეუძლოდ გრძნობდა თავს, ვეღარ დაგელოდა.

_ ვიცი, რომ უკვე გვიანია, _ თქვა მან, _ მაგრამ…

_ ჯობდა, ხვალ მოსულიყავი.

_ არ დაგავიწყდეს, რომ ყურებამდე ვარ შეყვარებული, _ ვაკოს დანისლული ნაცრისფერი თვალები ყურადღებით ათვალიერებდა მის სახეს, _ რაღაც ვერ გამოიყურები ყოჩაღად. ასე დაგღალა მამიდაშენმა?

სალი ელოდა მისგან ასეთ რეაქციას, ამიტომ პასუხიც წინასწარ ჰქონდა მომზადებული. ნაზად გაიღიმა და თავი გადააქნია.

_ უბრალოდ, ძალიან მეძინება, სხვა არაფერი, _ უპასუხა და შეტრიალდა, რათა მამაკაცს სხვა «გამყიდველი ნიშნებიც» არ აღმოეჩინა მის სახეზე, _ დალევ რამეს?

ვაკომ ოფლით დაცვარული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა.

_ მაგარ ყავას კი დავლევდი, თუ არ გეზარება მოდუღება. ვიცი, ღამით ყავა რომ მავნებელია, მაგრამ ახლა ცოტათი თუ არ გამოვცოცხლდი, შეიძლება აქვე გავგორდე. ძლივს ვდგავარ ფეხზე, მაგრად დავიღალე.

ჰოდა, სალიც მაგას არ ამბობს? რას მოდიოდა? ხვალინდელი დღე არ გათენდებოდა, თუ რა? ვერაფერი გაუგია…

სალი თან ფიქრობდა, თან ყავას ადუღებდა. ვაკო აივანზე, სავარძელში უძრავად მოკალათებულიყო. გოგონამ ორი ფინჯანი ყავა გამოიტანა და რომ შეხედა, იფიქრა, ჩაეძინაო. მამაკაცს ფეხები წინ ჰქონდა წაწეული, ხელები გულზე დაეკრიფა, თავი სავარძლის საზურგეზე მიედო და თვალებდახუჭული თანაბრად სუნთქავდა. როცა იგი მიუახლოვდა, მხოლოდ მაშინ გაახილა თვალები და გვერდულად გახედა სალის. კიდევ კარგი, აივანზე მხოლოდ ერთი ნათურა ბჟუტავდა, თორემ მამაკაცი ადვილად შეამჩნევდა მის აჭარხლებულ ღაწვებს.

ბოლო დღეებში სალომე მთელი ძალისხმევით ცდილობდა, რაც შეიძლება, ნაკლები ეფიქრა მასზე, უნდოდა, როგორმე დაევიწყებინა იგი. არწმუნებდა თავის თავს, ამიერიდან ვაკო აღარაფერში მჭირდებაო, მაგრამ აი, დაინახა თუ არა, ყველაფერი თავიდან დაიწყო. როგორც კი ერთი ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა, მიხვდა, რომ მთელი სულით და გულით მხოლოდ ამ მამაკაცს ეკუთვნოდა და სხვას არავის.

_ ეს დასვენების პირველი წუთია, რომლის შესაძლებლობაც მომეცა მას შემდეგ, რაც გავემგზავრე, _ თქვა ვაკომ.

_ კარგად მოიარე? ყველაფერი მოაგვარე?

ვაკომ ოდნავ შეარხია ნესტოები.

_ შენ ეს ძალიან გაინტერესებს?

სულაც არ არის აუცილებელი, შერლოკ ჰოლმსი იყო, რათა მის აზრებს ბოლომდე ჩაწვდე. მიხვდა სალი, საითკენაც უმიზნებდა მამაკაცი, მაგრამ აბა, რისი სალომე იქნებოდა, ამას ვერ მიმხვდარიყო.

_ სულაც არა. ისე, ზრდილობის გულისთვის გკითხე.

_ რა ხდება თქვენკენ ახალი?

_ ისეთი არაფერი, ყველაფერი ძველებურად.

_ იმ ბავშვმა რა ქნა?

_ რომელმა ბავშვმა? _ ვერ მიხვდა სალი.

_ შენ რომ «გაგყიდა».

_ ა! ნინიზე მეკითხები? გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ჩაირიცხა კიდეც.

_ ყოჩაღ! ეგ გოგო შორს წავა, კოჭებზე ეტყობა.

_ ჰო.

_ სხვათა შორის, შენ რომ არ ყოფილიყავი, აუცილებლად შებმას დამიწყებდა, მაგრამ შენი შიშით ვერ გაბედა.

_ ჩემი შიშით? ჯერ ერთი, მას არავისი ეშინია და მეორეც, არა მგონია, ეგეთი საშიში ვიყო.

_ ეგ არ მიგულისხმია. შენმა ფაქტორმა შეაკავა-მეთქი, უნდა მეთქვა, რათა ადვილად მიმხვდარიყავი, რისი თქმაც მინდოდა.

_ როგორც ჩანს, შენც მოგეწონა, ისე დანანებით ლაპარაკობ მასზე… _ ირონიულად შენიშნა გოგონამ.

_ მე შენ ვინ გგონივარ? _ წარბები შეკრა მამაკაცმა, _ ვგავარ იმ ადამიანს, ლიფსიტებზე რომ ნადირობს?

_ მაგრამ ეგეთი ლიფსიტების ნათქვამის ხომ ბოლომდე გჯერა? _ მწარედ ჩაურტყა.

ვაკომ თავი გააქნია. მიხვდა, რომ სისულელე ჩაიდინა, ახლა აქ რომ მოვიდა, მაგრამ თავს ვეღარ მოერია. რა წარმოდგენაც არ უნდა ჰქონოდა სალომეზე და როგორი გაბრაზებულიც უნდა ყოფილიყო მასზე, მისი სხეული გონებას უკარგავდა. ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო, თვალწინ მისი სახება ედგა… დღეც, ღამეც… განსაკუთრებით ღამით, როცა მარტო რჩებოდა თავის თავთან, ფანტაზიებს იშველიებდა და წარმოიდგენდა, რომ სალომე გვერდით ეწვა. ოცნებებში ეალერსებოდა. წარმოუდგენელი რამ ხდებოდა მის თავს. არასდროს არც ერთი ქალის გამო არ ჩავარდნილა ასეთ დღეში. ის ახლა ტყვეობაში იმყოფებოდა, ამ გასაგიჟებლად კარგი ქალის ტყვეობაში!

სწორედ ამ გრძნობამ მოიყვანა ამაღამაც აქ, მიუხედავად იმისა, რომ შუაღამე მოახლოვდა. სალის სიახლოვეს საოცარ სიმსუბუქეს განიცდიდა, სწორედ მაშინ ხვდებოდა, რა მშვენიერია სიცოცხლე, რა საამურია ცხოვრება! რა დიდი სიამოვნებით ჩაისვამდა ახლა კალთაში და მოეფერებოდა! სამწუხაროდ, მის ამ ნატვრას ასრულება არ ეწერა. ისინი მარტო არ იყვნენ სახლში, ამიტომაც მოუწევდა თავის შეკავება.

სალის ნათურის შუქი არ ეცემოდა, ამიტომ ვაკო მის სახეს ვერ ხედავდა. მხოლოდ მაშინ ხედავდა გოგონას ანთებულ თვალებს, როცა მისკენ მოატრიალებდა თავს. რა მიმზიდველი ვინმე იყო! მამაკაცს კინაღამ სასულეში გადაცდა ნერწყვი!

ჯანდაბას! ნუთუ არ შეუძლია, გონებას მოუხმოს და გულგრილობა შეინარჩუნოს? სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტონი არ არიან. ეს ყველაზე დიდი ბარიერი იყო. არ ღირდა სურვილის გამომჟღავნება, ტყუილი მცდელობა გამოუვიდოდა მაინც.

ისე, რომ არა მარინა და მათი დიდი ხნის მეგობრობა, ვაკოს უკვე კარგა ხნის დავიწყებული ეყოლებოდა სალომე. აქამდე განდევნიდა თავისი ცხოვრებიდან ამ ლამაზ გოგონას. მაგრამ რადგან აუცილებლობა მოითხოვდა, ხშირად ენახა იგი, ეს უფრო უღვივებდა ისედაც გახურებულ გრძნობებს. სწორედ ეს გრძნობები ტანჯავდა, ნამდვილ ქაოსს ქმნიდა მის გონებაში, აზრებს უფანტავდა. რამდენჯერმე, საქმიანი შეხვედრის დროს, უეცრად დააფიქსირა, რომ მისდა უნებურად, სალიზე ფიქრობდა. და იმდენად იტაცებდა ეს ფიქრი, იძულებული ხდებოდა, პარტნიორებისთვის ნათქვამის გამეორება ეთხოვა. ამის გამო ვიღაც-ვიღაცებმა უკვე უცნაურად დაუწყეს ყურება.

_ ვაკო, მისმენ?

აი, ახლაც! ამჯერად კი სწორედ იმ ადამიანის საზოგადოებაში დაემართა იგივე, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღოდა მისი გონების გაფანტვაში. სწორედ ეს ხმა იყო ყველაფერში დამნაშავე!

_ მაპატიე… რა მითხარი? _ ძლივს გამოერკვა მამაკაცი და შეირხა.

_ ის გითხარი, რომ მოსკოვში ვაპირებ დაბრუნებას.

ვაკომ მსწრაფლ ასწია თავი და სავარძელში გასწორდა.

_ ეს შეუძლებელია! _ წამოიძახა და მაშინვე ინანა, რაც თქვა. სალის გამგზავრება ხომ საუკეთესო გამოსავალია მის დასავიწყებლად. ორივესთვის აჯობებს ასე და, პირველ რიგში, მისთვის.

_ ვითომ რატომ? _ ცივად შეხედა გოგონამ.

_ მამიდაშენის გამო, რა თქმა უნდა! _ მშვიდად მიუგო და გულში დაამატა, «იმიტომ, რომ სიგიჟემდე მინდიხარ! მიუხედავად ყველაფრისა, შენთან მინდა! აი, რა სისულელემდე შეიძლება თურმე მივიდეს მამაკაცი!»

_ მამიდას მოუწევს ამის შეგუება. უახლოეს დღეებში ვაპირებ მასთან ამ თემაზე დალაპარაკებას.

_ რას ამბობ! გაგიჟდება, ეგ რომ გაიგოს. ამან შეიძლება მორიგი შეტევა დამართოს. არ გეშინია, ინფარქტი კვლავ რომ გაუმეორდეს?

ამას ჰქვია წმინდა წყლის შანტაჟი! განა არ ჯობია, გაემგზავროს? მის ტანჯვასაც მოეღება ბოლო! კვლავ ძველებური ვაკო გახდება! ახლა თავის თავს არ ჰგავს! რა ემართება?

_ ვეცდები, ფრთხილად  ვიყო. ისე შევაპარებ, რომ მისთვის საწყენი არ გახდეს ეს მომენტი, _ მისმა ულამაზესმა ლურჯმა თვალებმა ნახევრად სიბნელეში ჩასაფრებულივით გაიელვა, _ და შენც მადლობელი დაგრჩებოდი, თუ ცოტათი მაინც მოადუნებდი ჩემდამი ყურადღებას, თორემ მის დასანახავად ისე მექცევი…

_ როგორ გექცევი? _ სმენად იქცა მამაკაცი.

_ თითქოს თავს ვერ იკავებ და ერთი სული გაქვს, როდის მომეფერები… ახლაც კი, ისე გააპროტესტე ჩემი წასვლის ამბავი, რომ…

აი, თურმე როგორს ხედავს გოგონა მას! _ ღიმილი ვერ შეიკავა.

_ სასაცილოს ვერაფერს ვხედავ! _ წარბები შეკრა სალომემ.

_ არ ვიცინი, _ ვაკომ სერიოზული გამომეტყველება მიიღო, _ მაგრამ შენი ჩანაფიქრიდან მაინც არაფერი გამოვა.

_ რატომ გგონია?

_ მარინა გამოცდილი და ჭკვიანი ქალია, ასე ადვილად ვერ გავაცურებთ. სხვა, უფრო საზრიანი რამე უნდა მოვიფიქროთ. ისეთი მიზეზი უნდა დავასახელოთ, რომ მას ეჭვი არ შეეპაროს ჩვენს გულახდილობაში.

სალიმ ყავა მოხვრიპა და ღამეს გახედა… სადღაც, შორს, ფეიერვერკებმა გაანათა ცა.

_ ვიღაცას ეზეიმება, _ შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა ვაკომ.

_ ჰო, ვიღაცას კი.

_ ჩვენ კი არა, ხომ? _ გაიცინა.

_ ჩვენ არა, _ დაუდასტურა.

მამაკაცმა შეატყო, რომ სალომე უცნაურად იყო დაძაბული. ალბათ იმის გამო, რომ ჩემთან განშორება მოუწევს, _ გაიფიქრა. ან იქნებ, სულაც არ უმძიმს ამის გაკეთება? თვითონაც ხომ უნდა უხაროდეს, თუკი მალე დაშორდება მას? რაც უფრო შორს იქნებიან ერთმანეთისგან, მით უკეთესი ორივესთვის.

_ ჩემი აზრით, მოიფიქრებ რამეს და არ გაგიჭირდება სათანადო მიზეზის მოგონება, _ გულგრილად დაიწყო სალიმ, _ იქნებ, მე თვითონ ვუთხრა მას შენზე ისეთი რამეები, რაც მის გულისწყრომას გამოიწვევს? როგორ გგონია, არ გაითვალისწინებს მამიდა ამას? თუ შენ მის თვალში უცოდველი და უნაკლო ხარ?

_ მარინა ისევე კარგად მიცნობს მე, როგორც დედაჩემი.

_ მაშინ, გამოდის, რომ უარყოფითი პარტნიორის როლის თამაში მე მომიწევს. უთხარი მას, რომ ბევრი ეცადე, მაგრამ ჩემს პატივმოყვარეობას ვერაფერი მოუხერხე. შენ კი ასეთ ქალთან ოჯახს ვერ შექმნი. ამით ყველაფერი დამთავრდება.

_ ამის თქმა კი შემიძლია, _ მოიღუშა ვაკო, _ მაგრამ არა ახლა. ის ჯერ კიდევ სუსტადაა, ცოტა უნდა ვაცადოთ. შენ თვითონ არ მეუბნებოდი, არ ვიჩქაროთო? _ მან დარჩენილი ყავა ბოლომდე დალია, _ დროა, წავიდე, უკვე ძალიან გვიანაა.

მამაკაცი შეფიქრიანებული წამოდგა. მას უკვირდა სალის აჩქარება. ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტა გამგზავრება? რითია ეს გამოწვეული? იქნებ რაღაც ისეთი მოხდა, რაც მან არ იცის ან არ ესმის? აქამდე კიდევ იმედოვნებდა, რომ სალი ყველანაირად ეცდებოდა, მისგან კიდევ ერთხელ მიეღო დქორწინების წინადადება. ძნელი დასაჯერებელია, რომ მან ასე ადვილად დათმო პოზიციები.

მძიმედ გაემართა გასასვლელისკენ. სალიმ გააცილა. ამჯერად მამაკაცს არ უცდია, ეკოცნა მისთვის, დაღლილი სახით გაუღიმა მხოლოდ.

_ ღამე მშვიდობისა, სალი. გადაეცი მარინას, რომ ხვალ დავურეკავ, _ გაწელილად წარმოთქვა და კარი გაიხურა.

სალომემ იგრძნო, როგორ მოწყდა გული საგულეს და სადღაც ქვემოთ, სიღრმეში ჩავარდა…

როგორ დამძიმებულა ეს გული… რამხელა გამხდარა… გოგონას თითქოს ლოდი ატაკესო მუცელში, ისე მოიკრუნჩხა… ტკივილისგან სახე გაუფითრდა… არ ახსოვს, როგორ მიაღწია საწოლამდე… ძლივს აბობღდა ლოგინზე და ოთხად მოკეცილმა თავი ბალიშში ჩარგო… ოღონდ მუცელი არ მოეშალოს… ოღონდ…

8 8 8

შემდეგ დღეებში სალი გამუდმებით გაურბოდა ტელეფონზე ვაკოსთან საუბარს. რაც შეიძლებოდა, ხშირად გადიოდა გარეთ, ქუჩაში დახეტიალობდა, პარკში სეირნობდა… ერთი სიტყვით, მაქსიმალურად არიდებდა თავს მამაკაცს. თავიდან მარინამ იფიქრა, ვაკო იმიტომ არ მოდის, რომ თავზე აყრიაო საქმეებიო, მაგრამ როცა იგი მთელი კვირა არ გამოჩნდა, ქალს შეკითხვები გაუჩნდა.

_ შენ რა, ისევ ეჩხუბე ვაკოს? _ ჰკითხა ერთ საღამოსაც, როცა სავახშმოდ დასხდნენ.

ამწუთას ყველაზე ადვილი იქნებოდა «ჰოს» თქმა და ამით ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ მამიდას თვალებში ისეთი შეშფოთება წაიკითხა ძმისშვილმა, სიმართლის თქმა ვერ გარისკა და მხნედ გაიღიმა.

_ როგორ უნდა მეჩხუბა მასთან, როცა საერთოდ ვერ ვხედავ? უბრალოდ, ძალიან დაკავებულია და ვერ იცლის. გამაფრთხილა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ შენს ნახვასო.

_ მაშინ ყველაფერი რიგზეა, _ დაასკვნა მარინამ, _ თუმცა… ბოლო ხანებში უცნაურად გაუცხოვდი, განმარტოებას არჩევ, ამიტომაც ვიფიქრე, რომ…

სალომემ დამამშვიდებელი ჟესტით შეაჩერა ქალი.

_ აბსოლუტურად არ გაქვს არაფერი სანერვიულო, მამი. ცოტაც მოიცადე და თვითონ დარწმუნდები ამაში.

ორი დღის შემდეგ, როცა სალომეს კვლავ აერია გული და თვალცრემლიანი გამოვიდა სააბაზანოდან, პირდაპირ მამიდას შეეჩეხა.

_ რაღაცა ისეთი ხდება, რაც მე არ ვიცი… იქნებ მითხრა, რა გემართება? _ დოინჯი შემოიყარა ქალმა და მკაცრად გახედა ძმისშვილს.

_ არაფერი, მამიდა, რა უნდა ხდებოდეს? _ სალიმ თვალები დახარა, რომ თავი არ გაეცა, მაგრამ მარინამ ბოლომდე არ აცალა, საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო, თავი აუწია, გულდასმით შეათვალიერა ფერწასული გოგონა და უეცრად წამოიძახა.

_ შენ ორსულად ხარ!

 

 

სალიმ ხელები სახეზე აიფარა.

_ ჩემი საცოდავი გოგონა! _ მარინამ ძმისშვილი გულში ჩაიკრა, _ რა უთქმელი ხარ, შვილო… რატომ არაფერი მითხარი? ვაკომ იცის? ღმერთო, როგორ გაუხარდება! აი, ვინ ოცნებობდა ყოველთვის შვილების ყოლაზე!

«შეიძლება ოცნებობდა კიდეც, მაგრამ არა ჩემგან!» _ დანანებით გაიფიქრა სალიმ, ხმამაღლა კი თქვა.

_ არ მინდა, მან ეს ამბავი გაიგოს, მამი… ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ მინდა, _ გოგონა რაც შეიძლებოდა, მშვიდად საუბრობდა.

_ მაგრამ შენ ვალდებული ხარ, უთხრა, სალომე, ასე როგორ შეიძლება! ბავშვი ხომ არ ხარ, ეგეთი რამე დამალო! _ დატუქსა მამიდამ, _ მას აქვს ამის უფლება. და საერთოდ, რაზე ფიქრობ? მართალია, სულაც არ არის აუცილებელი, ნაჩქარევად მიიღო გათხოვების გადაწყვეტილება, მაგრამ ამ შემთხვევაში დუმილი დანაშაულის ტოლფასია. კარგად ვიცნობ თანამედროვე ახალგაზრდობას, ერთი სული აქვთ, ოღონდ გათხოვდნენ და სხვას არაფერს აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ვაკო ასეთი სულაც არ არის. ის არც ბავშვია და არც იმ ასაკშია, დაუფიქრებლად გადადგას ასეთი სერიოზული ნაბიჯი. თქვენი გადასაწყვეტია, რას იზამთ და როგორ მოიქცევით, მაგრამ ეს არ უნდა დაუმალო. კატეგორიულად მოვითხოვ, ახლავე ჩააყენო საქმის კურსში! დაურეკე და უთხარი, საყვარელო. შენ თავად დარწმუნდები, როგორ გაუხარდება. წარმომიდგენია მისი რეაქცია. ზუსტად ვიცი, ის ყველაზე ბედნიერი მამა იქნება დედამიწის ზურგზე.

_ არ გაუხარდება, _ თავისთვის ჩაიდუდუნა სალიმ და მზერა აარიდა მამიდას, _ იმან კი არა… შენ უნდა გაიგო ერთი რაღაც… ვიცი, გული გეტკინება, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება, უნდა გითხრა…

_ რა მოხდა, სიხარულო? კიდევ არის რამე პრობლემა? დროზე მითხარი, თორემ გამისკდა გული!

_ ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო… გემუდარები, რასაც ახლა გეტყვი, გულთან ახლოს ნუ მიიტან… ჩემი აზრით, ახლა როგორც არის, ჯობია, ყველაფერი ისე დარჩეს.

_ მითხარი, რა გაქვს სათქმელი, ნუ მაწვალებ! _ გაფითრებული ქალი სკამის კიდეზე ჩამოჯდა და მკლავი საზურგეს ჩამოაყრდნო.

_ სინამდვილეში მე და ვაკო არ შევრიგებულვართ… უბრალოდ, შენს მოსაჩვენებლად გავითამაშეთ ეს ყველაფერი…

წამით მარინა ადგილზე გაქვავდა, ისედაც ფერმკრთალს, მთლად დაეკარგა ფერი, მიტკალივით გაუხდა სახე. სალომეს შეეშინდა. მიხვდა, რომ ძალიან ბევრი წამოცდა და ძალიან მოულოდნელად. ის იყო, თავისი სიტყვები უკან უნდა წაეღო, რომ ქალი მხრებში გაიმართა და თავი ამაყად ასწია.

_ რა მითხარი?

_ უბრალოდ… _ გოგონამ საჭირო სიტყვებს დაუწყო ძებნა.

_ ესე იგი, თქვენ სპექტაკლი გაითამაშეთ, არა? ჩემ მეტი გასამასხარავებელი ვერავინ იპოვეთ? ახლა ყველაფერი გასაგებია. რაღაც-რაღაცები მეც არ მომწონდა, მახსოვს ასეთი მომენტებიც… ვგრძნობდი, რომ ყველაფერი რიგზე ვერ იყო, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ… რაში დაგჭირდათ ამის გაკეთება?.. იქნებ ამიხსნა, სალო, რატომ ჩაიდინეთ ეს?

სალომე თავდახრილი იჯდა და ხმას არ იღებდა. მარინამ შეამჩნია, როგორ უცახცახებდა ძმისშვილს მხრები. შეეცოდა ობლობაში გაზრდილი გოგონა, თან შეეშინდა, ნერვიულობით მუცელი არ მოეშალოსო და ტონი შეარბილა.

_ არა უშავს, ის ყველაფერი წარსულში დარჩა, შვილო. ახლა ეს არ არის მთავარი. დღეს ყველაფერი შეიცვალა. ანუ მთავარი ისაა, რომ მოსახდენი მოხდა. ეს არის საუკეთესო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. მორჩა, ვაკოს სიჯიუტე დამთავრებულია, მერწმუნე. როცა ის ამ ამბავს გაიგებს, უკან ვეღარ დაიხევს, საყვარელო, გესმის? აი, ნახავ, ყველაფერი რა კარგად იქნება, _ მარინამ თავი აუწია გოგონას და თვალებში ჩახედა, _ განა შენ არ გიყვარს იგი? მე ვიცი, რომ გიყვარს…

_ არ ვიცი… არ ვიცი, მამიდა.

_ რა თქმა უნდა, გიყვარს! ჩემი საკუთარი თვალებით მაქვს ეს ნანახი. სახე გქონდა წაშლილი, როცა იჩხუბეთ, ადამიანს არ ჰგავდი.

_ ეგ… ეგ მხოლოდ მისი სიტყვების გამო. მან ისეთი შეურაცხყოფა მომაყენა, რომლის ატანა შეუძლებელი იყო. ძალიან ცუდად მომექცა, ამის პატიება? არ ვიცი…

_ რას ლაპარაკობ! შეცდომა ვის არ მოსვლია, სიხარულო?! მე, მაგალითად, არც გავამტყუნებდი. შენც იგივეს არ ფიქრობ? მაგრამ მერე? მე ხომ ავუხსენი ყველაფერი, ხომ ვუთხარი, რომ შენ მასზე არაფერი იცოდი? განა მას შემდეგ არ შეიცვალა მისი შენდამი დამოკიდებულება? არ მითხრა ახლა, ისევ ისე მექცევაო! ჩემი აზრით, ახლა აზრი შეიცვალა!

სალომემ თავი გადააქნია.

_ სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა, მამიდა, სულ არაფერი. იგი დარწმუნებულია, რომ მე მისი ცოლობა მხოლოდ მისი სიმდიდრის გამო მინდოდა. მისი გადარწმუნება, მე მგონი, შეუძლებელია. ვერავინ ააჯერებს, რომ ასე არ არის. არადა, მის ფულები მართლა არაფერში მჭირდება… და არც ის მჭირდება არაფერში. არავითარ შემთხვევაში არ გავყვები ცოლად, სულ რომ მუხლებზე დამიჩოქოს. გამორიცხულია!

_ და შენ მზად ხარ, გაანადგურო შენი ბედნიერება რაღაც სისულელის გამო?

_ ეს სისულელე არ არის.

_ რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ? ახირებას, სისულელეს თუ ვარაუდს? ერთი უბრალო გაუგებრობაა და მეტი არაფერი! _ აღშფოთდა მარინა, _ რას უპირებ იმ ადამიანს? რას ჰქვია, არ გაჰყვები! შენ აწი აღარავინ შეგეკითხება!

_ ეგ უკვე მეტისმეტია, მამი!

_ ჯერ მე მომისმინე! მეტისმეტს მე შენ არასდროს გეტყვი! ვიცი, რასაც ვლაპარაკობ! მხოლოდ შენს თავზე რომ ფიქრობ, იმ ბიჭს რას უპირებ? მას რომ უყვარხარ, ეს თუ იცი? არ გაქვს უფლება, ასე მოექცე! ეს უსამართლობა იქნება, საყვარელო!

_ როგორ ცდები, რომ იცოდე… შეიძლება ადრე ვუყვარდი… ან არ ვუყვარდი, რა ვიცი, მაგრამ ახლა რომ ნამდვილად არ ვუყვარვარ და ვეზიზღები, ამას აშკარად ვხედავ. ბრმა ხომ არ ვარ, ასეთი რამ გამომეპაროს? თვალის დასანახავად ვერ მიტანს.

მარინამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.

_ ამბობენ, ნამდვილი ბრმა ის არის, ვისაც დანახვა არ სურსო. სალომე, ჩემო ერთადერთო სიხარულო, დამიჯერე, რასაც გეუბნები. მას ძალიან უყვარხარ. შეიძლება ვერ აცნობიერებს ამას, მაგრამ მე ვგრძნობ. ხომ იცი, კაცი ჩემს თვალებს ვერაფერს გამოაპარებს.

მიუხედავად მამიდის შეგონებისა, სალი მაინც ჯიუტად იდგა თავისაზე. კარგა ხანს იკამათეს, მაგრამ მარინამ მაინც ვერ დაითანხმა ძმისშვილი, ვაკოსთვის ეთქვა თავისი ორსულობის შესახებ. ქალი მაინც არ ყრიდა ფარხმალს და მთელი ძალისხმევით ცდილობდა მის დათანხმებას.

_ ეს აუცილებელია, დამიჯერე. უნდა უთხრა, გასაგებია? და თუ შენ არ აპირებს ამის თქმას, მე ვეტყვი. გპირდები!

სალომემ ამოიკვნესა.

_ არავითარ შემთხვევაში! ამას არ გააკეთებ, მამიდა! შენ არ გაქვს ამის უფლება. ეს ბავშვი მე მეკუთვნის და ჩემი გადასაწყვეტია, ვის ვეტყვი და ვის არა! არ მინდა, მან ეს ამბავი გაიგოს და ვერც გაიგებს, რადგან მე ასე მინდა!

მარინა მიხვდა, კამათს აზრი არ ჰქონდა და დანებების ნიშნად ხელები ასწია.

_ კარგი, როგორც იტყვი, _ მშვიდად წარმოთქვა, _ შენ გაიმარჯვე, _ და ხმადაბლა დაამატა, _ მხოლოდ დროებით.

მაგრამ სალომე რისი სალომე იყო, მამიდის სიტყვები დაეჯერებინა, მით უმეტეს, გულის სიღრმეში თავადაც გრძნობდა, რომ ქალი მართალი იყო. ვაკოს უნდა სცოდნოდა მისი ორსულობის ამბავი, მას მართლა ჰქონდა ამის უფლება. ბოლოს და ბოლოს, ბავშვის მამა იყო, სხვა თუ არაფერი.

ღმერთო, როგორ არ უნდოდა, როგორ არ უნდოდა! რა იმედები ჰქონდა, რა გეგმები! ახლა აზრი დაკარგა მოსკოვში გაქცევის იდეამ. ეს იქამდე უნდა გაეკეთებინა, სანამ მარინა რამეს გაიგებდა. მაგრამ თავადაც რომ გვიან მიხვდა? მშვიდი ორსულობა მაინც ჰქონოდა და ეს ტოქსიკოზი არ დამატებოდა! მაშინ ხომ ვერაფერს გაიგებდა მისი გამზრდელი?

8 8 8

იმ საღამოს, თითქოს გულმა უგრძნოო, მოულოდნელად ვაკო გამოჩნდა. თითქოს ვიღაცამ უამბო მათი საუბრის შესახებო, უცნაურად აათვალიერა გოგონა და ცივი სალამი ესროლა, მარინას კი გადაეხვია, გადაკოცნა და თბილადაც მოიკითხა. მისი გამოჩენით გახარებული ქალი აღტაცებით ალაპარაკდა.

_ რომ იცოდე, როგორ მასიამოვნე, ვაკო, შენ შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე! სად დაგვეკარგე? სალომემ ძალიან მოიწყინა და მეც. რამდენი დღეა, ერთად არ ყოფილხართ. სამსახურში ხომ მშვიდობაა? რატომ არ ჩანდი?

_ მშვიდობაა, მარი, მშვიდობა. უბრალოდ, ვერ მოვიცალე და ეგ იყო. შენ ხომ კარგად ხარ?

_ მე რა მიჭირს, ვარ ძველებურად. ყოველდღე უკეთ და უკეთ ვგრძნობ თავს. აი, ჩემი გოგონა კი რაღაც არ მომწონს ბოლო ხანებში. ისეთი სევდიანია, ისეთი, ისეთი, რომ…

_ გეყოფა, მამიდა! სულაც არ ვარ სევდიანი! _ გააწყვეტინა სალიმ.

_ როგორ არ ხარ, შვილო. ძალიან შეიცვალე. გგონია, ვერ ვხედავ? ვაკო, იქნებ სადმე წაგეყვანა, გენაცვალე, ცოტა ჰაერზე გავიდეს, თორემ მთლად გაუყვითლდა სახე.

_ კი ბატონო, რა პრობლემაა, თუკი მოისურვებს… _ მხრები აიჩეჩა მამაკაცმა.

_ რას მიქვია მოისურვებს! აბა, რას იზამს! ის კი არა, მეც სიამოვნებით გამოგყვებოდით, რომ არა…

_ წამოდი, მარი, შენზე უკეთესს ვის გავასეირნებ, მაგაზე დაგზარდები? _ სასიამოვნოდ გაიცინა ვაკომ.

_ ვერ მოგართვით, ახალგაზრდებო! დღეს თქვენთვის სწორედ რომ არ მცალია! ამაღამ ისეთი ფილმი გადის მესამე არხზე, რომ არ ვუყურო, გავგიჟდები.

_ რა ფილმია ამისთანა?

_ «კრამერი კრამერის წინააღმდეგ»… ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი სურათია. რამდენი ხანია, არ უჩვენებიათ. ძლივს მეღირსა. ამის გამოტოვება იქნება?

_ ჰოო… როგორ გითხრა… შენ უკეთ იცი, რაც უნდა გააკეთო, მინიშნება მიღებულია, _ ეშმაკურად ჩაიღიმა მამაკაცმა, _ აბა, რა ვქნათ, სალი? რა ვუყოთ ჩვენს მეთაურს? დავტოვოთ სახლში?

გოგონა ვერ ახერხებდა აფორიაქების დამალვას და ეს ხმაშიც შეეტყო.

_ როგორც ყოველთვის, ქალბატონი მეთაური არჩევანის საშუალებას არ გვიტოვებს, _ ძლივს წარმოთქვა ნერწყვგამშრალმა.

_ ივახშმე უკვე? _ ძალიან შინაურულად და რბილად ჰკითხა ვაკომ, რამაც ძალზე გააოცა სალომე. ერთი წუთის წინ ისეთი მტრული მზერით უყურებდა, ძნელი დასაჯერებელი იყო, ასე უეცრად რომ «გალმობიერდა».

_ ჯერ არა.

_ ესე იგი, სავახშმოდ მივდივართ. შენ შენი გაიტანე, მარი და მე ეს მომწონს. ოღონდ იცოდე, თუკი უჩვენოდ მოიწყენ, ჩვენ არ დაგვაბრალო! _ საჩვენებელი თითი ხუმრობით აათამაშა მამაკაცმა.

_ თქვენ ოღონდ წადით და მე ვიცი, მოვიწყენ თუ მოვილხენ! პირობას გაძლევთ, საყვედურს არც ერთს არ გეტყვით, _ გადაიკისკისა მარინამ და თავი უკან გადახარა.

8 8 8

მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, სალომე უარესად ანერვიულდა. ზუსტად იცოდა, რა პასუხსაც გასცემდა მამაკაცი, თუკი ფეხმძმიმობის ამბავს შეატყობინებდა. ამის გაფიქრებაც კი თავზარს სცემდა. იქნებ მოიცადოს და როცა ვახშამი დასრულდება, მერე უთხრას? წინასწარ რატომ უნდა ჩაიშხამოს საღამო? მაგრამ ასე უარესი რომ გამოდგეს? მერე არ დაუწყოს, რატომ მაშინვე არ მითხარი, გინდოდა, დრო გეტარებინაო? რაც იქნება, იქნება. ჯერ მაინც არ ეტყვის. დილიდან ლუკმა არ ჩასვლია პირში. შიმშილით კვდება, თან გულიც არ ერევა. ამიტომ ჯობია, ჯერ კარგად ივახშმოს და სათქმელი მერე უთხრას. მაინც ცუდად დამთავრდება საღამო და რაღა ახლავე გაიხეთქოს გული? ნერვიულობა მერეც ეყოფა. ამის გაფიქრებაზე ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ… სულ რამდენიმე წუთით, რადგან ვაკომ ისეთი რამ უთხრა, ნამდვილი შოკი მიიღო.

_ რატომღაც, რესტორნის ხასიათზე არ ვარ, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემთან წავიდეთ, სახლში.

_ შენთან? _ სალის სუნთქვა შეეკრა.

_ ჰო. რა იყო, რამე არ მოგწონს?

რა ჩაიფიქრა? უნდა, რომ ისევ აცდუნოს? ხელები სიმწრით მომუშტა, რაც შეიძლებოდა, ძლიერად ჩააჭირა ფრჩხილები ხელისგულს, მაგრამ მეორე წამს, თითქოს რაღაც მოაფიქრდაო, ნიშნის მოგებით ჩაიღიმა. «არა მგონია, ჩემი შეცდენის ხასიათზე დადგეს, როცა ახალ ამბავს შეიტყობს. სექსის კი არა, ჭამის მადაც დაეკარგება».

როცა სახლში შევიდნენ, სალომეს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. სასტუმრო ოთახში, პატარა მაგიდაზე, ორ ადამიანზე ლამაზი სუფრა იყო გაშლილი. გოგონა მიხვდა, რომ ვაკომ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და გზაში არ მიუღია აქ ვახშმობის გადაწყვეტილება.

_ ეს რას ნიშნავს? _ წარბები შეყარა სალომემ.

ვაკომ შემპარავად აიჩეჩა მხრები.

_ ეს ჩემი მოსამსახურის პატარა ყურადღების შედეგია. რამდენი დღეა, მარინა მთხოვს, სადმე დაგპატიჟო. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, მრავალფეროვნებისთვის, ამჯერად ჩემს ოჯახში გაგმასპინძლებოდი.

სალომესთვის ძნელი დასაჯერებელი იყო, მამიდას ამგვარი რამ გაეკეთებინა, მით უმეტეს, დილანდელი საუბრის შემდეგ.

_ მამიდაჩემი ძალიან იყო შეშფოთებული, ბოლო დროს ერთმანეთს საერთოდ არ ხვდებით და ეს ერთობ მანერვიულებსო. რატომ მატყუებ? მას არ უხსენებია, რომ შენ დაგირეკა…

ვაკომ ჩაახველა.

_ მერე შენ რა უპასუხე?

_ რომ შენ ძალიან ხარ დაკავებული და ჩემთვის არ გცალია.

_ მაშინ კარგი მიქნია, რომ მოვედი. იმედია, ზედმეტად არ განერვიულდა.

_ შენ ჩემს შეკითხვას არ უპასუხე…

_ რომელ შეკითხვას?

_ გკითხე, რატომ მატყუებ-მეთქი…

_ მოდი, ეს შეკითხვა ჯერჯერობით პასუხის გარეშე დავტოვოთ, კარგი? შენ ის მითხარი, მამიდა ზედმეტად ხომ არ განერვიულდა?

_ არა მგონია.

_ ჰოდა, მშვენიერია. მაშინ, მოდი, ვივახშმოთ, თან მომიყევი, რას საქმიანობდი ბოლო დღეების განმავლობაში, _ მან გალანტურად გამოსწია სკამი და როცა გოგონა დაჯდა, ნაზად ჩამოუსვა მკლავებზე თითები.

_ არა მგონია, შენ ეს საერთოდ გაიანტერესებდეს, _ ირონიულად შენიშნა სალიმ და იქვე დაამატა, _ ჩემთვის ისევე ძნელია შენთან შეხვედრა, როგორც შენთვის.

ამწუთას ყველაზე რთული ის იყო სალომესთვის, საიდან დაეწყო საუბარი ბავშვის შესახებ. იქნებ თავს ძალა დაატანოს და ეგრევე მოხსნას გუდას პირი? მოხდეს, რაც მოსახდენია, რისთვის გააჭიანუროს? ჯანდაბას შიმშილის თავი! ან იქნებ, აჯობებს, შორიდან მოუაროს და მინიშნებებით მივიდეს მთავარ სათქმელამდე?

_ გამოდის, შენ ჩვენს შეხვედრებს როგორც მძიმე ვალდებულებას, ისე აღიქვამ? ასე უყურებ ჩვენს ურთიერთობას? _ ჰკითხა მამაკაცმა და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში.

_ ჩვენი ურთიერთობაც და შეხვედრებიც შენ გახადე ასეთი.

სალის ასეთმა პასუხმა სინდისის ქენჯნა სულაც არ გამოიწვია მასში.

_ ვიმედოვნებ, მარინას თანდასწრებით არ ავლენ ჩემ მიმართ შენს ნამდვილ გრძნობებს და ასეთი ტონით არ ლაპარაკობ ჩემზე.

სალიმ ჩაიცინა.

_ მამიდას ჰგონია, რომ ჩვენ ვგიჟდებით ერთმანეთზე.

_ ჭკვიანი გოგო ხარ, მომწონხარ ასეთი… რას დალევ?

_ კოკა-კოლას.

_ ალკოჰოლიანი არაფერი გინდა? _ გაკვირვება გამოესახა სახეზე ვაკოს.

_ არა, გმადლობ, მხოლოდ გაზიანი.

_ ცოტა კონიაკი?

_ მეტი არაფერი მინდა, დიდი მადლობა. თუ არ გაქვს, არც ეგაა პრობლემა, ცივ წყალსაც დავჯერდები.

_ მაქვს, დაწყნარდი, _ უპასუხა მამაკაცმა, მაცივარი გამოაღო და კოკა-კოლას ბოთლი გამოიღო.

_ რატომ არ სვამ? გეშინია, არ დაგათრო და ამით არ ვისარგებლო? _ თან კოკა-კოლას უსხამდა, თან თვალს არ აშორებდა ვაკო.

_ გინდა მითხრა, რომ ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა? _ კითხვა შეუბრუნა სალიმ და თვალი თვალში გაუყარა.

დაე, იფიქროს, რომ ამის გამო არ სვამს. კმაყოფილმა ცხელი ხაჭაპური გადაიღო და გემრიელად ჩაკბიჩა. ლუკმა გადაყლაპული არ ჰქონდა, რომ მოულდნელად ვაკო ალაპარაკდა.

_ შენში რაღაც შეიცვალა, სალი. სულ ვცდილობ, მივხვდე, რა, მაგრამ… _ მამაკაცი ნელა დაიხარა და ქალს გამომცდელად შეაჩერდა სახეში.

გოგონას გულმა ბაგაბუგი ატეხა. მას მოგვიანებით სურდა ამ თემაზე საუბრის წამოწყება, ცოტა მოგვიანებით და არა ახლა…

_ იქნებ თმა გაქვს სხვანაირად? თითქოს უფრო რბილი გაგიხდა, აბრეშუმივით ბზინავს. აი, ლოყები კი ძალიან გაგიფერმკრთალდა…

ეს რა არის, ერთი მკერდი ნახოს ახლა! როგორ გაეზარდა და გაუმაგრდა! იმედია, ეს არ მოხვდება თვალში.

_ იმიტომ, რომ გარეთ როცა გავდივარ, ყოველთვის შლაპა მახურავს და სათვალე მიკეთია. მზის სხივი თითქმის არ მხვდება სახეზე, _ იმართლა თავი.

_ ჰო, ალბათ ამის ბრალია… _ ეჭვნარევი ხმით დაეთანხმა ვაკო და თავადაც გადაიღო ხაჭაპურის მოზრდილი ნაჭერი.

სალომეს, სამწუხაროდ, ჭამის მადა დაეკარგა. რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ნერვიულობდა.

_ არ მოგეწონა ხაჭაპური?

_ რა? _ გოგონამ შეხედა და დაინახა, რომ მამაკაცი კვლავ გამომცდელად მისჩერებოდა.

_ არ მოგეწონა-მეთქი? რატომ შეწყვიტე ჭამა? გინდა, სხვა რამე გავაკეთებინო ქალბატონ ჯულიეტას? არ მოგერიდოს, ის ჯერ აქ არის და…

_ არა, არა, რას ამბობ! _ შეშფოთდა სალი, _ უგემრიელესი ხაჭაპურია.

_ აბა, რა ხდება? რაშია საქმე, თუ არა ხაჭაპურში?

_ ჩემში, _ სიტყვა მისდა უნებურად გაექცა.

_ შენში? ეს რას ნიშნავს? _ ვაკომაც შეყვიტა ჭამა, ნაჭერი თეფშზე დადო და თითები ერთმანეთში ჩახლართა, თითქოს მოსასმენად მოემზადაო.

_ არ მშია, თანაც, საღამოობით ძალიან ცოტას ვჭამ, მით უმეტეს, ცომეულს ვერიდები, _ «გამოასწორა» შეცდომა.

მამაკაცმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ამბობდა, შენი არ მჯერაო.

_ რა ხდება, სალი? მთელი საღამო ისე იქცევი, თითქოს ნემსებზე იჯდე!

სალომეს ოფლმა დაასხა. მძიმედ ასწია ქუთუთოები, ჯერ ფანჯარაში გაიხედა, საიდანაც ღამის ბინდი პირქუშად შემოსცქეროდა, მერე მზერა საყვარელ ადამიანზე გადაიტანა. რატომ არ უნდა უთხრას ახლავე? რაღას ელოდება? მაინც ისეთ ხასიათზეა, ლუკმა არ გადაუვა ყელში. რას კარგავს? არც არაფერს…

8 8 8

გოგონამ ღრმად ამოისუნთქა, ჰაერი რაც შეიძლებოდა, ხარბად შეისრუტა და სათქმელად მოემზადა. ვაკო კვლავ დაჟინებით მისჩერებოდა, გამომცდელად, მკაცრად… «მგონი, ხვდება, რაც უნდა ვუთხრა», _ გაიფიქრა სალიმ.

_ ორსულად ვარ, _ სიტყვები ძალიან ადვილად, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მოწყდნენ მის ბაგეებს, თან ისე ხმამაღლა და ისე გამომწვევად, თავადაც არ მოელოდა.

დაამთავრა თუ არა სათქმელი, სუნთქვა შეიკრა და გარდაუვალი აფეთქების მოლოდინში ერთიანად დაიძაბა… მაგრამ როცა ვაკო ალაპარაკდა, მისი ხმა იმდენად მშვიდი იყო, ძლივს ისმოდა.

_ ორსულად ხარ?

_ უკვე გითხარი.

_ ბავშვს ელოდები?

_ ჰო.

_ ჩემგან?

_ ჰო! _ მეორე «ჰო» პირველს არ ჰგავდა… გოგონამ იგრძნო, როგორ ახტუნავდა გული, თითქოს ბუდიდან გადმოვარდნას ცდილობსო… «ახლა იყვირებს…» _ გაიფიქრა და საშინელების მოლოდინში გაირინდა… დიდხანს დასჭირდა ლოდინი….

_ მეძავი ხარ!..

ამის გაგონებაზე სალომე მთელი სხეულით უკან გადაქანდა, თითქოს მუშტი დაარტყესო. მკერდში აუტანელი ტკივილი იგრძნო და ხელები უაზროდ აიქნია ჰაერში, თითქოს შემოტევას იგერიებსო.

ვაკო ისეთი სისწრაფით წამოიჭრა ფეხზე, რომ მისი სკამი საშინელი ხმაურით წაიქცა.

_ შენ ეს ყველაფერი ჩემს გასამწარებლად მოაწყვე, აფერისტო! ინტრიგანო! შენ ხომ ქალი არა ხარ! იცოდი, რომ მეტჯერ აღარ გაგიმეორებდი, ცოლად გამომყევი-მეთქი! შენი ეს…

_ ნუ ხმაურობ, თუ შეიძლება! _ ჩუმად შეაწყვეტინა სალიმ, _ სულაც არ ვაპირებდი შენთვის ამის თქმას, თუ ძალიან გაინტერესებს. უბრალოდ, მამიდამ არ მომცა საშველი, გინდა თუ არა, უთხარიო. მან მაიძულა, საქმის კურსში ჩამეყენებინე, თორემ ცხოვრებაში ვერასდროს ვერაფერს გაიგებდი ამ ბავშვის შესახებ, _ კბილებშუა გამოსცრა გოგონამ და ზიზღით სავსე მზერა მიაპყრო მამაკაცს.

სალისაც უნდოდა, წამომდგარიყო და სილა გაეწნა ამ საზიზღარი კაცისთვის, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა. ისე უკანკალებდა სხეული, ოდნავ რომ გარხეულიყო, ვაკოს სკამივით იატაკზე მოადენდა ზღართანს.

მამაკაცს თვალები რისხვით ანთებოდა. იგი მაგიდას ორივე ხელით ჩააფრინდა, მძლავრად დაეყრდნო მკლავებს, გოგონასკენ გადაიხარა და ისე ახლოს მიუტანა სახე სახესთან, რომ სალომეს მისი წამწამების სათითაოდ დათვლაც კი შეეძლო.

_ და შენ ელოდები, რომ მე ამას დავიჯერებ? _ დამცინავად ესროლა, _ გგონია, არ ვიცი, რომ შენ…

_ სწორედ ასეთ რეაქციას ველოდი შენგან, _ დაღლილი ხმით გააწყვეტინა სალიმ და გამჭოლი მზერა მიაპყრო, _ ვიცოდი, რასაც იფიქრებდი. შენი ყველა სიტყვა ძალიან ნაცნობია ჩემთვის. დარწმუნებული ვიყავი, რომ ზუსტად ასე დამადანაშაულებდი ამ ყველაფერში. აღტაცებას ვერ ვმალავ! უდიდესი დონის წინასწარმეტყველი ყოფილხარ!

_ შენ? განა შენ ნაკლები ხარ? _ იყვირა ვაკომ, თან ყინულივით ცივი მზერით მისჩერებოდა.

სალომეს ამწუთას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა _ რაც შეიძლებოდა, დროზე გაცლოდა აქაურობას. მისი ბრალდებების მოსმენა მეტად აღარ შეეძლო. რადგან მას ჰგონია, რომ სალიმ ყველაფერი წინასწარ გათვალა, მის გადარწმუნებას ვერაფრით შეძლებს, თუნდაც მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება მას მიუძღვნას.

_ იცი, რას გეტყვი? არც ისეთი სულელი ვარ, ვიფიქრო ისეთი მამაკაცის «დათრევაზე», რომელსაც სიმართლე საერთოდ არ აინტერესებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოაქვს განაჩენი, _ მთელი ხმით იყვირა უეცრად და მისდა გასაოცრად, თავისუფლად წამოიჭრა ფეხზე, _ ჩემი ბრალია! ვიცოდი, რომ მამიდაჩემისთვის არ უნდა დამეჯერებინა. ახლავე წამიყვანე სახლში! ამწუთას!

_ ღრუბლებში ნუ დაფრინავთ, ქალბატონო. სახლში მაშინ წაგიყვანთ, როცა თავად მოვისურვებ ამას და არც ერთი წუთით ადრე!

ესეც შენ, სალომე! ხედავ, რა თბილი შეხვედრა მოგიწყო შენმა სანუკვარმა მამაკაცმა? ამის გაფიქრებაზე გული მოუკვდა. რა თქმა უნდა, ელოდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა, თუმცა ახლა ის უფრო აწუხებდა, როგორ დამთავრდებოდა ეს შეხლა-შემოხლა.

_ მაგრამ რაღა უნდა ვაკეთო აქ? შენ ხომ უკვე დააფიქსირე შენი რეაქცია, ხომ ყველაფერი მითხარი, რა საჭირო ვარ?

მამაკაცმა სიძულვილით სავსე თვალებით შეხედა.

_ რატომ უნდა დარჩე? არ იცი, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამის გარკვევა მოგვიწევს. ახლა გასაგებია?

_ ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს, ვაკო, _ სალიმ გამომწვევად გამოსწია წინ ნიკაპი, მის მზერას თვალი გაუსწორა და გააგრძელა, _ მე მოსკოვში ვბრუნდები და შენ არაფერში მჭირდები. ვფიქრობ, შენთვისაც გასაგებია, რაც გითხარი.

_ ჯანდაბამდის გზა გქონია! _ დაიხრიალა მამაკაცმა, ორი ნახტომით ქალს წინ აესვეტა და ხელები მისი ყელისკენ გაიწვდინა.

სალომე შიშმა აიტანა. თავის თავს არ დაეძებდა, ასეთ ყოფას მართლაც სიკვდილი ერჩივნა, მაგრამ ბავშვი? თუ მას გაგუდავდა ვაკო, ბავშვიც ხომ დაიღუპებოდა?

სალომე დაზაფრული შეჰყურებდა მის წინ მდგომ ხელებგამოშვერილ მამაკაცს… მაგრამ მისი შიში არ გამართლდა. ვაკომ, იმის მაგივრად, რომ ყელში წვდომოდა, ხელები თავზე შემოაჭდო გოგონას, ძლიერად მოუჭირა და აიძულა, მისთვის თვალებში შეეხედა.

_ შენ იცი, რომ ჯოჯოხეთში მოხვდები? _ გველის სისინივით გაისმა მისი ხმა.

_ რა თავაზიანობაა შენი მხრიდან, _ სიმწრით გაეღიმა სალის, _ დიდი მადლობა ასეთი «კეთილი სურვილისთვის», მაგრამ რატომღაც, მგონია, ჩვენ ორიდან, იქ პირველი შენ აღმოჩნდები, _ დინჯად, ყოველგვარი აღელვების გარეშე ჩაილაპარაკა და თავადაც გაუკვირდა, საიდან იპოვა ძალა, წყობილებიდან არ გამოსულიყო.

ვაკომ ხელები შეუშვა, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და ისე ხმამაღლა ამოისუნთქა, თითქოს ამდენ ხანს სუნთქვა ჰქონოდა შეკავებული.

«ამას ჰქვია, ბოლი ამოუშვა», _ გაიფიქრა გოგონამ, _ «ალბათ რა ძალიან უნდოდა ახლა ამის გაკეთება».

_ რაც გინდა, ის თქვი, მაგრამ ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე! ასე ადვილად აქედან ვერ წახვალ! ამის უფლებას არ მოგცემ. ჩვენ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს, რაღაც შეთანხმებამდე ააუცილებლად უნდა მივიდეთ.

_ შეთანხმებამდე? ჰაჰ! _ გაცინების იმიტაცია გამოუვიდა სალის, _ ნუთუ ეს შესაძლებელია? _ ცინიკურად იკითხა და თითები თავზე მოისვა, სწორედ იმ ადგილას, სადაც მამაკაცმა წაუჭირა.

_ ბავშვზე უნა დავფიქრდეთ, _ ცივად წარმოთქვა ვაკომ და მრავლისმთქმელი მზერა მიაპყრო «მოსისხლე მტერს».

სალომემ წარბები შეყარა და გაოცებისგან ენაჩავარდნილი დაელოდა, კიდევ რას იტყოდა მამაკაცი. იგი იმდენად გაუცნობიერებლად იქცეოდა აქამდე, ვერ მიხვდებოდი, რას მოიმოქმედებდა მეორე წუთში. ახლა კი, იმაზე ბევრად მშვიდად გამოიყურებოდა, ვიდრე სალი ახერხებდა მთელი მისი მრისხანების განმავლობაში. ვერც კი წარმოედგინა, ისეთი რა უნდა შეეთავაზებინა მამაკაცს, რომ სიტუაცია განემუხტა და მისთვის ესოდენ მძიმე პრობლემა მსუბუქად მოეგვარებინა. განა რა უნდა უთხრას ისეთი, რომ ორივესთვის მისაღები იყოს? აქ დარჩი, ბავშვი გააჩინე და დაგეხმარებიო? არამც და არამც! მისთვის შეიძლება ასე ჯობია, მაგრამ არა სალისთვის! თუკი იგი თბილისში დარჩება, დარწმუნებულია, რომ ვაკო სისხლს გაუშრობს, ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს.

ვაკომ ხელები ზურგზე შემოიწყო, თავი დახარა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში თითქოს ათი წლით დაბერდა… სალომე დამცინავი მზერით აყოლებდა თვალს იქით-აქეთ მოარულ თავის «ოცნების პრინცს», მაგრამ სიბრალული არ განუცდია.

და აი, თითქოს გადამწყვეტი მომენტი დადგა! გოგონა მიხვდა, რომ ვაკომ გადაწყვეტილება მიიღო. იგი მოულოდნელად შეჩერდა, მხრებში გაიმართა და მოიხედა. მისი ანთებული თვალები მკაცრად მიაჩერდა გოგონას.

_ მე მინდა, ცოლად გამომყვე!

მაღალჭერიან სივრცეში ეს სიტყვები მეხის დაცემასავით გაისმა. სალომეს ჯერ სუნქვა შეეკრა, მერე კი ნერწყვი სასულეში გადაცდა და ხველა აუტყდა. იგრძნო, ცივმა ოფლმა როგორ დაუცვარა შუბლი, მკერდის ღარი, ხელისგულები… მუხლებში სისუსტე მოეძალა… რეტდასხმულს მხოლოდ გონება უმუშავებდა, ცივად და მოუსვენრად. შეშფოთება მკვეთრად შეეტყო თვალებში. სიტუაციის ასეთ შემოტრიალებას არაფრით ელოდა. რა ჩაიფიქრა? იქნებ ისიც კი თქვას, გრძნობამ კვლავ გაიღვიძა ჩემშიო? ეს ხომ აბსურდია! განა შეიძლება, ბავშვი იმ ატმოსფეროში გაიზარდოს, სადაც ცოლი და ქმარი ერთმანეთს იქნებიან გადამტერებულნი? შეუძლებელია! ახლა რომ სიყვარულის ახსნა დაუწყოს… ჰმ… რამდენს დასცინებს, ნეტავ იცოდეს! არა, არა, ეს კაცი, როგორც ჩანს, მთლად საღ გონებაზე ვერ უნდა იყოს!

სანამ ამ ყველაფერს გაიაზრებდა, გული გამალებით უცემდა. რამდენიმე წამის შემდეგ, როგორც იქნა, ამოისუნთქა და ნერწყვი ფრთხილად გადააგორა სასულეში.

_ გაიგე, რაც გითხარი? მისმენდი? _ მკვეთრად გაისმა ვაკოს ხმა.

_ ჰო, _ ძლივს გასაგონი ჩურჩულით უპასუხა.

_ მე სასწრაფოდ დავიწყებ მზადებას… ხვალ დილითვე.

_ მოიცა! _ ოდნავ აუწია ხმას გოგონამ.

_ რა? რამე გინდოდა გეთქვა? _ ირიბად გამოხედა ვაკომ.

_ მე ამის გაკეთება არ შემიძლია.

_ რას ნიშნავს, არ შეგიძლია? _ მოიქუფრა მამაკაცი, _ ეს ერთადერთი გამოსავალია. შენ თუ ვერ აცნობიერებ ამას, მე ვაცნობიერებ… და, სხვათა შორის, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შენ დაორსულდი, _ ბოღმანარევი ტონით დაამატა.

_ იდიოტი ხარ, ნამდვილი იდიოტი! _ სიძულვილი გაურია სალომემ ხმაში, _ რატომ, რატომ მოტრიალდა ყველაფერი ასე უკუღმართად? რა გინდა ჩემგან, ვიტირო? ვიჯავრო? ვიგვემო? ძალიან ცდები ჩემში, საზიზღარო! მწარედ ცდები! მსგავსი არაფერი გამივლია გულში. დაიმახსოვრე: არასდროს გავხდები შენი ცოლი, არასდროს! სულ რომ ქვეყანა დაიქცეს, შენკენ არ გამოვიხედავ, იცოდე! მთლად რომ გაწყდეს კაცის ჭაჭანება დედამიწაზე!

ვაკომ თვალები მოჭუტა. სალის ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ესმოდა, როგორ ხმამაღლა მუშაობდა მამაკაცის გონება.

_ მაშინ ერთადერთი გამოსავალი რჩება, _ ნიშნის მოგებით, წყნარად გაისმა მისი ხმა, _ როგორც კი ბავშვი დაიბადება, მე უნდა მომცე.

გოგონას მოეჩვენა, თითქოს მისმა სულმა სხეული დატოვა. უსიცოცხლოდ ჩამოეკიდა მკლავები და ერთბაშად დაბუჟდა. ძალაგამოცლილმა წინ წაიწია, სკამს მიაწვდინა ხელი და უსუსურად დაეყრდნო მის საზურგეს, რომ არ წაქცეულიყო. მისი მოძრაობა შეუმჩნეველი არ დარჩენია მამაკაცს, ორიოდე ნახტომით მასთან გაჩნდა და ხელი შეაშველა. ამან სულ მოუღო ბოლო.

_ გესმის მაინც, რას მეუბნები? წარმოგიდგენია, რას მთავაზობ? სრულ ჭკუაზე ხარ? _ ისე ლუღლუღებდა, თავის ნათქვამს თავადაც ვერ არჩევდა.

_ ეს ჩემი შვილია! _ ვაკოს ტონი არ შეუცვლია.

_ და ჩემიც! _ ახლა უკვე მტკიცედ წარმოთქვა, _ და რამდენადაც ჩვენ მისი ორ ნაწილად გაყოფა არ შეგვიძლია, დაგარწმუნებ, რომ კანონი ჩემს მხარეზეა. მას ვერავინ წამართმევს, შენ _ მით უმეტეს, მიუხედავად იმისა, რომ მამა ხარ!

დაამთავრა თუ არა სათქმელი, უეცრად კანკალმა აიტანა. რატომ შესცივდა ასე? ამ გაგანია ზაფხულში, თანაც ვაკოს გვერდით, რომელიც ასე ახლოს დგას მასთან! მისი სხეულიდან მომდინარე სითბო ხომ ყოველთვის ათბობდა მას? ახლა რა ემართება? ნუთუ ავად გახდა? თითქოს ორგანიზმი გამოეფიტა, სიცხიანივით გაბრუებულად გრძნობს თავს.

_ ცუდად ვარ… _ გაფითრებულმა ჩაიჩურჩულა, _ სახლში მინდა… ძალიან, ძალიან მინდა სახლში… უნდა დავწვე… _ თავისთვის ბუტბუტებდა ღონემიხდილი.

_ თუ ასე არ გაწყობს, მაშინ, კეთილი ინებე და ცოლად გამომყევი. მოგიწევს ამის გაკეთება, _ დაიღრინა მამაკაცმა, _ არც მე დავიხევ უკან და ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი სისხლის და ხორცის შესანარჩუნებლად. მეც მაქვს ჩემი უფლებები და მასზე უარის თქმას არ ვაპირებ!

იცოდა სალომემ, რომ ვაკოზე დაქორწინება მას მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქალს გახდიდა, მაგრამ არა ამ მდგომარეობაში. წარმოუდგენია, რა დღეში ჩააგდებს მომავალი მეუღლე, ცოლად რომ გაჰყვეს. მოსვენებას არ მისცემს, ერთი დღე არ გაახარებს. ძაღლივით მოექცევა. იცის ეს სალომემ, ძალიან კარგად იცის. რანაირი ერთობლივი ცხოვრება უნდა ააწყონ? ის ოჯახი რა ოჯახი იქნება?! უბედური, უბედური და უიმედო, არამყარი და მყიფე, როგორც მინა. ის იძულებული გახდება, შეებას უღელში, რომელიც სიყვარულზე არ იქნება აგებული. ვაკოს მთელი ყურადღება ბავშვზე გადავა, ის კი დამცირებისა და აბუჩად აგდების ობიექტი გახდება. რა აზრი ექნება ასეთ ცხოვრებას? არავითარი!

_ მე არ შემიძლია შენი ცოლობა, _ გაიმეორა მშვიდად და მტკიცედ.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ჩემია, _ გამოუცხადა ვაკომ, _ კამათის გაგრძელებას აზრი არა აქვს, ჩემი შვილი ჩემს მფლობელობაში გადმოვა.

_ რას ნიშნავს შენს მფლობელობაში? რა, უძრავი ქონებაა? სახლია? აგარაკი? ავტომობილი? საიდან მოგაქვს ასეთი სიტყვები? _ წყნარად, ხმის აუწევლად დააყარა კითხვები სალომემ.

_ მას მე გავზრდი… უშენოდ. ახლა გასაგებად ვთქვი? უ-შე-ნოდ! ამაზე ლაპარაკი დამთავრებულია!

მცირე პაუზის შემდეგ, რომლის განმავლობაში სალომემაც დუმილი არჩია, ვაკომ დაამატა.

_ ახლა კი შინ წაგიყვან. მე ყველაფერი გითხარი და დავამთავრე.

სალი ხვდებოდა, რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო დასასრული, მას შეეძლო ბოლო სიტყვა ეთქვა, თავიც დაეცვა და ჯერარდაბადებული შვილიც, მაგრამ იმდენად დაიღალა, კამათის გაგრძელების ძალა მეტად აღარ შესწევდა. დროებით შეეგუა მდგომარეობას. ის კი არა, მამაკაცს უფლება მისცა, მანქანამდე მის ხელზე დარყდნობილი მისულიყო, რადგან დამოუკიდებლად ამწუთას ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა.

მთელი გზა ისე გალიეს, არც ერთს ხმა არ ამოუღია. გოგონას თვალები დაეხუჭა და ისე უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, თითქოს გარდაცვლილი ესვენა სავარძელზე. ამწუთას ვერაფერს გრძნობდა. ისე იყო გამშრალი და ემოციებისგან დაცლილი, დანა რომ დაერტყა ვინმეს, წვეთი სისხლი არ გამოუვიდოდა.

არც გაუგია, როგორ გააჩერა ვაკომ მანქანა და მოვედითო, უთხრა. როცა მამაკაცმა კარი გააღო, მხოლოდ მაშინ გამოერკვა. გადმოსვლისას იძულებული გახდა, კვლავ მის ხელს დაყრდნობოდა, რადგან ისე იყო გაცამტვერებული, ძლივს აითრია სხეული.

მის დანახვაზე მარინას ფერი წაუვიდა. მიხვდა, რომ რაღაც საშინელება მოხდა, მაგრამ არაფერი უკითხავს. სალომემ მამიდას გვერდი აუარა და უსიტყვოდ წალასლასდა თავისი საძინებლისკენ. ფეხსაცმელი ხელების დაუხმარებლად გაიხადა, იქვე, იატაკზე მიაგდო და მოკუნტული მიწვა ლოგინზე. თვალებდახუჭულს კარგა ხანს ესმოდა შემოსასვლელიდან იქ მყოფთა დახშული ხმით ლაპარაკი.

იცის სალომემ, რომ მამიდა მას შტერ გოგოდ მიიჩნევს, მაგრამ ვაკო? რატომ ეგონა, რომ ცოლობაზე დათანხმდებოდა, როცა მასზე ასეთი წარმოდგენა აქვს? განა არ იცის, მის ხელში რაც მოელის? თვითონაც ხომ ხვდება ამას? ძალიან კარგადაც მოიქცა, უარით რომ გაისტუმრა. მაგრამ ბავშვს არაფრის დიდებით არ დაუთმობს. ეს არასდროს მოხდება! მას საკმარისი დრო აქვს, გამოსავალი იპოვოს და გადაწყვეტილება მიიღოს. ის ყველაზე მისაღებ გზას აირჩევს. აი, ნახოს!

დრო ჯერ თავზე საყრელად აქვს. აქედან წავა და ისეთ ადგილას დაიდებს ბინას, ვაკო რომ ვერასდროს მიაგნებს. ახლა კი, უნდა დამშვიდდეს და აუჩქარებლად გააანალიზოს სიტუაცია.

მალევე ჩაეძინა. არც მანქანის ძრავის ხმა გაუგონია, არც ოთახში ფეხის წვერებზე შემოსული მამიდა დაუნახავს, რომელმაც მძინარეს პლედი სათუთად გადააფარა.

სიზმრების სამყაროში ჩაიკარგა. ჯერ ესიზმრა, თითქოს ის და ვაკო ბედნიერი ცოლ-ქმარი იყვნენ და ბევრი შვილი ჰყავდათ. «მეორე» სიზმარში გაქცეულ გოგონას მამაკაცი ტყეში მისდევდა, რათა ბავშვი წაერთმია, რომელიც ხელში ჰყავდა ატატებული. მოულოდნელად თავად ვაკო გადაიქცა ჩვილად და ღნავილი მორთო.

ოფლში ერთიანად გაწურულს გამოეღვიძა. სწრაფად წამოჯდა საწოლზე, მაგრამ იმწამსვე თავბრუ დაეხვა. რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ ფეხზე დამდგარიყო და სააბაზანომდე მიეღწია…

სწორედ იქ იპოვა მარინამ… გონწასული ეგდო იატაკზე. ძლივს მოახერხა მისი ლოგინამდე მიყვანა და მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

როცა მორიგე ექიმმა გაიგო, გოგონა ორსულად იყო, მკაცრად დატუქსა, რატომ დროზე არ მიაკითხეთ ქალთა კონსულტაციას და გამოკვლევები არ ჩაიტარეთო.

_ ცუდადაა ჩემი საქმე? _ აკრუსუნდა სალომე.

_ დამშვიდდით, საშიში არაფერია. უბრალოდ, აუცილებლად გჭირდებათ გინეკოლოგთან ვიზიტი და ანალიზების გაკეთება. პირველი სამი თვე მეტი ყურადღება გმართებთ, სანამ ტოქსიკოზი გაგივლით, ეგ არის და ეგ. გამუდმებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოთ, რომ მდგომარეობა არ გართულდეს.

სასწრაფო გაისტუმრეს თუ არა, ჭიშკარს ვაკოს «მერსედესი» მოადგა. მამაკაცი ქარივით შემოიჭრა ოთახში, ერთობ შეშფოთებული ჩანდა. სალიმ ჩუმად ამოიოხრა, როგორც ჩანს, მამიდამ მასთან დარეკვა მოასწრო და ისიც მაშინვე მოასკდა.

_ რა მოხდა? ბავშვი როგორ არის? _ ზღურბლზე გადმოაბიჯა თუ არა, შეკითხვები დააყარა გოგონას.

ბავშვი! მისი ამბავი აწუხებს, სალომესი კი არა. ოდნავადაც არ აინტერესებს, თავს როგორ გრძნობს _ კვდება თუ რჩება! ლამის ატირდა, თუმცა მოწოლილი ცრემლები უკან ჩააბრუნა და თვალები მილულა, რომ წყენა დაემალა.

ვაკო ისე გამოიყურებოდა, თითქოს ეს-ესაა, საწოლიდან წამოხტაო _ პერანგი ამოჩაჩოდა, თმა ყალყზე ეყენა.

_ გეკითხები, ბავშვი  როგორ არის-მეთქი! _ გაუმეორა.

_ ყველაფერი კარგადაა, _ როგორც იქნა, პასუხის ღირსად გახადა, _ მამიდამ ტყუილად ატეხა პანიკა. შეგიძლია არ ინერვიულო.

_ მე არ ვნერვიულობ. მითხარი, თავს როგორ გრძნობ?

როგორც იქნა! ისიც გაახსენდა ბოლოს და ბოლოს! თავიდანვე ამ კითხვით უნდა დაეწყო.

_ ბრწყინვალედ!

_ იქნებ რამით შემიძლია დაგეხმარო? რა გავაკეთო შენთვის? წამლები ხომ არ გჭირდება?

სალიმ ირიბად ჩაიღიმა.

_ არაფერი მჭირდება, გმადლობ.

_ მადლობა მერე მითხარი, ჯერ იმაში გამარკვიე, რით გიშველო. იქნებ ჯობია, საავადმყოფოში წავიდეთ? დაწვები და გამოკვლევებს ჩაიტარებ.

_ არ ჯობია! ეს, უბრალოდ, ბანალური გულის წასვლა იყო და მეტი არაფერი, _ მას უკვე აღიზიანებდა მამაკაცის მზრუნველობა, _ თავბრუ დამეხვა და იატაკზე ჩავჯექი. ალბათ ცუდად მეძინა ღამე და იმის ბრალია.

_ რას ნიშნავს ბანალური გულის წასვლა? რა მხატვრული ენით მელაპარაკები!

სალიმ არ უპასუხა.

_ შენ დასვენება გჭირდება, თანაც ცოტა კი არა, ბევრი.

_ შეიძლება, _ ექიდნურად დაუდასტურა, _ დიდი მადლობა, რომ მოხვედი, მაგრამ ახლა უმჯობესია, წახვიდე. მე ხომ დასვენება მჭირდება. ეჭვიც არ მეპარება, რომ მამიდა რეგულარულად მოგაწოდებს ინფორმაციას ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, _ მორიელივით იკბინებოდა გოგონა.

მაგრამ ვაკო წასვლას სულაც არ ჩქარობდა. იგი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, მის ფეხებთან.

_ ჩემ გამო მოხდა ასე? _ ხმა დაურბილდა მამაკაცს და მოიღუშა, _ ვიცი, რომ არცთუ თავაზიანად მოგექეცი საღამოს.

სალომემ უარის ნიშნად თავი გააქნია და მაშინვე ინანა, რადგან ეგრევე თავბრუსხვევა დაეწყო.

_ შენთან ამას არავითარი შეხება არა აქვს. რაღაც კოშმარები მესიზმრა, რომ გამომეღვიძა, ოფლისგან მთლად სველი ვიყავი. ვიფიქრე, წყალს გადავივლებ-მეთქი… ვფიქრობ, მომიხდება.

_ მოდი, დაგეხმარები, კარგი?

ამის გაგონებაზე გოგონამ სიცილი ვერ შეიკავა, თუმცა ეს ხმა სიცილს არ ჰგავდა… უფრო ხაოდა, ვიდრე იცინოდა.

_ ალბათ ხუმრობ…

ვაკომ ხელზე წაავლო ხელი.

_ გამომყევი ცოლად, სალი… მომეცი უფლება, ვიზრუნო შენზე.

_ თავი დამანებე! _ შეუღრინა მამაკაცს, თუმც კი მშვენივრად ხედავდა, როგორ გულწრფელად განიცდიდა «საქმრო» მის ცუდად გახდომას.

მერე რა, მას ხომ ეხერხება თამაში! ესეც მისი თამაშის ნაწილია! მას მხოლოდ ბავშვი აინტერესებს და ეს მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი შემოვიდა,

_ სალომე! _ გაისმა ამ დროს ოთახში შემოსული მარინას საყვედურნარევი ხმა, _ როგორ ელაპარაკები ადამიანს, არ გრცხვენია?!

_ მგონი, ჩემი წასვლის დროა, _ ვაკო გოგონას შემდეგ სიტყვებს აღარ დაელოდა და წამოდგა, _ ხვალ დავრეკავ.

_ ნუ შეწუხდები, ჩემ გამო არ ღირს, _ დაუდევრად უპასუხა სალიმ.

მარინამ ერთი ამოიოხრა და თვალები ჭერზე აღაპყრო. მამაკაცმა კი მხოლოდ თავი გადააქნია. მერე ორივემ უთქმელად დატოვეს საძინებელი და კარი გაიხურეს.

სალომე საწოლიდან გადმოძვრა და სააბაზანოს მიაშურა, რათა ებანავა და ვაკოსთან დაკავშირებული უსიამოვნო მოგონებები წყლისთვის გაეტანებინა.

ონკანი მოუშვა და თბილ ჭავლს შიშველი მხრები შეუშვირა… როგორც ჩანს, მისმა ოცნების მამაკაცმა გადაწყვიტა, რაც შეიძლება, მეტად მოაბეზროს თავი, _ ფიქრობდა გოგონა, თან გამალებით ისაპნებოდა. სანამდე ითმინოს ეს ყველაფერი? თუკი იგი ყოველ მოსვლაზე აპირებს ხელის თხოვნას, აჯობებს, ხვალვე გაეცალოს აქაურობას. ბოლოს და ბოლოს, დროებით დედინაცვალთან გადასახლდება. საწყალ ქალს გაუხარდება კიდეც, ისედაც გამოყრუებულია მარტოობით, მაგრამ ეს ხომ დროებითი თავშესაფარი იქნება? განა ეს გამოსავალია? არადა, არც ის იცის, სად არის გამოსავალი! არც ძალა გააჩნია საიმისოდ და აღარც ენერგია შემორჩა, ცხოვრება თავიდან დაიწყოს, დამოუკიდებლდ, ამასაც არ არის მიჩვეული. მით უმეტეს ახლა, ამ მდგომარეობაში. როგორ უნდა იცხოვროს მარტო? ისიც _ სადღაც სხვაგან, მისთვის უცხო ადგილას! რითი იარსებოს? დავუშვათ, სამსახურშიც მოეწყო, მერე? როცა მუცელი ცხვირამდე წამოეზრდება და მუშაობას ვერ შეძლებს, რა მოელის? მიუხედავად იმისა, რომ მამიდასთან თავს დაცულად გრძნობდა, თან ფულიც ნაკლები ეხარჯებოდა, თავისი დანაზოგი თითქმის «ფსკერამდე» დაიყვანა. ადვილი წარმოსადგენია, რა მოელის, როცა ცალკე გადავა. მართალია, მამიდა არაფერს დააკლებს, მაგრამ მთელი სიცოცხლე მის ხარჯზე ხომ არ იქნება? იქნებ მუცელი მოიშალოს? ეს შურისძიების საუკეთესო საშუალება იქნება. თვითონაც დაიტანჯება, მაგრამ იმასაც მოუკლავს გულს. ცოტა ხნის წინ ამაზე ფიქრიც კი ზარავდა, მაგრამ ახლა…

8 8 8

როცა ვაკომ გაიგო, სალომე ორსულად არისო, საშინელი სტრესი განიცადა. მისთვის ეს იმდენად თავზარდამცემი ამბავი იყო, საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. როგორ შეიძლებოდა ასე მომხდარიყო? ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ ერთხელ იწვნენ ერთად. რა უაზრობაა, რა სისულელე! რაც თავი ახსოვს, ქალთან ურთიერთობაში ყოველთვის იჩენდა სიფრთხილეს, განსაკუთრებით _ ლოგინში. ისიც უაზრობა იყო, ხელმეორედ რომ სთხოვა ცოლობა. არადა, რის ფასად დაუჯდა ამ გადაწყვეტილების მიღება?! ყველაფერს ერთად გადააბიჯა _ თავმოყვარეობას, სიამაყეს, პრინციპს, პატივმოყვარეობას…

ამ მომენტში სხვანაირად არ შეეძლო… მოიქცა ისე, როგორც კეთილსინდისიერ ადამიანს ეკადრებოდა. მან კი კვლავ ხელი ჰკრა!

რა მტრულად არის სალი მის მიმართ განწყობილი! წამითაც არ დაუხრია თავი! მიუხედავად იმისა, რომ მისგან შვილს ელოდება, მაინც არ ისურვა მასთან თანაცხოვრება! ამას ჰქვია ამპარტავნება! მართალია, ვაკო უხეშად მოექცა, მაგრამ ბავშვის დაბადება ხომ ყველაფერს ცვლის! ხომ უნდა შეეგნო ეს, პატარა გოგო აღარ არის უკვე, ზრდასრული ქალია!

მისგან საბოლოო პასუხი მაინც ვერ გაიგო… ვერ მიხვდა, თანახმა იყო თუ არა იგი, ბავშვი მისთვის დაეთმო. ბოლოს წინააღმდეგობა არ გაუწევია. რას ნიშნავდა ეს _ ჰოს თუ არას? ახლაღა ახსენდება, რომ გამოკვეთილი თანხმობა არ მოუცია. ის კი არა, ხმაც არ გაუღია, დუმილით შეხვდა მის «ულტიმატუმს». უცნაურია… აჯობებს, უფრო ყურადღებით მიადევნოს თვალი, უფრო ხშირად მივიდეს მის სანახავად, თორემ თუ მოსკოვში გაქცევა მოახერხა, მერე მშვიდობით _ ღვიძლ შვილს ვეღარასდროს ნახავს.

რატომ უთხრა უარი? დამცირებულად გრძნობს თავს? იქნებ ქონებით დააინტერესოს? მდიდრული ცხოვრება რომ შესთავაზოს? სალომესთვის ხომ ძალზე მნიშვნელოვანია ასეთი მდგომარეობა? ვაკოს შეუძლია ხელისგულზე ატაროს იგი… რა თქმა უნდა, მხოლოდ ბავშვის გამო, თორემ… არა, ტყუილად იმართლებს თავს. გარდა შვილისა, სალიც აინტერესებს. ის ლამაზია, ჭკვიანი და სექსუალურიც… როგორ გაანერვიულა, კინაღამ მოეშალა მუცელი. კარგია, რომ გადარჩა… შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო, თუმცა ვაკოს უკეთესის მოლოდინი ჰქონდა. რაც მთავარია, მას სჭირდება ეს ბავშვი, ის მისი შვილია!

არაფრით არ დაანებებს თავს. ხვდება, რომ სალისთან მუშაობა მოუწევს, რთული და დაძაბული მუშაობა… ძლიერი ქალია, ადვილად ვერ მოახრევინებს ქედს. როგორმე უნდა მიუდგეს, რაც შეიძლება, რბილად შეეცადოს, დაარწმუნოს, რომ ვაკო შეიცვალა და «კეთილი ზრახვებით» სურს მასთან დაქორწინება. მამაკაცი თავის თავს არ უტყდებოდა, თუმცა გულის სიღრმეში თავადაც გრძნობდა, რომ მართლაც ასე იყო, მართლაც კეთილი სურვილები ამოძრავებდა გოგონას მიმართ. გაცნობის დღიდან ასე იყო და ასე იქნება! თუმცა, ამაზე ფიქრსაც გაურბის და ლაპარაკსაც. რა ქნას, ისე შეტრიალდა სიტუაცია, უჭირს სიმართლის აღიარება, არ შეუძლია, საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯოს, თორემ პატიებას წინ რა უდგას?

საღამოს, როცა საქმეებს მორჩა და სამსახურიდან წამოვიდა, პირდაპირ მარინას სახლისკენ გაეშურა სალომეს მოსანახულებლად. მიუხედავად იმისა, რომ რთული დღე ჰქონდა _ დატვირთული საქმიანი შეხვედრებითა და მოლაპარაკებებით. სალი კვლავ მტრულად შეხვდა. თავი ძველებურად ამაყად ეჭირა. მიხვდა ვაკო, რომ უდიდესი ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდებოდა მის დასათანხმებლად. მაინც დაითანხმებს, ღრმად სწამს ამის. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი ქალია, მაინც ქალია… აქედან გამომდინარე, როცა საქმე გრძნობას ეხება, ყველა ქალი სუსტია… სალის კი უყვარს ვაკო. ამას შინაგანად გრძნობს… და, ცოტა არ იყოს, ამაყობს კიდეც ამით. მართალია, გოგონა ყველანაირად ცდილობს ამ სიყვარულის დამალვას, თუმცა ერთობ უნიჭოდ… სწორედ ამიტომაც არის სუსტი…

მამიდა და ძმისშვილი ვერანდაზე ისხდნენ და ჩაის და ბლითებს შეექცეოდნენ. მარინას მისი დანახვა ძალიან გაუხარდა, სწრაფად წამოდგა და თავისი ადგილი მამაკაცს დაუთმო, თავად კი სამზარეულოში გავარდა, რათა ახალგაზრდები მარტო დაეტოვებინა. როცა სალის გვერდით მოკალათდა, გოგონა აიმრიზა და ტუჩაბზუებულმა გვერდზე გაიწია. ვაკომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს მისი ჟესტი ვერ შეამჩნია.

_ როგორ ხარ?

_ გმადლობ, ბევრად უკეთ.

_ თავბრუ აღარ გეხვევა?

_ არა.

_ კარგია… დღეს გაისეირნე, თუ მთელი დღე შინ იყავი გამოკეტილი?

_ არ გავსულვარ სახლიდან, _ მოკლედ და გულგრილად პასუხობდა გოგონა.

ვაკო თავს ძლივს იკავებდა, კვლავ არ გამოეჩინა უხეშობა. უკვე აღიზიანებდა სალის საქციელი.

_ ამის მეტი არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი? _ მაინც ვერ მოითმინა ბოლოს.

სალომე მისკენ შეტრიალდა და თვალები დააკვესა.

_ სულაც არ მსიამოვნებს შენ გვერდით ყოფნა. რას მოითხოვ ჩემგან, რა გინდა, რომ გითხრა?! რისთვის მოდიხარ აქ, დაგპატიჟე?_ ხაზგასმულად უკმეხობდა.

_ სამწუხაროა, _ შეძლებისდაგვარად მშვიდად წარმოთქვა მამაკაცმა, რადგან იმავე ტონით რომ ალაპარაკებულიყო, კვლავ ჩხუბში გადაიზრდებოდა მათი საუბარი, _ აქ კი იმიტომ მოვდივარ, რომ მსიამოვნებს ამ სახლში ყოფნა. შენ მუცლით ჩემს შვილს ატარებ, ჰოდა, მეც მინდა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება.

_ ამაზე ადრე უნდა გეფიქრა, მეორე შანს მე შენ არასდროს მოგცემ!

აბა, ერთი შეხედეთ, როგორი განაწყენებულია… მერედა, ვინ არის დამნაშავე, თუ არა თვითონ? კიდევ კარგი, დროზე გაიგო ყველაფერი. კიდევ კარგი, იმ პატარა გოგომ ადრევე ახადა ფარდა სიმართლეს, თორემ ვინ იცის, რა მოელოდა… ღალატი და იმედგაცრუება. მთელი სიცოცხლე ტყუილში ცხოვრება… მაგრამ ახლა? რა შეიცვალა? რატომ სურს, კვლავ დაიბრუნოს იგი? მატყუარა და ფარისეველი ქალი, რომელიც ნაცადი მზაკვრული ხერხებით ცდილობდა, მისთვის თავი შეეყვარებინა?

ბევრი რამ შეიცვალა… პირველ რიგში ის, რომ მალე მამა გახდება და რადაც უნდა დაუჯდეს, ბავშვი მის ხელში უნდა გაიზარდოს. ამისთვის მზადაა, დათმობაზე წავიდეს და სალომე ცოლად შეირთოს. ვაკოს ყოველთვის უნდოდა, შვილები ჰყოლოდა. ახლა კი, როცა იცის, რომ მალე პირმშო ეყოლება და მასზე ზრუნვა მოუწევს, ამ სიამოვნებას ვერაფრით მოიკლებს.

_ მაგრამ პატიება რომ გთხოვო, ეს რამეს შეცვლის? _ ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ თავისი გაეტანა.

_ პატიება? რისთვის? _ მრისხანე მზერით გაზომა ქალმა, _ რისთვის უნდა მთხოვო პატიება? იმისთვის, რომ მე არ დამიჯერე და იმ ქარაფშუტა ნინის სიტყვებს ენდე? იმისთვის, რომ დამაორსულე? იმისთვის, რომ მეძავი მიწოდე? ბავშვის წართმევით რომ დამემუქრე? თუ ყველაფრისთვის ერთად? დაიღლები ამდენი პატიების თხოვნით… წადი, ვაკო, წადი და აქ აღარ მოხვიდე. მე არ მაქვს შენი ნახვის სურვილი.

სალომე შეუვალი იყო, როცა ბრაზობდა. მამაკაცმა ხელები მომუშტა და კბილი კბილს დააჭირა, რომ არ ეყვირა. საკმარისია, ვერ გამოზომოს და სამუდამოდ დაკარგავს მასთან ურთიერთობის გაგრძელების შანსს.

_ მომისმინე, სალი, _ კვლავ წამოიწყო, _ ვიცი, რომ ტკივილი მოგაყენე, მაგრამ არც შენ დაგიკლია ჩემთვის. ამიტომ არ ჯობია, შევრიგდეთ?

_ ჩვენ ერთხელ უკვე ვცადეთ ეგ, მამიდას ხათრით, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. არც ახლა გამოვა. სიმართლე გითხრა, ორივემ ძალიან შორს შევტოპეთ, რის გამოც გამრიცხულია იმის დაბრუნება, რაც ადრე იყო.

_ არ გეთანხმები. გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, ყოველთვის შეიძლება გამოსავალი იპოვოს ადამიანმა, თუ საღი გონებით მიუდგება საქმეს. ყოველი შემთხვევისთვის, ოქროს შუალედის პოვნა მაინც შეიძლება.

_ შეიძლება შენ გგონია ასე, მაგრამ მე არ მგონია. უკვე მივიღე გადაწყვეტილება და მას ვერავინ შემაცვლევინებს. ამჯერად მართლა დიდ ტკივილს მოგაყენებ, თუმცა შენზე მეტად შეიძლება ჩემს თავს ვატკინო.

_ რას გულისხმობ? _ ვაკო დაიძაბა, გულმა უგრძნო, რომ სალომე რაღაც საშინელებას უმზადებდა.

_ ხვალ აბორტი უნდა გავიკეთო!

 

 

ვაკომ, მისდა უნებურად, დაუსტვინა. ეს უკვე მეტისმეტი იყო, მაგრამ როგორმე უნდა შეენერჩუნებინა წონასწორობა. ერთი გადაბრუნებული სიტყვა და საბოლოოდ გაინადგურებდა ცხოვრებას. განა არ ესმოდა, რომ ცუდად მოექცა საყვარელ ადამიანს, როცა მისი ორსულობის შესახებ შეიტყო. ძალიან უხეშად გამოუვიდა… იმდენად უხეშად, რომ კიდევ ერთი შანსი დაკარგა, მასზე დაქორინებულიყო და ბავშვის კანონიერი მამა გამხდარიყო. და რისთვის ეს ყველაფერი? ერთი უგუნური გოგოს ნიშნის მოგებით ნათქვამი სიტყვებისთვის?! როგორ წამოეგო პროვოკაციას! არადა, უყვარს! განა არ იცის, რომ უყვარს, უბრალოდ, ჯიუტად არ უტყდება თავის თავს ამაში. ახლა, ამწუთას კიდევ ერთხელ მიხვდა ამას. გრძნობა, რომელიც უკვე დასამარებული ეგონა, თურმე ცოცხალი ყოფილა. ეს რა ჩაიდინა? სადამდე მიიყვანა მისი მომავალი შვილის დედა?

_ შენი ნერვიულობა არ შეიძლება, სალი, _ შერბილებულად დაიწყო, _ და ეგეთი აზრი მეორედ არ გაივლო გულში, კარგი?

_ მემუქრები?

_ არა, მხოლოდ ის მინდა, გონს მოგიყვანო. ჩემზე გამწარებულმა უკვე აღარ იცი, რა მოიმოქმედო. ცხელ გულზე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას. ჯერ დაფიქრდი და…

_ უკვე დავფიქრდი, შენი შეგონებები არ მჭირდება.

_ გჭირდება. შეგონებებიც გჭირდება და ისეთი ადამიანიც, რომელიც გვერდით დაგიდგება. მე ვიზრუნებ შენზე, გპირდები. შეიძლება ვიჩქარე და ნაადრევი დასკვნები გამოვიტანე, მაგრამ…

_ დაგაგვიანდა, ვაკო. ნუ ცდილობ, გადამათქმევინო. დროს ტყუილად ნუ კარგავ.

მამაკაცს გული დაუმძიმდა. ამჯერად გაჩუმება ამჯობინა, მაგრამ ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს დუმილი. ან კი რა უნდა ეთქვა კიდევ? გოგონა მის ყველა მცდელობას სასტიკი უარით პასუხობდა.

ამ დროს მარინა გამოჩნდა, რომელსაც ატმის კომპოტი და ჭიქები მოჰქონდა.

_ გაგრილება არ გინდათ? ნახეთ, რა კომპოტი მოვადუღე! _ ნაძალადევი მხიარულებით შესძახა ქალმა.

_ დიდი მადლობა, მაგრამ მე მივდივარ, _ მოგუდული ხმით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და წამოდგა.

_ უკვე?

_ ჰო, სალი გადაღლილია და… შეხვედრამდე, მარი…

თავჩაღუნულმა ვაკომ სწრაფი ნაბიჯებით დატოვა იქაურობა. სალომემ თვალი გააყოლა მიმავალს… თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში… თითქოს ირგვლივ ყველაფერი დაცარიელდა… რატომ იქცევა ასე? იქნებ მართლა სურს ვაკოს შერიგება? ხომ შეიძლება, ნანობდეს თავის საქციელს? ან საიდან მოუვიდა თავში აზრად ბავშვის მოცილება? თავადაც ხომ კარგად იცის, რომ ამის გამკეთებელი არ არის? შურისძიება? რა დროს შურისძიებაა, როცა მის სხეულში ახალი სიცოცხლეა ჩასახული?

გოგონა ღრმა ფიქრებში ჩაიძირა. მამიდა შორიახლოს იდგა და ყურადღებით აკვირდებოდა, წარამარა როგორ ეცვლებოდა სახე ძმისშვილს, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მერე გატრიალდა და ოთახიდან გავიდა. ასე ჯობდა. სალომე თავად უნდა მისულიყო საბოლოო გადაწყვეტილებამდე…

მეორე დილით მარინამ კარი ხმაურით შემოაღო.

_ ნახე, რა თაიგული მოგიტანეს? _ შესძახა სახეგაბრწყინებულმა და წითელი ვარდების უზარმაზარი ბუკეტი ოთახში შეიტანა.

გოგონამ კოპები შეკრა.

_ ვისგანაა?

_ აი, ბარათი, თავად წაიკითხე _ მართკუთხა ფორმის ვარდისფერი კონვერტი მიაწოდა მამიდამ.

«ყველაზე ლამაზ მომავალ დედას. სიყვარულით, ვაკო» _ გამოყვანილი ასოებით ეწერა ფურცელზე.

«ჰმ! სიყვარულით! რა ხუმარაა!» სალომემ ბარათი იატაკზე მოისროლა.

_ გადააგდე, თუ ღმერთი გწამს! მისი მოტანილი არაფერში მჭირდება!

_ რას ამბობ, შვილო… შეხედე, რა სილამაზეა, ამის გადაგდება იქნება?

_ მაშინ შენს ოთახში წაიღე. მაგის დანახვაც არ მინდა!

მაგრამ მეორე დღეს იგივე განმეორდა. ახლა უფრო ლამაზი თაიგული გამოუგზავნა მამაკაცმა…

და ასე გაგრძელდა მთელი კვირა. სახლი ყვავილების მაღაზიას დაემსგავსა.

მეშვიდე დღეს ვაკო კვლავ გამოჩნდა, ამჯერად თავად მოიტანა ვარდების თაიგული, თანაც იმსიგრძეები, სალომემ ვარდებს მიღმა მისი სახე ძლივს გაარჩია. გოგონამ თვალები დააკვესა.

_ ტყუილად ხარჯავ ფულს ამ ყვავილებში.

_ მე საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას ლამაზად ვცდილობ, _ თქვა ვაკომ.

მარინამ თაიგული ჩამოართვა სტუმარს და გაუჩინარდა.

_ როგორ ხარ? უკეთ გრძნობ თავს?

_ ბავშვი კარგად არის.

_ შენ? შენ როგორ ხარ?

_ ვისი ამბავიც გაინტერესებს, ის კარგად არის, ჩემი მდგომარეობა კი, არა მგონია, გაღელვებდეს.

_ ასე ნუ მელაპარაკები, არ გინდა.

გოგონა გაჩუმდა.

_ კიდევ ხომ არ წაგსვლია გული?

_ არა.

_ არ გინდა, გავისეირნოთ? ცოტა გავიაროთ ფეხით, მოგიხდება, თორემ მთელი კვირაა, შინიდან არ გასულხარ.

_ არ გავსულვარ? შენ საიდან იცი?

_ ვიცი.

_ მამიდამ გითხრა?

_ არა.

აჰა! ესე იგი, დადარაჯებული იყო… რატომ? ეშინოდა, მართლა არ გაეკეთებინა აბორტი? გოგონამ ღიმილი ძლივს შეიკავა. როგორ შეშინებულა?! ძალიანაც კარგი, მოუხდება!

_ შენ რა, მაკონტროლებდი? _ ირიბად გახედა.

ვაკომ მისი შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.

_ წამოხვალ?

_ სად?

_ ვისადილოთ სადმე.

_ რისთვის? ჩვენ ხომ გავწყვიტეთ ერთმანეთთან ურთიერთობა!

_ მე შევცდი.

ოღონდ კი ბავშვი არ დაკარგოს და ყველაფრისთვის მზადაა. ამით უნდა მისი გული მოიგოს! არავითარ შემთხვევაში! ურთიერთობის აღდგენა გამორიცხულია! რადაც უნდა დაუჯდეს, მაინც დააჯერებს, რომ სალომეს მისი სიმდიდრე არაფერში აინტერესებდა!

_ რას აპირებ, მოდიხარ? თუ არ გშია, ისე მაინც გავიაროთ, _ გაუმეორა მამაკაცმა.

გოგონას ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თუ უარი ეთქვა. გასეირნება მართლა არ აწყენდა, მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ ფეხი არ გაუდგამს სახლიდან, მაგრამ ღირს კი? ისევ თავიდან დაიწყება შეგონებები. ის კი დაიღალა ამდენი «არას» თქმით, და-ი-ღა-ლა!

მაინც დათანხმდა.

_ კარგი, წამოვალ.

გასეირნება «წარმატებული» აღმოჩნდა. მამაკაცი ყველანაირად ცდილობდა, მისთვის სიამოვნება მიენიჭებინა. სალომეს მათი პირველი შეხვედრები გაახსენდა. ვაკო ისევ ისეთი თავაზიანი გამხდარიყო, თბილი, მოსიყვარულე, ყურადღებიანი და… მომხიბვლელი… ეს ის მამაკაცი იყო, რომელსაც გოგონამ თავისი გული მიუძღვნა… მაგრამ მას არ შეეძლო იმ შეურაცხმყოფელი სიტყვების დავიწყება, რომლითაც იმ საღამოს «შეამკო» ვაკომ. ის სიტყვები არ ავიწყდებოდა… და არც არასდროს დაავიწყდებოდა… ახლა ძალიან კეთილი და თბილი ჩანდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა…

8 8 8

მიუხედავად სალომეს გაუტეხაობისა, მამაკაცი ფარ-ხმალს არ ყრიდა. იგი ყოველდღე მოდიოდა მარინასთან სახლში, მიჰყავდა სალი და ყვველანაირად ცდილობდა მისი გულის მოგებას, მისი ნდობის, მისი სიყვარულის ხელახლა მოპოვებას.

რაზე ფიქრობდა ამ დროს სალომე? რა თქმა უნდა, გამგზავრების გეგმებს აწყობდა. სულით და გულით უნდოდა, ვაკოს გულწრფელობაში ეჭვი არ შეეტანა, შერიგებოდა და სიკვდილამდე მის გვერდით ყოფილიყო, მაგრამ ვერ რისკავდა. ეშინოდა, კვლავ შემოეშვა იგი თავის გულში. კიდევ ერთხელ გულისტკენას ვერაფრით გადაიტანდა.

არადა, ვაკო მართლაც რომ არაფერს აკლებდა. საავადმყოფოშიც კი გაჰყვა რამდენჯერმე, გამოკვლევების ჩასატარებლად. ერთი სიტყვით, მამაკაცი ყველა იმ მოვლენაში მონაწილეობდა აქტიურად, რომელიც სალის ყოველდღიურ ცხოვრებას შეადგენდა… და იგი არათუ ბავშვზე, მასზეც ნერვიულობდა, მასზეც ზრუნავდა. მართალია, სიყვარულზე სიტყვაც არ ჩამოუგდია ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ისე იქცეოდა, როგორც შეყვარებულ მამაკაცს შეეფერებოდა.

ერთ საღამოს მედეამ დარეკა, სწორედ იმ დროს, როცა ვაკოც მარინასთან იყო. სალომე თბილად ელაპარაკა დედინაცვალს.

_ სალო, შვილო, რატომ არაფერი მითხარი ბავშვის შესახებ? _ უსაყვედურა ქალმა გერს, _ ჩემი ცუდი გოგო. ვერ წარმოიდგენ, როგორ გამახარე. ნეტავ შალვაც მოსწრებოდა ამ დღეს! ვინ არის ის ბიჭი, რას საქმიანობს, არ უნდა გამაცნო? შენ როგორ ხარ? ბავშვი ხომ ჯანმრთელადაა?

_ მოიცა, მედი, ნუ დამაყარე! _ სიცილი აუტყდა გოგონას, _ რიგრიგობით გიპასუხებ, კარგი? მარინას ახლობელია, ბიზნესმენი, თუმცა უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვს, ვიდრე ბიზნესმენს შეეფერება. ბავშვიც კარგად არის და მეც მშვენივრად ვგრძნობ თავს. ის ახლა აქ არის…

_ და ერთი სული აქვს, როდის გავიცნობ, _ გააგრძელა ვაკომ და სალომეს ყურმილი ხელიდან გამოსტაცა.

სანამ გოგონა პროტესტს გამოთქვამდა, მამაკაცმა ისეთი გულითადი საუბარი გამართა «სასიდედრონაცვალთან», კარგ სტაჟიან სიძეებსაც კი შეშურდებოდათ.

_ აუცილებლად გავიცნობთ ერთმანეთს, ქალბატონო… და რაც უფრო მალე გამოხვალთ ჩვენთან, მით მეტად გაგვახარებთ… გნებავთ, მანქანას გამოგიგზავნით?.. _ არ ჩერდებოდა ვაკო.

გოგონა გაოგნებული მისჩერებოდა. როცა მამაკაცმა ყურმილი დაკიდა, დოინჯშემოყრილმა ქვემოდან ახედა ვაკოს.

_ გგონია, ისე მოეწონები, რომ აქ დარჩენის სურვილი გაუჩნდება? _ ნიშნის მოგებით ჰკითხა.

_ უფრო მეტიც _ ჩვენს ჯვრისწერასაც სიამოვნებით დაესწრება! _ იმავე ტონით უპასუხა მამაკაცმა და გოგონას თვალი ჩაუკრა.

_ რომელ ჯვრისწერას გულისხმობ?

_ რომელიც მე და შენ გვემუქრება უახლოეს დღეებში! _ ისეთი თავდაჯერებული ტონით წარმოთქვა ეს სიტყვები, სალომეს გული აუფორიაქდა.

მოკლავს, თუ მის ზურგს უკან რამე აქვს ჩაფიქრებული. დაფიცებული აქვს, რომ «ჰოს» ვაკო მისგან ვერასდროს გაიგონებს… და ასეც იქნება!

_ რაღაც არ მახსოვს, შენთვის ამის თანხმობა მომეცა…

მამაკაცმა იდუმალად გაიღიმა.

_ მე მგონი, მოგიწევს. თუ არ ვცდები, ბოლო დღეებში დაგიმტკიცე, რომ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს.

_ მართლა? _ ხელები გულზე დაიკრიფა სალიმ, _ რა იშვიათი თავდაჯერებულობაა შენი მხრიდან! არაფერიც არ დაგიმტკიცებია! ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ ამას მხოლოდ ბავშვის გამო აკეთებ.

მისმა სიტყვებმა მტკივნეულად იმოქმედა მამაკაცზე, მაგრამ გოგონას წარბიც არ შეუხრია. სიმართლე სიმართლეა და მას თვალი უნდა გაუსწორო! _ იკითხებოდა მის მზერაში.

_ ნუთუ ისევ იმავე წარმოდგენის ხარ ჩემზე? სულ არ მენდობი?

_ რატომ უნდა გენდო? როცა ადამიანი ხმამაღლა და არაორაზროვნად აფიქსირებს თავის შეხედულებებს და შენს გრძნობებს ფეხქვეშ თელავს, ცოტა ძნელია ამის დავიწყება.

_ ღმერთო ჩემო, სალი… რა გემართება? მეგონა, მიხვდი, რომ სინდისმა შემაწუხა და ვინანიებ ჩემს საქციელს. ყველაფერს ვაკეთებ დანაშაულის გამოსასყიდად, საკუთარი ტყავიდან ვძვრები იმის დასამტკიცებლად, რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ, _ ვაკო მიუახლოვდა და მაჯაში ჩაავლო ხელი, _ შენ და ბავშვი მთელი ჩემი ცხოვრება ხართ. ორივენი ჰაერივით მჭირდებით… როგორც სუნთქვა, როგორც წყალი, ცეცხლი, მიწა, პური… ძალიან გთხოვ, დამიჯერე.

მაგრამ მაინც არ უთხრა, მიყვარხარო… წინადადება, რომლის გაგონებაზეც სალომე ოცნებობდა, არ ითქვა… ხელის გათავისუფლება არ უცდია, მაგრამ გულში რაღაც ჩაწყდა… ბოლო დროს ვაკოს მისი კოცნაც კი არ უცდია. მხოლოდ ლოყაზე თუ შეეხებოდა ყოველი მისალმების და გამომშვიდობების დროს. ეგ იყო და ეგ. ეს კი სწორედ იმაზე მეტყველებდა, რასაც სალომე ვარაუდობდა.

მოულოდნელად კვლავ დარეკა ტელეფონმა. უეცარმა ზარმა ორივე შეაკრთო. ყურმილი სალიმ აიღო.

_ ავთო?! _ უცნაური ხმით წამოიძახა.

_ როგორ ხარ? რა არის, სულ რომ დამივიწყე? ერთხელ არ უნდა დაგერეკა? ჩემს საქმეს მომავალ კვირას იხილავენ. მეგონა, ჩამოხვიდოდი და ასეთ დროს მაინც დამიდგებოდი გვერდში. ასეთი რა დაგიშავე? _ საყვედურებით აავსო ყოფილმა ქმარმა.

_ რა უცნაურია, ასეთი პრეტენზიები რომ გაგიჩნდა! _ ოდნავ დაუწია ხმას გოგონამ, _ ხომ არ დაგავიწყდა, მე და შენ განქორწინებული რომ ვართ? სულაც არ ვარ ვალდებული…

_ ძალიან გთხოვ, ასე სასტიკად ნუ მომექცევი! ამ ისტორიამ შეიძლება ჩემი ცხოვრება სამუდამოდ გაანადგუროს. დამეხმარე!

_ ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა იმ ვიღაცას აუპატიურებდი!

_ რას ამბობ, რა გაუპატიურება! შენ გჯერა ამ სისულ…

სალომემ ყურმილი მთელი ძალით დაახეთქა ბერკეტზე… უფრო იმიტომ, რომ დაინახა, როგორ წამოდგა ვაკო დივანიდან. მიხვდა, მამაკაცი ამჯერადაც გამოსტაცებდა ყურმილს ხელიდან და დაასწრო.

_ რატომ არ დამალაპარაკე? _ მშვიდად ჰკითხა მამაკაცმა და თვალი თვალში გაუყარა.

_ ღმერთო, რა ნაძირალაა! ყველაფერ იმის შემდეგ, რაც გამიკეთა, როგორ ბედავს ჩემთან დარეკვას!

ვაკო სმენად იქცა.

_ ამისთანა რა გაგიკეთა, ბოლოს და ბოლოს, არ მეტყვი?

_ არ მინდა წარსულის გახსენება, _ წაიიჩურჩულა გაფითრებულმა და პარმაღზე გავიდა, იგრძნო, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა.

მამაკაცი უკან მიჰყვა. რა გაუკეთა?! _ თავისთვის აგრძელებდა ფიქრს სალომე, _ ამას ხმამაღლა როგორ იტყვის? თანაც მასთან? შეუძლებელია! როგორ უთხრას, რომ მასაც ისევე აუპატიურებდა, როგორც იმ ვიღაცას… ძალის გამოყენებით ამყარებდა ცოლთან სექსუალურ კონტაქტს იქ, სადაც მოესურვებოდა და მაშინ, როცა ამის ხასიათზე დგებოდა… ცოლის გრძნობები არასდროს აინტერესებდა. განა ამას გაუპატიურება არ ჰქვია? შეიძლება ტერმინოლოგია ზუსტად არ მიესადაგება მის საქციელს, მაგრამ განა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევ ასეთ ქმედებას?

_ მითხარი, _ ჯიუტად მოითხოვდა ვაკო.

სალომე ბაღში ჩამავალ კიბეზე დაეშვა.

_ შინ წადი, ვაკო… გთხოვ, _ ოდნავ გასაგონი ხმით სთხოვა გოგონამ.

მამაკაცი გაშრა. ის იყო, სალის ბოლო საფეხური უნდა ჩაეთავებინა, რომ უეცრად თავბრუ დაეხვა და შებარბაცდა. ვაკომ ვერ მოასწრო ხელის შეშველება… გულწასული გოგონა მიწაზე გაიშხლართა… გულგახეთქილმა ვაკომ ისღა მოიფიქრა, მობილური მოემარჯვებინა და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა. მერე გონდაკარგული სალი ხელში აიტატა და ოთახში შეარბენინა.

სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა მოვიდოდა, სალომე გონს მოვიდა. მან უღონოდ შეარხია მკლავები და ჩამქრალი თვალებით შეხედა მის საწოლთან ჩამომჯდარ მამაკაცს.

_ რა მოხდა?

_ კიბიდან დაგორდი. ექიმი მალე მოვა.

_ არ მჭირდება ექიმი, კარგად ვარ, _ თქვა და წამოდგომა დააპირა.

_ არ გაინძრე, გთხოვ. ასე უფრო უსაფრთხოდ იქნები. იქნებ არც შეიძლება შენი ადგომა. სასწრაფოს დაველოდოთ. გტკივა რამე?

_ მგონი, არაფერი.

სასწრაფო დახმარება რეკორდულად მოკლე დროში მოვიდა. თავის დაზღვევის მიზნით, ექიმმა გოგონას საავადმყოფოში გადაყვანა არჩია…

8 8 8

ვაკო თავისი «მერსედესით» უკან მიჰყვებოდა სასწრაფოს მანქანას. უკიდურესობამდე ღელავდა. ბავშვს რომ რამე დამართოდა, ვერასდროს აპატიებდა თავის თავს. რატომ განერვიულდა სალი ასე? ქმრის ზარმა შეაშფოთა? ღმერთო, რა ემოციურია! რა უნდოდა, რას ურეკავდა? ხომ უკვე გაშორდნენ ერთმანეთს, რატომ უშლის ნერვებს? არადა… თვითონ უარესად არ ექცეოდა ბოლო ხანებში? რითია ავთოზე უკეთესი? თავისი სიჯიუტით და უხეშობით განა ნაკლები ტკივილი მიაყენა საყვარელ ქალს? მორჩა, ეს მეტად აღარ განმეორდება! არასდროს, არასდროს აწყენინებს სალის, სიცოცხლის ბოლომდე!

სანამ სალომეს გამოკვლევებს უტარებდნენ, ვაკო დერეფანში ბოლთას სცემდა. დრო გაიწელა. ასე ეგონა, ათი საათი გავიდა მას შემდეგ, რაც გოგონა გინეკოლოგის კაბინეტში შეიყვანეს.

როგორც იქნა, ექიმიც გამოვიდა.

_ ცუდად არის საქმე? _ შეშფოთებული მიეჭრა ვაკო, რადგან ექიმს კარგი ამბისთვის ზედმეტად სერიოზული სახე ჰქონდა.

_ სამწუხაროდ, ძალიან დიდია იმის შანსი, ქალბატონს მუცელი მოეშალოს. საავადმყოფოში უნდა დავტოვოთ, მას სრული სიმშვიდე სჭირდება.

ვაკოს შეამცივნა… ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სხეული ეყინებოდა.

_ თვითონ… თვითონ როგორ არის?

_ თვითონ არა უშავს.

_ ბავშვი?

_ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მის შენარჩუნებას შევძლებთ. ჯერჯერობით მეტს ვერაფერს დავამატებ.

_ შეიძლება, ვნახო? _ ძლივს ამოღერღა, რადგან ყელთან მობჯენილმა ცრემლებმა თავისუფლად ლაპარაკის საშუალება არ მისცა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ღრიალი მოუნდა.

«ჩემი ბრალია ყველაფერი, მე ვარ დამნაშავე», _ ერთსა და იმავეს იმეორებდა გონებაში.

_ მხოლოდ რამდენიმე წუთით, _ ნება დართო ექიმმა.

სალომე გაუნძრევლად იწვა პალატაში. უსუსური და დაუცველი ჩანდა. ცარცივით გათეთრებოდა პირისახე. ამის დანახვაზე მამაკაცს გული მოეწურა.

_ სალი… მაპატიე… _ ჩაიმუხლა და მის ხელს ხელი შეახო.

სალომემ სუსტად გაიღიმა.

_ რისთვის? შენ რა შუაში ხარ, მე თუ დავეცი.

_ ექიმმა ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დარჩესო.

_ კარგი… _ გოგონამ თვალები მილულა.

_ სალი…

_ ბატონო…

_ მიყვარხარ… _ ზედ ყურთან უჩურჩულა ვაკომ, მაგრამ მისი სიტყვები სალის არ გაუგონია… მას უკვე ეძინა.

საავადმყოფოს ეზოში მარინას შეეჩეხა. ქალს სახე შეშლოდა.

_ დავიღუპეთ? _ განწირული ხმით წამოიძახა.

_ გადავრჩით, მაგრამ მაინც დატოვეს. ასე ჯობია, მარი. ახლა ძინავს, არ ღირს მისი შეწუხება.

8 8 8

ორი კვირა იწვა სავადმყოფოში. ექიმებმა ბავშვის შენარჩუნება შეძლეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკო გვერდიდან არ მოცილებია, დილა-საღამოს დადიოდა მის სანახავად. როგორ უნდოდა სალის, ეკითხა მისთვის, იმ დღეს მართლა უთხრა, მიყვარხარო, თუ დამამშვიდებლით გაბრუებულს მხოლოდ ჩაესმა? მაგრამ ვერა, ამის კითხვა ვერ გაბედა. თან რცხვენოდა, თან ეშინოდა, ვაითუ, მხოლოდ ჩაესმა და მსგავსიც არაფერი წამოცდენიაო.

მეთხუთმეტე დღეს გამოწერეს. შინ მისულს სიურპრიზი ელოდა _ მედეა დახვდა სახლში. დედინაცვალი დიდხანს ეფერებოდა გერს და ხელებს უკოცნიდა. სალომეს გული აუჩუყდა. როცა ერთმანეთის მოსიყვარულებით გული იჯერეს, სალომემ ვაკოს გახედა.

_ მოდი, დედა გაგაცნო… მედი, ეს ვაკოა, ჩემი შვილის მამა…

ქალს ნიკაპი აუცახცახდა გერის სიტყვებზე. ცრემლებმა თვალები დაუბინდა… დედა… ეს სიტყვა სალიმ პირველად წარმოთქვა, რაც თავი ახსოვს…

ემოციებით აღვსილი მედეა მამაკაცს გადაეხვია.

_ სწორედ ასეთი წარმომედგინეთ, შვილო, ლამაზი და საყვარელი… ძალიან გაუმართლა ჩემს გოგოს.

_ ოოო! უდიდესი შრომა დაგჭირდებათ, ქალბატონო, თქვენი ქალიშვილი ამაში დაარწმუნოთ, _ გაიხუმრა სასიძომ.

ცოტა ხნის შემდეგ მარინა და მედეა ოთახიდან გავიდნენ და წყვილი მარტო დატოვეს. ვაკომ უხერხულად ჩაახველა და სალაპარაკოდ მოემზადა.

_ სალი… შეიძლება ახლა არც დროა შესაფერისი და არც ადგილი, მაგრამ რაღაც აუცილებლად უნდა გითხრა. მეტის დალოდება არ შემიძლია.

სალომე მოიღრუბლა. შესავალი სიტყვები თითქოს საგანგაშოდ ჟღერდა. ალბათ კვლავ ბავშვზე დაუწყებს ლაპარაკს. ალბათ ისევ დააძალებს, შვილი მას დაუთმოს. მართალია ვაკო, ახლა არც დროა შესაფერისი და არც გარემო, რომ იკამათონ. ჯერ არც კი გამოკეთებულა ბოლომდე. ეს-ესაა, საავადმყოფოდან მოვიდა. ოდნავ წამოჯდა საწოლში და საშინელების მოლოდინში გაისუსა.

_ ვიცი, რომ ძალიან ცუდად მოგექეცი… და არც არასდროს დაგადანაშაულებ, თუ ამას ვერ მაპატიებ… მაგრამ როცა ყველაფერი გავიგე, იმდენს ვეცადე, იმდენს… მინდა, დამიჯერო… ასეთი გულწრფელი დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. მიყვარხარ… მთელი გულით… მთელი ჩემი არსებით მიყვარხარ.

სალის თვალები გაუფართოვდა. ესე იგი, მაშინ კი არ მოესმა, ვაკომ მართლა უჩურჩულა ეს სიტყვები საავადმყოფოში. ძლივს გადააგორა ნერწყვი სასულეში. ღმერთო, ამდენი თვეა, ამ სიტყვების გაგონებაზე ოცნებობს! თან უხაროდა, თან სიხარულის გამოხატვის ეშინოდა, ვაითუ, მესიზმრება და უეცრად ყველაფერი გაქრესო.

_ მითხარი რამე, სალი, გთხოვ… მითხარი.

მას არასდროს უნახავს ვაკო ასეთი შეცბუნებული, თავის თავში ასეთი დაურწმუნებელი. ის ყოველთვის ძლიერი ჩანდა, ქედმოუხრელი, მოუდრეკელი… რა დაემართა?

_ რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა, ვაკო, მაგრამ…

_ მაგრამ პატიება არ შეგიძლია, არა?

_ მე ეს არ მითქვამს…

_ მაგრამ ასე ფიქრობ.

_ სიმართლე გითხრა… _ სალის, მისდა უნებურად, ღიმილი გადაეფინა სახეზე, რადგან მიხვდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე უეცრად მივიდა, სიცოცხლე ხომ ასე ხანმოკლეა, _ მეც მიყვარხარ…

მამაკაცი გამოცოცხლდა.

_ სერიოზულად?

_ ჰო!

_ რით შეგიძლია დამიმტკიცო? რაღაც არ მჯერა შენი, _ ეშმაკურად შეხედა.

_ კოცნა საკმარისი იქნება? _ ბავშვურად შეჰღიმა გოგონამ.

_ არ ვიცი, ვნახოთ… ჯერ გავსინჯოთ, მერე განვსაჯოთ! _ გაიხუმრა ვაკომ, მისკენ გადაიხარა, ხელები თავქვეშ ამოსდო და ტუჩებზე დაეკონა…

დრო თითქოს გაჩერდა…

8 8 8

ჯვრისწერა სამების ეკლესიაში შედგა, ქორწილი _ რესტორანში. ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებულ სალომეს თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა. მოულოდნელად ვიღაც სანდომიანი, ორმოცდაათიოდე წლის ქალბატონი მიუახლოვდა და გადაკოცნა.

_ გილოცავთ, სალომე, ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს. ჭკვიანი გოგო ყოფილხართ, ამ ჭირვეულის მორჯულება რომ შეძელით, _ ღიმილით დააყოლა ქალმა.

_ უკაცრავად? _ გოგონას გაკვირვება გამოეხატა სახეზე, რადგან მისთვის ეს ქალბატონი სრულიად უცხო იყო.

_ მე თათა ვარ, ვაკო ღუდუშაურის მენეჯერი.

_ თქვე-ენ? ეს თქვენ ხართ? _ სალომეს თვალები შუბლზე აუვიდა, ახალგაზრდა, მომხიბვლელი მენეჯერის ნაცვლად, ხელში სულ სხვა ადამიანი შერჩა, _ მე კი როგორ ვეჭვიანობდი თქვენზე! _ გულწრფელად აღიარა გოგონამ, რადგან ახლა ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა.

_ რას ამბობთ! ეგ რამ გაფიქრებინათ! _ შეიცხადა თათამ და სასიამოვნოდ გაიცინა, _ თქვენამდე ბევრმა სცადა მისი, ასე ვთქვათ, მახეში გაბმა, მაგრამ სრული მარცხი განიცადა სუყველამ. თქვენ, როგორც ჩანს, განსაკუთრებული ხართ.

ამ დროს სალომეს ზურგიდან ვაკო მოეპარა და ხელები მოხვია.

_ რაზე ჭორაობთ, მანდილოსნებო?

_ განსაკუთრებულ ქალებზე, _ ორაზროვნად უპასუხა თათამ, სალომეს თვალი ჩაუკრა და სტუმრებს შეერია.

_ ვა! ეგეთებიც არსებობენ? _ ვაკომ თავისკენ შემოატრიალა პატარძალი და თვალები ეშმაკურად მოჭუტა, _ რომელიმე მათგანს ხომ არ გამაცნობდი, სალი?

_ აუცილებლად! ეგ ბედნიერება ამაღამ არ აგცდება, _ უპასუხა გოგონამ, სიყვარულით სავსე მზერა მიანათა ოცნების მამაკაცს და მკერდზე მიეხუტა…

დასასრული

 

10 thoughts on “ძლიერი სუსტი ქალი

  1. და არა მხოლოდ ამ ფერის თვალები… ნაცრისფერიც ხომ გიყვართ?.. რაღაც მომნუსხველი სიცივე აქვთ, მაგრამ გარკვეულ დროს განსაკუთრებულადაც თბებიან…

Оставьте комментарий