მონადირის ინსტინქტი


sast

 

არა, ასეთი რამ არასდროს დამართია. სად არ ყოფილა, მაგრამ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მოქუფრულმა გახედა მაგიდაზე დამაგრებულ ზარს, თან უკვირდა, ამ საზარელი ხმის გაგონებას როგორ იტანდნენ სასტუმროს კლიენტები. უკეთესი ვერაფერი ნახეს? _ გაიფიქრა გაგულისებულმა და ირგვლივ მიმოიხედა. მიუხედავად ზარის გამკივანი ხმისა, სასტუმროს თანამშრომლები არსად ჩანდნენ, თითქოს არც ესმოდათ ყურის წამღები წკრიალი, ან იქნებ ესმოდათ კიდევაც და არაფრად აგდებდნენ. სტეფანე ვერ იტანდა უწესრიგობას, უპასუხისმგებლობა ყოველთვის ნერვებს უშლიდა. და აი, ახლა სწორედ ასეთი უწესრიგობის თუ უპასუხისმგებლობის ერთ-ერთ გამოვლინებასთან ჰქონდა საქმე. იდგა ერთ ადგილას მოუთმენლად და მგზავრობით დაღლილი ხან ერთ ფეხს მოინაცვლებდა ვესტიბიულში მდგომი, ხანაც მეორეს. აღიზიანებდა სიცილ-ხორხოცის ხმები, მოსამსახურეთა ოთახის გამოღებული კარიდან რომ მოისმოდა.

ბარგი შემოსასვლელ კართან ჰქონდა დატოვებული, ხოლო დიპლომატი, რომელიც აქამდე ხელში ეჭირა, იქვე, სავარძლებს შორის მდგარ მუხის მაგიდაზე შემოედო. არსად ჩანდა ჩვეულებრივი სასტუმროებისთვის დამახასიათებელი ადმინისტრატორის სპეციალური ადგილი, რომელიც სტეფანეს ყოველთვის ბარის დახლს მოაგონებდა. როგორც ჩანს, ამ სასტუმროში ყველაფერი განსხვავებულია, ზარის არ იყოს.

კიდევ რამდენიმე წუთს დაიცადა და როცა მიხვდა, რომ მისი მომხედავი არავინ იყო, მოთმინებადაკარგულმა დაძახება გადაწყვიტა.

_ ეი, არის აქ ვინმე?

მომსახურე პერსონალის სამყოფელი ოთახიდან ვიღაც ქალმა გამოყო თავი:

_ ჰელოუ! მაპატიეთ, ვერ შევამჩნიეთ, როდის შემოხვედით.

მინიატიურული, თვალტანადი გოგონა თეძოების რხევით მოუახლოვდა მაგიდას.

_ რით შემიძლია გემსახუროთ? _ ადმინისტრატორისთვის დამახასიათებული დაყენებული ღიმილით შეხედა მან მამაკაცს.

_ აბა, თუ გამოიცნობთ! _ უხეშად შეუბრუნა კითხვა სტეფანემ და ამრეზით შეათვალიერა სასტუმროს თანამშრომელი.

ქალს მკვეთრი ვარდისფერი პიჯაკი ეცვა, გულმკერდზე დინოზავრის გამოსახულებით და ყურზეც სწორედ დინოზავრის ფორმის ბაცი ვარდისფერი საყურე ეკეთა.

მამაკაცმა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. დღევანდელი დღე სრული დადასტურება იყო მერფის კანონისა _ თუ ერთ რამეში არ გიმართლებს, ეს იგი, არაფერში არ გაგიმართლებს.

ადრიანი დილიდან ამ წუთამდე მთელი ბატალიები გადაიტანა _ ჯერ იყო და, თვითმფრინავი ვერ დასვეს პილოტებმა ძლიერი ნისლის გამო, მერე კი, ჩამოფრინდა თუ არა, ისეთ საცობში მოყვა, მთელი ორი საათი ელოდნენ მძღოლები გზის გახსნას. სტეფანეს თავი თბილისში ეგონა, პიკის საათებში რომ ჩაიკეტება ხოლმე მოძრაობა ქალაქის ცენტრალურ უბნებში. როგორც ჩანს, არც უცხოეთის ქვეყნებია ამ მხრივ გამონაკლისი. და აი, ახლა ეს სასტუმრო. უკვე ხვდება, რომ აქაურ პერსონალს წარმოდგენა არა აქვს, რას ნიშნავს წესრიგი, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

როგორც ჩანს, ამ ვარდისფერ ლედისთან ურთიერთობა მას ნერვების ფასად დაუჯდება. არადა, ერთადერთი, რაც მას ახლა სურდა, სასტუმროს ნომერში აღმოჩენა იყო, დაელია რამე ცხელი და საწოლზე მიწოლილიყო.

_ მე სტეფანე გაგუა ვარ, საქართველოდან, _ თქვა მან და ქალს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა, _ თქვენთან ნომერი მაქვს შეკვეთილი. ეს ხომ «როიალ პალასია»?

_ დიახ, «როიალ პალასია», ყოველ შემთხვევაში, გარეთ გაკრულ აბრაზე აქამდე ასე ერქვა ჩვენს სასტუმროს, _ გაიხუმრა ადმინისტრატორმა.

გოგონამ, რომელსაც ტესი ერქვა, უცნობის ძვირად ღირებულ პიჯაკზე შეაჩერა მზერა, შემდეგ მისი გრუზა, შავი თმა შეათვალიერა და უკმაყოფილოდ მოკუმული ტუჩები, რომელიც კლიენტის პიროვნებაზე ბევრ რამეს მეტყველებდა _ ისეთები, როგორიც ეს მამაკაცია, ჩვეულებრივ, ა კლასის სავიზიტო ბარათებით იხდიან ფულს და ძალიან ჭირვეულები არიან.

ტესიმ საღებავის სუნით გაჯერებული ჰაერი ჩაისუნთქა და საწერ მაგიდას მიუჯდა.

_ გაგუა… გაგუა… _ დაიწყო ქექვა კლიენტების სარეგისტრაციო ჟურნალში, თან თითს აყოლებდა ყოველ გრაფას, _ ვშიშობ, თქვენი განაწყენება მომიწევს, _ თავი გააქნია, _ თავისუფალი ადგილები არ გვაქვს, თქვენი გვარი კი დამკვეთების სიაში არ მოიძებნა.

_ ეს როგორ? ერთი წუთით! _ სტეფანემ კოპები შეკრა, თითქოს ამით სურდა ადმინისტრატორის შეშინება, გამჭოლი მზერა ესროლა ქალს და ლამის დამარცვლით გააგრძელა:

_ ერთი თვის წინ დაგირეკეს თბილისიდან და სასტუმროს მფლობელთან საუბრის შემდეგ აქ ჩემთვის ნომერი დაიჯავშნა. ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით აქ უნდა დავბინავებულიყავი. თუ შეიძლება, კარგად ნახეთ, ალბათ შეცდომაა. _ მამაკაცი თავს ძლივს იკავებდა, ისე იყო გამოსული წყობილებიდან.

ტესიმ წარბები აწკიპა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სიმპათიური მამაკაცია თავისი სიმაღლით, ფართო მხრებით, შავი, მეტყველი თვალებით, მას ეს კაცი უფრო და უფრო ნაკლებად მოსწონს. ბევრი უნახავს მისნაირი წუწუნა და მომთხოვნი. სახეზე აწერია, რომ მის გულს ვერაფრით მოიგებ, თუნდაც საუკეთესო ნომერი შესთავაზო. იცნობს ტესი ქართველ მამაკაცებს, იცის მათი ხასიათი, მით უმეტეს, თუკი იგი მდიდარია. თვითონაც ხომ ქართველია, აქ სამუშაოდ არის ჩამოსული. ცხრა წელია, თავაუღებლად მუშაობს, ხან ავადმყოფს უვლიდა, ხან სახლებს ალაგებდა. მერე, აქ მოეწყო მოსამსახურედ და ბოლოს, როცა, როგორც იქნა, მოქალაქეობა მიიღო, ჯერ მენეჯერის თანამდებობასაც მიაღწია, შემდეგ კი, თავისი ბოიფრენდის დახმარებით, ეს პატარა სასტუმროც შეიძინა და ახლა თავად განაგებს აქაურობას.

როგორ არ უყვარს ტესს კლიენტის ასეთი ქედმაღლური ქცევა. ეს ყოველთვის აფუჭებს პირველ შთაბეჭდილებას.

გოგონამ ქაღალდების მთელი დასტა აიღო ხელში, წამოდგა და უცნობს მიმართა:

_ დამელოდეთ, კიდევ ერთხელ გადავამოწმებ.

სტეფანე სავარძელში გადაწვა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ადმინისტრატორს დაუწყო თვალიერება.

«არა უშავს, მშვენიერი ვიღაცაა, _ გაიფიქრა, _ როგორი მიმზიდველი ქალია, რაღაცით ქართველს ჰგავს. ნეტავ ეს თმა შეღებილი აქვს, თუ ბუნებრივადაა ასეთი წითური? ძალიან უხდება ეს ფერი მის ცისფერ თვალებს. ცხვირიც როგორი პაწაწინა აქვს?! ბავშვური. მთლიანობაში შეიძლება მაგარი «ტიპშაც» კი ვუწოდოთ. ერთადერთი, რაც არ მომწონს, მისი ჩაცმის სტილია… მარტივად რომ ვთქვათ, საქმიანი ქალის იმიჯი დარღვეულია».

მამაკაცმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ტესის დინოზავრისნახატიან პიჯაკს. ეს სამოსი მის გემოვნებაში არაფრით ჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ძალიან უხდებოდა ვარდისფერი, თხელი ქვედაბოლო კი გამოკვეთილად უსვამდა ხაზს მისი სხეულის მოხაზულობას და ბოლომდე აჩენდა ადმინისტრატორის ჩამოსხმულ ქალურ ფიგურას, ეს ჩაცმულობა მაინც ძალზე მყვირალა იყო სასტუმროს თანამშრომლისთვის, ამასთან, მისი ასაკის ქალს სულაც არ შეეფერებოდა. სწორედ ამ ტანსაცმელმა და გოგონას ასაკმა იმოქმედა თავდაპირველად სტეფანეზე. ალბათ ამიტომაც ივარაუდა, რომ იგი დაახლოებით ოცი წლის იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა მეტი ყურადღებით დააკვირდა, უკეთ მოახერხა მისი წლოვანების განსაზღვრა _ ქალი ოცდაათის მაინც იყო, თუ მეტის არა.

კვლავ გადააქნია თავი. ადმინისტრატორის მაგიდაზე, კაცმა არ იცოდა, რა ხდებოდა. თუკი აქაურობის მფლობელმა ასეთი დაბდურა ადამიანები აიყვანა სამუშაოზე, გამოდის, რომ ისიც ამათნაირია. ასე სურს ამ სასტუმროს მეპატრონეს ბიზნესის აწყობა? გამორიცხულია.

_ არ შეიძლება, მეპატრონეს დაველაპარაკო? დარწმუნებული ვარ, ჩვენ უფრო სწრაფად გადავჭრიდით ამ საკითხს.

ქალმა ქაღალდებში ქექვა შეწყვიტა, თავი ასწია და სტეფანეს შეხედა:

_ რა თქმა უნდა. _ ტესმა ხელი გაუწოდა მამაკაცს, _ მე ტესი მქვია. «როიალ პალასის» მფლობელი და მენეჯერი გახლავართ.

დაბნეულმა მამაკაცმა უხერხულად გაიწვდინა მისკენ მარჯვენა და მძლავრად ჩამოართვა:

_ სასიამოვნოა, მის ტეს!

როცა ქალმა მისი გაკვირვებული სახე შენიშნა, ღიმილით თქვა:

_ მისტერ გაგუა, თქვენ ჩვენს სასტუმროში ნომერი რადგან წინასწარ დაჯავშნეთ, მეილით უნდა მიგეღოთ დადასტურების წერილი. არ მიგიღიათ? _ ქალმა კეკლუცად გადახარა თავი გვერდზე და მის ყურზე ჩამოკონწიალებულმა დინოზავრებმა რხევა დაიწყეს.

_ როგორ არა, მივიღე, ამოვბეჭდე და თან მაქვს. მე მოწესრიგებული ადამიანი ვარ, ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას ვაქცევ, თანაც პირველად კი არ ვიმყოფები საზღვარგარეთ, ბევრი რამის გამოცდილება მაქვს, ამიტომ თავს ყოველთვის ვიზღვევ მსგავსი გაუგებრობისგან.

სტეფანე წამოდგა, დიპლომატი გახსნა, საბუთების მთელი დასტა ამოალაგა, ბლოკნოტის ფურცლებიდან დაბეჭდილი თაბახის ჩეკმიმაგრებული ფურცელი ამოიღო და ტესს გაუწოდა.

ქალმა სწრაფად გადაავლო თვალი ნაბეჭდს, კვლავ დაუბრუნა პატრონს და უთხრა:

_ მაგრამ აქ წერია, რომ თქვენ ნოემბრის თვიდან გსურდათ ნომრის დაჯავშნა. _ ამ სიტყვებით მენეჯერმა პრიალაზედაპირიან პატარა ყუთს თავი ახადა და იქიდან საქაღალდე ამოიღო. კარგა ხნის ძებნის შემდეგ მიაგნო ფურცელს, რომელსაც ეძებდა.

_ აი, ჩემი მდივნის ჩანაწერი. აქ წერია, რომ თქვენ ნოემბრის დასაწყისიდან იანვრის ბოლომდე გსურდათ ნომრის დაჯავშნა.

ქალმა წერილი გადააწოდა.

_ ეს შეცდომაა, რას მეუბნებით! _ თავს ძლივს იკავებდა სტეფანე, _ ოქტომბერი ვუთხარი და ნოემბრიდან რატომ გააფორმა? ყველანი ასეთი არაპროფესიონალები მუშაობთ აქ?

_ ერთი წუთით… აი, აგერ წერია ზუსტი თარიღები _ ექვის ნოემბრიდან ოცდათერთმეტი იანვრის ჩათვლით.

ამ დროს მოსამსახურეთა ოთახიდან ქალი გამოვიდა.

_ ტეს, რამე პრობლემაა?

ქალი ტესსზე ასაკოვანი ჩანდა, ზოლიანი კაბა ეცვა და ჭაღარად შეღებილი თმა კეფაზე ჰქონდა დახვეული.

_ მისტერ გაგუა, ეს ჩემი დამხმარე მეიბლია, _ წარუდგინა სტუმარს შემოსული და მეიბლს მიუბრუნდა, _ რაღაც უზუსტობა აღმოჩნდა დაჯავშნულ ნომერთან დაკავშირებით. მისტერ გაგუა ერთი თვით ადრე ჩამოვიდა, ამიტომ გაუგებრობა შეიქმნა. როგორც ჩანს, თქვენს მდივანს თვეები აერია, _ ისევ გაუღიმა ტესმა მამაკაცს.

_ ესე იგი, მდივანმა გაგაცურათ? _ გაიხუმრა მეიბლმა, მაგიდას მიუჯდა და სიმართლის დამადასტურებელი დოკუმენტი თვალის ერთი ჩავლებით გადაიკითხა.

_ როგორც ჩანს, ჩვენს მდივანს შეეშალა, მაგრამ აი, ჩეკს დახედეთ, თარიღი ზუსტადაა მითითებული.

_ ძალიან ვწუხვარ, მისტერ გაგუა, რომ ასეთი გაუგებრობა მოხდა. სამწუხაროდ, ვერაფერს გავხდები. ამჯერად არც ერთი ნომერი თავისუფალი არ მაქვს, შესაბამისად, ვერაფერს შემოგთავაზებთ.

ეს უნდოდა ახლა? ისეთი დაღლილი იყო, თვალებს ძლივს ახელდა. მამაკაცმა ღრმად ამოიხვნეშა და ქალს მიაჩერდა:

_ ნუთუ ერთი ოთახიც არ გაქვთ, რომ როგორმე მომათავსოთ? ლუქსი არ არის აუცილებელი.

_ სამწუხაროდ, არაფრის საშუალება არ გვაქვს, _ სინანული აღებეჭდა სახეზე ტესს, _ ყველა ნომერი დაკავებულია. იქნებ ახლომახლო სასტუმროში გიშოვოთ რამე, აუცილებლად შევეცდები.

_ მომისმინეთ… მე აქ სამუშაოდ ვარ ჩამოსული და არა დასასვენებლად. _ გაღიზიანდა სტეფანე, _ ჩემი არჩევანი არ ყოფილა თქვენი სასტუმრო. ასე ჩემმა კომპანიამ გადაწყვიტა, ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის აქ ჩერდებიან, როცა მივლინებით ჩამოდიან. პირადად მე უფრო თანამედროვე სასტუმრო მირჩევნია, მოდერნის სტილის ოტელი და არა ასეთი, მაგრამ ეს ჩემზე არ ყოფილა დამოკიდებული. _ ამ სიტყვებით მამაკაცმა ხელი გაიქნია ფრანგული კარისკენ და აუზისკენ, რომელიც აზიურ სტილში იყო მოწყობილი.

«ხომ ვამბობდი, ჭირვეული იქნება-მეთქი», _ გაიფიქრა ტესმა, მაგრამ პასუხი არ გაუცია, ტელეფონი მოიმარჯვა და ნომერი აკრიფა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში იგი რეკავდა და არკვევდა, რომელიმე სასტუმროს ჰქონდა თუ არა თავისუფალი ნომერი უცხოელი ბიზნესმენისთვის, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

_ სამწუხაროდ, ვერაფრით გაგახარებთ. _ ქალმა ხელები გაშალა, _ ქალაქში ამ კვირაში ყოველწლიური კონფერენცია იმართება. სამი-ოთხი დღე ვერაფერს შეგპირდებით. და თუ მაინცდამაინც შუშებიანი ნომერი გინდათ მთელი თავისი ზემაღალი კომფორტით, მეზობელ ქალაქში მოგიწევთ გადასვლა, იქნებ იქ მოგიხერხონ რამე.

ტესს, რატომღაც, სიამოვნებდა, ასე რომ აღიზიანებდა თავის პოტენციურ კლიენტს, რომლის ქედმაღლობაც ნერვებს უშლიდა და ერთგვარ სიამოვნებას განიცდიდა, როცა ხედავდა, როგორ ელეოდა მოთმინება მის თანამემამულეს.

ამ დროს მეიბლი ჩაერია საუბარში:

_ მისტერ გაგუა, ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ახერხებთ ჩვენთან გაჩერებას, თორემ თავად დარწმუნდებოდით, თქვენმა კომპანიამ რატომაც შეარჩია ჩვენი სასტუმრო. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ.

სტეფანე მიხვდა, რომ მეიბლმა მშვიდობისმოყვარის როლი ითამაშა და ამისთვის მადლობელიც იყო მისი, მაგრამ ეს მის პრობლემას ვერ მოაგვარებდა, ამიტომ ისევ ამოიხვნეშა და განაცხადა:

_ თქვენ, რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით, მაგრამ ამით ჩემი საცხოვრებლის პრობლემას ვერ მოხსნით. საქმე ისაა, რომ მე არქიტექტორი ვარ, აქ სამშენებლო დაკვეთა მაქვს და ამისთვის ჩამოვედი. ჩემი სამუშაო ოფისი აქედან სულ რამდენიმე კვარტალში მდებარეობს. სწორედ ამიტომ დამიქირავეს ნომერი თქვენს სასტუმროში.

სასტიკად არ უყვარდა ასე დაწვრილებით თავისი საქმიანობის შესახებ საუბარი, მით უმეტეს, ქალებთან, მაგრამ თუ ეს ყველაფერი ნომრის მიღებაში დაეხმარებოდა, ღირდა ენის აქაფება.

_ მე თვითმფრინავით გადმოვფრინდი, მანქანას კი მალე გამომიყოფენ, ამიტომაც არ მიღირს მისი დაქირავება, არც სხვა სასტუმროში ნომრის მოძიება. ეს არ შედიოდა ჩემს გეგმებში. _ იგი გაჩუმდა და ქალებს გადახედა, _ ვიმედოვნებ, გესმით, რა პრობლემების წინაშეც ვდგავარ.

მისმა თავგადასავალმა სულაც არ იმოქმედა ტესზე, მაგრამ სტეფანეს თვალების ირგვლივ მიმალულმა დაღლილმა მზერამ გული მოულბო. აშკარად ჩანდა, რომ ადამიანი ძალაგამოცლილი და დაბნეული იყო. იგრძნო, რომ მისი დახმარების სურვილი აღეძრა. იგი მეიბლს მიუბრუნდა.

_ იქნებ კერძო საოჯახო სასტუმროებში ვცადოთ დარეკვა? თუ აქვთ თავისუფალი ადგილი, უარს არ გვეტყვიან.

_ ვცადოთ, რა პრობლემაა, გავალ კაბინეტში და იქიდან დავრეკავ, _ დაეთანხმა მეიბლი და გავიდა.

ნახევარი საათის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. არც ერთი ნომერი არც ერთ სასტუმროში თავისუფალი არ აღმოჩნდა. სტეფანე ისე განერვიულდა, ვესტიბიულში ბოლთის ცემას მოჰყვა.

ამ დროს მეიბლი შემოვიდა.

_ «მარიოტში» არის ერთი თავისუფალი ადგილი, მაგრამ ოცჯერ ძვირია ერთი ღამის თანხა.

ორივე სტეფანეს მიაჩერდა.

_ თქვენ რა, დამცინით? მე ჩემი ჯიბიდან კი არ ვიხდი ფულს, კომპანია მაფინანსებს. ვერ მივიღებ ამ შემოთავაზებას, დიდი მადლობა, რომ ჩემს დახმარებას შეეცადეთ.

_ როგორ მოვიქცეთ? _ ტესი გულწრფელად შეწუხდა.

_ მის ტეს, მე მხოლოდ ერთი ოთახი მინდა, მხოლოდ ოთახი, რომ დავისვენო.

_ მაგრამ რამდენჯერ უნდა გაგიმეოროთ ერთი და იგ…

_ ტეს, მე მაქვს იდეა, _ წამოიძახა ამ დროს მეიბლმა და მენეჯერს სიტყვა გააწყვეტინა, _ შენი ნომრის გვერდით რომ ოთახია, ის ხომ არ გავუღოთ? მაინც არავინ სარგებლობს და…

ტესს თვალები დაუმრგვალდა.

_ მართლაც! სულ არ გამხსენებია! მაგრამ იქ ცოტა მოუწესრიგებელი პირობებია… _ თქვა ქალმა და მამაკაცს გადახედა.

სტეფანეს იმედი ჩაესახა.

_ რას გულისხმობთ?

_ სააბაზანო არ არის, _ მიუგო ქალმა.

_ თქვენ რა, გინდათ ისეთ ნომერში გამამწესოთ, სადაც დაბანვის შესაძლებლობა არ არის?

ტესმა ჩაიცინა.

_ წეღან მხოლოდ ოთახს ითხოვდით, არანაირი აბაზანა არ გიხსენებიათ და ახლა ამაზეც უკმაყოფილო ხართ?

_ სამაგიეროდ, ამ ნომერსა და ტესის აპარტამენტებს შორის კარი გადის…

მამაკაცს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.

_ და რა, მთავაზობთ, მის ტესის სააბაზანოთი ვისარგებლო?

_ ეს მხოლოდ წინადადებაა, _ მხრები აიჩეჩა დაბნეულმა მეიბლმა.

_ და რატომ არ არის მაგ ნომერში სააბაზანო? _ დაინტერესდა სტეფანე.

_ არის, როგორ არ არის, მაგრამ სანტექნიკა არ გაგვიკეთებია. მოსაწესრიგებელია. რემონტი კი დავიწყეთ, მაგრამ ჯერ არ დაგვიმთავრებია.

როგორც ჩანდა, არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. სხვა გზა არ იყო, მას ან უნდა მიეღო წინადადება, ან ღამე ქუჩაში გაეთენებინა და დალოდებოდა, როდის გათავისუფლდებოდა სასტუმროში ნომერი.

_ ხომ ვერ მეტყვით, როდის გათაავისუფლდება თქვენთან ნომერი?

ტესმა ჩაახველა. სულაც არ სურდა, ეს ვაჟბატონი მის სასტუმროში დასახლებულიყო. თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ იყო მასში რაღაც, რაც ზედმეტად აღიზიანებდა.

და რამ გააღიზიანა? იქნებ მისი აგრესიულობა აშინებს? თუ ქედმაღლობა და სიჯიუტე? გინდა თუ არა, აქ გამომიყავით ნომერიო… თავხედი! ერთხელ არ გაუღიმია, რაც აქ არის. ვერ იტანს «გაუცინარ ხელმწიფეებს». ასეთი მამაკაცები არასდროს იზიდავდა.

_ არ იცით, როდის გათავისუფლდება ნომერი? _ გაუმეორა სტეფანემ.

_ რა მკითხეთ? ა! _ ტესი კვლავ სარეგისტრაციო ჟურნალს მიუბრუნდა, _ უახლოეს დღეებში არავინ აპირებს ნომრის დაცლას. ორშაბათისთვის შეიძლება რამდენიმე ერთოთახიანი დაიცალოს. _ ჩუმი ხმით დაამატა.

_ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საერთო სააბაზანოთი მხოლოდ სამი დღეღამის განმავლობაში მოგვიწევს სარგებლობა? დღეს ხუთშაბათია.

მეიბლმა ტესს მრავალმნიშვნელოვანი მზერა ესროლა. შემდეგ კი კლიენტს მიუბრუნდა და გაუღიმა:

_ რადგან ჩვენს სასტუმროში დაჯავშნეთ ნომერი, ვფიქრობ, ტესი თავის აპარტამენტებს დაგითმობთ, იმ ოთახში კი თვითონ გადავა რამდენიმე დღით. _ მეიბლი სიტყვებს წელავდა, რამდენჯერმე გაწყვიტა წინადადება, სანამ დაასრულებდა, თან შეუმჩნევლად ტესს ჩქმეტდა, რათა პროტესტი არ გამოეთქვა.

სტეფანემ ჰალსტუხი ოდნავ მოუშვა და პერანგის ზედა ღილი შეიხსნა.

ტესს უნდოდა ეყვირა, არავითარ შემთხვევაშიო, მაგრამ შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ არ უნდა გაეწია წინააღმდეგობა. ჯერ ერთი, მისი თანამემამულე იყო გასაჭირში და მეორეც, ზედმეტი შემოსავალი ნამდვილად არ აწყენდა.

_ რადგან სხვა გამოსავალი არ არის და თქვენი დაბინავება აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, შეიძლება მოლაპარაკება, _ ამოღერღა ქალმა.

სტეფანეს გაღიმებაც კი გაუჭირდა. რა გაუძლებს სამი ღამე ამ ქალის გვერდით ყოფნას? როგორია, შენს ოთახში გადი-გამოდიოდეს სრულიად უცნობი ქალბატონი, რომელთანაც არანაირი სიახლოვე არ აკავშირებს? რა აიტანს ამას? გაუძლებს კი მისი ნერვები ამგვარ სიტუაციას? რაც იქნება, იქნება, ცდა ბედის მონახევრეა, უნდა დათანხმდეს.

_ ოკეი, ცდა შეიძლება, ვნახოთ, რა გამოვა.

_ ნუთუ? _ თავისდა უნებურად წამოსცდა ტესს.

არაფრით არ მოელოდა, რომ სტეფანე შემოთავაზებას დასთანხმდებოდა. ეგონა, რომ მამაკაცი ტაქსის გამოიძახებდა და გაბრაზებული მოშორდებოდა აქაურობას. აი, შარი! რაში გაყო თავი, თუ ხვდება ნეტავ?

სტეფანეც ზუსტად ასე ფიქრობდა. რა უაზრობაა, როგორ მიიღო მსგავსი წინადადება? ამოიხვნეშა. რა გაეწყობა. რადგან ნაბიჯი გადადგა, უნდა გაიაროს კიდევაც და ამ ყველაფრიდან მაქსიმალური სარგებლობა მიიღოს. როცა შეამჩნია, როგორი დაზაფრული დარჩა ტესი, ერთგვარი კმაყოფილებაც დაეუფლა, თითქოს სამაგიერო გადაუხადა იმისთვის, რომ მენეჯერს თავისუფალი ნომერი არ აღმოაჩნდა.

_ მისტერ გაგუა, შემიძლია ჩვენს რეტორანში ჩაგაცილოთ. მოშიებული იქნებით, ისადილეთ, მანამდე კი ოთახს მოგიმზადებთ, _ შესთავაზა მეიბლმა.

მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

_ შეიძლება ჩემი ბარგი აქ დავტოვო?

_ დარდი ნუ გექნებათ, კარლოსი მიხედავს თქვენს ბარგს, ნომერში აიტანს და იქ დატოვებს.

მეიბლი წინ გაუძღვა სტეფანეს და როცა ისინი ვესტიბიულიდან გავიდნენ, ტესმა შვებით ამოისუნთქა.

მან მაშინვე დაუძახა კარლოსს და სთხოვა, სტუმრის ნივთები ზედა სართულზე აეტანა და თვითონაც მაშინვე თავისი აპარტამენტებისკენ გაემართა, რომ სტეფანესთვის დასაწოლი მოემზადებინა.

უსიამოვნო ფიქრები აეკვიატა. არ იცოდა, სწორად იქცეოდა თუ არა. რამდენად მართებული იყო, თავისი საძინებელი უცხო კაცისთვის დაეთმო? რატომ ჩაიგდო თავი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში? რა რჯიდა? მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შეეძლო. ქართულ ტრადიციულ ოჯახში გაზრდილს სხვების დახმარება სულში ჰქონდა გამჯდარი. გარდა ამისა, თავისიანს, ქართველს თუ არ გაუწვდიდა დახმარების ხელს, თავი სად გამოეყო სირცხვილით?

შეფიქრიანებული ტესი ოთახის დალაგებას შეუდგა…

_ ყველაფერი მზადაა? _ ოთახში მეიბლი შემოვიდა.

_ თითქმის დავამთავრე, _ შუბლიდან ოფლი მაჯით მოიწმინდა ტესმა, _ სადაა პატივცემული? _ დაცინვით იკითხა.

_ დესერტს მიირთმევს და ამოვა. ეს აბსურდული იდეა იმიტომ გამოვთქვი, რომ მეგონა, მიხვდებოდა ჩემს ირონიას და წავიდოდა. _ ამოიოხრა მეიბლმა, _ რას ვიფიქრებდი, თუ დათანხმდებოდა? მაპატიე, ტეს!

_ რა სისულელეა. ვიცი, რა განზრახვითაც თქვი, მაგრამ რას იზამ. რადგან მიიღო წინადადება, უნდა ვუმასპინძლოთ კიდეც.

_ კიდევ არ მჯერა, ასე რომ მოიქცა. ნეტავ, რას ფიქრობდა? როგორ შეუძლია უცხო ქალთან ერთად ერთი სააბაზანოთი ისარგებლოს? ყველა ქართველი კაცი ასეთია? _ ჩაიცინა ქალმა.

_ ქართველი რომ არის, სწორედ იმიტომ მიკვირს, ჩვენი მამაკაცები სრულიად განსხვავებულები არიან. ამას არ ვიცი, რა ბზიკმა უკბინა. როგორც ჩანს, ძალიან უჭირს. _ ვერც ტესმა შეიკავა სიცილი.

_ არადა, ერთი სული გქონდა, როდის მოიცილებდი თავიდან.

_ პირველივე შეხედვისთანავე არ მომეწონა. ეგრევე გავღიზიანდი. ისეთი აგრესიული და უსიამოვნო ტიპია, გულს მირევს. _ ტუჩები მობრიცა მენეჯერმა, გულში კი დაამატა, სამაგიეროდ, მომაკვდინებლად სიმპათიური და სექსუალურია, როგორც ქართველი კაცების უმრავლესობაო.

_ არა უშავს, როგორმე გაიჭირვე რამდენიმე დღე და იქამდე რომელიმე ნომერი გამოთავისუფლდება.

_ ჰო, რა თქმა უნდა. ჩვენ ახლა ისე გვჭირდება ფული, როგორც არასდროს. ცოტა უნდა შევარემონტო აქაურობა, თორემ საერთოდ დავკარგავთ კლიენტურას. იმედია, გავუძლებ და არც ისეთი აუტანელი აღმოჩნდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. _ ტესმა თავისი ნივთები ერთ ადგილას მოაქუჩა და მუყაოს ყუთში ჩაალაგა, _ ესეც ასე, ყველაფერი მოვაწესრიგე, შეუძლია შემოვიდეს და მოეწყოს თავის გემოზე.

_ რადგან ასეა, რამდენჯერადაც წყლის გადავლებას დააპირებ, იმ ფულზე იფიქრე, რომელიც ამ ბატონმა უნდა გადაგიხადოს სასტუმროს გასარემონტებლად, _ სიცილით უთხრა მეიბლმა და ტანსაცმლით გავსებული მუყაოს ყუთი მეზობელ ოთახში გაიტანა.

ტესმა ამოიოხრა. ყოველთვის ასე იყო, ერთ პრობლემას მეორე მოჰყვებოდა ხოლმე მის ცხოვრებაში. ადვილად ვერასდროს ვერაფერს აღწევდა. თითქოს სული მოითქვა, რაც ეს სასტუმრო შეისყიდა, მაგრამ როცა მის ამუშავებას შეუდგა, ახალმა საზრუნავმა იჩინა თავი. ვერა, მაინც ვერ მოიკიდა ფეხი უცხო ქვეყანაში ისე, როგორც უნდოდა. რასაც აქ შოულობს, ამდენს საქართველოშიც იშოვიდა, თუმცა იქ ვერასდროს შეიძენდა სასტუმროს, ამისთვის მთელი ცხოვრება რომ ემუშავა, ვერ მოაგროვებდა საჭირო თანხას. არც იმან უშველა, რომ საქართველოში ტასო ერქვა, აქ კი ტესი დაირქვა. ახლა ეცინებოდა ამაზე. არა, თვითონ კი არ დაირქვა, მისმა ბოიფრენდმა, მაიკლმა დაარქვა. დიდი მონდომებით უმტკიცებდა, ტასო და ტესი თითქმის ერთი იგივეა, იმ განსხვავებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ტესი უფრო მოგიხდება, ადგილობრივის შთაბეჭდილებას დატოვებო. ტასომაც შეიფერა და გახდა ტესი. ახლა უკვე აღარავის ახსოვს, სინამდვილეში რა ჰქვია, ყველასთვის ტესი გახდა.

კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს, რომ საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რამე ხომ არ დარჩა გასატანი თავის საძინებელში. კარადა გამოათავისუფლა, თეთრეული გამოცვალა, პირველ რიგში სურათები და წიგნები მოაშორა აქაურობას… ერთადერთი, რაც დარჩა, პატარა, პლუშის თეთრი დათუნია იყო, ის უნდა გაეტანა. სათამაშოს შეხედა. დათუნია თითქოს კითხვით სავსე მზერით მისჩერებოდა პატრონს.

_ რაო, ბაკსი, ხომ არ იფიქრე, რომ შენზე გული ავიცრუე? არა, საყვარელო, შენ არასდროს მიგატოვებ, ოღონდ ჯერ ესენი დამიჭირე! _ გამოელაპარაკა სათამაშოს და ყელზე შარფივით შემოახვია თავისი ორი, ხორცისფერი და შავი კოლჰოტი, შემდეგ კი ხელში აიყვანა.

_ ეს დროებითია, პატარავ, შენ ვერც შეამჩნევ, ისე გადავა ეს ვაჟბატონი აქედან, _ ქართულად დაილაპარაკა და პლუშის დათუნიას ყურები მოქაჩა.

შემობრუნდა თუ არა, კარის ზღურბლზე მდგარი სტეფანე და კარლოსი შეამჩნია. აშკარა იყო, კარლოსმა არა, მაგრამ სტეფანემ ნამდვილად გაიგო მისი ქართულად ნათქვამი ბოლო წინადადება.

_ ოთახი თქვენს განკარგულებაშია, მისტერ გაგუა, _ კვლავ ინგლისურზე გადაერთო ტესი, თითქოს წეღან ქართულად თვითონ კი არა, სხვა ლაპარაკობდა.

_ ვხედავ, _ ინგლისურადვე მიუგო სტეფანემ და, რატომღაც, საძინებლის ჭერს ახედა.

«ახლა დაუწყებს გამოკითხვას, ქართველი ხარ? საიდან ხარ? რატომ თავიდანვე არ მითხარი…» _ გაუელვა გონებაში ტესს, მაგრამ, მისდა გასაოცრად, სტუმარმა სულ სხვა რამ იკითხა:

_ მეგონა, მარტო ცხოვრობდით, _ გაიღიმა მან, _ როგორც ჩანს, თქვენს დათვსაც შევუქმენი დისკომფორტი.

_ არა, სრულიადაც არა. მე და ბაკსი, ჩათვალეთ, რომ ერთი მთლიანი ვართ. ის ყველაზე უპრეტენზიო და უწყინარი ცხოველია ყველა გონიერ ცხოველს შორის, _ ირონიულად დაამატა და ცალყბად გაიღიმა.

ტესს გაახსენდა, როგორ იპოვა ეს სათამაშო ექვსი წლის წინ მანქანების სადგომზე. ის ისე მიტოვებულად გამოიყურებოდა, ტესს გული შეეკუმშა, რატომღაც, თავის თავთან გააიგივა სათამაშო _ თავადაც მისნაირად მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობდა თავს უცხო მხარეში, დაუცველად და უპატრონოდ. ბევრი არ უფიქრია, იმწუთასვე ბაკსი დაარქვა და თან წამოიღო. მას შემდეგ გვერდიდან არ იშორებდა. დათუნიაც მედგრად «იდგა» მის გვერდით და ტესთან ერთად იზიარებდა ჭირსაც და ლხინსაც.

_ კარლოს, დიდი მადლობა, მისტერ გაგუა რომ მოაცილე. შეგიძლია შენს საქმეს მიხედო.

მუქკანიანმა ჭაღარა კაცმა უხმოდ დაუქნია თავი პატრონს და ოთახიდან გავიდა.

სტეფანე გულდასმით შეუდგა ოთახის დათვალიერებას. მართალია, ეს ის არ იყო, როგორადაც თავისი ნომერი წარმოედგინა, მაგრამ მთლად მიუღებელიც არ ჩანდა. რაც მთავარია, სუფთა იყო და ნათელი. ამას ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევდა ხოლმე ყველგან და ყოველთვის. ინტერიერიც მშვიდ ფერებში იყო გაწყობილი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მისი პატრონი გემოვნებით გამოირჩეოდა.

ტესმა შეამჩნია, როგორ გადაურბინა მამაკაცს ტუჩებზე ოდნავ შესამჩნევმა ღიმილმა. მიხვდა, რომ ქართველ სტუმარს მისი ოთახი მოეწონა.

_ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სახლში, მისტერ გაგუა.

_ არ შეგიძლია, სახელით მომმართო? _ მოულოდნელად ქართულად მიმართა სტეფანემ და ქალს თვალი თვალში გაუყარა.

ტესს ჟრუანტელმა დაუარა. ამწუთას ამას არ მოელოდა.

_ დიახ… როგორ არა, შემიძლია, _ ლამის დაიჩურჩულა და გაწითლდა.

_ რამდენი საათის მერე გავიგებდი, რომ ქართველი იყავი? _ ოდნავ უხეში ტონით იკითხა სტეფანემ.

_ მისტერ სტეფანე…

_ სტეფი… სტეფი დამიძახე, ასე უფრო გაგიადვილდება. როცა უცხოეთში ჩავდივარ, ყველა ასე მიწოდებს. ასე რომ, ამაზე შევთანხმდეთ, _ ამჯერად შეარბილა ტონი მამაკაცმა და გაიღიმა.

_ გასაგებია, სტეფ, _ მაშინვე გაუშინაურდა ტესი და ეშმაკურად გახედა.

_ ცუდი არ არის აქ, თუ არ მიწყენ, პირდაპირ გეტყვი, რომ ყველაფერი ტრადიციულ სტილში გამოიყურება, ავეჯი ისეა განლაგებული, როგორც ქართველი ქალის გემოვნებას შეეფერება.

ქალმა შვებით ამოისუნთქა.

_ მითხრეს, რომ შენს სასტუმროში ყოველი ნომერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტილშია გადაწყვეტილი, ეს მართალია?

_ დიახ, ასეა. ყველა ოთახი რომელიღაც ქვეყანას წარმოადგენს, აქ კი, რადგან მე ვცხოვრობ, ქართულად მოვაწყვე. ჩემი გემოვნება, პირველ რიგში, ქართულ ტრადიციებზეა მორგებული, _ დაიმორცხვა ტესმა.

_ კარგად უმუშავია დიზაინერს, _ თავი დააქნია სტეფმა.

_ გმადლობ. ოთახის მოწყობა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო.

_ არ მითხრა, რომ ეს შენი ნახელავია.

_ არა მარტო ეს, არამედ სასტუმროს ყველა ნომერი.

_ მარტო შენ, თუ პროფესიონალების დახმარებით? _ არ დაიჯერა მამაკაცმა.

_ მე თვითონ ვარ პროფესიონალი, _ სიცილი ვერ შეიკავა მენეჯერმა, _ საქართველოში ფეხი ვერ მოვიკიდე, აქაც არ მქონდა სათანადო სამსახური პირველ წლებში, მაგრამ ახლა შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ჩემს სამფლობელოში მაინც გამოვცადო ჩემი შესაძლებლობები.

_ და რამდენი წელია, აქეთ ხარ?

_ უამრავი წელი, ამაზე ლაპარაკი არ მინდა, _ ხელი ჩაიქნია ტესმა და სტუმარს თვალი აარიდა.

ერთი მხრივ, ესიამოვნა, მამაკაცი ასეთი წვრილმანებით რომ დაინტერესდა, ეს იმაზე მიუთითებდა, რომ სტეფი მის შესწავლას ცდილობდა.

ამ დროს კარი გაიღო და მეიბლი გამოჩნდა.

_ იმედია, კარგად მოეწყვეთ. _ მიმართა სტეფანეს, _ რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? ტეს, შენს ოთახს დავალაგებ, გინდა? ტანსაცმელს თავის ადგილს მივუჩენ.

_ დიდი მადლობა, მეიბლ. შენ ჩემი ანგელოზი ხარ, მაგრამ მინდა, მე თვითონ მივუჩინო ყველაფერს ადგილი, თორემ მერე ვეღარ მივაგნებ, სად რა მიდევს.

ტესს სტეფის ჩუმი ჩაცინების ხმა შემოესმა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, ვითომ არც გაუგონია.

_ მე რესტორანში ჩავდივარ, ელენს უნდა დავეხმარო, თორემ ვეღარ ასწრებს კერძების მომზადებას. იმედია, ჩვენთან ცხოვრება მოგეწონებათ, სერ, _ მეიბლმა სტეფს შეხედა, ამ უკანასკნელმა კი თანხმობის თუ მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დაუკრა.

_ მოდით, მე ახლა ყველაფერს გიჩვენებთ და მერე დაგტოვებთ, რომ მოისვენოთ, _ კვლავ ქართულზე გადავიდა ტესი, როცა ისევ მარტონი დარჩნენ და იქვე მდგარი ბუფეტის ყველა კარი გამოაღო, რათა კლიენტისთვის სხვადასხვა ზომის და სახის ჭიქები და თეფშები ეჩვენებინა.

_ ესენი ჩემია, მაგრამ შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ. ისე, რომ იცოდეთ, ყველა ნომერს აქვს თავისი პატარა სამზარულო. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში რესტორანია, მობინადრეთა ნაწილი არჩევს, თვითონ მოიმზადოს სადილი და რესტორნის კვებით არ სარგებლობს. ეს თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

_ გასაგებია, დიდი მადლობა.

_ ამ საწერ მაგიდასაც თქვენ გიტოვებთ, _ ტესმა სიყვარულით გადაუსვა თითები მაგიდას, _ თავისი კომპიუტერით, მე მეორეც მაქვს. ჩემი ჩანაწერები ქვედა უჯრაშია, იმედია, ხელს არ შეგიშლით. თუ დამჭირდება, თქვენი ნებართვით გავიტან, ჯერჯერობით მათთვის არ მცალია, ისედაც უამრავი საქმე მაქვს. ასე რომ, კომპიუტერიც თქვენს განკარგულებაშია.

სტეფანემ მის ხმაში სიამაყე დაიჭირა, მაგრამ არ გაჰკვირვებია. მისთვის ნაცნობი იყო ეს გრძნობა. თვითონაც საკუთარი საქმის ოსტატად მიიჩნეოდა და ყოველთვის ეუფლებოდა სიამაყე, როცა მის არქტიტექტურულ პროექტს მოიწონებდნენ. შესაძლებელია, მასა და ტესს შორის მეტი საერთო იყო, ვიდრე აქამდე ფიქრობდა. მართალია, სხვადასხვა სფეროში საქმიანობდნენ, მაგრამ მათი პროფესიები ახლოს იყო ერთმანეთთან. ქალი ინტერიერის სპეციალისტი გახლდათ, თვითონ კი შენობების გარე და შიდა გაფორმებაზე უწევდა მუშაობა. ერთი სიტყვით, თუ სტეფის პროექტით აშენდებოდა ესა თუ ის ბიზნესცენტრი, ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა ან კორპუსი, ინტერიერის მოწყობაზე ტესი იზრუნებდა.

_ ტეს, არ გინდა, თქვენობითი ფორმა გვერდზე გადადო და კარგი ნაცნობივით შენობით მომმართო ხოლმე? მე არ გამჭირვებია, ხომ ხედავ, _ წარმოთქვა მამაკაცმა და მის რეაქციას ყურადღებით დააკვირდა.

_ კარგი, სტეფ, თანახმა ვარ, თუმცა ჯერ ცოტა გამიჭირდება ალბათ. აქაური ეტიკეტი თქვენთვის… შენთვის უცხო არ იქნება და იცი, რომ უცნობ ადამიანს ან, თუნდაც, მუდმივ კლიენტს, ყოველთვის თავაზიანი ფორმით უნდა ელაპარაკო.

_ მაგრამ ჩვენ ხომ ქართველები ვართ.

_ საქართველოშიც იცავენ მიმართვის ამ ფორმას, სხვათა შორის.

_ გაცნობისას, რა თქმა უნდა, იცავენ, მაგრამ მერე ისე დაახლოვდებიან ხოლმე, რომ წამში ავიწყდებათ, ახლობლები არიან თუ შორეულები.

ტესი გაწითლდა. რატომღაც, ქვეტექსტად მიიჩნია მისი სიტყვები.

_ აი, ეს კი კარადაა, იქ, გვერდით, გარდერობი. ასე რომ, საკმარისზე მეტი სათავსო გექნებათ… გექნება, _ ღიმილით შეასწორა ბოლო სიტყვა.

სტეფმა თავი დაუქნია, თუმცა მისი მზერა იმ კარისკენ იყო მიმართული, რომელიც ტესის ოთახს მის საძინებელთან აკავშირებდა. კარი ოდნავ იყო შეღებული, ამიტომ იკითხა:

_ იქ შენი საძინებელია? _ მისი ცნობისმოყვარეობა გამოიწვია არა იმდენად ოთახმა, არამედ თავად ქალმა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო იხიბლებოდა მისით.

სტეფანემ ცალი თვალით შეიჭყიტა ოთახში. ტესის საწოლზე უამრავი ტანსაცმელი, ტრუსი და ბიუსტჰალტერი ეყარა _ სხვადასხვა ფერის და ფორმის. «დახვეწილი გემოვნება ჰქონია, _ გაიფიქრა მამაკაცმა, _ წარმომიდგენია, როგორი სანახავი იქნება ამისთანა საცვლებში, მაგრამ მისი ვარდისფერი პიჯაკი მაინც არ მომეწონა».

ტესი თითქოს ჩაწვდაო სტეფის ფიქრებს, კარისკენ გაემართა და სწრაფად მიხურა. მამაკაცმა მის აფორაჯებულ ღაწვებს წამიერი მზერა შეავლო.

_ დიახ, ჩემი ოთახია, მაგრამ ვეცდები, თვალში იშვიათად მოგხვდეთ და არ შეგაწუხოთ, _ ჩაილაპარაკა შემცბარმა.

_ ჰმ… ეს ადვილი არ იქნება, მით უფრო, რომ ერთი სააბაზანოთი უნდა ვისარგებლოთ.

ტესის ცისფერ თვალებში უცნაური ნაპერწკლები გაკრთა.

სტეფმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ამ უცხო ქვეყანაში გადმოხვეწილ ქართველ მანდილოსანს აშაყირებდა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა მისთვის _ არასდროს არავინ გაუშაყირებია, მით უფრო ქალი… არასდროს. სიტუაციის გამოსწორება სცადა.

_ ტეს, ჩემი ოთახი უნდა გაიარო, შენს საძინებელში რომ მოხვდე?

_ არა. მას ცალკე გასასვლელი აქვს, პირდაპირ დერეფანში. ასე რომ, გასვლა-შემოსვლისას თქვენი შეწუხება არ მომიწევს.

წესით და რიგით, ეს სიტყვები სტეფანესთვის შვების მომგვრელი უნდა ყოფილიყო, მას კი, მისდა უნებურად, იმედგაცრუება დაეუფლა.

_ შენი შეწუხება უნდა გეთქვა… _ შეუსწორა ქალს.

_ ჰო, შენი შეწუხება, _ ღიმილი ვეღარ შეიკავა ტესმა.

_ მე დილით ექვსზე ვდგები და შვიდ საათამდე თავის მოწესრიგებას ვუნდები. წვერგაუპარსავი სახლიდან არასდროს გავდივარ. შვიდ საათზე ვსაუზმობ და პრესას ვათვალიერებ. მერე კი სამსახურში მივდივარ. ჩემს დილის რეჟიმში არის რამე ისეთი, რაც შენ დისკომფორტს შეგიქმნის?

_ ჯარში მსახურობდი, სტეფ? _ კითხვა შეუბრუნა ტესმა.

მამაკაცმა პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან ტესის ოთახში ტელეფონმა დარეკა. სტეფმა თვალი გააყოლა მიმავალს და კმაყოფილებით შენიშნა, რომ სასტუმროს დირექტორს და მენეჯერს საოცრად სექსუალური მიხვრა-მოხვრა ჰქონდა. წითური თმის კულულები თითქოს თეძოების რიტმში ირხეოდნენ. ამ სანახაობამ სუნთქვა შეუკრა. «კიდევ კარგი, ჩემს გემოვნებაში არ ჯდება, თორემ პრობლემები არ ამცდებოდა», _ გაიფიქრა შემცბარმა.

_ რასაკვირველია, გადაეცით რომ ახლავე მოვალ, _ უთხრა ამასობაში ტესმა ვიღაცას, ყურმილი დაკიდა და სტუმართან დაბრუნდა.

სტეფი კედელს მიყრდნობოდა და ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა. ტესის მზერა მის მაღალ, დაკუნთულ ფეხებზე შეჩერდა და წამიერად ჟრჟოლამ დაურბინა. «ფრთხილად, გოგონი!» _ შეუძახა გულში თავის თავს და როცა დაილაპარაკა, ამ გამაფრთხილებელმა სიგნალმა მის ხმაშიც გაიჟღერა.

_ უნდა დაგტოვოთ, მისტერ სტეფ, საქმე მაქვს რესტორანში. თქვენ ამოალაგეთ თქვენი ბარგი. თუ რამეში დაგჭირდებით, მოგვიანებით შევხვდეთ ერთმანეთს და დავილაპარაკოთ.

«საინტერესოა, რაზე?» _ გაიფიქრა მამაკაცმა, ხმამაღლა კი თქვა:

_ მშვენიერია.

_ ჰო, კინაღამ დამავიწყდა. თქვენ ხომ გასაღები გჭირდებათ.

ქალი სამზარეულოს მაგიდას მიუახლოვდა, უჯრა გამოაღო და ქექვა დაიწყო. ისეთი დამფრთხალი და დაბნეული იყო, უჯრიდან ფრიალ-ფრიალით წამოვიდა ქაღალდის ფურცლები, ფლომასტერები, ფოტოები…

_ ღმერთო ჩემო, ასე როგორ შეგიძლია ცხოვრება? _ მისი დაუდევრობით გაოცებულმა სტეფმა თავი ვერ შეიკავა.

_ ეს უჯრა მხოლოდ ხარახურისთვისაა განკუთვნილი. ერთი ასეთი სათავსო ყველას აქვს სახლში, _ იმართლა თავი ქალმა.

_ ყველას არა, მის ტეს.

მენეჯერმა თავი ასწია:

_ არ ვენდობი ადამიანებს, რომლებსაც ხარახურისთვის სათავსო არ გააჩნიათ. _ თავდაჯერებით წარმოთქვა.

სტეფი დაიხარა და ძირს დაყრილი ნივთების მოგროვებას შეუდგა, მაგრამ მალევე მიანება თავი, რადგან ტესი განაგრძობდა გასაღების ძებნას, უჯრიდან კი ისევ და ისევ ცვიოდა საგნები.

_ საინტერესოა, რამდენ ხანში შეწყდება ეს «კოკისპირული წვიმა»? _ გაღიზიანებული მამაკაცი ტესს მიაჩერდა.

_ უკვე შეწყდა, ვიპოვე! _ სიხარულისგან შეყვირა ქალმა, _ ვიცოდი, რომ აქ იქნებოდა.

_ და ეს გასაღები თან უნდა ვატარო? _ საჩვენებელი თითი გასაღებისკენ გაიშვირა სტეფმა.

_ აბა სხვანაირად როგორ მოხვდები საკუთარ ოთახში? შუაღამისას რომ მოგიწიოს დაბრუნებამ სასტუმროში, ვინ ადგება და გაგიღებს კარს? _ სტაჟიანი ცოლივით საყვედურნარევი ტონით შეეპასუხა ტესი.

_ არა, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ… თუმცა არა, არაფერი, ეს არც ისე მნიშვნელოვანია, _ ხელი ჩაიქნია სტეფანემ და გასაღები ჩამოართვა, მერე კი ჰკითხა:

_ იმედია, ტელეფონით სარგებლობა არ შემეზღუდება. ამ საღამოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარი უნდა განვახორციელო, ძალიან მნიშვნელოვანი.

«რამდენიმე მნიშვნელოვანი ზარი უნდა განვახორციელო». _ მისმა ოფიციალურმა სიტყვათა წყობამ ტესი ოდნავ გააღიზიანა. «არ შეეძლო ეთქვა, დასარეკი მაქვსო? თითქოს მინისტერიალის თათბირზე იყოს, ისე ლაპარაკობს», _ გაიფიქრა შუბლშეკრულმა.

_ დარეკეთ, რამდენიც გაგიხარდებათ.

_ ისევ ეს თავაზიანი ფორმა… _ კვლავ აღნიშნა სტეფანემ, _ სხვების თანდასწრებით ვიცი, რომ ინგლისურად მოგვიწევს საუბარი და გაგვიადვილდება კიდევაც კონტაქტი, მაგრამ როცა ქართულად ვსაუბრობთ, მინდა, რომ შენობით მომმართო, კარგი?_ ხელები გაშალა სტეფანემ.

_ ვეცდები… და თუ რამეში დაგჭირდე, არ მოგერიდოს, მე სულ აქ ვარ, _ კვლავ გაუშინაურდა შენიშვნით თავგაბეზრებული ქალი.

მამაკაცმა კოპები შეყარა:

_ მე თვითონ გავუმკლავდები, დიდი მადლობა. _ შორს დაიჭირა ქალის შემოთავაზება.

როგორც კი ტესმა კარი გაიხურა, სტეფმა ოთახში ბოთლის ცემა დაიწყო, თან თავისთვის წაიღიღინა _ «ეს მხოლოდ სამი დღე გაგრძელდება, მხოლოდ სამი დღე, სამი და არა მეტი»…

ცოტა ხანს იარა ასე, ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში, მერე კი სააბაზანოში შევიდა წყლის გადასავლებად.

ყურადღებით შეათვალიერა კარგა მოზრდილი ფართობი. აშკარად იგრძნობოდა, რომ სააბაზანო მხოლოდ მანდილოსნისთვის იყო განკუთვნილი. ქალის ტუალეტის საგნებს მიჰქონდა იქაურობა. სურნელიც ტესივით ნაზი და საამური იდგა თეთრი კაფელით გაწყობილ სარკეებიან ოთახში. ღიმილი ვერ შეიკავა. «ქალი ყველგან ქალია, მსოფლიოს ყველა კუთხეში. ნეტავ თუ იყენებს მაინც ამდენ სათითხნ საშუალებას? კიდევ კარგი, კაცებს არ გვჭირდება ეს კოსმეტიკა, თორემ დაღუპული ვიქნებოდი», _ გულიანად გაეცინა ამის გაფიქრებაზე და ცხელი წყალი მოუშვა თუ არა, კვლავ აღიღინდა…

როცა ბანაობას მორჩა, წვერი გაიპარსა და ოდეკოლონი შეისხურა. «არა რა, აი, კაცებსაც კი სჭირდებათ ზოგიერთი სახის კოსმეტიკური საშუალება, მაგალითად, ქაფი, «პოსლებრიტია», ჩემო ბატონო, ოდეკოლონი… ყველაფერში კი არ ტყუიან ქალები».

ოთახში შემობრუნებულმა ჩემოდანი ამოალაგა და შედარებით მსუბუქი სამოსი შეარჩია ჩასაცმელად, მერე კი საწერ მაგიდას მიუჯდა და თავისი დღიური გადაშალა მორიგი ჩანაწერის გასაკეთებლად. ერთხანს ფიქრობდა, რა დაეწერა. ერთ ხელში კალამი ჩაებღუჯა, მეორეში _ სათვალე, რომელსაც წერა-კითხვის დროს ხმარობდა მხოლოდ, მაგრამ ამჯერად ჯიუტად არ იკეთებდა. სწორედ ამით სურდა წერა დაეწყო. გარედან ჩიტების ჟღურტული მოისმოდა, თითქოს ფონს უქმნიდა მის განწყობას. «დაჯდა წერად ანდერძისა», _ მოაგონდა რუსთაველის ფრაზა და ჩაეცინა. ვერა და ვერა, ერთი წინადადებაც ვერ დაწერა, არ იცოდა, საიდან დაეწყო. კარგა ხანს ებრძოდა სულიერ დისკომფორტს… მერ კალამი მაგიდაზე მიაგდო, საწოლს მიაშურა, წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და გაიფიქრა: «მერე რა, თუ ვერ ვწერ, სამაგიეროდ, გემრიელად წავუძინებ»… _ და მიდო თუ არა თავი ფაფუკ ბალიშზე, ძილმა ორიოდე წამში წაართვა თავი…

 

ტესს სახეზე ელამუნებოდა უდაბნოდან მონაქროლი გრილი ნიავი, რომელიც დამამშვიდებლად მოქმედებდა მის ნერვულ სისტემაზე. მცირე ხნით შეჩერდა გზაზე, ყური მიუგდო პალმების შრიალს და შადრევნიდან მოჩუხჩუხე წყლის რაკრაკს. როგორ სიამოვნებდა ეს ხმები, საკუთარ სახლს აგონებდა, თბილისის იტალიურ ეზოს, სადაც პალმები არა, მაგრამ ჭადრის ორი ხე იდგა და ზაფხულობით საამოდ შრიალებდა ხოლმე.

სასტუმრო მისთვის მთელი სამყარო იყო, მთელი სამყარო და მისი შემოქმედების სრულყოფილი პროდუქტი. რომ არა ეს, ვერაფრით გაძლებდა უცხო მხარეში ამდენ ხანს. აქ შექმნა ტესმა თავისი ფანტაზიების მთელი ნიშა და საკუთარი პროფესია კიდევ უფრო სრულყო, თუმცა სულაც არ კმაყოფილდებოდა მიღწეულით. ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა გასაკეთებელი და იდეებიც მწიფდებოდა მის გონებაში.

კენჭებით მოკირწყლულ ბილიკს დაუყვა, რომელმაც სასტუმროს რესტორნამდე მიიყვანა. სულ რამდენიმე შეგვიანებული სტუმარი დარჩენილიყო რესტორანში. მათი უმრავლესობა წვენს მიირთმევდა. აქ საღამო ხანს ჭამას არავინ ეძალებოდა მაინცდამაინც, ქართველებისგან ამით ნამდვილად განსხვავდებოდნენ აქაურებიც და ჩამოსული უცხოელებიც. არც ქართველი კაცებივით სმით იხოცავდნენ თავს. შაბათ-კვირას დამსვენებლები საღამოობით გამოეფინებოდნენ ხოლმე სუფთა ჰაერზე, ხოლო სამუშაო დღეებში, ჩვეულებრივ, სიმშვიდე ისადგურებდა ამ მიდამოში. მისი სასტუმროს კლიენტები ყოველთვის კმაყოფილი რჩებოდნენ მომსახურებით, რაც ტესს ყველაზე მეტად ახარებდა.

ჰარი სმიტი განაპირა მაგიდას მისჯდომოდა და ყავას სვამდა. უყვარდა ეს მოხუცი, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო და ეცოდებოდა, რადგან სულ რამდენიმე თვის წინ მეუღლე დაეღუპა. ამის გამო ტესი უფრო მეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ.

_ სულ ეს არის, რითიც ელენი გაგიმასპინძლდათ, ჰარი? _ გაუღიმა ტესმა და მოხუცის გვერდით ჩამოჯდა.

_ როგორც იქნა, მეღირსა შენი ნახვა, გოგონი, მეგონა, აღარასდროს მოხვიდოდი ბებერი ჰარის სანახავად. _ მოხუცმა სიგარეტის კოლოფს ხელისგული ამოჰკრა და ერთი ღერი ამოაძვრინა.

_ ელენი ტყავს გაგაძრობთ, აქაურობა რომ გაბოლოთ, _ სიცილით შენიშნა ტესმა და ჰარის სიგარეტზე მიუთითა. არ მოეწონა მოხუცის გამომეტყველება, თითქოს უფრო დაწვრილებოდა სახე, ქუთუთოებიც დაბერვოდა.

_ დღეს თუ ისადილეთ? _ მზრუნველად მიაჩერდა ხნიერ მამაკაცს.

ჰარიმ მოქუფრული მზერა ესროლა და სიგარეტის ღერი კოლოფში ჩააბრუნა.

_ მოვახერხე, _ ნაძალადევად გაიღიმა.

ტესმა იცოდა მოხუცის ხასიათი _ დიდად არ იკლავდა ჭამით თავს, მთელი დღის განმავლობაში ერთ თეფშ სუპს მიირთმევდა და ყავას აყოლებდა ხოლმე.

_ ჰარი, არ მომწონხართ ბოლო დროს, ცოტა უნდა მიხედოთ თავს. არანაირი სურვილი არ მაქვს, ავად გახდეთ. ეს ჩემთვის ერთი ზედმეტი საზრუნავის მომატება იქნება, ხომ იცით?

_ ვიცი, ვიცი, _ ჩაიბურტყუნა მოხუცმა, _ მაგრამ რა ვქნა, მარტო ჭამა არ მიყვარს, თანამეინახე კი აღარ მყავს. ჩემთვის სადილს, ხომ იცი, რომ არ მოვიმზადებ. ყველაზე ცუდი გითხრა, რა არის? იმის მიუხედავად, რომ ჩემი ცოლი თავს ხშირად მაბეზრებდა, საშინლად მომენატრა მის საყვედურები.

ტესმა მზერა აუზზე გადაიტანა და შეწუხებული ხმით ჩაილაპარაკა:

_ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.

_ ჰო, იყო… იყო და აღარ არის. ეს მაცოფებს… ახლა კი ერთხელ კიდევ შეგახსენებ, რაც ჩემი მოტელის შესახებ ვისაუბრეთ. არ მინდა, სხვას მივყიდო, მინდა, შენს მფლობელობაში გადმოვიდეს, ასე უფრო მშვიდად ვიქნები. ლარას სული ჯერ კიდევ ტრიალებს იქ.

_ დარწმუნებული ხართ, რომ გაყიდვა გინდათ? ჯერ სულ რამდენიმე თვე გავიდა ლარას გარდაცვალებიდან.

ჰარი სკამის საზურგეზე გადაწვა და ხელები ღიპიან მუცელზე დაიწყო.

_ იქ გაჩერება აღარ შემიძლია, ყველგან ჩემი ცოლის ნივთები ყრია. ბაღშიც კი ვეღარ ვმუშაობ, რომ ფეხი არ დავადგა მის დარგულ იებს და მიხაკებს. წარმოგიდგენია? ორმოცდათორმეტი წელიწადი ვიცხოვრეთ ერთად. მას არასდროს დავივიწყებ, მაგრამ ვეღარ შევძლებ ცხოვრებას ისე, როგორც მის სიცოცხლეში შემეძლო.

ტესისთვის ნაცნობი იყო ეს გრძნობა. როცა ქმარს გაშორდა, იმ სახლში გაჩერება ყველაზე მეტად უმძიმდა, ყველაფერი ყოფილ მეუღლეს აგონებდა. როცა სახლი გაყიდეს და ქმარმა თავისი წილი მისცა, დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, შვება იგრძნო და თავისუფლებაც მოიპოვა, რადგან მეტად მასთან შეხება აღარ ექნებოდა.

ალბათ ჰარიც იმავეს განიცდის, რასააც თავად განიცდიდა წლების წინ.

ამ დროს სასტუმროდან მზარეული გამოვიდა. მას ხელში ორი თეფში ეჭირა შემწვარი ბატკნის ხორცით, სოუსმოსხმული. ელენმა ერთი თეფში ტესს დაუდგა წინ, მეორე კი ჰარის.

_ ერთი ლუკმა არ დატოვოთ, იცოდეთ, მისტერ ჰარი, გასაგებია? _ მუქარასავით გაისმა მზარეულის ხმა.

ტესმა სიცილი ვერ შეიკავა.

_ მადლობა, ელენ, შენ კარგი გოგო ხარ. ამას მე გავაკონტროლებ. დღეს მარტო მოგიწია მუშაობამ, არა? მაპატიე, ვერ მოვიცალე, რომ დაგხმარებოდი.

_ არ შემქმნია პრობლემა, ტეს, მეიბლი წამეხმარა ცოტას. მითხრა, ვიღაც ქართველია ჩამოსული და იმას აბინავებსო. მერე ის ჯენტლმენი აქაც მოვიდა, ისადილა. მშვენიერი კაცია, მაგრამ ზედმეტად სერიოზული მომეჩვენა. გემრიელად კი მიირთვა და ხელობაც შემიქო, კერძების ოსტატურად მომზადება გცოდნიაო. მეტი რა უნდა მზარეულს? გამიხარდა. მართლა თქვენთან უნდა იცხოვროს? მეიბლმა მითხრა…

ტესი უხერხულად შეიშმუშნა.

_ დროებით იცხოვრებს, სანამ ნომერი გათავისუფლდება. ვფიქრობ, ორი-სამი დღე ალბათ.

_ მთავარია, პრობლემები არ შეგიქმნათ.

_ არა მგონია, მაგდენს ვერ მოასწრებს, _ გადაიკისკისა ტესმა, რომელიც ცდილობდა, ელენის სკეპტიკური მზერა არ შეემჩნია.

ჰარიმ კუბელი მზარეულის პუტკუნა ფორმები შეათვალიერა და ლუკმით გამოტენილი პირით გადაულაპარაკა:

_ გადასარევი ბატკანია, ელენ, უგემრიელესი. არ გინდა, ჩემს სახლში გადმოხვიდე საცხოვრებლად? სამუშაოს არ მოგაკლებ.

ტესმა კითხვის გამომხატველი მზერით აჭიმა წარბები, ელენმა კი გაიღიმა:

_ არა, გმადლობთ, მისტერ ჰარი. მე და კარლოსი აქაც მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ტესი კეთილი ქალბატონია. მან კარლოსიც დაასაქმა, როცა ის სამსახურიდან გამოუშვეს. ხომ იცი, რა უთხრა ყოფილმა ბოსმა, ძალზე ბებერი ხარ, ავტოფარეხში რომ გააგრძელო მუშაობაო. ახლა კი პატარა ბავშვივით უხარია, ტესმა რომ შეიფარა.

_ უცნაური ხალხი ხართ ეს კუბელები, _ თავი გადააქნია ჰარიმ და ირიბად გახედა მზარეულს, რომელიც ეშმაკური ღიმილით შებრუნდა სამზარეულოში.

_ ამ გზით ცდილობთ ჩემზე ზემოქმედების მოხდენას? _ ტესმა თვალები მოჭუტა.

ჰარიმ მორიგი ლუკმა გააქანა პირისკენ და უპასუხა:

_ აბა რა! ელენი აუცილებლად დაგჭირდება, თუკი ჩემს მოტელს იყიდი.

_ ჰარი!

_ არ შემეპასუხო, ტეს! აი, ამას გადახედე! _ და მოხუცმა ჯიბიდან ორად გაკეცილი კონვერტი ამოიღო, რომელშიც დაბეჭდილი თაბახის ფურცელი იდო.

ტესმა ქაღალდი გაშალა და კითხვას შეუდგა. ეს იყო საქმიანი წინადადება, რომლის მიხედვითაც ჰარი ტესისთვის მომგებიანი პირობებით თმობდა თავის მოტელს _ «ბერძნული კუნძული».

ტესმა ადრენალინის მოზღვავება იგრძნო. გარიგების პირობები ერთობ მაცდური იყო. მხოლოდ ფულის შოვნა რჩებოდა პრობლემად.

_ მე შენ აგირჩიე, გოგონი. თუკი ჩემი მოტელის მფლობელი გახდები, მშვიდად მოვკვდები. ჩვენ ყველანი ვხედავდით, ეს ძველი სახლი როგორ გამოაცოცხლე და სასტუმროს დაამსგავსე. მინდა ჩემი «ბერძნული კუნძულიც» ასეთი ვნახო. იქ მე აღარაფერი მესაქმება, არც თვალი მერჩის და არც მუხლი, ეს შენი საქმეა, ტეს. არ მინდა იქაურობა ნასახლარს დაემსგავსოს.

_ თქვენ იცით ჩემი ფინანსური შესაძლებლობები, ჰარი, _ თქვა ტესმა, _ არა მგონია, გავწვდე.

მოხუცი წამოდგა და ქალს ზემოდან დახედა:

_ იფიქრე ამაზე.

ტესი გაჰყურებდა მიმავალი მამაკაცის მოხრილ ზურგს, ამავდროულად, გონებაში უკვე აამუშავა სამომავლო გეგმები. ელვის უსწრაფესად განაახლა ჰარის მოტელის ყველა ოთახი, კედლები შეღება და ავეჯიც შეიტანა. ყველაფერი თანამედროვე ვენეციურ სტილში იქნებოდა გაწყობილი. მას სულაც არ სურდა, ჰარის თავისი ქონება გაეყიდა, მაგრამ რადგან მოხუცს ასე სურდა, კარგი იქნებოდა, შანსი გამოეყენებინა. მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება იყო, რომელსაც ახდენა არ ეწერა. ის უკვე ოცდათხუთმეტი წლის იყო, ქმარს გაშორებული და თავის სამშობლოს მოშორებული. მართალია, მიეჩვია დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს არ იყო მთავარი. ადვილი არ გახლდათ მარტოხელა ქალისთვის, ამხელა ბიზნესს გაძღოლოდა. ღირდა კი რისკის გაწევა? წარმატება საეჭვო იყო. დედის სიტყვები გაახსენდა _ თუ ხეზე არ ახვალ, ხილს ვერ შეჭამო. ეს სიტყვები არასდროს ავიწყდებოდა. არ ავიწყდებოდა, რადგან ხილი ძალიან უყვარდა, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ამ ხილს ფულთან არ ჰქონოდა შეხება. ჰოდა, რა ქნას ახლა, როგორ მოიქცეს? სად იშოვოს «ბერძნული კუნძულის» შესაძენი ფული?

ტესმა ქაღალდი დაკეცა და კვლავ კონვერტში ჩააბრუნა.

 

სტეფანემ ახალი ოფისი მოინახულა, თანამშრომლები გაიცნო და უკან, სასტუმროში დაბრუნდა. კარგა ხანს ეძება ტესი, ახალსახლობასთან დაკავშირებული ფორმალური მხარის მოგვარება უნდა დაემთავრებინა.

მენეჯერი რესტორანში იპოვა. ქალი მაგიდასთან იჯდა და ხელში თეთრ კონვერტს ატრიალებდა.

სტეფი შორიახლოს დადგა და დაელოდა, როდის შეამჩნევდა დიასახლისი. მაგრამ ტესი თითქოს დაკარგული იყო დროსა და სივრცეში, ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. იქნებ ავად არის? დახმარება ხომ არ სჭირდება? გაუელვა მამაკაცს. თუმცა ტესს გარეგნულად ავადმყოფობის არაფერი ეტყობოდა, სიცოცხლით სავსე ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ბოლოს ვეღარ მოითმინა, ტესის მოპირდაპირე მხარეს სკამი გამოსწია და დაჯდა. მხოლოდ ამ ხმაურზე მოეგო ქალი გონს, თავი ასწია და სტეფს შეფიქრიანებული მიაჩერდა.

_ მოეწყვე? _ ნაღვლიანი ღიმილი შეაგება ქალმა მის გამჭოლ მზერას.

_ ჰმ…

ტესმა ეს «ჰმ» «ჰოდ» ჩათვალა.

_ ყავას დალევ?

_ არა, დიდი მადლობა. შენი ნახვა მინდოდა. მაინტერესებს, რამდენი უნდა გადავიხადო, სანამ ჩემს ნომერში გადავალ, ხარჯთაღრიცხვა აქედანვე უნდა ვაწარმოო, ხომ გესმის… წესია ასეთი.

_ რა თქმა უნდა. თუ გინდა, დღესვე გავაფორმებ ყველაფერს.

_ კარგი იქნება… ახლა კი ოთახში ავბრუნდები, რაღაც ქაღალდები მაქვს წამოსაღები.

სტეფანემ საათზე დაიხედა. ტესს თვალები გაუფართოვდა, როცა მამაკაცის მაჯაზე უზარმაზარ შავ სამაჯურზე დამაგრებული საათი დაინახა, რომელზეც უამრავი ციფრი იყო ამოტვიფრული და რამდენიმე კნოპიც ჰქონდა.

_ ეს საათია? _ აღმოხდა გაოცებულს.

_ აჰაა…

_ და რა ფუნქციები აქვს?

ტესმა შეამჩნია, როგორ აუელვარდა თვალები სტეფს.

_ ჩემი სამუშაოსთვის ძალიან მოსახერხებელია. ეს საათი ექვსი კლიმატური სარტყლის დროს უჩვენებს. მაღვიძარაც აქვს…

ქალი ყურებს არ უჯერებდა. ამ «მისტერ სიტყვაძუნწობას» მოულოდნელად საღერღელი აეშალა და დაწვრილებით დაიწყო თავისი საათის ღირსებების ჩამოთვლა. ხედავ შენ? ცხოვრება თურმე სიურპრიზებითაა სავსე. როგორც ჩანს, ამ «ორცხობილისგან» შეიძლება კაცმა მშვენიერი ტორტიც კი გამოაცხოს.

სტეფმა აჩვენა, როგორ მუშაობდა საათის კალკულატორი, როგორ უნდა დაეყენებინა ამა თუ სარტყლის დრო… ტესიც უდიდესი ყურადღებით უსმენდა, თითქოს ამაზე მეტი არაფერი აინტერესებდა ქვეყანაზე, მაგრამ როგორც კი მისი მზერა ჰარის კონვერტს მოხვდა, კვლავ ფიქრებში ჩაიძირა.

«აჰა, ისევ ითიშება. _ გაიფიქრა სტეფანემ, _ აშკარაა, ამ ქალს არ შეუძლია ერთ რამეზე მოახდინოს კონცენტრაცია. ყოველთვის ასე ეფანტება გონება? საინტერესოა, ამხელა ბიზნესს როგორღა უძღვება? იქნებ გადაღლის ბრალია?»

_ ჩემი აზრით, დროა, საწოლს მიაშურო. _ რბილად შეახსენა ქალს.

ტესი შეცბა:

_ რა?

სტეფანემ სიცილი ვერ შეიკავა. მიხვდა, რომ ქალმა სხვანაირად გაიგო მისი სიტყვები.

_ მომეჩვენა, თითქოს ბურანში ხარ. ამიტომ ვიფიქრე…

_ რა იფიქრე? რომ შენი მომხიბვლელობის მსხვერპლი გავხდი? რომ უკვე ჭკუა მეკეტება შენზე? მომისმინე, მეგობარო! _ ტესმა საჩვენებელი თითი მამაკაცს მკერდში ატაკა, _ მოდი, გულწრფელად ვილაპარაკოთ. ჩვენ საერთო სააბაზანო გვაქვს, მაგრამ არა საძინებელი. თუკი შენთვის ამის შეგნება ძნელია, აჯობებს, სხვა საცხოვრებელი მოძებნო.

_ მართლა? _ ახარხარდა სტეფი, _ ახლა შენ მომისმინე, ლედი! იმ წუთიდან, რაც ამ მაგიდასთან დავჯექი, ცხრაჯერ მაინც გადაერთე ფიქრებით სხვაგან. მეჩვენებოდა, თითქოს ყოველ ორ წუთში სხვა სამყაროში გადადიოდი. ვიფიქრე, ალბათ გადაღლილია და მისი ძილის დრო მოვიდა-მეთქი. ეს ვიგულისხმე მხოლოდ და არა ის, რაც შენ გსურდა, მეგულისხმა. როგორც ჩანს, პრობლემები გაქვს.

_ არანაირი პრობლემა არ მაქვს! _ გაღიზიანებულმა ტესმა კონვერტი კვლავ ხელში შეატრიალა, _ თუმცა ვაღიარებ, რომ ცოტათი ვიყავი დაბნეული. _ ხმადაბლა დაამატა.

რესტორანში მყოფმა კლიენტებმა მათკენ გამოიხედეს. სტეფანე მიხვდა, რომ ხმას მისდა უნებურად აუწია საუბრისას, ამიტომ ტესისკენ გადაიხარა და ჩუმი ხმით უთხრა, _ არ ვარ მიჩვეული ყურადღების ცენტრში მოხვედრას, მაპატიე, რომ გიყვირე. მინდა გითხრა, რომ მსგავსი რამეები არ მჩვევია.

ტესმა თავი დაუქნია.

_ მეც მაპატიე. ასე არ უნდა გავწიწმატებულიყავი. კიდევ კარგი, ქართულად ვლაპარაკობთ და აქ მყოფთ ჩვენი არ ესმით. ვერ მიხვდებიან, რაზე ვჩხუბობთ.

_ განა ჩვენ ვჩხუბობთ? რახან ერთ ჭერქვეშ მოგვიწევს თუნდაც რამდენიმე დღე ცხოვრება, ავაფრიალოთ თეთრი დროშა, არ ჯობია? _ სტეფმა ხელი გაუწოდა ქალს.

ტესმა მის ხელს თავისი შეაგება:

_ მოსულა.

_ მგონი, დროა, აქედან წავიდეთ. _ თქვა სტეფანემ ისე, რომ მენეჯერისთვის ხელი არ გაუშვია.

რესტორნიდან გავიდნენ და სასტუმროსკენ აიღეს გეზი. მისთვის გაუგებარი მიზეზით მამაკაცი გრძნობდა, რომ ამ ქართველი ემიგრანტის მიმართ სიმპათიები გაუჩნდა. და ეს საღამოს გასეირნებაც სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მას საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა.

_ ახლა ერთ რაღაცას გაჩვენებ, _ თქვა ტესმა, როცა სასტუმროს მიუახლოვდნენ და ბილიკიდან გადაუხვია.

რამდენიმე მეტრი რომ გაიარეს, ზუსტად იმ ოთახის ფანჯრებქვეშ, სადაც სტეფანე მოთავსდა, პატარა აუზი გამოჩნდა, რომელშიც კლდიდან გამომავალი ბუნებრივი წყალი ჩანჩქერივით ჩაედინებოდა. აუზს ირგვლივ დარგული პალმები ფარავდა.

_ ეს მინერალური წყალია, ბევრი სამკურნალო თვისებით გამოირჩევა.

_ ამას მიმალავდი? _ გაოცება ვერ დამალა მამაკაცმა.

_ არა, არავის ვუმალავ. ვისაც სურვილი აქვს, ყველა სარგებლობს ამ უნიკალური წყლით, თან კლდიდან ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე, ცხრამეტ გრადუსამდე ტემპერატურის წყალი ჩამოედინება, თბილი. ერთი სიამოვნებაა ამ აუზში ჩასვლა და ჯაკუზში ნებივრობა.

_ ანუ მეც შემიძლია მისით სარგებლობა?

_ რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, თუ რევმატიზმი ან ხერხემლის პრობლემა გაწუხებს.

_ საბედნიეროდ, რევმატიზმი ჯერ არ მაწუხებს, მაგრამ რაც შეეხება ხერხემალს, ხშირად ვუჩივი. ხომ იცი, რომ დისკოზი, ფაქტობრივად, ნახევარ მსოფლიოზე მეტ ადამიანს აწუხებს. ეს საუკუნის დაავადებაა.

_ ვიცი და ამ მხრივ გამიმართლა, რომ ეს წყალი ჩემს სამფლობელოში მოხვდა.

_ ეს ოაზისიც შენ მოაწყვე?

_ არა, ასე დამხვდა, მე მხოლოდ აუზი მოვაპირკეთე და ჯაკუზი ჩავდგი. ჩემამდე ამ წყალს არავინ იყენებდა. არც იცოდნენ, რაში შეიძლებოდა მისი გამოყენება. ღამღამობით ხშირად ჩამოვდივარ აქ და მინერალურ აბაზანებს ვიღებ.

_ მართლა? ეს, ფაქტობრივად, საიდუმლო ინფორმაციაა, არა? ესე იგი, შემიძლია დაგიდარაჯდე და მერე ჩუმად გადევნო თვალი, როცა აუზში დედიშობილა ჩახვალ.

ტესი გაწითლდა.

_ ვშიშობ, იმედებს გაგიცრუებ, სტეფ, დედიშობილა არ ჩავდივარ აუზში, ღვთის მადლით, საცურაო კოსტიუმები მაქვს, თანაც ბლომად… აი, ამ ადგილას კი ცხელი წყალი პირდაპირ მიწიდან ამოდის, ხედავ, ორთქლი ასდის.

_ რა უცნაურია, თავი საქართველოში მგონია, გოგირდის აბანოებში, _ თავი გაიქნია სტეფანემ, _ თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ცხელი აბაზანა არ მიზიდავს.

_ ძალიან ბევრს დაკარგავ, მინდა იცოდე.

_ შეიძლება, მაგაში ვერ შეგედავები. ვნახოთ, იქნებ ვცადო კიდევაც და ვისარგებლო შენი კეთილგანწყობით.

ტესმა გაუღიმა და იქვე, დაფაზე მიმაგრებული პულტისკენ გადაიხარა. კაბა ოდნავ აეწია და ჩამოქნილი ფეხები და მრგვალი თეძოები მადის აღმძვრელად გამოუჩნდა. სტეფმა ნერწყვი გადააგორა. მიუხედავად იმისა, რომ ტესისნაირი ქალები მის გემოვნებას არ ერგებოდა, მაინც ვერ დარჩა გულგრილი მისი სხეულის მიმართ. ქალი მართლაც მომხიბვლელი ვინმე იყო. «ზედმეტად სექსუალურია ეს ოხერი», _ გაიფიქრა ვნებამორეულმა და ტესს მზერა მოარიდა.

_ აი, ამ პულტს რომ დააწვები, ეს პატარა ნავი პირდაპირ აუზში ჩაგიყვანს. თუ სურვილი გაგიჩნდება, ისარგებლე, არ წააგებ. _ თქვა და სტეფანესკენ შემობრუნდა. მოულოდნელად მის უცნაურ მზერას წააწყდა. ქართველ ქალს გუმანმა უგრძნო, რაც ხდებოდა მამაკაცის გულში და მაშინვე კაბაზე დაიხედა. ნუთუ ასე გამომწვევად აცვია?

_ მისტერ გაგუა…

_ სტეფი, მე სტეფი მქვია, _ შეუსწორა მამაკაცმა, _ ჩემი აზრით, რადგან ოთახის თანამფლობელები ვართ, აჯობებს, სახელებით მივმართოთ ერთმანეთს და არა გვარებით. მერე რა, რომ თბილისში არ ვართ. არა მგონია, აქ ეს აკრძალული იყოს.

_ ჩვენ ოთახის დროებითი თანამფლობელები ვართ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მისტერ გაგუა, _ მკაცრად გაიმეორა ტესმა.

_ სტეფი-მეთქი, მგონი, გასაგებად გითხარი! _ მამაკაცმაც გაურია ხმაში სიმკაცრე.

ტესმა შეამჩნია, როგორ შეერხა სტუმარს ტუჩები, მაგრამ ძალიან დაგრეხილი ღიმილი გამოუვიდა. «როგორც ჩანს, გაღიმებას საერთოდ გადაჩვეულია ეს კაცი», _ გაიფიქრა თავისთვის.

_ დიდი მადლობა ექსკურსიისთვის, მაგრამ ჩემი წასვლის დროა, რამდენიმე ადგილას უნდა დავრეკო, _ ცივად წარმოთქვა მამაკაცმა და ქალს ზურგი შეაქცია.

 

როცა ტესი ნომერში დაბრუნდა, უკვე ცხრა საათი ხდებოდა. აქეთ-იქით უწესრიგოდ მიყრილმა ნივთებმა უარესად წაუხდინა გუნება. ნეტავ დათანხმებოდა მეიბლს, როცა მან შესთავაზა, ოთახის დალაგებაში მოგეხმარებიო. ის ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენდა. ახლა თვითონ მოუწევს მილაგება, სანამ დაწვება. არადა, როგორ ეზარება… ეჰ… სტეფს რომ არ დაეკავებინა მისი ოთახი, ხომ ივლიდა ახლა ბიკინით აქეთ-იქით? ამიერიდან სულ თითის წვერებზე უნდა იაროს, თან ხალათჩაცმულმა, რომ ნახევრად შიშველი შემთხვევით თვალში არ მოხვდეს უცხო ადამიანს.

კარი ჩაკეტა და შუქი აანთო. მთელი დღის განმავლობაში ძალაუნებურად მასზე ფიქრობდა. ახალი მდგმური ახალი თავსატეხი აღმოჩნდა მისთვის და იმდენად უჩვეულო იყო ეს მდგომარეობა, რომ უკვირდა, რა დაინახა ამ კაცში ისეთი, ასე ადვილად რომ დაისახლა გვერდით, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.

 

სტეფს ესმოდა ტესის ნაბიჯების ხმა, მისი სილუეტიც დაინახა, როცა ფანჯრის წინ გაიარა. მერე კიდევ დიდხანს ესმოდა გარდერობის კარის და უჯრების გამოღება-მიხურვის ხმა. ამ ხმების გაგონებაზე უნებლიეთ თვალწინ დაუდგა დღისით ნანახი ქალის საცვლები, რომელიც ტესის საწოლზე გორად იყო ახოხოლავებული. ჩაეცინა. ნეტავ რა ფერის ბიკინი აცვია ამწუთას?

სწორედ იმ დროს, როცა იგი ცდილობდა, გონებაში ნახევრად შიშველი ტესი წარმოედგინა, საერთო კარზე კაკუნი გაისმა.

_ ღიაა, _ დაიძახა მან.

სტეფი შემოვიდა.

_ სულ ერთი წუთით, _ მორიდებით ჩაილაპარაკა პირსახოცის ხალათში გახვეულმა ქალმა და სააბაზანოში მიიმალა. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ხალათის კიდეები ეხსნებოდა და შიშველი ფეხი ლამის ბარძაყამდე მოუჩანდა. ჯანდაბა! რა მაგარი ქალია! როგორ უნდა იმუშაოს ნეტავ, თუ ამ ქალის ყოველ დანახვაზე ასე აღიგზნება?

სტეფანე თავის ნოუთბუკს მიუბრუნდა, მაგრამ თვალს წარამარა სააბაზანოს კარისკენ აპარებდა, რომ იქიდან გამოსული ტესი კიდევ ერთხელ შეეთვალიერებინა.

ქალი დაახლოებით ათ წუთში გამოვიდა თავზე პირსახოცშემოხვეული და მამაკაცს გაუღიმა.

_ ახლა წავალ და მინერალურ აბაზანასაც მივიღებ. ჯაკუზში ნებივრობა არ მაწყენდა, _ ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოთქვა, თითქოს მამაკაცს საწოლში ეპატიჟებოდა.

სტეფმა თვალი გააყოლა. მოსწონდა ტესის სიარულის მანერაც, გრაციოზულად ირხეოდა. სტეფანე წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. სწორედ ამ დროს მიიმალა ქალი პალმების ჩრდილში, ხოლო რამდენიმე წამის შემდეგ წყლის დგაფუნის ხმა შემოესმა. როგორც ჩანს, ტესის ნავი წყალში ჩაეშვა…

სტეფანე მიხვდა, რომ საჭიროზე მეტ დროს უთმობდა ტესზე ფიქრს, თითქოს ქალი მის გონებაში სწრაფად მზარდ სიმსივნის ბაქტერიასავით დაბუდებულიყო. დროა, მუშაობას შევუდგე, გაიფიქრა უკმაყოფილოდ და ნოუთბუკს მიუბრუნდა. თუმცა ტესზე ფიქრი მაინც არ ასვენებდა.

კლავიშებს წკაპაწკუპი გაუდიოდა. იგი ეცნობოდა მიმოხილვებს, ანგარიშებს, ინიშნავდა საჭირო ინფორმაციას, აკეთებდა აღნიშვნებს ასაშენებელი ობიექტის მნიშვნელოვან წერტილებზე. ამასობაში დრო გავიდა. საათზე დაიხედა. სულ რაღაც ორმოცი წუთი მილეულა, მას კი ეგონა, უკვე ნახევარი ღამე იმუშავა. წამოდგა და ხელების ფშვნეტით ფანჯარას მიუახლოვდა. გარედან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ცოტა არ იყოს, შეშფოთდა. ხომ არ დაიხრჩო? აქამდე არ დაბრუნებულა, არც წყლის ხმა ისმის. განა შეიძლება ღია ცის ქვეშ, ღამით, ადამიანმა ამდენ ხანს დაყოს წყალში? თვითონ იმდენად არ უყვარდა სამკურნალო აბაზანები, რომ ვერ წარმოედგინა, რა სიამოვნებას იღებდნენ ადამიანები გოგირდით ან ტალახით გაჯერებულ აუზში ჭყუმპალაობით. იმდენად ჰქონდა ყოველი წუთი გათვლილი, რომ სხვა დანარჩენი, რასაც ერქვა «სიამენი ამა ქვეყნისა», დროის ფუჭ ფლანგვად მიაჩნდა.

გადაწყვიტა, შეემოწმებინა, ტესს მართლა ხომ არ უჭირდა რამე, პერანგი გადაიცვა და დაბლა ჩავიდა. ერთი წუთის შემდეგ უკვე აუზთან იდგა. ცხელი წყლის ორთქლი სახეში სცემდა, გოგირდის სუნი ცხვირში უღიტინებდა. გაახსენდა თბილისი აბანოები, როგორი სლიპინა ხდებოდა სხეული გოგირდნარევი წყლის გადავლების შემდეგ და დაიჯღანა.

ირგვლივ კანტიკუნტად თუ გაივლიდა ვინმე. ტესი ვერსად დალანდა. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ უწყოდა. უკან გამობრუნდა, ნომერში ავიდა, პირსახოცს დაავლო ხელი და სააბაზანოს მიაშურა. წყალს გადაივლებს და თუ იქამდე არ გამოჩნდა ის გოგო, მეიბლს მიუკაკუნებს, იქნებ მან იცოდეს მისი ასავალ-დასავალი. ბოლოს და ბოლოს, მამაკაცია და მისი ვალია, მოიკითხოს.

ის იყო, ონკანი გადაკეტა და პირსახოცი თეძოზე შემოიხვია, რომ ფრთხილი კაკუნის ხმა შემოესმა. სტეფმა მოურიდებლად გამოაღო კარი და მის წინ ასვეტილ ტესს მკაცრი მზერა შეავლო.

_ უკაცრავად, არ მეგონა, აქ თუ იქნებოდი, _ დაირცხვინა ქალმა და გულმა ძალუმად აუტეხა ბაგაბუგი, როცა მამაკაცის ფართო, დაკუნთულ მკერდს შეხედა.

სტეფანემ დაჟინებით შეათვალიერა ქალი, რომელსაც სველი თმა საფეთქლებსა და ლოყებზე მისწებებოდა. ძალიან ლამაზი იყო. მოულოდნელად შეამჩნია, როგორ კანკალებდა მისი მასპინძელი.

_ მთლად გაყინულხარ, გოგო, ეს რა გიქნია! _ შინაურულად მიმართა და ქალს მხრებში ჩაავლო ხელები.

«გოგო» ისე სასიამოვნოდ მოხვდა ტესის ყურს, ჟრუანტელმა დაუარა. რამდენი ხანია, ასე არავის მოუმართავს მისთვის.

_ საკმაოდ ცივი ქარი ქროდა, _ ძლივს ამოთქვა ტესმა, კბილს კბილზე აცემინებდა, _ კინაღამ გავიყინე, სანამ ამოვედი. ათმა მდგმურმა მაინც გამაჩერა გზაში, ზოგი რას მეკითხებოდა და ზოგი რას.

_ მოდი, ცხელი წყალი გადაივლე, სანამ ფილტვების ანთება აგიკიდებია, _ სააბაზანოსკენ უბიძგა სტეფანემ.

_ უი, არა, ხალათი და თეთრეული ოთახში მაქვს, ჯერ ის უნდა გამოვიტანო, _ შორს დაიჭირა ქალმა.

სტეფანემ საწოლიდან კოხტად დაკეცილი თავისი ხალათი აიღო და მიაწოდა.

_ ჩემი ჩაიცვი. სანამ გამოხვალ, შენებს აქ დაგახვედრებ. _ მომთხოვნი ტონით წარმოთქვა და ქალს კარი მიუხურა.

სანამ ტესი ბანაობდა, სტეფანე მის ოთახში შევიდა. თვალში მოხვდა საწოლზე გადაფენილი აბრეშუმის ხალათი და ღამის პერანგი, ორივეს ხელი დაავლო და თავის ოთახში გამოიტანა. სწორედ ამ დროს გამოაღო ტესმა სააბაზანოს კარი. სტეფანეს პირსახოცის ხალათი, რომელიც სამი ზომით მაინც ჰქონდა დიდი, მჭიდროდ შემოეხვია ტანზე.

_ აი, შენი ტანსაცმელი… და ცხელ წყალში ჩაწექი, გამოსვლა არ იჩქარო. _ გაუწოდა თეთრეული ქალს.

 

ტესმა ცხელი წყალი გადაკეტა, სხეული შეიმშრალა, თმა წინ გადმოიყარა და პირსახოცის კიდეებით მის გამშრალებას შეუდგა. როცა სარკეში ჩაიხედა, გაეღიმა, ძალიან უხდებოდა სველი და აბურდული თმა. «სააბაზანოდან გამოსულ ქალთან სექსს არაფერი სჯობს», _ გაახსენდა თავისი ყოფილი ბოიფრენდის სიტყვები. გონებაში ამოტივტივებულმა ამ აზრმა ცოტათი შეაცბუნა. რა გარანტია აქვს, რომ სტეფსაც არ მოუნდება მასთან დაწოლა? რომ ეცეს ახლა და საწოლზე მიაწვინოს… კარგად იცნობს ქართველი კაცების ხასიათს. თავი გადაიქნია, რომ უსიამოვნო ფიქრები თავიდან მოეშორებინა. მერე რა, რომ სიმპათიურია და მასთან ურთიერთობა უფრო და უფრო სიამოვნებს. ქუჩის ქალი ხომ არ არის, პირველსავე შემოთავაზებაზე დათანხმდეს? რა სისულელეა, ის არ ეკუთვნის მამაკაცების იმ კატეგორიას, ასე უტიფრად რომ ექცევიან ქალებს, ზრდილი ადამიანია, ამისთანა რამეს არც გაივლებს გულში. ყოველი შემთხვევისთვის, ფრთხილად გამოაღო კარი და ოთახი დაზვერა. სტეფი არსად ჩანდა. კვლავ მიხურა კარი და მზერა მამაკაცის ხალათზე შეაჩერა. რა სასიამოვნო, ამაღელვებელი ლოსიონის სურნელი ასდიოდა მის ხალათს, როცა ჩაიცვა. ცდუნებას ვერ გაუძლო და ხალათში ცხვირი ჩარგო. სამოსი სტეფის სხეულის სუნით იყო გაჟღენთილი და ქალი ვერ ძღებოდა ამ მათრობელა არომატით, მთელ სხეულში უცნაურად ჩაეღვარა სითბო და ათრთოლდა.

როგორც იქნა, შეელია მამაკაცის ხალათს, კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, შეამოწმა, ყველაფერი რიგზე თუ ჰქონდა და სააბაზანოდან გამოვიდა.

უეცრად შეკრთა, რადგან მამაკაცი საწოლზე დახვდა მიწოლილი. სულ რაღაც ორი წუთის წინ იგი არ ჩანდა ოთახში და მისი ამ პოზაში დანახვა სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მისდა გასაკვირად, სტეფს ეძინა, თან ღრმად. არც კი გაუგია მისი გამოსვლა. ტესმა ახლა უფრო თამამად შეათვალიერა მისი შიშველი, ბალნით დაფარული მკერდი და შიშით გაიფიქრა, რომ ამისთანა სექსუალური მკერდის დანახვაზე ნებისმიერ ქალს აებნეოდა თავგზა.

სწორედ ამ დროს გაახილა სტეფანემ თვალები.

_ ტეს?

მამაკაცს ხმა ჩახრინწვოდა.

_ ბოდიში, შენი გაღვიძება არ მინდოდა, _ მოუბოდიშა აფორაჯებულმა.

_ არა უშავს, ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნი.

მამაკაცი საწოლზე წამოჯდა და გამომცდელი მზერა მიაპყრო. ლამის სუნთქვა შეეკრა, ისეთი სანახავი იყო ჯერ კიდევ ნამიანი ქალი.

_ ხალათისთვის მადლობა, სტეფ.

«აუ, რა სანახაობაა! _ გაიფიქრა სტეფანემ, _ შემთხვევით, ხომ არ მესიზმრება ეს ყველაფერი?» აბრეშუმის ხალათშიც კი მკაფიოდ იკვეთებოდა ქალის სხეულის მოხაზულობა, მრგვალი თეძოები და მწიფე მკერდი, აღელვებისგან ლამის ხმაურით რომ აუდ-ჩაუდიოდა.

ბიუსტჰალტერის გარეშე უფრო სექსუალური ჩანდა მისი მაღალი, გათქვირული მკერდი. აღელვებულმა თვალი ვერ მოაშორა ქალის ძუძუსთავებს, რომლებიც მკაფიოდ იკვეთებოდა ხალათის ქვეშაც.

ტესი მიბრუნდა, სააბაზანოში შუქი ჩააქრო და თავისი საძინებლისკენ გაემართა.

_ ძილი ნებისა, _ თქვა ჩუმად და კარი გაიხურა.

 

ტესმა კალენდარზე რიცხვი შემოხაზა და მეიბლმაც შემოაღო კარი.

_ ახალ კლიენტს ველოდებით? დაჯავშნა ვინმემ ნომერი? _ იკითხა მეიბლმა, როცა კალენდარზე შემოხაზულ რიცხვს მოკრა თვალი.

_ არა, სადღაა თავისუფალი ნომერი, ოთხშაბათს მაქსს ვხვდები, ბუღალტერს. ინვესტიციებზე უნდა ვილაპარაკოთ.

_ საუზმემ როგორ ჩაიარა? _ მეიბლი სკამზე ჩამოჯდა.

_ მშვენივრად. ელენმა თქვა, მდგმურებს ძალიან მოეწონათ ბანანის კექსიო. გახარებულია.

_ ჰმ. სხვათა შორის, მეც მიყვარს ეგ კექსი, თან მოხალულ ნიგოზს უმატებს, რაც არაჩვეულებრივ არომატს აძლევს. ელენმა იცის თავისი საქმე.

ტესმა ზურგს უკან მაგიდაზე მოაფათურა ხელი, ბლოკნოტს დაუწყო ძებნა.

_ ბოლოს და ბოლოს, მოდის?

_ კი, ახლავე ამოვა, ყავა მოაქვს შენთვის.

_ კარგია. ყავა სწორედ რომ მომიხდებოდა ახლა. _ ტესმა დაამთქნარა და პირზე აიფარა ხელი.

_ რა იყო, ღამემ მშფოთვარედ ჩაიარა «თანამეოთახე» მეგობართან ერთად? _ გაეხუმრა მეიბლი.

_ ის ჩემი მეგობარი არ არის, _ იწყინა ტესმა და შუბლი შეიკრა.

კარი გაიღო და ელენი შემოვიდა სინზე დაწყობილი საუზმით.

_ აბა, რა ჰქვია მამაკაცს, რომელსაც შენს საძინებელში სძინავს? _ იკითხა მეიბლმა და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.

_ ასეთ მამაკაცს ჩვეულებრივ ქმარი ჰქვია, _ ტესის მაგივრად ელენმა მიუგო. მან მაგიდაზე დადო სინი და კოვზით ყავას მოურია, თან გააგრძელა, _ ჩემი აზრით, ძალიან ლამაზი კაცია. ასე არ არის?

მეიბლი დაეთანხმა:

_ მეც ძალიან მომწონს. განსაკუთრებით ის ჭაღარა, ქოჩორში რომ აქვს გარეული, უფრო სექსუალურს აჩენს.

ტესს თვალები დაუმრგვალდა.

_ თქვენ რა, პირი შეკარით თუ როგორაა საქმე? მორჩით ლაყბობას და თქვენ-თქვენს საქმეებს მიხედეთ, _ გაიმკაცრა ხმა.

მან შეამჩნია, როგორი მრავლისმეტყველი მზერით შეხედეს ქალებმა ერთმანეთს.

_ ძალიან მგრძნობიარე ხარ, ჩემო საყვარელო, _ გაუცინა მეიბლმა და წამოდგა.

როცა ტესი მარტო დარჩა, არავინ უშლიდა ხელს, ეღიარებინა, რომ თვითონაც აღტაცებული იყო ახალი მდგმურით, განსაკუთრებით მას შემდეგ, დილით აუზზე რომ დაინახა. საინტერესოა, რა აქვს ამ კაცს ისეთი, ასე რომ მიიპყრო მისი ყურადღება? ნუთუ დაკუნთული მკლავები? როგორი სიმსუბუქით მიარღვევდა წყალს, თითქოს უწონო მდგომარეობაში იყო, ისე ცურავდა. თან ეს გლუვი კანი… სასწაულად ლამაზი სხეული აქვს. უცნაურია, რამდენი ასეთი ტანადი კაცი უნახავს ამ აუზზე, შეიძლება ბევრად უკეთესიც, მაგრამ მისი გული ამგვარად არასდროს არავის აუჩქროლებია. იყო მასში რაღაც განსაკუთრებული, თითქოს დამაელექტროებელი. არა, არ არის ზუსტი შედარება. ელექტრომუხტი ერთჯერადად მოქმედებს, ერთხელ დაგარტყამს და მორჩა. სტეფი კი მრავალვოლტიან ძაბვასავითაა, რომლის შეხება მომაკვდინებლად საშიშია.

გულის სიღრმეში ტესი უშვებდა იმ აზრს, რომ საშიშროება არ ასცდებოდა, თუკი სტეფს უფრო დაუახლოვდებოდა. აი, სწორედ მაშინ დაერხევა მის სიმშვიდეს. ჯერ იყო და, ქმარმა ატკინა გული, როცა განქორწინება მოსთხოვა, სამი წლის წინ კი მაიკლთან გაწყვიტა ურთიერთობა. ორჯერ უკვე გადაიტანა სასიყვარულო ტკივილი, საკმარისი არ არის? კიდევ ერთხელ მსგავსი რომ განმეორდეს, ვეღარ გაუძლებს. პატარა გოგონა აღარაა, ეყოფა, რა სიმწარეც გამოიარა ცხოვრებაში. ძლივს სიმშვიდე მოიპოვა, როგორმე დიდხანს უნდა შეინარჩუნოს იგი, რაც შეიძლება დიდხანს.

_ აღარასოდეს! _ ხმამაღლა წარმოთქვა, _ ორჯერ იმედგაცრუება საკმარისია.

 

მოსაღამოვდა. ტესი იმ დღეს, ფაქტობრივად, კაბინეტიდან არ გასულა. თითქოს ეშინოდა, სტეფს არ გადაყროდა შემთხვევით. მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული ღია ფანჯარასთან იდგა და მთების უკან ჩამავალ მზეს გაჰყურებდა. უდაბნოს მწერების ზუზუნი მის ყურამდე აღწევდა. მიხურა ფანჯარა. კაბინეტში სიჩუმემ დაისადგურა. მასზე ყოველთვის დადებითად მოქმედებდა სიჩუმე, თითქოს შვებას ჰგვრიდა. ახლა ვახშმის დრო იყო და ყველანი რესტორანში იყვნენ შეყუჟულები, ამიტომ გარედან საუბრის და სიცილის ხმები არ აღწევდა.

კაბინეტი დაკეტა და ოთახში ავიდა. ტანთ გამოიცვალა, აივანზე გავიდა, ვერანდაზე ჩამოკიდებულ საქანელაში ჩაჯდა და სახე გრილ სიოს მიუშვირა, რომელიც საამოდ მიეალერსა ღაწვებზე.

 

სტეფანე გვიან დაბრუნდა. ფეხებს ძლივს მოათრევდა, ისე იყო დაღლილი. გაოცება ვერ დამალა, როცა ვერანდაზე საქანელას თოკზე თავმიდებულ ტესს შეეფეთა. ქალს თვალები დაეხუჭა. ერთადერთი, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ ქალს არ ეძინა, მისი ქუთუთოების თრთოლა იყო.

შეჩერდა და წამით შეავლო თვალი. წარმოუდგენლად ლამაზი ეჩვენა ეს ჟღალთმიანი საოცრება, რომელსაც ვნებიანად მოტკეცოდა თეძოებზე თეთრი ჯინსის შარვალი.

ტესმა იგრძნო დაჟინებული მზერა და სწრაფად გაახილა თვალები. მის წინ სტეფი იდგა. გული ლამის გაუჩერდა, ჰაერი ვეღარ მიაწოდა ფილტვებს. ოდნავ შესამჩნევად შეირხა და ხმადაბლა თქვა:

_ პრივეტ.

სტეფანემ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.

_ შენც პრივეტ, _ მიუგო და მზერა ცის ტატნობზე გადაიტანა, _ დიდებული ღამეა, არა? შეიძლება მეც დაგიმშვენო გვერდი?

ტესმა თავი დაუქნია. სტეფი გვერდით მიუჯდა. ერთხანს უხმოდ ისხდნენ გვერდიგვერდ და ოდნავ ირწეოდნენ. შემდეგ სტეფანემ ქალს მთის მწვერვალისკენ მიუთითა, რომელიც უცნაურად ანათებდა ღამეში.

_ ხედავ როგორი ნათება აქვს? თითქოს ნათურა ციმციმებსო.

_ ადრე აქ არასდროს ყოფილხარ?

_ ერთხელ ვიყავი, ისიც სამსახურის საქმეებზე.

_ მაშინ წინ ბევრი სიურპრიზი გელის. ის ნათება საბაგირო გზების ათინათია. კალიფორნიაში ეს ყველაზე მაღალი მწვერვალია და იცი, მანდ როგორ ცივა? ასეთ დროს სვიტერის გარეშე ვერ გაძლებ, გაიყინები.

_ ჰო, გამიგია. რესტორანი თუ არის იქ?

_ რა თქმა უნდა, არის. ტურისტები იქამდე უფრო ფეხით ადიან.

_ იქნებ როგორღაც მოგვეხერხებინა და ერთად დაგველაშქრა ეს ამერიკული მთათა სისტემა, უდაბნოს რომ გადმოჰყურებს?

ერთადო? დღეს მთელი დღე განა იმაზე არ ფიქრობდა, ამ კაცისგან თავი შორს დაეჭირა? ტესს გონებაში საგანგაშო სიგნალი ჩაერთო. როგორმე სასწრაფოდ უნდა შეცვალოს სასაუბრო თემა.

_ როგორ მიდის შენი საქმეები? შეეწყვე ახალ სამუშაო ადგილს?

_ კი, შევეწყვე. ხომ იცი, როგორც ხდება, სამუშაო ყოველთვის იმაზე მეტი გროვდება ხოლმე, ვიდრე მოელი, _ სტეფმა სევდიანად გააქნია თავი, _ ძალიან დიდი დრო მოვანდომე სამუშაო გეგმების დაწყობას, მეგონა, ყველაფერი გავთვალე, მაგრამ მოვტყუვდი.

_ რატომ? რამე ისე არ გამოვიდა?

სტეფანემ ამოიხვნეშა:

_ ჩვენი ოფისის მდივანმა ბევრი შეცდომა დაუშვა არა მხოლოდ სასტუმროს ნომრის დაჯავშნასთან დაკავშირებით. კონტრაქტების ნაწილი ერთმანეთში აურევია და სხვადასხვა ყუთში ჩაულაგებია. დღეს მთელი დღე მე და ჩემი თანაშემწე მათ გადალაგებას მოვუნდით. სათითაოდ ვხსნიდით ყველა ყუთს და ვეძებდით მიმოფანტულ დოკუმენტაციას. ნამდვილი ქაოსი მაქვს კაბინეტში.

_ არ მიკვირს ეს ამბავი. საქართველოში მდივნების ინსტიტუტი არ არსებობს. ნებისმიერ სკოლადამთავრებულ გრძელფეხება ტუტუც გოგოს შეუძლია მდივნის ადგილის შოვნა, ყოველგვარი განათლების გარეშე, რაც აქ არასდროს ხდება.

_ ცუდი გოგო არ არის, იცის თავისი საქმე. პირველად კი არ ვარ მივლინებაში, ადრეც ბევრჯერ დამხმარებია, მაგრამ ახლახან გათხოვდა და, როგორც ჩანს, დავთრები აერია, კაცის გემო რომ გაიგო, _ გულიანად გაიცინა სტეფმა.

ტესი ღიმილით შეხვდა მის სიცილს.

_ თანაშემწე აქაურია, თუ ისიც ქართველია?

_ ქართველია, დღეს ჩამოვიდა. მან ჩამოიტანა საბუთების ყუთები. ერთად ვმუშაობთ კონტრაქტზე.

_ და ის სად გაჩერდა, რომელ სასტუმროში?

_ ვინ, გედი?

_ გედი ჰქვია? _ გამოცოცხლდა ტესი ამ სახელის გაგონებაზე.

_ ჰო, გედი, რატომ გაგიკვირდა?

_ არა, არ გამიკვირდა. უბრალოდ, მამაჩემსაც გედი ერქვა და ეს გამახსენდა.

_ ააა. მამა, ესე იგი, ცოცხალი აღარ არის?

_ არა, დიდი ხანია, გარდაიცვალა. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, შვიდი წლის, ბუნდოვნად მახსოვს.

_ გასაგებია. იცი? აქ ალბათ რამდენიმე თვე მომიწევს დარჩენა, ამიტომ მდივანი დამჭირდება. კონტრაქტორებმა მითხრეს, იმ კვირაში გასაუბრებას მოვაწყობთ და ვინმე ავიყვანოთო.

_ აი, ხომ ხედავ, როგორ აგვარებენ აქ საქმეებს? გასაუბრებით აჰყავთ მდივნები და არა გარეგნობის გათვალისწინებით.

_ რამდენი ხანია, საქართველოში არ ყოფილხარ, ტეს?

_ ცხრა წელია.

_ ჰოდა, იცოდე, რომ ახლა იქაც ასეა. გასაუბრების გარეშე არავის აწყებინებენ მუშაობას. მით უმეტეს, თუ ინგლისური არ იცის.

_ მართლა? რა წინ წასულა ჩვენი ქვეყანა. _ ჩაიცინა ტესმა.

_ აბა ნატოსა და ევროკავშირში რომ გვინდა შესვლა, გგონია, ცხოვრების ჩვენებური წესით მიგვიღებენ?

_ ქართველებს მაინც ვერაფერი შეცვლის.

_ გინდა თქვა, რომ შენც ვერ შეგცვალა აქ ცხოვრებამ?

_ მე ძალაუნებურად გადავერთე აქაურ წესებზე, სხვანაირად არ გამოდიოდა, მაგრამ მე ერთი ვარ და როგორც უმცირესობაში მოყოლილი, იძულებული ვიყავი, ავყოლოდი ამერიკის ფეხის ხმას. იქ კიდევ ქართველები უმრავლესობაში არიან და ძნელია მათი მენტალიტეტის შეცვლა.

_ მაგაში გეთანხმები, მაგრამ მაინც ვახერხებთ… შეძლებისდაგვარად.

გვიანობამდე ისხდნენ საქანელაზე და სრულ სიმშვიდეში საუბრით გაჰყავდათ დრო.

სტეფმა ტესს ირიბად გახედა. ჩრდილების ფონზე, რომელიც ქალის სახეს ეცემოდა, მისი პროფილი ძველ ბარელიეფს წააგავდა.

_ დილით, სამუშაოზე რომ მივდიოდი, ერთ ნომერს ჩავუარე, რომელსაც მოსამსახურე ალაგებდა. ვთხოვე, დავათვალიერებ-მეთქი და ნება დამრთო. ძალიან მომეწონა.

_ მართლა? რომელი ოთახი იყო?

_ აი, ტიუდორების დროინდელ ინგლისს რომ მოაგონებს კაცს. ძალიან ლამაზად არის გაფორმებული. ისიც შენი ნახელავია?

_ ჰო, _ ტესს ლოყები შეეფაკლა.

_ არაჩვეულებრივი გემოვნება გაქვს, მინდა გითხრა.

_ მადლობა, _ დაირცხვინა ქალმა. _ ერთ დროს მინდოდა თეატრში მემუშავა გამფორმებლად. სპეციალობით დეკორატორ-გამფორმებელი ვარ, მაგრამ ერთი დღეც არ მიმუშავია ამ კუთხით. თბილისში ძნელია სამსახურის მოძებნა, ყველგან ნაცნობი უნდა გყავდეს, ისე არავინ გამოგიწვდის დახმარების ხელს. მერე ავდექი და მეორე ფაკულტეტიც დავამთავრე, ინტერიერის დიზაინერობა შევისწავლე და ისიც უშედეგოდ, მაინც ვერ მოვიკიდე ფეხი. ავდექი და აქეთ წამოვედი. ყველაფერი ნულიდან დავიწყე.

_ და… ოჯახური მდგომარეობა? _ დაინტერესდა სტეფანე.

ტესი შეიშმუშნა. არ სურდა ამ თემაზე საუბარი. მისთვის სტეფი ჯერ კიდევ უცხო ადამიანი იყო, გულის გადაშლა არ ღირდა.

_ ხანდახან ისე ხდება, რომ ადამიანი ცხოვრების მიზანს კარგავს, შემდეგ კი ახალს ეძებს და პოულობს კიდევაც.

ეს ბუნდოვანი პასუხი სულაც არ აღმოჩნდა მამაკაცისთვის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ აღარ ჩაეძია. გასაგები იყო, რომ ქალს ამ თემაზე ლაპარაკი არ სურდა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად «უბოროტო» შეკითხვა დასვა, ქალის სახეზე გამაოგნებელი სევდა აისახა, რამაც მიახვედრა, რომ წარსულში ტესს ვიღაცამ ან რაღაცამ მოუშუშებელი ჭრილობა მიაყენა.

_ მგონი, ძილის დროა, არა? _ ტესი მოულოდნელად ადგა.

_ მართალი ხარ, უკვე გვიანაა, მე კი უთენია უნდა ავდგე და საქმეს შევუდგე.

_ მაშინ, ღამე მშვიდობისა, სტეფ, ფერად სიზმრებს გისურვებ, _ ხელი დაუქნია ტესმა და მის პასუხს არ დალოდებია, ისე სწრაფად გაეცალა.

«როგორ მეტეორივით გაიქროლა», _ გაიფიქრა სტეფანემ და თვალის შევლება ვერ მოასწრო, ისე გაუჩინარდა ქალი თავის ოთახში. თითქოს სიცარიელე იგრძნო, მარტო რომ დარჩა. ამავდროულად, დისკომფორტს უქმნიდა, მისადმი ლტოლვა დღითი დღე რომ იზრდებოდა. დიდად არასდროს ყოფილა ქალით აღფრთოვანებული. წლების წინ, როცა ოჯახი შექმნა, სიყვარულზე არც უფიქრია. მისი ქორწინება საქმიან გარიგებას უფრო ჰგავდა და ამიტომაც არ გაგრძელებულა დიდხანს ცოლქმრული იდილია. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, თუმცა გრძნობდა, რომ არც ახლა იყო მზად, უღელს შეჰბმოდა, ცოლი შეერთო და ოჯახური მოვალეობები ეტვირთა. სიმართლე ის იყო, რომ თავისი მარტოობით ტკბებოდა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. თუმცა, არც ტესის მიმართ ჰქონდა შორს მიმავალი გეგმები. თუკი მასთან ურთიერთობას ააწყობდა, მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ყოფნის პერიოდში გვერდით ვიღაცა ჰყოლოდა, დროებითი პარტნიორი, რომელიც დღეებს გაულამაზებდა. იქნებოდა თუ არა ამ წინადადებაზე ტესი თანახმა, მისთვის უცნობი იყო, მაგრამ იმედოვნებდა, რომ უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ქალი პარტნიორობაზე უარს არ ეტყოდა. ამას მონადირული ინსტინქტი კარნახობდა. ტესი ხომ უკვე ამერიკული მენტალიტეტით იყო გაჟღენთილი, ქართველი უკარება ქალის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა, რომელსაც თვეობით უნდა ეხვეწო და კუდში სდიო საწადლის მისაღწევად.

სტეფანე საქანელას ჩაეჭიდა და გაქანდა. ესიამოვნა. ახლაღა გაახსენდა, რომ არ უვახშმია და შიმშილისგან კუჭი აეწვა.

ბევრი არ უფიქრია, პირველ სართულზე ჩავიდა და რესტორანს მიაშურა.

ელენი მაშინვე შემოეგება.

_ მოგშივდათ? _ შეჰღიმა ქალმა.

_ თანაც ძალიან, _ გაუღიმა მამაკაცმა კუბელ მზარეულს.

_ ეს კარგია, მისტერ გაგუა, _ თავი დააკანტურა ელენმა, _ დედაჩემი იტყოდა, თუკი მამაკაცს კარგი მადა აქვს, ესე იგი, კეთილი გულის პატრონიაო.

სტეფანემ უმისამართოდ გაიღიმა. არ იცოდა, რა ეპასუხა.

_ ტესი თავისთან არის, თუ იცით? _ თავი გვერდზე კეკლუცად გადახარა ელენმა.

_ მგონი, კი.

_ მაშინ, მასთანაც გაგატანთ ვახშამს, ისიც მშიერია. იმედია, არ შეწუხდებით.

_ რა პრობლემაა, სიამოვნებით ავუტან, თუკი მანდობთ მის წილ ულუფას, _ გაიცინა მამაკაცმა და მაგიდას მიუჯდა.

 

ორ საძინებელს შუა გამავალ კარზე დააკაკუნა თუ არა, სტეფანემ დაიძახა:

_ მე ვარ!

კარი ისე სწრაფად გაიღო, მამაკაცს თეფში კინაღამ ხელიდან გაუვარდა. ტესი საცურაო კოსტიუმში გამოწყობილიყო. აშკარა იყო, აუზზე გასვლა განეზრახა. ხელები აწეული ჰქონდა, საცურაო კოსტიუმის ზონრებს იკრავდა ზურგს უკან, კისერზე. მკერდი წინ წამოსწეოდა. მისმა გარუჯულმა სხეულმა სტეფს თავბრუ დაახვია.

მამაკაცმა ნერწყვი გადააგორა, ჩაახველა და მოგუდული ხმით წარმოთქვა:

_ ისა… ელენმა შენთვის ვახშამი გამომატანა.

_ მადლობა. საბანაოდ მივდიოდი…

_ მაშინ სასწრაფოდ მოგიწევს ჭამა, სანამ საჭმელი ცხელია.

ასეთი უბრალო სიტყვების წარმოთქმაც კი გაუჭირდა, იმდენად აღაგზნო ნახევრად შიშველმა ქალმა.

_ მოდი, ამ თეფშს მაგიდაზე დავდგამ, თორემ ხელიდან გამივარდება.

_ მე კი ხალათს მოვიხურავ, _ გაუღიმა ტესმა და საწოლისკენ გაემართა.

სტეფანემ ერთდროულად შვებაც იგრძნო და იმედგაცრუებაც. ერთი ბეწო ბიკინი ძლივს ფარავდა ტესის ვნებიან უკანალს. როცა მამაკაცი მიხვდა, რომ მისი მზერა ქალის თეძოებს ჩასცდა, მკვეთრად შეტრიალდა და საჟურნალე მაგიდას მიაშურა. როგორც კი თეფშს ადგილი მიუჩინა, ღონემიხდილი იქვე სკამზე ჩამოჯდა.

ეს იყო ყველაზე შესანიშნავი ვახშამი, რომელსაც კი ოდესმე შესწრებია ცხოვრებაში. როგორც იქნა, თანდათან დაიწყნარა გახშირებული სუნთქვა და გულისცემა, რადგან ტესმა ხალათი მოისხა და მაგიდას მიუჯდა.

_ შენ უკვე ივახშმე? _ ჰკითხა ქალმა და სუფლეთი სავსე კოვზი პირისკენ გააქანა.

მამაკაცმა მხოლოდ თავი დაუქნია, რადგან მისი ტუჩების მოძრაობამ ვნება კვლავ გაუღვივა.

_ რა კარგი მზარეულია ელენი. საერთოდ, კუბელები არაჩვეულებრივი დიასახლისები არიან. ხანდახან მგონია, რომ ჩემი კლიენტები მის გამო რჩებიან აქ დიდხანს. აუ, ეს რძე არ მინდა. შენ ხომ არ დალევ?

_ არა, გმადლობ. რძეს ვერ ვსვამ.

_ რატომ? _ წარბები აზიდა ქალმა გაკვირვების ნიშნად.

_ იმიტომ, რომ ვერ ვინელებ. საერთოდ, რძე ჩვენს ასაკში დიდად სასარგებლო არ არის.

_ ეს ვინ გითხრა?

_ ეგ ყველამ იცის. რძის მიღებას თავისი ასაკი აქვს, მერე და მერე სასარგებლო ფუნქციებს კარგავს.

_ არ ვიცი, მე კი მშვენივრად მერგება და… _ გადაიკისკისა ტესმა.

_ ესე იგი, ჯერ კიდევ ბავშვი ხარ და პირზე რძე არ შეგშრობია, _ გაეხუმრა სტეფი. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და გაოფლილი კისერი გაიწმინდა.

_ არ გინდა ჩემთან ერთად იბანაო?

_ ღამე რატომ გიყვარს ცურვა? _ შუბლი შეჭმუხნა მამაკაცმა, _ წუხელ კინაღამ გაცივდი.

_ კინაღამ არ ითვლება, _ ტესის სიცილმა ოთახი გაავსო.

ქალი აშკარად ცდილობდა მის ცდუნებას, ეს კი მამაკაცზე ძლიერად მოქმედებდა.

_ რაღაც დოკუმენტებს უნდა გადავხედო. მოდი, ხვალ დილისთვის გადავდოთ ერთობლივი «წყალპახოდი».

ტესმა რძით მოთხუპნილი პირი ხელსახოცით შეიწმინდა. როგორ შეშურდა სტეფანეს ამწუთას იმ ხელსახოცის…

_ ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ადრე აპირებ ადგომას.

_ დილაუთენია ნამდვილად არ ვაპირებ, ხვალ შედარებით მსუბუქი დღე მაქვს.

_ ხვალ კვირაა, არ ისვენებ?

_ წესით ვისვენებ, მაგრამ ისეთი არეულობაა ჩემს კაბინეტში, უნდა დავალაგო, დომხალს ვერ ვიტან.

სტეფმა წარმოიდგინა, როგორ გაატარებდა მეორე დილას და ნასიამოვნები წინ გადაიხარა, რომ ქალს უკეთ დაკვირვებოდა. უცნაური რამ შეამჩნია _ ტესის თვალებს ფერი შეეცვალა.

_ რატომ არის შენი თვალები ახლა მომწვანო ფერის? დღის სინათლეზე ცისფერი გაქვს.

_ ა! ლინზების ამოღება დამავიწყდა, _ დამორცხვებულმა თვალებზე აიფარა ხელი.

_ შენ რა, ლინზებს ხმარობ?

ქალმა თავი დაუქნია.

_ და რაში გჭირდება?

_ რა ვიცი, მრავალფეროვნებისთვის, _ მხრები აიჩეჩა ტესმა.

_ სინამდვილეში რა ფერის თვალები გაქვს?

_ აბა, თუ გამოიცნობ, _ ტესმა გამომწვევად გადახარა თავი გვერდზე და მამაკაცს ეშმაკური მზერა ესროლა.

სტეფანემ გამომცდელად შეხედა. მერე ჩაიცინა და თქვა:

_ წამხედურობა ქალის ბუნებრივ სილამაზეს ჩრდილავს. ქართველი ქალების უბედურება იმაშია, რომ არ კმაყოფილდებიან იმით, რითაც ღმერთმა ისინი დააჯოლდოვა. ტუჩებდაბერილი და ლინზებჩადგმული ქალები ცვილის ფიგურებს ემსგავსებიან. ერთი თანამშრომელი გოგონა მყავს, იმასაც უყვარს ლინზები. არადა, ულამაზესი თაფლისფერი თვალები აქვს. ჩაიდგამს ცისფერ ლინზებს და კატას ემსგავსება. ჰგონია, რომ უხდება, ამ დროს მოხარშულ თევზს მიუგავს თვალები.

_ გინდა თქვა, რომ მეც მოხარშული თევზივით გამოვიყურები?

სტეფანეს გაეცინა.

_ იცი რა? ლინზები თვალებს მეტყველ გამოხედვას უკარგავს. თვალები ადამიანის სავიზიტო ბარათია. ყველაზე კარგად სხეულის ამ ორგანოს შეუძლია გრძნობების გამოხატვა. უთქმელად მიგახვედრებს ყველაფერს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, მაგის ყიდვას გერჩივნა, სხვა რამე, უფრო ღირებული შეგეძინა.

_ მაგალითად, რა?

_ ნუ, რა ვიცი, საცურაო კოსტიუმი, მაგალითად.

_ ეგ ისედაც ბევრი მაქვს.

_ მაშინ მზის სათვალე.

_ სათვალეს ვერ ვხმარობ. ჩემი თვალები ვერ ჰგუობენ სათვალეს.

_ რას მელაპარაკები! _ ახარხარდა სტეფი, _ შენი თვალებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, მზის სათვალიდან შეხედავს ცხოვრებას თუ ლინზებიდან?

ტესი განიხიბლა. ტუჩაბზუებულმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:

_ წარმომიდგენია, როგორი ბუზღუნა და კირკიტა ქმარი იქნები.

_ რატომ, «პლასტიკატი» ქალები რომ არ მომწონს, იმიტომ? ეს, უბრალოდ, ჩემი აზრია, თორემ ნამდვილად არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ცხვირს მოიჭრის ქალი, ტუჩს გაიდიდებს თუ ბოტოქსს გაიჩხირავს. მარტივი გამოსავალია _ ასეთი ქალისკენ არ გავიხედავ.

_ ჰოდა, დარჩენილხარ უცოლოდ და ეგაა.

_ არა მგონია. პროცენტულად ბუნებრივად ლამაზი ქალები ჯაბნიან ჯერჯერობით ხელოვნურად გალამაზებულებს. აი, შენ, მაგალითად, თუ ალღო არ მღალატობს და მხედველობა, პლასტიკური ქირურუგიის ნაკვალევი არ გეტყობა და ეს მომწონს.

_ ჯერ არ ვარ იმ ასაკში, მსგავსი რამეები დამჭირდეს.

_ მაშინ მითხარი, თვალების ფერს რატომ იცვლი?

ტესი წამოდგა და მამაკაცს გამჭოლი მზერით მიაჩერდა.

_ უბრალოდ, მრავალფეროვნებისთვის, სტიოპა, მხოლოდ მრავალფეროვნებისთვის. ეს ხომ პლატისკური ქირურგია არ არის.

სტეფს შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. რადგან ქალმა მისი ნათქვამი იწყინა, ესე იგი, თავს აწონებს. ეს ერთი «მსუყე» ნაბიჯია მიზნის მისაღწევად. როგორც ჩანს, მონადირემ იგი ჩიხში მოიმწყვდია და მიზანშიც ამოიღო. ახლა მხოლოდ ზუსტი გასროლაღა იყო დარჩენილი.

ტესმა პირსახოცს ხელი დაავლო, ნიშნის მოგებით შეჰღიმა მამაკაცს და ოთახიდან გავიდა.

ბავშვობის შემდეგ მისთვის «სტიოპათი» არავის მიუმართავს. მხოლოდ დედა ეძახდა ასე. როგორ მზრუნველად და თბილად ჟღერდა ტესის ბაგეებიდან ეს სახელი. ესიამოვნა…

სტეფანემ ამოიხვნეშა და ირგვლივ მიმოიხედა. ყველაფერი არეულ-დარეული იყო ტესის ოთახში. ყველგან ტანსაცმელი ეყარა. ახლა კიდევ ეს თეფში, ასე რომ დატოვა მაგიდაზე. ვერ იტანდა უწესრიგობას. ამას ქალის სიზარმაცეს მიაწერდა. იქნებ ტესი სულაც არ არის ასეთი და ეს მხოლოდ მისმა შემოსახლებამ გამოიწვია? შეიძლება განიცდის, რომ შეავიწროვეს და გულს ვერ უდებს ოთახის დალაგებას?

«ამას დრო გვიჩვენებს», _ გაიფიქრა შუბლშეკრულმა და თავის საძინებელს მიაშურა.

 

სტეფანე და ტესი აუზის კიდესთან იდგნენ და ელოდებოდნენ, როდის მორჩებოდნენ მუშები მის დეზინფექციას. აუზს ყოველ დილით ცლიდნენ, ახალი წყლით ავსებდნენ და ქლორს უმატებდნენ.

«დილის რვა საათი არც ისე კარგი დროა საცურაოდ», _ ფიქროდა ტესი. ძლივს გაახილა თვალები, როცა სტეფმა კარზე მოუკაკუნა. აკი ადრე არ ავდგებიო? შერცხვა და უარი ვერ უთხრა მამაკაცს, ვერც უსაყვედურა, სიზარმაცეში არ ჩამითვალოსო.

მაინც გაეწელა ადგომა და თავის მოწესრიგება. როცა დაბლა ჩავიდა, სტეფანე უკვე იქ დახვდა, ვარჯიშობდა.

ქალმა თავი გააქნია. ადამიანმა ჯერ თვალები უნდა გაახილოს კარგად, მერე ყავა დალიოს, რათა კოფეინით შეივსოს ენერგია და ვარჯიშს ამის შემდეგ შეუდგეს. ტესი შეზლონგზე დაჯდა, ფეხები შეიკეცა და შუბლი მუხლებს დააბჯინა. მას გრძელი, ფართხუნა პერანგი ეცვა, რომელიც ლამის წვივებამდე დასთრევდა.

ცოტა ხნის შემდეგ სტეფის შიშველი ფეხების ტყაპატყუპი შემოესმა და მიხვდა, მამაკაცი ადგილზე სირბილს შესდგომოდა. რაც შეიძლებოდა, მაგრად დახუჭა თვალები, რომ მისთვის არ შეეხედა. არც უცდია, თავი აეწია მუხლებიდან.

_ შენ არ აკეთებ მოთელვას, სანამ წყალში ჩახვალ? _ მოესმა სტეფის აქოშინებული ხმა.

_ არა.

_ ეს ცუდია. არ გეშინია სახსრების ატკივების? ფეხებისთვის მოთელვა აუცილებელია, სანამ წყალში ჩახვალ.

_ არა-მეთქი! _ გაღიზიანდა ტესი.

_ კუნთები გაგიმკვრივდება. შენ რა, გინდა, მოფამფალებული ფეხები გქონდეს?

«მოფამფალებული? ეგ რა სიტყვაა?» _ გაოცებულმა გაიფიქრა.

_ ტეს, ხომ არ დაგეძინა? _ გამოსძახა სტეფანემ.

_ არა.

_ როგორც ჩანს, ტოროლა არ ხარ, _ გაეხუმრა მამაკაცი.

ქალი მთელი ძალისხმევით ცდილობდა, ყურადღება არ მიექცია მისთვის, მაგრამ მისმა მკერდისმიერმა ჩუმმა სიცილმა აიძულა, თავი აეწია და თვალები გაეხილა.

მზერა მამაკაცის ადგილზე მორბენალ დაკუნთულ ფეხებზე შეაჩერა. უყურებდა, როგორ ქრებოდა მიწაზე ჩრდილი მის ყოველ აწეულ ნაბიჯზე და როგორ ეჭიმებოდა მამაკაცს ბარძაყები ხტუნვისას. მოკრივესავით სხეული ჰქონდა, რაც აშკარად სასიამოვნო შესახედავი იყო.

სწორედ ამ დროს დაუძახეს მუშებმა, სამუშაო დამთავრებულიაო და ტესი წამოდგა. სტეფი უკვე ზურგით იდგა და მაისურს იხდიდა. მისმა ფართო მხარ-ბეჭმა ღიმილი მოჰგვარა. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ადგომას ვერ იტანდა, დაასკვნა, რომ ეს სანახაობა ამად ღირდა.

_ ჩვეულებრივ, რამდენი ბილიკის გაცურვას ახერხებ? _ შეეკითხა მამაკაცი.

_ იქით-აქეთ? _ კითხვას კითხვით უპასუხა ქალმა.

_ ჰო.

_ რა ვიცი, როდის როგორ. ყოველ შემთხვევაში, იმდენს არა, რომ წამზომი ჩავრთო და ჩემი მიღწევების გაუმჯობესებაზე ვიზრუნო.

ტესი ნელა ჩაუყვა კიბეს, ფეხით მოსინჯა წყალი. სტეფანე არ დაელოდა, თავით გადაეშვა აუზში, ჩაყვინთა, სწრაფადვე ამოყვინთა და დაუძახა:

_ ეგრე ნუ სინჯავ ტემპარატურას, გადმოეშვი და მაშინვე შეეჩვევი. ნუ გეშინია, კარგი წყალია.

სტეფმა შუამდე გაცურა და წყალზე დადგა. ტესს გამოხედა. თეთრ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქალი ქანდაკებას ჰგავდა. უნაკლო, გარუჯული სხეული დილის მზეზე სასიამოვნოდ ულაპლაპებდა. ვიწრო ბიუსტჰალტერი ძლივს უმალავდა ძუძუებს. მამაკაცმა ვეღარ გაუძლო ამ სანახაობას და დაუყვირა:

_ ჩამოდი დროზე, თორემ უკვე დაგვიანდა, ისედაც ამოვვარდი გრაფიკიდან.

_ გრაფიკიდან? მაგრამ დღეს ხომ კვირაა! _ ტესი არ ჩქარობდა აუზში ჩასვლას, თითქოს მის უფრო გაღიზიანებას ცდილობდა, _ საოცარი კაცი ხარ, თავში მხოლოდ სამუშაო გიტრიალებს და არავითარი გართობა!

რა ჯანდაბაზე დათანხმდა მასთან ერთად აქ მოსვლას? რა კარგი საღამო გაატარეს იქ, საქანელაზე ერთად, რამდენი ისაუბრეს, ახლა კი ისევ «მუდოდ» იქცა.

ტესმა კბილი კბილს დააჭირა, მთელი სხეული დაძაბა და, როგორც იქნა, წყალში გადაეშვა.

აუზს არანაირი მარკირება არ ჰქონდა, არც თოკები იყო გაბმული ბილიკების გამოსაყოფად, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია წყვილისთვის, ერთმანეთის გვერდით ეცურათ აუზის მთელ სიგრძეზე. ცხრაჯერ გაცურეს და გამოცურეს ერთი ბოლოდან მეორეში. თან ტემპი არ დაუგდიათ. ბოლოს ტესი დაიღალა და აქოშინებული წყლიდან ამოვიდა. აკანკალებულმა პირსახოცი მხრებზე შემოიხვია და შეზლონგზე ჩამოჯდა. ქალი უყურებდა, როგორი სიმსუბუქით აპობდა მამაკაცი მკლავებით წყალს და როგორ ოსტატურად უხვევდა აუზის ბოლოში უკან გამოსაცურად. აი, რა შეუძლია ვარჯიშს. ქალი უფრო და უფრო იხიბლებოდა სტეფანეს გლუვი, დაკუნთული, ძლიერი სხეულით. ბოლოს მან გამოცურა და ერთი მოქნილი მოძრაობით ისე ამოხტა წყლიდან, ქალმა აღტაცება ვერ დამალა.

_ კარგად ცურავ, _ შენიშნა სტეფმა, როცა გვერდით ჩამოუჯდა.

_ მადლობა, მაგრამ შენ მაინც ვერ შეგედრები.

მამაკაცმა ოდნავ გაიღიმა, პირსახოცს დასწვდა და სხეულის შემშრალებას შეუდგა. როცა საქმეს მორჩა, პირსახოცი მხარზე გადაიკიდა, თავისი ნივთები მოაქუჩა და ადგა.

_ რას იტყვი, სანამ ნომერში ავალთ, ელენს რომ გავუაროთ და თითო ფინჯანი ყავა დავაგემოვნოთ? _ შეეკითხა ტესი.

სტეფი ერთხანს შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა.

_ მგონი, შეიძლება.

_ ძალიანაც კარგი, მაშინ წავიდეთ!

 

სამზარეულოს კარი დაკეტილი დახვდათ, მაგრამ ტესმა იცოდა, რომ ელენი ამ დროს უკვე ფეხზე იყო და სასტუმროს ბინადართათვის საუზმეს ამზადებდა. თავისი გასაღებით გააღო კარი. ელენი ქურასთან იდგა და ახალგამომცხვარ შოკოლადის კექსს ფორმიდან იღებდა. კექსის სურნელმა ჰაერი გაავსო. ტესმა სტეფანეს მოხედა და გაუღიმა. ამ უკანასკნელმა ღრმად ამოისუნთქა, თვალდახუჭულმა კექსის არომატი შეიყნოსა და თვითონაც გაიღიმა. ტესს გული შეუფანცქალდა. აგიჟებდა ეს ღიმილი. ნეტავ თუ აცნობიერებს ამ ღიმილის ზემოქმედების ძალას ეს კაცი? ბედნიერების გამომხატველმა გამომეტყველებამ სრულიად შეცვალა მამაკაცი.

_ გარეთ გაგიშლით, ხის ქვეშ, თორემ აქ ხელს შემიშლით, მილიონი საქმე მაქვს, _ მოხედა ელენმა ადრიან სტუმრებს და კექსის წვრილად დაჭრას შეუდგა.

_ მოდიან დღეს დამხმარეები? _ შეეკითხა ტესი ელენს.

_ არ ვიცი, არ მიკითხავს, _ თავაუღებლად მიუგო მზარეულმა, _ თუ არ მოვლენ, თავიანთ თავს დააბრალონ. არ უნდათ მსუბუქი სამუშაო და მსუბუქი ფული? ამაზე უარს თუ იტყვიან, სულელები ყოფილან და ეგაა.

_ რაზე საუბრობთ? _ დაინტერესდა სტეფანე.

_ ხანდახან საღამოები ან ლანჩები ეწყობა ჩვენს რესტორანში და ელენი მარტო ვერ აუდის საქმეს, ამიტომ ადგილობრივები ეხმარებიან. მაგრამ იგი ისეთ დღეში აგდებს იმ საწყლებს, ისე აცლის სიქას მუშაობით, რომ საღამოს ერთი სული აქვთ, მალე მორჩნენ საქმეს და სახლში გაიქცნენ. დღესაც გვაქვს ერთი ლანჩი, ამიტომ ვკითხე, თუ დაიბარე გოგონები-მეთქი.

გემრიელად ისაუზმეს. სტეფი შეჰყურებდა ქალს და იმის გამოცნობას ცდილობდა, სიამოვნებდა თუ არა ტესს მასთან დროის გატარება. თვითონ ძალიან კმაყოფილი იყო. არ ახსოვს, ბოლოს როდის იჯდა ასე, ოჯახურ ატმოსფეროში, ახლობელ ადამიანთან ერთად. საინტერესოა, ტესი რას ფიქრობს? მოისურვებს, ხვალაც ისაუზმოს მასთან ერთად?

ტესმა მაგიდაზე დადებული გაზეთი გადაშალა და თვალიერებას შეუდგა.

_ მე ვერ მოვასწარი ამ დილით პრესის გაცნობა, _ თქვა სტეფანემ.

_ არა უშავს, ხვალ დილით ალბათ საკუთარ ნომერში მოგიწევს გადასვლა და იქ წაიკითხავ. გაზეთებს ყოველ დილით კართან დაგიდებენ, რომ იცოდე.

საკუთარ ნომერშიო? ჰოო. ეგ სულ გადაავიწყდა. ხომ შეჰპირდა ტესი, როგორც კი ნომერი გათავისუფლდება, მაშინვე გადაგიყვანო. კარგია. მას თავისი სააბაზანო და საცხოვრებელი ფართი ექნება, არ მოუწევს სანახევრო აბაზანით სარგებლობა და არც ძილი ნებისა უსურვოს ყოველღამე ვინმეს.

კვლავ შეხედა ტესს. «ლამაზია, _ გაიფიქრა, _ კოსმეტიკას არ ხმარობს, ეს მომწონს. ღაწვები რომ ბუნებრივად აქვს შეფაკლული, უფრო საამური საცქერია». გაუკვირდა, ასე ძლიერად რომ იზიდავდა ქალი. ვინმეს რომ ეკითხა, რა გეგმები გაქვს ტესთან დაკავშირებითო, დაუფიქრებლად მიუგებდა, გეგმების გარეშე მსურს მასთან ურთიერთობაო. კიდევ ერთხელ შეხედა. ის სიცოცხლეს ასხივებდა. არ იღიმოდა, მაგრამ ღიმილი მაინც დასთამაშებდა მის სახეს. ყოფილი ცოლი გაახსენდა, ყოველთვის უკმაყოფილო იერით რომ დადიოდა. ხუმრობას ვერასდროს იგებდა, ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა. მაგრამ თვითონაც რომ არ გამოირჩეოდა სიხალისით? იქნებ სწორედ პირველ ცოლთან ურთიერთობამ დათრგუნა და აქცია ასეთად? განა თვითონ არ მოსწონდა მაკასნაირი ცივი ინტელექტუალები? არჩევანი ხომ თავად გააკეთა? განა სწორედ მისი მედიდური გამოხედვა არ აღაფრთოვანებდა, სანამ ცოლად შეირთავდა? ახლა პირიქით რატომ ხდება? ასეთი მხიარული, უბრალო და სიცოცხლით სავსე ქალი რატომღა მოსწონს?

_ აი, თურმე როგორი ცნობილები ვყოფილვართ! _ წამოიძახა ტესმა და რომელიღაც გვერდზე გადაშლილი გაზეთი ცხვირწინ აუფრიალა მამაკაცს.

სტატიის სათაური იუწყებოდა, რომ ესა და ეს დეველოპერული კომპანია ახალი სასტუმროს მშენებლობას იწყებდა უცხოელი არქტიტექტორების დახმარებით, ხოლო სტატიის გასწვრივ სტეფის ფოტო იწონებდა თავს.

_ ეს შენ ხარ? _ ტესმა გაზეთი შემოაბრუნა და მამაკაცს დაანახვა.

_ რა? _ სტეფანე ფიქრებიდან გამოერკვა.

_ შენი ფოტოა გაზეთში და სტატია შენზე. _ ქალმა საჩვენებელი თითი სტატიას დაადო, _ გამოდის, სასტუმროს აშენებთ შენ და შენი პარტნიორები?

_ გამოდის, _ ირონიულად მიუგო მამაკაცმა.

_ აქამდე რატომ არ მითხარი?

_ უნდა მეთქვა? _ ჩაიცინა, _ მეგონა, უთქმელადაც იცოდი.

ტესმა თავი გადააქნია. სტეფი ვერაფრით ვერ მიხვდა, რატომ მოექუფრა მოულოდნელად თანამოესაუბრეს სახე.

_ და რა პრობლემაა? _ გაკვირვებით შეხედა ქალს.

_ ეს არ უნდა გაგეკეთებინა, _ თვალები რისხვით აენთო ტესს.

_ ვითომ რატომ?

_ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, არ ჯდება ქალაქის ლანდშაფტში ამგვარი პროექტი და მეორეც, ამით შენ დაასამარებ ჩემს ბიზნესს, გესმის? ასე ახლოს ამხელა სასტუმრო გამანადგურებს.

_ მაპატიე, მაგრამ ეს პროექტი ჩემი მოგონილი არ არის, მე მხოლოდ მოწვეული სპეციალისტი ვარ, მხოლოდ შემსრულებელი. რატომ გგონია, რომ ერთმანეთის კონკურენტები გახდებით? ეს სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი იქნება, ძალიან ძვირად ღირებული ნომრებით. შენთან კიდევ ისეთი ფასებია… მგონი, სანერვიულო არაფერი გაქვს.

_ რას ლაპარაკობ, გესმის მაინც? _ აყვირდა ტესი, _ ამხელა სასტუმრო, თავისი პარკირებით და მთელი ამბებით…. როგორი ხმაურიანი გახდება ჩვენი უბანი, გიფიქრია ამაზე? ჩემთან ისეთი სიმყუდროვეა, ყველას მოსწონს, ხნიერი წყვილები მოდიან დასასვენებლად, რადგან იციან, რომ ხმაური არ შეაწუხებთ. და რა მოხდება, შენ რომ ამ სასტუმროს ააშენებ? დამიფრთხობ კლიენტურას. აი, ეს არის პრობლემა!

_ არ ვიცი, სხვანაირად როგორ აგიხსნა, _ სტეფანემ დაბნეული მზერა ესროლა, _ იმის გამო, რომ შენ არ მოგწონს ეს ამბავი, სამუშაოზე უარს ვერ ვიტყვი, კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მომიწევს, რაც ჩემს შესაძლებლობებს აღემატება, მდიდარი ნამდვილად არ ვარ.

ტესს ლამის გულზე შემოეყარა. სასტუმრო მისი ერთადერთი საარსებო საშუალება იყო. შვილივით უყვარდა აქაურობა. აშკარა იყო, სასტიკი ბრძოლა მოუწევდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რაც, სავარაუდოდ, მისი დამარცხებით დამთავრებოდა. ის ხომ უცხოელი იყო, ვინ გაითვალისწინებდა ვიღაც ჩამოთრეული ქართველის ინტერესებს?

მამაკაცმა ირგვლივ მიმოიხედა. მართლაც უამრავი ადამიანი ტრიალებდა გარშემო. აუზიც სავსე იყო დამსვენებლებით. მწვანე შეზლონგები სოკოებივით წამომართულიყო აუზის გასწვრივ. ტესი მართალი იყო, მართლაც მყუდრო იყო ეს ადგილი. ამით მენეჯერს თამამად შეეძლო ეამაყა. მამაკაცი იმასაც ხვდებოდა, რატომ შეაშინა ქალი ახალი, ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობამ. იგი მართლაც დააზიანებდა ტესის ბიზნესს.

სხვა გზა აღარ დარჩენოდა. დღე მშვიდობისა უსურვა ქალს და სასწრაფოდ გაეცალა.

როცა წყალი გადაივლო და ტანთ ჩაიცვა, ქუჩაში გავიდა და კვარტალს დაკვირვებული მზერა მოავლო. მერე, თითქოს დამნაშავე ყოფილიყო, კეფა მოიქექა და ოფისისკენ გზას ფეხით დაადგა. მშვენიერი დილა იყო გასასეირნებლად.

 

ოთხი საათის შემდეგ, სადილობის დრომ რომ მოაწია და ტესი რესტორანში ჩასასვლელად გაემზადა, სტეფანე გაახსენდა. რა უნდა ეთქვა მისთვის, როცა შეხვდებოდა? ვაითუ, არ მოისურვოს აქ დარჩენა და სადმე სხვაგან ეძებოს საცხოვრებელი?

ლინზები ფრთხილად ჩაიდგა გუგებში, წამწამები ტუშით შეიღება და თვალები დააფახულა.

ნეტავ თუ შენიშნა სტეფმა, როგორი ქაოსია აქ? ვერაფრით მოიცალა ოთახის დასალაგებლად. რას იფიქრებს ის კაცი?

სარკის წინ დადგა და თავისი ორეული შეათვალიერა. რატომღაც, განსაკუთრებულად გამოიპრანჭა. წითელი მოტკეცილი კაბა ჩაიცვა, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარდა. არც შემცდარა, ასე არაფერი უხდებოდა.

რაც იქნება, იქნება. როგორც კი ნახავს, ეტყვის, რომ ნომერი გათავისუფლდა და შეუძლია გადავიდეს. ფანჯარა პირდაპირ აუზს გადაჰყურებს. თუ უარი მიიღო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ სტეფი სასტუმროს ტოვებს და სხვაგან გადადის. ეს კი ნამდვილად მოუკლავს გულს. არ უნდა, იგი სადმე სხვაგან გადავიდეს. არა, განა ფულის გამო… ისე შეეჩვია ამ ორ დღეში, რომ მის გარეშე გაუჭირდება. რა კარგად გაატარეს დილა, სანამ იმ ამბავს გაიგებდა. მერე კი ისე გაბრაზდა, თავი ვერ მოთოკა. ისე, მართლაც და, რა სტეფანეს ბრალია, თუ მისგან ხუთასიოდე მეტრში სასტუმრო შენდება? ის ხომ დაკვეთას ასრულებს მხოლოდ? რა ტყუილად ეჩხუბა… არადა, როგორი მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. ამ ურთიერთობას შეიძლებოდა კარგი ფინალი ჰქონოდა ამა თუ იმ მიზეზის გამო, მან კი ყველაფერი გააფუჭა.

დანაღვლიანებულმა ამოიოხრა და რესტორნისკენ გაეშურა. მაღალ ქუსლებზე შემდგარი ბალერინასავით მსუბუქად მიაბიჯებდა.

დარბაზში შესულმა მაგიდები შეათვალიერა. სტეფი არსად ჩანდა. შემდეგ საბანკეტო დარბაზში შეიხედა. დღეს აქ ოფიციალური ლანჩი იმართებოდა. ტესი არ იყო ვალდებული, დასწრებოდა ლანჩს, მაგრამ თვალყური უნდა მიედევნებინა, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო.

 

საღამოს, როცა წვეულება მორჩა და სტუმრები დაიშალნენ, მოეშვა. ახლაღა იგრძნო, როგორ ატკინა ფეხები მაღალმა ქუსლებმა. საშინლად მოუნდა, იქვე გაეხადა ფეხსაცმელი და ფეხშიშველს ევლო, მაგრამ დირექტორი იყო და ეთიკის ნორმებს ვერ დაარღვევდა.

ლანჩის დამთავრების შემდეგ კარლოსმა, მეიბლმა და ელენმა იქაურობა მიალაგეს, ტესიც მიეხმარა. როცა საქმეებს მორჩა, ოთახში ავიდა და ფეხსაცმელი შორს მოისროლა. ცოტა ხანს წამოწვა, მერე სპორტულ ფორმაში გამოეწყო და კვლავ ძირს ჩავიდა.

ახლა ბანაობა არ აწყენდა. აუზს მიაშურა და პირველსავე შეზლონგზე დაეხეთქა ძალაგამოცლილი. კიდევ კარგი, შემდეგი წვეულება მხოლოდ ათი დღის შემდეგ უწევდა.

 

ის იყო, წყლიდან ამოვიდა და შეზლონგზე გაწვა, რომ სტეფის ხმა გაიგონა:

_ პრივეტ.

ტესს თვალები არ გაუხელია, ისე უპასუხა:

_ სალამი. როგორ მიდის საქმეები სამსახურში?

_ ისე რა. როგორც იქნა, დავალაგე იქაურობა. რა გჭირს, ძალიან დაიღალე?

_ ჰო, მთელი დღე «შპილკებით» მომიწია სიარულმა.

სტეფმა ჩაიცინა.

_ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მთელი დღე მაღალ ქუსლებზე ამხედრებულმა იარო.

_ მეც ვერ წარმომიდგენია, _ გადაიკისკისა ტესმა, _ უცნაური სანახავი იქნები.

_ მაგარი ხუმრობაა, _ თითქოს იწყინა მამაკაცმა.

_ საწყენად არ მითქვამს.

_ არც მწყენია, _ გაიღიმა სტეფანემ, _ ან კი როგორ შეიძლება რამე გაწყინოს ქალისგან, რომელიც ნიჭიერია, ყურადღებიანი და კონცენტრაციის უნარით სავსე?

_ ეს ვინ გითხრა? _ როგორც იქნა, იკადრა თვალების გახელა ტესმა, თავი წამოსწია და მამაკაცს ახედა.

_ არც არავინ. ჩემი თვალით ვნახე.

ტესმა კვლავ დადო თავი შეზლონგზე და თვალები ისევ მილულა.

_ აქედან რომ წავედი, კვარტალი საფუძვლიანად დავათვალიერე, _ წამოიწყო სტეფანემ. _ მომეწონა აქაურ ატმოსფეროზე რაც ილაპარაკე დილით. არ ვიცი, რა გამომივა, მაგრამ შევეცდები, რაღაცები შევცვალო პროექტში. იმედია, მოვახერხებთ მავანთა დათანხმებას.

ტესი ლამის წამოხტა.

_ ამას სერიოზულად იძახი? _ გული სითბოთი აევსო.

_ პირობას ვერ მოგცემ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება, რთული ის არის, რომ პროექტი უკვე დამტკიცებულია. თუ ტერიტორიის შეცვლაზე უარი მითხრეს, მაშინ იქნებ ახალი პროექტის გაკეთებაზე დავითანხმო. თუ ესეც არ გამომივიდა, მერე აღარ ვიცი…

ტესმა ხელი გაუწოდა.

_ მადლობა, სტეფ, რაც უნდა მოხდეს, მაინც მადლობელი ვარ შენი.

ეს სიტყვები უბრალოდ იყო ნათქვამი, მაგრამ ისე ამოხეთქა მისი გულიდან, მამაკაცისთვისაც კი არ დარჩენილა შეუმჩნეველი.

ნიავმა წამოუბერა. სტეფანეს ცხვირში შეუღიტინა ქალის სუნამოს არომატმა. თავი ნელა მოაბრუნა დე ტესის ტუჩებს დააშტერდა. ზედმეტად მაცდუნებელი იყო მისი ტუჩები. საშინლად მოუნდა, ეკოცნა მისთვის, მაგრამ აქ ეს შეუძლებელი იყო. არადა, თავს ვეღარ იკავებდა. კიდევ კარგი, ტესი თვალებდახუჭული იწვა, თორემ მიუხვდებოდა გულისნადებს. ვერც ერთი შემთხვევა ვერ გაიხსენა, ასეთი ლტოლვა განეცადოს ქალის მიმართ. იქნებ იმის ბრალია, რომ უცხო ქვეყანაშია და ირგვლივ უფრო ახლობელი არავინ ჰყავს? ფაქტობრივად, მასზეა მიჯაჭვული. უფრო მეტიც, მის გვერდით ცხოვრობს და მხოლოდ ერთი სიფრიფანა კედელი ყოფს მისი საწოლისგან.

_ ჭამა არ გინდა? _ ტესი მოულოდნელად წამოჯდა და ჩაცმას შეუდგა.

_ ჰო, ცოტა მომშივდა.

_ მაშინ წავიდეთ, ვახშმობის დროა.

ტაატით გაუყვნენ რესტორნისკენ მიმავალ ბილიკს.

_ ღმერთო, როგორ მტკივა ფეხები, _ დაიწუწუნა ტესმა.

_ ისადილე მაინც დღეს?

_ არა, ლუკმა არ ჩამსვლია პირში.

_ ესე იგი, თანამეინახეობას გამიწევ.

_ სხვა რა გზა მაქვს? _ თავი ლამაზად გადახარა ქალმა გვერდზე და გაიღიმა.

მსუბუქად ივახშმეს.

_ დასვენების დღე როდის გაქვს? _ შეეკითხა მამაკაცი, როცა ჭამას მორჩა და ყავის დალევას შეუდგა.

_ მე დირექტორი ვარ, დასვენების დღეები არ მაქვს.

_ გინდა მითხრა, რომ ბევრს მუშაობ?

_ ვცდილობ, _ მრავალმნიშვნელოვნად შეხედა ქალმა. _ ასე რომ, ყოველთვის შეიძლება ვერ შევძლო შენთან ერთად რესტორანში ჯდომა.

სტეფანემ წარბები აზიდა. არა, ეს არ უგულისხმია. მას უნდოდა, აქედან სადმე სხვაგან წაეყვანა ქალი, სასტუმროდან შორს, განმარტოებულიყო მასთან და უკეთ გაეცნო. იქ, სადაც მოულოდნელად არავინ დაადგებოდათ თავზე და საუბარს არ გააწყვეტინებდნენ. იქ, სადაც შეეძლებოდა, შეხებოდა მას. იქნებ ეკოცნა კიდევაც… ამის გაფიქრებამ ჟრჟოლა მოჰგვარა. მექანიკურად თმაზე გადაისვა ხელი.

_ ხომ არ გაგვესეირნა?

_ არა, არ შემიძლია. უნდა დაველოდო, როდის გათავისუფლდება აქაურობა დე მერე სამზარეულო დავკეტო. ელენი გავუშვი, დღეს რთული დღე ჰქონდა. შენ ადი, არ დამელოდო, დაღლილი იქნები.

_ რამდენიმე ადგილას უნდა დავრეკო, სხვა არაფერი. კარგი, რახან ასეა, წავალ, არ შეგაყოვნებ.

ტესმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და წამოდგა.

_ ნომერში შევხვდებით, _ ხელი დაუქნია სტეფმა და დარბაზიდან გავიდა.

 

თორმეტი ხდებოდა, როცა ტესმა ბოლო სტუმარი გააცილა და ნომრისკენ გაემართა. კიბეზე რომ ადიოდა, სტეფანეს ოთახში შუქი შენიშნა. «ალბათ მუშაობას შერჩა», _ გაიფიქრა. საძინებელში შევიდა თუ არა, დაინახა, რომ სტეფთან გამავალი კარი ღია იყო. გულმა არ მოუთმინა და სანამ დაკეტავდა, ოთახში შეიჭყიტა. სტეფანე სავარძელში მიწოლილიყო და ეძინა. აქეთ-იქით წიგნები და ქაღალდები უწესრიგოდ ეყარა. მამაკაცს თავი ცუდად ედო, თითქოს კისერი მოღრეცვოდა, აბურდული თმა კი შუბლზე ჩამოშლოდა. ტესს სურვილმა წამოუარა, შეხებოდა, თმა გაესწორებინა მისთვის, მაგრამ შეეშინდა.

_ სტეფ, სტიოპა! _ ხმადაბლა დაუძახა.

თავისი სახელი გაიგონა თუ არა, სტეფანემ თვალები გაახილა. რა საოცარი სიზმარია! ტესი მოვიდა მასთან, სრულიად შიშველი და ვნებააშლილი. ტუჩები ოდნავ გაპობია და საკოცნელად იწევა. სავსე მკერდი მღელვარედ აუდ-ჩაუდის.

სტეფმა ხელი გაიწვდინა და ქალის შიშველ მხარს მოეფერა, მერე მის ყელს შეეხო. მეორე ხელი კი წელზე სტაცა და თავისკენ მოიზიდა.

_ სტეფ! გაიღვიძე!

ფუჰ! ჯანდაბა! როგორც ჩანს, სიზმარს აჰყვა. ტესი მართლაც მასთანაა, მაგრამ სულაც არ არის შიშველი და არც თვითონ შეხებია ქალს.

_ თავი ცუდად გიდევს, კისერი გეტკინება, _ მზრუნველად შენიშნა ქალმა.

_ ჩამძინებია, _ წაიჩურჩულა მამაკაცმა და ზუსტად ის მოძრაობები გააკეთა, რაც რამდენიმე წამის წინ სიზმარში. ნელა მოიზიდა ტესი თავისკენ და შუბლზე ნაზად ეამბორა. ქალი შეთრთოლდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებდა. ამით ისარგებლა სტეფმა, მკერდზე გადმოიწვინა და ყელზე დააკვდა. იგრძნო, როგორ ძლიერად უფეთქავდა ყელთან ძარღვი. მხურვალება მთელი სისწრაფით ედებოდა მამაკაცის სხეულს. იგი გრძნობდა შამპუნის და სუნამოს სურნელს, ეს ტესის სურნელი იყო.

დიდხანს კოცნიდა მის ყელს. მერე ქალის ყური მოძებნა ტუჩებით და ბიბილოს შეეხო. მოულოდნელად კბილებში საყურე გამოედო. საოცარი შეხამება გამოვიდა _ ხავერდოვანი ცხელი კანის და ცივი მეტალის…

მამაკაცი აგრძელებდა ქალის სხეულის გამოკვლევას. კოცნით ლაშქრავდა მის ღაწვებს, ნიკაპს, ცხვირს, თვალის უპეებს, გრძელ, დატუშულ წამწამებს… ბოლოსთვის ტკბილ ლუკმად ტუჩები მოიტოვა. ო, რა ცხელი ყოფილა ეს ტუჩები, როგორი მსუყე და მარწყვივით გემრიელი.

გრძნობდა, რომ მიზნის მისაღწევად ცოტაღა იყო დარჩენილი. მიზანში ამოღებული მსხვერპლი მის მკლავებში განაბულიყო და კოცნაზე კოცნით პასუხობდა. ქალი თავდავიწყებით მოიწევდა მისკენ. ერთი გასროლაღა დარჩა და ნადავლი მას დარჩებოდა… მაგრამ მოულოდნელად ხელი შეუშვა და დივანზე წამოჯდა. მთელი სხეული უცახცახებდა, უჭირდა თავის მოთოკვა, ვერ ხვდებოდა, რა დაემართა. რატომღაც არ მოუნდა ასე ადვილად გამოსვლოდა მისი დაუფლება,

თითქოს ამით ვნება უცებ განელდებოდა და განხიბლულს მეტად აღარ მოესურვებოდა მასთან დაწოლა.

ტესმა იგრძნო, რომ რაღაც მოხდა და თავადაც განერიდა. თმა ასწეწოდა, სახეზე ალმური ასდიოდა, ტუჩები შესივებოდა. თვალებში კი… თვალებში ისეთი გაოცება ედგა, რომ სტეფანეს გაღიმება მოუნდა.

როგორც კი ტესმა ადგომა და წასვლა დააპირა, მამაკაცმა ხელი მოხვია და მუხლებზე დაისვა. ქალი გაუძალიანდა, მაგრამ სტეფმა წასჩურჩულა:

_ ჩუუ, ჯერ ამის დრო არ დამდგარა. _ და აიძულა ქალს, თავი მის მხარზე ჩამოედო.

იქამდე ისხდნენ ასე ორივენი, სანამ გულისცემა არ დაუმშვიდდათ.

_ ეს არ უნდა მომხდარიყო, _ ცოტა ხნის მერე ძლივს გასაგონი ხმით წარმოთქვა ტესმა.

_ რატომ არ უნდა მომხდარიყო? _ მამაკაცი მისი თმის კულულებს გაეთამაშა.

როგორ აუხსნას ახლა ქართველ კაცს, რომ იგი მსგავსი თამაშებისთვის მზად არ არის? _ ტესმა ამოიოხრა.

_ მითხარი, აბა რა უნდა მომხდარიყო? _ არ მოეშვა სტეფი.

ტესმა მის მხარს თავი მოაშორა:

_ არაფერიც არ უნდა მომხდარიყო, საერთოდ არაფერი. სიმართლე თუ გინდა, მე და შენ ისე ვუხდებით ერთმანეთს, როგორც წყალი და ზეთი. _ ამ სიტყვებით ქალი ადგა მისი მუხლებიდან და ფანჯარას მიუახლოვდა.

სტეფიც წამოდგა. უკნიდან მიუახლოვდა ტესს და დაძაბული ხმით წარმოთქვა:

_ მომისმინე! სულ ვუმტკიცებდი ჩემს თავს, რომ სამ დღეში ყველაფერი გამივლიდა. მიუხედავად შენი სილამაზისა, შენი სრულყოფილებისა, არ მიეკუთვნები ქალების იმ ტიპს, მე რომ მომწონს, მაგრამ მაინც ვფიქრობდი შენზე, თავიდან არ ამომდიოდა შენი სახე. ეს შენთვის საეჭვოდ ჟღერს? _ მამაკაცმა მხრებში ჩაავლო ქალს ხელი, თავისკენ შემოატრიალა და თვალებში ჩააცქერდა.

თანხმობის ნიშნად ტესმა მხოლოდ თავი დააქნია.

_ სულაც არა! არის კიდევ რაღაც. _ გააგრძელა სტეფმა, _ ყოველ ჯერზე, როცა შენ გვერდით აღმოვჩნდები, უფრო ენერგიულად ვგრძნობ თავს, თითქოს ჯან-ღონით ვივსები, უცებ გამოვცოცხლდები ხოლმე. მობილურის დამტენივით მოქმედებ ჩემზე. როცა შენთან არ ვარ, ერთი სული მაქვს, როდის გნახავ.

ტესმა თავი ჩაღუნა.

_ მაპატიე, მაგრამ მე ამისთვის არ გამოგადგები.

_ რისთვის? კოცნისთვის? _ სტეფმა თავი აუწია ქალს და საჩვენებელი თითი მის ტუჩებზე ნაზად გადაატარა.

«ყველაფერ ამისთვის», _ უნდოდა ეყვირა ტესს, მაგრამ ვერ შეძლო. არ ღირდა მთელი ხმით ეღიარებინა, რომ მას საპირისპირო სქესთან ინტიმური ურთიერთობა არ გამოსდის. მით უფრო, არ ღირდა ეს ისეთ ჭკვიან და მგრძნობიარე მამაკაცს გაეგო, როგორიც სტეფანე იყო.

_ შენი მოფერება იმდენად ამაღელვებელია, რომ სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია, ბევრი წელია, მსგავსი სიამოვნება არ განმიცდია. ვერ გამიგია, როგორ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, მე ეს ყველაფერი მსიამოვნებს.

ტესსაც ჰგვრიდა სიამოვნებას მის გვერდით ყოფნა. მან სასურველ ქალად იგრძნო თავი, მაგრამ საკმარისია, სტეფანემ უფრო ახლოს გაიცნოს იგი, რომ მაშინვე მიატოვებს, ისევე როგორც ერთ დროს ქმარმა მიატოვა, მერე კი მაიკლმა…

_ ასე არ შეიძლება, _ ტესმა ამოიოხრა.

_ მომისმინე, _ შეაწყვეტინა სტეფანემ, _ შენ შეიძლება ყველაფერი ძალიან ნაჩქარევად მოგეჩვენოს, მაგრამ მე ხომ არაფერს გთხოვ… არა, გთხოვ, როგორ არ გთხოვ, ოღონდ მხოლოდ იმას, რომ შანსი მომცე, შენ გვერდით ვიყო, სანამ აქ ვარ. ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე. კარგი?

_ ვალდებულებების გარეშე? ანუ მხოლოდ მეგობრები ვიყოთ?

_ ჰო, მხოლოდ მეგობრები. _ თქვა სტეფმა და ნაზად შეეხო ქალის ტუჩებს.

იცოდა ტესმა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო მისთვის ზურგი ექცია, მაგრამ სულაც არ სურდა ამის გაკეთება. გახსენებაც კი უჭირდა, როდის იგემა ბოლოს მამაკაცის კოცნა. თუკი სტეფანე მხოლოდ ამას მოითხოვს მისგან, იქნებ დათანხმდეს კიდევაც ასეთ უწყინარ წინადადებას? კოცნაში ცუდი რა არის? იქნებ არც მიაყენოს ტკივილი ამგვარმა ურთიერთობამ. აბა, როგორია, უარი თქვა ამისთანა კოცნაზე.

ჩაეცინა. სტეფი მსწრაფლ მოშორდა და დაკვირვებით შეათვალიერა ქალი, მე ხომ არ დამცინისო. მსგავსი ვერაფერი შენიშნა, მაგრამ კარგად დაინახა ტესის სახეზე აღბეჭდილი ყოყმანი და ვერ მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე. ქალი ძალიან გულღია იყო, სიყალბე ერთხელაც არ შეუნიშნავს მისთვის. თითქოს თანახმაც იყო, მისი წინადადება მიეღო. მაგრამ ეს სიფრთხილე რაღას ნიშნავდა? რისი ეშინოდა?

ახლა მის წინაშე ორი ამოცანა იდგა _ გამოეცნო ტესის თვალების ფერი და გაეგო, რატომ იყო მისთვის რთული სტეფანეს გვერდით დროის გატარება.

_ უი, სულ დამავიწყდა, _ წამოიძახა ტესმა, _ ნომერი გათავისუფლდა. არ გინდა, ნახო?

უნდა თუ არა ნომრის ნახვა? ჯანდაბა! რა თქმა უნდა, არა! მართალია, ძალიან შეავიწროვა ტესი, რაც შეუსახლდა, მაგრამ ახლა რომ მისი ნომრიდან გავიდეს, მის გვერდით ყოფნის შანსს დაკარგავს. მას კი ეს არ უნდა.

_ ლუქსია? _ იგი დროს წელავდა, რომ უარის საბაბი მოეფიქრებინა.

_ არა, ლუქსი არ არის, მაგრამ კარგი ნომერია, ყველაფერია შიგნით, რაც საჭიროა. მოგეწონება, თუმცა შენი გადასაწყვეტია, გადახვალ თუ საერთოდ წახვალ. თავს არ გახვევ აქ გაჩერებას.

_ რატომ გგონია, რომ სხვაგან გადასვლა მინდა?

_ რა ვიცი… რომ წავკამათდით, ვიფიქრე, რომ…

_ ტყუილად გიფიქრია. გადასვლას არ ვგეგმავ, თანაც ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, შენც კარგად იცი… საწერი მაგიდა თუ არის ნომერში?

_ არა.

_ სამზარეულო?

_ სამწუხაროდ, არც სამზარეულო, _ ტესს ნირი წაუხდა.

_ აკი ყველაფერია, რაც დაგჭირდებაო? მთავარი რამეები არ ყოფილა და… ასეთ შემთხვევაში მე პას! არ მაწყობს ეგეთი ნომერი, არაფრით არ მაწყობს.

_ მეც ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც შემოგთავაზე, რადგან ლუქსი ორ კვირაზე ადრე არ გათავისუფლდება. ვიფიქრე, იქნებ მარტო ურჩევნია-მეთქი.

_ მე მხოლოდ ის მაწუხებს, რომ შენ გაწუხებ. სხვა მხრივ უკმაყოფილო არ ვარ, _ გაიღიმა სტეფმა.

ტესს თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა მხრებიდან. ცდილობდა სიხარული არ შეტყობოდა. წესით, არ უნდა გახარებოდა, მაგრამ არ შეეძლო, არ გახარებოდა.

_ სულაც არ ვწუხდები, შეგიძლია დარჩე. ხვალ ხელოსანი მოვა და მეორე აბაზანას დადგამს ახალ სააბაზანოში, სადაც რემონტია დაწყებული. აქამდე ვერ მოვახერხე მისი დამთავრება. სამაგიეროდ ხვალიდან აღარ მოგვიწევს საერთო აბაზანით სარგებლობა. _ ტესი საწოლზე ჩამოჯდა.

_ ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, _ სტეფანემ მისკენ ჩაიჩოჩა და ხელი ზურგზე ისე გადადო, რომ ქალის თმას შეხებოდა და მისი კულული თითზე დაიხვია, _ შენთვის?

ტესმა კვლავ გადააქნია თავი და იგრძნო, როგორ დაებურძგლა სხეული მისი შეხებისგან.

_ აბრეშუმივით რბილი თმა გაქვს. არ მეგონა, თმა თუ შეიძლებოდა ასეთი ყოფილიყო, _ ჩაიდუდუნა მამაკაცმა.

მისი თითები აგრძელებდნენ ტესის თავზე მოგზაურობას. შემპარავად შეუცურა ხელი თმაში და კანის მასაჟს შეუდგა. ტესს კი ყველაფერი ეს ჟრუანტელს ჰგვრიდა. ამ დროს ტელეფონის ზარი გაისმა და ორივენი განერიდნენ ერთმანეთს, თითქოს ოთახში უცხო შემოსულიყო.

ტესი წამოდგა და ტელეფონს მიუახლოვდა. რამდენიმეწამიანი საუბრის შემდეგ ყურმილი სტეფანეს მიაწოდა:

_ შენ გკითხულობენ.

მამაკაცმა ყურმილი გამოართვა.

_ ნედ, თქვენ ხართ? გისმენთ, რა თქმა უნდა, _ ოფიციალური გაუხდა ტონი.

ქალი უკმაყოფილო სახით შეჰყურებდა. გაოცებული დარჩა მისი მოულოდნელი გარდაქმნით. ერთი წუთის წინ ის შეყვარებული კაცის როლს თამაშობდა და აი! ელვის უსწრაფესად გადაიქცა საქმიან, მიზანმიმართულ ბიზნესმენად და ტესი წამში გაქრა მისი ცნობიერებიდან.

განხიბლულმა თვალი საწერ მაგიდას მოავლო. კალამი ვერსად შენიშნა, ამიტომ ფანქარი აიღო, სტეფანეს ბლოკნოტის თავისუფალი გვერდი გადაშალა და ნაჩქარევად მიაჯღაბნა: «შენ დაკავებული ხარ. ჩემთვის არ გცალია, ამიტომ არ მინდა ხელი შეგიშალო. მე აუზზე ჩავალ, ცოტას გავგრილდები».

სტეფანე განაგრძობდა ტელეფონზე საუბარს, თან ირიბად აკვირდებოდა ტესის მოქმედებას. როცა ყურმილი დაკიდა, მაგიდას მიუახლოვდა და მისი ნაწერი წაიკითხა. გაეღიმა. ეს ქალი სხვა ქალებს არ ჰგავდა. ამიტომაც ცდუნება, როგორმე ჩაეგდო იგი ხელში, დიდი იყო. უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა მის გვერდით ყოფნა და ასედაც მოიქცეოდა, საქმე თავზე საყრელად რომ არ ჰქონოდა. ბიზნესი თავისას მოითხოვდა. მართალია, მდიდარი არ იყო, მაგრამ გამომუშავებას არ უჩიოდა, განსაკუთრებით საზღვარგარეთიდან შემოთავაზებული კონტრაქტებით. უცხოური სამშენებლო კომპანიები დიდ ფულს იხდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შემოსული თანხის მხოლოდ მესამედი ერგებოდა და დანარჩენი ფირმას მიჰქონდა, მაინც კმაყოფილი იყო, რადგან ასეთი მესამედის გამომუშავებას საქართველოში ყველაზე ცოტა, 5-6 თვე მოუნდებოდა.

მდა… ცუდია, რომ აუზზე ვერ ჩავა. დროზე უნდა დაწვეს, რადგან ხვალ ადრეა ასადგომი, ნედს უნდა შეხვდეს მოსალაპარაკებლად. სწორედ ნედის ხელშია სასტუმროს მშენებლობა. კონტრაქტიც მასთან აქვს გაფორმებული.

სტეფანემ ტესის წერილიანი ფურცელი ბლოკნოტიდან ამოხია, მეორე მხარეს გადააბრუნა და ქალს პასუხი მისწერა, სადაც დილით ერთად საუზმობას სთხოვდა, სანამ სამუშაოზე წავიდოდა. მერე ფურცელი აიღო და საერთო კარზე დაამაგრა, ოღონდ ტესის მხრიდან, რათა ქალს თვალში მოხვედროდა მისი ნაწერი.

 

ჰარი და ტესი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. მოხუცი სიგარეტს ეწეოდა.

_ აბა, რა ხდება? რატომ გაქვს ასეთი დამფრთხალი გამოხედვა, რამე მოხდა? _ ჰარიმ გამომცდელი მზერით შეათვალიერა.

ტესმა ამოიოხრა.

_ ეს წუთია, ხელოსანმა დამირეკა, აბაზანის დადგმა უნდა გადავავადოთო.

_ და რატომო?

_ სამი კვირაა ველოდები. ის კიდევ მეუბნება, გამოწერილია, მაგრამ ჯერ არ ჩამოსულაო. ამიტომ რამდენიმე დღით შვებულება მოვუწყვე ჩემს თავს და ვისვენებო. მე კი ძალიან მეჩქარება.

_ მერე მაგაზე ნერვიულობ? მეორე აბაზანა ხომ გაქვს? რამდენიმე დღე რას ცვლის? _ ჰარიმ ღრმა ნაფაზი დაარტყა.

_ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ჰარი. ბევრს ეწევით, ძალიან ბევრს, _ ღიმილით უსაყვედურა ტესმა.

_ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ახლა ესაა ჩემთვის ცოლიც, შვილიც, დასვენებაც, შვების მოგვრაც, სიხარულიც და ბედნიერებაც.

_ აჯობებს, ცოტა შეამციროთ მოწევა. _ ტესს არ უნდოდა მოხუცისთვის გული გადაეშალა და ეთქვა, რომ ის მეორე აბაზანა მხოლოდ მას არ ეკუთვნოდა და საზიარო იყო.

_ შენი ხათრით შევეცდები. ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, რისთვისაც შეგხვდი, რამდენიმე დღით გავდივარ ქალაქიდან, შეიძლება ერთი თვითაც, ჯერ არ ვიცი.

_ მართლა? საით მიემგზავრებით, ჰარი?

_ ჩემმ ქალიშვილმა მთხოვა, ჩამოდიო. მისაყვედურა, სულ არ გახსოვარო. წავალ, დავხედავ, შვილიშვილებსაც მოვინახულებ. ვნახოთ, თუ მომეწონება მათთან ყოფნა, ერთხანს დავრჩები, თუ არადა, წამოვალ, ძალით ვინ გამაჩერებს.

_ და სასტუმრო?

_ სასტუმროს დავკეტავ. ისედაც გაყიდვას ვაპირებ, აღარ ღირს იქ ვინმეს შესახლება. აი, შენ თუ დახედავ ხანდახან, მადლობელი დაგრჩები.

_ რა თქმა უნდა, დავხედავ, ჰარი, მაგაზე არ იდარდოთ.

_ კარგი გოგო ხარ შენ და ამიტომ მიყვარხარ, _ ჰარიმ ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო:

_ აი, ჩემი შვილის ტელეფონის ნომერი. თუ რამეა, დამირეკე. იქნებ გამოჩნდეს რეალური მყიდველი. შენ, ვხედავ, არ აპირებ ჩემი სასტუმროს ყიდვას.

ტესმა ქაღალდი გამოართვა და ჩანთაში ჩაიდო.

_ მე ვფიქრობ თქვენს შემოთავაზებაზე, ჰარი. ამ დღეებში ბუღალტერს უნდა შევხვდე. ვნახოთ, დავიანგარიშებთ შემოსავლებს და თუ გამოვიდა, იქნებ კრედიტი ავიღოთ მოტელის შესასყიდად. იმედი მაქვს, გამოგვივა, მაგრამ არ მინდა მთლად ჩემზე იყოთ დამოკიდებული და წინასწარ შეგპირდეთ. რომ არ გამოვიდეს?

_ გაითვალისწინე, რომ მე შენთვის მინდოდა ის სასტუმრო, ასე ვისურვე და სულ არ გამიხარდება, სხვამ იყიდოს…

ჰარიმ სიგარეტი ჩააქრო და წამოდგა.

_ აბა, წავედი, გავახარო ჩემი შვილიშვილები. _ ამ სიტყვებით კარს მიუახლოვდა და მოულოდნელად შემობრუნდა, _ ხელოსანზე კი არ ინაღვლო. იმედია, შენი ახალი ბოიფრენდი სულაც არ იქნება წინააღმდეგი, კიდევ რამდენიმე დღე ისარგებლოს საერთო აბაზანით.

ტესი ადგილზე გაქვავდა.

_ თქვენ საიდან გაიგეთ? ოჰ, მეიბლ! მოვკლავ!

მოხუცმა ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გაუჩინარდა.

 

«როიალ პალასში» დაბრუნებულ სტეფანეს ბაგიდან ღიმილი არ შორდებოდა. როგორც იქნა, დღეს მანქანა გამოუყვეს. მას საკუთარი ავტომობილი ეყოლება. მართალია, მხოლოდ დროებით, სანამ აქ მუშაობს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ შეეძლება, თავისუფალ დროს ტესი მანქანაში ჩაისვას და სადაც გაუხარდება, იქ წაიყვანოს.

იგრძნო, როგო აეწვა კუჭი. მოშივდა. დილის მერე ლუკმა არ ჩასვლია პირში. უკვე შვიდის ნახევარია, აქაური გათვლით, სადილის დროა. სადილი ტესთან.

ბოლო რამდენიმე დღეა, მათმა ერთობლივმა «დილაობამ» და «საღამოობამ» ჩვეული სახე მიიღო. ასე მონათლა ტესის გვერდით გატარებული წუთები სტეფანემ. დილით ერთად გადიოდნენ აუზზე, მერე საუზმობდნენ, მეგობრულად გადაკოცნიდნენ ერთმანეთს და სტეფი თავის გზას გაუდგებოდა.

მაგრამ კოცნამ თანდათან უფრო ვნებიანი და ხანგრძლივი ხასიათი მიიღო. ის კი არა, მთელი დღის განმავლობაში გრძნობდა ქალის ტუჩების სიტკბოს.

სამსახურიდან დაბრუნებული მაშინვე ტესს მოძებნიდა და ელოდებოდა, როდის გათავისუფლდებოდა, რომ მასთან ერთად ესადილა. მათი ყოველდღიური დილა-საღამოს შეხვედრები თითქოს ერთგვარი რიტუალი გახდა. რაც დრო გადიოდა, სტეფანეს უფრო და უფრო აღაფრთოვანებდა ტესის ხასიათი. ის ჭკვიანი ქალი იყო, კარგად ერკვეოდა ბიზნესში. ბევრ რამეში მათი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვეოდა. სტეფმა მანქანა სასტუმროს ავტოსადგომზე დააყენა და მეორე სართულზე ავიდა. უეცრად კედელზე მიდგმულ კიბეზე მისთვის კარგად ნაცნობი გარუჯული ფეხები დაინახა. ტესი მაღლა ასულიყო და რაღაცას ეძებდა დერეფნის ჩაშენებული კარადის ზედა უჯრაში.

_ პრივეტ! _ ყოველთვის ასე ესალმებოდა იგი.

_ ვაიმე, როგორ შემაშინე, _ ტესი მისკენ შემობრუნდა.

_ უკაცრავად, შენი შეშინება არ მინდოდა. რას ეძებ?

_ სამკაულებს ვარჩევ.

_ რა სამკაულებს? _ წარბები აზიდა სტეფანემ.

_ მალე ჰელოუინია, უნდა მოვემზადოთ, მე კიდევ ვერაფერს ვასწრებ და ნერვები მეშლება. ასე მგონია, თბილისში ვარ.

_ თბილისში? ეგრე რატომ გგონია?

_ იმიტომ, რომ ვერასდროს ვერაფერს ვასწრებდი, ყველგან ვაგვიანებდი, ყველაფერი ბოლო წუთამდე მიმყავდა ხოლმე. აქაც იგივე მეორდება.

ტესი ცუდ ხასიათზე იყო. დილით ბუღალტერთან ჰქონდა შეხვედრა და გარდა იმისა, რომ ანგარიშით დაიღალა, შელაპარაკებაც მოუვიდა მასთან. მაკი დაჟინებით მოითხოვდა, არ ეყიდა ჰარის მოტელი. ეს ცუდი კაპიტალდაბანდება იქნებაო, უმტკიცებდა. ერთი კრედიტი უკვე აღებული გაქვს, ახლა მეორე რომ აიღო, ზამთარში გაგიჭირდება მისი გადახდა და საერთოდაც, ბანკი არ მოგცემს შენი შემოსავლების მიხედვით მეორე სესხსო. სადღაც მართალი იყო მისი ბუღალტერი, მაგრამ ტესს დანებება არ სურდა.

_ ცოტა მოითმინე, ტეს, დააგროვე ფული და დამატებითი ვალდებულებები მერე აიღე საკუთარ თავზე. ძალად რატომ იქმნი პრობლემას? გინდა, მალე გაკოტრდე?

ტესს კი დალოდება არ უყვარდა, არც ფულის შეგროვება. ამწუთას სწორედ ამაზე ფიქრობდა. მართალია მაკი ძალიან კარგი ბუღალტერია, მაგრამ ბანკირი არ არის. აჯობებს, პირდაპირ ბანკში დარეკოს, სესხების განყოფილებას დაელაპარაკოს და რჩევა იკითხოს. იქნებ ბანკი თანახმაა, კრედიტი გამოუყოს?

_ მაპატიე, სტეფ, სასწრაფოდ უნდა დავრეკო! _ ამოიქაქანა ქალმა, ჩქარ-ჩქარა ჩამოვიდა კიბიდან და თავისი ნომრისკენ გაქანდა.

_ ხომ მშვიდობაა?

_ კი, კი, _ უკანმოუხედავად გამოსძახა ტესმა და ოთახში მიიმალა.

სტეფანემ კიბე კედელს მოაშორა და კარადა ჩაკეტა. ტესმა სწორედ მაშინ დაკიდა ყურმილი, როცა იგი ოთახში შევიდა.

_ ტანსაცმელს გამოვიცვლი და ჩავიდეთ რესტორანში, კარგი? ხომ ისადილებ ჩემთან ერთად?

_ სატელეფონო საუბარი დაამთავრე? _ ირიბად გახედა ქალს.

_ არც მილაპარაკია, ყურმილს არავინ იღებს. ალბათ დამთავრდა სამუშაო საათები, ხვალ დავრეკავ. ათ წუთს დამელოდები?

_ მთელი ცხოვრება დაგელოდები, _ მრავლისმეტყველი მზერით გახედა სტეფანემ.

მართლაც არ მოუწია დიდხანს ლოდინმა. ტესს ათი წუთიც არ დასჭირვებია ტანსაცმლის გამოსაცვლელად. დაინახა თუ არა იგი სტეფანემ, სუნთქვა შეეკრა. ქალს გამჭვირვალე ბლუზა და კიდევ უფრო გამჭვირვალე ქვედატანი ეცვა. დაუმორჩილებელი კულულები აქეთ-იქით ხტოდნენ მის მხრებზე, რაც კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა ქალის მიხვრა-მოხვრას.

_ ძალიან ლამაზი ხარ, _ აღმოხდა სტეფს.

ტესმა ჩაიფხუკუნა.

_ ეს შიმშილის ბრალია, თვალები დაგიბნელა ალბათ.

სტეფმა ხელი გაუწოდა და მრავალმნიშვნელოვნად მიუგო:

_ შენ მშვენივრად იცი, რისი შიმშილი უფრო მაწუხებს და ისიც, ამ შიმშილის უკან სადაური წარმოშობის გენი იმალება.

_ ყველა ქართველი კაცი ერთნაირი როგორაა, ა? _ გადაიკისკისა ტესმა და სტეფანეს გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება.

 

სადილი ცოტა დაძაბული გამოდგა. სტეფს ყოველ წუთს აღაგზნებდა ტესის გამჭვირვალე ბლუზა, რომლის მიღმაც მისი სავსე მკერდი გამომწვევად იწონებდა თავს. ერთი სული ჰქონდა, ოდნავ მაინც შეხებოდა ამ საუნჯეს, მაგრამ ჯერჯერობით მის სურვილს ახდენა არ ეწერა. სანთლების შუქზე ტესის თვალები მწვანედ ანათებდნენ, ხოლო მისი ვნებიანი კისკისი უარესად ახელებდა.

როგორც იქნა, სადილობას მორჩნენ და ნომერში დაბრუნდნენ. სტეფანე მაშინვე საწოლზე მიწვა, რომ ცოტა ხნით თვალი მოეტყუებინა და ვნება ამგვარად დაეოკებინა.

კარგა გვარიანად იყო შეღამებული, როცა ტესმა უბოდიშოდ შემოაღო კარი და მხარზე პირსახოცგადაკიდებული თავზე წამოადგა.

_ იმედია, ისეთი დაღლილი არ ხარ, რომ აუზზე უარი თქვა. წამოხვალ?

_ იქ ახლა უამრავი ხალხი იქნება, ტეს, არ მინდა.

_ არა, არავინაა. დღეს ყველას ვთხოვე, ათი საათის შემდეგ აუზში არ ჩასულიყვნენ. გასაწმენდია-მეთქი, მოვიმიზეზე.

_ შე ეშმაკო! _ თითი დაუქნია მამაკაცმა.

_ წამო, მოგეწონება. მარტო მე და შენ ვიქნებით. ყოველთვის კი არ მოგვეცემა ასეთი შემთხვევა, ერთად მოვიხსნათ სტრესი და ვინებივროთ თბილ წყალში.

_ სტრესის მოსახსნელად მე უკეთესი საშუალება ვიცი, _ ორაზროვნად მიუგო სტეფმა, მაგრამ ქალს უარი მაინც ვერ უთხრა. ზოზინით წამოდგა და წასასვლელად გაემზადა. გასვლის წინ მაგიდაზე დადებულ მობილურს დაავლო ხელი.

_ არა, არა! არავითარი მობილური! არავითარი ქაღალდი, დოკუმენტები, კომპიუტერი და ის საშუალებები, რომლებიც წნევას აგიწევს, _ იყვირა ტესმა და ტელეფონი ხელიდან გამოსტაცა.

_ წნევას სხვა რამე მიწევს მთელი საღამოა, _ იმავე ტონით მიუგო მამაკაცმა და მის მკერდს ხარბი მზერა დაასო.

ტესმა პირსახოცი მოუქნია და მსუბუქად დაჰკრა მხარზე. სტეფანემ პირსახოცი დაიჭირა და ქალიანად თავისკენ მოქაჩა. როცა ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ ერთმანეთთან, სტეფმა მოგუდული ხმით ჰკითხა:

_ ვინ იყო შენი ქმარი, ასეთ ქალს რომ შეელია?

_ მურთაზ ვარდოსანიძე! _ თითქოს მიკროფონში აცხადებსო, ისე წამოიძახა ტესმა ყოფილი ქმრის სახელი და გვარი.

სტეფანეს მოულოდნელად სახე შეეცვალა და ადგილზე გახევდა.

_ კარდიოლოგი?

_ აჰააა, _ ქალი კეკლუცად დაიგრიხა, მამაკაცის მკერდს გაეხახუნა, მაგრამ სტეფს რეაქცია არ ჰქონია. მისი ფიქრები სხვაგან ქროდა.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა იგი ტესის შეხებას არ აუღელვებია. არ აუღელვებია, რადგან მოსმენილმა თავზარი დასცა.

მურთაზ ვარდოსანიძე მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობარი იყო, ახლო მეგობარი, რომელიც წლებია, არ უნახავს…

 

სტეფანე მთაწმინდაზე გაიზარდა, იქ გაატარა ბავშვობა და მოზარდობაც. სკოლის დამთავრებას ერთი წელი აკლდა, როცა სახლი, რომელიც იტალიურ ეზოში მდებარეობდა და რომელშიც სტეფანე დედასთან ერთად ცხოვრობდა მის გარდაცვალებამდე, ბაბუამ გაყიდა და შვილიშვილისთვის საბურთალოზე, ცხრასართულიან კორპუსში შეიძინა ბინა, მაგრამ ბიჭს იმ ბინაში არ მოუწია ცხოვრებამ, რადგან დედის მამამ თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად იმავე კორპუსში მდებარე ერთოთახიან ბინაში. არადა, შეჩვეული იყო სტეფანე თავის უბანს, ბევრი მეგობარი ჰყავდა იქ, სკოლის ამხანაგებიც, რომლებთანაც ცხოვრების საუკეთესო, ხალისით და თავგადასავლებით სავსე წლები გაატარა. რამდენიმე მათგანთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა. მათ შორის იყო მურთაზ ვარდოსანიძეც, რომელიც მის მეზობლად, მესამე ეზოში ცხოვრობდა. ვინ იცის, რამდენჯერ უჩხუბიათ ერთად, როცა უბნის ბიჭებს დახმარება სჭირდებოდათ, რამდენჯერ დადგომიან გვერდში ერთმანეთს, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა. მურთაზი ორი წლით სტეფანეზე უმცროსი იყო, მაგრამ იმდენად დაღვინებული, რომ მასზე ბევრად უფროს ბიჭებს არ უდებდა ტოლს სიტყვა-პასუხში. სამართლიანი იყო მურთაზი, არასდროს არაფერი ეშლებოდა. მისგან იოტისოდენა წყენაც არ ახსოვს სტეფანეს. ყველა სიკეთესთან ერთად, იგი საუკეთესო მოსწავლედ მიიჩნეოდა სკოლაში, მასწავლებლებს სულ მისი ქება-დიდება ეკერათ პირზე. მიზანმიმართულიც იყო, ძალიან უნდოდა, ქირურგი გამოსულიყო.

როგორც კი სტეფანე საბურთალოზე გადავიდა საცხოვრებლად, ბიჭებმა დაკარგეს ერთმანეთი. პირველ ხანებში კი ეხმიანებოდნენ, ხვდებოდნენ კიდევაც, მაგრამ სტუდენტობის წლებში კვლავ დაიქსაქსნენ. მურთაზი უკრანაში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად, სტეფანე თბილისში დარჩა. მას შემდეგ მეგობარზე დიდხანს არაფერი სმენია.

ვარდოსანიძემ მიაღწია კიდევაც დასახულ მიზანს, ოღონდ არა ქირურგი, არამედ კარდიოლოგი გამოვიდა, თან საუკეთესო, ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული კარდიოლოგი გახდა. ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო სტეფანემ, როცა ბაბუამისი გულმა შეაწუხა და საავადმყოფოში მისული სრულიად შემთხვევით გადააწყდა მურთაზს. არადა, სულ სხვა ექიმთან უნდა მისულიყო. გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა, კარგა ხანს ილაპარაკეს აქეთური, იქითური, გაიხსენეს სკოლის ამბები, ბევრ იცინეს. მერე მურთაზმა უმკურნალა ბაბუას და საკმაოდ შედეგიანადაც. გარდა ამისა, მკურნალობის თანხაც არ გადაახდევინა სკოლის მეგობარს, რაც, ცოტა არ იყოს, ხინჯად დარჩა სტეფანეს გულში. დიდხანს აწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ ძველ მეგობართან ვალში დარჩა.

შემდეგ კვლავ გაიყარა მათი გზები. სტეფანეს ბაბუა გარდაიცვალა და მურთაზთან კონტაქტსაც საბოლოოდ დაესვა წერტილი.

მას შემდეგ წლები გავიდა. ახლა კი… ახლა ისევ შეახსენა ვარდოსანიძის არსებობამ თავი. მართალია, პირდაპირი არ იყო ეს შეხება, მაგრამ ასე უარესი გამოდგა. მის ცოლყოფილს დაადგა თვალი. სტეფანესთვის მსგავსი საქციელი ამორალურს უტოლდებოდა. ასეთ რამეს როგორ გაივლებდა გულში, თავიდანვე რომ სცოდნოდა ეს ამბავი. ყვველაზე უარესი ის იყო, რომ ტესთან ურთიერთობა მას მხოლოდ დროებით სურდა, სანამ აქ იყო და მუშაობდა, მასთან ცხოვრების სამუდამოდ დაკავშირება გულშიაც არ გაუვლია, თორემ კიდევ არა უშავდა. ძმაკაცის ყოფილი მეუღლის ცოლად შერთვა რომ ჰქონოდა განზრახული, ამას დიდ დანაშაულად არ ჩაუთვლიდა თავის თავს.

არა, როგორმე უნდა მოიშოროს თავიდან ამ ქალზე ფიქრი, გონებიდან უნდა ამოიგდოს მისი სახე. მართალია, ძალიან მოსწონს და დიდი ხანია, ქალებს მისი გულის სიმები ასე არ შეურხევიათ, მაგრამ არის რაღაც, რასაც ვერ გადაახტები. აი, ნახავს დღეს და ეტყვის, რომ თანახმაა, სხვა ნომერში გადავიდეს საცხოვრებლად. საშიშია მის ახლოს ყოფნა, შეიძლება ვეღარ გაუძლოს ცდუნებას და გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას.

შუბლშეკრული სტეფანე სამუშაო მაგიდას უჯდა თავის კაბინეტში, ფანქრის წვერს კლავიატურის დაფას ნერვიულად უკაკუნებდა და ღრმა ფიქრებში იყო ჩაფლული.

 

ტესი გაოგნებული დადიოდა. ასეთი არეული და დაბნეული ჯერ არ ყოფილა. ვერ მიხვდა, რა მოხდა მასა და სტეფს შორის, რატომ დაშორდა უეცრად მამაკაცი და რატომ გაურბოდა მასთან პირისპირ შეხვედრას. რამდენჯერაც სცადა დალაპარაკება, იმდენჯერ აირიდა თავიდან სტეფანემ უსიამოვნო საუბარი, მოუცლელობა მოიმიზეზა და ორი ღამე სამსახურშიც კი გაათენა.

მესამე დღეს, საღამო ხანს, როგორც იქნა, გამოჩნდა. წვერი წამოზრდოდა, თვალის ქუთუთოები უძილობისგან დასივებოდა და ჩასწითლებოდა, შუბლი თითქოს დაღაროდა ნაოჭებისგან.

ნეტავ რა ეტაკა ამ კაცს? _ ტესი ამ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა.

ეზოში შეხვდნენ ერთმანეთს და სტეფანემ დახშული ხმით უთხრა, შენთან სალაპარაკო მაქვს და ნომერში ავიდეთო. მიდიოდნენ გვერდიგვერდ უხმოდ და ერთმანეთს არ უყურებდნენ, არც ხმა ამოუღიათ, სანამ მეორე სართულზე არ ავიდნენ. როგორც კი ოთახში განმარტოვდნენ, სტეფანე საწოლზე ჩამოჯდა და სევდიანი მზერით მიაჩერდა ქალს.

_ სტეფ, რამე მოხდა? _ ფრთხილად მოუსინჯა ნიადაგი ტესმა.

_ ისეთი არაფერი… უბრალოდ, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, გადავიდე იმ ნომერში, რომელიც გათავისუფლდა.

ქალს თვალები შუბლზე აუვიდა გაოცებისგან.

_ მაგრამ…

_ არავითარი მაგრამ, ტეს, ასე არაფერი გამოვა. არ მინდა, გული გატკინო. კარგი ადამიანი ხარ, ვიცი, რომ ყველაფერს აკეთებ, რათა თავი კარგად ვიგრძნო, მაგრამ შენი მოტყუება არ შემიძლია.

_ მოტყუება? რას გულისხმობ, იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნა?

_ იმას ვგულისხმობ, რომ შენ არ ხარ ის ქალი, რომელიც შეიძლება მხოლოდ გასართობად გამოიყენოს ადამიანმა. გამოჩნდება ვინმე, ვისაცა სულით და გულით შეუყვარდები და შენთან ოჯახის შექმნა მოუნდება. მე, სამწუხაროდ, არ ვარ ასეთი კაცი. აქამდე ცოტა იოლად ვუყურებდი ამ ურთიერთობას, მაგრამ ახლოს გაგიცანი და ვერ გიმეტებ მისატოვებლად. ხომ იცი, რომ აქ დროებით ვარ ჩამოსული. კარგი, დავუშვათ, აეწყო ჩვენი ურთიერთობა, დავუშვათ, არაჩვეულებრივად შევეწყვეთ ერთმანეთს. და მერე? რა იქნება მერე, როცა ჩემი სამუშაო დამთავრდება? მე აქ დამრჩენი არ ვარ, შენ კი საქართველოში წამომსვლელი. ყველა ვარიანტში მოგვიწევს დაშორება. ჩემთვის ეს ძნელი ასატანი იქნება, შენთვის, როგორც ქალისთვის, კიდევ უფრო ძნელი. ვიცი, როგორ განიცდიან ქალები საყვარელ ადამიანებთან განშორებას. _ სტეფანემ ამოიხვნეშა და გაჩუმდა.

_ სულ ეს არის? _ ცივად შეეკითხა ტესი.

მამაკაცმა უხმოდ დაუქნია თავი.

_ გა-სა-გები-ა… _ შეფიქრიანებულმა გაწელა სიტყვა, _ თუმცა, შენთან დაკავშირებით ხანგრლივი გეგმები არც მე მქონია. სულ არ მიფიქრია იმაზე, როგორ დამთავრდებოდა ჩვენი ნაცნობობა და როდის დაესმებოდა წერტილი ჩვენს არშემდგარ რომანს. მერამდენე წელია, პარტნიორი მამაკაცი არ მყოლია. არ ვიცი, გჯერა თუ არა ჩემი, მაგრამ ეს ასეა და ჩემთვის სულერთია, შენ რას იფიქრებ. არც მსურდა ამ ეტაპზე ვინმესთან რომანი გამეჩაღებინა. ეს ყველაფერი რაღაცნაირად, თავისდა უნებურად მოხდა, შეიძლება სპონტანურადაც. კიდევ კარგი, შორს არ შევტოპეთ და დროზე გაგინათდა გონება, _ ბოლო წინადადება დამცინავად წარმოთქვა ტესმა, _ თუმცა, არც კი გიკითხავს ჩემთვის, იქნებ თანახმა ვიყავი იმ ურთიერთობაზე, რომელიც შენ გსურდა? იქნებ არც მე მინდა გათხოვება და «ოჯახურ ყულფში» თავის გაყოფა? ვფიქრობ, ჩემთვისაც უნდა გეკითხა რა-მე! _ «რამე» ისეთი ინტონაციით იყო ნათქვამი, სტეფანეს სირცხვილისაგან ალმური წაეკიდა.

თავს ვერაფრით გაიმართლებდა, ქალი მართალი იყო. იცოდა, რომ უსინდისოდ იქცეოდა, მაგრამ ნამდვილ მიზეზს ვერ ეტყოდა. ტესისთვისაც კი უმძიმდა იმის გამხელა, რომ მურთაზ ვარდოსანიძეს იცნობდა და მასთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა.

_ კარგი, რაცაა, ესაა, ქვეყანა არ დაქცეულა, _ ტესი შეეცადა, მხიარულ ნოტზე გადაერთო უსიამოვნო საუბარი, _ არ მინდა ამ ფაქტმა ჩვენი მეგობრული ერთიერთობა გააფუჭოს. ძალიან ვიძაბები, როცა გამირბიხარ და ახლოს არ მეკარები. ეს რა საქციელია? ბოლოს და ბოლოს, ჩემს სასტუმროში ცხოვრობ და გვინდა, არ გვინდა, გვიწევს ერთმანეთთან შეხება. ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ჩვენი ნაცნობობა, ვითომ შენც ერთი რიგითი დამსვენებელი ხარ, მორჩა და გათავდა. არ მინდა ჩემი ახლობლები ავალაპარაკო და იჭორაონ, ქართველმა კაცმა ჩვენი დიასახლისი სანაგვეში მოისროლაო. ისედაც ჭორაობენ იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს. ის კი არა, მეიბლი და ელენი მაგულიანებენ კიდევაც, ხელიდან გასაშვები კაცი არ არისო და ცდილობენ, ხელი შემიწყონ შენთან ურთიერთობის დალაგებაში. ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. სამწუხაროდ, სხვა ნომერში უკვე ვერ გადაგიყვან, რადგან გუშინ გავაქირავე.

სტეფანემ თავი ასწია და გაოცებული მიაჩერდა ქალს.

_ ჰო, რა იყო? ასე გაოცებული რატომ მიყურებ? ხომ მითხარი, აქედან გადასვლა არ მინდაო? თან ორი დღეა დამეკარგე. ისედაც მაქვს ოთახების დეფიციტი და რატომ უნდა მომეცდინა დაცარიელებული ნომერი? ისევ მოგიწევს დაცდა, სანამ მორიგი ოთახი არ გამოთავისუფლდება. თუ ეს შენთვის მიუღებელია და მაინცდამაინც დღესვე გინდა გახვიდე ჩემი საძინებლიდან, მაშინ სხვა სასტუმროს მოძებნა მოგიწევს, _ ოფიციალური ტონით, თავაღერებულმა დაამთავრა სათქმელი.

სტეფანე ერთხანს გაშეშებული იჯდა და ქალს შეჰყურებდა. სხვა სასტუმროში, რა თქმა უნდა, ვერ გადავიდოდა, ეს პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან მაშინ კონტრაქტის პირობები უნდა შეეცვალა და საქართველოში თავის უფროსობას უნდა მოლაპარაკებოდა. არც ტესის გვერდით ცხოვრება უქადდა სიამეებს, მაგრამ ხედავდა, როგორ იყო ქალი გაცეცხლებული და მიხვდა, ტესი მისკენ გამომხედავი აღარ იყო. იგი არ ეკუთვნოდა იმ ქალების რიცხვს, უარის შემთხვევაში სცენებს რომ მოუწყობენ მამაკაცებს და ცოცხალი თავით არ დათმობენ პოზიციას. იგი თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და სიამაყე არ მისცემდა უფლებას, ყოველივე ამის შემდეგ კვლავ მიტმასნოდა მას და საშველი არ მიეცა.

_ კარგი, ტეს, დავრჩები. ვიყოთ მეგობრები და ვაჩვენოთ ყველას, რომ ქალსა და მამაკაცს შორისაც შეიძლება მეგობრობა ყოველგვარი ინტიმის გარეშე. ჩვენ შევძლებთ ამას, რას იტყვი?

_ აბა რა, _ ჩაიცინა ტესმა და თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა, _ რა პრობლემაა? რაც არ გვინდა, ღმერთმა ნუ მოგვცეს, ერთმანეთის სახვეწარი რა გვჭირს, თორემ კი.

სტეფანეს გულზე რაღაცამ მოუჭირა, რაღაც ტკივილისმაგვარმა, თან ისე ძლიერად, რომ ამოსუნთქვა გაუჭირდა, ჰაერი ვეღარ მიჰქონდა. ქალის ხმაში დაუფარავი ირონია და აგრესია იგრძნობოდა.

_ ყველაზე კარგი ისაა, რომ დროზე მოახერხე დამუხრუჭება. კიდევ კარგი, რომ არ… ერთმანეთი არ შეგვიყვარდა, _ უნდოდა ეთქვა, არ შემიყვარდიო, მაგრამ სწრაფადვე გადაასწორა სათქმელი.

მამაკაცი წამოდგა, ქალს თავი დაუკრა და ოთახი მძიმე ნაბიჯებით დატოვა.

 

ტესი უკვე წყალში იყო, როცა სტეფანე აუზში ჩავიდა.

_ გამარჯობა! _ თავშეკავებულად მიესალმა ქალს, ამჯერად «პრივეტ» აღარ უხმარია.

_ გაგიმარჯოს, _ ცივი ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე ტესს, _ ნახე წერილი, მაგიდაზე რომ დაგიტოვე?

_ ჰო, ვნახე და დიდი მადლობა. ჩემი ბიძაშვილისგანაა, ქორწილში მეპატიჟება.

_ ო, პირველად ახსენე შენი ნათესაობა. _ შენიშნა ქალმა.

_ ძალიან ცოტა მყავს და იმიტომ, _ მკლავები განზე გაშალა სტეფმა და წყლის ზედაპირზე გაწვა, _ მშობლები დიდი ხანია, აღარ მყავს.

_ რამდენი ხანია?

_ ცამეტი წყლის ვიყავი, მამა რომ დამეღუპა, მერე დედაც, სამი წლის შემდეგ.

_ და ვინ გაგზარდა?

_ ბაბუამ, დედის მამამ. ის სახლი გაყიდა, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და საბურთალოზე, თავისთან ახლოს მიყიდა ოროთახიანი ბინა, რომელიც მერე გააქირავა და იმ ფულსაც მე მახმარდა, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი.

_ მაპატიე, რომ ასეთი ცნობისმოყვარეობა გამოვიჩინე.

_ მერე რა? ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, საერთოდ არაფერი გეკითხა.

_ აპირებ გამგზავრებას?

_ ვერა. გულით კი მინდოდა, მაგრამ არ გამოდის, საქმეს ვერ მივატოვებ.

ტესი ცურვით მოუახლოვდა და მისი გაშლილი თმის კულულები სტეფანეს მხარზე შეეხო. მამაკაცს სიამოვნებისაგან დაბურძგლა.

_ გინდოდა მასთან ცხოვრება? _ ქალი კიდევ უფრო მოუახლოვდა.

_ არჩევანი არ მქონდა, არასრულწლოვანი ვიყავი, ჩემს ნებაზე ვინ მიმიშვებდა? რთული ხასიათის კაცი იყო, სულ მაკონტროლებდა. მაშინ მეგონა, ბაბუას არ ვუყვარდი და მისთვის ზედმეტი ტვირთი ვიყავი, მაგრამ მერე და მერე, როცა ჭკუაში ჩავვარდი, მივხვდი, ასე მკაცრად რატომ ცდილობდა ჩემს აღზრდას. უნდოდა, კარგი კაცი გამოვსულიყავი. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვაფასებ მის ამაგს.

_ ბაბუა ცოცხალია?

_ არა, გარდაიცვალა. გული აწუხებდა. მახსოვს, სიკვდილის წინ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მითხრა, ვამაყობ შენითო. აი, სწორედ მაშინ მივხვდი, როგორ ვყვარებივარ. _ სევდიანად გაიღიმა.

აი, თურმე რატომ არის ასეთი დაბღვერილი ყოველთვის. ტყუილად კი არ მოეჩვენა დანახვისთანავე უხეშ და სიტყვაძუნწ ადამიანად. რთული ცხოვრება ჰქონია. _ ტესს გული აუჩუყდა, თვალები აუცრემლიანდა და სასწრაფოდ განზე გაიხედა, რომ სტეფს მისი ცრემლიანი თვალები არ დაენახა.

_ არიან კაცები, რომლებსაც არ შეუძლიათ სიყვარულის სიტყვებით გამოხატვა, _ თითქოს თავის თავს გამოელაპარაკა ტესი.

_ ჰო, სწორედ ასეთი იყო ბაბუაჩემი. ალბათ ამიტომაცაა, რომ მეც ძალიან მწირი გამოცდილება მაქვს სიყვარულში. ეტყობა, მისი ხასიათი დამყვა. არ გამომდის ხანგრძლივი ურთიერთობები, ამიტომაც, სიმართლე გითხრა, არც მწამს ჭეშმარიტი სიყვარულის.

_ მაგრამ შენ ხომ ცოლი გყავდა? _ ტესმა რაღაც მომენტში ვეღარ შეძლო წყალზე თავის შეკავება და სტეფანეს მკლავებზე ჩაეჭიდა, _ თუ არ გავცურე, დავიხრჩობი, _ იმართლა თავი და ბავშვივით გაიცინა.

_ ახლა ვხვდები, რომ ცოლი არ უნდა მომეყვანა. ძალიან ვიჩქარე. არ გვიყვარდა ერთმანეთი. ორივეს დაახლოებით ერთი და იგივე მიზანი გვქონდა ცხოვრებაში და ამან უფრო დაგვაკავშირა, ვიდრე სიყვარულმა. თანაც, ჩემი ცოლი ზედმეტად პატივმოყვარე ქალი იყო, მალევე მივხვდი, რომ გამიჭირდებოდა მასთან ცხოვრება. კარგა ხანს ვიტყუებდით ორივენი თავს, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ გავქაჩეთ, _ სტეფანე მკლავებს ჭიმავდა, რომ მასზე დაყრდნობილი ქალი დაეჭირა.

_ ჰო, წარუმატებელმა ქორწინებამ არც მე დამაყარა კარგი დღე, _ თქვა ტესმა, კაცს ხელი შეუშვა და წყალში ჩაყვინთა.

სტეფანეს გაუხარდა, ტესმა თავის წარუმატებელ ქორწინებაზე საუბარი რომ არ გააგრძელა. არადა, ცნობისმოყვარეობა კლავდა, როგორ გაიცნო მან მურთაზი, უყვარდათ თუ არა ერთმანეთი და რატომ დაენგრათ ოჯახი.

თუმცა, მისი სიხარული ნაადრევი გამოდგა. ტესმა ცურვით გული იჯერა, ნაპირზე ამოვიდა და შეზლონგზე გულაღმა გაწვა. რამდენიმე წუთში სტეფანემაც მას მიჰბაძა. სწორედ ამ დროს მოესმა ტესის ხმა:

_ ჩემი ქორწინების ამბავი არ გაინტერესებს? იმ საღამოს ისე სწრაფად გაიქეცი, ვეღარ მოგიყევი ჩემი ისტორია. _ და ირიბად გამოხედა მამაკაცს.

სტეფანე მისკენ შებრუნდა, ჩამავალ მზეს ზურგი მიაფიცხა, მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდო და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით მიუგო:

_ არ ვიცი, რამდენად მაქვს უფლება, შენი პირადი ცხოვრებით დავინტერესდე. ასე მგონია, შენნაირ ქალს რომ კაცი მიატოვებს, ყველაზე დიდი ნაძირალა უნდა იყოს. _ ეს კი თქვა, მაგრამ გულში ასე სულაც არ ფიქრობდა.

_ რატომ გგონია? იქნებ მე ვარ კაპასი და აუტანელი ხასიათის? _ კეკლუცად ჩაეკითხა ქალი. ეს უკვე ფლირტს ჰგავდა.

_ ჰმ… რაღაც არ მჯერა, თორემ აქამდე არ გამომეპარებდა. კარგი, მომიყევი, როგორ გაიცანით ერთმანეთი და მერე რა მოხდა.

_ შენც იცი, ხომ, კარდიოლოგი რომაა? ისე, მაგარი ექიმია, ვაღიარებ. ჰოდა, კიევში სწავლობდა, რომ გავიცანი. ზაფხულობით ჩამოდიოდა თბილისში. ჩემს მეზობლად დადიოდა თავის ძმაკაცთან, რომლის და ჩემი დაქალი იყო. მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ. ეგრევე დამადგა თვალი, მეც მომეწონა. ბავშვი ვიყავი და გამიხარდა, სტუდენტი რომ გამეპრანჭა… მეამაყებოდა. ორ ზაფხულს გრძელდებოდა ჩვენი ურთიერთობა. მეორე ჩამოსვლაზე, აგვისტოში, გადამეკიდა, გინდა თუ არა, ცოლად გამომყევი და კიევში ერთად წავიდეთ, იქ ვიცხოვროთო. მესამე კურსზე იყო. არადა, იმ წელს მეც ჩავირიცხე. მისი გულისთვის სწავლა მივატოვე და გავყევი. ბევრი რამ შევწირე მის კარიერას. ძლივს გავაკეთე უნივერსიტეტში აღდგენა, როცა უკან დავბრუნდით, თორემ დავრჩებოდი უდიპლომო და დედამთილის ყბიდან ვერ ამოვიდოდი. ისედაც ვერ მიტანდა, ექიმი რძალი უნდოდა, ჰყოლოდა.

სწავლა რომ დავამთავრე, ეგრევე მუშაობა დავიწყე და ამან უფრო გააღრმავა უსიამოვნებები. ძალიან ეჭვიანი გახდა, ყველაფერი თავის გემოზე სურდა ყოფილიყო. ეს არ ჩაიცვა, ის არ ჩაიცვა… თვალები არ დაიხატო, იმას სხვანაირი თვალით რატომ შეხედე და რა ვიცი, საბუზღუნო არ ელეოდა. არადა, ყველას უყვარდა, ჩემიანებიც, მეგობრებიც, ყველა აღფრთოვანებული იყო მისით. ეხერხებოდა თავის წარმოჩენა. მარტო ჩემთან იყო დიდ გულზე. ახლა მეცინება, დავშორდით თუ არა, უმუშევარი გავხდი. ერთად ყოფნის დროს მაინც დამეკარგა სამსახური.

_ გიყვარდა? _ ამ შეკითხვის დასმა ძალიან გაუჭირდა მამაკაცს, გული უცნაურად შეერხა.

_ არ ვიცი, ალბათ ეს არ იყო სიყვარული, მაგრამ ყველა მეუბნებოდა, ეგეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა, მერე რა, რომ ახალი გაცნობილი გყავს, მაგარი ბიჭია, პერსპექტიული ექიმი, კარგი ოჯახისშვილიო… იმ პერიოდში მეც მეგონა, რომ მიყვარდა. არ ვიცი, რა იყო ეს, მაგრამ სიყვარული ნამდვილად არ იყო. სწორედ ამან დაანგრია ჩვენი ოჯახი. ამასთან, თვითონაც უყვარდა ქალები, ხომ იცი, სიმპათიურ ექიმებზე ყოველთვის დიდია მოთხოვნილება. ზედ ახტებოდნენ ქმრიანებიც და გასათხოვრებიც. ყველაფერ ამას რომ ხედავდა, იმიტომაც არ მენდობოდა და ეჭვიანობდა ჩემზეც. უნდოდა, გარდავქმნილიყავი, მაგრამ არ გამოუვიდა. ჩემით არასდროს ყოფილა კმაყოფილი…

სტეფანე წამოდგა და ჩაცმას შეუდგა.

_ უკვე მიდიხარ? დღეს ხომ არ მუშაობ?

_ არ ვმუშაობ, მაგრამ მზემ დააჭირა, არ მინდა დავიწვა, _ მიუგო მამაკაცმა.

ტესმა წყენა არ შეიმჩნია, შეზლონგზე გაწვა, თვალები დახუჭა და მზეს მიეფიცხა.

სტეფანეს ეგონა, ქალი უკან გაჰყვებოდა, მაგრამ შეცდა. გუნება გაუფუჭდა, უნდოდა, ტესი გვერდით ჰყოლოდა, ყოველ წამს შეეგრძნო მისი თმის სურნელი, მოესმინა მისი გულიანი კისკისი, ეგრძნო მისი სხეულის შეხება, ასე რომ აღაგზნებდა, მაგრამ… ამ ყველაფრის უკან მურთაზის არსებობა იყო ჩასაფრებული.

მხრებჩამოშვებული მიაბიჯებდა მოკირწყლულ ბილიკზე, სმენადაძაბული უგდებდა ყურს ყოველ გაფაჩუნებას, ზურგს უკან იქნებ ტესის ნაბიჯების ხმა გავიგონოო, თუმცა ისე ავიდა ოთახში, ქალი არ გამოჩენილა.

წყალი გადაივლო, ტანსაცმელი გამოიცვალა, წამოწვა და თავქვეშ ხელებამოდებული ჭერს მიაჩერდა.

მის გულში ბუნდოვანი ინსტინქტური ჭიდილის პროცესი დაიწყო, განგებ იხსენებდა იმ ქალებს, რომლებთანაც მეტ-ნაკლებად ჰქონია ინტიმური ურთიერთობა თუ ფლირტი, რათა ეს დახმარებოდა ტესისგან აშლილი ვნებათაღელვის დაცხრომაში.

არადა, რა უაზროდ იფლანგებოდა დრო მის გარეშე. რამდენი კოცნა გამოტოვა ამ დღეებში, რამდენი მოფერება, რამდენი საალერსო სიტყვა, რომელიც სალბუნივით მოეფონებოდა მის გულს და გააახალგაზრდავებდა.

ისე, რატომ ყოყმანობს? რა მოხდა, თუკი მისი ბავშვობის მეგობრის ცოლი მოეწონა? მათ ხომ ცხრა წელია, გაწყვიტეს ურთიერთობა? ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებთ. საიდან გაიგებს მურთაზი რა ხდება მასა და ტესს შორის აქ, ოკეანის გამოღმა? ან კი მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვის დაუწვება მისი ყოფილი მეუღლე?

ამ დროს მისი და ტესის შემაერთებელი ოთახის კარი მოურიდებლად გაიღო და მენეჯერი ნიავივით შემოსრიალდა საძინებელში.

_ რას აკეთებ, სტეფ? _ ქალმა დოინჯი შემოიყარა, მკერდი წინ გამოზნიქა და ზემოდან გამომწვევად დააჩერდა საწოლზე გაშხლართულს.

სტეფანე გვერდზე გადმობრუნდა, თავი მარცხენა ხელს დააყრდნო და საცურაო კოსტიუმში გამოწვართულ უნაკლო სხეულს ხარბი მზერა ჩააყოლა.

_ მოგონებები ამოვყარე გულის სკივრიდან და ვანიავებ, ობი რომ არ მოეკიდოს, _ გამოუცნობი ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე.

_ როგორ გიხდება, როცა იღიმი, მაგრამ ეს ისე იშვიათად ხდება, ხანდახან ვფიქრობ, ნეტავ საერთოდ თუ იცის, ღიმილი რა ხილია-მეთქი, _ სიცილით წარმოთქვა ტესმა, სკამი ხრიგინით მოსწია, დაჯდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

_ ეჰ… იყო დრო, იმდენი ღიმილი მქონდა, არ ვიცოდი, როგორ გამენაწილებინა, _ გაიხუმრა სტეფანემ.

_ მერედა, სადაა? რაღაც იშვიათად მხვდება თვალში.

_ გავანიავე, _ ეშმაკურად მოწკურა თვალები მამაკაცმა, _ ქალებში გავანიავე.

ტესმა ზედა ტუჩი გამომწვევად ჩაილოკა ენის წვერით და მრავლისმთქმელი მზერა ესროლა.

_ გინდა, ჩანჩქერზე ავიდეთ?

_ როდის? _ მამაკაცმა წამოიწია და საწოლს იდაყვით დაეყრდნო.

_ ნაშუადღევს, მზე რომ გადაიხრება. ოღონდ ფეხით ვერ ავალ, ძალიან დავიღლები და ხვალ ვეღარ ვივარგებ.

_ ვნახოთ, საღამომდე ჯერ მთელი საუკუნეა.

_ შენს ამბებს არ მომიყვები?

_ რა ამბებს? _ წარბები აზიდა სტეფანემ.

_ შენი ცხოვრების მინი-ისტორიას.

_ არც არაფერია მოსაყოლი, მე ერთი უთავგადასავლო კაცი ვარ, _ სტეფმა ამოიოხრა და საწოლზე წამოჯდა. ადგილს ვერ პოულობდა, არ იცოდა, ქალის ცეცხლოვან მზერას როგორ გაჰქცეოდა.

_ ისეთი თვალები გაქვს, ასე მგონია, ქაღალდი რომ ახლოს მოგიტანოს კაცმა, აალდება. _ სტეფანე ფლირტის ხასიათზე დადგა, წინა დღეების სიამაყე და შიში ერთბაშად მიყუჩდნენ სადღაც.

ტესმა არ მისცა საშუალება, ლაპარაკი სხვა თემაზე გადაეტანა, ამიტომ დაწყებული საუბარი გააგრძელა:

_ მე ისე შემცვალა განქორწინებამ, ახლაც კი მიკვირს. სულ სხვა ადამიანი გამხადა.

_ სამაგიეროდ, ხომ ხედავ, რამდენს მიაღწიე. ყველას კი არ შეუძლია საქმე ასე ააწყოს, თანაც უცხო ქვეყანაში, სამშობლოსგან შორს. ეს ერთგვარი ნიჭია. თანაც როგორი დამოუკიდებელი გახდი.

_ იცი? შენში არის რაღაც მაგიური, ადამიანს რომ აჯადოებს.

_ საიდან მოიტანე? _ სტეფანეს გაეცინა.

_ არასდროს არავისთვის გადამიშლია გული, პირველად ხდება, როცა ჩემს პირადულზე ასე გულახდილად ვყვები.

_ მეც ასე ვარ, არ მიყვარს ჩემს ცხოვრებაზე საუბარი, _ დაეთანხმა სტეფანე.

რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩუმად ისხდნენ. თითოეული თავის ფიქრებში იყო ჩაძირული, შემდეგ ტესმა თავი წრიული მოძრაობით ჯერ მარჯვნივ შეატრიალა, მერე მარცხნივ.

_ კისერი გტკივა?

_ ხანდახან მეღლება, განსაკუთრებით ცურვის შემდეგ. როგორც ჩანს, ზედმეტად მეჭიმება ძარღვები.

_ მსუბუქად უნდა გაცურო, მკლავებს და კისერს ძალა არ უნდა დაატანო.

_ ვიცი, მაგრამ ვერ ვახერხებ. ასე მგონია, რომ მოვდუნდე, ჩავიძირები, _ აკისკისდა ტესი.

_ გინდა მასაჟი ჩაგიტარო? _ შეეკითხა სტეფი და იგრძნო, როგორ დაეჭიმა სხეული. დაბურძგლა იმის გაფიქრებამ, რომ სასურველი ქალის შეხება მოუწევდა. სიმამაცის სულ რაღაც ცამეტი წამი სჭირდებოდა, რომ თავდავიწყებას მისცემოდა და თავის უსაქციელობაზე თვალი დაეხუჭა.

_ უარს არ ვიტყოდი, _ თვალები იდუმალი ნაპერწკლებით აევსო ტესს, ეგრევე წამოხტა და საწოლზე გადასკუპდა.

_ შეტრიალდი! _ საქმიანად მიმართა სტეფანემ და როგორც კი ქალმა ტანი შეატრიალა, თითები ოსტატურად გადააცურა მის ზურგზე.

_ ოჰ, რა კარგია, _ აღმოხდა ტესს.

_ უკეთ ხარ? _ შეეკითხა ორიოდე წუთის შემდეგ.

_ ბევრად უკეთ, _ მიბნედილი ხმით მიუგო ქალმა და თავი ოდნავ წინ გადახარა.

თითქოს ამ მომენტს ელოდაო, სტეფანეს მოთმინება გამოელია და ტესის ყვრიმალზე აკოცა.

ქალი უცებ მოეშვა, თითქოს დაადნოო ცხელი ტუჩების შეხებამ. სხეული აუმხედრდა, თრთოლამ აიტანა. ხვდებოდა, დილანდელმა გულახდილობამ როგორი ემოციური კავშირი დაამყარა მათ შორის. თანდათან იმასაც აცნობიერებდა, როგორ სჭირდებოდა დიდი ხნის გადავიწყებული და მონატრებული ალერსი.

ახლა ისღა რჩებოდა, უკან გადაწეულიყო, სტეფანეს მკერდს მიყრდნობოდა და ნება დაერთო მისთვის, მოფერებოდა. წამებში შეიგრძნეს ერთმანეთის გემო.

_ ტეს…

_ მ-მ-მ…

ტესმა თავი მოაბრუნა, რათა სტეფისთვის შეეხება, იქ კი მისი ჩასაფრებული ტუჩები დახვდა… ეს იყო უტკბილესი კოცნა. ტესი ვერც ამჩნევდა, როგორ ეფერებოდა მამაკაცის ძლიერი ხელები საცურაო კოსტიუმში მიმალულ მის შიშველ ძუძუებს. სტეფანეს ვნება უფრო და უფრო მოეძალა, შეეცადა, ფრთხილად გადმოეწვინა ქალი მუხლებზე, რათა კოცნა გაადვილებოდა. როცა ტუჩებით მის თვალებს შეეხო, იგრძნო, როგორ უთრთოდა ტესს წამწამები, რომელიც ცრემლით დანამოდა. თავი ასწია. ორი წვეთი ცრემლი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოუგორდა ქალს ღაწვებზე. სტეფანე ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ ორი წვეთის გზას, თან უკვირდა, ვერ მიმხვდარიყო, რა ატირებდა.

_ აი, ჭეშმარიტად საოცარი ადგილი ვიპოვე, _ წაიჩურჩულა სტეფანემ, მის ყელს კოცნით ჩაუყვა და ყელისა და მკერდის გასაყოფზე, პატარა ჩაღრმავებულ ადგილს ეამბორა.

ტესმა თითები შეუცურა თმაში, დიდხანს ეფერა, მერე ყურზე ჩამოუსვა ხელი, ნაზად ეხებოდა, გაწელილად, თითქოს მისი ყურის ნიჟარის შესწავლას ლამობსო.

მდგომარეობა მაშინ გართულდა, როცა მამაკაცმა ქალი ხელში აიყვანა და საწოლზე გადააწვინა. აი, მაშინ კი წამოხტა ტესი და სკამზე გადაჯდა.

_ არა, არ შეიძლება! _ წამოიძახა.

სტეფანე გახევდა. თითქოს ღრმა ბურანიდან გამოერკვაო, ამღვრეული თვალები შეანათა.

_ რა მითხარი?

_ არ შეიძლება, სტეფ, გვეყოფა!

ჰო, მართალია, არ შეიძლება. სტეფანემაც იცის, რომ ამის უფლება არა აქვს, ამიტომაც გაურბოდა ეს დღეები. ყველაფერი ტესის ბრალია, კატასავით მიეპარა და თავგზა დააკარგვინა. მან კი იცის, რომ არ შეიძლება, მაგრამ ტესს რა უშლის ხელს? მისთვის რატომაა ეს სიახლოვე აკრძალული?

ტესი ადგა და კარს მიუახლოვდა. რა ქნას, შეტოპოს უფრო ღრმად, თუ დროზე შეჩერდეს, სანამ მისი საიდუმლო არ გამჟღავნებულა? ქალი ფიქრებმა წაიღო. არადა, რა სასიამოვნოა მასთან სიახლოვე. ყველაფერი ისეთი ბუნებრივი და სუფთაა… მაგრამ რა იქნება შემდეგ? აჯობებს, დროზე გაჩერდეს, სანამ ძალიან გვიან არ იქნება.

_ ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ, მეგობრებად დავრჩენილიყავით, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ. წესით, ჩვენ შორის მეგობრობის გარდა ყველაფერი დასრულდა.

_ ვიცი, მაგრამ ვერ ვახერხებ იმის დასრულებას, რაც უკვე დასრულდა. არ ვიცი, რა არის ეს, მაგრამ თავს ვერ ვერევი.

_ მე წლებია, მარტო ვარ, გადავეჩვიე მსგავს ურთიერთობას.

_ მარტოობის ასი წელი?

_ არა, ასი არა, მხოლოდ ოთხი, მაგრამ არც ოთხი წელიწადია ცოტა.

_ აკი ცხრა წელია, ქმარს დავშორდიო?

_ ოთხი წლის წინ დავშორდი ერთს, მაიკლი ერქვა. კარგი ადამიანი იყო, ვუგებდით ერთმანეთს, სანამ…

_ სანამ?

_ სანამ არ მივხვდით, რომ ამოვწურეთ ერთმანეთი, _ განშორების ნამდვილი მიზეზი არ დაასახელა ტესმა.

_ ასე მალე მოიბეზრეთ ერთმანეთი? _ მამაკაცმა დაკვირვებით შეათვალიერა ქალი.

_ მაინცდამაინც არ გამჭირვებია. მას ოჯახის შექმნა უნდოდა, ხელის შეშლა არც მიფიქრია.

_ ოჯახის შექმნა სხვასთან?

_ ჰო, აბა ჩემზე კი არ იყო ლაპარაკი. უცხოელის ცოლად მოყვანა არ უნდოდა. არც მე მსურდა მეორედ გათხოვება. ასე მგონია, კვლავ არ გამიმართლებს, ამიტომ გათხოვებაზე ფიქრს საერთოდ შევეშვი. მურთაზთან განშორება უფრო გამიჭირდა, ვიდრე მაიკლთან. გამიჭირდა კი არა, ძალიან დიდხანს ვერ შევეგუე, ასე მეგონა, მარტოს საშინლად გამიჭირდებოდა. უიმედობის ლაბირინთებში ვიყავი გახვეული. სულ ვტიროდი, არა იმიტომ, რომ მასთან დაბრუნება მინდოდა. უბრალოდ, ყველაფრის თავიდან დაწყება გამიძნელდა. არ ვიცოდი, საიდან მივდგომოდი ცხოვრებას. ყველაფრის ხალისი დავკარგე, მხოლოდ იმედი დათარეშობდა გონებაში და მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა. მერე აქეთ წამოსვლა მოვახერხე და როგორც იქნა, ვიპოვე ჩემი ადგილი. აი, ეს არის ჩემი ისტორია.

_ ისტორია ისტორიამდე. _ შეუსწორა სტეფანემ, _ ახლა მორიგი ფურცელი უნდა გადაშალო შენი ცხოვრების წიგნში და ლამაზად მოხატო, ხელის ჩაქნევის უფლება არა გაქვს.

_ ეჰ… ეგრე იმდენი რამის უფლება არ მაქვს, _ ხელი ჩაიქნია ტესმა და ისე სწრაფად გაიხურა კარი, სტეფანემ სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო.

_ ტეს! _ დაუძახა, _ ტეს, სად წახვედი? რა მოგივიდა?

ქალმა თავისი ოთახიდან გამოსძახა:

_ არ შემიძლია, სტეფ, შენთან ურთიერთობა ჩემს ძალებს აღემატება.

_ რატომ, რატომ? რამე ისე არ არის?

_ პირიქით, სტეფ, ყველაფერი ზედმეტად კარგადაა, როცა შენთან ვარ.

სტეფანეს ვერაფერი გაეგო. ვერ მიხვდა, რატომ გაექცა ტესი. როგორი ვნებიანი იყო, როგორ ილტვოდა მისკენ, მთელი სხეული უხურდა მის მკლავებში მოქცეულს, მერე კი უეცრად პანიკამ მოიცვა. მიზეზს ვერ ხვდებოდა. ის, რომ სტეფანე მის პირველ ქმარს იცნობდა, ტესმა არ იცოდა, ამიტომ ეს ვერ იქნებოდა პანიკის მიზეზი. მაშ რა? ფანჯარას მიახლოებულმა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა. ჯერ კიდევ გრძნობდა ქალის სხეულის სიტკბოს. ტესი იმ ხმელ ხეს აგონებდა, ასანთის ერთი გაკვრა და ცეცხლი წამსვე რომ წაეკიდება.

 

საღამოს უცნაური რამ მოხდა. დილანდელი ინციდენტის შემდეგ ორივესთვის ნათელი გახდა, რომ მათი მეგობრობა ახალ ფაზაში გადავიდა _ ურთიერთობა პლატონური სტადიიდან ხორციელ ვნებათაღელვაში გადაიზარდა. და ეს სულაც არ იყო ის დროებითი, გასართობი ხანმოკლე რომანი, რომელსაც სტეფანე ვარაუდობდა. ხვდებოდა, რომ საჭიროზე მეტი სიფრთხილით ეკიდებოდა ტესს, ფრთხილობდა, უხამსად არ მოჰქცეოდა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალის პირობებში არ ჩაეყენებინა. ჯერ ვერ ხვდებოდა, რამ განაპირობა ეს, მურთაზის ფაქტორის უეცარმა ამოტივტივებამ თუ სხვა უფრო ძლიერმა, ჯერ კიდევ უსახელო გრძნობამ. მთავარი ის იყო, რომ ტესის გამოჩენამ მასში დიდი ხნით მივიწყებული თუ სულაც ჯერარგანცდილი გრძნობები გამოაცოცხლა. მან მამაკაცის ცხოვრებას სულ სხვა აზრი და ბრწყინვალება შესძინა. ქალს იგი თითქოს ყოველდღიური რუტინიდან გამოჰყავდა და არსებობას უმსუბუქებდა. ერთი სიტყვით, მის გვერდით ყოფნა იყო ერთადერთი, რაც სტეფანეს ენით გამოუთმელ სიამოვნებას ანიჭებდა.

მაგრამ ერთ რამეს ვერ ხვდებოდა, რა მოიქმედა ისეთი, ასე სწრაფად, მოულოდნელად რომ გაექცა ქალი მკლავებიდან? ეს აუცილებლად უნდა გაეგო, თან დროულად, დახანება არ ივარგებდა. არა, ვერ დაუშვებს, რომ ტესი მისი ცხოვრებიდან გაქრეს. ჭირსაც წაუღია მურთაზი. ბოლოს და ბოლოს, თავს გაიმართლებს _ ვითომ არც იცოდა, თუ მის ყოფილ ცოლთან გააბა რომანი. ნეტავ საერთოდ არ ეკითხა, ვინ იყო შენი ქმარიო. მაშინ ვერც ტესი გაიგებდა ვერასდროს, რა აკავშირებდა სტეფანეს ვარდოსანიძესთან.

 

ტესი ოცდამეექვსე ნომერში იჯდა, რომელიც შოტლანდიური სტილით იყო გაწყობილი და ფენით თმას იშრობდა. ვერ ბედავდა თავის ოთახში ასვლას, სტეფთან შეხვედრას გაურბოდა. არ შეეძლო მისთვის თვალებში შეეხედა. აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა. ის ფლირტიც სიამოვნებდა, ერთმანეთთან რომ აკავშირებდათ და ის თითო-ოროლა კოცნაც, წინა დღეებში რომ ჩუქნიდნენ ერთმანეთს. მერე სტეფმა უთხრა, აჯობებს მეგობრებად დავრჩეთო და მშვიდად შეხვდა ამ წინადადებასაც, რადგან მასაც აწყობდა, მათი რომანი არ გაღრმავებულიყო. დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. ამას უკვე აღარ ჰქვია მსუბუქი ფლირტი. ეს სერიოზული, ღრმა ურთიერთობის დასაწყისია, რაც ტესს სულაც არ უნდა. როგორ დაუშვა ეს? რა ბზიკმა უკბინა? ყველაფერი აერ-დაერია გონებაში. თავის თავს ადანაშაულებდა მომხდარში. მთელი ოთხი წელი გაურბოდა მამაკაცებთან რომანის გაჩაღებას, მაგრამ აგერ, გამოჩნდა სტეფანე და მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

საშინელება იქნება, სტეფანესთანაც იგივე რომ დაემართოს, რაც მაიკლთან დაემართა. პირველი ორი წელი თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მერე უცებ გაცივდა, საყვარელ ადამიანთან სექსი არ სიამოვნებდა და სწორედ ეს გახდა ყველაზე დიდი უსიამოვნების მიზეზი. არ იცის ტესმა, დღემდე არ იცის, რატომ დაემართა ეს. რატომ დაეუფლა ზიზღი, როცა მამაკაცი ეფერებოდა. სიახლოვეს ვეღარ იკარებდა, ორსული ქალივით აღიზიანებდა მაიკლის სხეულის სუნი, თითქოს ყნოსვა გაუმძაფრდა. როცა მაიკლს ამაში გამოუტყდა, ამ უკანასკნელმა არ დაუჯერა და ხუმრობაში გაუტარა, მაგრამ მერე და მერე, როცა ზედიზედ რამდენჯერმე განმეორდა ერთი და იგივე, მაიკლი ნირწამხდარი განზე გადგა. ძალას ხომ არ გამოიყენებდა ქალზე, რომელთანაც ლოგინი სიამოვნებდა? ეგონა, მასში იყო პრობლემა, მაგრამ ტესმა დაარწმუნა, რომ თვითონ იყო ეგეთი, რომ მხოლოდ მას, ტესს ემართებოდა მსგავსი რამ, როცა ურთიერთობა გარკვეულ ეტაპს გაივლიდა.

მაიკლმა გაუგო. ისინი მშვიდად დაშორდნენ ერთმანეთს და ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ყოველ წელს ჩამოდის მაიკლი და რამდენიმე დღეს ატარებს მასთან, ოღონდ სექსის გარეშე. ვინ იცის, იქნებ ეს იმის ბრალია, რომ არც ქმარი ჰყვარებია არასდროს და არც მაიკლი? უფრო სწორად, ეს ორი ურთიერთობა არ იყო ისეთი სიყვარული, რომელიც გათრთოლებს, უძილობას დაგმართებს და ვნებით შეგაჟრჟოლებს? ყოველთვის ოცნებობდა ტესი ასეთ სიყვარულზე, მაგრამ არასდროს გამოუცდია.

ახლა სტეფი გამოჩნდა. ვაითუ მასთანაც იგივე განმეორდეს… მერე როგორ მოიქცეს? ყველა კაცი როდია ერთნაირი. მაიკლმა გაუგო, მაგრამ ეს გაუგებს? მურთაზთან იმდენად არ ჰქონია პრობლემა, რადგან მასთან ბოლო წლებში იშვიათად ჰქონდა ინტიმური სიახლოვე. მამაკაცი სხვა ქალებზე იყო გადართული, სულ ახალ-ახალი საყვარელი ჰყავდა, ქალების რიგი ედგა კაბინეტთან. თანაც, როცა ტესთან დაწოლა მოუნდებოდა, არად დაგიდევდათ, სურდა თუ არა ქალს მასთან სექსი, არც მოუსმენდა, ისე მიეჭრებოდა, წამოაქცევდა საწოლზე და მორჩა…

ისე, სტეფანე აქ დიდხანს დარჩენას არ აპირებს. მორჩება თავის სამუშაოს და შარშანდელი თოვლივით გაქრება. იქამდე? იქამდე ხომ შეუძლია, დატკბეს მასთან ურთიერთობით? იმედია, ასე უცებ, ორ და სამ თვეში არ შეზიზღდება მისი სხეული. მერე ის ისედაც წავა და მიატოვებს, ამაში ტესი დარწმუნებულია.

მაგრამ ეს კიდევ მეორე ტკივილია, რომელსაც მერე დიდხანს ვერ გააყუჩებს. უნდა ახლა კიდევ ტკივილის გადატანა? თანაც, რაღაც სხვანაირი გრძნობითაა მის მიმართ გამსჭვალული, სხვანაირად უძგერს გული, როცა მის შეხებას იხსენებს. იქნებ ესაა ნამდვილი სიყვარული? იქნებ ქვეშეცნეულად გრძნობს ამას და იმიტომაც გაურბის სტეფანეს?

მორჩა, მათი ურთიერთობა მეგობრობის ფარგლებს აღარ გასცილდება. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. რომც გაუჭირდეს, ეს უნდა გააკეთოს, თუ უნდა, რომ მშვიდად გააგრძელოს ცხოვრება.

ტესმა სველი პისახოცი დივანზე მოისროლა, გამშრალი თმა კეფაზე დაიხვია და ნომრიდან მტკიცე გადაწყვეტილებით გამოვიდა…

თუმცა მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისმა სიყვარულმა იმ დილიდან დღეების ათვლა უკვე დაიწყო…

 

შაბათი გათენდა. სტეფანემ ტელეფონი ადგომისთანავე გამორთო, თავს ასე უფრო მყუდროდ იგრძნობდა. არ უნდოდა, გამოსასვლელ დღეებში ზარებით თავი გაებეზრებინათ. ისევ სამსახურიდან თუ დაურეკავდა ვინმე, თორემ სხვას არც არავის იცნობდა, სასტუმროს თანამშრომლების გარდა, საქართველოდან კი ისედაც არ ელოდა არავის დარეკვას. შინ წამოღებულ სამუშაოს ჩაუჯდა და ესკიზების გადათვალიერებას შეუდგა. ყოველ შესწორებას სწავლობდა, რომელიც მხატვარმა შეიტანა მშენებლობის პირველად დაგეგმარებაში. საერთო ჯამში შენობა თანამედროვედ გამოიყურებოდა, მაგრამ სხვა ტიპის სახურავი და ფანჯრები შედარებით მსუბუქ იერს ანიჭებდა და უფრო ესპანურ სტილს ამსგავსებდა, რაც პროექტს განსხვავებულს ხდიდა და კვარტალის იერსახესაც ესადაგებოდა. ტესს ეს მოეწონებაო, გაიფიქრა თავისთვის.

სხვა რამეც გაიფიქრა იმავე წამს _ თვითონ ხომ არ შეესყიდა ის სასტუმრო, რომლის შესახებაც ამას წინათ მეიბლმა უამბო და რომლის შესაძენადაც ფინანსები არ ჰყოფნიდა ტესს? და მერე რა? ტესს რა მოემატებოდა ამით? თუ იყიდდა, თავისთვის იყიდდა, მას ხომ არ აჩუქებდა? შეიძლება ასედაც მოქცეულიყო, იმდენად იყო გატაცებული მისით, მაგრამ მსგავსი საქციელი მაინც თავქარიანობაში ჩაეთვლებოდა. არა, ამაზე დაფიქრებაც კი არ ღირდა. ის აქ გამჩერებელი არ იყო, ვერაფრით გაძლებდა წლობით უცხო მხარეში, თბილისს გარეთ დიდხანს ვერსად ჩერდებოდა. ქალის გამო გარისკვა კი არ ღირდა. მით უმეტეს, ეს არ იყო სიყვარული. მართალია, გარკვეულწილად, განსხვავებული ლტოლვა გააჩნდა ტესის მიმართ, მაგრამ ჯერ გასარკვევი იყო, რად უღირდა ეს ლტოლვა. იქნებ ასე რომ გაუჭიანურდა მისი დაუფლება, ამიტომაც ეგონა განსხვავებული? როგორც მონადირემ, საფარი დიდი ხანია, დატოვა, ახლა მსხვერპლს კვალდაკვალ მისდევდა და გასაქანს აღარ უტოვებდა, თუ არ ჩავთვლით იმ მცირემონაკვეთიან სისუსტეს, ამ დღეებში რომ გამოიჩინა. ქალის ხელში ჩაგდების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდა, როცა ყველაზე ინტიმურ მომენტში მისგან სასტიკი უარი მიიღო.

სტეფანემ ამოიხვნეშა. ტესი მისთვის დღემდე გამოცანად რჩებოდა. უკვე შვიდი დღე გავიდა იმ შემთხვევიდან, როცა კინაღამ მოხდა მოსახდენი, მაგრამ ქალი ისევ და ისევ გაურბოდა. აი, სასტუმრო რომ აჩუქოს, თავი ქუდში ექნება, ეგრევე დანებდება ტესი, მაგრამ სტეფანეს არ სურს ამ მეთოდით ქალის გულის მონადირება, ასეთი რამეები არ ჩვევია. თანაც, გამოდის, რომ მთელი მისი კაპიტალი, აქამდე დაგროვებული და ის ჰონორარიც, რომელიც ახალი სასტუმროს მშენებლობაში უნდა მიიღოს, ერთ პატარა მოტელს უნდა დაახარჯოს და თანაც, რისთვის? ისე, ცუდი იდეა სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, ტესს წილში ჩასვამს და თვითონ ხელსაც არ გაანძრევს, ისე მიიღებს მოგებას. ამ ქალმა იცის, როგორ უნდა იმუშაოს და აკეთოს ფული. იფიქრებს სტეფანე ამაზე, მაგრამ საბოლოოდ აქ დარჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ეს გამორიცხული ამბავია!

არადა, ტესი მისთვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. უნდა, რომ ქალი ბედნიერი იყოს და თავად შეიტანოს ლომის წვლილი ამ ბედნიერებაში. მერე რა, თუ ცოლად არ შეირთავს? ქალების მეტი რა არის, მთელი ცხოვრება საყვარელი რომ ჰყავთ და მშვენივრად გრძნობენ თავს? ისიც ჩამოვა ხოლმე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, შეიძლება სამჯერაც კი. განშორებით გამოწვეულ მონატრებას ხომ უფრო მეტი ხიბლი აქვს, უფრო დიდხანს ეყვარებათ ერთმანეთი. ამის გაფიქრებამ ღიმილი მოჰგვარა.

ტესი კი კვლავ გაურბის. მართალია, სტეფანე მაინც ცდილობს კონტაქტის შენარჩუნებას, მაგრამ ისე ვეღარ არიან ერთმანეთთან, ადრე რომ იყვნენ. მცირე ნაპრალი მაინც გაჩნდა მათ ურთიერთობაში. სტეფანეს არ ჩვევია უკან დახევა. იგი ჩვეულებისამებრ განაგრძობს ტესის ყოველ დილით გაღვიძებას და მასთან ერთად აუზზე გასვლას, ისევ ერთად საუზმობენ და დამშვიდობებისას ისევ ისე კოცნის, თითქოს მათ შორის შავ კატას არ გაერბინოს, მაგრამ დაძაბულობა მაინც იგრძნობა.

ვინ იცის, მერამდენედ დაუსვა ტესს ერთი და იგივე შეკითხვა, რა მოხდა, რა გავაკეთე ისეთი, რაც შენ არ მოგეწონაო, მაგრამ მისგან პასუხს დღემდე ვერ ეღირსა.

რამდენჯერმე მოეჩვენა, თითქოს ტესმა პირი გააღო სათქმელად, მაგრამ მაინც გაუჭირდა, აშკარად რაღაც აკავებდა. რა? ეს მისთვის გაუგებარი იყო და სწორედ ამას გადაჰყავდა ჭკუიდან. კიდევ უფრო ახელებდა, ქალი რომ გაურბოდა. თუ აქამდე სიამოვნებას ჰგვრიდა გაჭიანურებული პროცესი, ახლა ღიზიანდებოდა. აშკარა იყო, ტესი რაღაცაში არ ენდობოდა და რა იყო ეს რაღაც, თავში აზრადაც არ მოსდიოდა.

ამწუთას ტესი არ იმყოფება თავის ოთახში, დაბლაა ჩასული, რესტორანში და მეიბლთან ერთად დარბაზის მორთვას ცდილობს. ჰელოუინი მოახლოვდა და ბევრი საქმე აქვს მოსაგვარებელი. დღეს ცეკვების საღამო იმართება და ყველანი ემზადებიან. იქნებ თვითონაც მიხმარებოდა და მიპატიჟების ნებართვაც მიეღო? ტესთან ცეკვა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მასთან დასაახლოებლად. ჰოდა, ცევის დროს შეეცდება, თავით გაიტანოს ის კედელი, რომელიც მათ შორის ნებსით თუ უნებლიეთ აღიმართა. თუმცა, რაღად უნდა მიპატიჟება, ის ხომ ამ სასტუმროს ბინადარია და თავისთავად ეკუთვნის საღამოზე დასწრება, ამისთვის ტესის ნებართვა სულაც არ არის აუცილებელი.

არა! რადაც უნდა დაუჯდეს, მისი გარიდების მიზეზი უნდა გაიგოს, თანაც არა ხვალ და ზეგ, არამედ დღესვე, ამ საღამოსვე!

 

ტესს კარლოსი ეხმარებოდა მაგიდების და სკამების განლაგებაში, მეიბლი კი მრგვალ მაგიდებს აბრეშუმის თეთრი გადასაფარებლებით ალამაზებდა. ორკესტრის ადგილი უკვე მოაწყვეს, ახლა დარბაზის საბოლოო მორთვა იყო დარჩენილი. ტესმა ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ქაღალდი ამოიღო და ჩანიშნული საქმეების ჩაკითხვას შეუდგა.

_ მეიბლ, მოვასწრებთ სუფრის გაშლას სხვების დაუხმარებლად? თუ აჯობებს, დავიქირაოთ გოგო-ბიჭები?

_ არ გვინდა არავის დაქირავება, ტყუილად ზედმეტი ხარჯია, ყველაფერს ვასწრებთ, ნუ გეშინია, _ დაამშვიდა მეიბლმა მეგობარი.

_ კარლოს, შენ წადი, აქ უკვე აღარ ხარ საჭირო და ელენს მიეხმარე სამზარეულოში. _ მიუბრუნდა ტესი დამხმარეს, თან მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა, იცოდა, რომ კარლოსს ერთი სული ჰქონდა, ელენთან როდის გაუშვებდნენ. მამაკაცმა დარჩენილ რამდენიმე სკამს ხელი უშვა, მორჩილად დააქნია თავი და მაშინვე სამზარეულოს მიაშურა.

_ ბანკიდან პასუხი მოვიდა? _ მეიბლმა უზარმაზარი თოჯინა, რომელსაც ავსული ჯადოქრის როლი უნდა შეესრულებინა, დარბაზის შუაგულში მოათავსა და ირგვლივ რამდენიმე სახელდახელოდ გაკეთებული ჩონჩხის ფიგურა შემოუწყო.

_ არა, ერთი კვირის თავზე იქნება პასუხიო, ბანკის მენეჯერმა მითხრა.

_ იმედია, იქამდე არ დაიტაცებენ კლიენტები ჰარის მოტელს.

_ არა მგონია, მასზე ეგეთი მოთხოვნა იყოს, თან ჰარის ძალიან უნდა, რომ მაინცდამაინც მე ვიყიდო და არა სხვამ. დარწმუნებული ვარ, ბოლო წუთამდე დამელოდება, სანამ ყველა იმედი არ გადაიწურება.

_ სტეფანე სადღაა? რაღაც არ მომიკრავს თვალი, _ მოულოდნელად სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მეიბლმა.

_ ალბათ მუშაობს, ბოლო დროს შინ დაიწყო სამუშაოს მოტანა.

_ ამიტომაც მოდის ხოლმე ადრე სამსახურიდან? _ ისე ფართოდ გაიღიმა მეიბლმა, ტესს ეგონა, პირი ჩაეხაო.

_ ჰო, და მერე მთელი ღამე მუშაობს. როგორც ვხედავ, შეგიმჩნევია, ადრე რომ მოდის… რაშია საქმე, შემთხვევით, გული ხომ არ შეგივარდა ჩემს თანამემამულეზე?

მეიბლი გაწითლდა, თუმცა ტესი ვერ მიხვდა, რამ გამოიწვია მისი აფორეჯება _ მისი ვარაუდი შეესაბამებოდა სიმართლეს, თუ მეიბლმა თავი შეურაცხოფილად იგრძნო?

_ მე სხვა ბევრ რამესაც ვამჩნევ, ტეს, _ ცივად მიუგო მეგობარმა, _ თქვენ შორის რაღაც ხდება, რაღაცნაირად ოფიციალური გაგიხდათ ურთიერთობა. ასე მგონია, შორს გიჭირავს მისგან თავი. როგორ ფიქრობ, ვცდები?

ამჯერად ტესს შეეფაკლა ღაწვები.

_ ამაზე ახლო ურთიერთობა არც აქამდე გვქონია, _ მოიტყუა, _ უბრალოდ, ვცდილობდი, ცოტა შემემსუბუქებინა მისთვის ცხოვრება, მთლიანად საქმეზე რომ არ ყოფილიყო გადართული, _ თავის მართლებასავით გამოუვიდა და ალანძული სახე რომ დაემალა, ერთ გოგრას დასწვდა, მაგიდაზე შემოდო და დანით თვალების ამოჩიჩქნას შეუდგა, _ ვცდილობდი, ცოტათი განტვირთულიყო.

_ ვის განტვირთვაზეა აქ საუბარი? _ მოისმა ამ დროს მის ზურგს უკან სტეფანეს ხმა.

_ სტეფ, თქვენ რას აკეთებთ აქ? _ ტესმა ინგლისურად მიმართა მამაკაცს, რათა მეიბლისთვის დაემტკიცებინა, რომ მათ შორის სერიოზული არაფერი ხდებოდა.

_ მე აქ ვცხოვრობ, ლედი, თუ, რა თქმა უნდა, გახსოვთ ეს, _ მომნუსხველი ღიმილით უპასუხა სტეფანემ.

_ ადრე მოგიწიათ მოსვლამ, ზეიმი საღამოს იწყება.

_ თქვენ ეს შეამჩნიეთ? მშვენიერია. ადრე კი იმიტომ მოვედი, რომ არ მიყვარს შორიდან ყურება, როგორ ფუსფუსებენ ლამაზი ქალბატონები, რომელთაც მიხმარება სჭირდებათ.

ტესმა მეიბლს გახედა და გაოცდა. ქალს თვალები გაბრწყინებოდა სტეფანეს დანახვაზე. ნუთუ მათ შორის რამე ხდება და გამოეპარა? გული უსიამოვნოდ შეუთამაშდა.

მეიბლა იგრძნო მეგობრის მზერა და არ დაახანა:

_ კარგია, რომ მოხვედით. უამრავი საქმე გვაქვს და ვერ ვასწრებთ, ხელი გვაკლია.

_ როგორ გეკადრებათ! _ გააპროტესტა ტესმა, _ მისტერ გაგუა სულაც არ არის ვალდებული, დაგვეხმაროს, ის ჩვენი სასტუმროს კლიენტია და აქ ცხოვრებისთვის ფულს იხდის, ჩვენ…

სტეფანემ წინადადების დამთავრება არ აცალა, ხელი გულზე დაიდო და მთელი პათოსით წარმოთქვა:

_ მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, მაგრამ სასიკვდილოდ. მეგონა, გაგიხარდებოდათ ჩემი გამოჩენა, ტეს. როგორც ჩანს, შევცდი. _ ტრაგიკული სახით ამოიხვნეშა მამაკაცმა, _ ვიფიქრე, ქალბატონებს მივეხმარები და საქმეს გავუადვილებ-მეთქი. ალბათ აჯობებს, ოფისში წავიდე და იქ ვიმუშაო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შაბათია.

_ რას ამბობთ, რა დროს ოფისია! _ ფეხზე წამოიჭრა ტესი, _ მეიბლ, ახლავე დაასაქმე! _ წამოიყვირა აღელვებულმა და ამით თავი საბოლოოდ გასცა.

თუმცა ამაზე ყურადღება არც სტეფანეს გაუმახვილებია და არც მეიბლს, თითქოს მოლაპარაკებულები არიანო. მეიბლმა თითით მოიხმო მამაკაცი თავისთან და თვალით გოგრების გვერდით გამწკრივებულ ნათურებზე მიანიშნა. სტეფანეს ჰელოუინი დიდად არ ხიბლავდა და საერთოდაც, ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობდა ამ დღესასწაულზე, მაგრამ ის ნამდვილად იცოდა, რომ ნათურა გამოღრუნტული კვახის შიგნით უნდა მოეთავსებინა, ამიტომ მკლავები აიკაპიწა და საქმეს შეუდგა.

ტესი მალულად გააპარებდა ხოლმე თვალს ერთმანეთში მოსაუბრე და მოფუსფუსე ქალისა და კაცისკენ, თან გული შურით ევსებოდა, სტეფი მეიბლთან ახლოს რომ ტრიალებდა. გარიყულადაც კი იგრძნო თავი. გარდა ამისა, მცირეოდენმა ეჭვმაც გაჰკრა გულში, ეჩვენებოდა, რომ მეიბლი გაცისკროვნებული სახით შესცქეროდა მამაკაცს და თვალებით მის შეჭმას ცდილობდა.

არა, ეს სისულელეა, მისი უახლოესი მეგობარი ამას არ იკადრებს, თუმცა გამორიცხული არაფერია. ამერიკაში მოსული ამბავია დაქალებს შორის მეტოქეობა, ბოიფრენდობის კანდიდატებს კი არა, ქმრებს აწერენ ქალები ერთმანეთს, დებს შორისაც კი მომხდარა ასეთი ფაქტები. ჰოდა, უფრო ფხიზლად უნდა იყოს. შეიძლება მეიბლმა იფიქროს, რომ მათ შორის მართლა არაფერი ხდება და თვითონ გააქტიურდეს.

ისე, როგორ შეიცვალა სტეფი, შეუმჩნევლად ჩაეღიმა ტესს. მართალია, მისი შეცვლის პროცესი ძალიან დუნედ, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა და ეს ახარებდა. მისი დამსახურება იყო, მამაკაცმა, სხვა თუ არაფერი, გაღიმება მაინც ისწავლა. ახლა იმდენად არ იყო მხოლოდ საქმეზე გადართული, ყოველ დილა-საღამოს გამონახავდა დროს, ტესთან ერთად აუზზე ჩასულიყო, ან სკვერში გაესეირნა. ჯერჯერობით ვერ მოახერხა მისი ჩანჩქერზე აყვანა. როგორ უნდა, ის ადგილი უჩვენოს. ნამდვილი ოაზისია, უდაბნოში რომ გადააწყდები მოულოდნელად, სწორედ ისეთი.

ახლაც როგორ მხიარულ განწყობაზეა, რა გემრიელად იცინის, კვლავ გააპარა ტესმა მზერა მამაკაცისკენ. მართალია, იგი მთელი დღის განმავლობაში არ დადის სიცილ-ხორხოცით, არც სიმღერებს მღერის, მაგრამ ისიც კარგია, რომ ნელ-ნელა უგებს გემოს ცხოვრების მეორე, ნათელ მხარეს და მისით ტკბობას სწავლობს.

ტესისთვისაც ისეთივე გამოცანად რჩებოდა სტეფანე, როგორც სტეფანესთვის ტესი. ქალს ვერ გაეგო, რატომ ეთამაშებოდნენ კატათაგვობანას. ჯერ იყო და, ყველა ღონე იხმარა, რომ დაახლოებოდა და საქმე თითო-ოროლა კოცნამდეც მივიდა, მერე მოულოდნელად გამოუცხადა, ჩვენი რომანი გამორიცხულია და მეგობრებად დავრჩეთო, შემდეგ ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა. ზუსტად ისე იქცევა, კატა რომ თაგვს ათამაშებს, თათებით რომ ჩაბღუჯავს, მერე ოდნავ მიუშვებს, მერე ისევ ჩაბღუჯავს… ნეტავ რატომ? სტეფი არ არის იმ ასაკში, რომ სასიყვარულო ინტრიგების ხლართვა დაიწყოს და ბავშვური თამაშებით შეეცადოს მისი გულის მოგებას. არც სჭირდება ეს. თავიდანვე მშვენივრად ხვდებოდა, რომ ტესი არ იყო გულგრილი მის მიმართ. მაშ რა მოხდა? არ იცის ტესმა, რა მოხდა. არადა, კარგი იქნებოდა, მაშინ ორივეს დაესვა წერტილი ამ ურთიერთობისთვის. ახლა ხომ თვითონაც ცდილობს, თავი შორს დაიჭიროს მისგან, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ არაფერი გამოდის, უნდათ თუ არ უნდათ, ორივენი მიილტვიან ერთმანეთისკენ. ადრე ეგონა, რომ მათი ურთიერთობა პლატონურის ფარგლებს არ გასცდებოდა და მხოლოდ რამდენიმეწამიანი კოცნა-ალერსით შემოიფარგლებოდა, მაგრამ მწარედ შეცდა. სტეფი ისე მყარად დასახლდა მის ცხოვრებაში, იმის გაფიქრებაც კი, რომ იგი შეიძლებოდა ერთ მშვენიერ დღეს მისგან წასულიყო, საშინელ ტკივილს აყენებდა.

_ ტეს, სად დაფრინავ? _ სტეფანემ ხელი თვალწინ აუქნია ფიქრებში ჩაძირულს, _ არარსებულ ქვეყანაში?

ტესი გამოერკვა.

_ მეიბლი სად არის?

_ ელენს უნდა მივეხმაროო და გაიქცა. ახლა შენ მიმითითე, რა უნდა გავაკეთო.

_ აი, რამდენიმე გოგრა დარჩა გამოსაშიგნი. თუ ეს საქმე გეზიზღება, მაშინ ცოტა მოითმინე, სანამ გავთავისუფლდები და…

_ არ არის საჭირო, თვითონაც კოხტად მივხედავ ამ გოგრაცუნებს, _ სტეფანე უკვე ქართულად ელაპარაკებოდა ქალს, _ მერე კი ცხვირ-პირი უნდა გამოვუჭრა, არა? როგორც დანარჩენებს?

_ რა თქმა უნდა, ოღონდ ერთმანეთს არ დაამსგავსო, ხომ იცი, რაც უფრო სხვადასხვანაირი იქნება, მით უკეთესი.

_ აბა რა. ზოგი უნდა ტიროდეს, ზოგი იცინოდეს, ზოგი იმუქრებოდეს და ა.შ.

_ ყოჩაღ, გცოდნია. _ სიცილით შეაქო ტესმა და დანა და ჯამი მიაწოდა, _ თესლი არ გადაყარო, ხვალ ელენს მოვახალინოთ და მივირთვათ.

 

დაახლოებით ერთი საათი იმუშავა სტეფანემ, გოგრისგან გამოყვანილი ყველა ფარანი მზადყოფნაში მოიყვანა და დარბაზში სიმეტრიულად განალაგა.

_ ესეც ასე. ახლა კი, მოდი, შუქი ავანთოთ და შევხედოთ, შევქმენით თუ არა საჭირო ატმოსფერო. _ ამ სიტყვებით სტეფანემ მასთან ახლოს მდგომ ტესს მხრებზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა. ტესმა საჩვენებელი თითი ჩამრთველისკენ გაიწვდინა. დარბაზი ოქროსფრად განათდა. ტესის წითური თმა გოგრების შუქზე მთლად ცეცხლისფერი გახდა, თან ისეთი გაბრწყინებული მზერით გამოხედა სტეფს, გეგონებოდათ, ქალის თვალებს ალი მოედოო. მამაკაცმა ვერ მოითმინა და ქალს ტუჩებზე დააცხრა. ტესს წინააღმდეგობა არ გაუწევია, სუნთქვაშეგუბებულმა ერთხელ ამოიკვნესა მხოლოდ და მოდუნდა.

სტეფანე ხვდებოდა, რომ არა მხოლოდ თვითონ იწვოდა ტესის სურვილით, არამედ თავად ქალსაც არანაკლებ სურდა მასთან.

_ ახლა კი ბუშტები უნდა დავბეროთ და მორჩა, ყველაფერი მზად იქნება, _ ჩურჩულით ამოთქვა ტესმა, როცა მამაკაცმა, როგორც იქნა, ტუჩები მოაშორა.

_ არის ბუშტების დაბერვა! _ ხელის შუბლთან მიტანით უპატაკა სტეფმა, _ სად არის ბუშტები? _ ირგვლივ მიმოიხედა.

_ აგერ, ბარის დახლზე, პარკშია ჩაწყობილი. გასაბერი გაზის რეზერვუარიც იქ არის, დიდი ჯაფა არ დაგადგება, _ გადაიკისკისა ტესმა და ოდნავ უკან გადაიხარა, რა დროსაც სავსე მკერდი წინ გამოეზნიქა.

სტეფანემ თავი ძლივს შეიკავა, ისე მადის აღმძვრელად უთიმთიმებდა ქალს ნახევრად შიშველი ძუძუები. მსწრაფლ მოარიდა თვალი და დახლისკენ ჩქარი ნაბიჯით გაეშურა.

ტესმა თვალი გააყოლა. რა ეშველება, მის გვერდით ცდუნებას რომ ვერ უძლებს? თოვლივით დნება, როგორც კი ხელს შეახებს. მისი ალერსი ნარკოტიკივით მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ წლებია, თავს ფრიგიდულ ქალად მიიჩნევს და არც ერთ მამაკაცთან ასეთი ვნებით გაჯერებული ლტოლვა არ უგრძნია, მაინც იპყრობს შიში. ვაითუ პირველივე სექსის შემდეგ გაუცივდეს გრძნობები, მერე რა ქნას? ან პირიქით რომ მოხდეს და სიგიჟემდე შეუყვარდეს, როგორღა შეელიოს, მისი წასვლის დრო რომ დადგება? ამის გაფიქრებაზე ჭირის ოფლმა დაასხა. ვერც კი გააცნობიერა, რა მოხდა, ისე უეცრად გადაეკრა თვალებზე ბინდი და მუხლებში ძალა გამოეცალა. სწორედ ამ დროს სტეფანეც დაბრუნდა ბუშტებით ხელში.

_ რა მოგივიდა? _ შეშფოთდა იგი, _ თავბრუ ხომ არ დაგეხვა?

მამაკაცმა სკამი გამოსწია და ქალს ჩამოჯდომაში მიეშველა.

_ ღრმად ისუნთქე და გაგივლის, ნუ გეშინია. უკეთ ხარ? მოიცა, წყალს მოგიტან, _ სტეფანე თავპირისმტვრევით გავარდა დარბაზიდან.

ტესმა თვალები მილულა. როგორი მზრუნველი და თბილიაო, გაიფიქრა პანიკამოცულმა. თურმე მოსახდენი უკვე მომხდარა და აქამდე ვერ მიმხვდარა ამას. კი მაგრამ, როდის მოასწრო? როდის შეუყვარდა კაცი, რომელსაც, ბოლოს და ბოლოს, სიცილი ასწავლა? ო, ღმერთო, რა იქნება აწი?

თავს ძალა დაატანა და წამოდგა. ამ დროს სტეფანემაც მოირბინა და წყლით სვსე ტოლჩა მიაწოდა. ტესმა რამდენიმე ყლუპი მოსვა და ღრმად ამოისუნთქა.

_ კარგად ვარ, ყველაფერი რიგზეა, _ დაიჩურჩულა.

_ მაგრამ ისევ გაფითრებული ხარ, _ ხელი შეაშველა მამაკაცმა.

_ არა უშავს, გამივლის. ამ ბუშტებს კარლოსს დავაბერინებ, ის გაწაფულია ამ საქმეში, შენ კი მეიბლთან წადი, საკარნავალო კოსტიუმის შერჩევაში მოგეხმაროს. ამ გაწამაწიაში სულ გადამავიწყდა, რომ კოსტიუმი გჭირდება.

_ ესე იგი, მეც მეპატიჟები?

_ არა გრცხვენია? ვის, ვის და, შენ ნადვილად არ გჭირდება დაპატიჟება, ნომერ პირველი ხარ მოწვეულთა სიაში. შენ გარდა განა მომეხმარა ვინმე? _ გაღიმება სცადა ტესმა. _ ახლა კი ჩემთან ავალ, ცოტა ხანს წამოვწვები, რომ ენერგია აღვიდგინო, კარგი?

_ კიდევ დარჩა რამე გასაკეთებელი?

_ არაფერი, ყვავილების გარდა, რომელსაც მეყვავილეები თვითონ მოიტანენ და დააწყობენ, მერე სუფრას გაშლიან ქალები და ეგაა…

სტეფანეს აღარაფერი დარჩენოდა. ტესი კიბის თავამდე მიაცილა, თვითონ კი მეიბლის საძებნელად გაემართა.

ტესს სულ ნახევარი საათი დარჩა ჩასაცმელად. უნდა მოესწრო, სანამ სტუმრები დაიწყებდნენ მოსვლას. არადა, ამწუთას სულ არ ეზეიმებოდა. ოთახში შესული საწოლზე დაეხეთქა და სახე ორივე ხელით დაიფარა. სასტიკი გამოცდა მოუწყო ბედმა. წლების განმავლობაში ბევრჯერ უცდია, არავინ შეეყვარებინა, ყოველთვის გაურბოდა მოსალოდნელ ახლო ურთიერთობებს და აი, ეს მაინც მოხდა. აშკარად შეყვარებულია. ამას იქიდან ხვდება, რომ მსგავსი გრძნობა არც ერთ მამაკაცთან არ ჰქონია, მით უფრო ქმართან და საყვარელთან. რა საშინელება იქნება, პირველივე სექსის შემდეგ რომ გაქრეს ეს შეგრძნებები? მაშინ ხომ სიყვარულიც მოკვდება. იქნებ ეს მხოლოდ გატაცებაა? ოთხი წელია, კაცთან არ წოლილა, როგორც ჩანს, სხეული თავისას მოითხოვს… ყველაფერი მურთაზის ბრალია, მან დააკომპლექსა ასე. შეშასავით ხარ ლოგინშიო, ეუბნებოდა, შენ რომელი კაცი გაგიჩერდება ჩემ გარდაო. მეც იმიტომ არ გაგდებ, რომ მეცოდები, არ მინდა, უპატრონო კატასავით ქუჩაში აღმოჩნდეო. მურთაზმა იქამდე მოკლა მათი სიყვარული, სანამ მიატოვებდა. სწორედ მან დატოვა სიცარიელე ტესის ცხოვრებაში, რომლის შევსებას იგი მთელი ძალით ცდილობდა ბევრი, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში სამსახურით, ახალი გეგმებით, ახალი მეგობრებით, ახალი იდეებით… სწორედ ამგვარად დაკომპლექსებული გაიცნო იგი მაიკლმაც. ამიტომაც ვერ აეწყო მათი ურთიერთობაც. უბრალოდ, მაიკლი კეთილშობილი ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა ტესი და როგორც მეგობარი, გვერდში ედგა. შემდეგაც არ მოშორებია, როცა ერთმანეთს დაცილდნენ. ბოლომდე ახლო მეგობრებად დარჩნენ. ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ ერთად, სექსის გარდა…

ერთ მშვენიერ დღეს სტეფიც წავა მისი ცხოვრებიდან და ტესის ტანჯულ გულს უკვე ვეღარაფერი გაამთელებს დედამიწის ზურგზე.

ღრმად ამოიოხრა და საქმეს შეუდგა. თან ტანთ იხდიდა, თან კარადიდან სადღესასწაულო ფორმას იღებდა, რომ დრო არ დაეკარგა. ერთი კვირის წინ გამოიტანა ეს კოსტიუმი ქირით. დარწმუნებული იყო, რომ ჯადოქრის შავი სამოსი სტეფანესაც მოეწონებოდა.

ამ დროს მეორე ოთახიდან ქართულად შეგინების ხმა შემოესმა.

_ სტეფ, შენ ხარ? _ მეორე ოთახში გამავალი კარი გამოაღო.

სტეფანე შუა ოთახში იდგა გაბრაზებული სახით.

_ ღმერთო ჩემო! _ აღმოხდა ტესს.

_ მართლაც რომ «ღმერთო ჩემო»! ასეთ ფორმაში გარეთ ვერ გავალ! _ სტეფანემ ხელები გაშალა და ტანზე დაიხედა.

მეიბლს მისთვის მეკობრის ფორმა შეერჩია, მაგრამ მთელი ორი ზომი პატარა. პანტალონები ისეთი ვიწრო იყო, ლამის ზედ ასკდებოდა მის დაკუნთულ ფეხებს.

_ არა უშავს, ყველაფერს გამოვასწორებთ, _ დაფაცურდა ტესი, გრძელ კამზოლს ხელი დაავლო და მამაკაცს თვალით ანიშნა, ხელები გაუყარეო. როცა სტეფანემ პიჯაკი ჩაიცვა, ტესმა გრძელი შარფი, რომელიც წესით, ყელზე შემოსახვევად იყო განკუთვნილი, მამაკაცს წელზე შემოახვია და გვერდზე გაუნასკვა.

_ მორჩა, ახლა ყველაფერი კარგადაა, _ ტესმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, მამაკაცი გულდასმით შეათვალიერა და ტაში შემოკრა.

_ ეს შარფი თავზე უნდა შემოიხვიო აზიელი სულთანივითო, მეიბლმა მითხრა.

_ ჩემი იდეა უკეთესია, მეიბლს არ დაუჯერო, _ ორაზროვნად მიუგო ქალმა, _ გადასარევად გამოიყურები, გადარევ კეთილ ფერიებს, _ ირონიულად დააყოლა და და თავისი ოთახისკენ გატრიალდა, _ შენი წასვლის დროა, ჩადი და მეიბლს მიეხმარე სტუმრების მიღებაში, მეც წამში ჩამოვალ.

_ შენი წამი რამდენი წუთია?

_ ჩემი წამი წამია.

_ კარგი, მაგრამ იცოდე, ოც წუთს თუ გადააცილებ, დავბრუნდები! _ თითქოს დაემუქრასავით მამაკაცი და გავიდა.

 

სტეფანე ფანჯარასთან იდგა. აქედან მთელი დარბაზი ხელისგულივით მოჩანდა და ადვილად შეძლებდა ტესის შემოსვლისთანავე დანახვას. ხელში ვისკიანი ჭიქა ეჭირა, რომელშიც ყინული გამდნარიყო. სახელო აიწია და მაჯის საათს დახედა. ტესი ხუთი წუთით აგვიანებდა.

ამასობაში ტესმა ჯერ სამზარეულო მოიარა, შეამოწმა, იყო თუ არა ყველა კერძი მზად, ელენს რამე ხომ არ უგვიანდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა დარბაზში, მაგრამ არა მთავარი შესასვლელით, არამედ შუაკარით. მაგიდების გარშემო უამრავ სტუმარს მოეყარა თავი. ისეთი ზუზუნი იდგა, გეგონებოდათ, ფუტკრები შესევიან აქაურობასო. თვალი მოავლო ირგვლივ და ფანჯარასთან მდგომი თავისი მეკობრეც დაინახა. იგი ორ მამაკაცს ესაუბრებოდა. ტესმა შეამჩნია, როგორ იყო მისი მზერა ცენტრალური კარისკენ მიმართული. გული სიხარულით აევსო, მიხვდა, რომ სტეფი მის გამოჩენას ელოდებოდა.

_ თავბრუდამხვევად გამოიყურები, _ შეაქო მოახლოებულმა მეიბლმა.

_ შენც, _ ცივად შეჰღიმა ტესმა.

_ ის დეგენერატი ნახე? ჯონი?

_ ჯონი? არა, რა სჭირს?

_ გალეშილია. სკანდალი არ აგვცდება, თუ დროზე არ მოვაშორეთ აქაურობას.

_ ისევ? _ კოპები შეკრა ტესმა და თვალებით ჯონი მოძებნა, _ რა ვქნა, მეცოდება, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს საღამო ცუდად დამთავრდება. ნახევარი წლის წინ მიატოვა ცოლმა და რით ვერ მოინელა? წავალ, დაველაპარაკები.

_ შენ თუ მაგას მოახერხებ… _ მხრები მზაკვრულად ასწია მეიბლმა და გეზი იქითკენ აიღო, სადაც სტეფანე იდგა.

როცა ჯონს მიუახლოვდა, ტესმა თვალი მეიბლისკენ გააპარა. ეს სწორედ ის წუთი იყო, როცა მეიბლმა მაჯაში ხელი ჩასჭიდა სტეფს და ყურში რაღაც უჩურჩულა. მოულოდნელად საშინელმა სურვილმა დარია ხელი _ მეიბლისთვის სახე დაეკაწრა. როგორ ბედავს ეს თავხედი მის კაცს ასე გაეარშიყოს?

_ სალამი, ლამაზო, საით მიიჩქარი? _ სწორედ ამ დროს ჯონმა სტაცა ხელი და თავისკენ მოქაჩა.

_ ჯონ, რა დღეში ხარ? შეხედე საკუთარ თავს, რას დამსგავსებიხარ?

ჯონი ძლივს იდგა ფეხზე, წონასწორობის შესანარჩუნებლად ადგილზე ირწეოდა.

_ ტეს, შენ ხარ? რა მადის აღმძვრელად გამოიყურები. _ მამაკაცმა მთვრალი მზერა მის მოშიშვებულ მკერდს დაასო.

_ ტაქსიში ჩაგსვამ და წადი სახლში, გთხოვ. აჯობებს, გამოიძინო.

_ ცუდად ვარ, ტეს, ბოლო მომიღო მარტოობამ, დარჩი ცოტა ხანს ჩემთან.

ტესი წელში შეუდგა მამაკაცს და კარისკენ წაიყვანა, თან იქვე მდგარ კარლოსს სთხოვა, ტაქსი გამოიძახე და ჭიშკართან დამახვედრეო.

 

უეცრად სტეფანეს ყურადღება ერთ მაგიდასთან ატეხილმა ხმაურმა მიიპყრო. ვერც მოასწრო წესიერად მეიბლთან დალაპარაკება, რადგან ყველასგან გამორჩეული შავსამოსიანი გოგონა შეამჩნია, უჩვეულოდ გრძელი შავი თმით, რომელიც მთვრალ მამაკაცს მიათრევდა. მას არ დაუნახავს გოგონას სახე, მაგრამ ის კი კარგად შეამჩნია, რომ უცნობი მის დეკოლტეს თვალს არ აშორებდა.

გოგონას კაბა ტანზე შემოტმასნოდა, ხოლო დეკოლტე იმდენად ღრმა იყო, ძლივს უფარავდა მკერდს. რატომღაც, ძალიან მოუნდა, ახლოს ენახა ეს შავი ჯადოქარი, მოეჩვენა, რომ ადრეც ჰყავდა იგი ნანახი სადღაც.

_ ეს ხომ ტესია? _ მოესმა ამ დროს გვერდით ვიღაცის ნათქვამი, _ წყვდიადის მბრძანებელივით არ გამოიყურება ამ კაბაში?

ამის გაგონებაზე სტეფანეს ცეცხლი წაეკიდა, ჭიქა დადგა და უკან მიჰყვა წყვილს.

აუზის კიდესთან დაეწია ორივეს.

_ სახლში უშენოდ არ წავალ, ტეს, _ მისწვდა მის სმენას მთვრალის ხმა.

_ არ მჯერა, რომ ასე მოქცევა შეგიძლია, _ მოძღვრავდა ტესი, _ რატომ იკლავ თავს? ნუთუ ვერ აცნობიერებ, რომ ცხოვრებას იწამლავ?

ჯონი რწევა-რწევით მისკენ გადაიხარა და თითები ქალის მკერდს წაატანა.

_ გეყოფა, ჯონ! _ დაუყვირა ტესმა, და მისი ხელი მოიშორა.

_ მაშინ მუხლებზე დამიჯექი, _ არ ცხრებოდა უცნობი და შეზლონგზე დაეშვა თუ არა, ქალის წელს წაეპოტინა.

ამის დანახვაზე სტეფანეს თვალთ დაუბნელდა. ელვის უსწრაფესად მიეჭრა მამაკაცს, თან სწორედ იმ მომენტში, როცა იგი ტესის კალთაში ჩასმას ლამობდა.

ტესმა ძლივს შეძლო მისი შეჩერება.

_ არ გაბედო მასთან მიკარება, გაიგე? _ თითის ქნევით დაემუქრა სტეფანე ჯონს. სწორედ ამ დროს კარლოსიც გამოჩნდა, ტაქსი ჭიშკართან გველოდებაო და ფეხზე ძლივს მდგომ ჯონს მკლავში ჩაეჭიდა, რათა გაეცილებინა.

_ ერთი აქეთ მომხედე! _ მიმართა სტეფანემ ტესს და უხეშად შემოატრიალა.

_ რა გემართება? _ ტესს შიშისგან ხმა წაერთვა.

_ რა კაბაა ეს? რატომ ჩაიცვი ეს საშინელება?

_ სტეფ…

ირგვლივ ცნობისმოყვარეებმა დაიწყეს შეგროვება.

_ წამოდი! _ იდაყვზე სტაცა მამაკაცმა ქალს ხელი და თან გაიყოლა.

_ არსადაც არ წამოვალ! როგორ მიბედავ! _ გაუძალიანდა ტესი.

_ ტესიიი! _ მუქარა გაისმა სტეფანეს ხმაში, მაგრამ ქალი არ ნებდებოდა.

_ გამიშვი ხელი, მეტკინა!

_ არ ვხუმრობ, იცოდე! ნუ მაიძულებ, სცენა გაგიმართო! _ დაღრინა სტეფანემ და უფრო მოუჭირა იდაყვზე ხელი.

_ გამიშვი-მეთქი! _ ტესი მაინც ცდილობდა ხელის გათავისუფლებას.

_ არავითარ შემთხვევაში. სულ არ მიკვირს, ის კაცი რომ გეცა. ისე გაცვია, როგორც ცირკის «პუტანკას». არ ვაპირებ, მთელი ღამე შენზე მოტორღიალე მამაკაცები ვიგერიო. _ ასე ჩხუბით მიაღწიეს ნომრამდე. შევიდნენ თუ არა ოთახში, სტეფანემ ფეხით მიხურა კარი.

_ თუ გინდა, რომ საღამოზე ისევ მოხვდე, ეს კაბა გაიხადე და სხვა ჩაიცვი.

_ ვინ გგონია საკუთარი თავი? ვინ გეკითხება? ეგღა მაკლია, შენ გკითხო, რა ჩავიცვა და რა არა.

_ პატარა ბიჭი რომ ვიყავი, მას შემდეგ არ გამჩენია სურვილი, ვინმე მეცემა, მაგრამ ის ტილიანი ღორი შენს მკერდს რომ შეეხო, ჭკუა გადამეკეტა. არ ვიცი, რამ გამაგიჟა _ შენმა დეკოლტემ თუ მისმა საქციელმა. ბოლოს როდის დავკარგე კონტროლი ჩემს თავზე, არ მახსოვს. ასეთ რამეებს მიჩვეული არ ვარ. _ მამაკაცი ყოველ წინადადებაზე უფრო უმატებდა ხმას, _ ნუ მაყენებს ასეთ მდგომარეობაში, გოგო, გესმის შენ?

_ ჩემს კაბას თავი დაანებე! მე თვითონ მოვუვლი საკუთარ თავს, შენი დაცვა არაფერში მჭირდება. უშენოდაც ვაკონტროლებდი სიტუაციას.

_ მართლა? მაშინაც, როცა კისერში გეცა საკოცნელად და ძუძუებში გიფათურებდა ხელებს?

_ ის მთვრალი იყო, სტეფ! მას არაფერი დაუშავებია.

_ რომელი კაცი აგივლის გვერდს ამ კაბაში, თუ მკვდარი არ არის, რამ მოგაფიქრა ამის ჩაცმა, ა?

_ თბილისში ხომ არ გგონია შენი თავი? აქ დეკოლტეს ხამივით არავინ უყურებს.

_ ვნახე, როგორც უყურებდნენ, თბილისი არაფერ შუაშია. ახლავე გაიხადე!

_ არა, არ გავიხდი და ვერც მაიძულებ, ეს გავაკეთო!

_ შენ რა, მიწვევ? კარგი, ვნახოთ, ვისი აჯობებს! _ ამ სიტყვებით სტეფანემ ორი ნაბიჯი გადადგა წინ, ტესის პარიკს წაავლო ხელი და შეეცადა, მოეძრო იგი.

_ გაგიჟდი? რა დაგემართა? _ ტესს თვალები ცრემლით აევსო.

სტეფანე მიხვდა, რომ შორს შეტოპა და გახევდა. აცრემლებული ქალის დანახვამ გული ატკინა, ათასი ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა. ამასობაში რისხვამაც გაუარა. იგი მოეხვია ქალს და გულზე მიიკრა. ტესისთვის ადვილი გასაგები იყო, რა განიცადა სტეფმა იმ მომენტში, როცა ჯონი შეეხო. სწორედ იგივე განცდა დაეუფლა მის ყურთან მოჩურჩულე მეიბლის დანახვაზე.

_ მაიკლთან დაშორების შემდეგ შენ ერთადერთი ხარ, ვინც ასე ახლოს მოვუშვი, _ დაიჩურჩულა ქალმა, _ შენ გარდა არავინ მომკარებია.

მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ორივეს სურვილით ანთებოდა თვალები, მოუთმენელი სურვილით. სტეფანემ თავი დახარა და ქალის ტუჩებს დაეწაფა.

ტესს სისხლი აუდუღდა, გულმა გამალებით დაუწყო ცემა. მამაკაცი მოწყურებულად კოცნიდა.

_ სანელებლების სუნი აგდის, _ უჩურჩულა სტეფანემ, თავი მის ყელში ჩარგო და ქალის სურნელი ღრმად შეისუნთქა.

ტესი ერთიანად თრთოდა.

_ შენთან მინდა, _ თვალებში ჩახედა სტეფანემ.

_ შენთან არა ვარ? _ მაცდურად გაუღიმა ქალმა.

_ არა, ასე არა, სხვანაირად.

_ სხვანაირად როგორ? _ ტესის თვალებში მოხტუნავე ცეცხლისფერი ჭინკები თითქოს სტეფის გამოჯავრებას ცდილობდნენ.

_ იმნაირად, _ ახლა მამაკაცის თვალებში აცეკვდნენ ჭინკები.

_ იმნაირი არ ვიცი, რანაირია.

_ კარგი, მაშინ უფრო გასაგებად გეტყვი _ მინდიხარ…

ტესი წამით გაირინდა მის მკლავებში.

_ მზერაც კი გითრთის, _ ვნებიანად ჩურჩულებდა სტეფანე.

_ მეშინია… _ ტესმა თავი მის ფართო მკერდს მიადო.

_ რისი, სულელო?

_ ორჯერ მატკინეს გული, ორივემ გამიარა. მეშინია, რომ შენც მატკენ და მერე შეც გამივლი…

_ ვცადოთ. ცდა ბედის მონახევრეა, _ თმაზე ეფერებოდა სტეფანე და თან სულს უბერავდა მის ალეწილ სახეს.

ტესს ისე სიამოვნებდა მისგან წამოსული თბილი ჰაერის წვრილი ნაკადი, რომ ერთიანად დაიშალა სიამოვნებისგან.

_ ჰო, ამბობენ, ცდა ბედის მონახევრეაო. ბედის ერთი ნახევარი თუ ცდაა, მეორე რაღაა?

_ მეორე? _ მამაკაცი წამით დაფიქრდა, _ ალბათ თავდაჯერება. მცდელობა ხომ იგივე რისკია. როცა რისკზე მიდიხარ, ბოლომდე დარწმუნებული ვერ იქნები, მაგრამ აუცილებლად უნდა იყო თავდაჯერებული, რომ ღირს გარისკვა.

_ ცდა და თავდაჯერება… საინტერესო თეორიაა.

_ აბა რა, მით უფრო, როცა ამას საინტერესო ადამიანისგან ისმენ, _ ეშმაკურად მოხუჭა თვალები სტეფანემ და ფართოდ გაიღიმა.

_ ცდა და თავდაჯერება ერთი სიტყვით როგორ გამოითქმის? ბედის იმ მეორე ნახევარ სიტყვას რა ჰქვია, რაც მას შეავსებს?

_ წერა, _ სხარტად მიუგო მამაკაცმა, _ ბედისწერა ეს ის სიტყვაა, რომელსაც რისკი და თავდაჯერება ქმნის. ჩემი აზრით, ბედი თავდაჯერებაა, წერა კიდევ რისკი. წერას ჰყავს აყვანილიო… მაგარი გამოთქმა გვაქვს ქართველებს, მსგავსს სხვა ენაში ვერ შეხვდები. ყოველ შემთხევაში, მე არ ვიცი ასეთი ენა.

_ პოლიგლოტი უნდა იყო, ეგ რომ იცოდე. შენ კი…

_ მე კი ერთი შეყვარებული იდიოტი ვარ, შენზე მონადირეებზე რომ ნადირობს.

_ მერედა, შენც რას ნადირობ მათზე? ადექი და პირდაპირ ჩემზე ინადირე.

_ შენ უკვე მონადირებული მყავხარ, _ თქვა, მთელი ძალით მიიკრა ქალი მკერდზე, ერთხანს აფათურა თითები მის ზურგზე, შემდეგ კი მისი კაბის ელვაშესაკრავის შეხსნას შეუდგა.

_ სტეფ, არ გინდა, გთხოვ… _ ტესი მისი მკლავებიდან გათავისუფლებას შეეცადა.

მამაკაცმა თავი უკან გადასწია და გამომცდელად მიაჩერდა.

_ რამე ისე ვერ არის?

_ არ შემიძლია. _ ხმადაბლა თქვა ქალმა და კვლავ გაიბრძოლა.

მაგრამ სტეფანეს მაგრად ჩაებღუჯა იგი, გაშვებას არ აპირებდა.

_ ჩემთან დაწოლა არ შეგიძლია? _ დააკონკრეტა.

ტესი კვლავ მოიცვა შიშმა, მან მხოლოდ თავი დააქნია.

_ რატომ, რატომ არ შეგიძლია? რამე ფიზიკური ნაკლი გაქვს? მიზეზი მითხარი.

_ მე არ შემიძლია შენს ალერსს ისე ვუპასუხო, როგორც სხვებს შეუძლიათ.

_ დარწმუნებული ხარ? მე კი სულ პირიქით მგონია.

_ შენ არ გესმის…

_ მართალი ხარ, მე მართლა არ მესმის. მე მხოლოდ ვხედავ ქალს, რომელსაც არაჩვეულებრივი სხეული აქვს, რომელიც მზადაა ვნების გასაღვივებლად, ვხედავ ქალს, რომელსაც დახმარება სჭირდება და თვითონაც მზადაა, ყველა გაჭირვებულს დაეხმაროს, იმდენად დამოუკიდებელი და ძლიერია. მე ვხედავ ნაზ და მოსიყვარულე ქალს, რომელიც ირგვლივ ბედნიერებას ავრცელებს და უწილადებს ყველას, ვისაც ეს ბედნიერება არ ჰყოფნის. და კიდევ… მე ვხედავ ძალიან სექსუალურ ქალს, რომელიც ჩემს მიკარებაზე ნაწილებად იშლება. როცა ჩვენ ერთმანეთს ვეხებით, ნაპერწკლები კრთებიან ჩვენ გარშემო, როცა ვკოცნით, ალი იწყებს აგიზგიზებას, ხოლო როცა ამას ვაკეთებ, _ და სტეფანე თითებით მის მკერდს შეეხო, _ ნამდვილი ფეიერვერკი წარმოიქმნება. წარმოგიდგენია, როგორი გრიგალი ამოვარდება, როცა სექსით დავკავდებით? აფეთქებას აფეთქება მოჰყვება.

_ არ ვიცი, სტეფ… არ…

_ ტეს, მომენდე, გთხოვ… მომეცი უფლება, მიყვარდე. მომეცი უფლება, დაგიმტკიცო, რომ სრულფასოვანი ქალი ხარ… დამეხმარები?

ტესმა ნერწყვი გადაყლაპა და თავი დაუქნია.

_ ხომ ვთქვით, ვცადოთო. ვცადოთ. თუ ახლა არ გამოგვივა, პირუტყვი კი არ ვარ, ძალა დაგატანო. კიდევ ვცადოთ, კიდევ, კიდევ… დავიწყოთ?

_ დავიწყოთ, _ როგორც იქნა, ამოიხრიალა ქალმა.

სტეფანე მუხლებზე მასთან ერთად დაეშვა. რამდენიმე წამი და ტესი კაბაშემოძარცვული აღმოჩნდა ხალიჩაზე. ელეტროდენივით უვლიდა მთელ სხეულში მამაკაცის ყოველი შეხება _ ხელების, ტუჩების…

მიენდო… ბოლომდე მოეშვა და მიენდო სტეფანეს ძლიერ, დაკუნთულ მკლავებს, რომლებიც გაწაფული მოძრაობით დასრიალებდნენ მის შიშველ ზურგზე, მკერდსა და მუცელზე. რაც უფრო ხელდებოდა მამაკაცის ვნება, მით უფრო ახალი და ახალი შეგრძნებები ეუფლებოდა ტესის სხეულს. ლტოლვა ძლიერდებოდა და იღებდნენ და აძლევდნენ ერთმანეთს იმდენს, რამდენსაც მათი გრძნობები მოითხოვდა…

 

_ შენ ულამაზესი ხარ და უგემრიელესი, იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩემს ფანტაზიებში წარმომედგინა, _ უთხრა სტეფმა, როცა ვნებები დაცხრა და ორივეს საღი გონი დაუბრუნდა. მან ქალს თვალებში ჩახედა. მისი თვალები იცინოდნენ.

_ ვიცი, _ კეკლუცად გადაიკისკისა ტესმა და გულში ჩაეკრა ხალიჩაზე გულაღმა გაგორებულს. უცნაური იყო, არავითარი განხიბლვა და იმედგაცრუება არ დაუფლებია, არც ზიზღი უგრძნია მამაკაცის მიმართ და არც მისგან გაქცევის სურვილი გასჩენია. სიხარულისგან სივრცეში ვეღარ ეტეოდა.

_ სტეფ… რაღაც მინდა გკითხო… როგორი ვიყავი? რა შეგრძნებები დაგეუფლა?

სტეფანეს სიცილი აუტყდა. მან ქალს ხელი მოხვია:

_ შენმა სექსუალურმა თავისუფლებამ, როგორც იქნა, ბოლო წინაღობა გადალახა და ამ თავისუფლებას ამიერიდან ვერასდროს ვერავინ წაგართმევს. რაც შეეხება ჩემს შეგრძნებებს, ასე მეგონა, ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ცხრაბალიანი მიწისძვრის ტლფასი იყო შენთან სექსი.

_ მე კი მგონია, ხელმეორედ დავიბადე. ვგრძნობ, რომ სრულიად სხვა ქალი გავხდი.

სტეფანემ გახედა. ტესს თვალები კიდევ უფრო გაბრწყინებოდა…

კმაყოფილება მოჰგვარა ქალის გამომეტყველებამ. სწორედ ასეთი ტესი მოსწონდა, ბედნიერებით სახეგაცისკროვნებული და დარწყულებული.

ქალს მისი მზერა არ გამოჰპარვია, ხელი ასწია და თითები წარბზე გადაუსვა.

_ სტეფ…

_ რაო, ჩემო ლამაზო?

_ დიდი მადლობა.

_ მადლობა რისთვის?

_ იმისთვის, რომ ჩემი თავის რწმენა დამიბრუნე.

_ ოჰ, რა პოეტური ნათქვამია, _ ჩაიცინა სტეფანემ, _ ხედავ, როგორ განწყობაზე დაგაყენა ჩემთან სექსმა?

_ შენთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, _ ნაღველი გაერია ტესს ხმაში და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა.

_ ნუ ტირი, მე მხოლოდ გეხუმრე. _ სტეფანემ ჩამოგორებულ ცრემლს თითი დაახვედრა.

_ აი, დავიჭირე შენი ცელქი კურცხალი, უნებართვოდ რომ გამოგექცა ლინზიდან და რომელიც შენმა მშვენიერმა ნაცრისფერმა თვალებმა ვერ გააჩერა.

ტესმა ღიმილი ვერ შეიკავა, თან გაიოცა:

_ საიდან იცი, რა ფერისაა ჩემი თვალები?

მამაკაცმა გულზე მჯიღი დაიბრაგუნა და ხუმრობანარევი ტრაბახით წარმოთქვა:

_ ამ ბიჭმა ყველაფერი იცის.

_ არა, მართლა…

_ ჩვენ ხომ საერთო სააბაზანო გვაქვს. ჰოდა, მეც ვიხელთე და შენი ყველა ლინზა გადავათვალიერე.

_ აჰა… სხვანაირად ვერასდროს გაიგებდი ამას.

_ ვიცი. შენი ლინზების რეპერტუარში მხოლოდ ნაცრისფერი არ მოიპოვებოდა. ადვილი გამოსაძიებელი გამოდგა, ხომ ხედავ.

_ და აქამდე მიმალავდი ამას?

_ რა უნდა მექნა? შენ ხომ გსიამოვნებდა, მე ვითომ რომ არ ვიცოდი? ფიქრობდი ალბათ, ახლა ზის და მკითხაობს, ნეტავ ტესს რა ფერის თვალები აქვსო, არა? _ გადაიხარხარა სტეფანემ.

ტესმა ღიმილით დაკრა მხარზე ხელი.

_ ცუდო!

მამაკაცი ხალიჩაზე გულაღმა გადაკოტრიალდა.

_ ახლა ჩვენ საყვარლები გვქვია, არა?

_ არ მჯერა, ეს რომ მოხდა.

_ და რა უნდა ვქნა ახლა, ამით ვიამაყო? _ ისევ გაიცინა მამაკაცმა.

_ მე სავსე ვარ შენით, სხვა არ მაინტერესებს.

_ კიდევ კარგი. არადა, როგორ გამაწამე, ქალბატონო. ყოველ საღამოს დეფილეს მიმართავდი ოთახში გამჭვირვალე პერანგებში გამოპრანჭული, აუზზე კი ლამის დედიშობილა ჩამოდიოდი. რომელი კაცი გაუძლებდა ამ სანახაობას? კიდევ კარგად ვარ. ჩემს წამებას კომპენსირება სჭირდება და ამაში შენ უნდა დამეხმარო.

_ და თუ არ დაგეხმარე? _ ეშმაკურად გახედა მის გვერდით გაწოლილმა ტესმა.

_ მაგაში ეჭვი მეპარება. აი, ამწუთასაც ვხედავ, როგორ იწყებს შენში ვულკანი გამოღვიძებას. _ ნიშნის მოგებით მიუგო მამაკაცმა და მის ტუჩებს მისწვდა.

ქალის სურნელი თავბრუს ახვევდა. მისი კანი, რბილი და აბრეშუმივით ნაზი, გონს აკარგვინებდა. ტესის სხეულს თითქოს ცეცხლი ეკიდა, ისეთ მხურვალე იყო და ამ ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ ალერსით შეიძლებოდა. ქალის ყოველი ამოკვნესა თრიაქივით მოქმედებდა მასზე და უფრო მეტად უმძაფრებდა სურვილს. მის ყოველ შეხებაზე ქალის სხეული ვნებიანად იგრიხებოდა, იჭიმებოდა და უსიტყვოდ იწვევდა მამაკაცს ინტიმური ორთაბრძოლისკენ.

სტეფანეს უყვარდა იგი. ხედავდა, რომ მან შეძლო ტესის სიცარიელის ამოვსება. ქალის სხეული თითქოს მღეროდა სიხარულისა და აღფრთოვანებისგან. აი, სწორედ ამიტომ უნდოდა, ტესისთვის ბედნიერება მიენიჭებინა. თუმცა, რაც უფრო ეწყობოდნენ ერთმანეთს ფიზიკურად, მით უფრო იძაბებოდა. უნდა გაეაზრებინა, რა ხდებოდა მის თავს. ახლა მხოლოდ ერთი რამ სურდა _ რაც შეიძლებოდა, ხმამაღლა ეყვირა თავის გრძნობებზე, მაგრამ მაინც გაჩუმება ამჯობინა. იქნებ ეს მხოლოდ ეიფორიაა და მეტი არაფერი? თუ ხვალაც ამ ხასიათზე იქნება, მხოლოდ მაშინ დაფიქრდება, მხოლოდ მაშინ მიხვდება, ეს შეგრძნებები ნამდვილი გრძნობაა თუ დროებითი გატაცება. იმდენად არ იცოდა, როგორ მორეოდა ემოციებს, რომ ტესი მჭიდროდ მიიხუტა მკერდზე და თვალები დახუჭა. ამწუთას მხოლოდ ერთი რამ იცოდა _ იგი ტესს არასდროს მიატოვებდა.

_ მე გული აღარ მაქვს… დამიბრუნე ჩემი გული. _ მოესმა ამ დროს ტესს მისი ჩურჩულით ნათქვამი.

გაირინდა. რა თქვა? დამიბრუნე ჩემი გულიო? მას უთხრა? და რას ნიშნავს ეს, ნუთუ სტეფსაც უყვარს? ღმერთო, როგორ დაერხა! როგორ გაება მახეში. მორჩა, დღეიდან უნდა დაემშვიდობოს თავისუფლებას. ახლა უკვე ვეღარ იქნება თავისი თავის ბატონ-პატრონი. თუ ეს ორმხრივი სიყვარულია, მისი გაღებული მსხვერპლი გიგანტურად დიდი იქნება, მან ყველაფერი უნდა დათმოს ამ სიყვარულისთვის, თუკი მის შენარჩუნებაზე წავა საუბარი.

აი, წვანან ახლა ერთმანეთის გვერდით და არც ერთს არ უღიარებია, რომ მათი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სტეფანეს ხომ ერთხელაც არ უთქვამს მისთვის სერიოზულად, მიყვარხარო? არც მოვალეობზე ჩამოუგდია სიტყვა, არც ვალდებულებებზე…

სტეფანე მის სასტუმროში კიდევ რამდენიმე თვეს დაჰყოფს, მერე კი თავისი გზით წავა. თუ უყვარს, მოსთხოვს, თან გაჰყვეს, თუ არადა, კვლავ მარტოობაში მოუწევს ცხოვრების გაგრძელება. იქნებ არ ღირს ამ ყველაფრის გართულება? მაგრამ უკვე რომ უყვარს? და ისიც იცის, რომ ძალიან დიდი იარა დარჩება, თუკი ერთმანეთს დაშორდებიან. ეს კი ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება, ამიტომ აჯობებს, აქედანვე აკონტროლოს გრძნობები.

ამის გაფიქრებაზე სხეული მოადუნა, ერთიანად მოეშვა და სივრცეს გაუღიმა. რატომ უნდა იმტვრიოს თავი ამაზე დღეს? ბოლოს და ბოლოს, უფრო ახლოს აღარ მოუშვებს გულთან და ეგ იქნება. ტესი ყურს უგდებდა თავისი გულის ხმაურს და არ უნდოდა მოესმინა შინაგანი ხმისთვის, გამაფრთხილებლად რომ ჩასჩურჩულებდა ყურში: «მატყუარა!»

 

მხოლოდ მაშინ გამოეღვიძა, როცა ვიღაცამ თმა მოწიწკნა. შეშინებულმა წამოყო თავი. სტეფანეს მკლავქვეშ მოჰქცეოდა თმა. საათს შეხედა, შუაღამის ორი გამხდარიყო. ტუჩზე მიირტყა ხელი, წვეულება სულ გადაავიწყდა. ფრთხილად გაითავისუფლა თმა მამაკაცის მკლავისგან და წამოდგა. საღამო ალბათ კარგა ხანია, დამთავრდა. შერცხვა, სინდისის ქენჯნამ დარია ხელი, ასე უყურადღებოდ რომ მიაგდო მომსახურე პერსონალი და სტუმრები. ეს პირველი შემთხვევა იყო, სასტუმროში გამართულმა საღამომ მის გარეშე რომ ჩაიარა. მეიბლი ალბათ გაცოფებულია და მართალიც იქნება.

საწოლს პლედი გადააძრო და იატაკზე გაწოლილ მამაკაცს გადააფარა. ახლა ჩავა დაბლა, იქაურობას დაზვერავს და მერე ისევ მობრუნდება. მობრუნდება კი? თუ ასე მარტოს მიატოვებს ცივ ხალიჩაზე? თავში აზრები უწესრიგოდ დარიალობდნენ, რაც ხელს უშლიდა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ამწუთას ამის ძალა არ შესწევდა. ერთადერთი, რაც ახლა უნდა გააკეთოს, ჩავიდეს რესტორანში და გაიგოს, როგორ ჩაიარა ჰელოუინმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იფიქროს იმაზე, დაბრუნდება თუ არა უკან.

გრძელი ხალათი მოიცვა შიშველ სხეულზე, ფეხები ჩუსტებში წაყო და კიბეს ჩაუყვა.

ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა. საბანკეტო დარბაზს რომ მიუახლოვდა, წამით შეყოვნდა. რა ეთქვა მეიბლისთვის, თუ იქ დახვდებოდა? დარბაზში შეიჭყიტა. იქ არავინ იყო. სამზარეულოს მიადგა, მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. ცხვირი ფანჯარას მიაჭყლიტა და შეეცადა, სიბნელისთვის თვალი შეეჩვია. სწორედ ამ დროს მხარზე ვიღაცის ხელი იგრძნო. შემკრთალმა თავი მოაბრუნა და სტეფანე დაინახა.

_ როგორ შემაშინე! _ დაიჩურჩულა.

_ მაპატიე, _ მანაც ჩურჩულით მიუგო, _ უბრალოდ, არ მინდოდა, მარტო ყოფილიყავი ამ სიბნელეში. რატომ არ გამაღვიძე?

_ რისთვის უნდა გამეღვიძებინე?

სიბნელეშიც კი შეამჩნია ტესმა, როგორ მოიღუშა მამაკაცი.

_ იმისთვის, რომ მარტო არ ყოფილიყავი. მორჩი დათვალიერებას?

_ ჰო.

_ მაშინ დავბრუნდეთ ნომერში, _ ლოყაზე ხელი გაუსვა სტეფანემ.

_ ეს აუცილებელია?

_ რა თქმა უნდა. შენ რა, სიარული გეზარება? რა პრობლემაა? ხელში აგიტატებ და ისე წაგიყვან. თუ არ გამიძალიანდები, ვინ იცის, იქნებ მოგეწონოს კიდევაც. _ და პასუხის გაცემაც არ აცალა, ისე სწრაფად დაავლო ხელი, ჰაერში აიტაცა და ოთახში აარბენინა. ამჯერად პირდაპირ საწოლისკენ გაემართა…

 

ყურებში წუილი ჩაესმა. ეს კოღოები საიდანღა გაჩნდნენ? ტესმა ხელი აიქნია მწერების მოსაგერიებლად.

_ ადგომის დროა! _ ხავერდოვანი ხმით უთხრა ვიღაცამ.

_ ჰო, ახლავე, _ ჩაიბურტყუნა და გვერდი იცვალა.

_ ძილისგუდავ, აბა, ჩქარა! _ ვიღაცამ თმა გადაუწია და ყვრიმალზე ნაზად აკოცა. ზურგზე ჭიანჭველებმა დაურბინეს… ახლაღა გაიაზრა, რაც ხდებოდა.

_ არ მინდა გაღვიძება, _ მთქნარებით წარმოთქვა.

_ რატომ? _ მამაკაცმა ყურზე მსუბუქად უკბინა.

_ იმიტომ, რომ ასე კარგად ვარ…

_ უკეთესად გახდომის რეცეპტი შემიძლია შემოგთავაზო. _ შემპარავი ხმით შესთავაზა სტეფანემ და ხელი ძუძუზე მოუსვა.

ტესს გაეღიმა. ზურგზე გაწვა და ცალი თვალით გახედა.

_ დიდი ხანია, გღვიძავს?

_ საათზე მეტია.

_ რატომ არ გამაღვიძე?

_ ისე ხმამაღლა ხვრინავდი, ვიფიქრე, ძილი არ აწყენდა-მეთქი.

_ ბოდიში მოიხადე, ვაჟბატონო! მე არ ვხვრინავ!

_ მერედა, როგორ ხვრინავ, რომ იცოდე. ასი წლის დედაბერივით.

ტესმა ხელი ჰკრა. სტეფანემ სიცილით დაუჭირა მაჯები და ჩაიხუტა.

_ იცი, როგორ მომშივდა? _ ქალმა გაიზმორა.

_ სხვათა შორის, მეც. როგორც ჩანს, მთელი ჩემი სასიცოცხლო რესურსები შენ დაგახარჯე ამ ღამით.

_ ძალა გამოგელია, საბრალოვ? _ აკისკისდა, _ აბა რა გეგონა?

სტეფანემ ბალიში ესროლა. არც ტესი დარჩა ვალში და ცოტა ხნის შემდეგ მთელი ოთახი ბუმბულებით გაივსო.

_ ქათმის საბუდარს დაემსგავსა ოთახი, _ ტესმა ირგვლივ მიმოიხედა და აბურდული თმის გასწორებას შეუდგა.

_ ჰოდა, წაიღე შენი სიტყვები უკან, თორემ ბუმბულების მუზეუმს დავამსგავსებ აქაურობას, _ მამაკაცმა ბუმბულებგამოჩრილი გახეული ბალიში მოუღერა.

_ კარგი, კარგი, უკან მიმაქვს, მორჩა, _ დანებების ნიშნად ქალმა ორივე ხელი ასწია.

_ გაიმეორე ჩემთან ერთად: სტეფანე ხარივით ძლიერია.

_ სტეფი ძლიერია, როგორც ხარი. _ მორჩილად გაიმეორა ქალმა.

_ ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ, _ სტეფანემ ბალიში საწოლზე მიაგდო და აქოშინებული ჩაცმას შეუდგა.

_ შენ შეიცვალე, სტეფ, _ დასერიოზულდა ტესი.

_ ვიცი და ეს შენი დამსახურებაა. მე სიცოცხლე შემიყვარდა, ცხოვრება შემიყვარდა და კიდევ… შენ მასწავლე ეს სიყვარული.

_ მე მგონი, თვითონაც მზად იყავი ამ სიყვარულის შესასწავლად, მე უბრალოდ, ხელი შეგიწყვე.

_ დააჩქარე, _ შეუსწორა მამაკაცმა. _ ჩემი ექიმი სულ მეუბნებოდა, მაღალწნევიანი ხარ და შენთვის ბევრი დატვირთვა არ შეიძლებაო. ცოტა გართობასაც უნდა მიხედოო. ტენისის თამაში მირჩია, მაგრამ აბა როდისღა? ასეთი რამეებისთვის ვერასდროს ვიცლიდი.

_ სპორტი გჭირდება.

_ სპორტი კი არ მჭირდება, შენ მჭირდები. შენ უფრო მნიშვნელოვან რამეებს მასწავლი და მძენ, ვიდრე სპორტი.

_ საუზმის დროა. ელენს არ უყვარს, როცა აგვიანებენ. ჩადი და ოც წუთში მეც მანდ ვარ.

 

ტესმა არეული ოთახი ძლივს მიალაგა. უეცრად იქვე მიგდებულ დათუნიას გადააწყდა. როგორ დაავიწყდა თავისი საყვარელი დათუჩა. რაც სტეფს დაუახლოვდა, იგი ერთხელაც არ გახსენებია. ნუთუ ასე ცვლის სიყვარული ადამიანს? იგი აიძულებს, დაივიწყოს მეგობრები, საქმე, ბიზნესი _ ყველაფერი, რამაც დამოუკიდებელი გახადა. სხვასთან რატომ ვერ გრძნობდა ამას? ნუთუ ეს არის ჭეშმარიტი სიყვარულის ფასი? არ შეიძლება, ოქროს შუალედი მოძებნოს? დათუნია ბაქსი გულში ჩაიკრა და შესჩივლა, _ მე ისიც კი არ ვიცი, რას განიცდის ის კაცი ჩემ მიმართ, ბაქს. სამაგიეროდ, მასთან კარგად ვარ. ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ და არა მოსიარულე გვამი. როცა მის გვერდით ვარ, სამყაროს უფრო ნათელ ფერებში ვხედავ. _ ქალმა სათამაშო თავის ადგილზე დადო და დილის ტუალეტს შეუდგა.

 

სტეფანე მთელი ნახევარი საათი ელოდა მის გამოჩენას. ყოველთვის აღიზიანებდა დაგვიანება, მაგრამ წინა ღამის შემდეგ ტესს ნამდვილად ეპატიებოდა ეს. თუმცა ის უფრო აღიზიანებდა, ირგვლი მყოფნი ინტერესით და მრავლისმეტყველი ღიმილით სავსე მზერას რომ შეავლებდნენ. სასტუმროში უკვე ყველა ხვდებოდა, მათ შორის რომანი რომ გაიბა. ამის დამამტკიცებელი საბუთი კი წვეულების ღამე იყო, როცა ორივენი დაიკარგნენ და აღარ გამოჩნდნენ.

ჯერ მეიბლი დალანდა. მან ორაზროვანი მზერით შეათვალიერა და ირონიულად ჰკითხა, წუხანდელი ღამე ხომ კარგად გაატარეო. მას მოჰყვა ელენი, რომელმაც მის დანახვაზე ღიმილით გადააქნია თავი და შენიშნა, ჩვეულებრივზე მეტად დაღლილად გამოიყურებიო.

ეს უკვე მეტისმეტი იყო. ნუთუ ტესს უფლება არა აქვს, თავისი ცხოვრება როგორც მოესურვება, ისე განაგოს? რა ამათი საქმეა, ვისთან დაწვება და გაატარებს ღამეს?

როგორც იქნა, ტესიც გამოჩნდა. წამოდგა და საყვარელი ქალისთვის სკამი გამოსწია, ქალებს კი ზედაც არ შეხედა, პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა არც ერთი. ტესს ყვითელი მაისური და თეთრი შორტი ეცვა, მზის სხივს დამსგავსებოდა. ქალი ბედნიერებისგან ელვარებდა.

ერთმანეთს ტუჩებში აკოცეს. ტესმა თვალი შეავლო მის განიერ მხრებს და ძლიერ მკლავებს. წამით თვალწინ გაურბინა, რამდენი სიტკბოება მოუტანა ამ მკლავებმა მთელი ღამის განმავლობაში და სიამოვნებისაგან გააჟრჟოლა. სასწრაფოდ მოარიდა მზერა მამაკაცს და დაჯდა.

ელენმა ორი თეფში ცხელი კერძი გამოიტანა და ორივეს წინ დაუდგა.

_ ელენ, მე ამდენს ვერ შევჭამ, _ თქვა ტესმა.

_ უნდა შეჭამო, შენ ახლა ენერგიის აღდგენა გჭირდება, _ ორაზროვნად მიუგო მზარეულმა.

ტესი გაწითლდა. როცა ელენი თვალს მიეფარა, სტეფანემ ღიმილით შენიშნა:

_ ეგ რაა, ეგ ჯერ მხოლოდ ყვავილებია, მალე ეკლები მოგწვდება.

ქალმა თვალი მოავლო ირგვლივ და რამდენიმე ცნობისმოყვარე მზერა დაიჭირა.

_ ო, ღმერთო, რა უბედურებაა! _ აღმოხდა.

_ აბა მე რას გეუბნებოდი? _ სტეფანეს სიცილი აუტყდა.

 

ორი კვირა გავიდა წვეულების ღამიდან. ტესი ასეთი ბედნიერი ჯერ არ ყოფილა. დღეს, როგორც იქნა, ჩანჩქერზეც ავიდნენ და ახლა უკან ბრუნდებოდნენ. სტეფანეს ნელა მიჰყავდა მანქანა. ტესი მისჩერებოდა მის ხელებს და უაზროდ იღიმოდა. ორი კვირაა, მოზარდებივით ექცევიან ერთმანეთს. ამდენი საბავშვო ბაღშიც კი არ უთამაშია. დამალობანაც კი მოსინჯეს ერთ ღამეს, დაჭერობანაც და ბოლოს «ვისი სული გსურს» ჩართეს თამაშების «მენიუში». სასტუმროს მდგმურებს ისე მოეწონათ ეს ქართული თამაში, ლამის ყოველ საღამოს იმეორებდნენ. გამოვიდოდნენ ოთხ-ოთხად, ხუთ-ხუთად, გაიყოფოდნენ შუაზე, ჩასჭიდებდნენ ხელებს ერთმანეთს და იხმობდნენ რომელიმეს სულს.

სტეფანეს ერთხელაც არ უხსენებია მათი მომავალი, სიტყვაც არ დასცდენია, რა ელოდა წყვილს წინ, როგორ გაეგრძელებინათ ცხოვრება.

ფიქრებში გართულს სტეფანემ ფეხზე დაადო ხელი.

_ ეი, სად ხარ? რაზე ჩაფიქრდი?

_ არც არაფერზე. უბრალოდ, ბანკის მენეჯერი უნდა მენახა დღეს და გადავაგდე. ხვალ შეიძლება არც დამელაპარაკოს გაბრაზებული.

_ არა უშავს, შეგირიგდება. ფულის გულისთვის ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი. როგორ ფიქრობ, სანდო კლიენტს ბანკი ხელიდან გაუშვებს?

_ ჯერ არც ვიცი, რამდენად გამომივა. შეიძლება არც დამიმტკიცონ სესხი. ცოტას კი არ ვითხოვ.

_ ეგ არაფერი, ყველაფერი მოგვარდება, იქამდე კი რაღაც მინდა გითხრა. ვიცი, არ იქნება მთლად სასიამოვნო ამბავი, მაგრამ უთქმელობა უარესი გამოვა.

ტესს გული შეეკუმშა. ეს ალბათ სწორედ ის მომენტია, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა _ სტეფი ახლა მომავალზე ალაპარაკდება და მათ ურთიერთობას ბოლო მოეღება.

_ მე შენს ყოფილ ქმარს ვიცნობდი.

ტესს თვალები გაუფართოვდა.

_ ვის, მურთაზს?

_ სხვა ქმარიც გყავდა? _ გაღიმება სცადა სტეფანემ.

_ რა თქმა უნდა, არა. საიდან იცნობდი?

_ ბავშვობაში ერთ უბანში ვცხოვრობდით, ერთმანეთის მეზობლად. ერთი სიტყვით, ძმაკაცები ვიყავით. მართალია, მე ცოტათი უფროსი ვიყავი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი მეგობრობისთვის.

ქალს უსიამოვნო ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.

_ მერე? _ ცივად იკითხა.

_ მერე დავიშალეთ. მე სხვაგან გადავსახლდი, ის დარჩა, სადაც იყო და ჩვენი გზებიც გაიყო. წლების შემდეგ ბაბუაჩემს დასჭირდა მისი დახმარება და კლინიკაში კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ოღონდ ესეც დიდი ხნის წინ იყო. როცა მითხარი, შენი ქმარი ვინც იყო, კინაღამ გავგიჟდი. ერთი ხანობა ვცადე, თავი ამერიდებინა შენთან ურთიერთობისთვის, მაგრამ არ გამომივიდა. შენი დათმობა ადვილი არ აღმოჩნდა. მაპატიე, რომ აქამდე არ გითხარი. იმედია, ეს სიახლე ჩვენს სიყვარულს ხელს არ შეუშლის.

_ ჩვენს დროებით სიყვარულს, _ ხაზგასმით აღნიშნა ტესმა.

_ დროებითია თუ მარადიული, ამას დრო გვიჩვენებს, _ არ გაშალა თემა სტეფმა, _ შენ ის მითხარი, რაც მაინტერესებს.

ტესმა ღრმად ამოიოხრა.

_ მურთაზთან ძალიან შორეულ წარსულში დავამთავრე ყველაფერი. მასთან აღარაფერი მაკავშირებს. ის ახლა კანადაშია, იქ ცხოვრობს, ცოლიც შეირთო და შვილებიც ჰყავს. როგორც ამბობენ, თავისი პროფესიით მუშაობს, სიმამრი დაეხმარა თურმე. ისიც ექიმია, კერძო კლინიკა აქვს და თავისთან ამუშავებს სიძესაც. ასე რომ, შეიძლება ისე დაბერდე, მას ვერასდროს შეხვდე. ჯობია, არ შეგაწუხოს სინდისის ქენჯნამ. ის ამას ალბათ ვერასდროს გაიგებს. მით უფრო, რომ მე საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხუთ წელიწადში. _ ტესს მიეცა შესაძლებლობა, თავისი სათქმელი ეთქვა და გაიყურსა.

მისდა გასაოცრად, სტეფანემ სიტყვა ბანზე აუგდო.

_ წავიდეთ საღამოს რესტორანში? _ თითქოს არაფერი, არხეინად იკითხა მამაკაცმა.

ტესს გული ჩაწყდა. არ მოელოდა მისგან ასეთ რეაქციას. თითქოს არც აინტერესებდა, რას აპირებდა ტესი და რა გეგმები ჰქონდა სიყვარულთან დაკავშირებით.

_ არა, დღეს რესტორანი არ გამოვა. ჯერ ერთი, ძალიან დავიღალე და მეორეც, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, აუცილებლად უნდა ვნახო ბანკის მენეჯერი.

_ ამ საღამოს? _ გაიკვირვა სტეფანემ.

_ ჰო, ამ საღამოს.

ისე გააგრძელეს გზა, მეტად აღარ უსაუბრიათ, ორივენი თავ-თავიანთ ფიქრებში ჩაიძირნენ.

არადა, ტესს ხინჯად ჰქონდა ბანკთან დაკავშირებული პრობლემები. ორი დღის წინ კრედიტზე უარი უთხრეს, მაგრამ გუშინ მენეჯერმა კვლავ დარეკა და შეატყობინა, თუ ცოტა მეტს უჩვენებდა შემოსავალს, მთლიანად საჭირო თანხას ვერა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს უეჭველად მისცემდნენ. სწორედ ეს იყო მისთვის პრობლემა. სად ეშოვა ფული, რომ ანგარიშზე დროებით მაინც დაედო და ბანკი გაეცურებინა?

უნდოდა რჩევა სტეფანესთვისაც ეკითხა, მაგრამ ყოყმანობდა. ფიქრობდა, რომ ამით თავის დაუმოკიდებლობას საფრთხეს შეუქმნიდა. თავის თავს გამოუტყდა იმაში, რომ მამაკაცის სიყვარული გონებას უბინდავდა. აჯობებდა, ისევ მეიბლისთვის მიემართა დახმარების სათხოვნელად. მას ჰქონდა ფული და იმედოვნებდა, რომ სესხზე უარს არ ეტყოდა.

_ რაღაც ვერ გცნობ, ორ წამში შეიცვალე, _ რესტორანთან მიახლოებულმა სტეფანემ მანქანა პარკირების ადგილას გააჩერა და ტესს გადახედა.

_ ხვალ სააბაზანოს რემონტი მორჩება და მერე სასტუმროს გაფართოებაზე დავიწყებ ზრუნვას, _ შეფიქრიანებულმა მიუგო.

_ სულ ეს არის შენი შესევდიანების მიზეზი, თუ ჩემშია პრობლემა?

_ რა? _ ტესი თითქოს გამოაფხიზლა ამ შეკითხვამ.

_ ის, რომ მე შენს ნომერში ვცხოვრობ, გაფერხებს?

_ ღმერთო ჩემო! რას ამბობ, სტეფ! ეგ რამ გაფიქრებინა? _ შეშფოთებული მიაჩერდა მამაკაცს, ალბათ მიზეზს ეძებს, როგორ დამშორდესო. იქნებ უკვე მოჰბეზრდა მასთან ერთად?

_ წამო, რამე შევჭამოთ. _ ხმა გაებზარა სტეფანეს.

ამჯერად უარი ვერ უთხრა, ამაზეც შარი არ მომდოსო და უხმოდ გადავიდა მანქანიდან.

თავისუფალ მაგიდას მიუსხდნენ. ოფიციანტმა ორი მენიუ მოიტანა და წყვილს წინ დაუდო. ორივემ ერთდროულად გადაშალა მუყაოსყდიანი გრძელი წიგნაკი.

პაუზა გაიწელა.

_ აირჩიე რამე? _ შეეკითხა მამაკაცი.

_ მხოლოდ კარტოფილი ფრი მინდა, სხვა არაფერი.

_ ეგ ვერ დაგანაყრებს.

_ მე ვიცი, რაც დამანაყრებს, _ მკვახედ მიუგო ტესმა.

_ რატომ გახდი ასეთი აგრესიული? ჩანჩქერთან ისეთი მხიარული იყავი, ლამის დავიჯერე, რომ ბედნიერი ხარ. _ გულგრილად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ოფიციანტს შეკვეთა უკარნახა.

_ იქნებ ის გირღვევს სიმყუდროვეს, შენი სასტუმროს მახლობლად რომ შენდება ჩემი პროექტი?

_ ამაზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, ეს არაფერ შუაშია, _ ტესი უფრო და უფრო უკმეხად პასუხობდა.

_ აბა რა გემართება? უკვე ვეღარ გცნობ, თითქოს ბზიკმა გიკბინაო.

_ ღამდება, _ ისე ჩაილაპარაკა ქალმა, თითქოს მისი შეკითხვა ვერ გაიგონაო.

_ ვერ მიგიხვდი. იმიტომ გადავარდი დარდთა საუფლოში, რომ ღამდება?

_ ჰო, _ მოკლედ მოუჭრა გაღიზიანებულმა ტესმა და შემწვარი კარტოფილი გადაიღო.

_ არ გიხდება ცუდი გოგოს როლის თამაში, ჭკვიანი ქალები ასე არ იქცევიან, _ გახუმრება სცადა სტეფანემ.

_ ამ ჭკუით სიამოვნებით დავბრუნდებოდი იმ წარსულში, _ ამოიოხრა ტესმა.

_ ასე მტკივნეულად გახსენდება შენი წარსული?

_ ჰო, არაჩვეულებრივი მეხსიერება მაქვს. _ ტესმა ჯიქურ გაუსწორა მზერა.

_ ჰმ, _ ჩაიცინა მამაკაცმა, _ მეხსიერება არაჩვეულებრივი მაშინაა, თუ წარსულის ცუდ მოგონებებს არ ეხება.

_ ესე იგი, ჩვეულებრივი მეხსიერება მქონია, _ ღიმილი ვერ შეიკავა ტესმა.

_ აი, ეს მომწონს, ძლივს არ დავიჭირე შენი ღიმილი? ისეთი ლამაზი იყავი იქ, ზემოთ, ჩანჩქერს რომ გაჰყურებდი… შენი თვალებიც ისეთივე თბილ სხივებს აფრქვევდა, როგორსაც მზისგან იღებდი. მიწიერ მზეს ჰგავდი.

_ მითხარი, სხვა ნომერში გინდა გადასვლა? _ მოულოდნელად შეცვალა ტესმა საუბრის თემა.

_ რატომ გგონია? _ მამაკაცმა წარბები შეჭმუხნა და გამჭოლი მზერა ესროლა.

_ რა ვიცი, _ მხრები აიჩეჩა ქალმა, _ იქნებ განმარტოება გინდა.

_ ტეს, ალალად მითხარი, გინდა ჩემთან იყო?

_ მინდა, _ დაუფიქრებლად მიუგო ქალმა და თვალები დახარა.

_ ის თუ გინდა, ჩემი იყო?

ამ შეკითხვამ საშინლად ააღელვა ტესი. სახეზე ღრუბელმა გადაურბინა. კარგა ხანს პასუხი არ გაუცია. თავის თეფშს დასცქეროდა და ფიქრობდა. უფრო და უფრო ემატებოდა დაძაბულობა მის ნაკვთებს, ალბათ საკუთარ თავთან ბრძოლა ჰქონდა გამართული, ჰო ეთქვა თუ არა. სტეფანე გაფაციცებული ადევნებდა თვალს ამ უხმო «მონოლოგს». ბოლოს შეამჩნია, ქალს თვალებში ფიქრი როგორ გაეყინა.

_ ტეს!

_ მითხარი, ოდესმე ქალისთვის სიყვარული აგიხსნია? _ შეკითხვას შეკითხვით უპასუხა ტესმა.

_ ამიხსნია.

_ ბევრჯერ?

_ თუკი ხშირად გაუმეორებ ადამიანს, მიყვარხარო, ეს სიტყვა ისე გაცვდება, რომ წყალგარეულ რძეს დაემსგავსება. ეს არის ჩემი პასუხი. _ სტეფანემ მადა დაკარგა, ჩანგალი და დანა დადო და სკამის საზურგეს მიეყრდნო.

_ ალბათ ამიტომაც არ გამიმართლა, _ მწარედ ჩაიცინა ტესმა, _ მოგეწონა ჩანჩქერთან?

_ ძალიან. ასე ახლოს ჩანჩქერი პირველად ვნახე. როცა დავაცქერდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მეც იმ წყალივით ავმოძრავდი და მისი ვარდნის საპირისპიროდ, მაღლა, ჰაერში დავიწყე აწევა.

_ წასვლა მინდა, დავიღალე, უნდა დავისვენო, თან არც მშია, _ მუდარით სავსე მზერა მიაპყრო ქალმა.

_ როგორც იტყვი, წავიდეთ, _ სტეფანემ ხელის მოძრაობით ანიშნა ოფიციანტს, ანგარიში მოეტანა და მის მოსვლამდე ჯიბიდან საფულე ამოიღო…

იცოდა სტეფანემ, რაც აწუხებდა ტესს, მაგრამ უნდოდა ამაზე თვითონ ალაპარაკებულიყო. ქალი კი ჯიუტად დუმდა. მამაკაცი ვერ მიმხვდარიყო მისი სიჯიუტის მიზეზს. არადა, მის გარეშეც შეეძლო ამ საქმის მოგვარება, უბრალოდ, უნდოდა, მასთან ერთად ემოქმედა და დახმარებოდა ჰარის მოტელის შესყიდვაში. ტესი ამას მარტო ვერ მოერეოდა, თანხას ვერ გამონახავდა საამისოდ. ბანკი სანუგეშოს ვერაფერს პირდებოდა. სხვა გზა არ იყო, ფარულად უნდა ემოქმედა და საყვარელი ქალისთვის სიურპრიზი მოემზადებინა, თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ეს სიურპრიზი ტესს გაახარებდა. თანაც, რთული საქმე იყო «ბერძნული კუნძულის» შესყიდვა. შენობა არაფრად არ ვარგოდა, იგი უნდა დანგრეულიყო და მის ადგილას, წესით, ახალი აშენებულიყო. ამას კი სტეფანეს ფინანსები ვერ მოერეოდა. სწორედ აქ იჭედებოდა იგი. ეს იყო მისთვის თავსამტვრევი. აგერ, სამი დღეა, ტესის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებას სოფისთან, ჰარის მიერ დაქირავებულ მაკლერთან. მოსწონდა სტეფანეს მიწის ეს ნაკვეთი და ცდილობდა, ხელიდან არ გაეშვა მისი შეძენის შესაძლებლობა. იცოდა, ტესი მას თავისებურად მიხედავდა და წალკოტს დაამსგავსებდა.

ოფიციანტმა ანგარიშთან ერთად ტრადიციული ჩინური ნამცხვარი მოიტანა, რომელსაც კლიენტებს უფასოდ ურიგებდნენ. თითოს თითო დაუდო წინ. საგულდაგულოდ შეფუთულ ორივე ნაჭერს ზემოდან ერთი და იგივე წარწერა ჰქონდა: «ბედის წინასწარმეტყველება».

ტესმა ორივე ნაჭერი აიღო.

_ თვალები დახუჭე და აირჩიე, _ შეხედა სტეფანეს.

_ თვალები რატომ უნდა დავხუჭო?

_ იმიტომ, რომ მხოლოდ მაშინ შეძლებ სწორი არჩევანის გაკეთებას.

_ გინდა თქვა, რომ ნამცხვრის არჩევა ჩემს ბედისწერაზე გავლენას მოახდენს? ასეთი რამეების არ მწამს.

_ როცა თვალებს ხუჭავ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხდები. ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს, ისაა, გული რას გიკარნახებს. ეს იმას ნიშნავს, რომ, რომელ ნაჭერსაც აირჩევ, სწორედ ის იქნება შენთვის განკუთვნილი.

_ სისულელეა. ასეთ ნამცხვარს ყველას აძლევენ, ჩვენ კი არ ვართ გამონაკლისი.

_ მაგრამ ყველას სხვადასხვა რამეს უწინასწარმეტყველებს ბედი. ეს ორი კი ჩვენთვისაა განკუთვნილი. როგორ გგონია, რატომ სხვა ნაჭრები არ შეგვხვდა?

_ იმიტომ, რომ სხვა ნაჭრები სხვებს მიუტანეს.

_ ჰოდა, მეც მანდ ვარ. ესე იგი, ეს ჩვენთვის იყო განკუთვნილი და ეს არის ჩვენი ბედი.

_ კარგი, გნებდები, შენთან კამათი კარგს არაფერს მომიტანს, ისეთი ჯიუტი ხარ, მაინც გაიტან შენსას, _ გაიცინა სტეფანემ, თვალები დახუჭა და ხელი ტესისკენ გაიწოდა.

როცა ნაჭერი აირჩია, თვალები გაახილა.

_ გახსენი და წაიკითხე, რა წერია, _ ეშმაკურად მოწკურა თვალები ტესმა.

მამაკაცმა გახსნა და ხმამაღლა წაიკითხა: «არ დანებდე და ნახავ, როგორ ნებდებიან სხვები». მდაა. აბა, შენთან როგორაა საქმე?

ტესმაც შემოხსნა ქაღალდი ნამცხვარს და წაიკითხა: «ცხოვრებაში წარმატება დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომელსაც ენდობი».

_ და შენ გგონია, ამ წინასწარმეტყველებებზე ღირს ყურადღების გამახვილება? _ სტეფანემ ჩაიცინა.

_ რატომაც არა.

მამაკაცი ქალისკენ გადაიხარა და მრავალმნიშვნელოვნად გადაუკრა:

_ ჰოდა, მიუგდე ყური ამ წინასწარმეტყველებას, თუკი გსურს წარმატებული გახდე.

ტესი ისე გაწითლდა, თითქოს ტყუილში გამოიჭირესო.

_ წასვლის დროა, _ გულგრილად ჩაილაპარაკა და წამოდგა…

 

მეორე დილით სტეფანე სოფის ზარმა გამოაღვიძა.

_ მისტერ გაგუა, თქვენთან შეხვედრა მსურს.

_ ნახევარ საათში ოფისში ვიქნები, მის სოფი, დამელოდეთ! _ მიუგო მამაკაცმა და საწოლიდან წამოხტა.

საუზმისთვის დრო არ რჩებოდა, თან უნდოდა ისე გასულიყო ნომრიდან, რომ ტესს არ შეჩეხებოდა. უხმაუროდ მოქმედებდა, თუმცა მალე დარწმუნდა, რომ სულ ტყუილად _ ტესი თავის ოთახში არ იყო.

თავი მოიწესრიგა თუ არა, დინჯად ჩაიარა კიბე და ეზოს გაფაციცებული მზერა მოავლო. ტესი ვერც აქ დალანდა. შვებით ამოისუნთქა, არ უნდოდა ქალს გაეგო, ასე დილაადრიან რისთვის გადიოდა სასტუმროდან. სწრაფად გავიდა ეზოდან და ქუჩაზე გადაირბინა, რომ მოახლოებული ტაქსი გაეჩერებინა. მანქანის სადგომიდან გამოყვანა დროს დააკარგვინებდა…

 

სოფი ერთობ ექსტრავაგანტურად გამოიყურებოდა. სტეფს დიდად არ მოსწონდა ეს ქალი, იგი ისეთივე გაიძვერა იყო, როგორც ყველა მაკლერი, რომელიც შენობა-ნაგებობების ყიდვა-გაყიდვითაა დაკავებული. «მაკლერი ყველგან მაკლერია, საქართველოშიც და უცხოეთშიც», _ გულში ჩაეცინა.

_ მისტერ გაგუა, მოტელის მეპატრონე ჩამოვიდა და მინდოდა გამეგო, შედგება თუ არა გარიგება. ხომ არ გადაგიფიქრებიათ «ბერძნული კუნძულის» შეძენა? მფლობელს ერთი სული აქვს, როდის გაყიდის. შეძენის მსურველი ბევრია, რომ იცოდეთ.

სტეფანეს ღიმილი მოჰგვარა მისმა ნათქვამმა.

_ ამიტომ, თუ შეკითხვები გაქვთ, მკითხეთ, მე აქ ვარ, დრო კი არ იცდის. _ გააგრძელა სოფიმ.

_ თუ შეიძლება, დაბრძანდით, სოფი!

_ იცით? თქვენთან საქმის დაჭერა ძნელი გამოდგა. გუშინ მთელი დღე გეძებეთ, ორჯერ ვიყავი მშენებლობაზე და ვერ გამოგიჭირეთ. მერე მითხრეს, დღეს ისვენებსო.

_ მართალი უთქვამთ, გუშინ ვისვენებდი.

_ აბა, რა გადაწყვიტეთ?

_ იცით რა? წინააღმდეგი არ ვარ, ეს მოტელი შევიძინო, მაგრამ ერთი რამ მაფერხებს _ მისი მშენებლობა.

_ მერედა, რა პრობლემაა? დაანგრიეთ და ისეთი ააშენეთ, როგორიც გსურთ. _ ადვილად მოაგვარა პრობლემა მაკლერმა.

სტეფანემ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. იცოდა, რომ სოფის მისი პრობლემა ნაკლებად ადარდებდა. მისთვის მთავარი საკუთარი მოგების მიღება იყო.

_ პრობლემა ის არის, რომ ძალიან მყარად ნაგები შენობაა, მისი დანგრევა ადვილი არ იქნება და ორჯერ უფრო ძვირი დამიჯდება ტექნიკის დაქირავება.

_ ეს იმიტომ, რომ ეგ სასტუმრო ერთ-ერთი უძველესი რანჩოა მთელ რაიონში. მხოლოდ ათი წელია, რაც იგი მოტელად გადააკეთეს.

_ ანუ ადრე იგი საცხოვრებელი სახლი იყო? და რატომ არ აისახა ეს ამბავი ჩემს ანგარიშში?

_ რა მნიშვნელობა ჰქონდა? თქვენ ხომ მის დანგრევას აპირებთ?

სტეფანე ყოყმანობდა. ეს ამბავი ტესმა რომ გაიგოს, არასდროს აპატიებს, არც კი მოუსმენს, რატომ წავიდა ამ გარიგებაზე. იქნებ ახლავე გააცნოს მას საქმის ვითარება?

_ როგორც ჩანს, ახლა უკვე დანგრევაც პრობლემად გადამექცევა.

_ კი მაგრამ, რატომ?

_ იმიტომ, რომ ქალაქის ღირსშესანიშნავი ძეგლის დანგრევას ყოველთვის გამოუჩნდებიან მოწინააღმდეგეები. შეიძლება არც კი დამრთონ ამის ნება.

_ მაგას მე მოგიგვარებთ, გქონდეთ ჩემი იმედი. მით უფრო, არც ისეთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა, ისტორიული წარსული კი არა აქვს.

_ მოდით, მომეცით კიდევ ნახევარი საათი, რომ კარგად მოვიფიქრო. ჩემი აზრით, აჯობებს, იერსახე შევუნარჩუნო მოტელს, ბოლოს და ბოლოს, მისი გადაკეთება უფრო იაფი დამიჯდება. ვიფიქრებ, კარგი?

_ როგორც ინებებთ, _ უკმაყოფილება გაისმა სოფის ხმაში.

_ ნახევარ საათში მოტელთან შეგხვდებით. ასე აჯობებს და საბოლოო პასუხსაც იქ გეტყვით.

ქალი ამრეზილი სახით გატრიალდა კარისკენ, სტეფანე კი ღრმად ჩაფიქრდა…

 

ტესმა ჰარის ლოყაზე აკოცა და აუზის გასწვრივ მდგარ მაგიდასთან მის გვერდით ჩამოჯდა.

_ მაპატიე, რომ დავიგვიანე, მაგრამ რემონტი მაქვს და მუშებისთვის უნდა მიმეხედა, _ მოუბოდიშა ქალმა.

ჰარიმ ხელი აიქნია მის დასამშვიდებლად.

_ მიხარია, ასეთ საქმიანს რომ გხედავ. ახალი გეგმები გაქვს?

_ როგორც ყოველთვის.

_ ეს კარგია, მაგრამ სად გააქრეთ საფერფლეები? ვეძებ და ვერ მიმიგნია.

ტესმა ერთ-ერთი შეზლონგის ქვეშ შედგმული საფერფლე გამოიღო და ჰარის წინ დაუდო.

_ მეგონა, მიატოვებდით მოწევას, მოხუცო.

_ რისთვის? სიგარეტი ახლა ჩემთვის ერთადერთი განუყრელი მეგობარია. თუ მასაც მივატოვებ, სრულიად მარტო დავრჩები და მოვკვდები.

ჰარიმ კოლოფიდან ერთი ღერი დააძრო და მოუკიდა.

_ როგორ ვითარდება თქვენი რომანი? მეიბლმა მითხრა, რომ შენ და ის… მომიყვები, რა ხდება?

_ მეიბლი ზედმეტად ენაჭარტალაა, _ გაიღიმა ტესმა.

_ მაგრამ თვალები რომ ასე ძალიან აგიციმციმდა? მენდელსონის ვალსის ხმაც კი ჩამესმა, მგონი.

_ რას ამბობთ, ჰარი, ხომ იცით, რომ მე გათხოვება არ შემიძლია.

ჰარის პირთან მიტანილი სიგარეტიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა.

_ ვითომ რატომ?

ტესმა გაშლილი ხელებით წრე შემოხაზა:

_ ამ ყველაფრის მიტოვება არ შემიძლია. ეს სასტუმრო მთელი ჩემი ცხოვრებაა.

_ მიტოვება? მეგონა, ეს ყმაწვილი აქეთ აპირებდა გადმოსახლებას.

_ თქვენ არ იცნობთ ქართველ მამაკაცებს, ჰარი. მათთვის აქ გადმოსახლება ჩასიძების ტოლფასია. ისინი კი ზედმეტად ამაყები არიან ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად.

_ რაღაც ისე ვერ არის, როგორც ვხედავ. გიყვარს ის ბიჭი?

_ მიყვარს, _ ისე სწრაფად უპასუხა ტესმა, წამითაც არ შეყოყმანებულა.

_ და იმას?

_ ვფიქრობ, იმასაც, მაგრამ… მაგრამ ჩვენ შორის ჯერ არც ერთს…

_ აჰა, _ გააწყვეტინა ჰარიმ, _ ესე იგი, ელოდები, რომ პირველი ის გამოგიტყდეს სიყვარულში, არა?

_ არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მას უამრავი საქმე აქვს, ძალიან დატვირთულია. მე კი ჩემი სამუშაო მიყვარს. ვერც ერთი ვერ შეველევით ჩვენს საქმეს, ამიტომაც არ გვრჩება დრო სიყვარულისთვის.

_ თუ იმ ვალდებულებებისთვის, რასაც სიყვარული მოითხოვს? პასუხისმგებლობის აღების გეშინიათ? არ მესმის. რა არის რთული იმაში, რომ თან მართო შენი სასტუმრო, თან იმ ყმაწვილთან ურთიერთობა დაალაგო? მე და ჩემი ცოლი წლების განმავლობაში ერთმანეთს მხარში ვედექით, მაგრამ სიყვარული არ გაგვნელებია. რა თქმა უნდა, იყო პრობლემები, მაგრამ ვერეოდით. რა ჯობია, როცა ცოლი და ქმარი ერთად უძღვებიან საქმეებს.

_ მაგრამ ეს ჩემი სასტუმროა. მე შევქმენი იგი და არ შემიძლია უარი ვთქვა იმ დამოუკიდებლობაზე, რომელსაც მივაღწიე.

_ მერედა, ვინ გიშლის? იყავი დამოუკიდებელი საქმეში და დამოკიდებული სიყვარულში. ხელი ხელს ჰბანს.

ტესმა ამოიოხრა. როგორ აუხსნას მას ყველაფერი, როცა თავადაც ვერ გარკვეულა თავის შიშებში?

_ კარგი, გვეყოფა ამაზე საუბარი, _ თქვა ჰარიმ, _ არ ვაპირებ, მიგითითო, როგორ ააწყო შენი ცხოვრება, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე _ ნამდვილი სიყვარული იშვიათი მონაპოვარია. როცა იგი გეწვევა, მტკიცედ უნდა ჩასჭიდო ხელი და შეეცადო, არ გაუშვა. სიყვარულის მთავარი არსი ისაა, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნო იგი.

_ საოცარი ადამიანი ხართ, ჰარი, დიდი მადლობა, _ ტესმა ხელი მტკიცედ ჩამოართვა მოხუცს.

ჰარიმ ნამწვი საფერფლეზე დადო და ხელები მოიფშვნიტა.

_ ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. როგორ მიდის ჩემს მოტელთან დაკავშირებული საქმეები?

_ არც ისე წარმატებულად. ბანკი დიდ იმედს ვერ მაძლევს კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით, _ ამოიოხრა ტესმა, _ საბოლოო პასუხს ხვალ მეტყვის მენეჯერი.

მოხუცი სკამზე აწრიალდა.

_ შენ ხომ იცნობ სოფის. ამ დილით დამირეკა, ძალიან იყო აღგზნებული, მითხრა, რომ რეალური მყიდველი გამოჩნდა. ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ შემპირდა, დღეს მოვიყვან და გაგაცნობო.

ამის გაგონებაზე ტესს თვალებში ნაპერწკლები ჩაუქრა. ახალმა ამბავმა საბოლოოდ გაუცრუა იმედი.

_ ჰარი, ვიცი, რომ მოტელის გაყიდვა როგორც ფინანსური, ისე პირადი მიზნებითაც სარფიანად გსურთ, მაგრამ თუკი სოფის წინადადება საქმიანია, ვფიქრობ, უნდა დათანხმდეთ.

_ მე თავს შევიკავებ გარიგებისგან მანამ, სანამ შენ საბოლოო პასუხს არ მიიღებ ბანკისგან. მინდა, რომ «ბერძნული კუნძულის» მფლობელი შენ გახდე და არა ვიღაც ვიგინდარა.

_ გმადლობთ, ჰარი, მაგრამ თუკი არაფერი გამოვა, ნაწყენი არ დავრჩები. მე მესმის თქვენი.

სწორედ ამ დროს მათ ზურგს უკან, აუზის კიდესთან ქალის მწივანა ხმა გაისმა:

_ აი, თურმე სად ყოფილხართ! როგორც ჩანს, იღბლიანი დღე მქონია _ ყველას ვხვდები, ვინც მჭირდება! _ სოფი მოსაუბრეებს მიუახლოვდა.

ჰარი წამოდგა და შუბლშკრული მიაჩერდა მაკლერს.

სოფიმ ჯერ ჰარის გაუწოდა ხელი და ჩამოართვა, შემდეგ ტესს და დააყოლა:

_ კარგია, რომ აქ ხართ. მალე ის კაცი მოვა, ჰარი, მე რომ გელაპარაკეთ, თქვენი მოტელის ყიდვა ვისაც უნდა.

_ მერე რა? _ უხალისოდ იკითხა, თან ადგილიდან არ დაძრულა.

_ როგორ თუ მერე რა? ის ტიპია, ვისაც თქვენი მოტელი აინტერესებს.

_ მაინცდამაინც ახლა რატომ მოუნდა ჩემი ნახვა? _ გაბრაზებული ტონით ჩაიბურტყუნა ჰარიმ.

_ მომისმინეთ. ის ძალიან დაკავებული ადამიანია, მისი გამოჭერა არც ისე ადვილია, ამიტომ როცა მოვიხელთე, მაშინ დავიბარე, _ სოფიმ მაჯის საათს დახედა, _ წესით, წამი-წამზე აქ უნდა იყოს. წავიდეთ, ვნახოთ!

ტესმა შეამჩნია, როგორ მოეღუშა სახე ჰარის და მიხვდა, ის დროის მოგებას ცდილობდა.

_ ძალიან გთხოვთ, ჰარი, ჩემ გამო საქმეს ნუ გაიფუჭებთ. წადით, დაელაპარაკეთ.

_ ვერ გავიგე, რა ხდება აქ? _ უცერემონიოდ ჩაერთო საუბარში სოფი.

_ არაფერი, გოგონი, ყველაფერი რიგზეა. შევხვდები იმ კაცს, აბა რას ვიზამ, მაგრამ საბუთებს მხოლოდ ხვალ მოვაწერ ხელს.

_ კი მაგრამ, რატომ? _ სოფის თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან.

სწორედ ამ მომენტში სტეფანე გამოჩნდა. ტესს გაუკვირდა მისი ამ დროს გამოჩენა. მამაკაცი, წესით, სამსახურში უნდა ყოფილიყო.

სტეფანე ყველას მიესალმა და ტესს ლოყაზე უჩქმიტა.

_ როგორი სასიამოვნო სიურპრიზია, _ თქვა ქალმა.

_ უკვე ისადილე? ცოტა ხანს თუ დამელოდები, სოფისთან საქმეს მოვაგვარებ და წავიდეთ, რამე შევჭამოთ.

ტესს შეამცივნა, გულმა რეჩხი უყო.

_ რა საქმეს? _ ჩამქრალი ხმით შეეკითხა.

_ მისტერ გაგუას სურს «ბერძნული კუნძულის» შესყიდვა. ჰარი, სწორედ ეს ყმაწვილია ჩემი კლიენტი, _ მის მაგივრად მაკლერმა გასცა პასუხი.

_ არა… _ ჩაიჩურჩულა გაფითრებულმა ტესმა.

სტეფანემ ჰარის ხელი ჩამოართვა და ტესს მიუბრუნდა:

_ კარგად ხარ, საყვარელო? _ ქართულად მიმართა, _ რა გჭირს?

ტესმა თავი ისე გაიქნია, თითქოს უსიამოვნო აზრების თავიდან მოშორება სურსო.

_ შენ ყიდულობ ჰარის მოტელს? _ ქალი საკუთარ ხმას ვეღარ ცნობდა.

_ ახლა ყველამ მომისმინეთ, თუ შეიძლება, _ ამ დროს ჰარი წამოდგა და განაცხადა, _ მე შევპირდი ტესს, რომ არც ერთ ქაღალდს არ მოვაწერ ხელს, სანამ ბანკიდან საბოლოო პასუხს არ მიიღებს სესხის თაობაზე. შეიძლება ჩემი წინადადება საქმიანად არ ჟღერს, მაგრამ ის პირველი იყო, ვინც მოტელის შეძენის სურვილი გამოთქვა, ამიტომ მასთან ვალში ვარ.

_ ვერ ვხვდები, რა საუბარია ეს? _ აღშფოთდა სოფი, _ როდის აქეთ გადაწყვიტა ტესმა მოტელის შეძენა? ჩემთვის ამის შესახებ არავის უთქვამს.

_ გითხარით, სოფი, თავიდანვე გაგაფრთხილეთ, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც «ბერძნული კუნძულის» შეძენა სურს-მეთქი და ისიც დავამატე, ფულს ელოდება-მეთქი. იმასაც შეგპირდით, რომ ყველაფრის მიუხედავად, თქვენ მაინც მიიღებდით თქვენს პროცენტს, თუნდაც არ მოგეყვანათ ჩემთვის კლიენტი.

_ მაგრამ არ გითქვამთ, ტესზე თუ იყო საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში, შევხვდებოდი მას და დაველაპარაკებოდი, რას ჰგავს ეს?

_ მართალი ხართ, რომ გცოდნოდათ, სიცოცხლეს მოუწამლავდით ამ გოგონას.

_ მე არავის ვუწამლავ სიცოცხლეს, ჰარი, _ იწყინა სოფიმ.

ტესს წარამარა ეცვლებოდა სახის გამომეტყველება. წეღანდელი შოკი ნელ-ნელა მრისხანებით შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სტეფანესთვის არასდროს უთქვამს მოტელის შესყიდვის თაობაზე, მისი საქციელი მაინც ღალატად მიიჩნია. მართალია, ამის მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა, რომ თავისი ოცნებების ასრულების გზაზე საყვარელი მამაკაცი გადაეღობა. იქნებ იცოდა კიდევაც სტეფმა და იმიტომ შეაყვარა თავი, რომ კულმინაციურ მომენტში პრობლემა არ შექმნოდა? რადგან ტესი შეყვარებულია, ესე იგი, ადვილად დათმობს?

_ რატომ არ მითხარი, ამ მოტელის ყიდვა თუ გინდოდა? _ მსუბუქი საყვედური გაისმა სტეფანეს ხმაში.

_ რა? _ ტესი შეცბა, _ შენ რატომ არ მითხარი? გინდოდა, დაგემალა?

_ მაპატიეთ, ახალგაზრდებო, _ საუბარში ჰარი ჩაერია, არ ესმოდა, რაზე კამათობდა წყვილი მისთვის გაუგებარ ენაზე, მაგრამ ხვდებოდა, რომ მათი წაკინკლავების მიზეზი მისი მოტელი იყო, _ თქვენი პრობლემები თავად გადაწყვიტეთ, მე და სოფი კი წავალთ, ცალკე დავილაპარაკებთ.

სოფის უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ჰარიმ საშუალება არ მისცა, გოგონას ხელკავი გამოსდო და მასთან ერთად ბილიკს დაუყვა.

_ ეს უსამართლობაა, _ თქვა ტესმა, _ რატომ გახადე ეს ამბავი ასე გასაიდუმლოებული?

სტეფანემ მხრები უხერხულად აიჩეჩა, თან გაურბოდა ქალის ანთებულ მზერას.

_ მგონი, აჯობებს, ნომერში ავიდეთ და მოწმეების გარეშე ვილაპარაკოთ, _ ტესმა თვალი მოავლო აუზის გარშემო შეკრებილ მობინადრეებს, რომლებიც ცნობისმოყვარე თვალებით მისჩერებოდნენ.

ნომერში ავიდნენ თუ არა, ტესმა კარი ზურს უკან მოიჯახუნა და მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული დაუდგა წინ მამაკაცს.

_ აკი ახალ ობიექტს ვაშენებო? ამისთვის ჩამოვედიო? მომატყუე? რისთვის გჭირდება მოტელი, აქ ცხოვრებას აპირებ? თავიდანვე გქონდა განზრახული, რომ სასტუმროების ქსელი გაგეკეთებინა და მე ჩაგეძირე? რას ჩუმჩუმელაობ? აღიარე, რატომ გაჩუმებულხარ?

_ მე კი არა, შენ ჩუმჩუმელაობ, _ არ დაუთმო სტეფანემ, _ ერთხელ არ გიხსენებია, მოტელის ყიდვა რომ გინდოდა, მეუბნებოდი, უნდა გავფართოვდე და ინტერიერის დიზაინი შევცვალოო. ასე არ იყო?

_ სულაც არ ვარ ვალდებული, შენ ან ვინმეს ავუხსნა, რას ვაპირებ. ეს ჩემი ბიზნესია და ისე ვაგვარებ მას, როგორც გამიხარდება.

_ არც არასდროს მიმითითებია შენთვის, როგორ აწარმოო შენი ბიზნესი. უბრალოდ, შეგეძლო, საქმის კურსში ჩაგეყენებინე.

_ რის საქმის კურსში, ერთი ამიხსენი! რა უნდა მეთქვა, რომ ვირივით ვმუშაობ, რათა ცოტაოდენი მოგება ვნახო? არ იცი, რომ ასეა? რატომ გადამეღობე გზაზე? მაინცდამაინც იმ ნაკვეთის ყიდვა რატომ მოგინდა, რომელიც ჩემთვის მინდოდა?

_ ჯერ ერთი, წარმოდგენა არ მქონდა, თუ შენ ამ მოტელს უმიზნებდი, მე რა, დამესიზმრებოდა? და მეორეც, ჯერ ხომ არ მიყიდია, რა გაცოფებს?

_ შენ რა, ომს მიცხადებ? ჯიბრში მიდგები? _ ტესმა დოინჯი შემოიყარა.

_ კარგი რა, ნუ მაცინებ, _ თავი ნელა გადააქნია სტეფმა, _ ჯერ არც კი ვარ დარწმუნებული, მინდა თუ არა «ბერძნული კუნძულის» შეძენა.

_ აჰაა… და უნდა დაგიჯერო? დამცინი, ხომ?

_ ჰოც და არაც. ჰო, უნდა დამიჯერო და არა, არ დაგცინი.

ტესი თვალს არ აშორებდა მამაკაცს. ხედავდა, უფრო და უფრო როგორ ეღუშებოდა სახე მას და ცოტა არ იყოს, შეეცოდა კიდევაც. მრისხანებამ თანდათან გაუარა. კარგად იცნობდა სტეფს და იცოდა, რომ ჯიბრით ვერ მოუგებდა, დაკარგვით კი ადვილად დაკარგავდა.

_ ღმერთო ჩემო, სტეფ, რა გვემართება? მე მგონი, საქმე მხოლოდ «ბერძნულ კუნძულს» არ ეხება. ასეა?

_ მართალია, მას კი არა ჩვენ, მე და შენ გვეხება. _ მიუგო და ქალს მაჯაში ჩაავლო ხელი, რომ მასთან ერთად ტახტზე ჩამომჯდარიყო, რადგან ტესი ერთიანად ცახცახებდა და მთელი ძალით ცდილობდა თავის ხელში აყვანას.

_ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი მარტომ გავატარე და მხოლოდ საკუთარი თავის მჯეროდა, _ დაიწყო მან, _ შემდეგ შენ გამოჩნდი და მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ არათუ ვარსებობ, არამედ ვცოცხლობ, _ ამ სიტყვებით ქალისკენ მიტრიალდა და თვალებში ჩახედა, _ შენ გაავსე ჩემი სამყარო. მე ვიცინი და ვთამაშობ შენთან ერთად. ვცურავ შენ გვერდით და მეკობრის კოსტიუმსაც კი ვირგებ. ბოლო დროს საკუთარ თავს ვერ ვცნობ, ასე მგონია, სხვა ადამიანი გავხდი. ხანდახან ვეკითხები ჩემს მეორე მეს, ნუთუ ეს მე ვარ? და საერთოდ, ვინ ვარ ან ვინ გავხდი? სიმართლე გითხრა, ცოტათი მაშინებს კიდევაც ეს. ტეს, ვიცი, რომ გაწყენინე. ძალიან ვწუხვარ. ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ უკვე რამდენი ხანია, მხოლოდ შენზე ვფიქრობ და კიდევ იმაზე, როგორ იმოქმედებდა შენზე, მე რომ ეს პატარა სასტუმრო შემესყიდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გავაჭიანურე მისი შეძენის პროცესი.

ტესი გაოგნებული იჯდა. მისმა მობოდიშებამ ბოლო მოუღო. როგორც ჩანს, მას სცოდნია ტესის გეგმების შესახებ.

_ ტეს, ჩვენ ორივე ბიზნესით ვართ დაკავებულები და არც ერთი ჩვენთაგანი არ მსჯელობს თავის გეგმებზე გარეშე პირებთან, ხომ ასეა?

_ გამოდის, რომ ორივეს გვქონდა მიზეზი, ჩვენი სურვილები დაგვემალა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთისთვის მე და შენ გარეშე პირები ვართ? ამის თქმა გინდა? _ ტესს მოუთმენლობა დაეტყო.

_ მომისმინე, პატარავ. მე რომ მცოდნოდა, შენ გსურდა მისი შეძენა, უარს ვიტყოდი ამ გარიგებაზე, ან სხვა რამეს შემოგთავაზებდი მის სანაცვლოდ. მთავარი ნდობაა, თუ ერთმანეთის ნდობა არ გვექნება, საერთოდ ზედმეტია რამეზე საუბარი.

ტესს რატომღაც, სიგიჟემდე მოუნდა, სტეფს შეხებოდა. ხელზე მოკიდა ხელი და შერბილებული ხმით უთხრა:

_ ვხედავდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში იყო პრობლემები. ეს ერთდროულად იმედს მიცრუებდა და მაშინებდა კიდევაც. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ვინმე ასე შემიყვარდებოდა. ახლაც არ მინდა, დავიჯერო, იმიტომ, რომ შეშინებული ვარ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ჩემი გულიც და სულიც შენს ხელშია და ერთხელაც გავნადგურდები. არ მინდა განმეორდეს ის ტკივილი, რომელიც უკვე გამოვცადე მურთაზთან.

_ მე არ ვარ მურთაზი და არ ვაპირებ შენს მიტოვებას. მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.

_ რა? _ ტესი ამ სიტყვებმა ადგილზე გააქვავა.

სტეფანემ ჰაერი მკერდით ჩაისუნთქა და გაიმეორა:

_ მე შენ მიყვარხარ, ტეს, ოღონდ არ ვიცი, ეს როდის დაიწყო… მაგრამ… _ მამაკაცმა თმაში შეიცურა ხელი.

ტესი კარგად იცნობდა მას. იცოდა, სტეფანე ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდა, როცა ნერვიულობდა, ან გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მან ახლოს მოიზიდა მამაკაცი და თვითონ მიეფერა თმაზე.

_ მეც მიყვარხარ, სტეფ. პირველსავე დღეს, ვესტიბიულში რომ დაგინახე, რაღაცამ შემძრა გულის სიღრმეში. ვიგრძენი, რომ შენ იყავი ის, ვისაც ალბათ შეუცნობლად მთელი ცხოვრება ველოდებოდი. ვებრძოდი ამ გრძნობას, როგორც შემეძლო, არ მინდოდა, ახლოს მომეშვი გულთან და გონებასთან. ვიფიქრე, მასთან ურთიერთობისთვის გულში მხოლოდ პატარა კუნჭულს დავიტოვებ და ამით დავკმაყოფილდები-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა. რაცა უნდა გავაკეთო, ყველაფერი შენი სიყვარულითაა ჩემ გარშემო შეფერადებული.

_ რა უცნაურია, მეც სწორედ ასეთი განცდა მეუფლება, თითქოს ყველაფერი ჩემ გარშემო შენი სიყვარულითაა შეღებილი.

_ ძალიან ძნელი იყო თავის შეკავება და საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი. მეგონა, თუ სიყვარულში გამოგიტყდებოდი, ყველაფერი უარესობისკენ წავიდოდა. მეჩვენებოდა, რომ ორივეს გვეშინოდა ამ ურთიერთობის და ვცდილობდით, ერთმანეთი არ შეგვეშინებინა.

_ იცი, რამდენჯერ მომადგა ენის წვერზე სიტყვა «მიყვარხარ»? _ სტეფანემ ნაზად გაუღიმა ქალს და ხელის ზურგზე თითები აუსვ-დაუსვა.

_ მგონი, გამიხარდებოდა ამის მოსმენა, _ მორცხვად შეჰღიმა ტესმა.

ახლა რა მოხდება, როცა ორივემ გადაუშალა ერთმანეთს გული? ნუთუ ურთიერთობის დასაწყისში დაშვებული შეცდომა დასასრულის მომასწავებელი უნდა გახდეს? ტესს ლამის გული გაუჩერდა.

_ ახლა რა ვქნათ? _ დაიჩურჩულა მან, _ არ მინდა შენი დაკარგვა. არ მინდა იმ ცივ და მარტოსულ არსებობაში დაბრუნება.

_ არა, ტეს, ეს არ მოხდება. შენ მე მჭირდები და მინდა, სულ გვერდით მყავდე.

ტესისთვის ეს სიტყვები არ იყო საკმარისი, გაურკვევლობის შიში ისედაც კლავდა.

_ და რა გველოდება?

_ დარწმუნებით ვერ გეტყვი, მაგრამ ვფიქრობ, შევძლებთ გამკლავებას. მე შენ არ გაგიშვებ. დრო მომეცი მოსაფიქრებლად, სულ ცოტა დრო და ჩვენ ყველაფერს გავარკვევთ. _ წარმოთქვა სტეფანემ და საყვარელი ქალი მკერდზე მიიხუტა.

 

შუაღამე გადასული იყო, ტესს რომ გამოეღვიძა. თავი სტეფის მკლავზე ედო. სიამოვნებისაგან გაიზმორა. ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა და არც ასეთი სექსი ჰქონია არავისთან, სტეფანესთანაც კი. ეს ნამდვილად ბობოქარი ღამე იყო, ნდომით გაჯერებული, მაგნოლიასავით სურნელოვანი და იმ ნამცხვარივით ტკბილი, რესტორანში რომ აჩუქეს და რომელსაც «ბედის წინასწარმეტყველება» ერქვა.

მძაფრი გამოდგა დღევანდელი დღე. ახლა აუცილებლად უნდა განმარტოვდეს, რომ ფიქრებთან მარტო დარჩეს და გაიაზროს მომხდარი. სიყვარულში გამოტყდომა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ საქმიან მხარესაც სჭირდება მოგვარება.

ფრთხილად გადმოვიდა ტახტიდან და მძინარე მამაკაცს დახედა. მოეჩვენა, რომ სტეფანეს წამიერმა ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე. რა ძვირფასი იყო მისთვის ეს კაცი! სწორედ მისი დამსახურებით გაილამაზა ცხოვრება და დააღწია თავი ჩაკეტილ სამყაროს, რომელშიც მარტოობა ემუქრებოდა. ახლა მისი ჯერია, თვითონაც უნდა დაეხმაროს მას. ტესისთვის ერთი რამ ნათელი გახდა. ვიღაც გიყვარდეს, სულაც არ ნიშნავს, დაკარგო საკუთარი დამოუკიდებლობა და შეიზღუდო თავისუფლება. გიყვარდეს _ ნიშნავს, გახდე მისი და ბოლომდე მიენდო.

რაც მოხდება, მოხდება. სურს სტეფს მოტელის ყიდვა? ტესი დაეხმარება. თუნდაც იმით, რომ ისტორიული შენობის გადაკეთებას ასე მარტივად ვერ შეძლებს, ამისთვის უამრავი ინსტანციის გავლაა საჭირო და ამდენივე ინსტანციის თანხმობა. ტესს შეუძლია ამის გაკეთება, შეუძლია უფრო ადვილად და ყოველგვარი სიძნელის გარეშე. ჰოდა, მისთვის გააკეთებს კიდევაც…

 

სტეფანეს ადრე გაეღვიძა. სანამ თვალს გაახელდა, ტესის ღიღინის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ იგი შინ იყო… შინ… არ ახსოვს, ბოლოს როდის და რა ადგილს უწოდა «შინ»… მხოლოდ ტესმა შეძლო ეს. მან მოახერხა, სტეფანეს მის გვერდით შინაურულად ეგრძნო თავი, შეიფარა და თავისი წილი სიხარული და სიყვარული გაუყო. მისთვის სიყვარული მხოლოდ ერთ სიტყვაში ასოცირდებოდა ყოველთვის _ სითბო! აი, რა არის სიყვარული. და ეს სითბო ცხოვრებაში პირველად აქ იგემა, ტესის გვერდით. ალბათ ამიტომ გახდა ეს ქალი მისთვის განსაკუთრებული. ეს ის ქალია, რომელმაც ასწავლა, ცხოვრების კარგი მხარეებიც ეძებნა სამყაროში. ამ კარგმა მხარეებმა კი სულ სხვა ადამიანად აქცია იგი. მორჩა, ფიქრის დრო არ არის, უნდა იმოქმედოს. დღეს სიურპრიზი უნდა მოუმზადოს თავის გარდამქმნელს, თან ისეთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ დაავიწყდება.

უხმაუროდ გადმოვიდა ლოგინიდან, სწრაფად ჩაიცვა და უჩუმრად გავიდა ოთახიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა თავი არ მოუწესრიგებია, მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ვესტიბიულში ჩავიდა და მეიბლი თითით მოიხმო. კარგა ხანს ილაპარაკეს საიდუმლოდ და ბოლოს ღიმილით გაშორდნენ ერთმანეთს. მამაკაცი კვლავ ნომერში ავიდა და ეგრევე სააბაზანოს მიაშურა.

 

დღე ნელ-ნელა გაილია. ტესი თავისი საქმეებით იყო დაკავებული, სტეფანე _ თავისით, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ვერ მოახერხეს ერთმანეთის ნახვა, თუმცა, არც უცდიათ, გეგონებოდათ, ერთმანეთისგან დიდ საიდუმლოს მალავენო.

მოსაღამოვდა. ტესი გამალებული შეუდგა ჩაცმას. იცოდა, სტეფი მალე გამოჩნდებოდა და სურდა, კარგ ფორმაში დახვედროდა. თეძოებზე შემოტკეცილ მოკლე კაბაში ძალზე სექსუალურად გამოიყურებოდა, ამას დამატებული ღრმა დეკოლტე, საიდანაც ქალის მკვრივი და ქათქათა მკერდი მაცდურად იწონებდა თავს. ნეტავ თუ მოეწონება «მისტერ კონსერვატორს» ეს ჩაცმულობა? მისი აზიური სული თუ აიტანს ლამის ვულგარული ტესის დანახვას? ტესს გაეღიმა. ერთი საღამო როგორმე გადაიტანოს, არაფერი მოუვა.

სწორედ ამ დროს ტელეფონმა დარეკა. მეიბლი უხმობდა ვესტიბიულში.

სასწრაფოდ ჩაირბინა ქვედა სართულზე.

_ რა მოხდა?

_ წუხელ ღამით რომაული ნომერი იქირავა ერთმა კლიენტმა და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შენთან დალაპარაკება სურს, ამბობს, სრული კომფორტისთვის ფული არ დამენანებაო. უნდა მიხვიდე, გელოდება.

_ რა ჰქვია?

_ რეი რობინსონი.

_ კარგი. იმედია, განსაკუთრებულ ყურადღებაში სხვ რამეს არ გულისხმობს, _ გაიხუმრა ტესმა, _ პოლიციას წინასწარ ხომ არ გამოვუძახოთ?

ორივეს გაეცინა.

 

დინჯად აიარა საფეხურები, დერეფანი და რომაული სტილით მოწყობილ ნომერს მიუახლოვდა. სანამ დააკაკუნებდა, კარი გაიღო და ზღურბლზე სტეფანე გამოჩნდა.

_ შენ? აქ რა გინდა? _ გაოცებული მიაჩერდა.

_ საღამო მშვიდობისა, მენეჯერო, _ ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა მამაკაცს.

ტესმა ნომერში შეიხედა და ადგილზე გახევდა. ოთახის შუაგულში მაგიდა ორ პერსონაზე იყო გაშლილი და იქაურობას სანთლების შუქი დალიცლიცებდა.

_ ეს შენ და მეიბლმა მოიფიქრეთ? _ ჩურჩულით შეეკითხა ქალი.

_ ჰო… შენთვის. _ მამაკაცმა მისი თმის სურნელი შეისრუტა და აკოცა.

_ ალბათ რამდენი დრო და ენერგია დახარჯე ამისთვის.

_ შენ ამად ღირხარ.

სუფრას მიუსხდნენ.

_ გავიგე, ბანკმა არ დააკმაყოფილა შენი თხოვნა.

_ ჰო, უარი მითხრეს. არა გაქვს საკმარისი ფინანსური შემოსავალი, რომ ამხელა კრედიტი გამოგიყოთო. შენ რატომ გადაწყვიტე ჰარის მოტელის ყიდვა? _ ტესი ჩინურად მომზადებულ სალათას გადასწვდა.

_ თავიდან აზრადაც არ მომსვლია მისი ყიდვა, მაგრამ შემდეგ რაღაც გარემოებებმა მაფიქრებინა, თუმცა ყიდვით პრობლემები არ მოგვარებულა. რაღაც მონახაზი მაქვს, რომელიც მარტო ჩემი გადასაწყვეტი არ არის.

_ ვიცი, მაგრამ ჩათვალე, რომ ეს საქმე მოგვარებულია. ნაცნობების დახმარებით საქმე გაგიიოლე. თავისუფლად შეგიძლია შენობა გადააკეთო ან დაანგრიო და ხელახლა ააშენო, როგორც მოგესურვება. საქმე ჩაწყობილია.

_ მართლა? რამ გაიძულა ამის გაკეთება, ტეს?

_ მე შენ მიყვარხარ, სტეფ. რაღაც მიწის ნაკვეთის გამო არ მინდა ურთიერთობა გაგვიფუჭდეს, მით უფრო, რომ მე ხელი არ მიმიწვდება მის შესაძენად.

_ მაგრამ მე რომ მის გადაკეთებას არ ვაპირებ?

_ მართლა? სხვა გეგმები გაქვს?

_ ხომ გითხარი, ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული-მეთქი.

_ აბა ვისზეა?

_ შენზე, _ გაუღიმა სტეფანემ და მოულოდნელად მაგიდაზე ნამცხვრით სავსე კალათა შემოდგა, _ აი, ნამცხვარი «ბედის წინასწარმეტყველება». თვალები დახუჭე და აირჩიე, რომელიც გინდა.

_ ღმერთო, რამდენია, _ ტესმა თვალები დახუჭა და კალათაში ხელი მოაფათურა.

_ იმ რესტორნიდან მოვატანინე მეიბლს, ჩვენ რომ ვიყავით. ახლა გახსენი, მაინტერესებს, რას გიქადის იღბალი, _ შეაგულიანა მამაკაცმა.

ტესმა ქაღალდი შემოაცალა არჩეულ ნამცხვარს და ხმამაღლა წაიკითხა: «მიყვარხარ. ცოლად გამომყვები?»

ქალი ენაჩავარდნილი მიაჩერდა.

_ «ბერძნული კუნძული» შენთვის მინდოდა, ტეს. შენთვის ვიყიდე იგი და არა ჩემთვის, უფრო სწორად, ჩვენთვის, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ დღეს მინდოდა მეთქვა. იმედია, ახლა მაინც არ მეტყვი ცოლობაზე უარს.

_ მაგრამ მე…

_ ვიცი, ვიცი, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ. შენ წამოხვალ ჩემთან თუ მე დავრჩები შენთან, ეს დროის საკითხია. ნუ ვიჩქარებთ. ამაზე ნაჩქარევი პასუხი არ მჭირდება. რაზეც მჭირდება, იმაზე მიპასუხე, _ თან საჩვენებელი თითით წინასწარმეტყველების ქაღალდზე მიუთითა, _ ჰო თუ არა?

_ რა თქმა უნდა, ჰო, _ მთელი ხმით იყვირა ტესმა, წამოხტა და მამაკაცს კალთაში ჩაუხტა, _ მაგრამ მაინცდამაინც ეს წარწერა რატომ შემხვდა?

_ იმიტომ, ყველა წარწერა ერთნაირია. ესეც ერთგვარი ხრიკია, ქართველი მამაკაცის ქართული ხრიკი. რაც შეეხება მოტელს, რადგან იგი ისტორიული ნაგებობაა და ადრე იქ რანჩო იყო, ვიფიქრე, ჩვენთვის საცხოვრებლად რომ მოგვეწყო, მგონი, ლამაზი სახლი გამოგვივიდოდა, რას იტყვი? არც დანგრევა მოგვიწევს და არც გადაკეთება, თან ფულიც დაგვეზოგება.

ტესი ლამის გადაირია სიხარულისგან. ადგილს ვერ პოულობდა ბედნიერებისგან გადავსებული.

_ სტეფ, როგორ გგონია, ბოლომდე შევძლებთ ჩვენი სიყვარულის შენარჩუნებას?

_ თუ ვერ შევძლებთ, ამ სასტუმროში ყოველთვის მოიძებნება თავისუფალი ნომერი ჩვენთვის.

_ მაგრამ თუკი თავისუფალი ნომერი არ იქნება? _ ეშმაკურად მოჭუტა თვალები ქალმა.

_ რა პრობლემაა? კარგად ვიცნობ ამ სასტუმროს მენეჯერს. ჩემთვის ყოველთვის გამოინახება ერთი ოთახი, თუ არადა, მას შევუსახლდები.

ტესს თვალებზე ცრემლი გაუბრწყინდა, ასე იშვიათი ბედნიერების ცრემლი…

 

დასასრული

 

7 thoughts on “მონადირის ინსტინქტი

  1. ძალიან კარგი და მსუბუქი იყო,სვეტა,თქვენი რომანები მზა სცენარებია მელოდრამებისთვის.ისე მიყვარს ყველა,ვნატრობ ფილმებადაც გადაიღონ!!!!

  2. საოცარი მელოდრამააა, და საერთოდ ძალიან მომწონს თქვენი ყველა ნაწარმიები.
    არაჩვეულებრივი ფილმების გადაღება შეიძლება ამ სცენარებით.
    გმადლობთ თქვენ🙏🏻🙏🏻🙏🏻
    ❤❤❤❤❤

Оставьте комментарий