როდესაც ქალი კოცნის ქალს

გაიხსენეთ კლარკ გეიბლისა და ვივიენ ლის კოცნა („ქარწაღებულნი”) ან „კასაბლანკაში” სცენა, როდესაც ილზა რიკს გამოუტყდება, რომ კვლავ უყვარს და ერთმანეთს კოცნიან. არ შეიძლება ნანახი გქონდეთ და დაგავიწყდეთ განშორების შემდეგ ჰიტ ლეჯერისა და ჯეიკ გილენჰაალის კოცნა „კუზიან მთაში”, დაუვიწყარია გრეის კელისა და ჯეიმს სტიუარტის ამბორი („ეზოში გამავალი ფანჯარა”). კინემატოგრაფიას ქალის და მამაკაცის, ორი მამაკაცის, რობოტის და ადამიანის არაერთი კოცნა ახსოვს. აქ კი წარმოგიდგენთ ყველა დროის 10 საუკეთესო კოცნის სცენას ორ მანდილოსანს შორის. ყველაზე ვნებიანი, სექსუალური და დაუვიწყარი ეპიზოდები მხატვრული ფილმებიდან.

 
10. ენის ფეი და ლიზა არტურო - „ამერიკული ნამცხვარი 2”
„ამერიკულმა ნამცხვარმა” XX საუკუნის ბოლოს კოლეჯ-კომედიების ახალი ტალღა ააგორა. ფილმის მეორე ნაწილში არის სცენა, სადაც ორი ლამაზმანი ფილმის მთავარ პერსონაჟებს თამაშს სთავაზობს, რომელიც სექსუალური და ამავდროულად ძალიან სასაცილოა.

9.შარლიზ ტერონი და პენელოპა კრუზი - „თავი ღრუბლებში”
წარმოიდგინეთ შარლიზ ტერონი და პენელოპა კრუზი ერთმანეთს კოცნიან. ორი ულამაზესი ქალბატონის ტუჩები ერთმანეთს ეხება. კოცნა ხანმოკლეა. მას ცრემლები და სისხლი ჩაანაცვლებს. ულამაზესი სცენაა. სამწუხაროდ, ფილმი არაფრად ვარგა.

8. კატრინ დენევი და სუზან სარანდონი - „შიმშილი”
1983 წლის ფილმი ვამპირებზე. ინტიმური ატმოსფერო, მსახიობების მშვენიერი თამაში და ბრწყინვალე სცენა, სადაც დენევი პიანინოზე უკრავს, შემდეგ უახლოვდება სარანდონის პერსონაჟს და ერთი ვნებიანი კოცნით მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას. მერე რა, რომ კატრინ დენევი ვამპირია და შეიძლება ამბორის შემდეგ მის სადილად იქცეთ, მაინც ძნელია გაუძლო მისი ტუჩების ცდუნებას. ტონი სკოტის (დიახ, ის ტონი სკოტი. რიდლის ძმა. ბოლო წლები მთავარ როლებს, მხოლოდ დენზელ ვაშინგტონს რომ ათამაშებს) ფილმი Bauhaus-ის დაუვიწყარი საუნდტრეკით.

7. დენის რიჩარდსი და ნივ კემპბელი - „ველურობა”
სცენა, როდესაც ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს აუზში კოცნის, ამ ფილმის ერთადერთი ღირსებაა. როგორც მხატვრული ნამუშევარი, „ველურობა” ძალიან ცუდსა და ნაგავს შორისაა.

6. ჯულიანა მური და ტონი კოლეტი - „საათები”
ეს სცენა არც სექსუალურია, არც მიმზიდველი. არც ახალგაზრდა გოგოების მიმზიდველი სხეულები ჩანს. უბრალოდ, ძალიან ლამაზი და სევდიანი ეპიზოდია. იმისთვის, რომ იგრძნოთ ეს ეპიზოდი, ფილმი უნდა იგემოთ. დალდრის „საათების” ნახვა კი ერთი დიდი სიამოვნებაა.

5.სკარლეტ იოჰანსონი და პენელოპა კრუზი - „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა”
ეჰჰ, ვუდი, ვუდიი… ძალიან დაბერდა ალენ კონიგსბერგი, სულ უფრო უჭირს ნორმალური ფილმების გადაღება, საუბარი არ მაქვს 70-80-იანი წლების დიდების დაბრუნებაზე. თუმცა ეს სურათი კარგი გამოუვიდა. ეშხიანი, საოცნებო, სასაცილო და მხიარული. სკარლეტის და პენელოპას კოცნის სცენა კი უბრალოდ მომაჯადოებელია.

4.სარა მიშელ გელარი და სელმა ბლერი - „სასტიკი თამაშები”
“კარგი, კიდევ ერთხელ ვცდი, ოღონდ ამჯერად ჩემს ენას პირში შემოგიცურებ”. ამ ერთი ფრაზით და შემდეგ მოქმედებით სარა მიშელ გელარი სელმა ბლერთან ერთად უდავოდ ათეულის ღირსია.

3.ჯენიფერ ტილი და ჯინა გერშონი - „კავშირი”
ენდი და ლანა ვაჩოვსკებმა „მატრიცამდე” ეროტიკული თრილერი გადაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნორმალურია, ჯო პანტოლიანო ბრწყინვალედ თამაშობს და სიუჟეტიც საკმაოდ საინტერესოა, ეს ფილმი კინოს ისტორიაში ჯენიფერ ტილის და ჯინა გერშონის სექსის სცენის გამო შევა. მისი ნახვის შემდეგ არ მიკვირს, ლარი ვაჩოვსკიმ სქესი რომ შეიცვალა და ქალი გახდა.

2.ნატალი პორტმანი და მილა კუნისი - „შავი გედი”
ეს ფილმი ალბათ უმეტესობამ უკვე ნახეთ და იცით, რა სცენაზეც მაქვს საუბარი. ეპიზოდი, რომელიც ზებუნებრივად მიმზიდველი, ერთდროულად ღვთიური და დემონურია. სცენა პორტმანის გმირის საძინებელში, კოცნა, რომელიც „გედების სექსში” გადაიზარდა.

1.ნაომი უოტსი და ლორა ჰარინგი - „მალჰოლანდ დრაივი”
დევიდ ლინჩმა სული გაყიდა. არ ვიცი, ვის ან რას მიჰყიდა, მაგრამ ფაქტია – უბრალო მოკვდავს არ შეუძლია ასეთი სექსუალური, ვნებიანი სცენის გადაღება. ეპიზოდი, როდესაც ჰარინგის პერსონაჟი საძინებელში შედის და უოტსის გვერდით წვება, მომაკვდინებლად მშვენიერია. მესმის, გიჭირთ ლინჩის ფილმების გაგება, სავარაუდოდ თვითონ რეჟისორსაც არ ესმის ბოლომდე, რას იღებს, მაგრამ „მალჰოლანდ დრაივი” თავისი ბრწყინვალე სცენებით განუმეორებელი ფილმია.