რელიგია

აფხაზები მსოფლიო პატრიარქს მოიხსენებენ

ბართლომეოსი

ილია II
აფხაზ მართლმადიდებელ სასულიერო პირთა ერთმა ჯგუფმა ლიტურგიაზე მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიება დაიწყო. აფხაზურ ტაძრებში მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველპატრიარქის სახელი პირველად წარმოითქმება – წირვის იმ ნაწილში, სადაც ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, კათოლიკოსი ილია უნდა მოიხსენიებოდეს.

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე მართლმადიდებელ მღვდლებს შორის, რომელთაც 2009 წელს ავტოკეფალია გამოაცხადეს და ამით საბოლოოდ დატოვეს პატრიარქ ილია მეორის იურისდიქცია, დაპირისპირება გრძელდება. ერთი წლის წინ ამ ტერიტორიაზე ორი დაპირისპირებული ბანაკი ჩამოყალიბდა. პირობითად, ისინი პრორუსულ და პრობერძნულ ჯგუფებად შეიძლება მოვიხსენიოთ. პირობითად იმიტომ, რომ აფხაზეთში ყველა სასულიერო პირი, მამა ბესარიონ აპლიაასა და დავით სარსანიას გარდა, ნაკურთხია მოსკოვის საპატრიარქოში. ამ ორს ქართული ხელდასხმა აქვთ.

ავტოკეფალიის გამოცხადებიდან, ამ ტერიტორიაზე ორი თვითგამოცხადებული „ეპარქია” ჩამოყალიბდა – ერთს ხელმძღვანელობს ბესარიონ აპლიაა, რომელსაც მხარს რუსეთის საპატრიარქო უჭერს, ხოლო მეორეს – არქიმანდრიტი დოროთე დბარი, რომელიც ახალი ათონის ეპარქიის დროებით ხელმძღვანელად აცხადებს თავს და მრევლს გამოცხადებული ავტოკეფალიის აღიარებას მსოფლიო საპატრიარქოში ჰპირდება. თავის მხრივ, სოხუმში მოღვაწე მამა ბესარიონ აპლიაა ყველანაირად ცდილობს მის დისკრედიტაციას და დბარს სექტანტად მოიხსენიებს. ახლახან, აფხაზეთში მისი მხარდამჭერი სასულიერო ხელმძღვანელობის ინტერესების დასაცავად, რუსეთის საპატრიარქოს ადიღეისა და მაიკოპის მიტროპოლიტმა, რომელმაც წარსულში დბარს სასულიერო ხარისხი მისცა, მას სამი წლით შეუჩერა მღვდელმოქმედება. თავად აფხაზებს ეპისკოპოსი არ ჰყავთ.

მღვდელმოქმედების შეჩერების შემდეგ მამა დოროთემ საკუთარ Facebook-ის პროფილზე დაწერა: „უკანასკნელი ძაფი რუსეთის ეკლესიასთან გაწყვეტილია. დღეს მამა ბესარიონ აპლიაას დავალებით ჩემთან, ახალი ათონის მონასტერში მოვიდნენ მამა სერგი ჯოპუა, მამა მათე ტუჟბა და მამა დალმატ გოლია. მათ მაიკოპისა და ადიღეის მიტროპოლიტის,

კირილე
ტიხონის „ბრძანებანი” გადმომცეს – ჩემთვის და მამა ანდრეისთვის სამი წლის ვადით მღვდელმოქმედების აკრძალვის შესახებ. მე არც კი ჩავთვალე საჭიროდ ბრძანების წაკითხვა, უბრალოდ დავხიე და მათ დავუბრუნე. ისინი წავიდნენ”.

არქიმანდრიტი დოროთე აცხადებს, რომ ადიღეისა და მაიკოპის რუსულ ეპარქიასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს, ხოლო ქართულ ეკლესიასთან არც არასდროს ჰქონია. ამიტომ, ყველა ძველ თუ ახალ ბრძანებას, რომელიც რუსეთის ეკლესიიდან მოდის, ძალა არ გააჩნია.

„ჩვენ ვაგრძელებთ მღვდელმსახურებას ბევრ მართლმადიდებელ საეკლესიო იერარქთან თანხმობაში და მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაში. დღეიდან აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის გადაწყვეტამდე და აფხაზეთის ტერიტორიაზე კანონიკური ეპისკოპოსის გამოჩენამდე, წირვა-ლოცვისას მოვიხსენებთ ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, როგორც მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქს”, – აცხადებს დბარი.

საქმე ის არის, რომ ბართლომეოსიც, რუსეთის პატრიარქის მსგავსად, რომელიც დიდი ხანია აფხაზურ საეკლესიო ექსპანსიას ახორციელებს, ამ ტერიტორიაზე, ოფიციალურად, ილია მეორეს აღიარებს კანონიკურ იერარქად, თუმცა მისმა

ბართლომეოსი
ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გვანახა, რომ სურვილი, აფხაზეთის ეპარქიაში საკუთარი ინტერესები გაატაროს, მასაც აქვს. მსოფლიო პატრიარქმა რამდენიმე თვის წინ დბარი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო და დიდი იმედებით გაუშვა აფხაზეთში. შემდეგ კი, როცა მცხეთა-თბილისის საპატრიარქომ ახსნა-განმარტება მოსთხოვა, აქცენტი „ყოველი ქრისტიანის მოსმენის” ვალდებულებაზე დასვა და იურისდიქციაში ჩარევა უარყო.

რასაკვირველია, მოსკოვის საპატრიარქომ, რომელმაც წინასწარ გააფრთხილა კონკურენტი მსოფლიო პატრიარქი, არ მიეღო დოროთე დბარის ჯგუფი სტამბოლის რეზიდენციაში, წინასწარი გაფრთხილება განასაჯაროვა და მსოფლიო პატრიარქს ბრალი დასდო „სქიზმის” მხარდაჭერაში. აქაც, ბართლომეოსმა ყველაფერი უარყო.

ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსისთვის აფხაზეთი მოსკოვის საპატრიარქოსთან ბრძოლის ახალი ტერიტორიაა. ამ ორ საპატრიარქოს შორის დაპირისპირება არაერთ კანონიკურ საკითხზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს. საქართველო კი ამ დავაში რუსეთის საპატრიარქოს მხარეს დგება. სწორედ ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ ბართლომეოსს არა მხოლოდ მოსკოვის საპატრიარქოსთვის სურდეს შეხსენება, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ის „უპირატესია თანასწორთა შორის”, არამედ საქართველოს ეკლესიისთვისაც.

კომენტარები