ოკუპირებული აფხაზეთი

აფხაზეთი - 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია – SOVLAB-ის კვლევა აფხაზეთთან დაკავშირებულ მითებზე

გენერალი გიორგი კვინიტაძე და ქართული სამხედრო შტაბი სოჭიდან სოხუმში გამგზავრების წინ, უკან ზის ვალიკო ჯუღელი
საქართველოს ეროვნული არქივი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB) აქვეყნებს კვლევას, რომელიც აფხაზეთში 1917-21 წლის მოვლენებთან დაკავშირებულ მითებს ეხება.

სტატიაში, რომელზეც მუშაობდნენ ირაკლი ხვადაგინი, დავით ხვადაგინი, ბადრი ოყუჯავა, გიორგი კანდელაკი და რუსიკო კობახიძე, განხილულია აფხაზეთში არსებული ვითარება 1917 წლიდან 1921 წლამდე პოლიტიკური, სამხედრო და საერთაშორისო-სამართლებრივი მიმართულებით. კვლევაში გამოყოფილია სამი ძირითადი მითი:

  • 1921 წლამდე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ აფხაზი ბოლშევიკების ბრძოლა ამავე დროს წარმოადგენდა აფხაზი ხალხის განმანთავისუფლებელ ბრძოლას საქართველოს მხრიდან ჩაგვრის წინააღმდეგ და დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ამგვარად უნდა იქნას განხილული. ამ ბრძოლის ლიდერი ნესტორ ლაკობა კი თანამედროვე აფხაზური სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელი მამაა. ამავე კონტექსტში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელი სწორედ ეს ბრძოლაა და დაყოფის მთავარი ხაზიც - ეთნიკურ მდგენელზე გადის.
  • აფხაზეთში „საბჭოთა ხელისუფლების დამყარება” აფხაზი ხალხის საქართველოს მხრიდან ჩაგვრისგან გათავისუფლების კონტექსტში უდავოდ დადებითი მოვლენაა რომელიც „სახალხო აჯანყების“ გზით მოხდა. ამავე ნარატივით, წითელი არმია ამ პროცესში ერთგვარ დამხმარე, არაგადამწყვეტ როლს თამაშობს.
  • აფხაზეთის ტერიტორიაზე თუ აფხაზეთთან მიმართებით საბჭოთა კავშირის ლიდერების, იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიას გადადგმული ნაბიჯები (კერძოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის დაკნინება და ლავრენტი ბერიას მიერ ნესტორ ლაკობას სავარაუდო მკვლელობა) წარმოადგენს ქართული შოვინიზმის გამოვლინებას და მათზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოა. იმავე კონტექსტში განიხილება მტკიცება, რომ ბერიამ 1930-იან წლებში დასავლეთ საქართველოდან აფხაზეთში ჩაასახლა რამდენიმე ათასი ადამიანი, რამაც აფხაზეთის ასსრ ეთნიკურ ბალანსზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. შესაბამისად, 1993 წელს აფხაზეთიდან ქართველების წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდა ამ ისტორიული უსამართლობის გამოსწორებაა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აფხაზეთში ყოფნა კი იმისთვისაა საჭირო, რომ საქართველომ ისტორიული მზაკვრობა არ გაიმეოროს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის პოლიტიკა 1990-ანებში, ისევე როგორც დღეს, სწორედ ამ ნარატივებს ეყრდნობოდა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კვლევამ ნარატივებს დაუპირისპირა შემდეგი თეზისები:

პირველი თეზისი

"1917-1921 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებული პოლიტიკური პროცესების დროს ეთნიკური განსხვავებები არ ყოფილა პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში. აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მოქმედ ბოლშევიკურ ორგანიზაციას არ ჰქონია ეთნიკური ხასიათი. მისი ლიდერები იყვნენ როგორც ქართველები (ისაკ ჟვანია, სევერიან კუხალეიშვილი, ამბერკი ურუშაძე) ასევე აფხაზები (ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა) ამავე დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური და უშიშროების ინსტიტუტების სათავეში იდგნენ ეთნიკური აფხაზები (არზაყან ემუხვარი, ვარლამ შერვაშიძე, გრიგოლ ზუხბაია, თარასხან ეშბა, ვასილ გურჯუა).

ამ სურათიდან ირკვევა, რომ მოცემულ პერიოდში აფხაზეთში პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი ხაზი პოლიტიკური იყო და არა ეთნიკური. საბჭოთა რუსეთი და ბოლშევიზმი უპირისპირდებოდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და დემოკრატიულ, რესპუბლიკურ წეს-წყობილებას. ამის ერთ-ერთ (მაგრამ, ცხადია, არა ერთადერთ) მაგალითად გამოდგება 1918 წლის 9 მაისს შეიარაღებული დაპირისპირება ვალიკო ჯუღელის სარდლობით მოქმედ (ჯერ კიდევ ამიერკავკასიის სეიმის) წითელ გვარდიასა და ადგილობრივ "რევკომს" (ბოლშევიკებს) შორის სადაც, ადგილობრივი ქართველების რაზმი იბრძოდა ბოლშევიკების მხარეს, ხოლო ადგილობრივმა აფხაზებმა 300-კაციანი რაზმით დახმარება შესთავაზეს ვ. ჯუღელს.

ამავეზე მეტყველებს 1917-დან 1921 წლამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ხუთი საყოველთაო, დემოკრატიული და კონკურენტული არჩევნები, რის შედეგადაც შეიქმნა დემოკრატიული, პოლიტიკური ინსტიტუტები, რომლებიც საბჭოთა რუსულ ოკუპაციამდე ფუნქციონირებდა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ბოლშევიკური ორგანიზაცია წარმოადგენდა საბჭოთა რუსეთის კომუნისტური პარტიის ნაწილს. ის საბჭოთა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასამხობად და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გასაუქმებლად საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედ ბოლშევიკებთან ერთად".

მეორე თეზისი

"აფხაზეთის ტერიტორიაზე "საბჭოთა ხელისუფლების დამყარება" არ მომხდარა რაიმენაირი, თუნდაც სიმბოლური მასშტაბის, სახალხო აჯანყების გზით, არამედ საბჭოთა რუსეთის თავდასხმისა და სამხედრო აგრესიის შედეგად თავის მიერვე აღიარებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. ამავე დროს, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის მიმდინარეობისას, პირველადი წყაროები, მათ შორის, რუსეთის მე-9 არმიის გამოცემული სამხედრო დოკუმენტები და დირექტივები ცხადყოფს, რომ საკუთრივ საბრძოლო მოქმედებებში ადგილობრივ ბოლშევიკებს არანაირი ხელშესახები როლი არ უთამაშიათ. მეტიც, რუსულ სამხედრო წყაროებში ამგვარი რაზმების არსებობაც კი არ დასტურდება. მეორე მხრივ ანტისაოკუპაციო მოძრაობაში ჩართული იყო არაერთი აფხაზი წარმომავლობის პოლიტიკური ფიგურა, რომლის ნაწილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში აღმოჩნდა, ნაწილი კი საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიებს შეეწირა (თარასხან ეშბა, ვასილ გურჯუა...)".

მესამე თეზისი

"1921 წელს მოხდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სახელმწიფოს ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ. 1921 წლის რუსეთ საქართველოს ომის შედეგად აფხაზეთში, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, დამყარდა უკანონო სამხედრო საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც არ გამოხატავდა ადგილობრივი მოსახლეობის ნებას. იოსებ სტალინი და ლავრენტი ბერია იყვნენ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერები. იოსებ სტალინი თავად იყო საბჭოთა რუსეთის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე თავდასხმისა და 1920-იან წლებში გაჩაღებული რეპრესიების ერთ-ერთი ინიციატორი. საბჭოთა რუსეთის სამართალმემკვიდრე არის რუსეთის ფედერაცია. საქართველოს თანამედროვე სახელმწიფო არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე. ის გარემოება, რომ არც ქართულ საჯარო დისკურსში და არც პროფესიულ წრეებში არ მომხდარა ამ გამიჯვნის მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი არტიკულირება, ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციისთვის სასურველი ნარატივების დამკვიდრებას, როგორც აფხაზეთში, ასევე დანარჩენ საქართველოში. სტალინის გადადგმულ ნაბიჯებზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება ემსგავსება პოლონეთის მიერ ფელიქს ძერჟინსკიზე ან თანამედროვე უკრაინის მიერ ნიკიტა ხრუშჩოვზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც, ბუნებრივია, არასდროს მოხდება. მეხსიერებაზე საბჭოთა პერიოდის დაღის სიღრმესა და ეთნონაციონალიზმის ინერციას შეგვახსენებს ის გარემოებაც, რომ საბჭოთა ადმინისტრაციულ დაყოფაში აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის ცვლილების საკითხზე (რაც ასევე მიიჩნევა სტალინის და ბერიას "ქართული ნაციონალიზმის" გამოვლინებად) ფოკუსი პრაქტიკულად არასდროს ყოფილა ამ ცვლილებების საერთაშორისო სამართლებრივ მხარეზე".

სრულად საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კვლევა შეგიძლიათ წაიკითხო აქ – აფხაზეთი - 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია.

კომენტარები