წინასაახალწლო პერიოდი

შსს: ახალ წლამდე ე.წ ვაგზლის ბაზრობასთან ავტომანქანებით გადაადგილება შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, წინასაახალწლო პერიოდში, კერძოდ 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, "საგზაო უსაფრთხოების დაცვისა და მოძრაობის შეფერხებების თავიდან ასაცილებლად" თბილისში ე.წ ვაგზლის ბაზრობის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება. 

კერძოდ:

  • ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აიკრძალება მ. წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების ქვეთამდე;
  • ე.წ "დინამოს" წრიდან ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები "დინამოს" წრიდან იმოძრავებენ გ. ცაბაძის ქუჩით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შემდეგ აბასთუმნის ქუჩის გავლით შეუძლიათ, გადაადგილდნენ ყოფილი სასტუმრო "კოლხეთის" მიმართულებით და მოძრაობა გააგრძელონ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით;
  • ასევე, შეიზღუდება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით;
  • ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება "დინამოს" წრიდან წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.

კომენტარები