ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რაზე მიანიშნებს ქალს ორგულა კვერცხი და რა საკრალურ და მაგიურ თვისებებს მიაწერენ კვერცხს

№19

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 21.05, 2021 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

თემა, რომელსაც დღეს შევეხებით, კვერცხს უკავშირდება. ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არ გამოჰპარვია ჩვენს წინაპარს კვერცხის საკრალური, მაგიური დანიშნულება და შესაბამისად, მისი ეს თვისება სხვადასხვა მინიშნების სახით, ხალხურ გადმოცემებშიც უხვად აისახა. თუ რას შეიძლება ველოდოთ, ორგულა, გატეხილი ან ლაყე კვერცხის აღმოჩენისას და რა მოჰყვება მის ნაჭუჭზე ფეხის დადგმას, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი დოდო პ.

- უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ მაშინ, როცა წარმოიშვა დავა: პირველად ქათამი გაჩნდა თუ კვერცხიო, რომელიც, უნდა ითქვას, რომ დღესაც არაა გადაწყვეტილი, ჩვენი წინაპარი კარგად მიხვდა, რომ ქათმის კვერცხი მხოლოდ საკვები პროდუქტი არ იყო. მას სხვადასხვა მაგიურ თვისებას მიაწერდნენ და შესაბამისადაც იყენებდნენ - ექიმბაშები კვერცხით მკურნალობდნენ, მაგები კი სწორედ მისი საშუალებით ხსნიდნენ ჯადოს და წინასწარმეტყველებდნენ მომავალს.
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ დღესაც ბევრი მინიშნებაა ხალხში შემორჩენილი ამ საოცარ პროდუქტთან დაკავშირებით, რისი ცოდნაც ნამდვილად არ გაწყენდათ თქვენც. ასე უსიამოვნებასაც დროულად აიცილებთ თავიდან და იმასაც მოასწრებთ, მოსალოდნელი კარგი ამბებისთვის სათანადოდ მოემზადოთ.

- გატეხილი კვერცხი - რა შეიძლება, „ამოვიკითხოთ“ ამაში?

- თუ მაღაზიიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინეთ, რომ ჩანთაში ჩალაგებული კვერცხებიდან რომელიღაც გატყდა, ყურადღება მიაქციეთ, რა მდგომარეობაა ოჯახში, ან გაუფრთხილდით ურთიერთობას შეყვარებულთან.
ძირითადად, გატეხილი კვერცხი ჩხუბსა და განშორებაზე მიუთითებს, თუმცა გააჩნია სიტუაციას, შესაბამისად, წარმოგიდგენთ შემდეგნაირ ვარიანტებს:

თუ გატყდა ორი კვერცხი - კარგის ნიშანია, მეუღლის ერთგულებაზე მიუთითებს; სამის გატეხვა - ფინანსური კრიზისის მაუწყებელია; მაგრამ თუ საკუთარი კარის ზღურბლზე აღმოაჩინეთ განთხლეული, ერთმანეთში აზელილი კვერცხის გული და ცილა, შეიძლება, ვიღაც არაკეთილმოსურნე თქვენი ოჯახის კეთილდღეობის დარღვევას ცდილობს.

ამისთვის საჭიროა, კვერცხის ნარჩენები ისე მოაგროვოთ, რომ ხელით არ შეეხოთ და სადმე, სახლისგან მოშორებით ჩაფლათ მიწაში. პარმაღსა და კარზე კი მარილი მოაბნიეთ, გულმოდგინედ გარეცხეთ და ნაკურთხი წყალიც მოასხურეთ. თუ კვერცხი მაგიდაზე გაგორდა, ძირს ჩამოვარდა და იატაკზე გატყდა, ცუდის ნიშანია, უსიამოვნებები გელით. მაგრამ, თუ იყოჩაღეთ და გადმოვარდნამდე, ან ჰაერშივე მოასწარით მისი დაჭერა, ამით კი გატეხას გადაარჩინეთ, ყველაფერი კარგად იქნება.

- რაზე მიგვანიშნებს ორგულა კვერცხი?

- ორგულა კვერცხი ძალიან იშვიათია და ხალხური მინიშნებების თანახმად, თუ ორგულიანი კვერცხი ქალს შეხვდა, ტყუპები ეყოლება. მინიშნება ემყარება იმ ფაქტს, რომ კვერცხი სიცოცხლის, დაბადების სიმბოლოა, ორგულა კი - უფლის ნიშანია, რომ ტყუპები გეყოლებათ. რაც შეეხება კვერცხის ნაჭუჭს, მინიშნებებში ცუდის მომასწავებლადაა მიჩნეული. მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭზე ფეხის დაბიჯება, სულიერი განწყობის დარღვევას ნიშნავს.

აღმოსავლეთის ქვეყნებში კვერცხის ნაჭუჭს ბაღის ან ბოსტნის მთელ პერიმეტრზე მიმოაბნევენ და მიაჩნდათ, რომ ასე ბოროტ ძალებს განდევნიდნენ იქიდან, რომლებიც მთელი მოსავლის გაფუჭებას აპირებდნენ. იალქნიანი ფლოტის დროს კი, ასეთი ლეგენდა არსებობდა: ჯადოქრები კვერცხის ნაჭუჭის მცირე ნატეხებისგან გემს აგებდნენ და შემდეგ მისი საშუალებით მეზღვაურებზე ავრცელებდნენ წყევლასა და ჯადოს. ამიტომ კვერცხის გაფცქვნისას ძალიან ფრთხილობდნენ, ცდილობდნენ, გარსის დაუზიანებლად მოეხსნათ მისთვის.

- დაბოლოს, ლაყე კვერცხიც ხომ არსებოს, ალბათ, კარგის მომასწავებელი არ უნდა იყოს...

- რა თქმა უნდა, მასზე ცუდი მინიშნებებია. მაგალითად, ერთ-ერთის მიხედვით, თუ ლაყე კვერცხი შეგხვდათ, თქვენს რეპუტაციას საფრთხე ელის, ჭორების სამიზნე გახდებით ან თქვენს პერსონასთან დაკავშირებული სპეკულაციებია მოსალოდნელი. ამას გარდა, შეიძლება დაკარგოთ ქონება, დარჩეთ უმუშევარი, ანდა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, საფრთხე თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დაემუქროს. ამიტომ, ლაყე კვერცხის „პატრონებო“, გაფრთხილდით - სახლიდან გასვლისას კარგად შეამოწმეთ საკეტების სიმყარე და ყურადღება მიაქციეთ, დაკეტილია თუ არა ყველა მათგანი; დაიცავით უსაფრთხოების ტექნიკა და ფრთხილად გადადით ქუჩაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი