ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა მოაწყოთ სამზარეულო და განალაგოთ ნივთები მაგიდაზე, რომ ოჯახში კეთილდღეობამ დაისადგუროს

№20

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 28.05, 2021 წელი

ჰოროსკოპი და შეუცნობელი
დაკოპირებულია

ბარაქა და კეთილდღეობა - აბა, ვის არ უნდა ეს ოჯახში?! - ჰოდა, იყავით ყურადღებით, მიჰყევით ხალხში დაგროვილ გამოცდილებას გადმოცემებისა და მინიშნებების სახით და ეწიეთ ბედს. თუ რა და როგორ უნდა განალაგოთ მაგიდაზე, ან რას უნდა მიანიჭოთ უპირატესობა სამზარეულოში, რომ წარმატება, ხვავი და ბარაქა გარანტირებული გქონდეთ, თან ისე, რომ მოსალოდნელი ნეგატივიც თავიდან აიცილოთ, ამ თემაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა მ.

- წარმატება და ბედნიერება რომ მოიპოვოთ, დიდადაა ეს დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გააწყობთ თქვენს ან ნებისმიერ სხვა მაგიდას სახლში და ასევე, რას და როგორ განალაგებთ სამზარეულოში. დავიწყოთ მაგიდით, რაზეც, გარდა ნივთების განლაგებისა, არანაკლები მნიშვნელობა აქვს მათ მდებარეობასაც.

- რა უნდა გვედოს მაგიდაზე, რომ წარმატება მოგვიტანოს?

- გამომდინარე იქიდან, თუ რა სიხშირით გაქვთ კონტაქტი სამუშაო მაგიდასთან, დადებითი ენერგიის აკუმულაციის თვალსაზრისით, სივრცე მასზე მაქსიმალურად ჰარმონიულად უნდა იყოს ორგანიზებული. სწორად „დამუხტული“ ადგილი დიდ წარმატებას მოგიტანთ საქმეში. მაგიდაზე მარჯვენა მხარეს, უმჯობესია, სამუშაოსთან ან სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან საქმესთან, მაგალითად: სწავლასა თუ ჰობისთან დაკავშირებული აქსესუარები და მოწყობილობები მოათავსოთ. ეს შეიძლება იყოს ტელეფონი, ბლოკნოტი, სასარგებლო წიგნები. თუ გსურთ, მხატვრობაში მიაღწიოთ წარმატებას, ამავე მხარეს დაიდეთ სახატავი ალბომი; ხელსაქმის მოყვარულებმა კი, იქვე საკერავი მოწყობილობა (ნემსი და ძაფი) იქონიეთ. მარჯვენა მხარე მარცხენასთან შედარებით, უფრო რაციონალურია. ამიტომ მარცხენა მხარე უმჯობესია, მაგიური რიტუალებისთვის გამოიყენოთ, მარჯვენა კი, ყოველდღიურად საჭირო საქმეებისთვის გამოდგება.

- გამიგია, ოჯახში ბარაქა რომ არ გამოილიოს, სუფრის ქვეშაც დებენ რაღაცასო...

- ეს წესი ესადაგება ნებისმიერი დანიშნულების მაგიდას, მათ შორის, სამზარეულოსასაც. სუფრის ქვეშ უნდა დადოთ მონეტა ან დაფნის ფოთოლი, რაც აუცილებლად მოიზიდავს თქვენს სახლში იღბალსა და ბარაქას. ეს საშუალება თაობათა მიერ მრავალგზის გამოცდილი და შემოწმებულია და დღემდე ყველაზე გავრცელებული ძლიერმოქმედი მინიშნებაა. გაითვალისწინეთ, რომ სუფრა, რომლის ქვეშაც ფულს ინახავთ, ყოველთვის სუფთა იყოს, რათა ბედი არ გაგიწყრეთ. ბარაქასა და კეთილდღეობას მოიზიდავს ასევე, სავსე ვაზა, რაც შეიძლება იყოს ფუნქციურიც და დეკორატიულიც. პირველს მიეკუთვნება კანფეტები და სხვა ყველანაირი საკვები, ან მოწყობილობები, რასაც საქმეში იყენებთ; მეორე ვარიანტი კი არის: ნიჟარები, ლამაზი ქვები, ხელოვნური ყვავილები. საერთოდ, თუ მაგიდაზე მუდმივად გიდევთ ჭურჭელი, ის სავსე უნდა იყოს და კონკრეტულად რით, მნიშვნელობა არა აქვს. ოღონდ, თუ ძალიან გინდათ გამდიდრება, მაგიდაზე დადგით მონეტებით სავსე ვაზა ან კალათა: ასე სამყაროს პირდაპირ უგზავნით თქვენს სურვილს. რაც შეეხება მცენარეებს, როგორც ძლიერი დადებითი ენერგიის გამტარს, შეგიძლიათ, მაგიდაზე ნებისმიერ ადგილი მიუჩინოთ. ოღონდ, წარმატებასა და სიმდიდრეს მოგიტანთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათზე იზრუნებთ, ნაზად და ალერსით მოეპყრობით. ყველაზე მადლიერი მათგან ფულის ხეა - ამ სადა, თავმდაბალ სუკულენტს შეუძლია წარმატება მოგიტანოთ. კარგია ოთახის ბამბუკიც. თუ ამ მცენარეების შეძენის საშუალება არ გაქვთ, მაგიდაზე სხვა, თქვენთვის სასურველი „არსება“ გაახარეთ: ეს სასარგებლოა ოთახის ენერგეტიკული ფონისთვის. მთავარია, გულდასმით შეისწავლოთ მცენარის შენახვის წესები, რადგან თუ ის დაავადდა ან გახმა, ვერც იღბალს მოიზიდავთ და შეიძლება საერთოდაც დააშინოთ ის.

- როგორც ვიცი, ბარაქისა და კეთილდღეობის მოსაზიდად განსაკუთრებული როლი სამზარეულოს ეკისრება...

- ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია რამდენიმე მინიშნება, რომელთაც ბარაქასთან ერთად, ნეგატივისგანაც შეუძლია დაიცვას თქვენი სამყოფელი. სამზარეულოს სივრცეში უპირატესად მრგვალი ნივთები იქონიეთ - წრე ყველაზე ჰარმონიული ენერგიის ნაკადს ქმნის, რაც ხელსაყრელი პირობაა ფულის მოსაზიდად. ამიტომ თქვენს სამზარეულოში უპირატესობა გლუვი მოხაზულობის ნივთებს მიანიჭეთ - მრგვალი ან ოვალური მაგიდა სჯობს კვადრატულს, რადგან მისი კუთხეები მოპირდაპირე მხარეს მჯომისკენ ნეგატიურ ენერგიას გზავნის. მრგვალი თეფშები კი ოჯახის წევრებს შორის ურთიერთნდობის ნორმალიზებას უწყობს ხელს. კარგია, თუ სამზარეულოში მწვანილს ქოთანში გაახარებთ, მაგალითად, ქოთნის სურნელოვანი პიტნა - ფულადი შემოსავლის ერთგვარი გარანტიაა. ამ მცენარის ფოთლები ძლიერი არომატის წყაროა, რომელიც ფულად არხს ხსნის და სახლში სიმდიდრეს იზიდავს. მისი ძლიერი ენერგეტიკა კი იღბალსა და წარმატებას მოგიტანთ. თუმცა, იმუშავებს მხოლოდ მძაფრი სურნელი და ამიტომაც მცენარე თესლით უნდა გაამრავლოთ ქოთანში და არა უკვე გახარებული შეიძინოთ - უკვე მზა პროდუქტი არცთუ იშვიათად, ნაკლებ სურნელოვანია. საერთოდ, ზედმეტი არ იქნება, თუ სამზარეულოში ბევრ სიცოცხლეს შეიტანთ. მაგალითად, გააშენეთ ბოსტანი ფანჯრის რაფაზე და ყველაზე კარგია, თუ რეჰანს (ბაზილიკი), სალბს და ქინძს გაახარებთ. ანდა დადგით ცოცხალი ყვავილების თაიგული, ოღონდ უეკლოსი და თან, შეჭკნობის პირველივე ნიშნებისას, იქაურობას მოაშორეთ.

- სამზარეულოს აქსესუარებზე რას გვეტყვით?

- უნდა გამოიყენოთ ყვითელი აქსესუარები და რაც უფრო ინტენსიური იქნება მისი ტონალობა, მით უფრო მიუახლოვდება ცეცხლის ალს და ბარაქასაც შემოიტანს სახლში. თუმცა გადაჭარბება არც ამაში გარგებთ, ზედმეტად მსუყე ყვითელი ჭარბ ენერგიას წარმოშობს, რაც განგაშს იწვევს და სახლში მყოფთ შორის კამათის მიზეზი ხდება. რაც შეეხება საკაზმებსა და სანელებლებს, როგორც უძლიერესი ენერგეტიკის მქონეს, სახლში ბარაქა და სიმდიდრე შემოაქვს. სამზარეულოში სულ უნდა გქონდეთ დაფნის ფოთოლი, კამა, კოჭა, მიხაკ-დარიჩინი და ვანილი. საჭმელში ამ სანელებლების დამატება, თავდაჯერებასა და იღბალს შეგმატებთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააძლიერებს. დაბოლოს, დაკიდეთ სარკე სამზარეულოში ისე, რომ მასში ქურა ჩანდეს. ეს ცეცხლს უფრო გააკაშკაშებს, რაც დადებით ენერგეტიკას წარმოქმნის და სახლში ფულს მოიზიდავს. მაგრამ გახსოვდეთ, სარკე მუდმივად უნდა წკრიალებდეს და ერთი ნაკაწრიც არ უნდა ჰქონდეს. ასევე, კარგია სპილენძის მუსიკალური საკიდი ქურის თავზე - ლითონი ცეცხლის ძალას გააძლიერებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი