მედიცინა

ალერგია და შინაური ცხოველები

№22

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 10.06, 2023 წელი

ალერგია
დაკოპირებულია

ალერგიას ოცდამეერთე საუკუნის დაავადებასაც უწოდებენ, მართლაც, დღეს ის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს. ალერგიის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შინაური ცხოველის მიმართ ალერგიაა. ეს კი იმ ცილებზე მომატებული მგრძნობელობით აიხსნება, რომელიც გვხვდება ცხოველის კანში, ნერწყვსა და შარდში.

ყველაზე ხშირად ალერგია ვლინდება კატის ან ძაღლის მიმართ, თუმცა მიზეზი შეიძლება, იყოს ვირთხა, თაგვი, ზღვის გოჭი, ზაზუნა, შინაური ფრინველი, ცხენი, ძროხა და ასე შემდეგ. კატისა და ძაღლის ალერგენები, ძირითადად, აღმოჩენილია მათ ქერტლში, ბეწვსა და ნერწყვში. ქერტლი ძალიან მცირე ზომის ნაწილაკია, რის გამოც ჰაერში დიდხანს რჩება ცირკულაციაში. ასევე, ეწებება ტანსაცმელს და გროვდება ავეჯის რბილ ქსოვილზე. შინაური ცხოველის ნერწყვი რჩება ხალიჩაზე, საწოლზე, ტანსაცმელზე. კურდღლის ალერგენებს შეიცავს მისი ქერტლი, ბეწვი და ნერწყვი, მღრღნელების – ქერტლის, ბეწვის, ნერწყვის გარდა – მათი შარდიც. ნერწყვისა და შარდის გაშრობის შემდეგ წარმოიქმნება წვრილი ნაწილაკები, რომელიც ერევა ჰაერს და აღწევს ადამიანის ორგანიზმში. ადამიანებს შესაძლოა, ალერგია ჰქონდეთ ცხოველის, ან უფრო ხშირად ფრინველის ექსკრემენტებზეც. შინაური ცხოველის ალერგენების გადამტანები შესაძლოა, თავად ადამიანები იყვნენ, ამიტომ ხშირად მსგავს ალერგენებს საკლასო ოთახშიც პოულობენ.

ადამიანებს ალერგენების მიმართ სხვადასხვა დონის მგრძნობელობა აქვთ. ზოგთან ალერგიული რეაქცია მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, ზოგთან კი – უფრო მძიმედ. მნიშვნელოვანია ალერგენების ულუფაც. თუ ის პატარაა, სიმპტომები შეიძლება ცხოველთან კონტაქტიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოვლინდეს.

ალერგიის სიმპტომებია: ცემინება, სურდო, ხველა, თვალებისა და ცხვირის შეშუპება და ქავილი, თვალების სიწითლე. ასთმის მქონე პირებთან ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ტკივილი და შებოჭილობა გულმკერდის არეში. ცხოველების მიმართ ზემგრძნობიარე ზოგიერთ ადამიანს კანის ცვლილებებიც აღენიშნება, რასაც მედიცინაში ალერგიურ დერმატიტს ვუწოდებთ. ამ ტიპის დერმატიტი გამოიხატება კანის ანთებით, წითელი ლაქებით (ჭინჭრის ციება), ეგზემით, ქავილით.

უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები ბევრი სხვა ალერგენით (მაგალითად, მცენარის მტვრით, საყოფაცხოვრებო მტვრით) გამოწვეული რეაქციებისთვისაც არის დამახასიათებელი, ამიტომ ალერგიის ნიშნების გამოვლენისას არ შეიძლება სხვა ალეგენების ზემოქმედების გამორიცხვა. სურდო და ხველა კი ვირუსული ინფექციის ტიპური ნიშნებია, ამიტომ ზოგჯერ ძნელი გასარკვევია, ადამიანს სასუნთქი გზების ინფექცია აქვს თუ ალერგია, მაგრამ თუ სიმპტომები ორ კვირაზე მეტი გრძელდება, უფრო მეტად სავარაუდოა ალერგია.

რეკომენდაციები:

👉შეამცირეთ სახლში ისეთი ნივთები, რომელზეც ადვილად დარჩება ცხოველისგან გამოყოფილი ნივთიერება (ხალიჩა, რბილი ავეჯი). გამოიყენეთ ისეთი ავეჯი, რომელიც ადვილად იწმინდება სველი წესით;

👉გამოიყენეთ, ეგრეთ წოდებული,. ჰაერის გამწმენდები (ფილტრი);

👉გამოყენეთ აბაზანა შინაური ცხოველისთვის კვირაში 2-ჯერ მაინც;

👉გაწმინდეთ შინაური ცხოველი სველი ტილოთი ყოველდღე;

👉ნუ შეუშვებთ შინაურ ცხოველს საძინებელში;

👉მშრალი ადგილები გაწმინდეთ მტვესასრუტით;

👉 გაწმინდეთ ყველა ავეჯი სველი წესით.

თუ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად, სიმპტომების გამოვლინება ისევ რჩება, იყოლიეთ ცხოველები დისტანციურად, მაგალითად, ეზოში.

ცხოველთან კონტაქტის შემდეგ მიიღეთ შხაპი და გამოიცვალეთ ტანსაცმელი.

არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ალერგია თავისთავად ალაგდება. მეტიც – დროთა განმავლობაში ის შესაძლოა უფრო მეტად დამძიმდეს. ასე რომ, ნუ უგულებელყოფთ შინაურ ცხოველზე ალერგიის ნიშნებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი