მედიცინა

ირაკლი ბერაძე – გინეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი მკურნალობის ევროპულ მიდგომებზე

№25

ავტორი: მაკა ჯიქია 13:00 28.06, 2021 წელი

ირაკლი ბერაძე
დაკოპირებულია

რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი და ონკოგინეკოლოგი – ირაკლი ბერაძე გამორჩეული და პაციენტების მიერ აღიარებული პროფესიონალია, ევროპული გამოცდილებით. ავსტრიის ცნობილ კლინიკაში მუშაობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ვენასთან აქტიურ კომუნიკაციას ინარჩუნებს და ევროპულ გამოცდილებას ქართველი პაციენტების მკურნალობის პროცესში დიდი წარმატებით იყენებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის აკადემიაში გააგრძელა, შემდეგ მუშაობდა ავსტრიაში, ქალაქ ვენის ერნესტ ვერტჰეიმის სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის, რეპროდუქციული მედიცინისა და ონკოგინეკოლოგიის დეპარტამენტში. ამერიკელ და ევროპელ ექიმებთან ერთად ჩართულია საერთაშორისო გინეკოლოგიური გაიდლაინების შემმუშავებელ ჯგუფში.

– ბატონო ირაკლი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდით ავსტრიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, როგორ მოახერხეთ იქ წასვლა და თავის დამკვიდრება?

ირაკლი ბერაძე: მთავარია მონდომება, ინტერესი და ბევრი შრომა. მოვინდომე, ვეცადე და გამომივიდა. მუდმივად ვენაში არ ვმოღვაწეობდი, პერიოდულობით მივდიოდი და ისევ ვბრუნდებოდი, ამ პერიოდმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. ბევრ აქტიურ და საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი, მათ შორის პაპილომა ვირუსის როგორც არაონკოგენურ, ისე ონკოგენურ სეროტიპებზე. ასევე, ვმონაწილეობდი ანტიპაპილომავირუსული ვაქცინა „გარდასილის“ მე-3 ფაზის კვლევაში. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო ავსტრიელი ექიმების მუშაობის სტილი და იმ ძირითადი პოსტულატების დაცვა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის მიღებული. პირველ რიგში, „პაციენტს არ ავნო“ – მტკიცებითი მედიცინის პრინციპებიდან გამომდინარე, კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, პაციენტს უნდა დაუდგინდეს ზუსტი დიაგნოზი და დაენიშნოს ზუსტად ის მკურნალობა მინიმალური რაოდენობის პრეპარატებით, რაც აუცილებელია მისი განკურნებისთვის. ვერც ანტიბიოტიკს და ვერც ჰორმონულ პრეპარატებს მტკიცე არგუმენტების გარეშე, მარტივად ვერ დანიშნავ, თანაც, მკურნალობას იწყებ პირველი თაობის მსუბუქი, ნაკლები გვერდითი მოვლენების მქონე პრეპარატებით და შესაბამისი ალგორითმით დინამიკაში აკონტროლებ. დიდი განსხვავებაა ჩვენი ქვეყნების ჯანდაცვებს შორის. ეს მდიდარი ქვეყანა ჯანდაცვის შესაბამისი რეგულაციებით აკონტროლებს ფარმაცევტული პრეპარატების გამოყენებისა და კლინიკების მუშაობის სწორ მენეჯმენტს. ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, არ გააჩნია შესაბამისი რეგულაციისთვის საჭირო ბერკეტები და შესაძლებლობა, სწორად მართოს ეს, ზოგჯერ პაციენტისთვის დამაზიანებელი პროცესები. დიდი რაოდენობით წამლები იყიდება აფთიაქებში, ეგრეთ წოდებული, ბიზნესგარიგებებით მავანთა კეთილდღეობისთვის, რითაც ზარალდება საქართველოს მოსახლეობა.

– რა არის საჭირო თქვენს სფეროში წარმატებისთვის?

– ჩვენი სფერო მუდმივად ვითარდება, ამიტომ საჭიროა, ფეხი აუწყო თანამედროვე მედიცინაში მიმდინარე პროცესებს. გარდა ამისა, ყოველდღიური განათლება-განვითარება, საკუთარ თავზე მუშაობა, პაციენტების მდგომარეობის ინდივიდუალურად განხილვა, მათი ფსიქო-ემოციური სტატუსის გათვალისწინება, შედეგზე ორიენტირებული მკურნალობა ექიმის წარმატების საწინდარია. ჩემთვის წარმატებული არ არის ის, ვინც გაპიარებულია სხვადასხვა საინფორმაციო თუ სატელევიზიო საშუალებებით. წარმატებას განსაზღვრავს ექიმის მიერ განკურნებული და კმაყოფილი პაციენტების რაოდებობა.

– ხშირად თქვენს პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც თქვენამდე მოსვლამდე, წლების განმავლობაში, უშედეგოდ მკურნალობდნენ, ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვისი გაფუჭებული საქმის გამოსწორება გიწევთ?

– დროებითი მკურნალობის მაგალითები საკმაოდ ბევრია, ასევე, ხშირია ნაჩქარევი ოპერაციული ჩარევები, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ასაკში, რაც ზოგჯერ მთავრდება ორგანოების ან ორგანოს ნაწილის ამოღებით, რაც მათ ფუნქციას უკარგავს ან აქვეითებს, რის გამოც ჩანაცვლებითი თერაპიით მიწევს ამ ორგანოთა ფუნქციების აღდგენა ან სტიმულაცია. ყველა ქალბატონისთვის ძალიან მნიშვნელოვან ორგანოს წარმოადგენს საკვერცხეები და მათი ამოღება ყოვლად დაუშვებელია თუნდაც ნებისმიერ ასაკში, ვინაიდან საკვერცხეების ფუნქცია გრძელდება ქალის სიცოცხლის ბოლომდე, რადგან ისინი გამოყოფენ ქალის ყველაზე მნიშვნელოვან ჰორმონს – ესტროგენს. თანამედროვე და ადეკვატური ეტიოტროპული მკურნალობით უამრავი პრობლემური სიტუაციები გვარდება. ოპერაციული ჩარევა კი წარმოადგენს მკურნალობის ბოლო ეტაპს და არა საწყისს. უნდა დავადგინოთ ზუსტი დიაგნოზი და დავნიშნოთ მკურნალობა. შევებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს, რაც დაავადების რეციდივების ალბათობას შეამცირებს.

– თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე უიმედო მდგომარეობა, რომელიც წარმატებით დასრულდა?

– პაციენტი რამდენიმე წელი მკურნალობდა სხვადასხვა გინეკოლოგთან ერთსა და იმავე პრობლემაზე და ბოლოს ჩემმა ერთ-ერთმა პაციენტმა ურჩია ჩემთან ვიზიტზე მოსვლა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ დიაგნოზი არ ჰქონდა, მაგრამ იღებდა უამრავ წამალს. უიმედო მდგომარეობა არ არსებობს, ყველას აქვს შანსი, გახდეს დედა, ცხოვრობდეს ტკივილისა და დისკომფორტის გარეშე. როდესაც პაციენტი მოდის ჩივილებით, ჩემი მიზანია, ეს ჩივილი გაქრეს და დადგეს შედეგი. 15 წლის მოლოდინის შემდეგ ის ბედნიერი დედა გახდა.

– რა კვლევებით იწყებთ მკურნალობას?

– ჩემთან მოსულ პაციენტებს, მათი ჩივილების შესაბამისად უტარდებათ აუცილებელი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები: რეპროდუქციული ორგანოების ულტრასონოგრაფია ციკლის განსაზღვრულ ფაზაში, კოლპოსკოპია, PAP-ტესტი, ინფექციური და ჰორმონული სტატუსის დადგენა. სწორედ, ამ კვლევების შეჯამებით ვსვამ დიაგნოზს. ჩემი ძირითადი პრინციპია: დაგეგმვა, ორგანიზება, განხორციელება, მართვა და შედეგიც არ დააყოვნებს.

– ცნობილია, რომ არ გიყვართ ბევრი მედიკამენტის დანიშვნა...

– სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც პაციენტებს დანიშნული აქვთ 5-7-9... უამრავი პრეპარატი, რაც შვებას კი არა, უამრავ სხვა ახალ პრობლემას იწვევს. პრეპარატი ინიშნება პაციენტის დასახმარებლად, ზუსტი დიაგნოზის შესაბამისად, ასეთ დროს ის წამალია, სხვა შემთხვევაში ის შხამია – მოქმედებს ღვიძლზე, სხვადასხვა ორგანოზე. ზეპირად და არააუცილებლობის შემთხვევაში დანიშნული ანტიბიოტიკი იწვევს ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარებას. ვნიშნავ ერთ ან, მაქსიმუმ, ორ პრეპატარს, რომელსაც აუცილებლად მოაქვს დადებითი შედეგი. ასეთია მკურნალობის ევროპული მიდგომა.

– გაგვაცანით ოჯახი.

– მყავს მეუღლე და 3 შვილი. ჩემი მეუღლე რადიოლოგია, ავსტრიაში ნოსტრიფიკაციის ფინალურ სტადიაზეა. ჩემი 15 წლის ქალიშვილი ვენის გიმნაზიაში სწავლობს, უფროსი ბიჭი კინორეჟისორია, შუათანა – რაგბისტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი