მედიცინა

რა განსაზღვრავს ბავშვის ჯანმრთელობას

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.01

ბავშვის ჯანმრთელობა
დაკოპირებულია

სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში ბავშვისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. ის სავსებით აკმაყოფილებს ჩვილის ნუტრიციულ მოთხოვნილებებს, საუკეთესო თანაფარდობით შეიცავს ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა საკვებ ინგრედიენტს, ადვილი მოსანელებელია, სტერილურია და ბავშვის ასაკობრივი მოთხოვნილებების შესაბამისად იცვლება. ამ ჯადოსნურ სითხეს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვს. დაბოლოს, ნორმალურ ფსიქიკურ განვითარებას, დედა-შვილს შორის მჭიდრო ფსიქოემოციური კავშირის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

ექვსი თვიდან ბავშვის მენიუში დამატებითი საკვები ჩნდება, მაგრამ ექიმები გვირჩევენ, ძუძუთი კვება 12 თვემდე მაინც გავაგრძელოთ.

მენიუ

ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს ოთხივე ძირითადი ჯგუფის საკვები:

  • ხილი და ბოსტნეული (ყოველი კვებისას – თითო მაინც);
  • მარცვლეული;
  • რძე და რძის ნაწარმი;
  • ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული.

ეცადეთ, თქვენ მიერ მომზადებული კერძები იყოს:

  • ნაკლებცხიმიანი;
  • ნაკლებტკბილი;
  • ნაკლებმარილიანი.

მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი და ჯერადობა. ზრდასრული ადამიანისთვის აუცილებელია, სულ მცირე, სამჯერადი კვება – საუზმე, სადილი და ვახშამი. ბავშვებმა შუალედებშიც უნდა წაიხემსონ. დრო და ულუფა ისე უნდა შეარჩიოთ, რომ ბავშვს ძირითადი კვების წინ მადა არ დაეკარგოს. წახემსება შეიძლება ხილით, იოგურტით, მაწვნით, ბოსტნეულით, ჩირით, ტყლაპით, ჩურჩხელით.

არ დაგავიწყდეთ წყალი. ბავშვმა საკმაოდ ბევრი წყალი უნდა სვას. მინიმუმამდე დაიყვანეთ ნაყიდი ხილის წვენების, გაზიანი სასმელების მოხმარება. ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული, ეგრეთ წოდებული, ენერგეტიკული სასმელები, 13 წლამდე კი არასასურველია ყავა და შავი ჩაი.

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ჯანსაღ საკვებს არ ეკარება?

  • ოჯახური ვახშამი. ეს ერთგვარი დამამშვიდებელი რიტუალია როგორც დიდებისთვის, ისე პატარებისთვისაც. ბავშვებს სიამოვნებთ ოჯახურ ტრაპეზში მონაწილეობა, მშობლებისთვის კი ეს შვილებთან ურთიერთობის, დაახლოების, დამეგობრების საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს უფრო დიდია შანსი, ბავშვებმა თქვენი წაბაძვით მიირთვან ბოსტნეული, მარცვლეული, ხილი.
  • ბავშვები, განსაკუთრებით – მცირეწლოვანები, იმას ჭამენ, რაც სახლში აქვთ. ამიტომ ხილი და ბოსტნეული მუდამ უნდა გქონდეთ, თანაც მზა – გარეცხილი და ადვილად ხელმისაწვდომი. ჯანსაღი ხემსია უცხიმო იოგურტი, არაქისის კარაქი, ყველი. ისინიც ყოველთვის უნდა ეწყოს მაცივარში. რძის ნაწარმი უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი არჩიეთ.
  • შეცვალეთ კვების საოჯახო ტრადიციაც: შეამცირეთ ცხიმის მოხმარება, ერიდეთ შემწვარ პროდუქტებს. გადადით საკვების მომზადების უფრო ჯანსაღ ალტერნატივაზე – გრილზე, ორთქლზე, წყალზე.
  • ჩიფსები, კანფეტები, გაზიანი სასმელები, ფასთფუდი იშვიათ გამონაკლისად უნდა იქცეს.

ყურადღებით იყავით, თუ ბავშვს რომელიმე პროდუქტზე ალერგია აქვს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი