მედიცინა

რა იწვევს ტუჩის სიმშრალეს და როგორ ვუმკურნალოთ მას

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.12, 2021 წელი

ტუჩის სიმშრალე
დაკოპირებულია

ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგად აისახება ტუჩებზე. მოლურჯო ელფერი ხშირად გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების დაავადებებზე მეტყველებს. თუ ტუჩები გიშრებათ და გისკდებათ, აუცილებელია ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი, რათა ანემია გამოირიცხოს. ტუჩების სიმშრალე და ნახეთქები ვიტამინების, კერძოდ, B2 ვიტამინის ნაკლებობაზეც მიუთითებს. თუმცა.

ზოგჯერ ტუჩების გაღიზიანება შესაძლოა, ჩვეულებრივმა ტუჩსაცხმა გამოიწვიოს და ანთებითი პროცესიც კი განვითარდეს. ამ დროს აუცილებელია ტუჩებზე ანთების საწინააღმდეგო მალამოს წასმა. თუ ანთება გახანგრძლივდა, ღამით ტუჩები უნდა გაიწმინდოს ზეთით და ძილის წინ გვირილის საფენი გაკეთდეს.

ეცადეთ სწორად იკვებოთ: მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი C, E და B ვიტამინისა და რკინის შემცველი პროდუქტები. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

სიცივე სიმშრალის განვითარებისა და ინფექციების გამომწვევებისათვის ხელსაყრელ პირობას ქმნის. ცივ გარემოში ხანგრძლივად ყოფნისას ლორწოვანი გარსისა და ტუჩების წითელი არშიის სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლის მიმოქცევა უარესდება, ვითარდება სიმშრალე, აქერცვლა და წვრილი ნახეთქები. პირველ რიგში გადაეჩვიეთ ტუჩების დასველების მავნე ჩვევას. ენით ტუჩების ლოკვა აღრმავებს ამ პროცესს.

გამოიყენეთ ბალზამი ტუჩებისთვის. ყველაზე კარგია, თუ მის შემადგენლობაში იქნება კაკაოს ზეთი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგს მასზე ალერგია აქვს. ტუჩებზე ბალზამი ხშირ-ხშირად წაისვით;

👉ტუჩებს დაატენიანებს ვაზელინისა და თაფლის ნარევი. ამ ნარევის გამოყენება შეგიძლიათ ტუჩების ბალზამის ნაცვლად;

👉 ასევე კარგია ჰიგიენური პომადის ხშირი გამოყენება;

👉 შეზღუდეთ ალკოჰოლის, ყავის, ცხარე საკვების, ციტრუსების, უხეში პურის, ორცხობილის მიღება;

👉 მიიღეთ ვიტამინების კომპლექტი, ერთი კაფსულა – 2-ჯერ დღეში, შეგიძლიათ, დღეში ერთხელ ტუჩებზე წაისვათ ზეთოვანი A ვიტამინი.

ქალებს, რომლებიც ტუჩსაცხს არ იყენებენ, ტუჩების წითელი არშია უნაოჭდებათ და უშრებათ. ეს განსაკუთრებით ხშირად ემართებათ მწეველ ქალებს. ტუჩსაცხი არბილებს კანს და იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან.

ძილის წინ ტუჩები უნდა გაისუფთაოთ, მოიცილოთ ტუჩსაცხი ზეთით, კრემით ან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებით. თუ მდგრად ტუჩსაცხს იყენებთ, ტუჩი სპეციალური საშუალებით ფრთხილად, კანის დაჭიმვის გარეშე უნდა გაიწმენდოთ. ამის შემდეგ წაისვით კრემი ან ბალზამი.

ტუჩის კუთხეებში ნახეთქებს ანგულარული სტომატიტი – ტუჩის კუთხის ანთება ჰქვია და რკინის დეფიციტის შედეგია, რასაც ორგანიზმი საბოლოოდ ანემიამდე მიჰყავს.

ანგულიტი არის კანდიდოზური და სტრეპტოკოკული. ამ პრობლემის არსებობისას სასურველია, მდგომარეობა დერმატოლოგმა შეაფასოს. მკურნალობის მიზნით გირჩევთ, ტუჩის კუთხეში წაისვათ კასტელანი, დღეში 2-ჯერ 1 კვირის განმავლობაში, შემდეგ არგანის ზეთი, ან კრემი, ან ლაზოლექსის გელი, დალიეთ A და E ვიტამინი, B2 (რიბოფლავინი) ვიტამინი. გარდა ამისა, უნდა მიირთვათ A ვიტამინის წყარო, მაგალითად, 1 ჭიქა ახალგაწურული სტაფილოს წვენი 1 ჩაის კოვზ არაჟანთან ერთად, ასევე, მაწონი, ყველი, კვერცხის გული, საქონლის ან ხბოს ღვიძლი, გული, თირკმელები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი