მედიცინა

როგორ მოვირჩინოთ ჯიბლიბო

№50

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.12, 2023 წელი

ჯიბლიბო
დაკოპირებულია

ჯიბლიბო არის ქუთუთოს მწვავე ანთება. ის შეიძლება, იყოს გარე ან შიდა.

დაავადების პირველი ან ორი დღის განმავლობაში წამწამების ძირში წარმოიქმნება პატარა მოყვითალო ლაქა, რომელიც გარშემორტყმულია სიწითლით. ამ პერიოდში შეიძლება თან დაერთოს ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება. 2-4 დღის შემდეგ ჩნდება მუწუკის მსგავსი ჩირქოვანი თავი, რომელიც ყველაზე ხშირად სპონტანურად იხსნება, რის შემდეგაც იწყება უსიამოვნო სიმპტომების შემცირება.

ნუ ეცდებით ჯიბლიბოს გამორწყვას, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს გართულებები. უმჯობესია, დაველოდოთ, სანამ ჯიბლიბო თავისთავად გაიხსნება. ქუთუთოების თხელი კანის ქვეშ არის ფხვიერი შემაერთებელი ქსოვილი, რომლის მეშვეობითაც ჯიბლიბოს გამოწურვის მცდელობისას, მისი ჩირქოვანი შიგთავსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს მთელ ქუთუთოში, თვალის ღრმა ნაწილებში და ქალას ღრუშიც კი.

უპირველესად აუცილებელია ჰიგიენა: ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით თვალებთან შეხებისას. ვინც კონტაქტურ ლინზებს ატარებს, მათთვის აუცილებელია ლინზების ტარებისა და დამუშავების რეჟიმის დაცვა.

მეორე – ძილის წინ კარგად უნდა ჩამოიბანოთ თვალის მაკიაჟი, გადაყარეთ ძველი კოსმეტიკა და ნუ გამოიყენებთ სხვის კოსმეტიკას.

თუ თვალის პრობლემები გაქვთ, მიმართეთ ექიმს.

უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად სპეციალისტები გვირჩევენ, დღეში ოთხჯერ 10-15 წუთით მაინც ქუთუთოზე დავიდოთ ცხელი საფენი. გამოიყენეთ ისეთი ტემპერატურის წყალი, რომელშიც კომფორტულია ხელის მოთავსება (ცხელი, მაგრამ არა იმდენად, რომ დაგწვათ). კომპრესი დაარბილებს გამაგრებულ შიგთავსს, რომელიც ჯირკვლის სანათურს ახშობს და სითხის დრენირებას შეუწყობს ხელს.

ჯიბლიბოზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე წაისვით ნივრის პატარა ნაჭერი ან ქუთუთოზე დაიდეთ მოხარშული თბილი კვერცხი.

შეურიეთ ერთმანეთს 5 სადილის კოვზი ნარგიზელას ყვავილი, 3 სადილის კოვზი იაჟუჟუნას ფოთლები, 2 სადილის კოვზი კოთხუჯის ფესვები და ძალიან ცოტა არყის ხის კვირტები. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და 20 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე. გადმოდგით და 6 საათის შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.

კომპრესები, ოღონდ აუცილებლად სტერილური, იქნება ეს ბამბა თუ ბინტი, დაასველეთ საფენი წყალში გაზავებულ სპირტში (პროპორცია 1:1) ან კალენდულის ნახარშში (1 სადილის კოვზი კალენდულა 200 მილილიტრ წყალში – მზადდება ორთქლის აბაზანაზე) და დაიტოვეთ თვალზე 15-20 წუთით.

გაწმენდა – ამისთვის გამოიყენება ფურაცილინის ხსნარი, რომელიც ინფექციის გავრცელებას აჩერებს და ამცირებს ანთებას. ფურაცილინით ჯიბლიბოს დამუშავება რამდენიმესაათიანი ინტერვალით შეიძლება.

მშრალი სითბო – შეგიძლიათ, გამოიყენოთ თბილი (და არა ცხელი) ნივთები, რომლებიც დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას. მაგალითად, ტოპრაკში გამოკრული თბილი მარილი ან მოხარშული კვერცხი.

იმ შემთხვევაში, თუ ჯიბლიბო ხშირად გიმეორდებათ, აუცილებელია, მიაკითხოთ ექიმს და გამოკვლევები ჩაიტაროთ. საქმე ისაა, რომ, მედიკოსების თქმით, ხშირი ჯიბლიბო სერიოზული დაავადებების მაუწყებელი შეიძლება იყოს. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ფარისებრ ჯირკვალს, იმუნურ სისტემას, კუჭ-ნაწლავის სისტემას ან შაქრიან დიაბეტს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი