მედიცინა

როგორ შევინარჩუნოთ ქუსლის ჯანმრთელობა

№45

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 16.11, 2023 წელი

ქუსლის ჯანმრთელობა
დაკოპირებულია

ქუსლის ძვლის დეზი ქუსლთან ფასციის დაზიანებისა და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილია. ჩივილები ამ დროს ინდივიდუალურია. ქსოვილის გაძვალების მიზეზია ქუსლის ხანგრძლივი და ხშირი ტრავმირება, რასაც ხელს უწყობს მეტისმეტად თხელძირიანი ფეხსაცმლის ჩაცმაც. დაავადება მრავალ სხვა ფაქტორსაც უკავშირდება. დადასტურებულია ქუსლის დეზის მაღალი სიხშირე მათთან, ვისაც მიდრეკილება აქვს რევმატული დაავადებებისკენ.

კოჭ-წვივის მყესების დაჭიმვაც გავრცელებული ტრავმების რიცხვს ეკუთვნის. გამოყოფენ სიმძიმის სამ ხარისხს:

პირველი ხარისხი – მყესოვანი ბოჭკოები მსუბუქადაა დაჭიმული;

მეორე ხარისხი – ზოგიერთი ბოჭკო გაგლეჯილია;

მესამე ხარისხი – მყესოვანი კონა მთლიანად გაგლეჯილია. შესაძლოა, ამას თან ახლდეს მცირე ძვლოვანი ფრაგმენტების მოტეხილობაც.

მყესების დაჭიმვა, როგორც წესი, კოჭის მკვეთრ გადახრას ან ამობრუნებას, ღრძობას, მოჰყვება. ამ დროს ძირითადად გვერდითი მყესები ზიანდება. მყესები შესაძლოა, დაიჭიმოს სირბილის ან ოღროჩოღრო ზედაპირზე სიარულის დროსაც.

შეშუპებისა და ტკივილის დასაცხრობად კარგია ყინულოვანი აბაზანები – საათში ერთხელ 15-20 წუთით კოჭის ყინულიან წყალში მოთავსება 24 საათის განმავლობაში, ასევე, ყინულოვანი საფენები.

ტკივილის დაცხრობამდე წონითი გადატვირთვის შესამცირებლად ხმარობენ ყავარჯნებს. თუ ტკივილი და დისკომფორტი იმატებს, უნდა მივმართოთ ექიმს.

კოჭ-წვივის ართრიტი კოჭ-წვივის სახსრის ანთებაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. პაციენტი, ჩვეულებრივ, უჩივის ყრუ ტკივილს დილაობით, ადგომისას და ხანგრძლივი უმოძრაო პერიოდის შემდეგ. კოჭ-წვივის წინა მხარეს თითის დადებისას იგრძნობა ტკივილი. აქტიური თუ პასიური მოძრაობები საგრძნობლადაა შეზღუდული.

როგორ შევინარჩუნოთ ტერფის სიჯანსაღე, როგორ ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე?

ადამიანის ორგანიზმს უდიდესი საკომპენსაციო რეზერვი აქვს – საკმარისია, ცხოვრების წესით ხელი არ შევუწყოთ პათოლოგიის წინსვლას. ამაში დაგვეხმარება:

• ჯანსაღი კვება, სხეულის ნორმალური მასის შენარჩუნება;

• ზომიერი ფიზიკური აქტიურობა, ფეხით სიარული;

• სწორად შერჩეული ფეხსაცმელი. ფეხსაცმელი არ უნდა იყოს ფართოცხვირიანი და სქელძირიანი, ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 3-4 სმ-ს;

• ტრავმებისთვის თავის არიდება;

• შეძლებისამებრ, ფეხშიშველი სიარული;

• საჭიროებისას – სუპინატორების გამოყენება.

სუპინატორი ორთოპედიული რბილი საფენია, რომელიც იდება ფეხსაცმელში, იმეორებს ტერფის ფორმას და უფრო კომფორტულს ხდის სიარულს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი