რომანი და დეტექტივი

მებრძოლი

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.04, 2022 წელი

მებრძოლი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #113(1109)

მიკოლას ხელიდან გაუვარდა წერილი, თავზე ხელები შემოირტყა და საწოლზე თავაუწევლად დაჯდა. სულ რაღაც ნახევარი საათის მერე კი მიკოლა შევჩენკომ შეიტყო, რომ მისმა სიმამრმა ცხინვალის ერთ-ერთ ყაზარმაში აიფეთქა თავი და „მი 24-ის“ ეკიპაჟის ხუთივე წევრი, რომლებიც ისევ ცხინვალში მსახურობდნენ, საიქიოში გაიყოლა. მიკოლას სიმამრს სხეულზე ბომბა-ჟილეტი ჰქონდა შემოკრული. რუსების ყაზარმაში ცხინვალში კი ერთ-ერთი იმ რუსი პოლკოვნიკის ხელშეწყობით მოხვდა, რომელსაც ადრე ათასი დოლარი გადაუხადა და მასთან, ვითომდა, ახალი თხოვნით იყო მისული. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ შოთა გაგნიძის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ და ისიც ვარაუდით დადგინდა, თუ ვინ იყო თვითმკვლელი ამფეთქებელი. რუსებმა ამ ინციდენტს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიანიჭეს. რა თქმა უნდა, არ უნდოდათ იმის აფიშირება, რომ მათ სამხედრო ნაწილში კამიკაძემ შეაღწია. გამოძიების მიუხედავად, რუსებმა ვერც იმისი ვინაობის დადგენა შეძლეს, ვინც შოთა გაგნიძე სამხედრო ნაწილში შეიყვანა. რუსეთის „გრუს“ ჯგუფმა კი გორში ფარული მოკვლევა ჩაატარა და როდესაც შეიტყვეს, რომ შოთა გაგნიძის სიძე ჯერ კიდევ აგვისტოში სამშობლოში, უკრაინაში დაბრუნდა, საქმის მოკვლევა შეწყდა. სინამდვილეში კი, მიკოლა შევჩენკო საქართველოში იმყოფებოდა და რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტით თბილისში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა. ძალებს იკრებდა და შურისძიებისთვის ემზადებოდა. მიკოლას სიმამრმა წლების განმავლობაში ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი დაუტოვა და უკრაინელი ყმაწვილი სწორედ ამ კაპიტალს იყენებდა. მიკოლა წვევამდელობის ასაკში უკრაინულ ჯარში იყო ნამსახურები და საკმაოდ კარგი სამხედრო უნარ-ჩვევები ჰქონდა მიღებული. შურისძიების მზადებისას კი უფრო მეტად გაიღრმავა ეს ცოდნა, ფიზიკურადაც გაძლიერდა და როდესაც დარწმუნდა, რომ საქმისთვის მზად იყო, მოქმედება დაიწყო. ექვსი თვის განმავლობაში მიკოლა შევჩენკო დივერსიულ საქმიანობას ახორციელებდა ოკუპირებული სამაჩაბლოს ტერიტორიაზე და ოკუპანტებს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს აყენებდა. ძირითადად მათ ტრანსპორტსა და დროებით შენობა-ნაგებობებს ანადგურებდა. ცოცხალი ძალის მოსპობას კი იმ მოტივით არ ახორციელებდა, რომ რუსებს ცხინვალში პირტიტველა ყმაწვილები ჰყავდათ ჩაყვანილი, თანაც მოტყუებით და მთელ ამ დივერსიული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ორი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა მსუბუქად. მიკოლას მთავარი სამიზნე კი პოლკოვნიკი ანტონ რეგედა იყო, რომელიც აფხაზეთში, გუდაუთაში მსახურობდა და შურისმაძიებელი ყმაწვილი დაჟინებით ცდილობდა მის მოხელთებას. მიკოლას უკვე ყველაფერი მზად ჰქონდა და აფხაზეთში უნდა გადასულიყო, როდესაც შეიტყო, რომ რეგედა ისევ ცხინვალში გადაიყვანეს და მოიერიშე სავერტმფრენო ავიაციის მეთაურად დანიშნეს. ამ ინფორმაციის შეტყობიდან თვე-ნახევრის შემდეგ სანიმუშოდ გაწვრთნილმა და შეიარაღებულმა მიკოლამ ცხინვალში შეაღწია და ანტონ რეგედა სნაიპერული შაშხანიდან გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა. რუს პოლკოვნიკს ათას ორასი მეტრიდან გასროლილი ტყვია თავში მოხვდა და ტვინიც გაასხმევინა. შემდგომ კი შურისმაძიებელი უკრაინელი უსაფრთხოდ გამოვიდა ოკუპირებული ტერიტორიიდან და თბილისში დაბრუნდა. მიკოლა ისევ ლეგალურ მდგომარეობაზე გადასვლას აპირებდა და ტაძარში წასასვლელად ემზადებოდა, რომ ბერად შემდგარიყო. თუმცა, რეგედას ლიკვიდაციიდან სამი კვირის შემდეგ 25 წლის უკრაინელი ავლაბრის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე ღამით შეიპყრეს, მანქანაში ჩატენეს და წაიყვანეს. მიკოლა საღამოს წირვიდან ფეხით ბრუნდებოდა სახლში, მისი გამტაცებლები კი „გრუს“ ოპერჯგუფი იყო. ისინი ფარულად შემოვიდნენ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და პოლკოვნიკ რეგედას მკვლელი გაიტაცეს, რომელსაც ინტენსიურად ეძებდნენ. მიკოლას გაშიფვრაში კი რუსებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი პოლკოვნიკი ვოვა პუტანკინი დაეხმარა. სწორედ პუტანკინმა მიაწოდა რუსებს ვიდეოკამერაზე ჩაწერილი კადრები და „გრუელებმა“ მიკოლა სწორედ მათი მეშვეობით იპოვეს. მიუხედავად უმძიმესი წამებისა, მიკოლას ქედი არ მოუხრია და იმეორებდა, რომ მოკლული ოჯახის წევრების გამო იძია შური. ორთვიანი ტანჯვა-წამების შემდეგ, როდესაც 80-კილოგრამიანმა მიკოლამ 35 კილოგრამი დაიკლო, ის ეგრეთ წოდებული, „სამხრეთ ოსეთის“ უზენაესმა სასამართლომ გაასამართლა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიკოლა შევჩენკო ყოფილი თავდაცვის ბუნკერის საკანში ჩააგდეს, სადაც მან 13 წელი გაატარა და 2022 წლის 28 თებერვალს მას კოკოევმა მიაკითხა და უთხრა:

– გამოეთრიე. შენი აღსასრულის დღე დადგა...

***

რუსული საოკუპაციო ჯარის უკრაინაზე თავდასხმის მეხუთე დღე იყო, როდესაც ცხინვალის ციხიდან მიკოლა შევჩენკო გამოიყვანეს. უკვე აშკარა იყო, რომ არა მარტო რუსული ბლიც-კრიგი ჩაფლავდა, არამედ საოკუპაციო ჯარი მნიშვნელოვან ზარალს განიცდიდა. არადა, მათ დაჟინებით სურდათ კიევის აღება და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდნენ. უკრაინის დედაქალაქზე მიტანილი ყველა იერიში კრახით დამთავრდა და ოკუპანტებმა კიევში ცხვირი ვერ შეყვეს. რუსული არმიის სპეციალურ ქვედანაყოფებს ერთ-ერთი ვიწრო გასასვლელი მოუვიდათ თვალში და იქიდან უნდოდათ კიევში შეღწევა, შემდგომ კი პლაცდარმის გაკეთება, გაფართოება და უკრაინის დედაქალაქში შეჭრა, მისი დაკავების მიზნით. ამაში კი რუსებს დანაღმული გასასვლელი უშლიდათ ხელს და მისი განაღმვა ცოცხალი ადამიანებით ჰქონდათ გადაწყვეტილი, ისეთივე მეთოდით, როგორც ამას ჰიტლერელები ახორციელებდნენ მეორე მსოფლიო ომში, როდესაც დანაღმულ ველზე მშვიდობიან მოსახლეობას უშვებდნენ. მათი ფაშისტები „მუქთა გამნაღმველებს“ უწოდებდნენ დაცინვით და სწორედ ერთ–ერთი ასეთი გამნაღმველის როლში უნდოდათ რუსებს მიკოლა შევჩენკოს გამოყენება. ოკუპანტებმა რუსეთისა და კავკასიის სხვადასხვა ციხეებში გამომწყვდეული უკრაინელი პატიმრები შეკრიბეს და სამოცდაათი კაცი საომარი მოქმედებების ადგილზე ჩაიყვანეს. ოკუპანტებმა უკრაინელი პატიმრები ერთ მწკრივად დააწყვეს და ორასი მეტრის სიგრძის დანაღმულ დერეფანში გაუშვეს. სასიკვდილოდ განწირული უკრაინელები ჭადრაკულად იყვნენ დაწყობილები, ისე რომ დანაღმული დერეფნის ერთი გოჯიც კი არ დარჩენილიყო დაუბიჯებელი. მიკოლა, პირველ რიგში, შუაში იდგა და ნელ-ნელა, ფრთხილად ადგამდა ნაბიჯებს. ყოველწამიერად სიკვდილს ელოდა. მას მთელი თავისი ცხოვრება წარმოუდგა თვალწინ და მის გონებაში კალეიდოსკოპური სისწრაფით გაიარა ყველაფერმა. პირველი აფეთქება რომ მოხდა, დანაღმულ ველზე მიმავალნი ადგილებზე გაიყინენ, მაგრამ ბეტონის ბლოკებს ამოფარებულმა რუსმა ოკუპანტებმა გამაფრთხილებელი ავტომატური ჯერი მიუშვეს ჰაერში და სასიკვდილოდ განწირულებს წინსვლის გაგრძელება უბრძანეს. დერეფნის ბოლომდე სულ რაღაც ოციოდე მეტრი იყო დარჩენილი. სამოცდაათიდან ორმოცდათხუთმეტი უკრაინელი უკვე მკვდარი იყო. დანარჩენი თხუთმეტი კი წინსვლას ნელ-ნელა განაგრძობდა. უცებ უკრაინელ ჯარისკაცთა მხრიდან, რომლებიც დერეფნის ბოლოს იყვნენ გამაგრებულები და ასევე ბეტონის ბლოკებს ეფარებოდნენ, ერთ-ერთმა მებრძოლმა სანახევროდ გამოჰყო თავი და სასიკვდილოდ განწირულებს გამოსძახა:

– ძმებო, რასაც გეტყვით ზედმიწევნით შეასრულეთ და გადარჩებით. შუაში რომ თეთრზოლიანი „ტელეგრეიკით“ კაცი მოდის, მის ზურგსუკან მოეწყვეთ. მაგრამ მასთან რომ მიხვიდეთ, თითოეულმა თქვენგანმა ზუსტად მეტრიანი ნაბიჯები უნდა გადადგათ, რათა ჩვენს ნაღმებზე არ აფეთქდეთ. მოძრაობას რომ დაიწყებთ, დამპალი ოკუპანტები ცეცხლს გაგიხსნიან. ამიტომ ორგანიზებულად უნდა მოახერხოთ რიგში ჩადგომა და სწრაფად გამოიქცეთ. როგორც კი დაგიძახებთ, მაშინვე დაიწყეთ მოძრაობა. ვიმეორებ – ძალიან ზუსტად და სწრაფად! აბა, წინ!

სასიკვდილოდ განწირულებმა მოძრაობა დაიწყეს წინ, თუმცა ორი მათგანი მაინც აფეთქდა, ორიც ოკუპანტთა ტყვიამ განგმირა და დანაღმულ დერეფანში დატოვა. სამშვიდობოზე კი თერთმეტმა უკრაინელმა გააღწია და მათ შორის მიკოლა შევჩენკოც იყო. საგულისხმო ფაქტი კი ის აღმოჩნდა, რომ სამშვიდობოზე გასულთაგან ათ უკრაინელს სიკვდილთან თამაშში ცარცივით გათეთრებოდა თმა და მხოლოდ მიკოლას არ შეხებია ეს ცვლილება. 38 წლის ახალგაზრდა კაცს იმდენი ჭირ-ვარამი ჰქონდა გადატანილი ცხოვრებაში, რომ სასიკვდილო ველზე „გასეირნება“ მისთვის ბავშვური თამაში იყო...

***

მას მერე, რაც ცოცხლად დარჩენილი უკრაინელების ვინაობები დადგინდა, გაირკვა, რომ კიეველი მხოლოდ მიკოლა შევჩენკო იყო, დანარჩენები კი სხვადასხვა ქალაქის მკვიდრნი. ათი არაკიეველი ყაზარმაში წაიყვანეს, რომ მათ სული მოეთქვათ. მიკოლამ კი კიევის თავდაცვის ძალების მეთაურს, რომელსაც დანაღმული დერეფნის კონტროლი ევალებოდა, უთხრა:

– მე პოდოლზე ვცხოვრობ და სახლში წავალ. მშობლებს მოვინახულებ და შემდეგ თქვენს განკარგულებაში დავბრუნდები. ცამეტი წელია, ისინი არ მინახავს.

თავდაცვის ძალების მეთაურმა მიკოლას საშვი გამოუწერა და უთხრა:

– აი, გამომართვი, ეს ბლოკ-პოსტებზე გასასვლელად დაგჭირდება, პოდოლზე ჩვენი ბიჭები მიგიყვანენ. ხვალ კი შენივე რაიონის კომისარიატში მიდი. ყველაფერი მოუყევი და ისინი გაგამწესებენ, სადაც საჭირო იქნება.

მიკოლა დაემშვიდობა თავდაცვის ძალების მეთაურს და დაჯავშნილი მანქანით კიევის ცენტრისკენ გაემართა. გზად რამდენიმე ბლოკ-პოსტზე მოუწიათ შეჩერება და საბუთების შემოწმების შემდეგ პოდოლზე მივიდნენ.

– გმადლობთ, ძმებო! აქვე ვცხოვრობ. შეხვედრამდე!, – უთხრა მიკოლამ თანამემამულე მებრძოლებს და დაჯავშნილი მანქანიდან გადავიდა.

ციოდა. ღამის 3 საათი იყო და კიევში თოვდა. ასიოდე მეტრი რომ გაიარა, მიკოლას მშობლიური სახლი გამოჩნდა. ის გაჩერდა, ცას ახედა და სუსხიანი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. შემდეგ გზა განაგრძო და ნაცნობ სადარბაზოში შევიდა. კიბეებს ფეხით აუყვა და მესამე სართულზე, თავისი ბინის კარზე დააკაკუნა. არავინ გამოსულა. მიკოლამ იფიქრა, სძინავთო და მთელი ძალით დაიწყო კარებზე ბრახუნი, თან, გული ლამის საგულედან ამოუვარდა. მაინც არავინ გამოეპასუხა და მიკოლას საშინელი გრძნობა დაეუფლა. ამ დროს მოპირდაპირე ბინის კარი გაიღო და „ტელეგრეიკაში“ გამოწყობილმა მოხუცმა ქალმა მიკოლას ფანარი მიანათა და შეათვალიერა. შემდგომ კი შეჰკივლა:

– მიკოლა, ნუთუ ეს შენ ხარ?

– მე ვარ, პოლინა ბებო. ჩემები სად არიან, ხომ არ იცი?

ქალს ენა ჩაუვარდა და ცრემლები წამოუვიდა, ხოლო როდესაც მიკოლამ კითხვა გაუმეორა, ქალმა მიუგო:

– პეტრო და ლელა გმირულად დაიღუპნენ და ოთხი დღის წინ დავკრძალეთ.

მიკოლას ფეხები მოეკვეთა და კარს მიეყუდა. სამიოდე წუთის მერე კი ქალს ჰკითდა:

– როგორ?

– პეტრომ, მამაშენმა, აქვე რუსი დივერსანტები შენიშნა და მათი დაკავება დააპირა. ისინი სასიგნალო ნიშნებს ხატავდნენ შენობებზე. ის ნაძირლები ხუთნი იყვნენ. პეტრომ ერთი მოიხელთა და გათიშა. ამ დროს მამაშენი მაყუჩიანი იარაღით მოკლეს. დედაშენი, ლელაც შორიახლო იყო და დესანტებს ავტომატური ცეცხლი გაუხსნა. ორი მათგანი მოკლა, მაგრამ ლელაც მოკლეს. ამ ხმაურზე ჩვენები მოცვივდნენ. სამი რუსი დივერსანტი შეიპყრეს და ადგილზევე დახვრიტეს. შენს მშობლებს პრეზიდენტმა უკრაინის გმირობა მიანიჭა. შემოდი, შვილო, დაღლილი ჩანხარ. ცხელ ბორშჩს გაჭმევ და დაისვენე.

– გმადლობთ, პოლინა ბებო. მე უნდა წავიდე. მშვიდობით! – თქვა მიკოლამ და უკან გაბრუნდა.

ერთი საათის შემდეგ კი ადგილობრივ კომისარიატში გამოცხადდა. თავისი ისტორია მოყვა და ყველაზე რთულ მონაკვეთზე გაგზავნა მოითხოვა. კომისარმა მრავალჭირგამოვლილ კაცს უხმოდ შეუსრულა მოთხოვნა და სადივერსიო-გამანადგურებელი ბატალიონის შემადგენლობაში ჩარიცხა, რომელიც კიევს მომდგარი რუს ოკუპანტებს ზურგში უნდა მოქცეოდა და მათთვის ჯოჯოხეთი მოეწყო. მიკოლა შევჩენკო რომ დანიშნულების ადგილზე მივიდა, უკვე გათენებული იყო და დათოვლილ კიევში 2022 წლის 8 მარტი იდგა...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი