პოლიტიკა

„დიდი ბიჭების“ ნება

№44

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 06.11, 2023 წელი

დიდი ბიჭების ნება
დაკოპირებულია

ანუ კუნთებით მოთამაშენი

აქამდე მიღებული იყო (მათ შორის, ჩემთვისაც), რომ ისრაელის არმიას შეუძლია, გაუმკლავდეს ლამის ნებისმიერ წინაღობას და რომ ისრაელის სახელმწიფო ეფექტიანი და უძლეველია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ფაქტიც ერთ-ერთი მითი იყო, რაც ადამიანებს აღგვაფრთოვანებდა და, მე რომ მკითხოთ, სწორედაც რომ, ჩვენი აზრებისა და განწყობების უკეთ მართვის მიზნით. რატომ? იმიტომ რომ „ჰამასის“ თავდასხმამ აჩვენა, რომ ხარვეზები ყველას აქვს და, რაც მთავარია, ნებისმიერ საკითხს მხოლოდ „დიდი ბიჭების“ (მაშასადამე, დიდ-დიდი და ძლიერ-ძლიერი სახელმწიფოების) ნება-თამაშები წყვეტს. ჰოდა, რაკი წყვეტს, თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასრულება შესაძლებელია ორი სახელმწიფოს – ისრაელისა და პალესტინის – არსებობის შემთხვევაში (სიტყვასიტყვით ასე არ უთქვამს, მაგრამ არსი ესაა). ეს კი იმას მიანიშნებს, რაც ზემოთ ვთქვი: „დიდ ბიჭებს“ ახლა არ სცხელათ ახლო აღმოსავლეთში იმ დიდი ომისთვის, რაც შესაძლოა, ისრაელის ჯარის ღაზის სექტორში შესვლამ გამოიწვიოს.

მით უფრო, რომ ამასობაში აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებს პანტაპუნტით ესხმიან თავს (ჯერჯერობით – დრონებით), რის საპასუხოდაც აშშ-მა, როგორც თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი განმარტავს, იერიში სირიაში იმ სამხედრო ობიექტებზე მიიტანა, რომლებიც ირანს უკავშირდება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი განმარტავს (მომყავს ციტატა): „ამერიკა არ ილტვის კონფლიქტისკენ, არ აქვს გეგმა და არც სურვილი, მიიღოს მონაწილეობა მომდევნო სამხედრო მოქმედებებში, მაგრამ ეს თავდასხმები ამერიკულ ძალებზე მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ირანს სურს თავის კვალი დაფაროს ამ თავდასხმებში“.

ხოლო ანალიტიკოსთა მტკიცებით, მთელი ამ ახლო აღმოსავლური ამბის მთავარი სამიზნე ირანია – ანუ მისი როგორმე ჩართვა საომარ მოქმედებებში. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ თვით ერაყის პირველი ომის დროსაც კი, სანამ გენშტაბის ხელმძღვანელად ბრიტანელი არ დაინიშნა, ამერიკელმა გენერალმა ვერაფერი გააწყო, ვიმედოვნებ, ამერიკული სამხედრო-ანალიტიკური მანქანა უფრო მომზადებულია (აღმოსავლეთი ფრიად და ფრიად ფაქიზი თემაა), იმიტომ რომ ირანი არც ერაყია და არც ლიბია, ანუ ხელის მწარედ შემობრუნება იცის, მით უფრო, იმ ფონზე, რომ თვით თურქეთმაც კი კუნთები აუთამაშა ვაშინგტონს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი