პოლიტიკა

„შენ ხარ ვენახი“

№15

ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00 20.04, 2021 წელი

შენ ხარ ვენახი
დაკოპირებულია

ანუ მიწადაუხვნელები...

მაშინ, როდესაც საკუთარი მიწა ვერ დაგვიხნავს (სრულად, რასაკვირველია) და ვერც უკვე დახნულზე მოწეული გაგვისაღებია (ან კი გასასაღებელი რა სჭირს, უთაობა რომ არა?!), სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია გვეწვია მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანის ხელმძღვანელობით (დელეგაციის წევრთა შორისაა სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორიც). მთელი ეს მრავალრიცხოვანი ამალა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგიას მიუღია, რომელსაც გვერდს უმშვენებდნენ საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა, საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

ამ შეხვედრის მიზანი, ერთი მხრივ, იმ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება ყოფილა, რომლებიც სომხეთიდან კონიაკის სპირტისა და ღვინის სხვა ქვეყნებში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირებისას წარმოიქმნება, მეორე მხრივ კი, გვაცნობეს, შეთანხმდნენ, რომ აღმოფხვრიან ყურძნის ჯიშების – „მსხლის“, „საფერავისა“ და „რქაწითლის“ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ასევე, სომხეთში კახური ყურძნის გაშენებისა და საქართველოში მისი გეოგრაფიული სახელწოდების საკითხებიც განუხილავთ და სამუშაო ჯგუფის შექმნაც დაუგეგმავთ, რომელიც საქართველოს კახური ტოპონიმის შენარჩუნებაზე იმუშავებს, იმას გარდა, რომ იზრუნებს სომხეთში წარმოებული კახური ყურძნისგან დამზადებული ღვინოების დაუბრკოლებლად გაყიდვაზე. სომხეთის დელეგაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც მიიღო და მხარეებმა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებული საკითხების ფართო წრე განიხილესო, გვაცნობებს ოფიციალური წყაროები.

რა სჯობია თანამშრომლობას, ძმობასა და ხელის გამართვას, მაგრამ იმის ეჭვიც მაქვს, რომ კახური ღვინოები ემანდ უცებ სომხური არ აღმოჩნდეს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, თუ უფრო ადრე არა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი