შოუბიზნესი

ეკატერინე ტუღუში: ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ ყვავილები არ დაჭკნეს ჩემს სახლში

№52

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 01.01

ეკატერინე ტუღუში
დაკოპირებულია

ულამაზეს მოდელს, ეკატერინე ტუღუშს, სოციალური ქსელებიდან, ალბათ, ბევრი იცნობთ. ეკატერინე „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, გურამიკო ლომიძის შეყვარებულია და საკუთარ ცხოვრებასთან ერთად, სიყვარულის ისტორიაზეც მოგვიყვება.

– ეკატერინე, ვინ ხართ პროფესიით და რას საქმიანობთ?

– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან ვინტერესდებოდი ისეთი წიგნებითა და ფილმებით რომლებიც გამოძიებასა და კვანძების გახსნაზე იყო, მაგრამ, როდესაც ჩემს საოცნებო ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაშინ მივხვდი, რომ სამწუხაროდ, ეს სფერო საერთოდ აღარ მიზიდავდა. ამის შემდეგ პიარით დავინტერესდი, რადგან ძალიან მოთხოვნადი იყო და შესაბამისი განათლებაც მივიღე, თუმცა ჩემი პროფესიებით არასდროს მიმუშავია. ახლა აბსოლუტურად განსხვავებულ სფეროში ვარ დაკავებული – უცხოურ ბრენდებთან ვთანამშრომლობ.

– როგორ დაიწყო ეს ამბავი?

– არაფერი გამიკეთებია განსაკუთრებული იმისთვის, რომ ჩემით უცხოური ბრენდები დაინტერესებულიყვნენ. ყველაფერი თავისთავად მოხდა – სოციალურ ქსელში განთავსებული ჩემი ფოტოები მოეწონათ, დამიკავშირდნენ და ასე შედგა ჩვენი თანამშრომლობა. დღეს აქტიურად ვთანამშრომლობ ტანსაცმლის ბრენდებთან. ყოველდღიურად ვგეგმავ გადაღებებს, ვარჩევ ტანისამოსს, ვათანხმებ დეტალებს და კვირის ბოლოს გადაღებები მაქვს.

თავის მოვლაზეც მინდა გკითხოთ, როგორ ზრუნავთ ვიზუალზე?

– ვიზუალზე მეც განსაკუთრებულად ვზრუნავ, ალბათ, როგორც ყველა გოგო. მიმაჩნია, რომ პირველ შთაბეჭდილებას მაინც ვიზუალი ახდენს, შთაბეჭდილების დატოვებას კი ზუსტად 4 წამი უნდა (იცინის). განსაკუთრებით თმაზე ვზრუნავ, რადგან ხვეულ თმას სწორი მოვლა სჭირდება, რომ ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ჯერჯერობით არანაირ ქირურგიულ ჩარევას არ მივმართავ, მაგრამ როცა დამჭირდება, აუცილებლად გამოვასწორებ ყველა გაჩენილ „ნაკლს“.

– როგორია ეკატერინე სოციალური ქსელების მიღმა – რა ინტერესები გაქვთ, როგორ ერთობით და ასე შემდეგ?

– ეკატერინე სოციალური ქსელების მიღმა არის ძალიან მეგობრული და მხიარული. მაქსიმალურ დროს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვატარებ. არ გამოვირჩევი ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენით და კლუბის სიყვარულით. ჩვენს სამეგობროში კინოში სიარული, პიკნიკები, სხვადასხვა ადგილების მონახულება და მოგზაურობა არის პრიორიტეტული.

– სიყვარულის ამბავიც მოგვიყევით. ვინც სოციალურ ქსელებში თვალს გადევნებთ, ალბათ კარგად იცის, რომ გურამიკო ლომიძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა გაკავშირებთ. როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?

– საინტერესო თემასაც მივადექით (იცინის). ერთმანეთი ჩვენმა საერთო მეგობარმა გაგვაცნო. მე მივედი „ბიჭების“ კონცერტზე და გურამის მხრიდან პირველივე ნახვაზე გაჩნდა სიმპათიები. გასაცნობად ძალიან თავაზიანად და მორიდებულად მომწერა. მეც მოვიხიბლე მასთან საუბრით და უბრალო კონტაქტით დავიწყეთ, რაც შემდეგ უკვე ნახვაში, ერთმანეთის გაცნობასა და სიყვარულში გადაიზარდა. მალევე ამიხსნა სიყვარული და მართლა არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა. მეგონა, რომ ეს სიტყვა, უბრალოდ, თავის მოწონების გამო მითხრა, მაგრამ მალე უკეთესად გავიცანი და მივხვდი, რომ ამ სიტყვას მნიშვნელობის გარეშე გურამიკო არ იყენებს.

– თვითონ როდის იგრძენით, რომ გიყვარდათ?

– თავიდანვე ვიცოდი და შინაგანად ვგრძნობდი, რომ აუცილებლად უნდა გავყოლოდი და მივნდობოდი ჩემს თავს ამ ურთიერთობაში. ვგრძნობდი, რომ ეს ბედნიერებას მომიტანდა. მივხვდი, რომ ყველაფერი, რასაც გურამიკო აკეთებდა, მე საოცრად მაბედნიერებდა.

– როგორ ახერხებთ ურთიერთობას, გურამიკო ხომ საქართველოში არ ცხოვრობს…

– წელიწადში რამდენიმე თვეა ამერიკაში, დანარჩენი – საქართველოში და ის რამდენიმე თვე 24-საათიან კონტაქტზე ვართ. შესაბამისად, დრო მალე გადის და არ გვიქმნის იმხელა პრობლემას, რომ ურთიერთობა დააზარალოს.

– როგორი შეყვარებულია ეკატერინე?

– მზრუნველი და ძალიან მშვიდი, იმიტომ რომ იცის სტაბილურ ურთიერთობაშია გაწონასწორებულ, ჩამოყალიბებულ ადამიანთან, რომელიც ურთიერთობაში არასოდეს ქმნის პრობლემასა და დაბრკოლებას. არ მაქვს პირად ცხოვრებაში დიდი გამოცდილება, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, როგორი ადამიანი მჭირდებოდა და ზუსტად ასეთი აღმოჩნდა გურამიკო. ამიტომ, ძალიან მახარებს ეს ფაქტი.

– თქვით, რომ გავიცანი, მივხვდი, რომ სიტყვა „მიყვარხარს“ მნიშვნელობის გარეშე არ იყენებსო. იქნებ, ცოტა რომანტიკული ამბები მოგვიყვეთ – როგორ დარწმუნდით მის სიყვარულში, როგორ გამოხატავდა გრძნობებს განსაკუთრებით ურთიერთობის დასაწყისში?

– რომანტიკული მიმოწერებით გურამიკო არ გამოირჩევა. დამოკიდებულებითა და ზრუნვით გაგრძნობინებს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ხარ. ძალიან ერთგულია და ისეთი შინაგანი სიმშვიდე აქვს, ძნელია ეჭვი შეიტანო მის გრძნობებში. რომანტიკულია, ხშირად მეპატიჟება პაემანზე და ყოველთვის მახვედრებს ყვავილებს. ჩვენ შეთანხმება გვაქვს, რომ ჩემს სახლში ყვავილები არ დაჭკნეს (იცინის).

– რაზე ჩხუბობთ ხოლმე და რომელი დგამს პირველ ნაბიჯს შერიგებისკენ?

– ყოველთვის მე ვჩხუბობ და ის მისმენს, ითმენს... ბოლოს ერთ-ორ თბილ სიტყვას მეტყვის და გადამდის ბრაზი. რომ მკითხოთ, რაზე ვჩხუბობ, ვერ გიპასუხებთ, იმიტომ რომ ბოლოს არც მე ვიცი ხოლმე. ძირითადად, ვიბუტები და უკვე მიეჩვია, რეაქცია აღარ აქვს (იცინის).

– ეჭვიანობა – ეს თვისება რომელს უფრო ახასიათებს და როგორ გამოხატავთ ხოლმე?

– მე ვარ ეჭვიანი (იცინის). მდედრობით სქესზე მეტად სულ იმაზე ვეჭვიანობ, თუ იმ მომენტში ვინმეს ჩემზე მეტი ყურადღება დაუთმო (იცინის). მაგრამ ამას ჩხუბით არ გამოვხატავ, წავიწუწუნებ ხოლმე, ხვდება და ამაზე ძალიან ბევრს იცინის (იცინის).

– საოცრად გამოიყურებით და დარწმუნებული ვარ, არასდროს გაკლიათ საპირისპირო სქესის ყურადღება, ამაზე თვითონ არ ეჭვიანობს?

– არა, პირიქით მოსწონს, გვერდით ისეთი გოგო რომ ჰყავს, რომელიც კომპლიმენტებს იღებს და ყურადღების ცენტრში ექცევა ხოლმე. ალბათ, იმიტომ, რომ იცის, არაფერი აქვს საეჭვიანო.

– ხომ არ გეგმავთ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლას?

– რა თქმა უნდა, ვგეგმავთ, აუცილებლად. ისეთ ურთიერთობას, რომელსაც მომავალი არ აქვს, არ დავიწყებდით. თუმცა, მირჩევნია, ამ თემაზე წინასწარ არ ვისაუბრო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი