შოუბიზნესი

გია დავითიანი: 7 წელი დამჭირდა იმ თანამდებობამდე მისასვლელად, რასაც პირველივე დღეს მთავაზობდნენ

№47

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 27.11, 2023 წელი

გია დავითიანი
დაკოპირებულია

რას ნიშნავს ფული გია დავითიანისთვის, როგორ შექმნა ოჯახური დოვლათი და რაში არ ენანება მას საკუთარი შემოსავლის დახარჯვა, ამაზე თავად მოგვიყვება.

გია დავითიანი: ბავშვობიდან მუსიკის განსაკუთრებული სიყვარული მქონდა. იყო ასეთი ანსამბლი „პირველი ნაბიჯები“, გაიოზ ქართველიშვილი გახლდათ მისი ხელმძღვანელი და მე იმდენად მოწადინებული ვიყავი მუსიკოსებთან ურთიერთობას, რომ ხშირად ვსტუმრობდი ამ ანსამბლს, სადაც ჩემი მეგობრები იყვნენ. 16 წლის ბავშვი ვიყავი და მათთან ყოფნის სურვილით დავთანხმდი, ვყოფილიყავი ანსამბლის მუშა. მევალებოდა მანქანაზე აპარატურის დატვირთვა, სცენაზე დალაგება, შემდეგ აშლა და ასე შემდეგ. საკმაოდ მძიმე სამუშაო იყო და სახლში არ ვამბობდი. ჩემი პირველი ხელფასი ამ სამსახურს უკავშირდება. შრომის ფასი ამ ანაზღაურებამ მაგრძნობინა. მე მყავს ბავშვობის მეგობრები, რომელთან ერთად 6-7 წლიდან მოვდივარ, დავუძახე მათ და ჩემი პირველი ხელფასი მათთან ერთად დავხარჯე. ხომ იცით, ყოყლოჩინობის პერიოდი, სუფრა რომ განსაკუთრებით გიზიდავს და ჭიქასთან ურთიერთობას იწყებ, ის ასაკი მქონდა (იცინის).

– ფინანსურად დამოუკიდებელი რა ასაკში გახდით?

– რა ჯობს, როცა მშობლები მატერიალურად ძლიერები არიან, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი შემოსავალი მქონოდა, რომ ვინმეზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული. ამიტომ ბავშვობიდან შრომაში ვარ. ზოოვეტერინარული ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული და 15 წელი მეფრინველეობის ფაბრიკაში ვიმუშავე. იქ მუშად დავიწყე მუშაობა. კომუნისტების დროს მამას მეგობარი ყოფილი მაღალჩინოსანი იყო და ის გახდა ჩემი პროტეჟე მეფრინველეობის ფაბრიკაში, რომ ჩემი პროფილით სამსახურში მოვწყობილიყავი. დირექტორმა ჩემი ამხელა პროტეჟე რომ დაინახა, თქვა, ისეთი კარგი ბიჭი ჩანს, ახლავე ბრიგადირად უნდა დავნიშნოო. ყველას გაუხარდა, მაგრამ მამაჩემმა თქვა, როგორ გეკადრებათ, მაგიტომ არ მოვყოლილვართ, თუ კარგი ბიჭია, დაიწყოს მუშად მუშაობა და ბრიგადირობას თვითონ მიაღწიოსო. ძალიან პრინციპული ადამიანი იყო მამა. 7 წელი დამჭირდა იმ თანამდებობამდე მისასვლელად, რასაც პირველი დღეს მთავაზობდნენ. ახლაც მაქვს ხელებზე იმდროინდელი კოჟრები. ისე ვიღლებოდი, პირღიას მეძინა და დედა სულ ეუბნებოდა მამას, რას ერჩოდი ამ ბავშვსო. თუმცა მამა იმ პერიოდსაც მოესწრო, როცა ფაბრიკის განყოფილების უფროსი გავხდი და საერთოდ, ვამაყობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე.

– როცა საქმე ფინანსებს ეხება, რამდენად ხელგაშლილი ხართ?

– ამ საკითხს ყოველთვის ვაკონტროლებ. ვზრუნავ იმაზე, თუ როგორი იქნება ფინანსურად ჩვენი ხვალინდელი დღე. არ შემიძლია ისე ცხოვრება, რომ ზურგს უკან უკაპიკოდ ვიყო, რომ ხვალისთვის არაფერი მქონდეს. ვცდილობ, არავისზე არ ვიყო დამოკიდებული და ძალიან რაციონალურად მივუდგე ამ საკითხს. ახლაც მშენებლობები მაქვს და მოგეხსენებათ, ამას დიდი თანხები სჭირდება. ღმერთის წყალობით, ყველაფერს ვახერხებ. საფლანგავად არასდროს მქონია საქმე, ამდენი არასდროს მქონია, მაგრამ რაც მაქვს, ვცდილობ, სწორად გავანაწილო. შვილები მყავს, შვილიშვილები, მეუღლე, მეუღლის შვილები და როცა საჭიროა, ყველას უნდა მოეფერო და მოესიყვარულო. თუ ეს არ გააკეთე, შენს თავთან მართალი არ იქნები. ყოველთვის ვცდილობ, ვასიამოვნო იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ვასიამოვნო. ამიტომ მომდევნო თვეს წინასწარ ვგეგმავ ხოლმე ფინანსური თვალსაზრისით და მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით მაქვს იმის საშუალება, რომ მეც და ჩემმა საყვარელმა ადამიანებმაც თავი ნორმალურად ვიგრძნოთ. ხვალინდელი დღის იმედით არ ვცხოვრობ, არავინ იცის, რა იქნება მომავალში, ამიტომ მირჩევნია, მომზადებული ვიყო, ვიდრე მერე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდე. ძალიან არ მიყვარს ფულის სესხება. თუ ვისესხებ, ღამეები არ მძინავს და სანამ არ გავისტუმრებ, ვერ ვისვენებ.

– თვითონ ხშირად გაასესხებთ?

– ასეთი ნათქვამია, თუ გინდა, ადამიანი გაიცნო, ფული უნდა ასესხოო. ამიტომ, როცა საჭიროა და როცა საშუალება მაქვს, ვცდილობ, ვაჩუქო.

ცხოვრებაა და ყველაფერს გადაეყრები ადამიანი, მაგრამ სესხებას თუ ჩუქებას ის განსაზღვრავს, თუ რა გაქვს, რამდენი გაქვს თვითონ. დღეს ყველას ყველაფერი გაწერილი აქვს, გაუთვალისწინებელი ხარჯებიც დიდი ოდენობით გვაქვს, ამიტომ ეს გაჩუქება თუ გასესხებაც რაციონალურად უნდა იყოს გააზრებული, თორემ ძალიან რთულია, ჩემს ასაკში კაცი რომ უფულოდ აღმოჩნდება. ყოველთვის უნდა გაითვალისწინო, რომ ის, რაც აუცილებელი ხარჯია, უნდა გქონდეს, რომ მერე მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩნდე. ამიტომ სულ ვცდილობ, რაც მაქვს ჭკვიანურად გავანაწილო. თუ ღმერთმა გამოგიგზავნა ის, რასაც არ ელოდები, მაშინ შეიძლება, ხელი გაშალო, მაგრამ თუ ფიქსირებულ შემოსავალზე ხარ დამოკიდებული, მაშინ ყველაფერი გასათვალისწინებელია.

– რა არის თქვენი ყველაზე კარგი დაბანდება?

- იყო მატერიალურად კარგი პერიოდი, იპოთეკური სესხი დავიხმარე და ბინა შევიძინე, რომელშიც ახლა ვცხოვრობ. როცა რაღაც დიდ ხარჯებს უკავშირდება, თუ ბიზნესმენი არ ხარ, იპოთეკური სესხის გარეშე ვერ გასწვდები. ზუსტად იმიტომ, რომ შემოსავალს რაციონალურად ვხარჯავ, ახლა ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობ პლეხანოვზე, იტალიურ ეზოში გაზრდილი ბიჭი. სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ ისეთებიც ვიცი, ვისაც საუკეთესო ადგილებში ჰქონდათ ბინები და აგარაკები, ცხოვრება, ქონება და უტვინო ნაბიჯების გამო დღეს ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. მე ასე თუ ისე სიამაყის გრძნობა მაქვს – ბევრი რამ შევძელი შრომით. კარგი აგარაკიც მაქვს, მოგეხსენებათ, ალბათ, ჩემს ბროწეულაზე. კარგი მანქანაც მყავს და რაც მინდოდა, ყველაფერს ჩემით მივაღწიე. საწყალ მამაჩემს არაფერი დაუტოვებია. მან პატიოსნად იარა ამ ცხოვრებაში და ასევე წავიდა ამ ქვეყნიდან. როდესაც ბროწეულას ნაკვეთს ვყიდულობდი, მაშინ სტუდენტი ვიყავი. 600 მანეთად ვიყიდე და ეს ფული დედამ მომცა. ეს მივიღე ოჯახისგან და მას შემდეგ იქ უამრავი რამ გავაკეთე. საკუთარი ჩანჩქერიც მაქვს, აუზიც, ახლა სცენაც მოვაწყვე, შუაცეცხლი თავისი მაყალ-ბუხრით და საოცარი სილამაზეა. ჩემი საახლობლო ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ ჩემი შრომით ბევრის გაკეთება შევძელი. მიმაჩნია, რომ იღბლიანი კაცი ვარ, ჩემს შრომას უნაყოფოდ არ ჩაუვლია. აგარაკზე 7 000 ძირი ტუია მაქვს დარგული, 500 ძირი ხე, რამდენი ვარდი და ყვავილი, ვერ გეტყვით. მიწის სიყვარულს დიდი სიკეთე მოაქვს. ხეს რომ დავრგავ, ვარდს რომ დავრგავ, იმ დღეს ვარ ჩემს თავთან მართალი და ამაყი. ცხოვრებაში ბევრი მძიმე წუთი გადავიტანე, ასე აეწყო, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ მყავს კარგი შვილები, კარგი მეუღლე და თავს კარგად ვგრძნობ, რისთვისაც მადლობა უფალს.

– რაში ხარჯავთ ფულს სიამოვნებით?

– ძალიან მიყვარს ფულის გადახდა პროდუქტებში (იცინის). მიყვარს მაცივარს რომ გამოაღებ და ყველაფერი ისეა, როგორც ბარაქიან ქართულ ოჯახში. ახლა მეუღლე მკარნახობს, არ დაგავიწყდეს ბროწეულას ყვავილებში რამდენი გაქვს გადახდილიო (იცინის). ამაში ფული არ მენანება, განსაკუთრებით მარადმწვანე მცენარეებში. ვგიჟდები, ისე მიყვარს. ახლა მე თვითონ ვისწავლე ფიგურული კრეჭა. ვიზუალზე განსაკუთრებულად ვფიქრობ. ძალიან ძვირი ღირს დეკორატიულად გაკრეჭილი მარადმწვანე მცენარეები და ამას უკვე მე თვითონ ვაკეთებ.

– რას ნიშნავს ფული თქვენთვის?

– ჩემთვის ფული ნიშნავს მშვიდად ძილს. ის ხელის ჭუჭყი სულაც არ არის. მის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. უფულოდ ყოფნა საშინელებაა, ძალიან ძნელია. ამიტომ ყოველთვის გონივრულად უნდა იმოქმედო, მერე რომ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩნდე. ადამიანმა შრომა არ უნდა ითაკილო და დღეები მხარ-თეძოზე წამოწოლილმა, ტელეფონით ხელში არ გაატარო. გაჭირვებაც შეგხვდება, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და ბევრი უნდა იშრომო ნორმალურად ცხოვრებისთვის. პატარა ბიჭი ვიყავი და არც ცემენტის ტომრების ტარება მითაკილია. ღამე გარეთ გამიტარებია, რომ დილით ოჯახში რაღაც შემომეტანა. შრომას ყოველთვის აქვს შედეგი, ლოგინში კოტრიალს კი არაფერი მოაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი