შოუბიზნესი

ქეთი ხუციშვილი: ღამის ორ საათზე მომინდება წასვლა სადღაც, არ ვიცი, როდის რა დამარტყამს თავში

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 14.03, 2022 წელი

ქეთი ხუციშვილი
დაკოპირებულია

მსახიობი ქეთი ხუციშვილი სტანდარტული დიასახლისი არ არის. დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებს და მრავალფეროვანი კერძების მომზადება, სახლის ლაგება და სხვა საქმეების კეთება, მისი ყოველდღიური რუტინის ნაწილი ნაკლებადაა.

ქეთი ხუციშვილი: სახლის საქმეებს ძალიან მარტივად ვუმკლავდები, იმიტომ, რომ არაფერს არ ვაკეთებ (იცინის). ჩემი ქვაბი და ტაფა შეიძლება, ერთი თვე ისე იდოს, რომ მათში არაფერი მოვამზადო. სახლში საერთოდ არ ვჭამ. მთელი დღე სამსახურში ვარ და იქ ვიკვებები. ჩემი შვილი თვითონ იმზადებს საჭმელს, ჩემი გაკეთებული არაფერი მოსწონს. მერე ერთ ცალ ქვაბს ან ტაფას თუ გავრეცხავ, სულ ეს არის ჩემი დიასახლისობა.

– „ფეისბუქზეც“ დაგიპოსტა კერძის ფოტოები ცოტა ხნის წინ შვილმა, ქეთის მორიგი „შედევრიო“ და მართლა არ გამოიყურებოდა ის კერძი კარგად. საერთოდ არ გამოგდის?

– ჰო, ასეა, მაგრამ მთავარია, მე რომ ვაკეთებ, თვითონ ძალიან მეგემრიელება. იმას არ მოსწონს და რა ვიცი. თვითონ მზარეული ბიჭია და სხვა მოთხოვნები აქვს. საჭმელების მომზადება როგორ არ ვიცი, მაგრამ უფრო წვნიანების. ახლა რომ ათას რაღაცას იგონებენ და იდეებს ინტერნეტში ეძებენ, ეს ჩემთვის ძალიან უცხოა, თორემ საჭმელი როგორ არ გამიკეთებია. სულ მშიერი ხომ არ იქნები. ჩემი შვილი პატარა რომ იყო, მაშინ ყოველდღე ახალ-ახალ კერძს ვუკეთებდი. ახლა რომ არ ვაკეთებ, იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არაფერი ვიცი და არც არასდროს გამიკეთებია (იცინის). ახლა რამეს თუ გავაკეთებ, ვიზუალურად შეიძლება არ მოეწონოთ და რაღაც კატასტროფა გამოვიდეს, მაგრამ მე ძალიანაც მეგემრიელება ხოლმე.

– დიდი გურმანიც არ ხარ.

– აი, მივედით მთავარ ამბამდე, არ ვარ გურმანი. ახლაც ჩემს დას მაწვნის სუპი ჰქონდა გაკეთებული. არაფერი მქონდა ნაჭამი და დავურეკე გავედი. ვჭამე და „ბანკითაც“ გამოვაყოლე, რომ ხვალაც ვჭამო. ახალი გემოების ძებნაში ნამდვილად არ ვარ. შემიძლია, ერთი კვირა ძალიან ჩვეულებრივი, ერთი და იგივე მატყუარა სუპი ვჭამო, ესეც იმიტომ, რომ შიმშილით არ მოვკვდე. საერთოდაც, უფრო წვნიანები მიყვარს.

– შვილი მზარეულია და არ განებივრებს გემრიელობებით?

– მასაც ეზარება ხოლმე და ხან აკეთებს, ხან არა. ზოგჯერ მწარეს აკეთებს, ზოგჯერ ათასნაირი სუნელებითა და ინგრედიენტებით, რასაც მე არ ვჭამ. ასე რომ, მაგ ამბავში გავიყავით, მე ჩემთვის ვიკეთებ, ის – თავისთვის. ხან ვჩხუბობთ ტექსტებით: „მე ახლა ჩემთვის გავაკეთებ და შენ არ მიეკარო, შენთვის თვითონ გაიკეთე“ და მოკლედ, ორივე ჩვენთვის ვართ.

– დალაგება, სახლის მოწესრიგება გიყვარს?

– ვაიმე, არ გამაცინო. ძალიან პატარა სახლი მაქვს, სულ 50 კვადრატულია და ამის დალაგებას რა უნდა. მით უმეტეს, მე და ჩემი შვილი მარტოები ვცხოვრობთ და არც ვურევთ. გამოვგვი, ტილოს გამოვუსმევ და ეგ არის. სპეციალურად ვიყიდე პატარა სახლი, რომ დასალაგებელი არ მქონოდა. იცი, რა არის, მარტივად უნდა იცხოვრო ადამიანმა, მე ასე მიმაჩნია. დიდი სახლი სულ არ მინდა.

– პოპულარული რომ ხდები და შემოსავალი გეზრდება, ამბიციები არ იმატებს?

– ვინ გითხრა, რომ შემოსავალი მეზრდება? ან პოპულარობა რას ცვლის, როგორც ვიყავი, ისევ ისე ვარ. არანაირი ამბიციები მე არ მაქვს. ერთადერთი, რაც მინდა და რაც ჩემს სახლში აუცილებლად უნდა იყოს, ეს სისუფთავეა. მიყვარს, როცა წესრიგია და ყველა ნივთი თავის ადგილას დევს. ვერ ვიტან ტანსაცმელს აქეთ-იქით რომ ყრიან. რა ამბიცია, მანქანაც ისეთი მყავს, რომელიც ცოტა ბენზინს წვავს. ხელფასი თუ ბენზინში დავხარჯე, რა გამოვა. სამარიაჟოდ ნამდვილად არ მაქვს საქმე, თორემ გემოვნება კი მაქვს. ადამიანმა მარტივად უნდა იცხოვრო და ასეთ რამეებზე ნაკლებად იფიქრო. ჩემი ფინანსებიც ვერ გასწვდება მაგარ მანქანას და ბევრ ბენზინს.

– ტანსაცმელზეც არ ხარ ჩაციკლული?

– ნამდვილად არა. ძალიან ბევრ რამეს მეორადებში მიზერულ თანხებში ვყიდულობ. არ მაქვს იმის საშუალება, რომ წავიდე და მაღაზიაში კაბაში სამასი ლარი გადავიხადო. მეორადებშიც არის ბრენდულები, რომელიც მარტო შენ გეცმევა.

– ამდენი ადამიანი რომ გცნობს, არ ცდილობ, სულ გაპრანჭულმა იარო?

– არა, არა! სალონში გაპრანჭვას ვერ დავიწყებ. ეგ კი არა, გადაღებისას გრიმს რომ მისმევენ, როგორც კი საქმეს დავასრულებთ, სახლში მოვრბივარ, რომ მაშინვე კარგად გავიხეხო სახე და ტონა ნიღბებს ვიდებ კანზე, რომ მდგომარეობა გამოვასწორო. სახეზე მხოლოდ და მხოლოდ კარგ მკვებავებს ვისვამ, მეტს არაფერს. მაკიაჟი და განსაკუთრებული ვარცხნილობები ჩემთვის მაგარ ფორმაში ყოფნას არ ნიშნავს. შეიძლება, სალონში არ იკეთებდე მაკიაჟს და თმას, მაგრამ მოწესრიგებული იყო და თავს კარგად გრძნობდე. ჩემთვის ყველაზე მაგარი ფორმა თავისუფალი სტილია. მთავარია, ჰიგიენურად ვიყო მოწესრიგებული, დამატენიანებელი მქონდეს წასმული კანზე და მორჩა, ეს სრულიად საკმარისია. გაპრანჭვით სად უნდა გავიპრანჭო? მხოლოდ სამსახურში დავდივარ და იქ ქუსლიანი ფეხსაცმლით და გამორჩეული სამოსით ვერ ვივლი, სამუშაო გარემოა და რა საჭიროა?! ქალაქში, ქუჩაში და მეტროში, რომლითაც ძალიან ხშირად დავდივარ, გამოპრანჭულმა რანაირად უნდა ვიარო. რესტორანიღა დარჩა და იქაც ვერ ვძლებ დიდხანს. მირჩევნია, იქაც ჩემს სტილში ვიყო. შეიძლება, სპორტულ ფორმაში მიხვიდე და ძალიან მაგარ „ვიდზე“ იყო, მაინცდამაინც ქუსლიანი ფეხსაცმელი არ არის აუცილებელი. ყველგან ელასტიკებით ვერ წახვალ, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მე მაინც თავისუფალი სტილი მირჩევნია.

– ცოტა ხნის წინ დაბადების დღე გქონდა. გიყვარს დღესასწაულების აღნიშვნა?

– მიყვარს ჩემი დაბადების დღე, კმაყოფილი ვარ ცხოვრებით, მაგრამ დაბადების დღის გადახდასთან დაკავშირებით დიდი ამბიციები არ მაქვს. საერთოდ არ ვიხდი ხოლმე, არც მახსოვს, ბოლოს როდის აღვნიშნე. მაქსიმუმ, მე და ჩემი შვილი ყავის დასალევად გავიდეთ. არც ახალ წელს აღვნიშნავ განსაკუთრებულად, ისევ ყავას თუ დავლევ კაფეში, მოვალ და დავიძინებ. გამორჩეულად აღდგომა მიყვარს.

– და გიწერდა, მადლობა, რომ გიძლებთო და მართლა გასაძლები ხარ?

– ამ შემთხვევაში ხუმრობდა (იცინის), მაგრამ ისე საკმაოდ უხასიათო ვარ. შეიძლება, ერთ წამში შემეცვალოს ხასიათი და გეგმები. დავპირდები სადმე წასვლას და წასვლის დრო რომ მოვა, უკვე აღარ მინდა ან ღამის ორ საათზე მომინდება სადღაც წასვლა, არ ვიცი, როდის რა დამარტყამს თავში (იცინის).

– ოჯახის ბიუჯეტს კარგად განკარგავ?

– ვაიმე, არა, ვერანაირად ვერ ვანაწილებ თანხას სწორად. სანამდეც მიმყვება, მიმყვება. ერთი, რასაც პირველ რიგში ვაკეთებ, ერთი თვის საკმარისი საკვები პროდუქტების შეძენაა. თუმცა, განსაკუთრებულს არაფერს ვყიდულობ, როგორც ვთქვი, დიდად მჭამელი არ ვარ, მაგრამ სახლში რაღაც ხომ უნდა მქონდეს, ბოლოს და ბოლოს, მაცივარმა თავის ფუნქცია ხომ უნდა შეასრულოს?! (იცინის). მეორე, რასაც ვაკეთებ, კომუნალურებისთვის თანხის გადადებაა და მერე თუ რამე მომრჩება, შეიძლება, სხვა რამის ყიდვა გავრისკო. თუ ხელფასის დრო ჯერ არ არის და მე უკვე მთელი თანხა დახარჯული მაქვს, მაშინ პანიკაში ვვარდები. როგორც წესი, ამ დროს, ჩემი შვილი და მშობლები მეხმარებიან ხოლმე. თუმცა, არ მინდა, თავი ასეთ სიტუაციაში ჩავიგდო, საშინელებაა, ხელფასიდან ერთ კვირაში რომ ფული აღარ გაქვს. ალბათ, ძალიან ეკონომიურად უნდა იცხოვრო, ძალიან ბევრი რამ უნდა მოიკლო, რომ თავისუფლად მიხვიდე მეორე თვის ხელფასამდე. მაგრამ ჯერ რა გაქვს, რომ ისიც მოიკლო? ძალიან ელემენტარულ სურვილებს თუ ვუსრულებ საკუთარ თავს, მაგრამ ისიც კი უნდა გაანახევრო, რომ ხელფასი გეყოს. არც არავისზე მეტი ვარ და არც – სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, თავი თვიდან თვემდე გამაქვს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ სახლისთვის რამე განსაკუთრებულს ვყიდულობ ან ავეჯი მაქვს გამორჩეული და ფული ამაში მეხარჯება. სახლში ყველაფერი თითო-თითო მაქვს, ერთი საბანი, ერთი ზეწარი, სამი თეფში და სამი ჭიქა, ერთი ტაფა და ერთი ქვაბი, ერთი უთო და ერთი საუთოებელი. ერთი ჩემოდანი მაქვს და ადგილის დაზოგვის მიზნით ზამთრის ქურთუკები იმაში მიწყვია. ახლა მინდა, თაროები გავაკეთო, რომ ტანსაცმელი სკამზე არ მქონდეს გადაკიდებული.

– ეს გაჭირვების ბრალია თუ დიდად არ ხარ ნივთებისა და მატერიალური ღირებულებების მოყვარული?

– ახლა მართლა არ მაქვს შესაფერისი მომენტი, რომ თაროები გავაკეთო. სახლში ყველაფერი ძალიან მინიმალური მაქვს, მხოლოდ ის, რაც მე და ჩემს შვილს გვჭირდება. მეტს არ ვთვლი საჭიროდ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი