შოუბიზნესი

ნანუკა ჟორჟოლიანი: აღარ მინდა ძლიერება, მინდა, სუსტი ქალი ვიყო

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 03.04, 2023 წელი

ნანუკა ჟორჟოლიანი
დაკოპირებულია

ნანუკა ჟორჟოლიანის ვიზუალის საოცარმა ცვლილებამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მგონი, არავის გამოჰპარვია ის, რომ საუკეთესო ფორმაშია და მისი ასეთი გარდასახვა ძალიან ბევრი ქალისთვის გახდა სტიმული.

ნანუკა ჟორჟოლიანი: საკმაოდ რთული იყო ამ შედეგის მიღწევა. არასწორი გადაწყვეტილებებისა და გამოუცდელობის გამო ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს. როდესაც ახალგაზრდა ხარ, შენს სხეულს არ იცნობ და იჯერებ ყველაფერს, რასაც გირჩევენ, მაგალითად, იმას, რომ 10 დღეში შეგიძლია, დაიკლო 15 კილოგრამი. ეს, რა თქმა უნდა, უტრირებულად, მაგრამ რეალურად მართლა ბევრ ძალიან არასწორ ინფორმაციას ვიღებთ, ვიჯერებთ და ეს გვაზიანებს. იმ მომენტში ვერ ვიაზრებთ, რა ცუდი შედეგის მომტანია ეს ჩვენი ორგანიზმისთვის, თუმცა, არა მხოლოდ – საშინლად მოქმედებს მენტალურ მდგომარეობაზეც, ძალიან გსტრესავს და თავს ცუდად გრძნობ.

ამიტომაცაა, რომ ადამიანებს ერთმანეთში გვეშლება წონის კლება და კარგად ყოფნა. შეიძლება, წონაში დაიკლო, მაგრამ იყო ძალიან ცუდად. მე ამის მაგალითი ვარ. ძალიან ხშირად ჩემი სტრესების მიზეზი ყოფილა შიმშილი, არასწორი კვება, მოუწესრიგებელი ძილი და ასე შემდეგ. ამ საკითხში საჭირო ცოდნა წლებმა და გამოცდილებამ მომიტანა.

ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადავედი, მაგრამ მიზეზი ჩემი მენტალური პრობლემები იყო. ორგანიზმიდან ამოვიღე გლუტენი – ეს უკვე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. არ მაქვს მისი კლასიკური მიუღებლობა, მაგრამ ამის გარეშეც შეიძლება, გაშუპებდეთ, გასიებდეთ და სხვა პრობლემებს გიქმნიდეთ. ამას მოჰყვა ლაქტოზის ამოღება მთელი რიგი პრობლემების გამო. ანუ, ეტაპობრივად გადავდგი ეს ნაბიჯები, დავიწყე ჩემი ორგანიზმის მოსმენა, ვაკვირდებოდი რა სჭირდებოდა და რა – არა. რაც მთავარია, ორგანიზმს შიმშილით აღარ ვსტრესავდი, ვჭამდი, როცა მშიოდა, მოვიწესრიგე ძილის რეჟიმი და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საოცნებო შედეგამდე მივედი იმ ოპერაციების წყალობით. ეს არის მუცლის აბდომინოპლასტიკა და ტანის ლიპოსკულპტურა. როდესაც ნატანჯი სხეული გაქვს, რომელსაც დროთა განმავლობაში პრობლემები ჰქონდა, ეს საუკეთესო გამოსავალია. მანამდეც რამდენიმე ოპერაცია მქონდა გაკეთებული, რომლებიც თავის დროზე კი იყო იდეალურად გაკეთებული, მაგრამ დასტრესილმა სხეულმა ლაქები და ცხიმგროვები დაიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ მე წლების განმავლობაში ვვარჯიშობ, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ეს მაინც ვერ მოვიგვარე და ოპერაციის გაკეთება აუცილებელი იყო. ზუსტად ამ ოპერაციამ მომცა ჩემი საოცნებო შედეგი. თუმცა, ოპერაციამდეც და ოპერაციის შემდეგაც, ცხოვრების სწორი და ჯანსაღი წესი არის ის, რაც აუცილებლობას წარმოადგენს. ხომ ვამბობ, ადრეც გავიკეთე ოპერაცია, მაგრამ ვინმემ შემატყო შედეგი?! ეს იმიტომ, რომ შემდეგ მივუდექი საკუთარ თავს ისე, როგორც საჭირო იყო. ანუ, მარტო ოპერაცია არაფერს წყვეტს, თუ ჩვენ მიდგომებს არ შევცვლით. მაშინ არ ვიყავი მზად, ცხოვრების წესი შემეცვალა. ახლა, პირველ რიგში, ჩემმა გონებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჩემში აღმოვაჩინე მზადყოფნა იმისთვის, რომ ოპერაციის შემდეგ დამეწყო ჩემი სხეულის სწორი მოვლა დღის წესრიგის შეცვლით – რას ვჭამ, რას ვსვამ, როგორ ვვარჯიშობ, როგორ მძინავს და ასე შემდეგ.

– „ინსტაგრამზე“ წერდით: ნებისმიერ წამს შეგიძლია, საკუთარი თავი ამოაყირავოო.

– კი. 42-43 წლის ასაკში, ჩემი გამოცდილებებით, ყველა ქალს ამას ვეუბნები, რომ შეუძლიათ, ნებისმიერ წამს დაიწყონ ცხოვრება თავიდან, გააჩნია, რამდენად უნდათ ეს. მე მგონია, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსიას დღეს წარმოვადგენ. ახლა უკეთესი ვარ, ვიდრე ვიყავი 16, 17 და 18 წლის ასაკში, მაგრამ მარტო გარეგნობას არ ვგულისხმობ, ხალხო. არ აქვს მნიშვნელობა ვის რამდენი ცელულიტი აქვს, ყველა ქალი ლამაზია, ცელულიტით თუ ცელულიტების გარეშე, მთავარია, შინაგანად რას გრძნობს. უბრალოდ, დღეს მე ამ თავდაჯერებულობას ეს მდგომარეობა მაძლევს, ვიღაცას სხვა რამ სჭირდება ამისთვის. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ჩემი დღევანდელი შინაგანი და გარეგნული მდგომარეობა, ძალიან ემთხვევა ერთმანეთს. როდესაც 43 წლის ასაკში მოახერხებ, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შექმნა, ძალიან მადლიერი ხარ შენი თავის. მე ამისთვის ჩემს თავს ყოველდღე მადლობას ვეუბნები, იმისთვის, რომ ეს შემაძლებინა.

– ალბათ, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა იმაზე უკეთეს შედეგს იღებ, ვიდრე ოდესმე გქონია.

– ძალიან დიდ თავდაჯერებულობას გაძლევს ეს სიხარული. საკუთარ შესაძლებლობებზე წარმოდგენები გეზრდება. მე ვიცი, რომ შემიძლია, წარმოუდგენელი რამეები გავაკეთო, ის, რაც ყველაზე რთულად დასაძლევია. წლების განმავლობაში ეს ჩემთვის ყველაზე რთულად დასაძლევი იყო. ახლა ზუსტად ვიცი, რომ სწორი გადაწყვეტილებებით, ნებისმიერი ტიპის გამოწვევას გავუმკლავდები. ჩემს ცხოვრებაში ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებელი იყო – ადამიანები საკუთარ თავთან კომფორტში არიან გაცილებით მეტი წონითაც, ვიდრე მე ვიყავი, ეს ინდივიდუალურია. მაგრამ, რაც იყო, ეს ჩემთვის კომპლექსების, პრობლემების შემქნელი იყო და ამიტომაც ვცდილობდი, ასე დაჟინებით. დღეს, როდესაც ამ შედეგს მივაღწიე, ზუსტად ვიცი, რაც არ უნდა დაუძლეველი მომეჩვენოს ცხოვრებაში სხვა, ნებისმიერი გამოწვევა, ზუსტად ამას ავიღებ მაგალითად და ჩემს თავს ვეტყვი: ნანუკა, ის თუ შეძელი, შენ ამასაც შეძლებ. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია. სიზარმაცე დავამარცხე, უნებისყოფობა დავამარცხე და ბევრი ჩემი ცუდი თვისება მოვიშორე ამ შედეგის მისაღებად. ვიცი, ხვალ კიდევ ბევრ რამეს დავამარცხებ ნებისმიერი სასურველი მიზნის მისაღწევად.

– ფორმები...

– თუ არ ჩავთვლით პლასტიკურ ქირურგიას, ეს ვარჯიშის შედეგია. კოტე სულამანიძემ ოცნება ამისრულა, მაგრამ ამის შემდეგ სულ ვვარჯიშობ და შედეგს ასე ვინარჩუნებ. კოტე მწერს ხოლმე, ვამაყობ შენით, შენ ჩემი საამაყო პაციენტი ხარო. ხედავს, რომ დღესაც ვშრომობ.

– ძალიან „გოგუშკური“ ვიდეო გედოთ „ინსტაგრამზე“ და წერდით, სულ მინდოდა, ასეთი ვიდეო მქონოდაო. ანუ, ასეთი ცვლილების შემდეგ, თითქოს, შიგნით სხვა ადამიანი იღვიძებს...

– რა თქმა უნდა, თავიდან დაბადებაა. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვთამაშობ ქალობანას. ამდენი ხანი სულ რაღაცისთვის ვიბრძოდი, წონას არ ვგულისხმობ, მთელი ჩემი ცხოვრება მებრძოლი ქალის მდგომარეობაში ვარ და ახლა ვიტყვი – აღარ ვარ ძლიერი ქალი, სუსტი ვარ (იცინის). მოვიდა ამის დროც, აღარ მინდა ძლიერება, მინდა, სუსტი ქალი ვიყო და ვარ (იცინის).

– სტრესულ გარემოში ვცხოვრობთ, ეს არ მოქმედებს ამ ყველაფერზე?

– საბოლოო ჯამში სტრესის მართვასთან, ანუ საკუთარი თავის ცოდნასა და მართვასთან მივდივართ. მე არ მახსოვს დრო, როცა სტრესის გარეშე მიწევდა ცხოვრება, ალბათ, ბავშვობის მერე ასე არ ყოფილა. ჩემი ორგანიზმი ამას მიჩვეულია, მე სტრესების მართვა ვისწავლე და ეს პრობლემა აღარ არის.

– სახეზეც რამე შეიცვალა? თმამაც დიდი ეფექტი მოახდინა.

– სახეზე და ფეხებზე ხელი არ მიხლია. ტანზე – კი, მუცელზე – კი. თმამ კი, ძალიან შემიცვალა იმიჯი. მგონია, რომ ერთი პლასტიკური ქირურგიის ფასი ეს თმაა.

– ეს დიდი სტიმული და მოტივაცია სხვა ქალებისთვის...

– კი, მე ამას ვგრძნობ. უამრავი შეტყობინება მომდის. მწერენ: სიბერის აღარ მეშინია, ასაკი აღარ მაშინებს, 4-იანი აღარ მაშინებს და ასე შემდეგ. ძალიან მაგარია, ვგიჟდები ქალებისთვის სტიმულის მიცემა რომ შევძელი. მიხარია, რომ ვაჩვენე, ნებისმიერ ასაკში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნა რომ შეუძლიათ.

– გარდერობს რა ბედი ეწია?

– ვაჩუქებ და ვაჩუქებ (იცინის). წარმოიდგინეთ, 15 წლის წინანდელ ჯინსს რომ ჩაიცვამ, რა შეგრძნება უნდა გქონდეს, ყველაფერი განვაახლე, ძველი ბარგიც ამოვალაგე და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი