შოუბიზნესი

ნანუკა ჟორჟოლიანი: კაცი არაა მთავარი, მთავარი ის შეგრძნებებია, რაც მას მოაქვს

№51

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:07 21.12, 2020 წელი

ნანუკა ჟორჟოლიანი
დაკოპირებულია

მიუხედავად ძალიან დაძაბული და დატვირთული ყოველდღიურობისა, ნანუკა ჟორჟოლიანი ახერხებს, რომ წონა აკონტროლოს და კარგად გამოიყურებოდეს. იყო პერიოდი, როცა საკუთარი გარეგნობა საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ ახლა,  პირიქით, მასზე დიდი სიამოვნებით ზრუნავს. 

ნანუკა ჟორჟოლიანი: საბაზე დაფეხმძიმების შემდეგ ვებრძვი წონას და ამის მიზეზი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ინსულინრეზისტენტული ვარ და საერთო ჯამში, 65-კილოგრამიანი მატება მქონდა და ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობიდანვე გამომდინარე, ზედმეტი კილოგრამების მოშორება გამიჭირდა. ამისთვის ძალიან ბევრი მცდელობა დამჭირდა. ბოლოს მივადექი 18-საათიან დიეტას. მე ვერ ვშიმშილობ და სამ-ოთხ საათში ერთხელ ჭამა არ მშველის. ინსულინრეზისტენტულობის გამო, რაც უფრო იშვიათად შევჭამ, მით უფრო კარგია ჩემი ჯანმრთელობისთვის. ჩემი ინსპირაციის წყარო ჩემი ორი თანამშრომელი გახდა. 18-საათიანით ორივემ დიდი წონა დაიკლო. ეს არაა დიეტა, ესაა ხანგრძლივი პროცესი, ფაქტობრივად, ცხოვრების სტილია. თავიდან 16-საათიანით დავიწყე. ბოლო კვება საღამოს ექვსზე მქონდა, პირველი – დილის ათზე. რაციონიდან ამოღებული მქონდა ყველანაირი ბურღულეულობა. მხოლოდ შავ მაკარონს ვჭამდი და ძალიან იშვიათად – მჭადს. პური და ხაჭაპური საერთოდ დავიწყებული მქონდა. ამოვიღე ტკბილი, ნამცხვრები, ყველანაირი კრემიანი. ყურძენს, კარალიოკს და ლეღვს – არა, მაგრამ ბანანს ვჭამდი, რომელიც საკმაოდ კალორიულია. საუზმეზე ვჭამდი კვერცხს, ყველს და ასე შემდეგ, მერე წავიხემსებდი დიაბეტიკების სპეციალური წასახემსებლით ან ხილით და შემდეგ უკვე კარგად ვჭამდი. ერთი წელი ხორცზე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ ვიღებდი თევზეულს, ბოსტნეულს და ასე შემდეგ. ექვსი საათის შემდეგ, რომ მშივდებოდა ცივ წყალს ვსვამდი ყლუპ-ყლუპად, თბილით შეშუპება მეწყებოდა. ორი თვე, საერთოდ, ერთი გრამიც ვერ დავიკელი. შემდეგ დაიწყო კლება ნელი ტემპით, თვეში – ოთხი-ხუთი კილო. ესეც ინდივიდუალურია. მე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს სწრაფად დაკლების საშუალებას. თუმცა, საბოლოო ჯამში, ნელ-ნელა 17 კილო დავიკელი. ახლა უკვე 18-საათიანზე ვარ. დილის 11 საათზე ვჭამ პირველად და საღამოს 5-ზე.
– პირველი ორი თვე, განსაკუთრებულად სტრესული არ იყო?
– იმდენი ხანია, ამ სტრესში ვცხოვრობ, ეს ჩემთვის ახალი არაა. უამრავი დიეტა მიცდია და დიდი ხანია, ჩემი ორგანიზმი ამ სტრესს განიცდის. ახლა უკვე დაკლება არ მინდა, წონის შენარჩუნებაა ჩემი მიზანი და წარმოიდგინეთ, ვჭამ აჭარულ ხაჭაპურს, ფენოვანს, ლობიანს და ასე შემდეგ. მაგრამ 18-საათიან რეჟიმში და ერთ გრამს არ ვიმატებ, არც ვიკლებ.
– ამასაც, ალბათ, თავის ნორმა აქვს, არა?
– მე ისედაც ვერ ვჭამ ბევრს, მაგრამ ერთ აჭარულს ვჭამ, ხინკალს – ხუთ ცალს. მაგალითად, ერთი თვის განმავლობაში სამჯერ ვჭამე აჭარული. ხუთი საათის მერე რომ არ ვჭამ, ამას ჩემი ორგანიზმი უკვე მიეჩვია. ყველაზე მნიშვნელოვანი ძილია. თუ ცუდად მეძინა, მეორე დღეს მაწუხებს შიმშილის შეგრძნება. კვებაც და ძილიც ორგანიზმს ენერგიას აძლევს. თუ ცუდად გვძინავს, ორგანიზმი საკვებს გვთხოვს. შეიძლება, ამის წყარო წყალიც იყოს, ჩემთვის, მაგალითად, ასეა. მაგრამ ძილი არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი სხეულისთვის.
– ყოველთვის გიჟური რეჟიმი გაქვთ. მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიის პირობებში როგორ ახერხებდით ნორმალურად გამოძინებას?
– ამ პერიოდში ყველაზე მეტად გამიმარტივდა, იმიტომ რომ ჩემი ორგანიზმი უკვე შეჩვეული იყო ამ რეჟიმს. საერთოდ, რვა-ცხრა საათი მძინავს. კარგად გამოსაძინებლად ზოგჯერ ოთხი საათი მყოფნის, ზოგჯერ – რვაც არა. გააჩნია, დღის განმავლობაში რამდენ ენერგიას ვხარჯავ. წინა საარჩევნო კამპანიის დროს კარგად გამოძინება მჭირდებოდა. თუ მთელი დღე სახლში ვზივარ და ფილმებს ვუყურებ, შეიძლება, ოთხი საათიც მეყოს.
– როცა ტვინი მთელი დღე აქტიურად მუშაობს, მერე რთულია ხოლმე მოდუნება. გაქვთ ამისთვის ხრიკები?
– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ორგანიზმი ძილისთვის ორი საათით ადრე მოვამზადოთ. დაწოლამდე საათ-ნახევრით ადრე გამოვდივარ სოციალური ქსელიდან, აღარაფერს ვუყურებ ისეთს, რამაც შეიძლება, ჩემი გონება აღაგზნოს და ვცდილობ, ისეთ გარემოში ვიყო, რომელიც კომფორტს მიქმნის და მამშვიდებს.
– სტრესულ ყოველდღიურობას როგორ უმკლავდებით?
– ჩემი ყოველდღიურობა სტრესული არ არის. შემიძლია, ყველანაირ სტრესს ავარიდო თავი. მე მაქვს პერიოდები, როდესაც ჩემს თავს იზოლაციაში ვაქცევ. ვიღაცას, მაგალითად, საჭმელების კეთება შველის. ასეთ დროს არ ვეხები თემებს, რომელმაც შეიძლება, ამაფორიაქოს. ორგანიზმი თავად მაძლევს სიგნალს, რომ იზოლაცია სჭირდება დასვენებისთვის.
ადამიანს გონებით ყველა ემოციის მართვა შეუძლია. მე ჩემი თავის მართვა პანიკური შეტევების დროს ვისწავლე. ამას ყველა სხვადასხვა დროს აკეთებს. სამყარო ისეთია, როგორადაც ჩვენ წარმოვიდგენთ. შესაბამისად, ჩვენი პრობლემებიც ისეთია, როგორსაც ჩვენ წარმოვიდგენთ. როგორც კი თავს ამაზე საუბარს დავუწყებთ, კარგ შედეგს მივიღებთ. მაგალითად, გეტყვით, როგორ მოვაგვარე ძილის პრობლემა. მე მქონდა უძილობის ფობია. ყოველღამე ვიწყებდი თვლას, რამდენი საათი უნდა მძინებოდა და საკმარისი იყო, ერთი და ორი საათი ვერ დამეძინა, მეწყებოდა შფოთვა, რომ ეს დრო მომაკლდა. ამაზე ნერვიულობაში დამთენებია, ტანში ჭიანჭველებით ავმდგარვარ და სამსახურში წავსულვარ. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ჩვენ გვერდით სწორი ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც გვეტყვიან, რომ ამ პრობლემის წინაშე მარტოები არ ვართ. საბოლოო ჯამში, ეს პრობლემა „დავიკიდე“. ჩემს თავს ვუთხარი, მერე რა, რომ ვერ დავიძინებ, ავდგები და გამოუძინებლად დავიწყებ დღეს-მეთქი. ახლა, როგორც კი უძილობა მეწყება, ვფიქრობ, „მერე რა...“ და მომენტალურად მეძინება. ჩვენ თავს თავად ვტენით უარყოფითი ფიქრებით, თუმცა ჩვენვე შეგვიძლია მათი თავიდან მოშორება. ეს ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ როგორც კი უფრო ძლიერები აღმოვჩნდებით, ვიდრე ჩვენი აკვიატებები, პრობლემაც მოგვარდება. რაც შეეხება წონის კლების პროცესს, როცა გშია, ძალიან გიჭირს დაძინება. მე 16-საათიანი რომ დავიწყე, პირველი ორი კვირა თავთან ვაშლს ვიდებდი და ღამე შიმშილისგან რომ მეღვიძებოდა, ძალიან ცოტას ვჭამდი და ისევ ვიძინებდი.
– დღეს როგორია ნანუკას სამყარო?
– საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმოანიაში ვარ. ცხოვრების ის ეტაპი მაქვს, როცა ისეთი ელემენტარული რაღაცებით ვარ ბედნიერი, როგორიც მაგალითად, მზიანი დღეა. ერთადერთი, რაც ჩემს სივრცეს დისკომფორტს უქმნის, ჩაკეტილი ქვეყაანაა. შვილებთან ერთად სხვა ქვეყანაში ვისვენებდი ხოლმე. აქ დასვენებას რთულად ვახერხებ, მაინც ყოველთვის სალაპარაკო ხდება, რა ვქენი და როგორ. მე მიყვარს ჩემი ცხოვრება, ჩემი ცნობადობა. ამისთვის ბევრი ვიშრომე, ბევრი რამ დავკარგე და განა ვწუწუნებ, მაგრამ დასვენება მაინც მარტო დარჩენას ნიშნავს და აქ ამას ვერ ვახერხებ.
– საარჩევნო კამპანიის დროს, ფეხსაცმლის ფოტო ატვირთეთ გაცვეთილი ძირით. მეორე დღეს პირდაპირ ეთერში იდექით ძალიან კარგ ფორმაში. როგორ ახერხებთ?
– ძალიან დიდი ხანი მქონდა იმის განცდა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ გამოვიყურებოდი. ეს, პირველ რიგში ჩემმა დეპრესიამ განსაზღვრა. ეს მდგომარეობა შეგრძნებებს გიბლაგვებს. მერე, როდესაც წონაში იკლებ, შენი სხეული მოგწონს, საკუთარ თავთან კომფორტში ხარ, თანდათან გინდება ფორმაში ყოფნა. რაღაც მომენტში აღმოვაჩინე, რომ მაყურებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოვიყურები. რაც უნდა გავაკეთო, გადაცემა იქნება ეს, პოლიტიკური სფიჩი თუ სხვა, საზოგადოება მაინც უფრო მეტად იმას განიხილავს, როგორ გამოვიყურები მე. ისე გამოვიდა, რომ მაყურებელს ყველაზე მეტად აინტერესებს ჩემი პირადი სივრცე, რას ვიცვამ, რას ვჭამ, რას ვსვამ. მე ეს მომწონს. სიმართლე რომ გითხრათ, ამ შემთხვევაში ძალიან მარტივია კონტენტის შექმნა. გარდა ამისა, რაღაც პერიოდის შემდეგ გავაცნობიერე, რომ გამიგრძელდა ფორმაში ყოფნა და მაყურებელმა ეს დამიფასა. მათში სოციალური ქსელის გამომწერებსაც ვგულისხმობ. ადამიანებმა მითხრეს, რომ ეს კარგია. მე ვუსმენ მათ აზრს და ძალიან მომწონს ამ მდგომარეობაში ყოფნა.
როდესაც დეპრესიაში ვიყავი და კრიტიკული დღეები მქონდა, არ მადარდებდა, როგორ გამოვიყურებოდი და ვერც შესაბამის მობილიზებას ვახერხებდი, მაგრამ ახლა ეს მთავარია.
– ბედნიერებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია გვერდით მამაკაცი?
– ქალს კაცის გარეშე აბსოლუტურად ყველაფრის მიღწევა შეუძლია, მაგრამ არსებობს შეგრძნებები, რომელიც მარტო არ გაქვს. ეს შეგრძნებები მეორე ადამიანს მოაქვს. არ მომწონს, როდესაც ამბობენ, კაცი მთავარიაო. კაცი არაა მთავარი, მთავარი ის შეგრძნებებია, რომელიც მას მოაქვს შენს ცხოვრებაში: დამაჯერებლობა, სიმშვიდე, სწორი ხედვა. ყველაზე მთავარი ბედნიერების განცდაა. ჩემთვის ეს შეგრძნებაა ათვლის წერტილი და ენერგიის წყარო. ადამიანებს ენერგიის სხვადასხვა წყარო გვაქვს. მე ყველგან და ყველასთან გავცემ ენერგიას და ერთადერთი მომენტი, საიდანაც ვიღებ ეს ჩემი პირადი სივრცეა. ჩემი ენერგიის წყარო ზუსტად ეს შეგრძნებებია. გამომდინარე იქიდან, რომ მე ყველაფერს ენერგიით ვმართავ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი