შოუბიზნესი

ნუგზარ ერგემლიძე: ბედს რომ ეწიო, სადღაც უნდა წახვიდე

№23

ავტორი: ეთო ხურციძე 16:00 14.06, 2021 წელი

ნუგზარ ერგემლიძე
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ნუგზარ ერგემლიძესთან 👇

სახელი: ნუგზარი.

გვარი: ერგემლიძე.

პროფესია: კომპოზიტორი, მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბავშვობაში ათასი თავგადასავალი მქონდა. მახსენდება, როგორი გულუბრყვილო ვიყავი. ჩვენ დროს ყველაფრის დეფიციტი იყო, მით უმეტეს, სათამაშოების. ერთხელაც მაღაზიასთან ვიდექი რიგში, მანეთიანი მეჭირა ხელში რეზინის ბურთის საყიდლად. ჩემთან ახლოს იდგა ბიჭი, რომელმაც მითხრა, მე უნდა შევიდე ახლა და ფული მომეცი, ბურთს გამოგიტანო. ვიდრე მაღაზია არ დაიკეტა, იქამდე ვიდექი და ველოდებოდი იმ ბიჭს. მაშინ პირველად გავიგე, რომ ადამიანები მატყუარები არიან.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– გემის კაპიტანი, ფეხბურთელი. სხვათა შორის, კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ამ მიმართულებით არ გამიშვეს. ალბათ, უნდა მესწავლა, თუმცა სკოლის დამთავრებამდე ყოველთვის ვთამაშობდი. ძირთადად სომეხ მეზობლებს ვეჯიბრებოდით და საკმაოდ დაძაბული მატჩები გვქონდა (იცინის). სხვათა შორის, ხშირად გვიგებდნენ, რადგან ჩვენ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ლამაზი გოლის გატანა გვინდოდა.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– მამაჩემის მამა მხატვარი გახლდათ და როგორც კი ჩემში ხატვის ნიჭი შეამჩნია, ყველანაირად მახალისებდა: ყიდულობდა ჩემთვის საღებავებს, ქაღალდებს, ჯერ აკვარელით ხატვა დავიწყე, მერე ზეთით გავაგრძელე. სამწუხაროდ, ადრე გარდაიცვალა და ვერ მოესწრო ჩემს სტუდენტობას – სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. ისე, ეს პროფესია მამას გამო ავირჩიე, მას უნდოდა, რომ მხატვარი ვყოფილიყავი, თორემ მე თეატრალურზე ვფიქრობდი. მხატვრობისთვის თავი არასოდეს დამინებებია და დღემდე ვმუშაობ, უბრალოდ, პერიოდები მაქვს ხოლმე. გარდა მუსიკისა, რამდენიმე წიგნი მაქვს დაწერილი.

– პირველი წარმატება...

– ბავშვობაში ძალიან მომწონდა რადიოგადაცემა „მხიარულ ტალღაზე“. გენიოსებს მიჰყავდათ. ყოველ შაბათს ჩართული მქონდა რადიო და გიტარაზე ჩემით ვაწყობდი სიმღერებს, სხვათა შორის, პირველი აკორდები ბებიამ მასწავლა. აკადემიაში ჩაბარების შემდეგ გამოცხადდა კონკურსი: ქმნიდნენ ახალ მუსიკალურ ანსამბლს. რა თქმა უნდა, წავედი. როგორც ფეხბურთში ყველას თავდამსხმელობა უნდა, აქაც ყველა სოლო გიტარისიტი იყო. უცებ თქვეს, რომ ბას-გიტარისტი არ ჰყავდათ. ვიფიქრე, ამდენ სოლო გიტარისტში რას გავიმარჯვებ-მეთქი და ვთქვი, რომ მე ვიყავი ბას-გიტარისტი, არადა, მარტო ერთხელ მქონდა შეხება ამ ინსტრუმენტთან. მეორე დღეს დამიბარეს რეპეტიციაზე, დავუკარი. მითხრეს, კარგი მონაცემები გაქვსო და დამტოვეს. როცა ქართული როკ-ოპერა იწერებოდა, სოსო ბარდალაშვილმა ჩემი თავი წარუდგინა რობერტ ბარძიმაშვილს. ეს ბიჭი დაგვიწერს როკ-ოპერის ლექსებსო – მან იცოდა ჩემი შემოქმედება. უცებ შემომიტრიალდა ლეგენდა, ბატონი რობერტი და მეკითხება: თქვენ შეგიძლიათ, როკ-ოპერის ლექსების დაწერა? არ ვიცოდი, შემეძლო თუ არა, ჯერ მსგავსი საქართველოში არავის ჰქონდა დაწერილი, მაგრამ ვუპასუხე: შემიძლია-მეთქი. „არ ვიცი“ და „ვნახოთ“ აფუჭებს საქმეს. თუ გინდათ, რომ რაღაცას მიაღწიოთ მოსინჯეთ და თქვით კი, თუ არ გამოვა, ისედაც ნათელი იქნება.

– ჩემი მეტსახელი...

– სოსო ბარდალაშვილის ძმა, მერაბი ჩემი კლასელი იყო და ის მეძახდა ხოლმე ჯიმის, ჯიმი ჰენდრიქსიდან გამომდინარე.

– ვრისკავ...

– ბინა არასოდეს ჩამიდევს და მსგავსი რისკები არ გამიწევია, ბიზნესშიც კი არ დამიბანდებია ფული. ამიტომ არ ვარ დიდი ქონების პატრონი. როცა ვთქვი, პარლამენტში უნდა შევიდე-მეთქი, ჩემს ცხოვრებაში ეს იყო ყველაზე დიდი რისკი, რადგან ძალიან ცუდი აურა დამიტრიალეს, შავი პიარი ამიგორეს. გაზეთებში წერდნენ, ვითომ ბევრი ფული მომცეს.

– ბედისწერა...

– ამერიკაში გახლდით საახალწლო მიწვევით ნუგზარ კვაშალთან და ზურა კობეშავიძესთან ერთად. ერთმა ქართველმა ქალბატონმა დაგვპატიჟა ოპერაში, „ოპერის მოჩვენებაზე“. საუბრის დროს მან თქვა, რომ ქართველ მწერლებს წიგნების გამოცემაში ეხმარებოდა. ამ წინადადებაზე დავფიქრდი და ვუთხარი, რომ მეც მქონდა რომანი დაწერილი. მთხოვა, მისთვის გამეგზავნა, რომ წაეკითხა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიმიწვიეს ბათუმში, ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში, ოღონდ არ ვიცოდი, რა ხდებოდა. მივედი და დავინახე ჩემი რომანები იყო გამოფენილი – პირდაპირ წიგნის პრეზენტაციაზე ჩამიყვანეს. ისეთი დაბნეული ვიყავი, რომ ვერ ვსაუბრობდი, ენა დამება. ამ ამბავმა განმიმტკიცა შეხედულება: ბედს რომ ეწიო, სადღაც უნდა წახვიდე. ადამიანი საკუთარ ბედისწერას თავად აპროგრამებს. უნდა თქვა, რომ მე ამას მივაღწევ, მე ეს მინდა, გავაკეთო... ამით დააჯერებ შენს თავს, რომ ეს შეგიძლია. პატარა ვიყავი, კლასელმა მითხრა: ფულს ვიშოვი და უცხოეთში ვივლიო. ვუპასუხე: მე კიდევ ისეთი კაცი ვიქნები, უცხოეთში მთავრობა წამიყვანს-მეთქი. მართლაც ასე მოხდა, არასოდეს ჩემი ხარჯით უცხოეთში არ ვყოფილვარ.

– სიყვარული...

– სიყვარულია, როცა ადამიანი გენატრება, ხანდახან წაეჩხუბები, მაგრამ მერე შერიგებაა კარგი. ზღვასავითაა – ხან ღელავს, ხან წყნარდება.

– ის, რაც უპატიებელია...

– ღალატი. ორივე მხირდან ცუდია, ადამიანს ამაზე დიდი გულისტკენა არ აქვს. ზოგადად, ნებისმიერ დარგში, სფეროში, ურთიერთიბაში რთულია ღალატი.

– შური...

– ბედნიერია ადამიანი, რომელსაც შეუძლია, საკუთარ თავში ჩაახშოს შური. ყველასი მშურს, ვისაც შედევრები აქვს დაწერილი, მაგრამ მტრობა კი არ მინდა მათი, პირიქით, მეც ვამაყობ, მეც ვიმღერებ მათ სიმღერებს და ვიტყვი ლექსებს.

– სამაგიეროს გადახდა...

– ყველაზე დიდი სამაგიერო არის პაუზა. არ აჰყვე მას, ვინც ხელი შეგიშალა და გაწყენინა. უნდა დაუსახო შენ თავს, რომ ვინც გაწყენინა, მას აჯობო. მოკლედ, უნდა ივარგო. მერე თვითონ მოვლენ და ისე მოიქცევიან, ვითომ არაფერი მომხდარა.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, პირიქით, თუ რამეს გადავაჭარბებ, ვნანობ ხოლმე და აუცილებლად ვითხოვ პატიებას. ამ დროს ჩემი თავის მრცხვენია და არა ვინმესი.

– მეშინია...

– სიკვდილის. მკვეთრად გამოხატული ჰობია არ მაქვს. ზღვაში დიდ ღელვებში მოვხვედრილვარ, მაგრამ პანიკური შიში არ მქონია. არსებობს უცებ მოვარდნილი შიშები, ეს უფრო ახალგაზრდობაში ხდება ხოლმე.

– თავისუფლება...

– ნიშნავს თუ არა თავისუფლება არავისზე დამოკიდებულებას? რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. დედამიწაზე არ არსებობს ქვეყანა, რომელიც რაღაც კუთხით სხვა ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული. ადამიანი შეიძლება, სრულიად თავისუფალი იყოს? როგორ ვარ თავისუფალი, როცა არ შემიძლია უცებ წამოვხტე და ჩიტივით გავფრინდე. სხეულში რომ ვარ, მიზიდულობის ძალა დედამიწასთან მაჯაჭვებს. თავისუფლება, ალბათ, უფრო ზრდილობისა და გამბედაობის ნაზავია. სიტყვის თავისუფლება არ უნდა იყოს სხვის ცხოვრებაში ჩარევა, ეს უკვე უზრდელობა და თავხედობაა. ამიტომ, პირველ რიგში, თავისუფლება ერთმანეთისადმი პატივისცემა მგონია და მერე – უფლება ბედნიერი ცხოვრების. თუ დაიბადე საქართველოში, მაშინ შენი უნდა იყოს ამ სახელმწიფოს ყველანაირი რესურსი. იმ ქვეყნებში, სადაც ასე ცხოვრობენ, ბედნიერები არიან.

– ვნანობ...

– უამრავ რამეს, მაგრამ ამ სინანულშიც არის კანონზომიერება. ამიტომ დიდად არ განვიცდი ხოლმე რამეს. მიწისძვრის შემდეგ ბინა ავიღეთ მშენებლისგან. ორი ვარიანტი შემოგვთავაზა: ვაკეში – მე-9 სართული და დიდი ფართი, ვერაზე – მე-2 სართული და შედარებით პატარა ფართი. მიწისძვრის შიშით არჩევანი მე-2 სართულზე და პატარა ბინაზე გავაკეთეთ და ამას დღეს ვნანობ. მას შემდეგ მიწისძვრა აღარ მომხდარა (იცინის).

– რთული პერიოდი...

– რამდენიმე რთული პერიოდი აქვს ადამიანს ცხოვრებაში. სკოლის დამთავრების მერეა რთული პერიოდი. სკოლაში დაცული ხარ, როგორც ოჯახი, ისეა შენთვის, მერე გამოდიხარ და პირველად გრძნობ, რომ ყველაფერი შენს მხრებზეა. მერე რთულია, როცა უნივერსიტეტს ამთავრებ და თავის დამკვიდრებას ცდილობ. განსაკუთრებით რთულია ავტორიტეტის მოპოვების შემდეგ მისი შენარჩუნება. ჩემს შემთხვევაში პარლამენტში ყოფნის პერიოდი იყო ძალიან რთული. ხალხს რომ ჰგონია, იქ მარტო ხელფასია, ასე არაა...

– მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

– ასაკი ცვლის ადამიანს, უფრო მეტიც – ყველა ასაკში სხვადასხვანაირია. რომ გვგონია, იგივე ვართ და არ ვიცვლებით, ასე არაა. სახელი და გვარი გვრჩება მარტო უცვლელი. შეხედულებები, რაც ადრე მქონდა, რაზეც კატეგორიული ვიყავი, ახლა ყველაფერი შემეცვალა.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ბევრი მეუბნება, რომ ძალიან გულახდილი ნუ ვიქნები და რასაც დავგეგმავ, წინასწარ არ ვთქვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი