შოუბიზნესი

რა ჯოჯოხეთი გამოიარა მერიემ გოგაშვილმა და როდის მოკვდა ის ნათესავებისთვის

№27

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 10.07, 2023 წელი

მერიემ გოგაშვილი
დაკოპირებულია

მერიემ გოგაშვილი „პრაიმჰაუსის“ მესამე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე იყო, რომელმაც პროექტში ბევრი გულშემატკივარიც შეიძინა, მაგრამ საკმაოდ ბევრი მისდამი მტრულადაც განეწყო.

მერიემ გოგაშვილი: როდესაც დედა ემიგრაციაში წავიდა და მარტო დავრჩი, მიწევდა, თვიდან თვემდე დამოუკიდებლად გამეტანა თავი. ვმუშაობდი, მაგრამ ძალიან ერთფეროვანი ცხოვრება მქონდა, რასაც ემატებოდა დეპრესიული ფონი და თავს კარგად არ ვგრძნობდი. ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში „პრაიმჰაუსი“. მარტივად ამიყვანეს. გამიხარდა, მაგრამ თურმე, ყველაზე დიდი პრობლემები წინ მელოდა. კონტრაქტს რომ ხელი მოვაწერე, ძალიან ცუდად ვიყავი, იმიტომ რომ ყველა ჩემ წინააღმდეგ განეწყო. დედამ ეს რომ გაიგო, ძალიან გაბრაზდა. მეჩხუბა და რაღაც პერიოდი საერთოდ აღარ მელაპარაკებოდა. ჩემი და კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა და მანაც მეჩხუბა. სამი თვე არ მელაპარაკებოდა. როდესაც ჩემი თიზერი აიტვირთა, რომელიც ცოტა თამამი იყო, მაშინ ფაქტობრივად, ყველასთვის მოვკვდი. საშინელ ტექსტებს მწერდნენ ჩემი ნათესავები. სრულიად მარტო დავრჩი. ბიძაჩემი მეუბნებოდა, სახლში აღარ შემოგიშვებო. სხვათა შორის, ის დღემდე ვერ შეეგუა ჩემს ამ გადაწყვეტილებას. დედა რომ მიხვდა, ყველამ მიმატოვა და საშინლად მარტოსული, ყველასგან გარიყული დავრჩი, აღარც დაქალი მყავდა, აღარც მეგობარი და აღარც ახლობლები, თვითონ მომიბრუნდა, მიხვდა, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. ანუ, ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა მე პროექტში შესვლამდე მივიღე ჩემივე ახლობლებისგან.

თავიდან ყველას ეგონა, რომ ერთ კვირაში დავტოვებდი პროექტს. ჩემმა დამ ისიც კი მითხრა, ისეთი რთული ხასიათი გაქვს, ერთ კვირაში გამოგიშვებენო. თუმცა, მე პროექტში თავიდან ძალიან მშვიდი და უკონფლიქტო ვიყავი. ჯერ სხვებს დავახოცინე ერთმანეთი და მერე გამოვაჩინე ჩემი ხასიათი (იცინის). როდესაც მეორედ გავხდი აუტსაიდერი, გავიგე, რომ ჩემი და მთელი თავის სადაქალოთი მგულშემატკივრობდა. ძალიან გამიხარდა. ასეთი გვერდში დგომა რომ ვიგრძენი, ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. მთელი ჩემი სანათესავო შემობრუნდა ჩემკენ. რომ დაინახეს, ამდენი თვე გავიდა და მე ისევ პროექტში ვიყავი, გვერდით დამიდგნენ. ნელ-ნელა კარგად გამოვჩნდი, ძლიერი მოთამაშე ვიყავი და ყველამ მხარი დამიჭირა. ყველაზე მეტად იცით, რა მიხარია? „პრაიმჰაუსში“ გატარებულმა ოთხმა თვემ მაჩვენა, ვინ იყო ჩემიანი და ვინ – რა. ადამიანებს წლები სჭირდებათ მათ გვერდზე მყოფების რეალური სახეების დასანახავად და მე ეს ოთხ თვეში შევძელი. ვინც წასასვლელი იყო, წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, ვისი დარჩენაც ღირდა, დარჩა.

– დიალოგი იმ სირთულეებზე საუბრით დავიწყეთ, რომელთა ფონზეც მოგიწია „პრაიმჰაუსში“ შესვლა, დედის ემიგრაციაში წასვლას გავუსვით ხაზი, მაგრამ როგორც ვიცი, მანამდე კიდევ ერთი ძალიან მძიმე მომენტი იყო შენს ცხოვრებაში მამასთან დაკავშირებით.

– ასეა, მამამ ჩემს ხელში დაასრულა სიცოცხლე. ის ავადმყოფობდა, იშემიური შეშუპება მიიღო თავის ტვინზე. ერთი თვე იწვა საავადმყოფოში და გამოძვრა მძიმე მდგომარეობიდან. სახლში გამოწერეს და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდებოდა. ექთნები სახლში გვაკითხავდნენ 12-საათიანი ცვლებით. მამას ხორხი ჰქონდა გაჭრილი. ხორხიდან ფილტვებში ჩადიოდნენ და უწმენდნენ, გადასხმებს უკეთებდნენ, ნემსებს და ასე შემდეგ. ერთხელ, ღლის 12 საათზე რომ დაასრულა ცვლა ერთმა ექთანმა, მეორეს ცოტა შეაგვიანდა და ვხედავ, რომ მამაჩემი იხრჩობა. მაშინ პირველად გავუწმინდე მამას მე თვითონ ფილტვები. ის გავაკეთე, რასაც ექთნები უკეთებდნენ. ექთანს 12 საათში 100 ლარს ვუხდიდით, დღეში-ღამეში ორი გვჭირდებოდა და ამის გარეშეც დიდი ვალი დაგვედო. უბრალოდ, აღარ გვქონდა ამდენი საშუალება და რადგან აღმოჩნდა, რომ მე შემეძლო მამას ყველაფერში დავხმარებოდი, სამსახურიდან ორკვირიანი შვებულება ავიღე. მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უკეთესი ხდებოდა. ბოლოს ხორხის აპარატი საერთოდ ამოუღეს, უნდა შეხორცებოდა და მეც სამსახურში გავედი. ღამის ცვლიდან ვბრუნდებოდი სახლში. დედამ დამირეკა, აინტერესებდა, რამდენ ხანში მივიდოდი. როცა გაიგო, რომ ათ წუთში შინ ვიქნებოდი, მითხრა, რომ მაშინ თვითონ სამსახურში წავიდოდა. ზუსტად ათი წუთი იყო გასული დედაჩემის წასვლიდან ჩემს მისვლამდე. მამას შევხედე და ვიფიქრე, რა უცნაურდ სძინავს-მეთქი. რატომღაც თითქოს უკვე გააზრებული მქონდა, რომ გარდაცვლილი იყო. რომ მივედი, ბოლოჯერ ამოისუნთქა ჩემს ხელებში. ამას მივხვდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მშვიდად გავედი ეზოში და მეზობლებს ვუთხარი, მამას ვერ ვაღვიძებ და დამეხმარეთ-მეთქი. სახლში შეცვივდნენ და მიუხედავად ყველაფრისა, ველოდი, როდის დაიძახებდნენ, რომ გაიღვიძა. სასწრაფოში დარეკეთო, იყვირეს. შემოვედი, სასწრაფოშიც ძალიან მშვიდად დავრეკე და დედასთანაც, ვუთხარი, მგონი, მამა კვდება-მეთქი და მეზობლებთან ერთად მამასთვის ხელოვნური სუნთქვის გაკეთება დავიწყე. ბოლომდე მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. სასწრაფო მოვიდა და ექიმმა დაადასტურა, რომ მამა უკვე გარდაცვლილი იყო. არაამქვეყნიურად ვგრძნობდი თავს, ღრიალისგან გავითიშე, მაგრამ ამის შემდეგ აღარ მიტირია. გასვენებამდე ყოველ საღამოს მამაჩემის თავთან ვიჯექი და ველაპარაკებოდი. ყველა პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე, ყველა საქმეზე მე დავრბოდი. ეს კარგი იყო, არ მინდოდა დედას ენახა, როგორ განცდებში ვიყავი. თუმცა, მაშინ რომ ვერ ვიტირე, ამის ყოველი გახსენება დღემდე ძალიან მტკივნეულია ჩემთვის.

– 18 წლის გავხდი თუ არა, ჯარში წავედიო თქვი. როგორი ბავშვი იყავი და ეს ინტერესი როდის გაგიჩნდა?

– ძალიან ცოტა ხანი ვთამაშობდი თოჯინებით, ძირითადად, სულ ბიჭური გასართობები მომწონდა. ხიდან ხეზე დავძვრებოდი, ხან რას ვიჭრიდი, ხან რას ვიტეხდი, ძალიან ხიფათიანი ბავშვი ვიყავი. მერე ჩვენს ცხოვრებაში მოხდა რაღაც ისეთი, რაზედაც საუბარი არ მინდა, მაგრამ მაშინ ვთქვი, რომ მინდოდა პოლიციელი გავმხდარიყავი. გადავწყვიტე, პოლიციამდე ჯარში გამომეცადა საკუთარი თავი. მეთორმეტე კლასის ბოლო გამოცდიდან გამოვედი თუ არა, კრწანისის ბაზაზე წავედი. 36 ბიჭი დამხვდა, არცერთი გოგო. ვიღაცის ახლობელი ვეგონე, თან პატარა, გაწრუნტული ვიყავი (იცინის). გაკვირვებულებმა შემომხედეს, მაგრამ იცით, რამდენ ბიჭს ვაჯობე? მხოლოდ „ატჟიმანიები“ გამიჭირდა, თორემ პრესებსა და კილომეტრაჟში ბევრი უკან მოვიტოვე. შემოწმება, ტესტირებები, მოკლედ, ბევრი საფეხური გავიარე. ერთი გოგო ვიყავი ამდენი ბიჭის გარემოცვაში. ბოლოს კარანტინში წაგვიყვანეს. 100 ჯარისკაციდან მხოლოდ 6 გოგო ვიყავით. იქ ძალიან რთული პირობებია. სამი თვე კონტეინერებში ცხოვრობ. წარმოიდგინეთ, ტალახში რომ ხარ ამოსვრილი, მიდი და ოთხ წუთში მოასწარი ბანაობა. თუ ვერ მოასწრებ, ისევ ტალახში ამოგსვრიდნენ და ისევ გაბანავებდენენ და ასე მანამ, სანამ ოთხ წუთში ვერ ჩაეტეოდი. ტელეფონი არ გაქვს. ერთი თვე ნათესავებსაც ვერ ნახულობ. მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებიც კი არ დგას. დღე ძალიან ცხელა, საღამოს ქარია. იქაური გარემო ძალიან სტრესულია. სხვათა შორის, ბევრმა ბიჭმა დაანება თავი, ვერ გაუძლეს წნეხს, მაგრამ არცერთი ქალი არ წამოსულა იქიდან. მე მომიწია წამოსვლა, თუმცა იმიტომ არა, რომ გაძლება აღარ შემეძლო, პოლიციიდან მივიღე შემოთავაზება და იქ მერჩივნა, რადგან მეტი პერსპექტივა იყო. დაცვის პოლიციაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ გულში მქონდა ჩაყოლილი, ჯარი რომ ბოლომდე ვერ მივიყვანე და ეს მაწუხებდა. ამიტომ მერე სამთვიანი სპეცგადამზადების კურსები გავიარე. ღამენათევი რომ გამოვიდოდი დაცვის პოლიციიდან, მერე 27 კილომეტრი უნდა გამევლო სამსაათ-ნახევარში. ძალიან ტკბილად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში თავბედს ვიწყევლიდი (იცინის). ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ვაკეთებ იმისთვის, რომ მოგონებები შევაგროვო და რომ დავბერდები, ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ბევრი მქონდეს მოსაყოლი. სპორტული აქტივობითაც ვიყავი დაკავებული. ბრაზილიურ ჯიუ ჯიცუში ყვითელი ქამარი მქონდა.

– შენს ცხოვრებაში იყო სექსუალური შევიწროების, ძალადობის მცდელობებიც...

– 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველად, ჩემთვის საკმაოდ ახლობელ და ასაკით დიდ ადამიანს ჰქონდა ჩემ მიმართ მსგავსი მცდელობები. ერთი წელი ვმალავდი ამას. თუმცა, მცდელობის იქით არაფერი ყოფილა. როგორც კი ეცადა, მაშინვე გავაპროტესტე და გამოვიქეცი. ორჯერ ჰქონდა მცდელობა. მერე დედას ვუთხარი ამის შესახებ. ამ ადამიანმა ბოდიში მომიხადა. სამწუხაროდ, არ ყოფილა მხოლოდ ერთი შემთხვევა, მერე კიდევ ერთმა ბიჭმა სცადა, მერე კიდევ ერთმა და ეს ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ყველასგან მოვახერხე თავის დაცვა, უმწეოს როლში არ ვყოფილვარ. მართლა ძალიან ბევრი მაქვს გადატანილი. 23 წლის ასაკისთვის ძალიან ბევრი ჯოჯოხეთი გამოვიარე.

– პირადი ცხოვრების ამბებსაც შევეხოთ. მართლა დაბადების დღეზე გაიგე, რომ შეყვარებული გღალატობდა?

– ძალიან კარგი, უსაყვარლესი ადამიანი იყო ჩემი შეყვარებული. ერთად კარგად ვიყავით, ყველაფერში გვერდში მედგა. ჩემს დაბადების დღემდე ცოტა ხნის წინ კამათი მოგვივიდა, მაგრამ ჩემს დაბადების დღეზე სახლში მოვიდა, მომილოცა, საერთო მეგობრებიც მოვიდნენ და აღვნიშნეთ. ამ დღეს აღმოვაჩინე, რომ მთელი ეს პერიოდი მღალატობდა, თან, ერთთან არა, რამდენიმე რუს გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა. როგორია, ამას რომ საკუთარ დაბადების დღეზე იგებ, მაგრამ საერთოდ არაფერი შემიმჩნევია. ჩხუბისა და ყვირილის გარეშე დავასრულე ურთიერთობა, რამაც უფრო გააგიჟა.

– ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში და როგორი მამაკაცი უნდა იყოს შენ გვერდით?

– ახლა არაფერი ხდება. თითქოს ვუფრთხი ურთიერთობებს და მარტო ვარ. მინდა, კარიერაზე ვიყო ორიენტირებული. მამაკაცების მიმართ თამასა ცოტა ამეწია. ფიზიკურ მხარეს არ ვანიჭებ უპირატესობას, ანუ, მაინცდამაინც კუბიკები არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა იყოს ჩემზე უფროსი, უნდა იცოდეს პატივისცემა და ერთგულება და მისგან მატერიალური მხარდაჭერაც უნდა მქონდეს. მოკლედ, ხელისგულზე ტარება მიყვარს (იცინის).

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი